„ალია“: „გლობალური კვლევების ცენტრმა“ გაზსადენის მშენებლობის საკითხზე სემინარი გამართა
„ალია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ფრანგულმა პრესის მოქმედება მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს… საქართველოსთვის ტერორიზმის საფრთხე გარედან მომდინარეობს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: „ქართული სპეცსამსახურები ტერორიზმის აღსაკვეთად სათანადოდ არ არიან მომზადებულნი”
„რეზონანსი“: ევროპის საზღვრები, შესაძლოა, ჩაიკეტოს // რა ბედი ეწევა საქართველოს ევროკავშირთან „უვიზო რეჟიმს“?
„რეზონანსი“: ცხინვალის „ინტერგრაციას“ მოსკოვი თებერვალში აპირებს
————————
„გლობალური კვლევების ცენტრმა“ გაზსადენის მშენებლობის საკითხზე სემინარი გამართა
(შემოკლებით)
არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კვლევების ცენტრი“ ყოველთვის ნოვატორული იდეებით გამოირჩევა. ამჯერად ექსპერტმა ახალი გაზსადენის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს. შესაძლებელია თუ არა, საქართველომ რუსეთსა და თურქეთს შესთავაზოს, ჩვენი ქვეყნის გავლით გაზსადენის მშენებლობა, ამ შემთხვევაში რას მიიღებს საქართველო და რამდენად მომგებიანი იქნება აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა „გლობალური კვლევის ცენტრის“ ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საგანგებოდ შეკრებილმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ, ექსპერტმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ, სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ, ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა ზურაბ გარაყანიძემ და აკადემიკოსმა დავით ელიაშვილმა სცადეს.
„გლობალური კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა პირველად, ცოტა ხნის წინათ, ნინო ბურჯანაძემ წამოაყენა. „ნინო ბურჯანაძემ მიმართა საქართველოს მთავრობას, გამოიყენოს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთსა და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა. ნებისმიერ ქვეყანაში ბურჯანაძის ეს განცხადება მთავრობის სერიოზული მსჯელობის საგანი მაინც გახდებოდა, მაგრამ არა საქართველოში.
არადა, გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება გაცილებით მნიშვნელოვანი გარანტიის შემცველია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ნატოში გაწევრიანების უშედეგო განცხადებები. მიწისზედა გაზსადენის მშენებლობა კი გაცილებით იაფია წყალქვეშაზე. საქართველოში არსებობს ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენებითაც გაზსადენის მშენებლობა მოხერხდა. ჭკვიანური მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ხარისხიანი აირის მიღებას. ამას გარდა, პირველად ბაქო-ჯეიჰანის პროექტის განხორციელების შემდეგ, ქვეყანა რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას შეიძენს და რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას. ეს პროექტი ჭკვიანი მმართველის პირობებში, ჩვენი სამშობლოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების სერიოზულ შესაძლებლობად შეიძლება იქცეს“.
საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რევაზ არველაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოსთვის ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანია. „პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. გავითვალისწინოთ, რომ გაზსადენის გაყვანის შემთხვევანი, უკვე ნაკლები საფრთხის ქვეშ იქნება რუსეთიდან ევროპის გზით მომარაგების საკითხიც. რაც შეეხება საქართველოს უპირატესობას, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთსა თუ თურქეთს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ პროექტით, ჩვენ უკვე გარკვეული „კოზირი“ გვექნება, ვინაიდან რუსეთიდან ევროპისკენ მიმდინარე 30 მილიარდი კუბმეტრი გაზის ჩამკეტი ხელში გვექნება და რუსეთის დაყოლიება გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე უფრო ადვილი იქნება.
თუმცა, ჩვენ ამ შემთხვევაში უბრალოდ ვმსჯელობთ, რა შეიძლება გაკეთდეს და რუსეთი, თურქეთი ან ევროპა, მოინდომებენ თუ არა ამ პროექტის განხორციელებას, ეს ცალკე საკითხია. მთავარი იდეა, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს და რას მიიღებს აქედან საქართველო, მივაწოდეთ საზოგადოებას და დანარჩენი პოლიტიკოსების გადასაწყვეტია“.
(…)
სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ გაზსადენთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებზე იმსჯელა. „შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო, რა რისკები შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთიდან გაზსადენის გაყვანას სახმელეთო მიმართულებით. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ურთიერთობები არ არის დარეგულირებული აფხაზეთთან, საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეულწილად არ არის გამოკვეთილი აღნიშნული საკითხები. გასათვალისწინებელია დღევანდელი ხელისუფლების ევროატლანტიკური ორიენტაციაც. თურქეთს შეიძლება არაფერი უთხრან და ჩვენზე მოახინონ ზემოქმედება. ამას გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია უსაფრთხოების ზომები, ვინაიდან, კრიმინალური დაჯგუფებები შესაძლოა, შეეცადონ, გარკვეული ზეგავლენა მოიპოვონ ამ ყველაფერზე. ნუ გამოვრიცხავთ სპარსეთის ყურის ქვეყნების ინტერესებსაც, რომლებიც შეეცდებიან ამ პროექტის ჩაძირვას.
ამ შემთხვევაში, თურქეთისა და კვიპროსის ვარიანტის განხორციელებაა შესაძლებელი, შეიძლება შავი ზღვისპირეთის გასწვრივ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნას და ამ ზონის ეგიდით მოხდეს გაზსადენის პროექტის განხორციელება, რაც პოლიტიკურ პრობლემას მოხსნის“.
(…)
————–
სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი აზრი გამოთქვეს აგრეთვე სტატისტიკის სპეციალისტმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ, ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა ზურაბ გარაყანიძემ და სხვებმა.
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ფრანგულმა პრესის მოქმედება მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს… საქართველოსთვის ტერორიზმის საფრთხე გარედან მომდინარეობს“
ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს საფრანგეთში მომხდარი ტერაქტისა და საქართველოს წინაშე არსებულ მსგავს საფრთხეებზე (ესაუბრება ჟურნალისტი ).
“ტერორიზმის საფრთხე იქნება იქ, სადაც არის პოტენციური ტერორისტების ბაზირების შესაძლებლობა. როცა საუბარია ხოლმე იმაზე, რომ შეიქმნას ქვეყანაში მსგავსი პროექტები, ყოველთვის ჩნდება რისკი იმისა, რომ გაიზარდოს საფრთხე, საკუთრივ ამ ხალხის მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანაკში იმყოფებიან ეს ადამიანები. როგორც წესი, ბანაკები იცვლება ხოლმე. მე ვგულისხმობ იმას, რომ შიდა ფაქტორები საქართველოში, იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ან პოლიტიკურ ნიადაგზე ტერორისტული აქტები განხორციელდეს, არ არსებობს. ასეთი საფრთხე მომდინარეობს გარედან. ერთი პერიოდი საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში შექმნილიყო ბაზა. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ეგიდით იქნებოდა ეს ბაზა, რადგან უახლეს ისტორიაში არსებობს პრეცედენტები, როცა პროდასავლური ძალები სტიმულს აძლევდნენ გარკვეულ დაჯგუფებებს, რომლებიც შემდგომში მათვე უპირისპირდებოდნენ. ასეთი ტიპის ბოევიკების მომზადების, გაწვრთნის შესაძლებლობა რომ გაჩენილიყო საქართველოში, ბუნებრივია, გაზრდიდა ჩვენს ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს, ამიტომ კარგია, რომ, ჩვენდა საბედნიეროდ, ეს პროექტი ჩაიშალა. ასეთი ტიპის რისკები შეიძლება კიდევ გაჩნდეს. ვიღაცას ვიღაცასთან უნდა თავისი ერთგულების მტკიცება, ვიღაცას სხვა დივიდენდების მიღება უნდა და არა მხოლოდ პოლიტიკურის. პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ ფუნდამენტურ სახელმწიფო ინტერესებს, როგორიცაა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესები“.
“ვინც მაშინ ამბობდა, ბოევიკების წვრთნა შემდგარიყო, ეს შეგნებულად არ კეთდებოდა იმიტომ, რომ ტერორისტული საფრთხე გაჩენილიყო, მაგრამ ამას შეიძლება შედეგად მოჰყოლოდა ტერორისტული საფრთხის გაჩენა საქართველოში. აი, ამას ვგულისხმობ. ეს იყო განპირობებული ძალიან ვიწრო პოლიტიკური ინტერესით. ინიციატივაზე ფიქრის დროს საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები. ვინ იყო ამის ინიციატორი? თავდაცვის მაშინდელი მინისტრი. სამწუხაროდ, ქართველ პოლიტიკოსებს ეს სენი სჭირთ, რომ საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ“.
“აქ არის მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესი, რომ ვიღაცას ასიამოვნონ, როგორც მინიმუმ. ბუნებრივია, იგივე შეერთებული შტატებისთვის ასეთი ტიპის პლაცდარმების გაჩენა შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო იმ ეტაპზე. ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე სხვა იზრუნებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. თუ მათ გაუჩნდებოდათ შანსი ასეთი ბაზის გაჩენის, რატომაც არა? სხვათა შორის, მერე აშშ-ს პრესაში ბევრჯერ იყო შეხსენება ამ ვალდებულების შესახებ, რომელიც საქართველომ აიღო. ამ ეტაპზე ეს ყველაფერი ჩაიფარცხა“.
“ხელისუფლება მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალყურს იმას, რომ არ მოხდეს რელიგიური კონფლიქტები, რაც ხდება ყველა ქვეყანაში. მთავარია, ტემპერატურა არ მივიდეს პიკამდე. კონფლიქტები რელიგიურ თემაზე ცივილიზებულ ქვეყნებშიც ხდება. უნდა იმუშაოს პრევენციაზე და არ უნდა მისცეს საშუალება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთაც ლიბერალური ფასეულობა და სიტყვის თავისუფლება ძალიან ცუდად ესმით. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს ყველაზე ფაქიზი გრძნობების შეურაცხყოფას და კი, ბატონო, დაცული უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ , მეორე მხრივ, არ უნდა იყოს მოდაში შეურაცხყოფა. ის, რაც გააკეთა ფრანგულმა პრესამ, ეს მოდურ ტრენდად არ უნდა იქცეს, ეს არის ძალიან სახიფათო. საფრანგეთში მომხდარი მარში კი შეიძლება ვინმემ ისე გაიგოს, რომ ეს კარიკატურების ხატვა კარგი ყოფილა და ამან მიიღოს ტოტალური ხასიათი. საქართველოში ფსევდოლიბერალებსაც შეიძლება გაუჩნდეთ არაჯანსაღი სურვილები, რაც სტიმულს მისცემს, ტერორიზმის საფრთხემ ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლოს“.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: „ქართული სპეცსამსახურები ტერორიზმის აღსაკვეთად სათანადოდ მომზადებულნი არ არიან”
ინტერვიუში ევროინტეგრაციის ექს-მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრიაშვილი საუბრობს საფრანგეთში მომხდარი ტერაქტისა და საქართველოს წინაშე არსებულ მსგავს საფრთხეებზე (ესაუბრება ჟურნალისტი იაგო ნაცვლიშვილი).
“საფრანგეთში მომხდარი ტრაგედია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე და სამწუხარო ფაქტია. ჩვენც გამოვხატეთ მწუხარება ფრანგი ხალხის მიმართ. განსაკუთრებით კი ამ ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანების მიმართ. ეს იყო ადამიანურობის, ჰუმანურობის, სიტყვის თავისუფლებისა და ზოგადად დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება. ძალიან კარგია, რომ ასეთი ფაქტების წინააღმდეგ მსოფლიო გაერთიანდა. იყო შეფასებები, რომ ეს ევროპის 11 სექტემბერი იყო, ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთიანი ძალებით უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა სამომავლოდ თავიდან აცილებული იყოს კიდევ უფრო მასშტაბური და მძლავრი ტერორისტული აქტი”, – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
“გიდასტურებთ, რომ ეს საფრთხე არსებობს ევროპაშიც და აშშ-იც. ამის თაობაზე გააკეთეს განცხადებები შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა. იყო ევროპული სახელმწიფოების განცხადებებიც, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც. ზოგადად ეს თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის და კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. საქართველო საკმაოდ მგრძნობიარე და საკმაოდ რთულ რეგიონშია. ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვქონდა, შეგვაქვს და მომავალშიც შევიტანთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“მე არ ვარ კომპეტენტური, რომ უშიშროების სამსახურების საქმიანობა შევაფასო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ტერიტორიებზე მოქმედებენ ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ელემენტები, უნდა დავასკვნათ, რომ შესაბამისი სამსახურები არც ისე გამართულად მუშაობენ. ასევე პანკისში შექმნილი ვითარება უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტ მუშაობას საჭიროებს, რაც შესაბამისი სამსახურების მხრიდან არ იგრძნობა”, – განმარტავს ალექსი პეტრიაშვილი.
“სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ეს კარიკატურები სრულებითაც არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდოს სიცოცხლის წართმევის გზით. საერთაშორისო თანამეგობრობა გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს. კიდევ ერთხელ ვგმობ ტერორისტულ აქტს, რა შინაარსის შემცველიც უნდა იყოს კარიკატურა ან სხვა სახის მასალა და როგორ უარყოფითადაც უნდა ვიყო მე ან სხვა მის მიმართ, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვინმეს მიეცეს უფლება, რომ ძალადობრივი გზით აღკვეთოს ის. მითუმეტეს, როდესაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზეა საუბარი”, – დასძენს რესპონდენტი.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2015 წელი
ევროპის საზღვრები, შესაძლოა, ჩაიკეტოს
რა ბედი ეწევა საქართველოს ევროკავშირთან „უვიზო რეჟიმს“?
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
„გამორიცხული არაფერია“ – ასე აფასებენ ექსპერტები შენგენის ხელშეკრულების შესაძლო გადახედვის პერსპექტივას და ამბობენ, რომ მისი არსებობა და, შესაბამისად, ევროპაში თავისუფალი გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მართალია, შენგენის ხელშეკრულების შეცვლას გარკვეული იურიდიული პროცედურები და დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში გამორიცხული არაა საზღვრებზე გადასვლა გამკაცრდეს.
რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც მიზნამდე ანუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლამდე სულ რამდენიმე თვეღა აშორებს, სპეციალისტების ვარადით, თუკი მოვლენები მართლაც ასე დრამატულად განვითარდება, ცვლილებები, ცხადია, გავლენას მოახდენს. ამასთან, თუ ევროპელი ლიდერები ძირეულ ცვლილებებს არ განახორციელებენ, მაშინ საქართველო მიზნამდე აუცილებლად მიაღწევს.
რასაკვირველია, შენგენის ხელშეკრულების გადასინჯვის სურვილი საფრანგეთში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა გამოიწვია. ინიციატორი ესპანეთის ხელისუფლებაა, რომელმაც თავისი შს მინისტრის ხორხე დიასის პირით განაცხადა, რომ შეთანხმება უნდა გადაისინჯოს და საზღვრებზე გადასვლა შედარებით უფრო მკაცრად გაკონტროლდესო.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ იურიდიულად ხელშეკრულების გადახედვა შესაძლებელია, თუმცა მაგვასი გადაწყვეტილების მიღება მარტივად არ ხდება და ამისათვის საკმაო ხანია აუცილებელი. „მსგავსი პრეცედენტები უკვე იყო, მაგალითად 2012 წელს, როცა პოლონეთში საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდებოდა, თუმცა მაშინ საზღვრებზე გადასვლის შეზღუდვა დროებითი იყო და მოგვიანებით თავისუფალი გადაადგილება ისევ აღდგა. რაც შეეხება საქართველოს პერპექტი9ვას, ლიბერალურ სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით: „ჯერ-ჯერობით ჩვენ იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომლებიც ტერორიზმის მხრივ საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასე რომ, თუ რაიმე კატასტროფა არ მოხდა, ევროკავშირი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე აღარ შეცვლის. ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება ნაკლებად სავარაუდოა“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია: „როცა ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი დგება, ამ დროს ყველანაირი ტოლერანტობა უკანა პლანზე გადადის და უპირველესად უსაფრთხოების უზრუნველყოფაა საჭირო, თუმცა შენგენის ხელშეკრულების გადახედვის სურვილი ევროპის უმთავრეს სახელმწიფოებს ჯერ არ გამოუთქვამთ“. არადა, რადგან საზღვრებზე გადასვლა ტავისუფალია, ვერ გაიგებ სად მტავრდება საფრანგეთი და სად იწყება ბელგია… თუ შეზღუდვა იქნება, ტერორისტების ძებნაც გაადვილდება“.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2015 წელი
ცხინვალის „ინტერგრაციას“ მოსკოვი თებერვალში აპირებს
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
ქართველი ექსპერტები თებერვალში, ცხინვალსა და მოსკოვს შორის შეთანხმების დადებასთან ერთად, ე.წ. საზღვრის გამკაცრებას და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემების შექმნას ვარაუდობენ.
როგორც ცნობილია, დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულება თებერვალში გაფორმდება.
„ევროპელი დემოკრატების ლიდერი პაატა დავითაია აცხადებს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ რუსები მკაცრ კონტროლს დაამყარებენ.
პაატა დავითაიას აზრით, მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდება, ე.წ. „საზღვარზე“ მკაცრი კონტროლი დაწესდება და ამას რუსი მესაზღვრეების უზრუნველყოფენ. სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნება ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ახალგორის რაიონთან. დაიწყება ეგრეთ წოდებული „პასპორტიზების“ საკითხი. ეს პირველი ეტაპი იქნება, შემდეგ კი მას მოჰყვება ვიდეოკონტროლი – ისე, როგორც აფხაზეთში გაკეთდა. მისი თქმით, ცხინვალში დამატებითი სამხედრო ტექნიკის შეყვანა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან იქ უკვე საკმარისი ტექნიკაა, რაც თბილისათვის საფრთხეს წარმოადგენს: „ერთი ბრძანებაც კი საკმარისია და ტექნიკა თბილისისკენ დაიძრება“.
პაატა დავითაიას თქმით, ოს სეპარატისტებს და რუს სამხედრო ნაწილებს ცხინვალში საკმაოდ ძლიერი ტექნიკა ჰყავთ (სტატიაში ჩამოთვლილია მძიმე სამხედრო ტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების მარკები, მათი მონაცემები და ა.შ.). მოკლედ, როგორც პაატა დავიტაია ამბობს, ამ ტექნიკით რუსები და ოსები თბილოისს ადვილად მოსწვდებიან. ეს არის ტავდაცვითი, არამედ შემტევი შეაიარაღება. უხეშად რომ ვთქვათ, დღეს რომ ვინმეს თბილისისაკენ ინტერვენციის განხორციელება რომ მოუნდეს, შესაბამისი შეუიარაღება უკვე აქვთ“.
ხელშეკრულების ხელმოწერის განზრახვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი აბსურდულს უწოდებს, რადგან, მისი თქმით, კრემლი თავის მიერვე დამოუკიდებლობააღიარებულ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ ახლა თვითონვე იქვემდებარებს. „რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის პირდაპირ რუსეთის სემადგენლობაში შესვლას, ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ სიტყვებია, რადგან იქ შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო. ცვლილბებეი უნდა შევიდეს რუსეთის კონსტიტუციაში… ამაზე რუსეთი არ ფიქრობს და არა მგონია, ეს მოხდეს“.
„ეს რთული წარმოსადგენია, რადგან რუსებმა ეს ტერიტორია დამოუკიდებლად აღიარეს, თუმცა იმავდროულად სტრუქტურების ინტეგრირება ხდება და ეს რაღაც აბსურდი გამოდის“, – ამბობს დიმიტრი სანაკოევი.