«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ეკონომიკური პრობლემების ტყვეობაში
«The Budapest Times» (უნგრეთი): პრობლემები მეზობლებთან // აფხაზეთი: ქვეყანა აღიარებას ელოდება
«ТАСС» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „პრეზიდენტის ფიქრები, რუსეთის შიგნით ვიქნები“
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/ndi-georgia-polls/3279380.html
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ეკონომიკური პრობლემების ტყვეობაში
ზაზა წულაძე
ბოლო 7 წლის განმავლობაში მთელი 26 პროცენტით, 49%-დან 23%-მდე, შემცირდა მოქალაქეთა რიცხვი ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვეყნის მთავარი ეროვნული პრობლემაა. არადა, ასე ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით 2009 წელს გამოკითხულ რესპოდენტთა მხოლოდ 49% ფიქრობდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 38&-მდე ჩამოვიდა, 2013 წელს – 34%-მდე, ხოლო 2015-ში – უკვე 29%-მდე.
გუშინ, 11 აპრილს, „ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ 2016 წლის თებერვალ-მარტში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის მთავარ ეროვნულ პრობლემად, გამოკითხულთა მხოლოდ 23% მიიჩნევს.
საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული სოციალური ხასიათის პრობლემები აღმოჩნდა: სამუშაო ადგილები (57%), ფასების ზრდა (35%), სიღარიბე (30%) და პენსიები (26%). ამასთან, გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლიდან – „სიტუაცია გაურესდა“, 76%-ის აზრით კი, ეს პრობლემა გაყინულია.
ლორა თორნტონი, საქართველოში NDI-ის ოფისის დირექტორი ამბობს: „მოქალაქეებს რაც ყველაზე მეტად აწუხებთ ეკონომიკური საკითხებია, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე, პენსიები, ფასები და ინფლაცია. ამის ფონზე, საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 3 პროცენტი აფასებს“.
3900 რესპოდენტიდან, რომლებიც NDI-ის დაკვეთით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოკითხა, მხოლოდ 20% ფიქრობს, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება. 36%-ის აზრით, ქვეყანა „საერთოდ არ იცვლება“, 39% კი ამბობს, რომ საქართველო – „არასწორი მიმართულებით ვითარდება“.
გამოკითხულთა 42%-ის აზრით, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი ოჯახის მდგომარეობა „გაუარესდა“; 47%-ის აზრით, „იგივე დარჩა“; და, მხოლოდ 10% ამბობს, რომ მისი ოჯახის მდგომაროება „გაუმჯობესდა.“
საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება ხალხისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს „ვერ ახორციელებს“. 36% საპირისპირო აზრზეა. მხოლოდ 3% ამბობს, რომ ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა – „კარგია.“ 66 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა – „ცუდია“, აქედან 26% ამ სიტუაციას, „ძალიან ცუდად“ ახასიათებს. 81% ფიქრობს, რომ მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიზეზი „მთავრობის შეცდომებია“, 59% კრიზისსს – ძველ მთავრობას, ხოლო 57% – გლობალურ პრობლემებს აბრალებს.
სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ თუ ეკონომიკური კრიზისი კიდევ გაღრმავდა, სოციალური პრობლემების ტყვეობაში არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, არამედ, ევროატლანტიკური საგარეო ვექტორიც შეიძლება აღმოჩნდეს:
„შევხედოთ საქართველოს ბოლო 25 წლის პერიოდს, ჩემი ასაკის ადამიანის პერსპექტივიდან და მოდით დავუსვათ ამ ადამიანს კითხვა, რა მოგცა შენ საქართველოს დამოუკიდებლობამ? რა ექნება პასუხი? მისი მდგომარეობის თვითაღქმიდან მინდა ვისაუბრო. ჩვენ ვიღებთ სრულს ნულს იმ ადამიანის ცხოვრებაში. მაშინ მას ჰქონდა რაღაც ტიპის უსაფრთხოება, რაღაც ფულის მოჩანგვლა შეეძლო სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, მოსკოვში დადიოდა და ყურძენი, მანდარინი, ლიმონი გაჰქონდა, მას აღარ ახსოვს წვრილი და მსხვილი პრობლემები, იგივე ტალონები სურსათზე და ბენზინზე, და ასეთი ადამიანის ტიპი, მუდმივად ახდენს იმ სიტუაციის რომანტიზებას. ამიტომ, მე მგონია, რომ საფრთხე ბევრად უფრო დიდია, თუ დამოუკიდებელი საქართველოს წარუმატებლობა, მათ შორის, ეკონომიკური, გაგრძელდება“.
NDI-ის გამოკითხულთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან, „გაუარესდა“ ინფლაცია (92%), დასაქმების პრობლემა (55%), სიღარიბის მაჩვენებელი (70%) და კრიმინალური მდგომარეობა (57%). გაუმჯობესების ტენდენციას საზოგადოება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში (51%), სიტყვის თავისუფლებისა(38%) და ქალთა უფლებების დაცვის მხრივ (24%) ხედავს.
ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს განვითარების მთავარ გასაღებად რესპოდენტთა 61%-ს ევროკავშირში, ხოლო 68% ნატოში გაწევრიანებას მიიჩნევს. 20% კი მხარს ევრაზიულ კავშირში შესვლას უჭერს. 47%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოსთვის „ყველაზე დიდ საფრთხეს” წარმოადგენს, 8%-ის აზრით კი მთავარი საფრთხე „ისლამური სახელმწიფოდან“ მოდის.
«The Budapest Times» (უნგრეთი), 12 აპრილი, 2016 წელი
http://budapesttimes.hu/2016/04/08/trouble-with-the-neighbours/
პრობლემები მეზობლებთან
აფხაზეთი: ქვეყანა აღიარებას ელოდება
სტატიაში საუბარია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გასულ თვეში გამართულ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე, რომელზეც მნახველები საკმაოდ უჩვეულო ფაქტის მოწმენი გახდნენ – აქ „კავკასიური შავიზღვისპირეთში მდებარე სადაო ტერიტორია – აფხაზეთიც იყო წარმოდგენილი“.
„ბევრ ადამიანს, რომელიც კარგად არაა ინფორმირებული, ალბათ, გაუჭირდება მსოფლიო რუკაზე აფხაზეთის მოძებნა, მით უმეტეს არაფერი ეცოდინება ამ ქვეყნის დედაქალაქზე და სხვა ღირსშესანიშნაობებზე… განა ვინმეს რაიმე გაუგია ბესლეთის შუა საუკუნის ხიდზე, აფხაზეთის დიდ კედელზე, კოდორის ხეობასა თუ შვიდი ტბის ველზე?
აფხაზეთი, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი იყო, 1992 წელს მისგან გამოყოფა მოისურვა. ამ ნაბიჯმა საომარი მოქმედებების დაწყება გამოიწვია. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ მათი რესპუბლიკა 1931 წელს იძულებით მიუერთეს საქართველოს და, შესაბამისად, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, აფხაზეთსაც ისეთივე უფლება ჰქონდა გამოსულიყო მის შემადგენლობიდან, როგორც ეს სხვა რესპუბლიკებმა გააკეთეს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე 1992-93 წლებში მიმდინარე გააფთრებული ბრძოლები საქართველოს ჯარების განდევნით დასრულდა, მაგრამ დამოუკიდებლობისათვის ომმა აფხაზეთის ეკონომიკა გაანადგურა. ზარალი 13 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.
აფხაზეთმა საქართველოსაგან დამოუკიდებლობა 1993 წელს გამოაცხადა. საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ დაპირისპირებული მხარეები დაზავდნენ და მათ შორის რუსი მშვიდობისმყოფლები ჩადგნენ. რუსეთი აფხაზეთს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება. 1999 წელს აფხაზეთმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა დაადასტურა. 2004 წელს საქართველოს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ აღადგენდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს მის შემადგენლობაში დააბრუნებდა. 2008 წელს რუსეთმა იურიდიულად აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი და მას მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწია. რუსეთი აფხაზეთზე გავლენის განმტკიცებას ცდილობს.
ამრიგად, აფხაზეთთან დაკავშირებით საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი და ამ შემთხვევაში, „ბუდაპეშტ თაიმსი“, ეხება რა ამ უხერხულ თემას, რისკავს, რომ რომელიმე მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. აფხაზეთი ჯერ-ჯერობით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო არ არის და იქ 2014 წელს ჩატარებული „უკანონო“ საპრეზიდენტო არჩევნები დაგმობილ იქნა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის მხრიდან. საქართველო აფხაზეთს რუსეთის მიერ „ოკუპირებულ ტერიტორიას“ უწოდებს. გარდა ცამისა, თბილისმა პროტესტი გამოხატა 2014 წელს დადებული რუსეთ-აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გამო და განაცხადა, რომ რუსეთს აფხაზეთის ანექსია სურს.
მაგრამ მოდით, თავი დავანებოთ პოლიტიკას და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის თემას და უშუალოდ აფხაზეთზე ვისაუბროთ: საქართველოსაგან გამოყოფილი რეგიონის დედაქალაქია სოხუმი, მოსახლეობა თითქმის 250 ათასი მცხოვრები, ანუ იმის ნახევარი, რაც ომამდე იყო. სახელმწიფო ენა – აფხაზური რუსულთან ერთად. ძირითადი რელიგიაა ქრისტიანულ-მართლმადიდებლური (70%), არიან ისლამის მიმდევრებიც (16%), კათოლიკეებიც (45). ვალუტა – რუსული რუბლი. აფხაზეთი აგრარული ქვეყანაა, ძირითადად მოჰყავთ ციტრუსები, ჩაი… მდიდარია ხე-ტყით, არის ქვანახშირის საბადო და აქვს ჰიდრორესურსები. აფხაზური დამწერლობა კირილიცას ეფუძნება. აფხაზეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყანაა, სულ რაღაც 8700 კვ.კმ. აქვს სახმელეთო და საზღვაო საზღვრები. მისი რელიეფი მთიანია – 64% კავკასიის მარალ მთებს უკავია, ბევრია მინერალური წყარო, კარსტული მღვიმე, ზოგიერთი კეთილმოწყობილია ტურისტებისათვის. აფხაზეთის მარგალიტს რიწის ტბა წარმოადგენს – ალპური წყალსატევი 900 მეტრს სიმაღლეზე ზღვის დონიდან. კომუნისტურ ეპოქაში აფხაზეთი საბჭოთა ელიტის დასასავენებელ ადგილს წარმოადგენდა, აქ იყო იოსებს სტალინის აგარაკიც.
აფხაზეთში შესვლა შეიძლება როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. თუმცა საქართველო რუსეთის მხრიდან შესვლას უკანონოდ მიიჩნევს.
სოხუმს აქვს აეროპორტი, მაგრამ ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაციის გამო რეგულარული ავიარეისები არ სრულდება. აეროპორტი მხოლოდ რუსი ჩინოვნიკების ვიზიტებს და კერძო დაკვეთებს ემსახურება. უნგრელებს შეუძლიათ ავიაკომპანია „ვიზაირ“-ის პირდაპირი რეისით ჯერ საქართველოს ქალაქ ქუთაისში ჩაფრინდნენ, იქიდან კი აფხაზეტში გადავიდნენ“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე – სოხუმის მაიმუნთსაშენზე (მაიმუნებს საბჭოთა ეპოქაში კოსმოსური ექსპერიმენტებისათვის იყენებდნენ), კულტურულ ობიექტებზე და ა.შ. განსაკუთრებით ყურადღებაა გამახვილებული აფხაზეში ქრისტიანობის გავრცელებაზე და ტაძრებზე (მაგალითად, ვრცლადაა აღწერილი ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტერი).
„აფხაზეთში ყოველწლიურად მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ისვენებს. გასულ წელს მათ უნგრელი ტურისტებიც მიემატნენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთი დღემდე სადაო რეგიონად რღება, მის დამოუკიდებლობას დღეისათვის მხოლოდ გაეროს ოთხი წევრი-სახელმწიფო აღიარებს – რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. სად კოსოვო ან პალესტინა და სად აფხაზეთი…“, – ასე მთავრდება „ბუდაპეშტ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია.
«ТАСС» (რუსეთი), 12 აპრილი, 2016 წელი
http://tass.ru/opinions/interviews/3192105
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „პრეზიდენტის ფიქრები, რუსეთის შიგნით ვიქნები“
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს გუშინ, 11 აპრილს, ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია სემიონოვამ. საქართველოს სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენელმა ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე, უკვე ხელმოწერილ და ხელმოსაწერ ორმხრივ შეთანხმებებზე, მოკავშირეობაზე, ინვესტიციებზე, ჟენევის დისკუსიებზე და ა.შ. (პუბლიკაციის ორიგინალური სათაური: „ლეონიდ თიბილოვი: სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის მიზნით რეფერენდუმს აგვისტომდე ჩაატარებს“).
ლეონიდ თიბილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთთან სამხრეთ ოსეთის მიერთების მიზნით დაგეგმილი რეფერენდუმი, ალბათ, აგვისტომდე გაიმართება. მისი თქმით, „რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, როგორც ჩანს, ჩვენი სამხრეთი მეზობლისათვის განხილვის საგანი იქნება. ბუნებრივია, რომ ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ და როგორი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ რუსეთთან ინტეგრირების მიზნით, საქართველოში ამას ნეგატიურად აღიქვამენ. მაგრამ თბილისმა დროა ანგარიში გაუწიოს იმ რეალიებს, რომლებიც დღეს არსებობს. ამჟამად ჩვენი რესპუბლიკა საკუთარი გეგმების მიხედვით ვითარდება, მტკიცდება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაც… ვერავითარი ძალა ვერ გადადგვახვევინებს რუსეთთან სტრატეგიული დაახლოების გზიდან. რაც არ უნდა ილაპარაკონ მეზობელ ქვეყანაში, ჩვენ მაინც არ შევჩერდებით“.
კორესპონდენტის შეკითხვას ჟენევის დისკუსიებში ოსური მხარის მონაწილეობის გაგრძელების შესახებ, ლეონიდ თიბილოვმა დადებითად უპასუხა: „რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებს, მასში მონაწილეობას გავაგრძელებთ. დღეისათვის ეს ერთაერთი ფორმატია, სადაც ჩვენ შეგვიძლია საკითხები წამოვჭრათ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ასევე საქართველოს მიმართ“.
ინტერვიუს ერთ-ერთი თემა იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების პერპექტივა. ლეონიდ თიბილოვის ოსი ჯარისკაცები და ოფიცრები შეიძლება რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შევიდნენ და ისინი რუსეთის სარდლების ბრძანებებს შეასრულებენ. საუბარი შეეხო საქართველოს შესაძლო თვადასხმას სამხრეთ ოსეთზე – „ძალისმიერი სცენარის გამეორების შესაძლებლობას“, რაზედაც „პრეზიდენტმა“ განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხელს არ აწერს შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება. ამიტომაც ჩვენ საკუთარი შეიარაღებული ძალები უნდა შევინარჩუნოთ, არმია უნდა გვყავდეს, რომელიც, მართალია, ქართულ არმიასთან შედარებით მცირერიცხოვანია, მაგრამ დასახული ამოცანების შესრულება შეუძლია. 2008 წელს ოსეთის არმია სამშობლოს, ხალხის სადარაჯოზე დადგა და საკუთარ თავზე მიიღო პირველი დარტყმები. დღეს მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ქვეყანას გარე აგრესიისაგან წარმატებით დაიცავენ“.
ლეონიდ თიბილოვი ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის განნაღმვაზე, რომელიც რუსი სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით ხორციელდება.
რაც შეეხება რუსეთის მიერ გაწეულ ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას, ლეობიდ თიბილოვი აღნიშნავს, რომ 2016 წლის ბოლოსათვის ცხინვალში 300 საცხოვრებელი ბინა იქნება აშენებული, აიგება სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტებიც – 3,6 მილიარდი რუბლის ფარგლებში. მიმდინარეობს ქუჩების აღდგენა-რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი თანხები მოხმარდება რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის დონის ამაღლებას.
„პრეზიდენტი“ ყურადღებას უთმობს „სამხრეთ ოსეთის“ სოფლების გაზიფიცირების საკითხსაც: „ჩვენი რესპუბლიკის გაზიფიკაციის გენერალური სქემა რუსეთმა უკვე შეადგინა, ახლა უკვე ვთხოვთ „გაზპრომს“ რომ გეგმის რეალიზებაში დაგვეხმაროს“.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთში აეროპორტისა და ცხინვალ-ვლადიკავკაზის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესაძლებლობას: „რკინიგზასთან დაკავშირებით: ეს საკითხი ადრეც იდგა და გარკვეულ წრეებში მისი განხილვა გრძელდება, თუმცა აშკარაა, რომ ეს იქნება ფინანსურად ძალზე ხარჯიანი პროექტი, ამიტომაც მასზე ფიქრი ჯერ ადრეა. ცხადია, რომ რადგანაც ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს რუსეთთან დასაკავშირებლად, დღის წესრიგში დგება საკომუნიკაციო პრობლემა… თავის დროზე იხილებოდა ცხინვალის ახლოს აეროპორტის მშენებლობის საკითხიც, მაგრამ შემდეგ მოსკოვის ბიზნეს-წრეებს დიდი დაინტერესება აღარ გამოუჩენიათ. რასაკვირველია, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“.
ინტერვიუს დასასრულს ლეონიდ თიბილოვი ეხება ოსური სპორტის განვითარებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნის თემას. იგი საუბრობს იმ წარმატებებზე, რაც ოსმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ბოლო წლებში. ოსური სპორტული გუნდები მონაწილეობენ როგორც რუსეთში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში, ასევე უცხოეთშიც, მაგალითად, ნორვეგიასა და აფხაზეტში და ა.შ. რაც შეეხება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ეს სტრუქტურა რუსეთის დახმარებით ჩამოყალიბდება. ლეონიდ თიბილოვი იმედოვნებს, რომ ოსი სპორტსმენები აქტიუს მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში, რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში.