«Deutsche Welle» (გერმანია): ვიზიტის შედეგი: ბერლინი საქართველოს ნატოში ვერ ხედავს
«Радио Голос Америки» (აშშ): ჟენევის მოლაპარაკებაზე მხარეებმა ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენეს // შეხვედრის 36-ე რაუნდის დროს ძველი და ახალი საყვედურები გაისმა
«Дагестанская правда» (რუსეთი): მაპატიე, გენაცვალე!…
———————-
«Deutsche Welle» (გერმანია), 15 ივნისი, 2016 წელი
http://www.dw.com/ru/итоги-визита-берлин-не-видит-грузию-в-нато/a-19331894
ვიზიტის შედეგი: ბერლინი საქართველოს ნატოში ვერ ხედავს
ნიკიტა ჟოლკვერი, ბერლინი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 15 ივნისს, გერმანიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის ჩარჩოებში, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გერმანიისა და საქართველოს მთავრობების მეთაურებმა ერთმანეთს მორიგე თავაზიანი ფრაზები გაუცვალეს, ისაუბრეს ორმხრივი კონტაქტების გაფართოებაზე ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროში. ამასთან გიორგი კვირიკაშვილი და ანგელა მერკელი მხოლოდ გაკვრით შეეხნენ იმ თემებსა და საკითხებს, რომლებიც ჟურნალისტებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ – სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებისა და საქართველოს დამოკიდებულებას ნატოსთან.
რა უშლის ხელს სავიზო რეჟიმის გაუქმებას?
საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის მიერ დაპირებული სავიზო რეჟიმის გაუქმება გიორგი კვირიკაშვილმა „ეპოქალურ მოვლენად“ შეაფასა. მასთან ერთად ბერლინში ჩამოსულ ქართველ ჟურნალიასტებს, ბუნებრივია, აინტერესებდათ, თუ როდის დაიწყებოდა რეალობაში „ახალი უვიზო ეპოქა“.
ყველასათვის ცნობილია, რომ ევროკომისიის დადგენილებით, ჯერ საქართველომ, შემდეგ კი უკრაინამ უვიზო რეჟიმისათვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა, მაგრამ ბოლო ხანებში ამ ორი სახელმწიფოს მოსახლეობისათვის ვიზალიბერალიზების გზაზე ახალი დაბრკოლებები გაჩნდა.
როგორც ანგელა მერკელმა განმარტა, ლაპარაკია ისეთი მექანიზმის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც უვიზო რეჟიმი ოპერატიულად შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შესვლისას, თავშესაფარს მოითხოვენ. ასეთი სიტუაცია ჩვენ გასულ წელს სერბეთთან გვქონდა, ამიტომაც მისი გამეორება არ გვსურს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. სინამდვილეში სერბეთი არაფერ შუაში არ არის. უკრაინასთან საქართველოსთან და უვიზო რეჟიმის შემოღება თურქეთთან ევროკავშირის საიმიგრაციო პაქტის მძევლად იქცა. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანას ევროკავშირმა, მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, სხვა დაპირებებთან ერთად, სავიზო რეჟიმის გაუქმებაც აღუთქვა, რომელიც ძალაში პირველი ივლისიდან უნდა შევიდეს (მიუხედავად იმისა, რომ ანკარას შეთანხმებით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნები არ შეუსრულებია). გერმანია შიშობს, რომ თავშესაფრის მიღების მიზნით მის ტერიტორიაზე მასობრივად შევლენ თურქეთის ქურთი ეროვნების მქონე მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში იდევნებიან.
ამჟამად „შეჩერების მექანიზმი“ განსახილველად ევროპარლამენტშია შეტანილი. ანგელა მერკელი მისი სწრაფი იმპლემენტაციის მხარდაჭერით გამოდის და თან პირობას იძლევა, რომ გერმანია, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრის დროს, საქართველოს წინააღმდეგ არ გამოვა. მაგრამ ანგელა მერკელმა ისიც მიანიშნა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოსა და უკრაინისათვის ერთდროულად მოხდებაო.
რაც შეეხება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობას:
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე კანცლერისა და პრემიერ-მინისტრის პასუხებიდან ნათელი გახდა, რომ ამ თემასთან მიმართებით ბერლინი და თბილისი სხვადასხვა პოზიციებზე რჩებიან.
გიორგი კვირიკაშვილმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო მიისწრაფვის არა მხოლოდ ევროკავშირისაკენ, „არამედ ნატოსთან ინტეგრირების გზაზეც დგას“. პრემიერი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს, ხოლო ამის შესაძლებლობა შესაბამისი საერთაშორისო კონიუნქტურის დროს დადგება.
ანგელა მერკელი კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საერთოდ არ განიხილავს. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობისათვის უკვე საკმაოდ „კარგი ფორმაა მოძებნილი“ და თანამშრომლობაც „ძალიან კარგ დონეზეა“. მან გაიხსენა, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე საქართველოს შესახებ „ინტენსიური დისკუსიები“ გაიმართაო და კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ „უკვე პრაგმატული გზებია მოძებნილი საქართველო-ნატოს მჭიდრო ურთიერთობის გზაზე“.
იმავდროულად ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან კოოპერირების ის პაკეტი, რომელიც ნატოს უელსის სამიტზე იქნა მიღებული, ვარშავის სამიტზე, როგორც ჩანს, ახალი ელემენტებით იქნება გავრცობილი. „ვფიქრობ, ჩვენ ერთად მივდივართ იმ გზაზე, რომელიც ერთი მხრივ, გონივრულად ასახავს არსებულ რეალიებს, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას“, – ხაზი გაუსვა გერმანიის კანცლერმა.
„არსებულ რეალიებში“ ანგელა მერკელი, აშკარაა, რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობასა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემებს გულისხმობს, რომლებსაც თბილისი „რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ რეგიონებს“ უწოდებს. ამასთან დაკავშირებით კანცლერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით.
———–
გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის ერთობლივი პრეს-კონფერენციის შესახებ მასალები გავრცელდა როგორც გერმანიის სხვა გამოცემებითაც („ჰანდენსბლატი“, „შტერნი“, „ფრანკფურტერ ალჰემაინე“…), აგრეთვე ევროპის ქვეყნების მასმედიის საშუალებებშიც („ფრანს-პრესი“, „როიტერი“), თუმცა ამ მასალებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფაქტობრივი, ინფორმაციული ხასიათი აქვთ და მათში არაა მოცემული რაიმე შეფასებები და კომენტარები.
«Радио Голос Америки» (აშშ), 16 ივნისი, 2016 წელი
http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-russia-geneva-tallks/3377893.html
ჟენევის მოლაპარაკებაზე მხარეებმა ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენეს
შეხვედრის 36-ე რაუნდის დროს ძველი და ახალი საყვედურები გაისმა
„სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით ჟენევაში 15 აპრილს გამართული მრავალმხრივი მოლაპარაკების 36-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ თავისი მთავარი მოთხოვნა წამოაყენა – რაშიდ კანჯი-ოღლის გადმოცემა, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებული და ოკუპირებული აფხაზეთის სასაზღვრო სტრუქტურებში მსახურობს და რომელიც საქართველოს მოქალაქის გიგი ოთხოზორიას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, – ნათქვამია მასალაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).
როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ აღნიშნა, რუსეთის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ იმას, რომ ეჭვმიტანილი უნდა დაისაჯოს, თუმცა, ქართველი დიპლომატის თქმით, სოხუმმა ვერ წარმოადგინა თითქმის ერთი თვის წინ სეპარატისტული აფხაზეთის შესაბამისი სტრუქტურების მიერ „დაწყებული“ გამოძიების კონკრეტული შედეგები: „ჯერ-ჯერობთ, ეჭვმიტანილი კვლავ თავისუფალია და არის იმის საფრთხე, რომ სიტუაციის დესტაბილიზებით დაინტერესებული პირებმა შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ“.
თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „ქართული მხარე გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობს 19 მაისს მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს“. ამასთან, რსუმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ გიგი ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი განხილული იქნება „ინციდენტების თავიდან აცილებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ჩარჩოებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ექვს ივლისს უნდა გაიმართოს. სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციამ ქართულ მხარეს მოუწოდა, რომ „ნუ მოახდენს ამ ტრაგიკული ინდიდენტის პოლიტიზებას, ნუ გაამწვავაბეს ისედაც დაძაბულ ვითარებას და მისცეს აფხაზეთის კომპეტენტურ ორგანოებს ობიექტური გამოძიების ჩატარების საშუალება“.
საქართველოს დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკების 36-ე რაუნდზე სხვა საკითხებიც წამოაყენა, მათ შორის ცხინვალის რეგიონში მიმდინარე უკანონო სადემარკაციო სამუშაობის თაობაზე. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ თბილისი პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგანაც რესპუბლიკის საზღვრები დადგენილია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტ. ოლქის ტერიტორიის თანახმად, ხოლო რუსი მესაზღვრეები „კანონიერად“ მოქმედებენ იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის 2009 წელს გაფორმდა („სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ“). მურატ ჯიოევის თქმით, სამხრეთი ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს საზღვრების განმტკიცებისათვის ზომები მიიღოს.
ქართულმა მხარემ ასევე განსახილველად დააყენა ეთნიკური ქართველების უფლებების დისკრიმინაციის საკითხი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერაა ხელშეწყობილი, კერძოდ, ირღვევა ქართველების უფლებები მშობლიურ ენაზე განათლების მიღების თაობაზე.
ჟენევის შეხვედრაზე აფხაზმა და ოსმა წარმომადგენლებმა შემხვედრი პრეტენზიები წამოაყენეს, განსაკუთრებით კი ამას წინათ გაეროს გენასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის თაობაზე, რომელიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას ითვალისწინებს. აფხაზმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ ქართველი ლტოლვილების დაბრუნების საკითხს მანამ არ განიხილავენ, სანამ საქართველო ამ პრობლემის გაეროს გენასამბლეაზე გატანას არ შეწყვეტს. უფრო მეტიც, მათ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვების წინ ვაშინგტონი საქართველოს მხარდაჭერაში დაადანაშაულეს: „იმის გამო, რომ გაეროს შტაბ-ბინა აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარეობს, ვაშინგტონი ბოროტად სარგებლობს ამ სიტუაციით, უარს ეუბნება აფხაზეთის ოფიციალურ პირებს ვიზების გაცემაზე და ამით ხელს უშლის გაეროში ნამდვილი ინფორმაციის წარდგენას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჭეშმარიტი მდგომარეობის შესახებ“.
სოხუმის სხვა პრეტენზიები ეხება აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება: „აფხაზეთი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომ მსგვასი ანგარიშის შედგენისას უფრო ობიქეტური და გადამოწმებული ინფორმაციებით ისარგებლონ“.
თბილისს პრეტენზიები რუსეთის ფედერაციამაც წაუყენა – საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს გააქტიურების გამო, რომელიც ამას წინათ ჩატარებულ მასშტაბურ ერთობლივ სამხედრო წრთვნებს „ღირსეულ პარტნიორ-2016“-ს გულისხმობს. „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამ წრთვნების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ამ ფონზე საქართველოს უარი ჟენევის დისკუსიაზე ერთობლივი განცხადების გაკეთების თაობაზე (ძალის არგამოყენების შესახებ) თბილისის არაკონსტრუქციულ მოქმედებას ნიშნავს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოლაპარაკების 36-ე რაუნდის შედეგებთან დაკავშირებით.
«Дагестанская правда» (რუსეთი), 16 ივნისი, 2016 წელი
http://www.dagpravda.ru/rubriki/obshchestvo/27457085/
მაპატიე, გენაცვალე!…
სტატიაში დაღესტნელებისა და ქართველების ურთიერთობაა გადმოცემული, კერძოდ, თუ როგორ მოუხადა ბოდიში მახაჩკალელმა ჟურნალისტმა თბილისელ ბიზნესმენს ისტორიული „ლეკიანობის“ გამო (ავტორი – აბდურაჰმან მაჰომედოვი).
„როცა საქართველოს საზღვარზე აღმართული მთების ამ სურათს ვუყურებ, ყოველთვის მახსენდება ქართველი კაცი, სახელად ლერი. გვარი არ მახსოვს, არ მიკითხავს. ისე მოხდა, რომ ერთხელ სარედაქციო კორპორატივის აღნიშვნა მახაჩკალაში, ჩვენი რედაქციის შენობასთან ახლოს მდებარე რესტორან „თბილისში“ გადავწყვიტეთ. ბევრმა ძალიან აქო ქართული კერძები და ღვინოები – „საერავი“, „მუკუზანი“, „ხვანჭკარა“… მოკლედ, მოლოდინმა გაგვიმართლა – რესტორნის მფლობელი ლერი და ქართველი მშვენიერი გოგონა ჟურნალისტებს ხაზგასმული თავაზიანობით გვემსახურებოდა. როგორც ჟურნალისტებმა ვიცით ხოლმე, ლერი ივანოვიჩთან საუბარი გავაბი. იგი მომიყვა თავისი კომერციული პროექტის თაობაზე, თუ როგორ ჩამოვიდა მახაჩკალაში, მე კი ჩემს შესახებ. ლაპარაკში თანდათან „ლეკიანობის“ თემა ამოტივტივდა: „ლეკიანობა“ ისაა, როცა ჩვენ დაღესტნელები, თავს ვესხმოდით ხოლმე მეზობელ საქართველოს ანუ „ცორს“, როგორც იმ დროს ავარელები ამ ქვეყანას ვუწოდებდით.
რა თქმა უნდა, ლეკიანობაში კარგი არაფერი არ იყო, მით უმეტეს, ჩემთვის: ჩემი პაპის პაპა ქამათლა ხომ ცნობილი ბელადი იყო და მრავალჯერ დაცემია თავს მთებს იქით მდებარე კახეთს. მისი საფლავი მშობლიურ აულში არ არის, ერთ-ერთი მორიგი თარეში დროს ქამათლა სადღაც ალაზნის პირზე დაეცა… ვიფიქრე, რომ ამაზე კარგი შემთხვევა ჩემი წინაპრების მიერ ჩადენილი ლეკიანობის გამო ბოდიშის მოსახდელად არ მექნებოდა და ჩანაფიქრი შევასრულე კიდეც. ლერი ივანოვიჩიც ჩაფიქრდა. „რას ვიზამთ, დრო იყო ისეთი, – თქვა მან დუმილის შემდეგ, – შთამომავლები თავიანთ წინაპრების მოქმედებაზე პასუხს არ აგებენ. დღეს ჩვენ ქართულ ღვინოს ვსვამთ და მოდი, ცუდი დავივიწყოთ და კარგი ამბისა შევსვათ!“.
მე მაშინ ამ კეთილ ადამიანს შევეკითხე, თუ რას ნიშნავს ქართული სიტყვა „ლეკი“. „მაპატიე, მაგრამ მე არ გადავთარგმნი ამ სიტყვის მნიშვნელობას. უფრო კარგი იქნება აგიხსნა სიტყვები „გენაცვალე“, „ბატონო“, „კაცო“… ისინი უფრო კარგად ჟღერენ“, – მითხრა ლერი ივანოვიჩმა.
მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, რაც მახაჩკალაში არ ვყოფილვარ. დავბრუნდი და ერთი მეგობარი რესტორან „თბილისში“ დავპატიჟე… სამწუხაროდ, იმ ადგილზე ვერანაირი რესტორანი ვეღარ ვიპოვე…
ნეტავ სადაა ლერი ივანოვიჩი და ის ქართველი გოგონა, რომელიც მე „ლეზგინკის“ ცეკვაში გამოვიწვიე?
ვერავინ ვერაფერი მითხრა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ისინი კარგად არიან… ლეკიანობა ხომ დიდი ხანია დამთავრდა, ასე არაა?
აი, ამ სურათზე კი დიკლოსმთაა აღბეჭდილი, რომლის იქით საქართველოა. იქ დადიოდა სათარეშოდ ჩემი წინაპარი… დიახ, მკაცრი დრო იყო, ადათ-წესებიც… მაგრამ დღეს, როცა ამ თოვლიან მწვერვალებს ვუყურებ, მინდა ვთქვა: „მაპატიე, გენაცვალე!“.
ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი კეთილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, ერთამანეთს უნდა დაეხმარნონ, წყენა დაივიწყონ და შთამომავლებს მტკიცე მეგობრობა დაუტოვონ. დაე, ასე იყოს!