globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 10 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 10th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და კოსოვოსთან უვიზო რეჟიმის მიღების საკითხი გადადო

«Die Welt» (გერმანია): კლანები, მაფიოზები და ქალაქელი ქურდები // როგორ შეიძლება შემცირდეს ქართველთა რაოდენობა გერმანიის დამნაშავეობის სტატისტიკაში

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართული არმია ნატოს წრთვნებში არ დაუშვეს

———————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 09 ივნისი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/georgia-kosovo-ukraines-visa-free-access-to-eu-delayed-1465486485

ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასა და კოსოვოსთან უვიზო რეჟიმის მიღების საკითხი გადადო

ვალენტინა პოპი, ლოურენს ნორმანი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს იმედები, რომ ევროკავშირი ზაფხულისათვის მიიღებდა გადაწყვეტილებას ამ ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, ბოლო დღეებში გაქრა. ეს მოხდა იმ ახალი პრობლემების ფონზე, რომლებიც ბლოკის ყველაზე გავლენიანმა და „მძიმეწონიანმა“ ქვეყნებმა წამოსწიეს და რომლებიც გამოიხატება როგორც გერმანიის შეშფოთებაში ქართული დამნაშავეობრივი ჯგუფების მოქმედების გამო, ასევე საფრანგეთის მცდელობაში თავიდან აიცილოს ახალი ტერორისტული აქტების საფრთხეები.

ევროპელი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების თქმით, ვიზალიბერალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებისა და ევროპარლამენტის მიერ, ყველაზე ოპტიმისტური ხედვით, ალბათ, შეიძლება სექტემბერში განხორციელდეს. უვიზო რეჟიმის თაობაზე შეთანხმების გაფორმება საშუალებას მისცემს ბიომეტრიული პასპორტის მქონე მილიონობით საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეს, თავისუფლად ეწვიოს ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ამ ზონაში არ შედიან).

უვიზო რეჟიმი ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტად ითვლება ევროკავშირისათვის, რომლის მიზანს მეზობელი ქვეყნების მიზიდვა და მათში რეფორმების განხორციელების ინიცირება წარმოადგენს. ამასთან, ვიზალიბერალიზების გადადება-გაჭიანურება არასასურველი იქნებოდა, ვთქვათ, საქართველოსა და უკრაინისათვის, რომლებიც ცდილობენ თავი დაიცვან მტრული მეზობლისაგან – რუსეთისაგან.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროკომისიამ (ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ) რეკომენდაცია გაუწია საქართველოს, უკრაინას და კოსოვოს უვიზო რეჟიმის მიღების თაობაზე. რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყნის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადაიდო, სანამ ანკარა ყველა პირობას არ შეასრულებს. მოკლედ, ისეთი სიტუაცია იყო, რომ სამი ქვეყნისათვის უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხი სწრაფად გადაწყდებოდა.

მაგრამ ოთხშაბათს, 8 ივნისს, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩებმა ვერ მოახერხეს ერთსულოვნად მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის, უვიზო რეჟიმის შეთავაზების მიზნით. არადა, საქართველო ამ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან ელოდებოდა.

ბოლო დღეებში გერმანელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბერლინის მხრიდან უვიზო რეჟიმის შეთანხმებისადმი მხარდაჭერა დამოკიდებულია ქართული წარმოშობის მქონე  დამნაშავეობრივი ჯგუფების საქმიანობის აღკვეთაზე. გერმანიამ უკვე სთხოვა ევროკომისიას მოამზადოს შესაბამისი მოხსენება ქართული მაფიოზების მოქმედების შესახებ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც. გერმანიის პოზიციას საფრანგეთი და იტალიაც იზიარებენ. მათი განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ მოიცდიან იმ ახალი წესების დამტკიცებამდე, რომელთა მიხედვით, ვიზალიბერალიზების ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში, უკვე მიცემული უვიზო რეჟიმის შეჩერება გამარტივებული წესით მოხდება.

ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ კიევის, თბილისის და პრიშტინის შეშფოთება გამოიწვია.

„ბრიუსელს მეტი მიზეზი არ აქვს უვიზო რეჟიმის გადადებაზე, – ამბობს „უოლ სთრით ჯორნელის“ კორესპონდენტთან საუბარში კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი, – ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე შევძლებთ ბოლო პირობის შესრულებასაც – პარლამენტში მოვახდენთ ჩერნოგორიასთან დადებული სასაზღვრო შეთანხმების რატიფიცირებას“.

საქართველოს მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ უვიზო რეჟიმს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე მიიღებდა, რითაც ქვეყნის პროდასავლური პარტიების პრესტიჟი ამაღლდებოდა. ოთხშაბათს, ბრიუსელში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მართალია, თავის განცხადებაში უვიზო რეჟიმის პრობლემას გაკვრით შეეხო, მაგრამ როგორც   ერთ-ერთმა ბრიუსელელმა მაღალჩინოსანმა თქვა, ქართველი ლიდერი ევროკავშირის პირველ პირებთან შეხვედრის დროს აქტიურად ლობირებდა ვიზალიბერალიზების  საკითხს.

იგივე სიტუაციაა უკრაინის შემთხვევაშიც: პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უვიზო რეჟიმის მიღების საკითხს თავისი პოლიტიკის მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს. ევროკომისიამ უკრაინას რეკომენდაცია აპრილში მისცა, თუმცა კიევი ფიქრობს, რომ უვიზო რეჟიმს სწრაფად ვერ მიიღებს, ალბათ, მხოლოდ შემოდგომის პირზე. როგორც უკრაინის ელჩი ევროკავშირში მიკოლა ტოჩიტსკი აცხადებს, თუ ვიზალიბერალიზების საკითხის რეალიზება დაგვიანდება და ძალიან გაჭიანურდება, ეს ფაქტი ევროკავშირსაც გარკვეულად დააზარალებს, პრესტიჟისა და ნდობის თვალსაზრისით.

«Die Welt» (გერმანია), 10 ივნისი, 2016 წელი

http://www.welt.de/print/welt_kompakt/print_politik/article156079796/Clans-Mafia-und-Vorstadtdiebe.html

კლანები, მაფიოზები და ქალაქელი ქურდები

როგორ შეიძლება შემცირდეს ქართველთა რაოდენობა გერმანიის დამნაშავეობის სტატისტიკაში

იულია სმირნოვა, კორესპონდენტი

გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდრე შულცი ჯერ კიდევ მარტის თვეში აცხადებდა, რომ ბინების გატეხვისა და ძარცვის რაოდენობის ზრდა ქართული მაფიის გააქტიურებით არის გამოწვეულიო. იგი მაშინ იმასაც ამბობდა, რომ სამხრეთ კავკასიური ქვეყნიდან კრიმინალების შემოგზავნა გერმანიაში მიზანმიმართულად ხდებოდა. ანდრე შულცი მიუთითებდა, რომ ქართველები გერმანიაში შემოსვლისას ითხოვენ თავშესაფრის მიღებას, და რადგანაც განცხადების განხილვა და პასუხის გაცემა 8-დან 12 თვემდე გრძელდება, გერმანიაში ყოფნის ამ პერიოდს ისინი დანაშაულის ჩასადენად იყენებენ.

როცა აპრილში გერმანიას ვიზიტით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეწვია, მან დაგმო დანაშაულის ჩამდენი თანამემამულეები და განაცხადა, რომ „ისინი საქართველოს არცხვენენ… ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მათი მოქმედების აღსაკვეთად“.

საქართველოში 1990-იანი წლები ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ზეობის პერიოდს წარმოადგენდა. კრიმინალური ელემენტები მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მოქმედებდნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მაფიის წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლა დაიწყო. მკაცრი ზომების განხორციელების შედეგად მაფიოზების ნაწილი დააპატიმრეს და მათ თავისუფლება ხანგრძლივი დროით აღუკვეთეს, ნაწილი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

საქართველოში 2012 წლის შემოდგომიდან ხელისუფლება შეიცვალა. მართალია, ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლის დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა შედარებით უფრო რბილი მეთოდებით გააგრძელა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით იმას, რომ საქართველო მაფიოზთა ქვეყანა გახდა. ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ საქმე ეხება აღმ.ევროპის ქვეყნების მაფიოზურ დაჯგუფებებს, რომელთა წევრებიც, სხვებთან ერთად, ქართველებიც არიან.

სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდეს (ქართველები თავშესაფრის მიღების უფლებას დაკარგავენ, შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდება), ხოლო ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი იქნებიან ძარცვა-ქურდობაში, გერმანიიდან გაძევდებიან.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 10 ივნისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3009038

ქართული არმია ნატოს წრთვნებში არ დაუშვეს

გიორგი დვალი

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები აღარ მიიღებენ მონაწილეობას პოლონეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ნატოს სამხედრო მანევრებში (კოდური სახელწოდებით „ანაკონდა-2016“), თუმცა ისინი ამისათვის აქტიურად ემზადებოდნენ. ეს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ტანამშრომელმა თამარ კაციტაძემ გაავრცელა: „დიახ, ჩვენი კონტინგენტი ემზადებოდა, მაგრამ მონაწილეობას აღარ მიიღებს“, – აღნიშნა მან.

უფრო ადრე ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემა „თაიმერი“ იტყობინებოდა, რომ პოლონეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიან მანევრებში, რომელშიც ნატოს 24 წევრ-სახელმწიფოდან და მათი მოკავშირეებიდან (უკრაინის ჩავლით) 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს,  დაგეგმილი იყო 120 ქართველი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნაც.

„კომერსანტის“ მონაცემებით, ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების მანევრებში მონაწილეობის ინიციატორი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გახლდათ. ამ დღეებში იგი ხანგრძლივ საზღვარგარეთულ ტურნეში იმყოფება, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტის წინ დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერა მიიღოს. რასაკვირველია, ასეთ ფონზე ქართველი მეომრების მონაწილეობა ისეთ პრესტიჟულ წრთვნებში, როგორსაც „ანაკონდა-2016“ წარმოადგენს, მართლაც კარგი და სასარგებლო იქნებოდა, მაგრამ…

თბილისში დიპლომატიური წყაროებიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, „ერთ-ერთი გავლენიანი ევროპული სახელმწიფოს“ მთავრობას „მოსკოვთან კონტაქტის შემდეგ“, ნატოს ხელმძღვანელებისთვის უთხოვია, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტისათვის წრთვნებში მონაწილეობისათვის „კარი დახურულიყო“.

„კომერსანტის“ ინფორმატორის აზრით, ასეთი თხოვნა იმით აიხსნება, რომ მანევრები   რუსეთის საზღვრებთან ახლოს მიმდინარეობს, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს, ხოლო ქართველების მონაწილეობა კრემლის შეშფოთებისთვის დამატებითი ფაქტორი იქნებოდა. ამის შემდეგ ალიანსის ხელმძღვანელობამ ქართველ კოლეგებს სთხოვა თავი შეეკავებინათ პოლონეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისაგან და მხოლოდ სამიოდე დამკვირვებლით შემოფარგლულიყვნენ. „კომერსანტის“ თხოვნაზე ნატოს მანევრების „ანაკონდა-2016“-ის პრესსამსახურში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ვერ გააკეთეს.

Comments are closed