«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: „მე პირადად ჩაკეტილი ადამიანი არ გახლავართ, ყველასთან შემიძლია სრულფასოვანი და ცივილიზებული ურთიერთობა“
«Каспiй» (აზერბაიჯანი): სომხური ლოგიკა: რა სინდისით ითხოვს ერევანი საქართველოსგან ალტერნატიულ გზას ცხინვალის გავლით?
———————-
«Известия» (რუსეთი), 06 ივლისი, 2016 წელი
http://izvestia.ru/news/620953
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: „მე პირადად ჩაკეტილი ადამიანი არ გახლავართ, ყველასთან შემიძლია სრულფასოვანი და ცივილიზებული ურთიერთობა“
კვირას აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებაა დაგეგმილი პრეზიდენტის ვადამდე არჩევის თაობაზე: გასარკვევია, უნდა დარჩეს რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად თუ უნდა გადადგეს ვადის დასრულებამდე. „იზვესტიის“ კორესპონდენტი მადინა შავლოხოვა რესპუბლიკაში შექმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციისა და ოპონენტებთან დიალოგის თაობაზე თვით რაულ ხაჯიმბას ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- კვირას, 10 ივლისს, აფხაზეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, რომლის ლეიტმოტივს ხელისუფლებისადმი ნდობის საკითხი წარმოადგენს: „თვლით თუ არა, რომ პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია?“. თქვენ იოლად დათანხმდით ოპოზიციის მოთხოვნას. რატომ?
- რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე, რათა საზოგადოებაში ოპოზიციის მიერ შექმნილი დაძაბულობა განეიტრალებულიყო. მე რომ უარი მეთქვა, ამას ოპოზიცია კვლავ გამოიყენებდა საპროტესტო აქციების დასაწყებად. ამრიგად, ჩვენ ვახდენთ მზადყოფნის დემონტრირებას დიალოგისათვის. მე პირადად ჩაკეტილი ადამიანი არ გახლავართ, ყველასთან შემიძლია სრულფასოვანი და ცივილიზებული ურთიერთობა.
- თქვენი არჩევიდან ორი წელი გავიდა. როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს? რა გაკეთდა და რის გაკეთება ვერ მოხერხდა?
- განვლილ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. მართალია, ძალიან დიდი შრომა და ენერგია იქნა დახარჯული, მაგრამ ჩვენ შევძელით საკუთარი თავისთვის დაგვემტკიცებინა – გვაქვს რეალური ფინანსური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. რის გაკეთება შევძელით? დაწყებულია სასამართლო რეფორმა, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს განმტკიცების პროცესი, იზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, პირველად იქნა შემოღებული სახელმწიფო ხაზინის სისტემა… ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა რეფორმების გატარება სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის მატების მიზნით. სახელმწიფო ხაზინის სისტემის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმაა. მის გარეშე თანამედროვე სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია. ამ ორი წლის მანძილძე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ეს დოკუმენტი სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის მრავალ სფეროს ეხება.
რა ვერ გავაკეთეთ? ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საზოგადოებაში სრული ურთიერთგაგება და ერთიანობა იყოს. ძალიან რთულია ბრძოლა კორუფციასთან. საკმაოდ ნელა მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა პარლამენტის ფორმირებისა და ხელისუფლების უფლებამოსილების გადანაწილების სფეროში. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხებს აუცილებლად მოვაგვარებთ.
- როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას?
- სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ეს ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის უმთავრესს საგარეო ფაქტორი წარმოადგენს.. ინფლაციის ზრდა, ფასების მატება და რუბლის მსყიდველობითი უნარიანობის შემცირება არ შეიძლებოდა, რომ ჩვენს ეკონომიკაზე არ ასახულიყო. ამ ფონზე ჩვენ მაინც შევძელით სამრეწველო წარმოების მატება დაფისირებულიყო (2,1 მილიარდი რუბლით), ასევე მატებაა ტურიზმის სფეროშიც (600 მილიონი რუბლით), მომსახურების სფეროში (900 მილიონით). ბიუჯეტის შემოსავლები 20%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის თვითკმარობაზე ვილაპარაკოთ.
- თქვენ ბრძანეთ, რომ რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციაც საკმაოდ რთულიაო…
- პოლიტიკური ვითარება მართლაც რთულია. გრძელდება ქვეყნის სახელმწიფოებრივი განმტკიცება-განვითარების პროცესი. ამასთან, საზოგადოებაში არსებობს პლურალისტური მიდგომები პოლიტიკური რეფორმების განხორციელების საკითხებში. ჩემი აზრით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და პარტიების განვითარება პოზიტიურია. დარწმუნებული ვარ, რომ მათი რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება, [ანუ პარტიები უფრო თანამედროვე, დემოკრატიულ, ცივილიზებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბდებიან]. ვფიქრობ, ამ გზას აფხაზი ხალხი ღირსეულად გაივლის.
- უკვე ზაფხული დადგა, შვებულებებეის პერიოდი. როგორ მიდის ტურისტული სეზონი? რა პრობლემები ექმნებათ ჩვენს სტუმრებს აფხაზეთში და რით ეხმარება მათ აფხაზეთის ხელისუფლება? მხედველობაში მაქვს საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სირთულეები. ისეთივე დიდი საცობებია, როგორც წინა წლებში იყო თუ დღეს სიტუაცია გაუმჯობესებულია?
- დიახ, ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს შარშანდელზე უფრო მეტ სტუმარს ვუმასპინძლებთ. გეთანხმებით: სამწუხაროდ, საზღვრის გადაკვეთის დროს ჩვენი სტუმრები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან… თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მხრრივ სიტუაცია შესამჩნევადაა გაუმჯობესებული.
- როგორია ურთიერთობა საქართველოსთან – მიმდინარეობს რაიმე მოლაპარაკება თუ არა?
- ამჟამად საქართველოსთან არანაირი ორმხრივი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. კონტაქტები მხოლოდ ჟენევის დისკუსიების დროს გვაქვს.
————–
ინტერვიუ გაზეთ „იზვესტიაში“ უკვე მზად იყო დასაბეჭდად, როცა გუშინ, 5 ივლისს, დღის მეორე ნახევარში სოხუმში სიტუაცია დრამატულად განვითარდა: საგანგებო ყრილობაზე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო რეზოლუცია რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანის თაობაზე, რადგან „ამჟამად მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვა შეუძლებელია“. ოპოზიციამ ასევე მოითხოვა აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძიაპშიბას გადადგომაც. მოგვიანებით უსანქციო საპროტესტო აქცია გაიმართა სამინისტროს შენობასთან, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა შენობა დააზიანეს, გაჩნდა ხანძარიც. შეხლა-შემოხლაში დაახლოებით 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 16 მილიციელია.
რაულ ხაჯიმბამ წუხელ, გვიან ღამით, ტელევიზიით გამოსვლისას მომხდარი ამბები დესტაბილიზების მცდელობად შეაფასა და განაცხადა, რომ სიტუაციის სრულად გამოძიების მიზნით, მინისტრი დროებით თანამდებობიდანაა გადაყენებული. რაულ ხაჯიმბას განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეები დაიშალნენ. რაც შეეხება რეფერენდუმის თარიღის გადატანის საკითხს, პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რეფერენდუმი 10 ივლისს გაიმართება, ანუ გადატანილი არ იქნება და ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო (წყარო: http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/3432808).
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 06 ივლისი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=43463#.V3yXpP49Ls0
სომხური ლოგიკა: რა სინდისით ითხოვს ერევანი საქართველოსგან ალტერნატიულ გზას ცხინვალის გავლით?
„ნათქვამია, თავხედობას საზღვარი არ აქვსო, მაგრამ სომხების თავხედობა უსაზღვრო კი არა, უკიდეგანოა. მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, როცა თავიანთ მეზობელ საქართველოს უამრავ პრეტენზიას უყენებენ: ტერიტორიები, ეკლესიები, კულტურის ძეგლები… მაგრამ ის რაც ამ დღეებში მოხდა, თავხედობის ყოველგვარ საზღვარს სცილდება“, – აღნიშნულია სტატიაში სათაურით „ბუზი და კატლეტი ერევნულად“ (ავტორი – ალი იბრაჰიმოვი).
პუბლიკაციაშია საუბარია საქართველოს სამხედრო გზაზე შექმნილ სიტუაციაზე, როცა ღვარცოფის შედეგად გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა და მასზე მოძრაობა შეწყდა. რადგანაც ეს ავტომაგისტრალი სომხეთ-რუსეთის ერთადერთ დამაკავშირებელ კომუნიკაციას წარმოადგენს, სტიქიურმა უბედურებამ ხელი შეუშალა სომეხი მგზავრებისა და ტვირთების გადატანას. ამის გამო სომხური კომპანიები ზარალს განიცდიან. „რას ვიზამთ, სტიქია სტიქიაა, ბუნებას წინ ვერ აღუდგები. გზის რემონტი მიმდინარეობს. სხვები სიტუაციას შეურიგდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით, სომხები არ ისვენებენ, რომლებმაც თავიანთი სულელური პოლიტიკითა და მეზობლების ტერიტორიის სიხარბით საკუთარი თავი ბლოკადაში მოაქციეს. ჰოდა, გავრცელდა სენსაციური ამბავი – თურმე სომხებს ქართველებისთვის უთხოვიათ, ჩვენთვის ალტერნატიული გზა გახსენით, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხივალის რეგიონზე გადისო (ანუ სეპარატისტულ ე.წ სამხრეთ ოსეთზე). როგორც იტყვიან ხოლმე, ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ სომხებმა ხომ კარგად იციან, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონზე გამავალი გზა მათთვის „გაუვალია“? უფრო მეტიც – „სამხრეთ ოსეთი“ არ არის ის სუბიექტი, ვისთანაც ასეთი საკითხები შეიძლება შეათანხმო, რადგან საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ასეთ მოქმედებას კრძალავს“.
„საერთოდ, როცა სომხები ასეთ რაღაცეებზე ოცნებობენ და საქართველოგან შველას ითხოვენ, მათ ბევრი რამ ავიწყდებათ“, – წერს აზერბაიჯანელი ავტორი და იქვე იხსენებს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების თაობაზე, რომელსაც სომეხმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა – წინააღმდეგი წავიდა. „ბოლო-ბოლო, ხომ შეეძლო თავი მაინც რომ შეეკავებინა? მაგრამ რადგანაც ერევანს „მამა-მარჩენალის“ – რუსეთის გაბრაზება არ უნდოდა, ამიტომაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რუსეთმა ხომ ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა“.
„ისე კი, სხვა გამოცემებიც ადასტურებენ, რომ სომხებისთვის სინდის-ნამუსი არ არსებობს: აი, მაგალითად, როგორ წერს „კავკაზპლუსი“: „რადგან სომხები მაინცდამაინც არად დაგიდევენ მორალს და სინდისს, ამიტომაც მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. განა რა დიდი ამბავი მოხდა ისეთი, რომ სომხეთმა ხმა არ მისცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ლტოლვილთა დაბრუნებას აფხაზეთში? რა არის საწყენი? ლტოლვილთა საკითხი გზის საკითხს არ უკავშირდება, ანუ ქართველებმა ბუზი და კატლეტი ერთმანეთისაგან უნდა განასხვავონო. თანაც სომხების გაგებით, ბუზები ქართველები არიან, კატლეტი კი სომხეთის ინტერესები. გამოდის, რომ სომხებმა თავიანთი მეწვრილმანეობის გამო, რუსეთისაგან ოკუპირებულ ქართულ მიწაზე თავისუფლად უნდა იარონ, ქართველებს კი, იგივე სომხების პოზიციის თანახმად, იქ დაბრუნება არ შეუძლიათ. აი, სომხების ჭეშმარიტად ეგოისტური, მზაკვრული და ორსახოვანი პოლიტიკა“.
სტატიაში საუბარია აგრეთვე სომხეთის ინტერესებზე საქართველოს რკინიგზის მიმართაც: ერევანს მოუთმენლად სურს ამუშავდეს რკინიგზის ის უბანი, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტულ (რუსების მიერ ოკუპირებულ) რეგიონზე გადის: „დიახ, სომხები აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენასაც ითხოვენ – იმ აფხაზეთისა, სადაც მათ ამას წინათ თითქმის ავტონომია მოითხოვეს. მათ ისიც კი მოიტყუეს, რომ ქართული მხარე ამ საკითხზე სოხუმთან მოლაპარაკებას აწარმოებსო. რასაკვირველია, თბილისმა სომხების სიცრუე იქვე ამხილა და განაცხადა, რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
ერევანი შეეცადა აფხაზეთთან პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინა (იქაური სომხების დახმარებით), მაგრამ აფხაზებმა ერევანს სამაგიეროდ დამოუკიდებლად აღიარება მოსთხოვეს. გასაგებია, რომ თუ სომხეთი ამაზე წავიდოდა, მისთვის სიტუაცია ცუდად განვიტარდებოდა. აბა, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ: სომხეთი თანხმდება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, აფხაზები კი რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენას… რას იზამს საქართველო? თბილისი ისე ჩაკეტავს სომხეთთან საზღვარს, რომ ერევანი ხაფანგში მოექცევა და გარე სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი მოესპობა“.