«Deutsche Welle» (გერმანია): ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის რეზოლუცია დაიბლოკა
«EUobserver» (ბელგია): გერმანია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ბლოკავს
«Wiener Zeitung» (ავსტრია): „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ძირითადი მიზანია“ // საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხაზს უსვამს თავისი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდნენ
«The Washington Post» (აშშ): ქართველი და უკრაინელი ოფიციალური პირები ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან
———————–
«Deutsche Welle» (გერმანია), 08 ივნისი, 2016 წელი
http://www.dw.com/ru/в-ес-заблокировали-принятие-резолюции-о-безвизовом-режиме-с-грузией/a-19314631
ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების რეზოლუცია დაიბლოკა
გერმანიმ და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა (ელჩებმა) 8 ივნისის სხდომის დროს დაბლოკეს რეზოლუციის მიღება სავიზო ლიბერალიზების შესახებ საქართველოსათვის. ამრიგად, 10 ივნისს დაგეგმილი შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგიდან ვიზალიბერალიზების შესახებ საკითხის განხილვა მოხსნილია.
როგორც ცნობილია, საქართველოს მიმართ უვიზო რეჟიმის დაწესების მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ სავიზო ბარიერები მოხსნით ქართული ბანდიტური ჯგუფები ისარგებლებენ და ევროკავშირის ქვეყნებში შეაღწევენ. შესაბამისად, ეს დამნაშავეობის რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.
საინტერესოა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგ თავდაპირველად გერმანია, საფრანგეთი და ბელგია გამოდიოდნენ, ახლა კი მათ იტალიაც შეუერთდა. არადა, ევროკომისიამ ორიოდე თვის წინათ ოფიციალურად განაცხადა, რომ თბილისმა აბსულუტურად მთლიანად შეასრულა ყველა ის პირობა, რაც აუცილებებლია სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და უვიზო რეჟიმის შემორებისათვის.
«EUobserver» (ბელგია), 9 ივნისი, 2016 წელი
https://euobserver.com/foreign/133754?
გერმანია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ბლოკავს
ანდრე რეტმანი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
გერმანიამ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება გადადო. გერმანიის წარმომადგენელმა, საფრანგეთისა და იტალიის წარმომადგენლების მხარდაჭერით, ბრიუსელში, ოთხშაბათს, 8 ივნისს განაცხადა, რომ ამ საკითხზე პროგრესი მიღწეული არ არის. საინტერესოა, ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როცა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის დედაქალაქში იმყოფება სწორედ ვიზალიბერალიზების საკითხის ლობირების მიზნით.
როგორც დიპლომატიური წყაროებიდან ირკვევა, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების სხდომაზე გერმანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გერმანული საზოგადოება შეშფოთებულია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფებების მიერ ჩადენილი კანონდარღვევებით. ბერლინი აცხადებს, რომ თბილისმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს სიტუაციის გამოსწორების მიზნით. გარდა ამისა, გერმანიამ სხვა ქვეყნებს სთხოვა, რომ სანამ [საქართველოს] უვიზო რეჟიმს დაუწესებდნენ, მათ ევროკომისიას წარუდგინონ მონაცემები დამნაშავეობის თაობაზე. გერმანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სანამ ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავდეს, მანამდე მისი „შეჩერების მექანიზმის“ რატიფიცირება უნდა მოახდინოს. „შეჩერების მექანიზმი“ საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს [ან გააუქმოს] სავიზო რეჟიმი, თუ შენგენის ზონაში 90-დღიანი ყოფნის ვადებს ბევრი დაარღვევს, ან ასევე ბევრი იქნება პოლიტიკური თავშესაფრის მიღების მსურველი.
ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა სავიზო საკითხები 10 ივნისს, პარასკევს უნდა განიხილონ, 20 ივნისს კი ამავე საკითხებზე უკვე საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ 8 ივნისს ელჩების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსთვის უკვე საკმაოდ გვიანდება. როგორც ჩანს, ევროპარლამენტში მისი განხილვა ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე ვეღარ მოესწრება.
არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმის მიღებისათვის აუცილებელი ყველა პირობა და ყველა პარამეტრი შესრულებული აქვს. „ყოველთვის, როცა საქართველოს საკითხი იხილება, რაღაც მიზეზები ჩნდება ხოლმე. ამჯერად კრიმინალი. მაგრამ განა ეს შეიძლება მიზეზი იყოს?“, – იკითხა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა გერმანიის წარმომადგენლის ნეგატიური დამოკიდებულების გამო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება, „ეუობსერვერთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მას მაინც იმედი აქვს, რომ საქართველოში პარლამენტის არჩევნების ჩატარებამდე თბილისი ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმს მიიღებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა პროევროპულადაა განწყობილი. „თუ უვიზო რეჟიმი არ იქნება, მაშინ პაროლამენტში პრორუსული პარტიებიც გავლენ. მთელი პროდასავლური ბლოკი უვიზო რეჟიმის დაწესებას არჩევნების წინ ელოდება“, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი უარყოფს გერმანიის წარმომადგენლის ბრალდებას: თვითონ გერმანელების მიერ შედგენილი მონაცემებით ჩანს, რომ ქართველები უცხოელ დამნაშავეთა სიაში ბოლოსწინა ადგილზე დგანან.
აბა, მაშ რატომ დაბლოკა გერმანიამ უვიზო რეჟიმი? – ამ შეკითხვის პასუხად გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მათზე მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს ვერ ვღებულობთ. გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“. პრეზიდენტის თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები ვიზების საკითხში თავიანთვე დაპირებას არ შეასრულებენ, მაშინ ასოცირების თაობაზე დადებული შეთანხმებისადმი ნდობა შემცირდება. „ვერ წარმოიდგენთ, როგორი ექო ექნება ევროკავშირის უარს საქართველოსთვის რეგიონის სხვა ქვეყნებში. ისინი ხომ საქართველოს უყურებენ. გასაგებია, თუ როგორ დასკვნას გააკეთებენ ისინი ევროპული პროცესების მიმართ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სამწუხაროდ, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის მოქმედებით დიდი რისკია, რომ ევროკავშირში განხეთქილება მოხდეს. „უმრავლესობა თანახმაა, რომ საქართველომ უვიზო რეჟმი მიიღოს, მაგრამ იმ ქვეყნები სიტყვას, რომლებიც წინააღმდეგნი არიან, ევროკავშირში დიდი წონა აქვთ“, – ამბობს ერთ-ერთი დიპლომატი.
კიდევ ერთი დიპლომატის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის და განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს სურთ, რომ ვიზებთან დაკავშირებული საკითხები რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს: „თუ ჩვენ ქართველებს უვიზო რეჟიმს არ მივცემთ, მაშინ ისინი რუსეთს მიმართავენ“.
ევროკავშირის დანარჩენი 25 ქვეყნის მინისტრები პარასკევის სხდომაზე გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას ამ საკითხზე ახსნა-განმარტებას მოსთხოვენ.
«Wiener Zeitung» (ავსტრია), 09 ივნისი, 2016 წელი
„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ძირითადი მიზანია“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხაზს უსვამს თავისი ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას
ოთხშაბათს გერმანიამ და ევროკავშირის „მძიმეწონიანმა“ ქვეყნებმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხის განხილვა გადადეს – ისინი ფრთხილობენ, რომ ქართველი დანაშაულებრივი ჯგუფები ვიზალიბერალიზების რეჟიმით ბოროტად ისარგებლებენ. არადა, ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ საქართველომ მთლიანად შეასრულა უვიზო რეჟიმისათვის აუცილებელი პირობები. მაშ, რაშია საქმე? გაზეთ „ვიენა ცაიტუნგის“ ჟურნალისტი გერჰარდ ლეხნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ესაუბრება.
გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
ა) ევროკავშირთან ურთიერთობა
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, შემდეგი საკითხი კი ვიზალიბერალიზებაა. „საქართველომ მრავალი რეფორმა გაატარა, რის საფუძველზეც ევროკომისიამ შესაბამისი დასკვნა გააკეთა: საქართველო ნამდვილად იმსახურებს უვიზო რეჟიმს. სამომავლოდ ვიზების გაუქმებით ქართველ ბიზნესმენებს ევროპაში გზა გაეხსნებათ, განვითარდება ტურიზმი. უვიზო რეჟიმის დაწესებაში არავითარი რისკები და საფრთხე არ არსებობს. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილება. ცხადია, მიგრაციული კრიზისიც ნეგატიურ ფონს ქმნის, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მიზნით ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ. მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრებს, რომ საქართველოსთვის გადაწყვეტილება ცალკე მიიღონ და რაც შეიძლება სწრაფად. საქართველო სხვა ქვეყნებში არსებული პრობლემების მძევალი არ უნდა იყოს“.
შეკითხვაზე, რატომაა საქართველო ყველაზე პროდასავლური ქვეყანა კავკასიაში, მინისტრი პასუხობს: „ქართველი ხალხი ყოველთვის ცდილობდა თავისუფალი სამყაროს ნაწილი ყოფილიყო. საქართველო გეოგრაფიულად ევროპას მიეკუთვნება, ახლა კი გვინდა ინსტიტუციურადაც ევროპის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული რეფორმების წყალობით საქართველო უფრო ძლიერი გახდება. ევროპულ კურსს საქართველოს მოსახლეობის 85% მხარს უჭერს. ქართველები დარწმუნებულნი არიან თავისუფლების ევროპული იდეებისა და ევროპული ღირებულებების სარგებლიანობაში.
ამასთან ჩვენ ვიცით, რომ დღეს ევროკავშირი მზად არაა შემდგომი გაფართოებისათვის, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, როცა ეს დრო დადგება, უნდა გავაგრძელოთ რეფორმირების პროცესი… საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება ძირითად მიზანს წარმოადგენს.
საქართველო ევროკავშირისათვისაც სასარგებლო პარტნიორია. ჩვენი ტერიტორია ევროპა-აზიის შემაერთებელი ერთგვარი ხიდის როლს ასრულებს თავისი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კომუნიკაციებით – კასპიის გაზის ევროპაში გადასატანად (ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკის მილსადენების მეშვეობით). ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას, ვმონაწილეობთ სამშვიდობო ოპერაციებში ფრიკის კონტინენტზე. ასე რომ, საქართველო თავის ევროპელ პარტნიორებტან მხარდამხარ დგას.
ბ) რუსეთთან ურთიერთობა, კონფლიქტები
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების ფაქტი 21-ე საუკუნეში არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის პრობლემაც არის. ჩვენ შოშფოთებულნი ვართ იმით, თუ როგორ ხდება ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება რუსეთის ფედერაციაში, – ამბობს მიხეილ ჯანელიძე.
შეკითხვაზე, დაუშვა თუ არა საქართველომ შეცდომა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდშიო, მინისტრი პასუხობს: „რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა შეხედულებები, თუ რატომ დაიწყო, თუ რამ გამოიწვია ეს კონფლიქტები საქართველოში. ყველა აღიარებს, რომ ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველების მიმართ ეთნიკური წმენდა განხორციელდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას: ეს ნიშნავს ნდობის აღდგენას ადამიანებს შორის, შერიგებას. გარდა ამისა, დახმარებას ვუწევთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით. საქართველო მათთვის სრულიად ღიაა - აფხაზებს და ოსებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიასტან ახლოს სავაჭრო ცენტრი ავაშენეთ, მალე მწყობრში ჩადგება საავადმყოფოც, რომლითაც „საზღვრის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს. მოკლედ, რაც უფრო მეტი კონტაქტები იქნება, მით უკეთესია. დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ დადგება დრო და საქართველო გამთლიანდება“.
როგორც კორესპონდენტი ამბობს საუბარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთის პოზიციაზე, მოსკოვთან ნორმალურ ურთიერთობაზე. არის თუ არა ამის შანსი? საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა და ნატოში გაწევრიანება მოსკოვისათვის ანათემას წარმოადგენს. რამდენად იზიარებს საქართველო რუსეთის შეშფოთებას?
მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის პოზიცია არასწორია. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნატო უსაფრთხო ალიანსია, ის არ არის შემტევითი სამხედრო ბლოკი. ნატო მშვიდობის დამცავი ორგანიზაციაა. საქართველოს იმიტომ უნდა ალიანსში გაწევრიანება, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ მშვიდობიანი, უსაფრთხო განვითარების პროცესში. ჩვენი მიზნები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული“, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 ივნისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/future-of-nato/3367984.html
მიხეილ ჯანელიძე და თინათინ ხიდაშელი ვაშინგტონში სიტყვით გამოვიდნენ
„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც არის ალიანსის მოკავშირე, მაგრამ ჯერ არ არის ალიანსის წევრი. ჩვენ ვმონაწილეობთ უსაფრთხოების [ოპერაციებში] არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მის მიღმაც. ნატოს ღია კარის პოლიტიკა წარმატებაა, როგორც ახალი წევრებისთვის, ასევე თავად ალიანსისთვისაც. გაფართოებას შედეგად მოჰყვა რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური ზრდა.“ ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაცია ატლანტიკურ საბჭოში გააკეთა.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმის გამო სურს, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ღირებულებებს, რომლებისაც ჩვენ გვჯერა. ნატო იცავს თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. საქართველოს თავისუფალი სამყაროს წევრობა სურს. [...] ჩვენ ალიანსისგან ძლიერ გადაწყვეტილებებს ველოდებით და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილებები ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს და არ დაასუსტებს,“ დასძინა მინისტრმა.
ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე, სახელწოდებით, „ნატოს გაფართოების მომავალი,“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლასთან ერთად კომენტარი იმაზეც გააკეთა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ საქართველოსთვისაა მოგებიანი, არამედ ალიანსისთვისაც.
„საქართველო ნატოსთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მათ არ აქვთ ვეტოს უფლება, რომ ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს ალიანსის ნაცვლად. ყველამ იცის, რომ საქართველო ნატოს წევრი იმის გამო არ არის, რომ ეს რუსეთს არ უნდა,“ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„დღეს რუსეთმა დამატებით 10 ჰექტარი მიწა მიითვისა. ორიოდე კვირის წინ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი სამხედრო მოსამსახურემ გადმოკვეთა, 30 წლის ქართველი მამაკაცი მოკლა და უპრობლემოდ გადავიდა უკან. ეს არის რუსეთის ცინიზმი,” აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე დასძინა, “მინდა შეგახსენოთ, რომ ისინი ერთი კილომეტრით არიან მოშორებული ძირითად გზატკეცილს, რომელზეც ევროპის ენერგო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნავთობისა და გაზის მილსადენები გადის. [...] ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისთვის. არ არსებობს უსაფრთხო ევროპა, არ არსებობს მშვიდობიანი ევროპა თუ არ არსებობს მშვიდობიანი საქართველო.”
“საქართველომ არჩევანი გააკეთა, მიუხედავად იმისა, თუ ვის მოსწონს და ვის არა ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ კარზე კაკუნს და თქვენ ერთ დღეს ამ კარს გაგვიღებთ,“ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
«The Washington Post» (აშშ), 09 ივნისი, 2016 წელი
ქართველი და უკრაინელი ოფიციალური პირები ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
ქართველმა და უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ოთხშაბათს, ნატოს წევრებს მათი ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებისაკენ მოუწოდეს, რათა ისინი დაცულნი იყონ რუსეთის მხრიდან და დასავლეთთან კავშირი განამტკიცონ, – აღნიშნავს ჟურნალისტი მარია დანილოვა („ესოშეითედ პრესი“).
საქართველომ, სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანამ, ნატოში გაწევრიანების მცდელობა მას შემდეგ გააქტიურა, როცა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ორ სეპარატისტულ პროვინციაზე კონტროლი დაკარგა. თავის მხრივ, უკრაინის პროდასავლელი ლიდერებიც ნატოსაკენ მიისწრაფიან იმ მიზეზით, რომ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიტაცა და მხარს უჭერს დონბასელ სეპარატისტებს. მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის დასავლურ კურსს თავისი უშიშროების საფრთხედ მიიჩნევს, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელისა და უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ანა გოპკოს მიერ გაკეთებული განცხადებები მიერ აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში.
სტატიაში ასევე ნაჩვენებია ამერიკელი ექსპერტ-პოლიტოლოგების თვალსაზრისები საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკური სწრაფვის თაობაზე, ნატოს გაფართოების შესახებ და ა.შ. მაგალითად, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ჯომ მირშაიმერი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის მოქმედების პროვოცირება სწორედ რომ ნატოს გაფართოებამ გამოიწვია: „იდეა, რომ უკრაინა დასავლეთის დასაყრდენი გახდება რუსეთთან ახლოს, ეს მოსკოვისათვის წარმოუდგენელია… ამიტომაც ისინი უკრაინას მანამდე გაანადგურებენ, სანამ კიევი ნატოს წევრი გახდება“.
თუმცა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი სტივენ ბიგანი ჯონ მირშაიმერს არ ეთანხმება: „ნატო რუსეთისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ნატოს გაფართოებამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელი შეუწყო მშვიდობიანი, მეგობრული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, რომლებმაც ისეთი დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, როგორიც ევროპის კონტინენტზე არცერთს არ გაუკეთებია“.