globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 16 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 16th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბატთან: „საქართველო საინტერესოა სამი ძირითადი რესურსის გამო“

«Голос Армении» (სომხეთი): არმიანოფობიამ მოსკოვის „მეტრომდე“ მიაღწია // „ქართველებისაგან განსხვავებით, ჩვენ, სომხები, ტერიტორიებს კი არ ვკარგავთ, არამედ ვიძენთ“

«Kurier» (ავსტრია): ქვეყანა მდინარე მტკვარზე: თბილისის არქიტექტურა

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/ebrd-president-interview/3287232.html

ინტერვიუ EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბატთან: „საქართველო საინტერესო სამი ძირითადი რესურსის გამოა“

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბატი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საქართველო ძლიერი რეფორმატორი ქვეყანაა, რომელმაც კორუფციის წინააღმდეგ სანიმუშოდ იბრძოლა და ინსტიტუტები გააძლიერა.

EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველო საინტერესო სამი ძირითადი რესურსის გამოა: „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოს მდიდარი ჰიდრორესურსები აქვს. მას არ აქვს ნავთობი, მაგრამ სამაგიეროდ აქვს წყალი, რომელიც რეგიონისთვის სასარგებლო რესურსია. ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თურქეთში. ამ მიმართულებით შესაძლებელია მეტი ინვესტირება“, – ამბობს სუმა ჩაკრაბატი.

მეორე მნიშვნელოვან რესურსად იგი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას ასახელებს: „საქართველო საინტერესო ეკონომიკაა ჩინეთის ინიციატივისთვის სახელად „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. მდებარეობიდან გამომდინარე მას შეუძლია რეგიონის ერთგვარ ჰაბად იქცეს. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს“.

მესამე იმედისმომცემ ფაქტორად სუმა ჩაკრაბატი მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებში არსებულ იმ ინფრასტრუქტურას მიიჩნევს, რომლებშიც ინვესტირება EBRD-მა შარშან განაახლა, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ. „ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ინვესტორთა საბჭოს, რათა სწორი მიმართულებით წარიმართოს რეფორმები, რომლებიც საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს და მეტ კერძო ინვესტორს მიიზიდავს“, – ამბობს EBRD-ის პრეზიდენტი.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ეს ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურს მისი ვაშინგტონში ვიზიტისას მისცა.

«Голос Армении» (სომხეთი), 15 აპრილი, 2016 წელი

http://www.golosarmenii.am/article/39607/armyanofobiya-dobralas-do-metro

არმიანოფობიამ მოსკოვის „მეტრომდე“ მიაღწია

„ქართველებისაგან განსხვავებით, ჩვენ, სომხები, ტერიტორიებს კი არ ვკარგავთ, არამედ ვიძენთ“

სომხეთის რუსულენოვანი გაზეთი „გოლოს არმენია“ მკაცრად აკრიტიკებს რუს კოლეგას – გაზეთ „მეტროს“ (ტირაჟი – 510 ათასი ეგზ.) რედაქციას, რომელმაც „შეცდომა დაუშვა“ და გამოქვეყნა ქართველი ე.წ. პოლიტოლოგის ვახტანგ ჯანაშიას სტატია მთიანი ყარაბაღის მოვლენების თაობაზე. როგორც „გოლოს არმენია“ ირწმუნება, ვახტანგ ჯანაშია სომხეთმოშიში („არმიანოფობი“) პიროვნებაა და მხარს აზერბაიჯანს უჭერს.

„ბულვარული გაზეთი „მეტრო“ მხოლოდ მოსკოვის მეტროპოლიტენსა და ქუჩების საცობებში მოქცეულ მგზავრებს შორის ვრცელდება – იქნებ საწყლებმა ლოდინში როგორმე თავი შეიქციონო. ჰოდა, ამ გაზეთის რედაქციაში ვიღაც ვახტანგ ჯანაშია მუშაობს, მოღიმარე ქართველი, რომელიც ხმამაღლა და ზედმეტი კომპლექსების გარეშე თავის თავს პოლიტოლოგს უწოდებს. შეიძლებოდა სულაც არ გაგვემახვილებინა „ქართული პოლიტოლოგიური სკოლის ამ წარმომადგენელზე ყურადღება, მაგრამ საქმე ისაა, რომ „მეტროს“ საკმაოდ დიდი ტირაჟი აქვს და მოსკოველი მკითხველი სიპათიით ეკიდება. [ამიტომაც იძულებული ვართ ზოგიერთი რამ განვმარტოთ]. (…)

ვახტანგ ჯანაშია წერს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლება მხოლოდ სომხების ბრალიაო. თუ მის ლოგიკას დავაკვირდებით, აშკარაა, რომ ქართველი „პოლიტოლოგი“ აზერბაიჯანული პროპაგანდის კალაპოტს მიჰყვება: ვახტანგ ჯანაშიას მტკიცებით, თუ დიდი ომი დაიწყება, მაშინ რეგიონიდან სომხები მასობრივად გაიქცევიანო. ამას რომ წერს, „ქართველი პოლიტოლოგი“ ვერ აზროვნებს – თუ რეგიონიდან და, შესაბამისად, საქართველოდანაც სომხები გაიქცევიან, მაშინ ვის წინაშე დარჩება თვითონ საქართველო, სადაც აზერბაიჯანელ მცხოვრებთა რაოდენობა მალე ქართველების რაოდენობას გადააჭარბებს?

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენს მოძმე ქართველებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ისტორიის რთულ პერიოდებში სომხები ერთმანეთს მტკიცედ უკავშირდებიან ხოლმე. სომხებს არ აქვთ ტრადიციაში ქართული პრაქტიკა – მტრებს იარაღი მიჰყიდონ და მერე ამ ფულით  დაისვენონ.

რაც შეეხება „პოლიტოლოგის“ პასაჟს იმის თაობაზე, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემთხვევაში საქართველო გარანტირებულად დაბლოკავს რუსულ სამხედრო ტრანზიტს სომხეთის მიმართულებით, ამ შემთხვევაში ქართველი ექსპერტი აშკარად შეცდა: ჯერ ერთი, რომ საქართველომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ თავისი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა (სიტყვებით, მაგრამ მაინც); მეორე – „ქართველმა პოლიტოლოგმა“ არ უნდა დაივიწყოს, რომ რუსეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დერეფნები შექმნას საჭირო დროს და საჭირო ადგილზე. ანუ, ამით იმის თქმა გვინდა, რომ „ქართული პოლიტოლოგიური აზრის“ წარმომადგენელი 2008 წლის აგვისტოს გაკვეთილებს არ ითვალისწინებს. და ბოლოს, მესამე – ოჰ, როგორ უყვარს ზოგიერთ ქართველს ღვარძლიანი ლაპარაკი! ჯანაშია წერს, რომ „ოდკბ“ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) უმოქმედო სტრუქტურააო. ობიექტურები თუ ვიქნებით, ეს ფაქტი არც ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ქართველებისაგან განსხვავებით, ჩვენ, სომხები, ტერიტორიებს კი არ ვკარგავთ, არამედ ვიძენთ. სომხეთი კი მხოლოდ იმიტომაა „ოდკბ“-ის წევრი, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთი დომინირებს. თუმცა არც სომხეთი და არც მთიანი ყარაბაღი არც მისგან და არც ყაზახურ-ბელორუსული „კომანდოსებისაგან“ დახმარებას არ ვითხოვთ: ჩვენ და ჩვენი დიასპორა საკუთარ სამშობლოს თვითონვე დავიცავთ“, – წერს „გოლოს არმენიი“.

«Kurier» (ავსტრია), 16 აპრილი, 2016 წელი

http://kurier.at/immo/architektur/das-land-am-kura-fluss/192.241.990

ქვეყანა მდინარე მტკვარზე: თბილისის არქიტექტურა

სტატია ეხება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ გამოფენას, რომელიც თბილისის არქიტექტურას ეძღვნება (ავტორი – კლაუდია ელმერი).

პუბლიკაციაში ავტორი ავსტრიელ მკითხველს აცნობს, სად მდებარეობს საქართველო, როგორი ქვეყანაა და საერთოდ, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს მას რეგიონში. ბუნებრივია, ყურადღება ეთმობა თბილისს, მის არქიტექტურულ ისტორიას, მის ღირსშესანიშნაობებს…

„საქართველო ევროპა-აზიის მიჯნაზე მდებარეობს, შავ ზღვასა და კავკასიის ქედს შორის. მას ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან კი – თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოში თითქმის ოთხი მილიონი მოსახლეობა ცხოვრობს, მათგან ერთი მეოთხედი – თბილისში, რომელიც მე-5 საუკუნეშია დაარსებული და სახელწოდება „თბილი“ წყლების გამო ეწოდა. ქალაქში ბევრია თერმული აბანოები 47-გრადუსიანი წყლით, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს. თბილისი ისტორიული „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტზე მდებარეობს და შესაბამისად, აქ დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობა იყო განვითარებული, რის შედეგადაც მრავალ კულტურასთან ჰქონდა ურთიერთობა. ეს გამოვლინდა არქიტექტურაშიც, რომელიც ევროპული, მავრულ-არაბული და სპარსული ელემენტებითაა წარმოდგენილი. ზალიან ორიგინალური აივნებიანი სახლები, რომლებიც მდინარე მტკვრის ციცაბო კლდეებზეა გაშენებული. მე-19 საუკუნეში ქალაქს ბევრი ევროპული სტილით ნაგები შენობა შეემატა, აიგო სხვადასხვა ობიექტები, მათ შორის მთაწმინდის საბაგირო გზა, რპომელიც დღემდე მოქმედებს. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბაგირო გზის ზედა სადგური სოციალისტური რეალიზმის სტილით აშენდა, რომელიც ქალაქის ყველა კუთხიდან ჩანს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საჭოთა თბილისი სწრაფად განვითარდა: გაშენდა ახალი საცხოვრებელი რაიონები [მრავალსართულიანი ტიპიური კორპუსებით], თუმცა იმ დროშიც საინტერესო შენობები აიგო – მაგალითად, საგზაო მშენებლობის სამინისტროს შენობა, რომელიც ერთმანეთზე დალაგებული ბეტონის კორპუსებით და ძალიან მცირე ფართობის მქონე ფუნდამენტით საკმაოდ თავისებურ და საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი არქიტექტორი და მშენებელი გიორგი ჩახავა იმავდროულად მინისტრიც გახლდათ. მისი მიზანი იყო ისეთი შენობები აეგო, რომელთა საძირკველი მიწის მცირე ფართობს დაიკავებდა, სიმაღლეში კი ყველა მიმართულებით გაიშლებოდა. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის კიდევ რამდენიმე ნიმუშია თბილისის აკვა-სპორტული ცენტრი „ლენინური კომკავშირი“ და ავტოსადგური „ორთაჭალა“, სახელმწიფო ფილარმონიის შენობა – მინის ცილინდრისებური ნაგებობა, რომელიც 1960-იანი წლების არქიტექტურაში ერთგვარ გარღვევას წარმოადგენს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ქვეყანაში ბევრი ახალი ობიექტი აშენდა გერმანელი და იტალიელი არქიტექტორების პროექტებით, მაგალითად, „მშვიდობის ხიდი“ მტკვარზე, „იუსტიციის სახლი“ და ა.შ.

Comments are closed