globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 13th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოპერიდან პოლიტიკაში // პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მთელი საქართველო მის გვერდით დგას

«Известия» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს // შეძლებს თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას

«Красная звезда» (რუსეთი): საქართველო ატლანტისტთა პარტნიორის როლში // თბილისთან ახლოს ნატოელების სამხედრო სწავლება დაიწყო

«The National Interest» (აშშ): რუსეთო, მოემზადე: „ამერიკამ სიკვდილის მთესველი „აბრამს“-ის ტანკები გვერდში ჩაგიყენა“

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/from-opera-to-politics-burchuladze/3327678.html

ოპერიდან პოლიტიკაში

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მთელი საქართველო გვერდით დგას

ნინო დალაქიშვილი

„იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან კარგი პოლიტიკოსი ვარ, ან პიროვნება ვარ, მე გეტყვით ერთ რამეს: რომ დღეს ქვეყანაა ისეთ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში“, – ასე ამბობს პაატა ბურჭულაძე. იგი ქართული საზოგადოებისთვის ახალი სახე არაა, თუმცა პოლიტიკაში ის ახალი ფიგურაა. ცნობილმა ქართველმა ბანმა დღეს პოლიტიკური პრეტენზიები გააცხადა, რის მოლოდინიც უკვე დიდი ხანია არსებობდა. იმდენად დიდი ხანი, რომ მისი არაპოლიტიკური ორგანიზაცია რამდენჯერმე მოხვდა კიდეც პოლიტიკური რეიტინგების დამთვლელ კვლევებში. მისი რეიტინგი, გამოკითხვის თანახმად, არაფრით ჩამოუვარდება ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალების რეიტინგს.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი იმედები პოლიტიკაში არავინ გაამართლა, ამიტომ თავად შეეცდება ვითარების შეცვლას. „ცხრა წელი კი არა, 25 წელი, საერთოდ, ვინც კი მოდიოდა პოლიტიკაში, ეს იქნებოდა ზიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, მე ვიყავი მის გვერდით, რადგან რაღაც ახალი იქმნებოდა, რაღაც ახალი იმედი ეძლეოდა ხალხს. დღეს მე ვერ ვხედავ ვერავის, ვის გვერდშიც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომ, იმიტომ კი არა, რომ მე ძალიან კარგი პოლიტიკოსი ვარ ან პიროვნება ვარ, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ დღეს ქვეყანაა ისეთ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი იძულებული მიმეტოვებინა ჩემი კარიერა, ჩემი ძალიან ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი ამ პოლიტიკურ ძალას სათავეში“,– განაცხადა პაატა ბურჭულაძემ პრეს-კონფერენციაზე.

მმართველ გუნდში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ განაცხადს ხალისით არავინ გამოხმაურებია. ზოგიერთმა პარლამენტარმა უმრავლესობიდან იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერადაც კი მოიხსენია. ამ კომენტარებში იკითხება შიში იმის გამო, რომ პოტენციურად, პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერებს შორის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი აღმოჩნდება. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს: „პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა თავისი გზით სიარული და ის განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, მგონია მაინც მისი საყვარელი ოპერების ლიბრეტოს გადამღერება და სიტყვების რახა–რუხი. მე აზრი ვერ გამოვიტანე იმ სიტყვებიდან, რომელიც მან თქვა. ესაა, უბრალოდ, ლამაზი სიტყვების რახა–რუხი“.

პოლიტიკურად რამდენად გაიზარდა ამომრჩეველი საქართველოში, რამდენად მიაქცევს ის ყურადღებას პარტიების საარჩევნო პროგრამებს, ლიდერების პოლიტიკურ გამოცდილებას, თუ ის კვლავ აღმოჩნდება ქარიზმატული ლიდერის შარმით მონუსხული და შემდეგ იმედგაცრუებული, ამას, რა თქმა უნდა, არჩევნები აჩვენებს.

„ამერიკის ხმა“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა: „ტრადიციულ პარტიებს გარკვეული ნდობის პრობლემა გაუჩნდათ ამომრჩევლებთან და ამით შეუძლიათ ისარგებლონ, მათ შორის ახალმა პარტიებმა, როგორიცაა, ვთქვათ, პაატა ბურჭულაძის პარტია. ამ 60 პროცენტის ასათვისებლად (სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამომრჩევლის 60 პროცენტს არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე – ნ.დ.) კონკურენცია ძალიან დიდია. ამისთვის იბრძვიან „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები… მათ ახლა პაატა ბურჭულაძის პარტიაც დაემატა. ასე რომ, გარანტირებულად ვერავინ ვერ იტყვის ახლა, რომ რაკი მან ახალი პარტია შექმნა და პოლიტიკაში შემოვიდა, აუცილებლად ხმების დიდ რაოდენობას მიიღებს.

მხოლოდ ერთ–ერთმა გამოკვლევამ და არა ყველამ, აჩვენა, რომ ამომრჩევლისგან აქცენტი კვლავ ქარიზმატულ ლიდერზე კეთდება და არა პროგრამაზე და იდეოლოგიაზე. ამით, გარკვეული პრობლემა შეიძლება შეიქმნას. თუმცა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში, ერთი დეტალია, რაც განახვავებს მას წინამორბედებისგან. მას არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, როგორც ეს იყო სააკაშვილის, ან ივანიშვილის შემთხვევაში“, – აღნიშნავს პოლიტოლოგი.

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ მთელი საქართველო მის გვერდშია. ამ დროისთვის ცხადი მხოლოდ ისაა, რომ პოლიტიკის გამტარებლად პრეტენზიებს პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირი კი არა, მომღერალი აკეთებს.

«Известия» (რუსეთი), 12 მაისი, 2016 წელი

http://izvestia.ru/news/613265

მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს

შეძლებს თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას

სტატიაში, რომლის ავტორი გახლავთ… იგორ გიორგაძე (საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი 1993-95 წლებში, ამჟამად კი რეგიონული საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო საზღვარგარეთ“ ხელმძღვანელი) განხილულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივა – შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება საქართველოში? პუბლიკაციაში  ჩამოთვლილია ექს-პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულობები. ავტორის აზრით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს და სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე გადამუშავებული მასალაა. სანამ იგი ხელისუფლებაში იყო, მას ებრძოდნენ და 2012 წელს დაამარცხეს კიდეც. სხვა საქმეა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან მისი მხარდამჭერები: დპუტატები, ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები… ისინი აქტიურად ემზადებიან არჩევნებისათვის. ჰოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი გვპირდება, იგი სწორედ მათი გამარჯვების შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.

გვერდზე გადავდოთ ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ დათმო საქართველოს მოქმაქეობა და გავიხსენოთ მისი საქართველოდან გაქცევა-გაძევების ისტორია. იგი ჩადენილი დანაშაულებების გამო გაიქცა: მკვლელობებისათვის, წამებისათვის, თანაც ისეთისა წამებისათვის, რაც გესტაპოელებსაც კი არ დაესიზმრებოდათ.

დღეს უკრაინაში რაღაც უცნაური ექსპერიმენტები ტარდება: კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მის მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულისათვის იძებნება, მეორე ქვეყნის გუბერნატორად დანიშნულიყოს. იგი უნდა გასამართლდეს და სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა მიესაჯოს – მუდმივი პატიმრობა. ვიმედოვნებ, რომ ასეც მოხდება. თუ ამას ქართველები ვერ შეძლებენ, მაშინ ამას უკრაინელები განახორციელებენ. უკრაინის ხელისუფლებაში ბევრი უკვე მიხვდა, თუ ვინაა და რა ფიგურაა მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტს უამრავი პირადი მტერი ჰყავს – მან ხომ უამრავი ოჯახი გააუბედურა…

ალბათ, როცა საბჭოთა კავშირი – „წითელი იმპერია“ – ინგრეოდა, ჩვენმა ხალხმა წინაპართა სიბრძნე დაივიწყა. [1990-იან წლებში და მას შემდეგაც საქართველოში] ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და, როგორც ჩანს, ღმერთმა დაგვსაჯა. საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა თავისი შინაგანი ძალების მობილიზება მოახდინა და მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი ჩამოიშორა.

დღეს ვფიქრობ, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას – გამოჯანმრთელების გზაზე, ჩვენი  სათავეებიდან წამოსულ გაკვალულ გზაზე, რომლისგანაც მიხეილ სააკაშვილმა გადაგვახვევინა. უძველესი დროიდან ქართველი ხალხი თავისი წინაპრების ტრადიციების მატარებელი იყო: ღირსება, პატიოსნება, ტოლერანტობა, იუმორი, დიდსულოვნება, სტუმართმოყვარეობა… ძალზე იშვიათია მსოფლიოში ასეთი ხასიათის მქონე ხალხი…

„მოკლედ, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში? მოდით, კითხვა ასე დავსვათ: მოისურვებს თუ არა ჩვენი ხალხი კვლავ გაიმეოროს ის შეცდომა, რაც ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდა? არა მგონია“, – ასეთია ავტორის დასკვნა.

«Красная звезда» (რუსეთი), 13 მაისი, 2016 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/28833-v-roli-partnjora-atlantistov

საქართველო ატლანტისტთა პარტნიორის როლში

თბილისთან ახლოს ნატოელების სამხედრო სწავლება დაიწყო

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში, თბილისთან ახლოს დაწყებული ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული მანევრების „ღირსეული პარტნიორი-2016“-ის მიმდინარეობა, მიზნები და შემადგენლობა, ვრცლადაა გადმოცემული ამერიკული სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი (ტანკები, ჯავშანმანქანები, ავიაცია), აგრეთვე წრთვნების საზეიმო გახსნის ცერემონია (ავტორი – ვლადიმირ მოლჩანოვი).

პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის წარმომადგენელი ნიკოლოზ ჯანჯღავა. ავტორი მკითხველის ყურადღება გადააქვს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე, რომელიც ამერიკელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს ინგლისურ ენაზე მიესალმა და ის ლოზუნგი გააჟღერა, რომელიც უკვე გახდა ოფიციალური თბილისის დევიზი: „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“.

სტატიაში ვრცლადაა აღწერილი წრთვნების საზეიმო გახსნის აღსანიშნავად გამართული საჩვენებელი მანევრი, როცა ამერიკული თვითმფრინავიდან საჰაერო დესანტი გადმოისხა 120 ამერიკელი პარაშუტისტის მონაწილეობით. „დესანტირების დროს ერთ-ერთ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არასწორად დაეშვა საფრენ ზოლზე და მას ექიმების დახმარება დაჭირდა. მედესანტეებს შეუერთდნენ ქართველი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებულ ობიექტს შეუტიეს. გარდა ამისა, საზეიმო გახსნის მონაწილეებმა დაინახეს, თუ როგორ ჩამოუშვა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა პარაშუტებით ჰაუბიცა და „ჰამერი“.

„რუსეთმა საქართველო უკვე მკაცრად გააფრთხილა, რომ ამ სამხედრო წრთვნებს მოსკოვი პროვოკაციად მიიჩნევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიის „ათვისებით“ ამიერკავკასიის პოლიტიკურ ვითარებას აუარესებს და საფრთხის წინაშე აყენებს. განცხადებაში დაგმობილია აშშ-ის პოზიციაც, რომელიც თბილისის რევანშისტული მიზნების წამქეზებლის როლში გამოდის“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

«The National Interest» (აშშ), 12 მაისი, 2016 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-buzz/get-ready-russia-america-just-placed-lethal-m-1-abrams-tanks-16143

რუსეთო, მოემზადე: „ამერიკამ სიკვდილის მთესველი „აბრამს“-ის ტანკები გვერდში ჩაგიყენა“

ისე არაფერი აჩვენებს ქვეყნის ძლიერებას, როგორც ტანკების კოლონა. ფოლადის მუხლუხოების ღრჭიალი და ძრავების გუგუნი ხაზს უსვამს სახელმწიფო მანქანის სამხედრო ძალას. და რამდენადაც შეერთებული შტატები და რუსეთი ევროპაში გავლენისათვის იბრძვიან, პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ ჯავშანსატანკო ტექნიკა ძალის საუკეთესო დემონტრირება იქნებოდა. ჰოდა, სწორედ ამიტომაც 2016 წლის მაისის დასაწყისში ამერიკული ტანკების კოლონა საქართველოსაკენ მიმავალ გზას დაადგა, გემით შავი ზღვა გადაცურა და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში აღმოჩნდა. „აბრამსები“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველი ტანკები არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ – იმ ქვეყანაში, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ხანმოკლე, მაგრამ გააფთრებული ომი გადაიტანა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჯოზეფ ტრევიტიკი).

პუბლიკაციაში ციტირებულია ამერიკელი კაპიტნის სემუელ ჰერბერტის გამონათქვამი, რომლის მიხედვით, სამხედრო ტექნიკის შეტანას საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ერთმანეთთან იქნება შედარებული ამერიკული «М1А2» და რუსული «Т-72» ტიპის ტანკები. იქვე აღნიშნულია, ამერიკული და რუსული ტანკები თითქმის ერთი და იგივე პერიოდში – 1970-იან წლების დასაწყისში შეიქმნა და ორივე ტანკის ბოლო მოდელები თბილისის წრთვნებში გაუმჯობესებული სახით არიან წარმოდგენილი, მათ შორის ქართულ არმიაში არსებულიც («Т-72»-ს ძველი საბჭოური ღამის ბრძოლის სამიზნე ახლით – პოლონურით შეუცვალეს და ახალი რადიოსისტემა დაამონტაჟეს).

„მართალია, საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ  ალიანსი ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ქართველი ჯარისკაცები ნატოელებთან ერთად ავღანეთში 2004 წლიდან მამაცურად იბრძვიან. წრთვნების ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ შეირჩეს ქართველების 200-კაციანი ჯგუფი ნატოს სწრაფი რეგირების ძალებში მონაწილეობის მიზნით (როტაციის პრინციპით). ამერიკული მძიმე ტექნიკის მონაწილეობით კი პენტაგონს სურს მოსკოვზე [და აშშ-ის ევროპელ მოკავშირეებზეც] შთაბეჭდილება მოახდინოს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიაში ავტორი ეხება აგრეთვე აშშ-ის სამხედრო ტექნიკის გამოყენებას აღმოსავლეთ ევროპაში: „ამერიკიდან ევროპაში სამხედრო ტექნიკის გადასროლის დროს პენტაგონი მხოლოდ [საზღვაო ტრანსპორტს და] ავიაციას არ იყენებს, რკინიგზითაც სარგებლობს. როცა გადაწყდა, რომ „აბრამსები“ საქართველოში გაიგზავნებოდა, ტანკები გერმანიიდან ჯერ სარკინიგზო პლატფორმებით ბულგარეთის ნავსადგურ ვარნამდე ჩაიტანეს, შემდეგ კი შავი ზღვით –  საქართველოში. რადგან ევროპული რკინიგზის მონაცემები (რელსებს შორის სიგანე) ქართული რკინიგზის მონაცემებს არ ემთხვევა, ვარნის ნავსადგურის მუშებს პლატფორმიდან ბორბლების მოხსნა და გადაადგილება მოუწიათ, სხვაგვარად მათი გადატანა ქართულ რკინიგზით შეუძლებელი იქნებოდა. ამერიკელ სამხედროებს ოთხი დღე დაჭირდათ სამხედრო ტექნიკის გერმანიიდან თბილისში ჩასატანად. ჯერ კიდევ თებერვალში ანალიტიკურმა ფონდმა „რენდ კორპორეიშენმა“ პენტაგონს მოხსენება მოუმზადა, რომელშიც რუსეთის მხრიდან ესტონეთსა და ლატვიაში შეჭრის სავარაუდო სცენარი იყო ასახული: „თუ ნატო ამ ქვეყნებს მძიმე ტექნიკით არ დაეხმარება, რუსებს ტალინისა და რიგის დაკავება 36 საათის განმავლობაში შეუძლიათ… ნატოსათვის მთავარი პრობლემა ტანკების ტრანსპორტირებაა – მძიმე ტექნიკა, პოლონეთის რკინიგზის გამოყენებით, ესტონეთში და ლატვიაში, მხოლოდ 7-10 დღის შემდეგ ჩააღწევს, ანუ მაშინ, როცა ტალინი და რიგა უკვე რუსებს ექნებათ ოკუპირებული“.

თბილისი კარგად აცნობიერებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკულმა დახმარებამ შეიძლება დაიგვიანოს, ან საერთოდ არ მოვიდეს. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო და… წააგო. ამის შემდეგ მოსკოვმა სწრაფად აღიარა ამ ორი ნახევრადავტონომიური რეგიონის დამოუკიდებლობა და იქ თავისი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა, ბაზები შექმნა, თითქოსდა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა მხარეებს შორის დამოკიდებულება საკმაოდ დაძაბული რჩება. როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ამერიკელი ჩინოვნიკები საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი კონფლიქტში არ ჩარეულიყვნენ – მაშინაც კი, როცა რუსებმა ხელში ჩაიგდეს ამერიკელების კუთვნილი სამხედრო მანქანები და სხვა აღჭურვილობა.

პენტაგონმა, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის რეალიზების მიზნით, 2017 წლისათვის 3,4 მილიარდი დოლარი მოითხოვა, ანუ ოთხჯერ მეტი, ვიდრე წინა წელს. ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ მძიმე ტექნიკის, არტილერიისა და სხვა აღჭურვილობის  გადასროლასა და მათ შენახვას მოხმარდება ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. ტექნიკის გამოსაყენებლად  მზადყოფნაში იქნება 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე. „რა თქმა უნდა, ეს არ იქნება „ცივი ომის“ დროინდელი სიტუაცია, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა 9 თებერვალს, – მაგრამ ჩვენ ამით მივიღებთ [რუსეთის] შემკავებელ მძლავრ თანამედროვე საშუალებას“. და სწორედ ტანკები იქნება [რუსეთის] შეკავების მნიშვნელოვანი ელემენტი“, აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

Comments are closed