«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ლორა ჯუიტთან „ენ-დი-აის“ ბოლო გამოკითხვის შედეგების ფონზე: „მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო…“
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორ აფასებენ აშშ დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში
«Независимая газета» (რუსეთი): თბილისს სკანდალები აზანზარებს // მომავალი საარჩევნო კამპანია საქართველოში, როგორც ჩანს, ბოლო წლების ყველაზე ბინძური კამპანია იქნება
«ישראל היום - ისრაელი დღეს» (ისრაელი): საქართველო: მტკიცე „დიახ“ ისრაელს
———————–
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/3286145.html
ინტერვიუ ლორა ჯუიტთან „ენ-დი-აის“ ბოლო გამოკითხვის შესახებ: „მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო, გამოკითხვის მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იქნებოდა ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი“
მაია ქვარცხავა
რა იყო ყველაზე თვალშისაცემი „ენ-დი-აის“ გამოკითხვის შედეგებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანონ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა? “ენ-დი-აი“-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორი ლორა ჯუიტი ვაშინგტონში “ამერიკის ხმას” ესაუბრა.
- ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცეს ხმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენი აზრით, რით აიხსნება ეს გაურკვევლობა?
- ეს ბოლო გამოკითხვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად თვალშისაცემი შედეგია. ქართველთა დიდი ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცეს ხმა არჩევნებზე. იმის მიხედვით, თუ როგორ გადავთვლით, რაოდენობა კიდევ უფრო მაღალია. რესპონდენტებს შორის 60 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. შედარებით დაბალია ეს მაჩვენებელი მათ შორის, ვინც ამბობს, რომ სავარაუდოდ ამა თუ იმ პარტიას აძლევს ხმას.
ჩემი აზრით, ეს ორი მიზეზით აიხსნება. პირველია ის, რომ ქართველები საკმაოდ უკმაყოფილო არიან იმით, რაც ქვეყანაში ხდება. გამოკითხულთა 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, შედარებით 20-თან, რომელიც თვლის, რომ აღებული მიმართულება სწორია. 66 პროცენტი ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, ამბობს, რომ ის ცუდ, ან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ქართველების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ ოჯახებში მდგომარეობა არ შეცვლილა, ან გაუარესდა. ძალიან აწუხებთ უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე, მაგრამ ამ პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ წინადადებები მოსახლეობამდე არ აღწევს.
ამ ყველაფერს მეორე მიზეზთან მივყავართ, რაც ახალი არ არის. ხალხი ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან მას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს, მათგან არაფერი ესმით, განსაკუთრებით პარლამენტის წევრების მხრიდან. გამოკითხულთა მესამედი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს ვერ ასახელებს. ესეც დეპუტატების მხრიდან ამომრჩეველთან კომუნიკაციის ნაკლებობაზე მიუთითებს. მარტო მეოთხედი თვლის, რომ არჩეული დეპუტატი მათ ინტერესებს გამოხატავს. მხოლოდ 2 პროცენტამდე, ნულთან ახლოსაა იმ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა, ვისაც წინა არჩევნების შემდეგ თავის არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონია. ასე რომ, თუ შევაჯამებთ, ეს არის სხვადასხვა საკითხებზე უკმაყოფილება და კომუნიკაციის, კონტაქტის ნაკლებობა, რაც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ამა თუ იმ პარტიასთან. თუ არ ვცდები, ამგვარი პასუხი გამოკითხულთა დაახლოებით 40-მა პროცენტმა გაგვცა.
- როგორ გგონიათ, ქართველმა პოლიტიკოსებმა რა დასკვნები შეიძლება გამოიტანონ თქვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან?
- მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვიყო, მთავარი გაკვეთილი ჩემთვის იქნებოდა შემდეგი: ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან პირისპირ საუბარი. ამასთან, აუცილებელია იმ თემებზე ლაპარაკი, რაც მათ აწუხებს, ანუ – სამუშაო ადგილებზე, ფასებზე, სიღარიბეზე. მოსახლეობასთან კავშირის დამყარებისთვის საჭიროა მიღწეული შედეგების ჩვენებაც იმ საკითხებში, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, ამაზე საუბარი აუცილებელია. თუ შედეგები ჯერ არ გაქვს, მაშინ პრობლემების გადაწყვეტისთვის რეალური კონკრეტული წინადადებები მაინც უნდა შესთავაზო.
- ლორა თორნტონის, „ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორის აზრით, დეკემბერში გამოქვეყნებულმა ევროკავშირის დადებითმა ანგარიშმა პოზიტიური გავლენა იქონია ევროკავშირისადმი ნდობის გაძლიერებაზე. შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ თუკი დაპირებისამებრ, ამ მიმართულებით ზაფხულში საქართველომ მეტ პროგრესს მიაღწია, მაშინ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება?
- მე ვეთანხმები ლორას აზრს. გამოკითხვამ აჩვენა, რომ დაახლოებით 68% უჭერს მხარს მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ნატოში ინტეგრაციისკენ არის მიმართული და 77 – ევროპის კავშირისკენ. ეს უკანასკნელი თვალშისაცემად გაიზარდა, რაც სავარაუდოდ სწორედ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროგრამაში მიღწეულ წარმატებას უკავშირდება.
როგორც ქართველი, ასევე ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ვისაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაძლიერება სურს, გამოკითხვა სავსებით გარკვეულ გზავნილს შეიცავს: ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აჩვენო შედეგი, კონკრეტული პროგრესი. ეს საქართველოს მოსახლეობაში ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერას აშკარად აძლიერებს.
კიდევ ერთი საინტერესო რამ გახდა ცნობილი გამოკითხვის შედეგად. აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი იმ საკითხში, თუ როგორ უყურებს ქართველი ევროპას და ევროკავშირს. საერთაშორისო ალიანსების შერჩევისას, მთავარი კრიტერიუმი მაინც ეკონომიკაა და არა იმდენად იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური საკითხები. ფოკუს-ჯგუფებში მუშაობამ აჩვენა, რომ როცა ქართველები არჩევანს ევროპის ან ევრაზიის კავშირს შორის აკეთებენ, ისინი პრიორიტეტს ეკონომიკურ სარგებელს უფრო მეტად ანიჭებენ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.
მეორე ნიუანსზეც მინდა ყურადღება გავამახვილო: ქართველებს არ სურთ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური არჩევანი, რომელიმე ალიანსში გაწევრიანება ექსკლუზიური იყოს. კითხვაზე, თუ რა იქნებოდა იდეალური საგარეო პოლიტიკის არჩევანი, ცოტამ თუ თქვა, რომ ისინი ექსკლუზიურად დასავლურ ორიენტაციას ირჩევენ. კიდევ უფრო ცოტას, ძალიან ცოტას სურს მხოლოდ რუსული ორიენტაცია. უმრავლესობის სურვილია, რომ მთავრობამ პროდასავლური კურსი აირჩიოს, მაგრამ ისე, რომ რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.
მოკლედ, ბევრი ნიუანსია. შესაბამისად, პოლიტიკურმა ლიდერებმა მხედველობაში ყველა ფაქტორი უნდა მიიღონ და ამის მიხედვით გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა მიუდგენ, როგორ ესაუბრონ საკუთარ ამომრჩეველს.
- ქართველი პოლიტიკური ლიდერებისგან ხშირად ისმის გამოკითხვის შედეგების კრიტიკა და მათ მიმართ ერთგვარი სკეპტიციზმიც უკვე ტრადიციად იქცა. თუ ატარებთ კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამოკითხვის ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის თაობაზე?
- რა თქმა უნდა! გამოკითხვის მიზანიც ეს არის: ერთის მხრივ „ენ-დი-აიმ“ უნდა შექმნას საქართველოს დახმარების პროგრამები და ამასთან ერთად, ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და არასამთავრობოებს მიაწოდოს სათანადო რესურსი, რითაც ისინი შეიტყობენ, თუ რა აწუხებს ქართველ ხალხს ყველაზე მეტად.
საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და განსაკუთრებით მომხიბვლელი იმით, რომ ქართველებს ჩამოყალიბებული აზრი აქვთ ბევრ საკითხზე, განიცდიან და ძალიან მგრძნობიარედ, ემოციურად ეკიდებიან თოთოეულ თემას. მაგრამ, როცა საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეხება, მსგავსი მონაცემთა ბაზა და ფაქტები მათ დიდ დახმარებას უწევს. ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ პარტიებს მტკიცებულებებით გამყარებული მონაცემები მივაწოდოთ და მიმდინარე დისკუსიაში ობიექტური ხმა შევიტანოთ.
თითოეული გამოკითხვის დიზაინის პროცესში კონსულტაციები მიმდინარეობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან. გვინდა გავიგოთ, თუ რა კითხვებზე პასუხი აინტერესებთ მათ ყველაზე უფრო. შემდეგ, გამოკითხვების დროს ყველა ამ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. ვცდილობთ ძალიან, ძალიან გამჭვირვალე ვიყოთ მეთოდოლოგიასთან მიმართებაში. ხალხმა უნდა გაიგოს, თუ როგორ ხდება პასუხების შეჯამება და დასკვნების გამოტანა.
- „ქართული ოცნება“ გამოკითხვის შემდეგ დრამატულად შეიცვალა. კოალიცია დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ და ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად გეგმავს. გამოკითხვის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას შეეხებოდა, ამით ერთგვარად არარელევანტური გახდა. თუ გეგმავთ არჩევნებამდე მორიგი გამოკითხვის ჩატარებას და როდის?
- არჩევნებამდე კიდევ ერთ გამოკითხვას ჩავატარებთ, სავარაუდოდ – ზაფხულში. საინტერესო იქნება, თუ რამდენად შეიცვლება შედეგები. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცვლილება შეიძლება ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხში გვქონოდა. ვგულისხმობ კითხვას – არჩევნები რომ ხვალ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ალბათ, რესპუბლიკელთა მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილების შემდეგ, ამ კითხვაზე საკმაოდ განსხვავებულ პასუხს მივიღებდით.
ამიტომ დაკვირვება საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ დანარჩენ კითხვებზე პასუხს ისევ ლეგიტიმურად ვთვლი. განსაკუთრებით – იმ თემებზე, რაც ქართველებს ყველაზე მეტად აწუხებთ. პოლიტიკური პარტიებისთვის დღეს გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას არ გადაუწყვეტია, თუ ვის აძლევს ხმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გარანტირებული მხარდამჭერების საკმარისი რაოდენობა არ ჰყავთ. თუმცა, ეს შესაძლოა დიდ შესაძლებლობადაც აღვიქვათ: არის უამრავი ხმა, რომლის მოპოვების საშუალება ჯერ კიდევ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია იმ პლატფორმაზე და პარტიის იმ ლიდერებზე, რომელიც ქართველებს მოეწონება.
დასასრულს, რჩევის სახით კიდევ ერთ რამეს დავამატებდი: პარტიას, რომელსაც მომავალ არჩევნებზე გამარჯვება სურს, მეტი ქალი უნდა მოიზიდოს, ჩართოს და მომგებიან პოზიციაში ჩააყენოს ის. საუბარია როგორც პარტიულ სიებზე, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე. როგორც ხედავთ, ქართველებს პარლამენტში მეტი ქალის ხილვა სურთ და კვოტირების პრინციპსაც ემხრობიან.
«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 15 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/state-department-georgia/3286092.html
როგორ აფასებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოში
ნინო დალაქიშვილი
აშშ დეპარტამენტის ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ასახავს და აფასებს საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართლმსაჯულების ხარვეზებს, ხელისუფლების დამოკიდებულებას ოპოზიციის მიმართ, სასამართლოს შერჩევით დამოკიდებულებებს ზოგიერთი საქმისადმი, გაჭიანურებულ გამოძიებას, ძალადობის შემთხვევებს, ქალების, რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უცირესობის მიმართ დამოკიდებულებებს, დისკრიმინაციის წინააღმდეგ არასაკმარის ძალისხმევას, მედიაზე ზეწოლის შემთხვევებს და რა თქმა უნდა, გადაადგილების უფლების შეზღუდვას საქართველოს მოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც ცხინვალის ციხეში მშვიდობიანი მოსახლეობის ტყვეობით სრულდება.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასება პარლამენტარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელს ლევან ბერძენიშვილს სთხოვა, რომელმაც განაცხადა:
„ჩვენ უნდა გვესმოდეს მემკვიდრეობითობა. არ შეიძლება ახლანდელმა ხელისუფლებამ თქვას, რომ 2012 წლამდე ცუდად იყო საქმე და ახლა კარგადაა. იმიტომ რომ სწორედ, 2012 წლამდე რაც ხდებოდა, დასკვნების სწორედ იქიდან გამოტანაზეა საუბარი და ცვლილებებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურ ცლილებებს შორისაა სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი დაწესებულების გახსნა, პატიმრებისთვის ჯანდაცვისა და სხვა სერვისების გაუმჯობესებაც დადებითადაა შეფასებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია და ეს, რა თქმა უნდა, აღნიშნულია. ამდენი პოზიტივის გარდა, რა თქმა უნდა, გაცილებით მნიშვნელოვნად და სერიოზულადაა შენიშვნები წარმოდგენილი. უპირველესად ყოვლისა, პრესის თავისულების შესახებ შენიშვნები მიმაჩნია მნიშვნელოვნად. მოყვანილია სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული ხარვეზები, რასაც თავის დროზე ჩვენც არ ვეთანხმებოდით, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაში ვიყავით. მოსამართლემ ისეთი რამ ჩაიდინა, რომლის შემდგომ სრულიად გასაგები გახდა სახელმწიფოს არასწორი დაინტერესება ამ საკითხებით. ამის შემდგომ ჩაერია საკონსტიტუციო სასამართლო და შედარებით, გამოსწორდა სიტუაცია, შემცირდა ტემპები. ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა „რუსთავი-2“–ის შინაარსის ცვლილებების მოთხოვნები. მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი კი გამოსწორდა, მაგრამ, სიტუაცია, ბუნებრივია აისახა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ მხრივ საკმაოდ მკაცრია და სიტყვა სიტყვით იმეორებს იმ ბრალდებებს, რასაც ოპოზიცია უყენებს ხელისუფლებას. ხანდახან, ზოგიერთ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, დეპარტამენტი ვერ ითვალისწინებს რეალურ მდგომარეობას, იმიტომ რომ, შეცდომები, რომელიც სასამართლო სისტემაში იყო დაშვებული მიაჩნია უფრო მნიშვნელოვნად, ვიდრე ის, რაც მერე გაკეთდა გამოსწორების მიმართულებით. ამავე დროს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს საქმე არასდროს არ უნდა იყოს განხილული, ანუ ვის მფლობელობაში უნდა იყოს „რუსთავი-2“, ეს, ამ დასკვნის მიხედვით, თითქოს არაა მნიშვნელოვანი. ანუ თუ დაირღვა ვინმეს უფლებები, ეს, ამ დასკვნის მიხედვით, თითქოს არ უნდა გამოვიძიოთ, რაც, მაინცდამაინც არაა გონივრული და არ გვაძლევს საშუალებას ბოლომდე გავითვალისწინოთ შენიშვნები. მაგრამ მიუხედავად, ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
ის, რომ დღეს საქართველოში მედია მეტ–ნაკლებად თავისუფალია, ეს არის ფაქტი. ყველა შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან მედიაზე ზეწოლის მცდელობისა უნდა იყოს აღკვეთილი. მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არის აშკარა მიკერძოება წინა ხელისუფლების მიმართ და ამას ვერავინ ვერ დამალავს.ეს შეიძლება, არის დღევანდელი ხელისუფლების შეცდომა, რომელიც ვერ ახერხებს ამის ახსნას, მაგრამ ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შეცდომებზე მე უკვე მოგახსენეთ, მე მაინც მეჩვენება, რომ ეს ნაწილი ყველაზე ობიექტურად არ აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას გააზრებული. მეტისმეტად მაღალია ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მთელი სისტემები ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული წლების განმავლობაში.“
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ განაცხადა, რომ აშშ დეპარტამენტის ანგარიშის ის ნაწილი, სადაც მმართველობის ზედა ეშელონების კორუფციულობაზეა საუბარი ემთხვევა მისი ორგანიზაციის შეფასებებს, რაც წლების განმავლობაში ქვეყნდება.
„ანგარიშში აქცენტი მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობაზე და შესაძლო კორუფციული ფაქტების გამოძიებაზეა და ჩვენც ამას ვამბობთ, რომ დღეს არსებული სისტემით, არ არსებობს ეფექტური, ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი შესაძლო დარღვევების გამოძიება, კორუფციის კუთხით. ესაა ინსტიტუციური მოწყობის ხარვეზი, ანუ ის, რომ არ არის ეფექტიანი ანტიკორუფლიული ინსტიტუტი, როგორც ასეთი, დამოუკიდებელი ორგანო საქართველოში. დღეის მდგომარეობით არსებულ სამართალდამცავ სტუქტურებს შორისაა გადანაწილებული ეს ვალდებულება, თუმცა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაბალი და ამიტომ საქმეების ეფექტურად გამოძიება მათ არ შეუძლიათ იმ შემთხვევაში,როდესც მაღალი თანამდებობის პირებს ეხებათ საქმე“,– ამბობს ერეკლე ურუშაძე.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში.
«Независимая газета» (რუსეთი), 15 აპრილი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-04-15/7_gruzia.html
თბილისს სკანდალები აზანზარებს
მომავალი საარჩევნო კამპანია საქართველოში, როგორც ჩანს, ბოლო წლების ყველაზე ბინძური კამპანია იქნება
„საქართველო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, რომ ბრძანებულება, რომელიც ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს, აპრილის ნაცვლად, ივლისში გამოექვეყნებინა. საქმე იმაშია, რომ რადგანაც ბრძანებულების გამოქვეყნების თარიღი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურ დაწყებას ნიშნავს, აპრილიდან ოქტომბრამდე კამპანიის რეჟიმი ძალიან გაჭიანურდებოდა, რაც ქვეყნის ბიუჯეტისათვის ძალიან დიდი დატვირთვა იქნებოდა. „ექვსთვიანი რეჟიმის ნაცვლად, სამთვიანი სავსებით მისაღები იქნებოდა“, – ასე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და თან დაამატა, რომ თარიღმა ქართული საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი რეაქცია გამოიწვიაო.
როგორც ჩანს, მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შეიძლება ყველაზე სკანდალური გახდეს. შეხლა-შემოხლა უკვე დაიწყო და წინა კამპანიებისაგან განსხვავებით, როცა პარტიები და პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად მაინც იცავდნენ დადებულ ჯენტლმენურ შეთანხმებას საარჩევნო კამპანია კანონისა და ეთიკის ნორმებში ეწარმოებინათ, ახლა „წელს ქვემოთ“ დარტყმებს არავინ აღარ ერიდება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბოლო პერიოდში მომხდარ სკანდალურ ფაქტზე – ინტერნეტში უცნობი პირების მიერ პოლიტიკოსთა პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაზე, რომლებიც თითქოსდა ყველა განადგურებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში მათი ძალიან ბევრი ასლი დარჩა. დადგა დრო და სოციალურ ქსელებში დარჩენილი ვიდეოფაილების ნელ-ნელა გამოქვეყნება დაიწყეს, წინასწარი ანონსებით. მართალია, ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე დააპატიმრეს ეჭვმიტანილები – ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნება კვლავ გრძელდება, რაც, „ნეზავისიმაია გაზეტას“ თბილისელი კომენტატორების თქმით, „ქვეყანაში ნერვულ ატმოსფეროს და შიშის გრძნობას აღვივებს“.
მომხდარ ამბებში ოპოზიციამ („ერთიანმა ნაცმოძრაობამ“) ხელისუფლება („ქართული ოცნება“) დაადანაშაულა. ბრალდებათა ნაკადში შესამჩნევი იყო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინიდან გაჟღერებული განცხადებაც, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „საქართველო ჭუჭყში იფლობა… განა ჩემი პრეზიდენტობის დროს ამგვარი შემთხვევები ხდებოდა? ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილმა] არნახული პორნოკრატიული რეჟიმი დაამყარა“.
„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ „ნაციონალები“ – მთავარი მოწინააღმდეგეები არ ურტყამენ. მას უტევენ ყოფილი რეალური თუ არშემდგარი პარტნიორებიც: მწვავე განცხადებებს აკეთებენ როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე ლეიბორისტთა ხელმძღვანელი შალვა ნათელაშვილი და სხვები. ამოტივტივდა ფაქტები ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ბანკიდან“ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი პოლიტიკოსების მიერ დიდი კრედიტების მიღების შესახებ. შესაძლოა მსგავსი ფაქტები დემოკრატიულ ქვეყანაში კორუფციად შეფასებულიყო, მაგრამ საქართველოში ასეთი მოქმედება სრულიად ნორმალურია: ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თავის გუნდს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა: მხოლოდ ხელფასით იცხოვრეთ და თუ ფინანსური პრობლემა გაგიჩნდებათ, ხელი სახელმწიფოს ჯიბეში არ ჩააცუროთ, პირდაპირ მე მომმართეთ და დაგეხმარებითო. ალბათ, არაა გამორიცხული, რომ ზემოთ ხსენებული კრედიტები სწორედ ამ მექანიზმის („მომმართეთ და დაგეხმარებით“) პრაქტიკული გამოხატულებაა, ან უბრალოდ მართალაც კრედიტებია.
ოპონენეტებისა გან განსხვავებით, ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ძალიან აქტიურობას არ იჩენს. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ან რაღაცას ელოდება, განაბულია და ქულების დაწერას საარჩევნო კამპანიის სტარტის შემდეგ დაიწყებს, ანდა „ქართულ ოცნებას“ ამისათვის უბრალოდ არ სცალია: მას სერიოზული შიდაპოლიტიკური პრობლემები გაუჩნდა. კოალიცია იშლება, მისი შემადგენლობიდან გამოდის რესპუბლიკური პარტია, რომლის წევრები არიან „ქართული ოცნების“ ყველაზე ცნობილია და ქარიზმატული პოლიტიკოსები. როგორი იქნება „მეოცნებეთა“ ახალი შემადგენლობა, ვინ შევა ალიანსში იმ მმართველებთან, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში ამომრჩეველთა დიდი ნაწილის ნდობა დაკარგეს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კოალიციის არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სურს „ქართული ოცნების“ რიგებში ახალგაზრდა, კრეატიული პროფესიონალები იხილოს, თუმცა ეს ადვილი არ იქნება, – ნათქვამია სტატიაში.
«ישראל היום - ისრაელი დღეს» (ისრაელი), 14 აპრილი, 2016 წელი
http://www.israelhayom.co.il/opinion/373263
საქართველო: მტკიცე „დიახ“ ისრაელს
არიელ ბერნშტეინი
თბილისის ავტოვაგზალში ცხოვრება დუღს და გადადუღს, რაც წარსულის აზიურ ბაზარს მოგვაგონებს. ამ მუდმივ ხმაურსა და ადამიანთა დაუსრულებელი ნაკადის ფონზე ავტობუსები მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებისაკენ მიემართებიან – ბაქოში და ერევანში, ანკარაში და თეირანში. მართალია, საქართველო ევროკავშირისაკენ მიილტვის, მაგრამ ეს ქვეყანა უპირველესად მაინც თავის გარემომცველ სამყაროში რჩება.
მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ქართველი ხალხმა მრავალი შემოსევა და ზეწოლა განიცადა თავისი მძლავრი მეზობლებისაგან – ოსმალეთისა (თურქეთი) და სპარსეთისაგან (ირანი). გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ დღესაც ორივე ქვეყანა, რომელთა გეოგრაფიულ გარემოცვაში საქართველო იმყოფება, მასზე კულტურულ, ეკონომიკურ და გარკვეულწილად პოლიტიკურ გავლენას ახდენს. თუმცა აშკარაა, რომ ისრაელთან და ებრაელებთან საქართველო სულ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ირანთან და თურქეთთან.
ამბობენ, რომ ისრაელი იზოლაციაში იმყოფებაო, მაგრამ ამ თეზისის უარსაყოფად საქართველო-ისრაელის ურთიერთობა ისეთი ფაქტია, რომ უკეთესს ვერ მოძებნი. რიგითი ქართველები და მთავრობა ისრაელს ლამისაა აღფრთოვანებით შესცქერის. ქართველი ხალხის ცნობიერებაში ებრაელებს პოზიტიურად აღიქმება. კავკასიური ქვეყანა საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა მეოთხედი საუკუნის წინ აღიდგინა, ისრაელს ძლიერ, ნამდვილ სახელმწიფოდ მიიჩნევს – ისეთ სახელმწიფოდ, რომლისგანაც მაგალითი უნდა აიღოს ყველა სფეროში – არმიის მშენებლობიდან დაწყებული, ეკონომიკური აყვავებით დამთავრებული. როგორც ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა მითხრა, „რა კარგი იქნებოდა, ჩვენ რომ თქვენ დაგემსგავსოთო“. გასაკვირი არ არის, რომ ქართველებს ჩვენთან თანამშრომლობა და ჩვენი გამოცდილების გაზიარება სურთ. და რადგანაც საერთაშორისო ურთიერთობა ქვეყნებისა და ხალხების ერთმანეთთან მეგობრობასა და თანაზიარობას ეფუძნება, ისრაელიც ვალდებულია საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდოს.
კულტურულ სიმდიდრესთან ერთად, კავკასიის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. აქ სხვადასხვა ქვეყნების ინტერესებია ერთმანეთში გადახლართულ. აქ სავაჭრო გზები და ენერგეტიკული კომუნიკაციები გადის. გაღვიძებულ ჩინეთს „აბრეშუმის დიდი გზის“ ახალ პროექტში კავკასიის ჩართვაც სურს. რასაკვირველია, საქართველოს მმნიშვნელობას სხვა მოთამაშეებიც ხედავენ, რომლებიც შეეცდებიან ისრაელს სცენაზე ადგილი არ დაუტოვონ. ახლა უკვე ირანიც ცდილობს საქარტველოში შეღწევას, ვითარდება ქართულ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობა, ირანელი დიპლომატები ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრებიან. აქედან გამომდინარე, თუ ისრაელი ჩათვლის, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ისედაც კარგია, ისედაც ვითარდება, მას მეტი ძალისხმევა და ყურადღება არ ჭირდება და არ შეეცდება ამ ურთიერთობის გაღრმავება-გაფართოებას, მაშინ საქართველო, ალბათ, სხვა უფრო ერთგულ მოკავშირეს იპოვის.
დღეს საქართველოში ებრაელი ბიზნესმენები აქტიურად მუშაობენ. მათ საქმიანობას, სხვა შედეგებთან ერთად, პოლიტიკური დივიდენდებიც მოაქვს. როცა რამდენიმე წლის წინათ საქართველომ ევროკავშირის ზეწოლას ვერ გაუძლო და გაეროში კენჭისყრის დროს ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციას ხმა მისცა, ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატამ საპროტესტო აქცია მოაწყო და ადგილობრივი ქართული საზოგადოების აზრი შეცვლა. იმ კენჭისყრის შემდეგ არამეგობრული დამოკიდებულება აღარ გამოვლენილა და იმედი უნდა გვქონდეს, მომავალშიც ასე იქნება. თუმცა საჭიროა ყოველდღიურად ვეცადოთ სიმპათიებისა და მეგობრობის განმტკიცებას.
ამ მიზნის მიღწევისათვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად შეიძლება ორმხრივი ტურისტული გაცვლა-გამოცვლა გამოვიყენოთ. ქართველებში რელიგიური ტრადიციები ძლიერია და აქედან გამომდინარე, მათ თვალში ისრაელს – როგორც წმინდა მიწას – განსაკუთრებული სტატუსი აქვს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ქართველი ისრაელში ჩამოსვლაზე ოცნებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა, მასთან ტურისტულ თანამშრომლობას ისრაელისთვის სიკეთის მოტანა შეუძლია. ყოველი ქართველი ტურისტი, რომელიც ისრაელის მონახულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, ებრაელი ხალხის საუკეთესო ელჩი იქნება და მეგობრობის განმტკიცებაში დადებით როლს შეასრულებს. ეს აუცილებელი ხდება დრევანდელ ვიტარებაში, როცა ტრადიციული დიპლომატია ადგილს უთმობს უშუალო კონტაქტებს მოქალაქეებს შორის.