globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 10 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 10th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


„ახალი თაობა“: ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმიერებას იწყებს // საქართველო ყველაფერს გააკეთებს რათა ევროპამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების საკითხი დადებიტად გადაწყდეს“


„რეზონანსი“: გადაიხედება თუ არა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკა // რატომ ვერ მივიღეთ მოსკოვიდან “თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი?”

„რეზონანსი“: რუსულ-უკრაინული ეკონომიკური კოლაფსი საქართველოს ემუქრება
————————

„ახალი თაობა“, 10 იანვარი, 2015 წელი
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმიერებას იწყებს. საქართველო ყველაფერს გააკეთებს რათა ევროპამ კონკრეტული ნაბიჯი გადადგას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების საკითხი დადებიტად გადაწყდეს’
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რიგაში (ლატვია) ვიზიტის დროს გამართული შეხვედრები, სადაც იგი საერთაშორისო კონფერენციას „ევროპის განვითარების წელი“ დაესწრო. (ავტორი – ნათია ხურცილავა).
სტატია მომზადებულია საინფორმაციო სააგენტოებისა და მასმედიის სხვა საშუალებების მიერ გავრცელებული მასალების საფუძველზე.
ირაკლი ღარიბაშვილი რიგაში შეხვდა ფედერიკა მოგერინის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. საუბრისას მათ ყურადრება გაამახვილეს რუსეთ-აფხაზეთს შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინის განუცხადა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის უმაღლესი პირების მკაფიო ნეგატიური პოზიცია სოხუმ-მოსკოვის ხელშეკრულების მიმართ.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების სამოქმედო გეგმის ეფექტურ იმპლემენტაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში მოიწვია და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებტაც ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაზლიერების მიზნით.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ კონკრეტუკლი ნაბიჯი გადადგას და „ვიზა-ლიბერალიზაციის“ საკითხი დადებითად გადაწყდეს. ფედერიკა მოგერანიმ იმედი გამოხატა, რომ სესაბამისი პროცედურების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში საქართველო რიგის სამიტზე წარმატებული მაგალითი გახდება.
კიდევ ერთი სიახლე, რის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერანს აცნობა, ესაა საქართველოს პროკურატურაში რეფორმების დაწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა და ესაუბრა თავის ლატვიელ კოლეგას ლაიმდოტა სტრაუიუმას. მოლაპარაკების დროს ლიტვის ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილს დახმარება აღუთქვა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზების საკითხში. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შესახებაც. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების პროცესში და მზადყოფნა გამოხატა ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ლაიმდოტა სტრაუიუმამ ისაუბრეს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც. „ჩვენ განვიხილეთ სოხუმსა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ასევე შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამოც, რომ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი მსგავსი ხელსეკრულების გაფორმებას აპირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როცა კვლავ გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიუელი მთლიანობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2015 წელი
გადაიხედება თუ არა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკა
პრემიერი უკმაყოფილოა – რატომ ვერ მივიღეთ მოსკოვიდან “თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი?”
მაია აბაიაძე
“ჩვენ რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ მთელი რიგი კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ძალისხმევას თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი არ მოჰყვა”, – პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ლატვიაში გაკეთებულ ამ განცხადებას განსხვავებული შეფასება მოჰყვა ანალიტიკოსთა მხრიდან.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება გარკვეული გზავნილი იყო კრემლისთვის, მეორე ნაწილის აზრით, ეს იყო საყვედური ოფიციალური მოსკოვისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა და რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკის ცვლილებას არ მოასწავებს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, “რესპუბლიკელი” ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა რუსეთთან საგარეო პოლიტიკის შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს. “მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და ჯერჯერობით რაიმე ცვლილებები არ არის. უბრალოდ, კარგად ჩანს, რუსეთის ხელიუფლებასთან რა ჭრის და რა – არა და ფაქტის კონსტატაცია მოხდა. შეიცვლება თუ არა ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს მომავლის გადასაწყვეტია. ახლა ასეთი ცვლილებები არაა,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი და დასძენს, რომ ხელისუფლების მიერ რუსეთთან წარმოებული პოლიტიკა არ იყო დათმობა, მაგრამ მას დამსახურებული შედეგი არ მოჰყოლია.
“ეს არ იყო დათმობის პოლიტიკა, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. შევეცადეთ გაგვევითარებინა ურთიერთობა, ვაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ვცადეთ, შეგვექმნა ეკონომიკური ურთიერთობები. მაგრამ რუსეთთან ამგვარმა დამოკიდებულებამ იმ ვითარებაში, როცა რუსეთს აკისრია ვალდებულებები მეზობლების მიმართ, უბრალოდ არ მოგვცა ის შედეგი, რაც გვეკუთვნოდა და ამიტომ არის ასეთი საუბარი. არაფერი დაგვითმია, რუსეთი იყო და დარჩა აგრესორი. არც რიტორიკა შეგვიცვლია და არც არაფერი. უბრალოდ, არის მთავრობა, რომელსაც უყვარს გამოსვლა და პუტინის დედის გინება და არის მთავრობა, რომელიც სხვაგვარად მოქმედებს. ჩვენ ვცადეთ და კიდევ უნდა ვცადოთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება – ესაა ქართველი ხალხისა და მსოფლიოს მოთხოვნა. უბრალოდ, რუსეთი ჯერჯერობით არ იძლევა საშუალებას, რომ ურთიერთობა სერიოზულად მოვაწესრიგოთ”, – ამბობს ბერძენიშვილი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრემიერის განცხადება გარკვეულწილად კრემლისთვის გაკეთებული მესიჯია. მისივე თქმით, ხელისუფლება რუსეთთან არაპროფესიონალურ პოლიტიკას აწარმოებს და არსებული ვითარებაც სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია. „ეს განცხადება იყო იმ პოლიტიკის ახსნის მცდელობა, რასაც ხელისუფლება აწარმოებდა ამ პერიოდში და გარკვეული გზავნილიცაა რუსეთისთვის. მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობისა, რუსეთი კიდევ უფრო ამკაცრებს თავის დამოკიდებულებას – საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დადებულ ხელშეკრულებებზე. პრინციპში, ესაა ადეკვატური რეაქცია მისი მხრიდან, თუმცა ვიტყოდი, რომ მთავრობის პოლიტიკა არ იყო მთლად სწორი. ხელისუფლება ჩაიხლართა ბალანსის ძიებაში და ამოცანის უხარისხოდ შესრულებამ გამოიწვია ის პრობლემები, რაც გვაქვს არა მარტო რუსეთთან, არამედ დასავლეთთანაც”, – ამბობს ექსპერტი.
ხუხაშვილი ასევე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” რუსეთთან უფრო რაციონალური პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა. „პოლიტიკაში ყველაფერს აქვს თავის ფასი და მეორე მხრიდან ადეკვატური პასუხი უნდა იყოს. ამ დროის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკა რუსეთისადმი უფრო რაციონალური უნდა ყოფილიყო, ხელისუფლებას წინასწარ უნდა ჰქონოდა გააზრებული, თუ რა დათმობაზე წასასვლელად იყო ის მზად. მხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ მე მინდა სიტუაციის დალაგება, პოლიტიკაში საკმარისი არაა. ჩვენ უნდა გვქონდეს გეგმა – რას რა უნდა მოჰყვეს. შესაბამისი მოლაპარაკება უნდა აწარმოო და იცოდე, რის ფასად რაზე წამსვლელი ხარ. თუ ეს არ იცი, მაშინ ეს მხოლოდ კეთილი ნების გამოხატვა მოსაბეზრებელია და რეალურ პოლიტიკაში არაფრის მომცემია.
“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ზუსტად ასე იქცეოდა – ისინი კეთილი ნების დემონსტრირებას ახდენდნენ, მაგრამ არაფერი კონკრეტული და რაციონალური მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. მე ამას ვეძახი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს და შედეგიც შესაბამისია,” – აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ რუსეთთან, ისევე როგორც ყველა იმპერიასთან, დათმობა არაეფექტურია.
“ზუსტად უნდა იცოდე შენი ადგილი, ფრთხილი უნდა იყო და როდესაც რაიმეს თმობ, წარმოდგენა უნდა გქონდეს, ამის ფასად რისი მიღება შეგიძლია და შესაბამის გარანტიებზეც უნდა ფიქრობდე – გარანტიების გარეშე ვერ იქნება შედეგი. იმპერიის ბუნება ისეთია, რომ რაც უფრო მეტს დაუთმობ, მით უფრო მეტად დაგაჯდება თავზე.
“დათმობა საკმაოდ ხიფათის შემცველია, თუ ზუსტად არ იცი, რას ელი ამის სანაცვლოდ და რა უნდა მიიღო, ანუ რა გინდა. როდესაც რუსეთს ესაუბრები, უნდა აუხსნა რა გინდა, თუ უბრალოდ თმობ და თმობ – კი, ბატონო, ვინ გეტყვის უარს?!
“რუსეთი არაა გამონაკლისი და სხვა ნებისმიერი დიდი ქვეყანა ზუსტად ასე მოიქცევა ამ შემთხვევაში. ეს არის ხელისუფლების არაპროფესიონალური, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგი და მეტი არაფერი,” – ამბობს ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პრემიერის განცხადების შემდეგ რეალურ ცვლილებებს არ ვარაუდობს და ფიქრობს, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებაა საჭირო და მარგველაშვილს პუტინთან შეხვედრისკენ მოუწოდებს. “ეს არაა სიახლე, ჩვეულებრივი განცხადებაა და მის უკან ცვლილებებს ვერ ვხედავ. ეს შინაგანი პრობლემებითაცაა განპირობებული – “ნაცმოძრაობა” სულ საყვედურობს მთავრობას, რომ თქვენ კი დაიწყეთ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, მაგრამ ის მაინც აგრძელებს თავის პოლიტიკასო. ეს საყვედურიც არის რუსეთის მისამართით – თუ რუსეთსაც უნდა ურთიერთობის დარეგულირება, მაშინ რატომ დებს ამ ხელშეკრულებებს აფხაზეთთან და რატომ აპირებს სამხრეთ ოსეთთანაც? ეს შეიძლება იყოს საყვედური, რომ იქნებ რუსეთმა თავი შეიკავოს და ცხინვალთან მაინც არ დადოს შეთანხმება, მაგრამ ვფიქრობ, მაინც გაფორმდება. მთელი სირთულე ისაა, რომ სიტყვა “დარეგულირება” თბილისსა და მოსკოვში სხვადასხვანაირად ესმით. არ მგონია, რომ იგეგმებოდეს პოლიტიკის შეცვლა და თქვას ხელისუფლებამ, რომ ჩვენ კი ვეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან რუსეთს არ უნდა და რა ვქნათო. მაშინ ალტერნატივა რა არის, ისევ გაგრძელდეს სიტყვიერი ლანძღვა?! ჩვენ ხომ სხვა არაფერი შეგვიძლია. რა მდგომარეობაც დღესაა, ის შენარჩუნდება,” – აღნიშნავს ცინცაძე.
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ქვეყნის პირველი პირების შეხვედრით უნდა გადაწყდეს.
“ჩემი პოზიცია ცნობილია და არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთთან საჭიროა მაღალი დონის, ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება. ბოლოს და ბოლოს გაემგზავროს ჩვენი პრეზიდენტი მოსკოვში, ხომ არ შეჭამენ?! მე-17 საუკუნე ხომ არაა, რომ მძევლად დაიტოვონ?! პუტინი კი, ვიცით, რაც არის, მაგრამ შაჰ-აბასის დრო აღაარა. ჩავიდეს მარგველაშვილი და დაელაპარაკოს, ამბავს მაინც ჩამოიტანს, თუ რა უნდა რეალურად რუსეთს და მერე გადავწყვიტოთ, რომ რუსეთს რაც უნდა, იმას ვერ დავთმობთ.
“ვთქვათ, რუსეთს უნდა, საქართველოს სუვერენიტეტი ჩაიჯიბოს და ამაზე არ წავალთ, ან უნდა ევრაზიის კავშირში შეგვაძვრინოს, რაც არ გვაწყობს და ა.შ. დღეს გაურკვეველი სიტუაციაა, ზოგადად ვიცით, რა უნდა რუსეთს, მაგრამ კონკრეტულად რომ გავიგებთ, მერე დიპლომატია უნდა ამუშავდეს და არ იყოს მხოლოდ ასეთი განცხადებები, რასაც შედეგი არ მოჰყვება”, – აცხადებს ცინცაძე.

„რეზონანსი“, 10 იანვარი, 2015 წელი
რუსულ-უკრაინული ეკონომიკური კოლაფსი საქართველოს ემუქრება
სტატიაში განხილულია უკრაინაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის საქართველოზე შესაძლო გავლენის ვერსიები. აღნიშნულია, რომ უკრაინის კრიზისი საქართველოზე ძალზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს (ავტორი – მაკა ხარაზიშვილი).
გთავაზობთ შემოკლებით:
“რუსეთსა და უკრაინაში ეკონომიკური კოლაფსი გრძელდება. ამ ქვეყნების კრიზისის გავლენა საქართველომ უკვე იწვნია. 2014 წელს საქართველოდან უფრო მეტი უკრაინული ინვესტიცია გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ასევე ყოველ კვარტალში მცირდებოდა რუსეთიდან ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, რომ გარე ფაქტორებზე უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ და რეალური სექტორის განვითარებაზე იზრუნონ.
უკრაინაში ეკონომიკა იმაზე მეტად მცირდება, ვიდრე ექსპერტები ვარაუდობდნენ. სავალუტო ფონდში უკვე აცხადებენ, რომ უკრაინაში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად გამოყოფილი 17 მილიარდი დოლარი საკმარისი არ არის და მას იდევ 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამასთანავე, ქვეყნის ვალის ტვირთი გაცილებით დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ნავთობის მკვეთრად გაიაფების ფონზე ასევე მძიმე დღეშია რუსეთის ეკონომიკა. ნავთობის გაიაფების გამო რუბლი კატასტროფულად გაუფასურდა. 2014 წელს რუსეთმა საკუთარი ვალუტის გადასარჩენად 100 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დახარჯა. შედეგად რუსეთის სავალუტო რეზერვები 2009 წლის მინიმუმამდე დაეცა. ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული პროგნოზით, 2015 წელს შესაძლებელია რუსეთის მშპ-ის 5%-იანი ვარდნა. რეცესია 2016 წელსაც გაგრძელდება. ეს იმ შემთხვევაში, თუკი წელს ნავთობის ფასი 60 დოლარი იქნება. დღეს კი ყველაზე ძვირი ნავთობი 50 დოლარი ღირს.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ვარაუდობს, რომ რუსეთსა და უკრაინაში არსებული რთული ვითარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე გარკვეულ უარყოფით გავლენას იქონიებს. “რუსეთი და უკრაინა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან, შესაბამისად, ამ ქვეყნებში ექსპორტი შემცირდება. რუსეთში მდგომარეობა, ფაქტობრივად, უმართავია, ეკონომიკა კოლაფსს უახლოვდება. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთი, ალბათ, გადახედავს თავის მილიტარისტულ გეგმებს და როა, სანქციები შემსუბუქდეს”, – ამბობს ჯგერენაია.
“პირველ ივლისამდე ნავთობის ფასის დაცემა გაგრძელდება, დაახლოებით, 40 დოლარამდე. აქედან გამომდინარე, 2015 წელი რუსეთისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. შესაბამისად, საქართველოშიც შემცირდება ფულადი გზავნილები, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყანაში შემოსული დოლარის მასის გაზრდაში. ექსპორტი შემცირდება რუსეთსა და უკრაინაშიც. ეს კი საკმაოდ ცუდ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე”, – აღნიშნავს ჯგერენაია.
“ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები ისედაც აქვს, თუმცა გარე ფაქტორების შეფასებისას მხოლოდ უკრაინასა და რუსეთზე საუბარი არასწორია. “საქართველოს ეკონომიკაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპაში არსებული მძიმე მდგომარეობა და უარყოფითი ეკონომიკური ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი დაცემა. ამიტომ პრობლემა სერიოზულია და აუცილებელია ყურადღების გამახვილება. ამას ემატება ჩვენი სუსტი პოლიტიკა, ძალიან სუსტი ეკონომიკა და შედეგი თავისთავად იკვეთება”, – დასძენს გიორხელიძე.

Comments are closed