«Tygodnik Powszechny» (პოლონეთი): საქართველო: ევროპით იმედგაცრუებული და რუსეთით ცდუნებული // დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია. შეძლებენ თუ არა ქართველები პროდასავლური კურსის შენარჩუნებას, რომელიც მათ ათი წლის წინ აირჩიეს?
«КоммерсантЪ» (რუსეთი): სამხრეთ ოსეთს ჰააგაში მოუსმენენ
«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთი სრული ბლოკადისაკენ მიაბიჯებს – რა დგას ერევნის ანტიქართული პოზიციის უკან (გაეროს რეზოლუციის კენჭისყრასთან დაკავშირებით)
———————-
«Tygodnik Powszechny» (პოლონეთი), 13 ივნისი, 2016 წელი
https://www.tygodnikpowszechny.pl/rozczarowani-europa-kuszeni-przez-moskwe-34081
საქართველო: ევროპით იმედგაცრუებული და რუსეთით ცდუნებული
დამოუკიდებლობის აღდგენიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია. შეძლებენ თუ არა ქართველები პროდასავლური კურსის შენარჩუნებას, რომელიც მათ ათი წლის წინ აირჩიეს?
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს დღევანდელი, რეალური და შეულამაზებელი ცხოვრება ერთ-ერთი მოქალაქის – მცხეთელი ვიქტორის მაგალითზე, რომელიც ადრე, საბჭოთა პერიოდში ქალაქის ერთ-ერთ ქარხანაში მძღოლად მუშაობდა, თავს კარგად გრძნობდა, ახლა კი დანჯღრეული, საწვავის სუნით აქოთებულ „მერსედესით“ ტაქსისტად მუშაობს და ლუკმა-პურს ძლივს შოულობს (ავტორი – პაულინა პაცულა).
„ვიქტორი გაღიზიანებულია ქვეყნის პოლიტიკისა და პოლიტიკოსთა მოქმედები გამო. „რა მნიშვნელობა აქვს, ხმას ვის მივცემ? ყველა პარტია ერთნაირია, ხალხისთვის არცერთი არაა“, – ამბობს კორესპონდენტთან საუბარში 67 წლის ვიქტორი, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის მცხოვრები. მცხეთა ქართლის სამეფოს დედაქალაქი იყო 1500 წელზე მეტი ხნის წინათ, დღეს აქ ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ არცერთი საწარმო აღარ მუშაობს. ქალაქი ერთ-ერთი უღარიბესია საქართველოში. აქ მხოლოდ ტურიზმიღა შემორჩა, თუმცა მხოლოდ ტურიზმით სიღატაკეს თავს ვერ დააღწევ.
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკით გამოწვეული იმედგაცრუება მხოლოდ მცხეთაში არ იგრძნობა, ასეთი განწყობა მთელ ქვეყანაში შეიმჩნევა. ოთხი თვის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის შედეგები ქვეყნისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ამასთან, ამომრჩეველთა სამი მეოთხედი აცხადებს, რომ არ იცის, ხმა ვის მისცეს“, – აღნიშნავს ავტორი.
პოლონური ყოველკვირეული ჟურნალის კორესპონდენტი ვრცლად აღწერს მცხეთას და მის შემოგარენს:
„ირგვლივ მთიანი გარემო და თვალწარმტაცი სილამაზეა. მცხეთა თბილისიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული. აქვე ახლოს იქყება რუსეთთან დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი – საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც რუსეთში, ვლადიკავკაზში ბოლოვდება, კავკასიის მთების იქით. მცხეთასთან ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება – რუხ-ლურჯი მტკვარი და ფირუზისფერი არაგვი: საოცარი სურათია. მცხეთას ტურისტები არ აკლია, ისინი ცნობილი ეკლესია-ტაძრების – სვეტიცხოვლისა და სამთავროს დასათვალიერებლად მოდიან, სადაც პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მისი მეუღლის – ნანას საფლავებია შემონახული. ტურიზმი საქართველოს განვითარების ძირითადი წარმმართველია: 2014 წლის მონაცემებით, საქართველომ ტურიზმით 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. შედარებისათვის: 2015 წელს მთელი ქართული ექსპორტი 3,5 მილიარდ დოლრაზე ცოტა მეტი თუ იქნებოდა. მიმდინარე წელს 4,5-მილიონიანი საქართველო ტურისტების რეკორდული რაოდენობის – 5 მილიონის მიღებას აპირებს. და ამ ყველაფერს თბილისი რუსეთ-თურქეთის კონფლიქტს უნდა უმადლოდეს: თურქეთში ექმნილი არასტაბილური სიტუაციის გამო იქ სიარულს არა მარტო რუსები, არამედ სხვა უცხოელებიც ერიდებიან. „რომ არა ტურიზმი, ჩვენი ქალაქი მოკვდებოდა“, – ამბობს ვიქტორი. მისი ყოველთვიური შემოსავლები დაახლოებით 160 ლარია პენსიის სახით და ტაქსისტობით – ჯვრის მონასტერთან ტურისტების მიყვანა (15 ლარი ყოველდღიურად, ისიც ძირითადად ტურისტულ სეზონზე).
რასაკვირველია, 160-ლარიანი პენსია ძალიან მცირეა. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარამდეა. ფასები თითქმის იგივეა, როგორც პოლონეთში. პენსიებმა მომატება 2004 წლიდან დაიწყოდა 14 ლარიდან 80 ლარამდე გაიზარდა, 2012 წლისათვის. ეს მოხდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. მან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის რეფორმირება დაიწყო, მაგრამ დადებითთან ერთად ცუდი საქმეებიც ჩაიდინა: საქართველოს პროკურატურა მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებს. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ოდესის ოლქის გუბერნატორად მუშაობს.
საქართველოს ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მთავრობა მართავს. მმართველი კოალიცია 2012 წელს მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. ოლიგარქმა მოსახლეობას სოციალური დაცვა და პენსიის მომატება აღუთქვა და მიცემული სიტყვა მეტ-ნაკლებად შეასრულა. საერთოდ, ამბობენ, რომ საქართველოში სოციალური პროგრამების რეალიზება ყველაზე წარმატებულიაო, თუმცა ამ სფეროშიც არის ნაკლოვანებები: მცირეა უმუშევრობის დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების შემწეობა, ცოტაა საბავშვო ბაგა-ბაღები…
იმავდროულად საქართველო, თავისუფალი ვაჭრობის მხრივ, განვითარებად ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პროგრესული და წინწასული ქვეყანაა. „2004-2012 წლებში, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, პრიორიტეტებს პრივატიზაცია და დერეგულაცია წარმოადგენდა, რის შედეგადაც ჩვენ ყველაზე ლიბერალური შრომის ბაზარი კი მივიღეთ, მაგრამ მინიმალური სოციალური დაცვით და ჯანდაცვის სისტემის მაქსიმალური პრივატიზებით“, – ამბობს ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ქართული ინსტიტუტის რექტორი, რომელსაც ამერიკელები აფინანსებენ“.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოში მოქმედი სოციალური დაცვის სისტემის ავ-კარგიანობას: „თეორიულად ქართველები დაზღვევის საყოველთაო სისტემით სარგებლობენ, მაგრამ პრაქტიკაში ეს სისტემა სამედიცინო მომსახურებას მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებს. არადა, საქართველოში მედიცინა საკმაოდ ძვირია“, – წერს ავტორი.
რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას:
2008 წლამდე განხორციელებული ლიბერალური რეფორმები ეკონომიკის ზრდაზე დადებით გავლენას ახდენდა, წარმოების მატების ტემპი ყოველწლიურად თითქმის 10% იყო, მაგრამ სამუშაო ადგილები არ იზრდებოდა, პირიქით – მცირდებოდა. ამასთან, ქვეყანა ძალიან დააზარალა მსოფლიო კრიზისმა და განსაკუთრებით 2008 წელს მომხდარმა რუსეთთან ომმა. სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ გაუარესება დაიწყო. „იუნისეფ“-ის მონაცემებით, 2009-2012 წლებში ქართველი ბავშვების 67% უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა.
დღეს საქართველოში, შეიძლება ითქვას, საშუალო კლასი არ არსებობს. საზოგადოების მდიდარსა და ღარიბ ფენებს შორი ნაპრალი სულ უფრო ფართოვდება: „აქ სახელმწიფო სკოლები მოსწავლეს თითქმის არავიტარ ცოდნას არ აზლევს. ვისაც ფული აქვს, ის ცდილობს თავისი შვილი კერძო სკოლაში მიიყვანოს, ან რეპეტიტორებს ქირაობენ“, – ამბობს ავტორთან საუბარში საქართველოში მცხოვრები ლიტველი ქალი რენატა სკარძიუტე-კერესელიძე. იგი სამი წელია თბილისში იმყოფება და ჰყვება, რომ არის ელექტროენერგიისა და წყლით მომარაგების შეწყვეტის ფაქტები, ქუჩებში მატულობს მოძრაობის წესების დარღვევები, პარლამენტში კი თითქმის ყოველკვირა დეპუტატები ერთმანეთს სცემენ. საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელ-მოსაგვარებელი“.
უმუშევრობის დონი მონაცემები ხელოვნურადაა შემცირებული: ოფიციალურად 17%-ია, ფაქტიურად კი 30%-ს აღწევს. ეს ხდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების ხარჯზე: ამ სფეროში მოსახლეობის 56% მუშაობს, თუმცა, რეალურად მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 9%-ია. „ეს ფსევდოდასაქმებაა, – ამბობს პოლონელ ჟურნალისტთან საუბარში ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორელი კაკაჩია, – გამოდის, რომ ქართველების 68% თვიდასაქმებულია. და რაში გამოიხატება ეს თვითდასაქმება? ვიღაცას პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, რომელსაც მხოლოდ პირადი მოხამრებისთვის იყენებს, მაგრამ ისეა წარმოჩენილი, რომ სოფლის მეურნეობაში შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობაა დასაქმებული. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ადამიანს ხანმოკლე სამუშაო აქვს, სტატისტიკაში კი ასახულია, რომ იგი დასაქმებულია“.
ქართველებს რომ შეეკითხო, ყველაზე მეტად რა გაწუხებსო, ისინი გეტყვიან: სამსახურის არარსებობა და ცხოვრების დაბალი დონე. სოციოლოგიურ გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის სამ მეოთხედს მიაჩნია, რომ მმართველ კლასს მხოლოდ საკუთარი ინტერესების რეალიზება ამოძრავებს. 2012 წლამდე ქართველები მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურ“ ხელისუფლებას უჩიოდნენ, ხალხისთვის არაფერს აკეთებსო, ახლა იგივეს ამბობენ „ქართული ოცნების“ მიმართაც. „განწყობა ნეგატიურია, ჭარბობს ნიჰილიზმი: ხმა ვისაც არ უნდა მივცეთ, ქვეყანაზე მაინც არავინ ზრუნავს, მაინც ღარიბები ვიქნებით, სამსახურის პოვნის იმედი არ გვაქვსო“, – ასე ახასიათებს სიტუაციას პოლონელ ჟურნალისტთან საუბარში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი.
ავტორი ეხება საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ასპექტებსაც: გამოკითხვები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოების პროდასავლური ორიენტაცია საკმაოდ სტაბილური რჩება: ევროკავშირში გაწევრიანება – 77%, ნატო – 68%, ევრაზიული კავშირი – 20%. ამასთან ის, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესი ძალიან გაჭიანურდა, პროდასავლელების იმედგაცრუებას იწვევს. აღსანიშნავია ის ტენდენციაც, რომ მოსახლეობის უმეტესობას რუსეთთანაც და დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა სურს, – ნათქვამია სტატიაში.
რა სარგებლობა მოაქვს საქართველოსთვის ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას, რომელშიც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპია ჩადებული? საერთოდ უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმების მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია საქართველოში მაინცდამაინც არ შეინიშნება. შეიძლება ვინმესთვის საკვირველი აღმოჩნდეს, მაგრამ ქართველები ამ შეთანხმებას უკვე ივიწყებენ: „ჯიპას“ ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ამ დოკუმენტით ევროკავშირმა საქართველოს ბევრი სიკეთე შესთავაზა, მაგრამ მოსახლეობას მისი არსებობა უკვე აღარც ახსოვს.
ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის დონემ 10%-ით მოიმატა, ევროპაში ქართული თხილი, სპილენძი გამოჩნდაო, მაგრამ მართლაც არის თუ არა ეს ყველაფერი სატრაბახო? საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის წარმომადგენელის ტატა ჯაიანის თქმით, „როცა დოკუმენტს ხელი მოწერა, დიდი ზეიმი იყო, ემოციები – აი, ახლა გვეშველაო, მაგრამ შემდეგ მალე იქნა დავიწყებული. ასოცირების შეთანხმების ანალიზი და მისი პოტენციალის გამოყენება ფაქტიურად არ მომხდარა. საქართველოს ყოველწლიურად უცხოეთში თითქმის 30 მილიონ ლიტრამდე ღვინო გააქვს, აქედან რუსეთში ყველაზე მეტი – 18 მილიონი, ემდეგ მოდის უკრაინა, ყაზახეთი, ჩინეთი. რამდენია ევროკავშირის ქვეყნების წილი? უკიდურესად დაბალი. თუ ასოცირების შეთანხმების პლიუსები მოსახლეობა ვერ გააცნობიერებს და ეკონომიკური სიტუაცია არ შეიცვლება, მოსახლეობას პროევროპული ორიენტაციის იმედი გაუცრუვდება, – აღნიშნავს ავტორი.
„მიხეილ სააკაშვილი ყველა თავისი ნაკლოვანებით მაინც ერთმნიშვნელოვნად პროდასავლელი პოლიტიკოსი იყო და მიზნად ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება ჰქონდა დასახული. რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ მთავრობას, მისი პოლიტიკური ორიენტაცია მთლად მკაფიოდ გარკვეული არაა, თუმცა ის პრაგმატიზმს ეფუძნება. მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო რუსეთთან დიალოგის აღდგენა: საქართველომ ნება დართო რუსულ მაუწყებლობას, რუსეთმა კი ქართულ პროდუქციაზე დაწესებული ემბარგო მოხსნა: „საქართველოში ასეულ ათასობით ოჯახი ვენახისაგან მიღებული შემოსავლებით ცხოვრობს. რუსეთთან სავაჭრო კონტაქტები მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.
პრაგმატიზმი გასაგებია, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები პროდასავლელთა შორის შეშფოთებას იწვევს. როცა ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას, ხოლო დღევანდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხშირად ლაპარაკობს „საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებაზე“, „ევრაზიის კონტინენტზე მდებარე „პარტნიორებთან ურთიერთობის გააქტიურებაზე“… ასეთი სიტყვები საქართველოში კრემლისათვის გაკეთებულ ჟესტებად მიიჩნევა. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ სანამ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააფორმებდა, თბილისმა ეს საკითხი მოსკოვთან განიხილა. როგორც მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რუსეთი მასზე ხელმოწერის გამო საქართველოს ბოიკოტს არ გამოუცხადებსო. ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს მმართველი კოალიციიდან პროევროპული პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ გამოსვლაც. საქართველოში აშკარად მატულობს პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა, ანალიტიკური ცენტრების რიცხვი, ძლიერდება მათი პროპაგანდა…
„რუსეთი უკრაინის მოვლენების შემდეგ მიხვდა, რომ ღია კონფრონტაციით ვერაფერს მიაღწევს და ამიტომ ტაქტიკა შეცვალა: საქართველოს მიმართ მოსკოვი მათრახის ნაცვლად ახლა თაფლაკვერს იყენებს. ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ მიიწვია საქართველო ევკავშირში და ისიც კი თქვა, რომ შეიძლება სეპარატისტული აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემიდან გამოსავალი მოინახოს – საქართველოში ფედერაციული სახელმწიფო ჩამოყალიბდესო. თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება, საზღვრები გაიხსნება და თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს პრაქტიკულად დაიბრუნებსო“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.
პრორუსულ ძალების არგუმენტს „ქართველებისა და რუსების კულტურულ-რელიგიური ერთობა“ წარმოადგენს. მათი მტკიცებით, ევროკავშირში ინტეგრირება ქართული ტრადიციებისა და იდენტურობის, მართლმადიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იქნება: ევროპა ხომ ერთსქესიანთა ქორწინებაა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, ოჯახის კრიზისი…
პარლამენტის არჩევნებამდე თითქმის ოთხი თვეა დარჩენილი, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე უკვე „გააფთრებული“ ბრძოლა მიმდინარეობს იმ მოქალაქეთა ხმების მისაღებად, რომლებსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, არჩევანი ვის სასარგებლოდ გააკეთონ. თამაშში ახალი ფიგურები ებმებიან, მაგალითად, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ ჩამოაყალიბა. მას ძალთა განლაგების შეცვლა შეუძლია: პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მხარს ქართველთა 75% მიჭერსო (უფრო მეტი პოპულარობით მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს). თუმცა პირველ გამოკითხვებში პაატა ბურჭულაძის პარტიას 12% აქვს. იგი პროდასავლელი პოლიტიკოსია. „პოლიტიკური პარტიები კრიზისში არიან. „ნაცმოძრაობას“ და „ქართული ოცნებას“, რომლებიც თავს ძირითად პოლიტიკურ ძალებად მიიჩნევენ, დღეს მხარს ამომრჩეველთა მესამედიც აღარ უჭერს. რუსეთის გავლენა ძლიერდება… არჩევნების წინ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“, – ასე ამბობს პოლონელ ჟურნალისტთან საუბარში ამერიკული „ენდეაი“-ს თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი.
——————–
14 ივნისის უცხოურ პრესაში საქართველოს შესახებ კიდევ ორი სტატიაა დაბეჭდილი:
ა) „КоммерсантЪ» (რუსეთი): „სამხრეთ ოსეთს ჰააგაში მოუსმენენ“
http://kommersant.ru/doc/3012622
ავტორები – გრიგორი თუმანოვი და გიორგი დვალი
პუბლიკაციის მიხედვით, 2008 წელს მომხდარი მოვლენების გამო, დღემდე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტრუქტურების ყურადღების ცენტრში საქართველო და რუსეთი იმყოფებოდა, ახლა კი გადაწყდა, რომ სამხრეთ ოსეთის მიერ წარდგენილი ფაქტებიც განიხილონ. „ადრე პრობლემა იმაში გამოიხატებოდა, რომ სამხრეთ ოსეთი, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობის პოზიციის მიხედვით, საქართველოს ნაწილია და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ახლა კი სასამართლომ გადაწყვიტა ოსებსაც მოუსმინოს. განსაკუთრებით მას აინტერესებს ცხინვალელთა თვალსაზრისი ქალაქის დაბომბვაზე“, – ამბობს ერთ-ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცის „სამართლებრივი ინიციატივის“ იურისტი გრიგორ ავეტისიანი, რომელიც დახმარებას უწევდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლები ცხინვალში ექვსი თვის შემდეგ ჩავლენ.
სტატიაში ავტორები გადმოსცემენ აგრეთვე რუსი და ქართველი ექსპერტების – კირა საზონოვასა და ელენე თევდორაძის პოზიციებს ამ საკითხზე:
რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიის დოცენტი, იურისტი კირა საზონოვა მიიჩნევს, რომ ჰააგის სასამართლოს წარმომადგენლების სამხრეთ ოსეთში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ბევრ მოვლენას ახდის ფარდას და აუცილებლად დადგება საკითხი სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის თაობაზე.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ელენე თევდორაძის თქმით, სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ოფისის მიერ ჩატარებული გამოძიება მიხეილ სააკაშვილს ვერაფერში ვერ დაადანასაულებს: „სრულიად აშკარაა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი [რუსეთის მიერ განხორციელებული] მასშტაბური პროვოკაცია იყო, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება წამოეგო“.
ბ) «Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთი სრული ბლოკადისაკენ მიაბიჯებს – რა დგას ერევნის ანტიქართული პოზიციის უკან (გაეროს რეზოლუციის კენჭისყრასთან დაკავშირებით)
http://www.echo.az/article.php?aid=101944
ავტორები – ნურანი, ნ.ალიევი.
პუბლიკაციაში გაკრიტიკებული სომხეთის ანტიქარტული პოზიცია, რომელიც გაეროში, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების შესახებ რეზოლუციის ხმის მიცემისას გამოვლინდა: ერევანმა მოსკოვითან კარგი ურთიერთობის გამო თბილისს მხარი არ დაუჭირა და ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი თავისი არესიული პოლიტიკის გამო ბლოკირებულია აღმოსავლეთ-დასავლეთიდან (თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან), ერევანს თავისი მოკავშირესთან – რუსეთთან კონტაქტები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით შეუძლია, ანუ მისთვის საქართველო „სიცოცხლის გზას“ წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში თბილისს ყოველ წუთს შეუძლია ამ გზის გადაკეტვა. ამ დროს კი სომხეთი კვლავ ანტიქართული პოზიციით გამოდის. „ახლა კი აშკარაა, რომ სომხეთი იმდენადაა დამოკიდებული რუსეთზე, რომ გაეროში ხმას საკუთარ ბლოკადას აძლევს“, – ასკვნიან ავტორები.