«The Washington Post» (აშშ): ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მარტო დატოვეს
«The National Interest» (აშშ): ნატომ რუსეთის შევიწროვება უნდა შეწყვიტოს
———————-
«The Washington Post» (აშშ), 17 ივნისი, 2016 წელი
ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მარტო დატოვეს
ჯუდი დემპსი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
თინათინ ხიდაშელი არ მალავს თავის მოუთმენლობას ნატოში [ინტეგრირების] მიმართ. როგორც თავდაცვის მინისტრი, იგი გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ნატოს წევრები მისი ქვეყნისათვის „მაპ“-ის მიცემაში დაერწმუნებინა. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო დადგებოდა შეუქცევად გზაზე სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მიზნით, სადაც აშშ ლიდერობს. გარდა ამისა, ამით საბოლოოდ აღმოიფხვრებოდა უსაფრთხოების ის ვაკუუმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში შეიქმნა, რუსეთის საქართველოში შეჭრის შედეგად.
და მაინც, ნატოს სამიტიდან, რომელიც ვარშავაში 8-9 ივლისს უნდა გაიმართოს, საქართველოს მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ აქვს. „მაპ“-ს საქართველო ვერ მიიღებს – ეს საკითხი სამიტის დღის წესრიგში არ დგას. „ნატოს წევრი ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემას მხარს უჭერს“, – აცხადებს ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა თემის დელიკატურობის გამო, – შევთანხმდით, რომ ვარშავის სამიტის წინ დებატების თავიდან ასაცილებლად, ალიანსის გაფართოების საკითხის განხილვა დეკემბრისთვის გადატანილიყო“. მაგრამ არც ის არაა გარკვეული და არავინ იცის, მიეცემა თუ არა „მაპ“-ი თბილისს თუნდაც დეკემბერში.
იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრენი არიან, განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ალიანსში ჩერნოგორიის მიღება, რომელიც ვარშავის სამიტზე ნატოს 29-ე წევრი გახდება. თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ეს ბალკანური ქვეყანა საკმაოდ კორუმპირებულია, მას საქართველოსთან შედარებით, ძალიან მცირე წვლილი აქვს შეტანილი ნატოს [სამშვიდობო] მისიებში და არც მასშტაბური სტრუქტურული რეფორმები არ გაუტარებია თავდაცვის სფეროში, ანუ ისეთი, როგორიც თბილისმა განახორციელა.
საქართველოსთვის „მაპ“-ის მინიჭებისა და საერთოდ, ნატოში გაწევრიანების საკითხში მთავარ მოწინააღმდეგეებად საფრანგეთი და გერმანია გამოდიან. ბერლინი და პარიზი მიიჩნევენ, რომ ამით რუსეთის პროვიცირება მოხდება: მოსკოვმა ხომ უკვე გამაფრთხილებლად განაცხადა – თუ საქართველო (ან უკრაინა) ოდესმე ნატოში გაწევრიანდებიან, ამას [მძიმე] შედეგები მოჰყვებაო. გარდა ამისა, საფრანგეთი და გერმანია თვლიან, რომ საქართველოს ვერ დაიცავენ – ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს.
თინა ხიდაშელი ძალიან ნაწყენია ასეთი პოზიციით: გამოდის, რომ ბერლინი და პარიზი თვლიან – რუსეთს შეუძლია ვეტო დაადოს საქართველოს სტრატეგიული მიმართულებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე? „ძალიან ბევრს ლაპარაკობენ რუსეთზე, ძალიან არიან შეშფოთებულნი იმით, თუ რას ამბობს რუსეთი, მაგრამ ძალიან ცოტას ამბობენ იმაზე, რას ითხოვს ნატო“, – თქვა ინტერვიუში თინა ხიდაშელმა, – „აქ საკითხი ეხება ნატოს ავტორიტეტს და მისი დაპირების შესრულებას საქართველოს ალიანსის წევრად მიღების თაობაზე“.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, 2008 წლის მარტში, გერმანიამ და საფრანგეთმა უარი განაცხადეს და ვეტო დაადეს საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემის საკითხს, თუმცა, ამის მიუხედავად, არ გამოირიცხა რომელიმე ეტაპზე ნატოში მისი მიღება. ხუთი თვის შემდეგ კი რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ამ ფაქტმა ნატოს ზოგიერთი წევრს კითხვა გაუჩინა – შეჩერდებოდა თუ არა კრემლი იმ შემთხვევაში, საქართველოს რომ “მაპ“-ი ჰქონოდა ან წევრად ყოფილიყო მიწვეული?
თინა ხიდაშელს ეჭვი არ ეპარება, რომ ნატოს მიერ გამოვლენილი ასეთი „სტრატეგიული სიბრმავე“ საქართველოსა და საერთოდ, რეგიონის უსაფრთხოებისათვის არაშორსმჭვრეტელურ პოლიტიკას წარმოადგენს. „ის, რომ საქართველოს „მაპ“-ს არ აძლევენ, ფაქტიურად, რუსეთის მხარდაჭერასა და წაქეზებას ნიშნავს. ესე იგი, რუსეთს შანტაჟი გასდის“, – ამბობს თავდაცვის მინისტრი.
სხვა საკითხებში ბრიუსელს, სადაც ევროკავშირის სტრუქტურებია დაფუძნებული, საქართველოსთან ასე თუ ისე გარკვეული კურსი გააჩნდა. მაგრამ ბოლო დრომდე. თვითონ განსაჯეთ: 2014 წელს ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების (თავისუფალი ვაჭრობის) შეთანხმება გააფორმა, რის შედეგად 2015 წელს ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 12%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, აღნიშნული შეთანხმებას ამ ზაფხულისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებაც უნდა მოჰყოლოდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ… გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ ეს საკითხი დაბლოკეს, თანაც მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ვიზალიბერალიზებისთვის ყველა პირობა შესრულებული აქვს.
გერმანია აცხადებს, რომ საქართველოს მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მრავალი შიდა დაპირისპირება ღრღნის, ბევრი არაფერი გაუკეთებია მაფიოზური დაჯგუფებებისა და ბანდების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპაში დამნაშავეებს გზავნიან. ოფიციალური ბერლინის მტკიცებით, გერმანიაში ყველაზე მეტ ქურდობას სწორედ ისინი სჩადიან, თუმცა გერმანული პოლიციის წარმომადგენლები მსგავს ბრალდებას უარყოფენ.
სავიზო რეჟიმის გაუქმებისადმი გერმანიის ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატი კანცლერი ანგელა მერკელი შფოთებულია ქვეყანაში იმიგრანტთა რაოდენობის მატებით, რომელიც ანტიისლამისტურ განწყობებსა და ევროსკეპტიციზმის ზრდას იწვევს. ანგელა მერკელი მმართველი კოალიციის ერთიანობას უფრთხილდება, პარალელურად ყურადღებას აქცევს ევროსკეპტიკური პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ განცხადებებს, ამიტომაც სურს კანცლერს საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის გადადება.
„საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა მივცეთ“, – ამბობს ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანგელა მერკელის თანაპარტიელი, – „მაგრამ ჯერ უსაფრთხოების ზომები უნდა მივიღოთ, რათა, საჭირო დროს [უვიზო რეჟიმის შეთანხმების ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში], მისი შეჩერება შეგვეძლოს“.
მაგრამ იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, პოლონელი დეპუტატი, რომელიც ევროპარლამენტის იგივე კონსერვატიულ დაჯგუფებას მიეკუთვნება, რომელშიც ელმარ ბროკია გაერთიანებული, თვლის, რომ საქართველო უვიზო რეჟიმის მიცემის ღირსი არ არის. „ქართული ოცნება“ ძირითად უფლებებს ფეხქვეშ თელავს“, – ამბობს იგი. ევროპარლამენტის წევრის მტკიცებით, საქართველოში მასმედია „ქართული ოცნების“ მთავრობის წნეხის ქვეშაა, მაგალითად, ტელეკომპანია „რუსთავი-2“, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. მართლაცდა, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ 2012 წლიდან, ანუ ხელისუფლებაში მოსვლისტანავე, „ქართული ოცნება“ ყოფილი „ნაციონალი“ მინისტრების წინააღმდეგ ვენდეტას ახორციელებს. „ევროკომისია ყოველივე ამაზე თვალს ხუჭავს“, – აცხადებს იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.
შემოდგომაზე საქართველოში პარლამენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ ევროპისაგან მხარდაჭერის მიღება სურს. მისი პოპულარობა კლებულობს, რადგან დაპირება დასაქმების თაობაზე, მცდელობის მიუხედავად, არ სრულდება. ამ ფონზე მატულობს დასავლეთისადმი იმედგაცრუება.
საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები მოწმბს, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის აგვისტოს შორის პერიოდში ევროკავშირთან ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა 85%-დან 615-მდე შემცირდა. გარდა ამისა, დაიკლო ნატოსადმი მხარდაჭერის დონემაც – 81%-დან 69%-მდე.
ასე რომ, საქართველოში რუსეთისათვის ხელსაყრელი ვითარება იქმნება: პრორუსული პარტიები, მოძრაობები, ოლიგარქები და რუსული ტელევიზია ქართველებს არწმუნებენ, რომ მათ დასავლეთი ყიდულობს და ამიტომ ორიენტირებია შესაცვლელი. „ამდენი ლოდინი მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს“, – ამბობს თინა ხიდაშელი, – „საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები ევროპისაგან უყურადღებობას თავიანთ ინტერესებისათვის იყენებენ, ისინი ამ სიტუაციით ნამდვილად ისარგებლებენ“.
———-
ჯუდი დემპსი არის კარნეგის ფონდის ევროპული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, იგი ხშირად აქვეყნებს სტატიებს „ინტერნეიშენელ ჰერალდ ტრიბიუნში“, „ფაინენშელ თაიმსში“, აგრეთვე „აირიშ თაიმსსა“ და „ეკონომისტში“.
«The National Interest» (აშშ), 17 ივნისი, 2016 წელი
http://nationalinterest.org/blog/the-skeptics/nato-must-stop-crowding-russia-16607
ნატომ რუსეთის შევიწროვება უნდა შეწყვიტოს
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
სტატიაში გაკრიტიკებულია ნატოს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში და პოლონეთში დამატებითი სამხედრო ნაწილების განლაგების თაობაზე. პუბლიკაციის ავტორი ტედ კარპენტერი მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევს ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან. „აშკარაა, რომ ნატოელებს სჯერათ, რომ ამით კრემლს დააშინებენ და მოსკოვი უკან დაიხევს. არადა, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პარანოიდალურ გარემოცვას რომ თავი დავანებოთ, დასავლეთის ანტირუსული მოქმედება უბრალო და სარად მოაზროვნე რუსებსაც კი შეაშფოთებს, რადგან საკითხი მათი სახელმწიფოს ინტერესებს და უსაფრთხოებას ეხება“, – აღნიშნულია სტატიაში.
სანამ რუსეთთან ნეგატიური დამოკიდებულება მეორე ცივ ომში არ გადაზრდილა, დასავლელმა ლიდერებმა მოსკოვთან თავიანთი დამოკიდებულება უნდა შეცვალონ. თუ პირველ ცივ ომში საბჭოთა კავშირი ბევრ რამეში ტყუოდა და დასავლეთი მართალი იყო, ახლა პირიქიტაა – პასუხისმგებლობა უფრო მეტად შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, დასავლეთი და უპირველესად ვაშინგტონი ჯიუტად არ თმობს მცირე პოზიციებსაც კი რუსეთთან ურთიერთობაში. ეს პოლიტიკა ორივე პარტიას – რესპუბლიკურ და დემოკრატიულსაც ახასიათებს – თუ ადრე რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის დროს სახელმწიფო მდივანი კონდლიზა რაისი მწვავედ აკრიტიკებდა კრემლს, ახლა იგივეს აკეთებს დემოკრატ ბარაკ ობამას დროინდელი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ისინი თეორიულადდაც კი უარყოფენ გავლენის სფეროების ლეგიტიმურობას. კონდოლიზა რაისის დროს აშშ-ის ანტირუსული პოლიტიკის ბიძგად საქართველოსთან კონფლიქტი იქცა, ხოლო ჯონ კერისათვის – ყირიმის ანექსია.
ორივე პარტიაში არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთი აგრესიული ექსპანსიონისტური სახელმწიფოა. მაგრამ რა საფუძველი აქვს ასეთ მტკიცებას? ცივი ომის დროს მოსკოვს მესიანისტური გლობალური იდეოლოგია ასაზრდოებდა, დღევანდელ რუსეთში კი ასეთი რამ აღარ არის. გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირი აქტიურად ცდილობდა თავისი გავლენა დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეშიც გარცელებინა, დღევანდელი რუსეთის გავლენის სფერო კი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპით, ცენტრალური აზიით და შავი ზღვითაა შემოფარგლული. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ რეგიონებს აშკარად აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთისათვის, თავდაცვითი განწყობის შემთხევაშიც კი…
რასაკვირველია, რუსეთის ზოგიერთი გეოპოლიტიკური ნაბიჯი უხეშია და ხისტად გვეჩვენება. მაგალითად, ასეთი მოქმედება აშკარად გამოჩნდა [2008 წელს], როცა კრემლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლაში დაეხმარა. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის ყირიმის ანექსიისა და დონბასელი სეპარატისტებისადმი დახმარების მიმართაც. მაგრამ აქ ასეთი კითხვა უნდა დავსვათ: განა რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები თავისი უხეშობით დასავლეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ჩამოაუვარდება? განა სერბეთისაგან კოსოვოს ძალადობრივი გამოყოფა ნატოს დახმარებით იგივე არ არის? განა ნატოს წევრი თურქეთის მოქმედება კვიპროსის მიმართ რუსეთის მოქმედებას არ ჰგავს? არადა, თავისი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რუსეთს, სხვებტან შედარებით, ამგვარი ნაბიჯების გადასადგმელად უფრო მეტი სერიოზული საფუძველი აქვს.
ამერიკელებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, როდიდან გახდა შეერთებული შტატების უსაფრთხოებისათვის საჭირო ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ბედი? ანდა რატომ მიიჩნევს ვაშინგტონი [რუსეთის მოსაზღვრე] საქართველოს და უკრაინას თავისი ინტერესების სფეროდ? საქმე კი იმაშია, რომ დღეს ჩვენ მათი უსაფრთხოების საკითხი ისეთ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მზად ვართ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის და უფრო მეტი – სრულმასშტაბიანი ომის რისკზეც კი წავიდეთ. რა შედეგები ექნება ბირთვული არსენალის მქონე რუსეთთან ომს, ცხადია. ასე რომ, ამგვარი პოლიტიკის გატარება უაზრობაა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოტა კავშირის დაშლამდე და სხვა პერიოდებშიც, რუსეთის იმპერიის არსებობის ჯამს, ეს ქვეყნები მოსკოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. მაგალითად, სანამ სკკპ გენმდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი 1954 წელს ყირიმს უკრაინას გადასცემდა, მანამ ეს ნახევარკუნძული რუსეთის სემადგენლობაში შედიოდა – 1783 წლიდან. იმ დროს შეერთებული შტატებისათვის ამ რეგიონს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაშ, რატომაა დღეს მნიშვნელოვანი? გასაგებია, რატომაც: რუსეთი დასუსტებულია, მოსახლეობა კლებულობს, უამრავი ეკონომიკური პრობლემა აქვს, შესაბამისად, ახლა ამერიკას და მის მოკავშირეებს კონფრონტაციაზე წასვლა შეუძლიათ…
ის დიდი სახელმწიფოები, რომლებთაც ჭკვიანი ლიდერები ჰყავთ, პატივისცემით ეპყრობიან სხვა დიდი სახელმწიფოების უსაფრთხოების ზონებს და გავლენის სფეროებს. გეოგრაფია მნიშვნელოვანი ფაქტორია. არცერთ დიდ ქვეყანას არ მოეწონება, როცა სხვა სახელმწიფო მის უშუალო გეოგრაფიულ არეალთან ახლოს რაღაც სამხედრო სამზადისს იწყებს. აბა, წარმოვიდგინოთ აშშ-ის რეაქცია, როცა ჩინეთი ან ინდოეთი კარიბის ზღვის ზონაში ან ცენტრალურ ამერიკაში კლიენტ ქვეყანას (მოკავშირეს) გაიჩენენ და იქ სამხედრო კონტინგენტის განლაგებას შეეცდებიან…. ჩვენ სრულიად სამართლიანად ჩავთვლით ასეთ მოქმედებას საფრთხის შემცველად და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. მაშ, რატომ გვგონია და ვფიქრობთ, რომ რუსეთმა წყნარად უნდა შეხედოს, ან ყურადღება არ უნდა მიაქციოს ნატოს მოქმედებას ბალტიისპირეთსა და შავ ზღვაზე? აშკარაა, რომ დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური კურსი ტრაგიკული ინციდენტების გამომწვევი შეიძლება გახდეს.
————-
ტედ კარპენტერი არის აშშ-ის კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, იგი „ნეიშენელ ინთერესთის“ რედაქტორიცაა, ავტორია მრავალი წიგნისა და გამოკვლევისა საერთაშორისო პრობლემებზე.