„რეზონანსი“: უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის პრობლემები: უკრაინის ანტიკორუფციულში კვლავ სააკაშვილის დანიშვნაზეა საუბარი
„რეზონანსი“: ქართველი ჯიჰადისტები სირიაში
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „პანკისიდან საფრთხეს არ ველოდები“
————————
„რეზონანსი“, 14 იანვარი, 2015 წელი
უკრაინა-საქართველოს ურთიერთობის პრობლემები: უკრაინის ანტიკორუფციულში კვლავ სააკაშვილის დანიშვნაზეა საუბარი
სტატია ეხება უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნის ტენდენცია, კერძოდ, ყურადღება ამჯერად გამახვილებულია ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარის ვინაობაზე., ამ ფონზე მიმოხილულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობის პერსპექტივაც (ავტორი – ეკატერინე ბასილაია).
“ის, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარეობის ყველაზე სავარაუდო კანდიდატებმა, ამერიკელმა ბოგდან ვიტვიცკიმ და იტალიელმა ჯოვანი კესლერმა ამ პოსტის დაკავებაზე უარი თქვეს, ადგილობრივი მედიის ვარაუდით, ეს ქართველი კანდიდატების შანსს ზრდის, რომელთა შორის არაოფიციალურად მოიაზრებიან მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს: “პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერობაზეც უარი თქვა და განმარტა, რომ მას გეგმები საქართველოსთან დაკავშირებული აქვს და ის საქართველოს მოქალაქეობას ვერ შეელეოდა”, – განმარტავს მისი თანაპარტიელი გიორგი ბარამიძე.
დანიშნავს თუ არა უკრაინის ხელისუფლება ძებნილ ადეიშვილს ამ თანამდებობაზე, იქნება თუ არა ეს ერთგვარი დემარში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და რა რეაქცია ექნება “ოცნების” ხელისუფლებას – ამის შესახებ წინსწრებით საუბარი საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს. თუმცა ეს ფაქტი თბილისში დიდ უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, როდესაც ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში და ეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაზე საზიანოდ აისახებაო. პრემიერის თქმით, ის ვერ აუხსნის ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ადეიშვილი, თუმცა ადეიშვილის დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება თუ არა, მინისტრების ან მისი ვიზიტი ჩაიშალოს, ამაზე წინსწრებით კომენტარები არ კეთდება. სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს კიევს ქართველ მინისტრთა ჯგუფი ესტუმრება, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში”, – აღნიშნულია სტატიაში.
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ ვინც უნდა დაინიშნოს უკრაინაში თანამდებობაზე, ვიზიტი უნდა შედგეს. მით უმეტეს, რომ ვიზიტს ისედაც დაგვიანებულად მიიჩნევენ. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, თუნდაც ადეიშვილი რომ დაინიშნოს უკრაინაში რაიმე თანამდებობაზე, ამის დემარშად აღქმა უკრაინა-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობისთვის სწორი არ იქნება. უხერხულია, მაგრამ პირადად ყოფილ ქართველ ჩინოვნიკებთან შეხვედრა არ მოუწევთ და, ამდენად, პრაგმატული ურთიურთობა უნდა შენარჩუნდეს და პიროვნული თუ პარტიული ურთიერთობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში არ უნდა ავურიოთ. “თუკი უკრაინაში ადეიშვილი დაინიშნება, ამაზე პასუხისმგებლობას უკრაინის ხელისუფლება იღებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ მასზე სს საქმეა აღძრული და უკრაინის გადასაწყვეტია, უღირს თუ არა ასეთი პირის დანიშვნა ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე. ეს მათი პრობლემაა. მესმის, რომ ეს ბევრისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ამის გამო ურთიერთობა შევწყვიტოთ უკრაინასთან, ეს გამართლებული არ არის. ამის გამო ვიზიტზე უარი არაფრით არ უნდა ითქვას. ეს ბავშვური გულუბრყვილობა იქნება და არ მგონია, ხელისუფლებამ ეს დაუშვას,” – ამბობს პოლიტოლოგი კორმნელი კაკაჩია. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან დაკავშირებით სტრატეგიული ინიციატივა დიდი ხანია დაკარგა და ის “ნაციონალურ მოძრაობას” გადაულოცა. მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ერთი კვირის წინ საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა, ეს და უკრაინის საკითხიც იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ ერთგვარად აღიარა საგარეო ურთიერთობაში არსებული პრობლემები. თუმცა ამ ერთგვარი აღიარების მიუხედავად, მაინც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ვიზიტი იმიტომ კი არ დაიგეგმა, რომ ხელისუფლებამ გაიაზრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინა-საქართველოს ახლო ურთიერთობის შენარჩუნება, არამედ უფრო განპირობებულია შიდა პოლიტიკური მიზნებით, თუნდაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და იმ დანიშვნებთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა, რომ უკრაინის პოლიტიკური პარტიების და ლიდერების მნიშვნელოვანი პარტნიორი გამხდარიყო. იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნება” ამაში გაჯიბრებოდა და უკრაინაში პარტნიორი პოლიტიკური ძალები ეპოვნა, ეს წაგებულ ბრძოლად ჩათვალა და ამისთვის არც უბრძოლია. ხელისუფლება არც ევროპაში ეძებს დასაყრდნობ პოლიტიკურ ძალებს და ურთიერთობები არ გაუღრმავებიათ. არ ვიცი, ინტელექტუალური ინტერესი არ აქვთ, თუ არ სცალიათ. “ნაციონალებმა” კი ამგვარი ურთიერთობების მოპოვებისთვის, თუნდაც ევროპის სახალხო პარტიის დაახლოებისათვის ძალიან დიდი რესურსები ჩადეს”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ “უკრაინის კრიზისის ფონზე საქართველოს ჰქონდა შანსი ჩამოეყალიბებინა სტრატეგიული ტრიო – უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შემადგენლობით. “ამ ქვეყნებმა მოაწერეს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და საჭირო იყო ერთიანი ხედვის, კონცეფციის ჩამოყალიბება დასავლეთთან, მათ შორის ევროკავშირთან და აშშ-სთან მიმართებაში. ამ სამი ქვეყნის, როგორც ერთიანი სტრატეგიული სივრცის, განხილვა, რომლის მიმართაც დასავლეთს ერთიანი ხედვა ექნებოდა. ისე, როგორც თავის დროზე ბალტიის სახელმწიფოებმა გამოიყენეს ასეთი მცდელობა. ეს კი საქართველომ არ გამოიყენა, რისთვისაც უკრაინასთან მეტი სოლიდარობით შეეძლო მიეღწია,” – აღნიშნავს კაკაჩია.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ქართული მხარისთვის რთული ვიზიტი იქნება, მაგრამ კონტაქტი ყოველთვის სჯობს გაბუტვას, თუნდაც იმისთვის, რომ საქართველოს პოზიცია უფრო მკაფიო გახდეს. “ქართულმა მხარემ მაქსიმალურად უნდა სცადოს საკუთარი პოზიციის გატანა უკრაინულ მხარესთან. ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას გარკვეული თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში რეალობის შეგრძნება ღალატობს. თუ ქართული დელეგაციის ჩასვლის შემდეგ პოროშენკომ სიტუაცია შეცვალა, მაშინ ხომ ვიტყვით, ამ ჩასვლას აზრი ჰქონდაო?! ბოიკოტი კი არაფერს შეცვლის, ამიტომ ჩასვლა აუცილებელია,” – ამბობს საყვარელიძე.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” უკრაინასთან ურთიერთობის უფრო შორი ფესვები აქვს, “ქართული ოცნება” საერთოდ რომ არ არსებობდა, იმდროინდელი, ამიტომაც ამ საკითხში შეჯიბრი “ოცნებისთვის” უშედეგო იქნებოდა. თუმცა ფაქტია, რომ პარტიული წყენა მაინც წინა პლანზე გადმოვიდა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა უკრაინის მთავრობაში დანიშვნამ ქართული საზოგადოების დიდ ნაწილშიც კი უკრაინის მიმართ გარკვეული უნდობლობა გააჩინა, რადგან, საყვარელიძის აზრით, 90%-ისათვის “ნაციონალები” მიუღებლები არიან და, შესაბამისად, მიუღებელი იქნება ის, ვინც “ნაციონალებზე” ააწყობს ხელისუფლებას. “მიუხედავად ამისა, უკრაინა და საქართველო მაინც მუდმივად ერთად განიხილება. უკრაინისა და საქართველოს ბედი პოსტსაბჭოთა პერიოდში დაახლოებით ერთნაირად ვითარდებოდა, ხავერდოვანი რევოლუციების სინქრონი იყო პოლიტიკური პარტნიორობის ერთ-ერთი საფუძველი. შემდეგ იყო ეკონომიკური პარტნიორობა. ახლა კი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ეს პარტნიორობა ყველაზე მკაფიოდაა გამოკვეთილი. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ერთად მოიხსენიება საქართველო და უკრაინა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გაახსენა მსოფლიოს უკრაინის მიმართ განხორციელებულმა ახლანდელმა აგრესიამ და ითქვა კიდეც, რადგან მაშინ არ მივეცით შესაბამისი რეაქცია, იმიტომაც მოხდა უკრაინაში ეს ამბავი. დღეს მსოფლიო გვიყურებს, როგორც ერთ ბედს ქვეშ მყოფ ქვეყნებს და, ბუნებრივია, ამ ქვეყნებმა საერთო უნდა გამონახონ. ოღონდ საერთოს ვერ გამონახავენ, თუკი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოზიციას ანგარიში არ გაუწია”, – დასძენს საყვარელიძე.
„რეზონანსი“, 14 იანვარი, 2015 წელი
ქართველი ჯიჰადისტები სირიაში
ვასო შამუგია
(შემოკლებით)
სირიაში მებრძოლი ისლამისტური იდეოლოგიის გამტარებელი “ისლამური სახელმწიფოს” არმია სულ უფრო ინტერნაციონალური ხდება. როგორც ცნობილია, მის რიგებში ათასობით ევროპელი, კავკასიელი და აფრიკელი მებრძოლია. ქართული საზოგადოებისათვის აღნიშნულ კონფლიქტში თანამოქალაქეების მონაწილეობა სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა 26 წლის ბათუმელის, თამაზ ჭაღალიძის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მიმართვამ “საქართველოში მცხოვრები კაფირებისადმი”, ანუ არამუსულმანებისადმი, საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
„ყურადღება! საქართველოს კაფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში თუ საქართველოში, ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში. ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა კაგებეშნიკი, ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ვიცით ყველა თქვენი ნამოქმედარი. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური კაფირი სისხლით”, – ნათქვამია თამაზ ჭაღალაძის მიმართვაში.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დაახლოებით ასამდე მოქალაქე იბრძვის. მათი დიდი ნაწილი ეთნიკური ქისტია, მცირე ნაწილი კი – ქართველი. თუმცა აღსანიშნავია, რომ გაზეთ “ბათუმელებთან” ინტერვიუში თამაზ ჭაღალიძე ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 200-მდე ქართულად მოსაუბრე ისლამისტი იბრძვის.
კავკასიოლოგ ალეკო კვახაძის თქმით, თამაზ ჭაღალიძის მიერ გავრცელებული განცხადება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგანაც იგი ღიად ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის მოქალაქეებს. “იგი საუბრობს სისხლისღვრასა და საქართველოს თავზე “ისლამური სახელმწიფოს” დროშების ფრიალზე, ემუქრება ქართველ პოლიტიკოსებს, სამართალდამცავებსა და სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს, ასეთი პირები სპეცსამსახურებმა პირად კონტროლზე უნდა აიყვანონ”, – მიიჩნევს კვახაძე.
აღსანიშნავია, რომ სირიაში მებრძოლი აჭარლების გადაბირება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად ხდება არა ჩრდილოკავკასიური არხებიდან, როგორც ეს პანკისის ხეობაშია, არამედ თურქეთში მოღვაწე ისლამისტების მიერ. სწორედ ამ ფაქტორით ხსნის კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე იმას, რომ ქართველები უფრო მეტად რადიკალურნი არიან. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსულმანთა აბსოლუტური უმრავლესობა ზომიერ ისლამს ქადაგებს. მათთვის უცხოა რადიკალიზმი, ძალადობა და ტერორიზმი. მათ აქვთ ქართული იდენტობა და თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ.
„საჭიროა შესაბამისი თანამშრომლობა და დიალოგი ადგილობრივ მუსულმან სასულიერო პირებთან, რათა მათ რიგებში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში, რადიკალურმა, ფუნდამენტალისტურმა იდეებმა ფეხი ვერ მოიკიდოს. რადიკალიზმში შემჩნეულები კონტროლზე უნდა იქნენ აყვანილი, ოღონდ ეს პროფესიონალურად უნდა მოხდეს, ისე, რომ ისინი ამის შესახებ ვერაფერს მიხვდნენ”, – დასძენს ალეკო კვახაძე.
„ახალი თაობა“, 14 იანვარი, 2015 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „პანკისიდან საფრთხეს არ ველოდები“
ინტერვიუში სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველო უკვე მოხვდა „ისლამური ხალიფატის“ დარტყმების ქვეშ – ფრანგული კომპანია „კარფურის“ თბილისში ასებული ჰიპერმარკეტის საიტზე განხორციელებული კიბერშეტევა სწორედ ამ ფორმატში განიხილება (ესაუბრება გულიკო ბალაძე).
საფრანგეთში მომხდარი ტერაქტი, კიბერშეტევა ფრანგულ კომპანიის თბილისურ მაღაზიაზე… პლიუს კიდევ ის, რომ საქართველოში ამ დღეებში გავრცელდა რადიკალი ისლამისტის, სირიაში მყოფი აჭარელი მუსლიმანის თამაზ ჭაღალაძის მუქარა ქრისტიანებისადმი…
გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
ვახტანგ მაისაია: „ისლამურ ხალიფატთან“ უკვე შექმნილია სპეცსამსახურები. მის სემადგენლობაში მოიაზრება საველე მეთაური მუსლიმ მარგოშვილი, როიმელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს დაამთავრა სერჟენბურგში არსებული კავკასიის ინსტიტუტის დივერსიულ-სადაზვერვო სკოლა. მუსლიმ მარგოშვილი იყო ჰატაბისა და ვალოვის უშუალო თანაშემწე და კარგად ერკვევა დივერსიების დაგეგმვაში. გარკვეულწილად, არაა გამორიცხული, რომ თამაზ ჭიღლაძეც ამ სპეცსამსახურის ერთი-ერთი თანამშრომელი იყოს.
შეკითხვა: რამდენად შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული ჭიღლაძის განცხადება? გვემუქრება საფრთხე? ან მესამე მსოფლიო ომი?
ვახტანგ მაისაია: მე ამ მოსალოდნელ საფრთხეს სერიოზულად განვიხილავდი, რადგან საქართველო უკვე მოხვდა „ისლამური ხალიფატის“ დარტყმის ქვეშ. რადგან ნატომ უკვე გამოაცხადა უელსის სამიტზე ანტიხალიფატური კოალიციის ჩამოყალიბება და სამხედრო ოპერაციები სირიაში უკვე დაწყებულია, თავის მხრივ, ისლამურმა ხალიფატმა“ კონტრპასუხი განახორციელა. ასიმეტრიული საბრძოლო ოპერაციების კუთხით ომი უკვე დაწყებულია, თუმცა მესამე მსოფლიო ომზე საუბარი ცოტა გადაჭარბებული იქნებოდა…
„ალ-ქაიდას“ დაჯგუფებას კიბერარმია ჰყავს კავკასიაშიც, ეს არის რეალური საფრთხე, მათ შორის საქართველოსთვისაც..
შეკითხვა: პანკისთან დაკავშირებით თუ არსებობს საფრთხე?
ვახტანგ მაისაია: პანკისთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით საფრთხე არ არსებობს, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება ხეობაში სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებებს არ გაატარებს შესაძლოა საფრთხე მივიღოთ, ანუ ნიადაგი შეიქმნება. უფრო მეტი საფრთხე სხვა ტერიტორიებიდან არსებობს. ვგულისმობ არა მხოლოდ აჭარას… კიბერშეტევები ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება განხორციელდეს…
შეკითხვა: როგორ უნდა ებრძოლოს ასეთ საფრთხეებს საქართველოს ხელისუფლება?
ვახტანგ მაისაია: აუცილებლია შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია, ანუ უნდა შეიქმნას უწყებათაშორისო კომისია და დაიწყოს მუშაობა ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის მოსამზადებლად; ცვლიებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაშიც; პრევენცია უნდა მოხდეს იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიით ტერორიზმის ტრანზიტი არ მოხდეს; საქართველო აუცილებლად უნდა მიუერთდეს ევროკავშირის ანტიტერორისტული სტრატეგიის დოკლუმენტს; ასევე აუცილებელი იქნება ცვლილებების სეტანა სამხედრო სტრატეგიაში და გათვალისწინებულ იქნეს ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეები; ასევე უნდა შეიქმნას [პრემიერ-მინისტრის] სპეციალური თანაშემწის თანამდებობა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა სტრუქტურებს; უნდა შეიქმნას ანტიტერორისტული ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და მხოლოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება (დღეს შსს-ში ანტიტერორისტული დეპარტამენტის არსებობა საკმარისი არ არის).
საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ნატოს ეგიდით განხორციელებულ ტერორიზმთან ბრძოლის სამხედრო გეგმას და საქართველოს მიმართულებით ეროვნულ დონეზე შეიქმნას ამ სამხედრო გეგმის განხორციელების პროგრამა.
მოამზადა სიმონ კილაძემ.