globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 8th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): თუ ნატოსთან მიმართებით პროგრესი არ იქნება, მაშინ საქართველო რუსეთისაკენ გადაიხრება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო და მსოფლიო ვარშავის სამიტის მოლოდინში

«Deutsche Welle» (გერმანია): ნატოს ვარშავის სამიტი: რას ელოდება საქართველო

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ნატო საქართველოსა და უკრაინას თავის წევრებად არ მიიღებს“

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): ვლადიმირ პუტინი აფხაზეთზე ფიქრობს

«Комсомольская правда» (რუსეთი): აფხაზეთში რევოლუციის ინდურად მოწყობის სუნი დგას

———————-

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 8 ივლისი, 2016 წელი

http://uk.reuters.com/article/uk-nato-summit-georgia-idUKKCN0ZN11M

თუ ნატოსთან მიმართებით პროგრესი არ იქნება, მაშინ საქართველო რუსეთისაკენ გადაიხრება

მარგარიტა ანთიძე

(შემოკლებით)

თუ პოსტსაბჭოთა საქართველო ვერ დაინახავს იმის აშკარა და საგრძნობ ნიშნებს, რომ  ნატოში იქნება მიწვეული, მაშინ თბილისი კვლავ დაიწყებს დრეიფს რუსეთისაკენ –  თავისი ყოფილი მბრძანებლის ორბიტისაკენ.

ქართველი ჩინოვნიკები  პარასკევს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს სამიტს დაესწრებიან იმ გარანტიების მოლოდინით და იმედით, რომ ალიანსი ჯერ კიდევ 2008 წელს მიცემულ დაპირებას შეასრულებს – დადგება დრო და საქართველო ნატოს წევრი გახდებაო.

მაგრამ იმდროიდან მოყოლებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ბედავს თავის რიგებში საქართველოს მიღებას, რადგანაც ნატოს ზოგიერთ წევრს რუსეთის გაბრაზება-გაღიზიანება არ სურს. ამასთან, როცა ნატომ გაწევრიანება შესთავაზა ბალკანეთის პატარა სახელმწიფოს – ჩერნოგორიას, ამით ქართველთა ნაწილმა თავი მიტოვებულად იგრძნო.

საქართველოს ლიდერები ძველებურად ნატოისაკენ ისწრაფვიან: საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას და ეს უპირველესად იმიტომ, რომ ისინი ალიანსში რუსეთისაგან დაცვას ხედავენ – იმ რუსეთისაგან, რომელმაც ექვსი წლის წინათ თავისი ჯარები შეიუყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და მხარს უჭერს ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც თბილისის ხელისუფლებას არ ექვემდებარებიან. მაგრამ იმის გამო, რომ ნატოსთან ინტეგრირების პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, სულ უფრო მეტი ხმები გაისმის, რომ ალიანსის ნაცვლად საქართველომ რუსეთთან დაახლოების გზები უნდა ეძებოს. „როგორ დაგვეხმარება დასავლეთი? განა ნატო ომის შემთხვევაში გვიშველის? არა, არ გვიშველის, რადგან ჩვენი მეზობელი რუსეთი ძლიერი და გავლენიანია. თუ ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ლაპარაკს იმაზე, რომ ნატოს წევრობა გვინდა და ამით რუსეთს გავაღიზიანებთ, ალბათ, კიდევ ერთი ომის მოწმენი გავხდებით“, – ამბობს ავთანდილ მაისურაძე, თბილისელი პენსიონერი.

საქართველოსთან ალიანსის დამოკიდებულება ერთგვარი მაჩვენებელია უკრაინისთვის, რომელსაც ასევე სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. კრემლი კიევის განზრახვის გამო ნერვიულობს, რადგანაც რუსეთი უკრაინას  თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელიც ამ დრეებში თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, ქართველებს მოთმენისაკენ მოუწოდა: „ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. ეს არაა წარუმატებლობა. მე ეს [ნატოში ინტეგრირება] უწყვეტ პროცესად მიმაჩნია“, – განაცხადა მან.

ნატო კვლავ აცხადებს, რომ საქართველო გაწევრიანების გზაზე დგას – თბილისში ალიანსის სასწავლო ცენტრიც გაიხსნა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით მიმართული პაკეტის ჩარჩოებში. გარდა ამისა, საქართველო მონაწილეობას ღებულობს ნატოს წევრ-ქვეყნების ერთობლივ სამხედრო წრთვნებშიც, მაგრამ ზოგიერთი ქართველი მიიჩნევს, რომ ალიანსში მიღების ვადები ჭიანურდება.

„ნატოს მიმართ იმედგაცრუება ვრცელდება. პოლიტიკური ელიტის დაპირება ალიანსში სწრაფი ინტეგრირების შესახებ არ გამართლდა. მოსახლეობა თავს მოტყუებულად გრძნობს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რპომ ქართველებში საკმაოდ სტაბილურად მატულობს ევრაზიულ კავშირში შესვლის მსურველთა რაოდენობა: 2013 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა მხოლოდ 11% იყო, 2016 წლის მარტში კი უკვე 20%-მდე გაიზარდა.

იმ პოლიტიკური ძალების წარმოამდგენლებს, რომლებიც აშკარად რუსეთზე არიან ორიენტირებულნი, პარლამენტის არჩევნებში გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსები აქვთ. ასეთი რამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, თუმცა საყურადღებოა, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რამდენიმე პრორუსულმა პარტიამ, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხმების 20% მიიღეს.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა (იგი ნეიტრალურ, „ბლოკებსგარეშე“ სახელმწიფოს სტატუსს ითხოვს), ნატოსადმი იმედგაცრუება მისი მხარდამჭერების რაოდენობაზ ზრდის. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე და თანამებრძოლი იყო, რომელმაც ქვეყანა დასავლურ გზაზე დააყენა. მოგვიანებით მან მოქმედების ტაქტიკა შეცვალა – ნინო ბურჯანაძე გასული წლის განმავლობაში, რუს ჩინოვნიკებთან მოლაპარაკების მიზნით, მოსკოვს სამჯერ ეწვია. „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქმედებს არა საკუთარი, არამედ აშშ-ს და ნატოს ინტერესებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 08 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/nato-summir-preview/3407937.html

საქართველო და მსოფლიო ვარშავის სამიტის მოლოდინში

ანა კალანდაძე

ვარშავა 8 და 9 ივლისს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის სამიტს უმასპინძლებს. ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის გამოწვევები დიდია.

უმაღლესი დონის შეხვედრაზე ნატო პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს მხარდაჭერას გამოუცხადებს. ალიანსი მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება, რათა პარტნიორები „წინ აღუდგნენ გარეშე ძალების ზეწოლას და გააგრძელონ რეფორმები.“ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საერთაშორისო ექსპერტების უილსონის ცენტრის მიმომხილველი მაიკლ კოფმანი ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობებსა და სამიტის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის დღის წესრიგში ერთ-ერთი ურთულეს საკითხად რჩება.

მაიკლ კოფმანთან ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ უკრაინულმა რედაქციამ ჩაწერა:

„დღეს ნატოსთვის ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, თუ რა ფორმით გააგრძელოს ურთიერთობა საქართველოსთან. ნათელია, რომ ალიანსის რამდენიმე წევრს დღეს, ან უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში ხილვა არ სურს. ამავე დროს ნათელია, რომ მათ არც საქართველოს მიტოვება უნდათ და ცდილობენ, რაღაც გააკეთონ. ვფიქრობ, ნატო საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებს და კიდევ, ნატოს წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, საფუძველი ჩაუყარონ საქართველოსთან რაიმე ახალი ტიპის ურთიერთობას, რომელსაც არ ერქმევა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ან სამოქმედო რუკა, მაგრამ იქნება უფრო არსებითი, ვიდრე ალიანსისა და საქართველოს დღევანდელი ურთიერთობაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო საქართველოს პოლიტიკურად არ მიატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით ვერც მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს. ასეთია ალიანსში დღეს არსებული რეალობა. უკრაინამ კი, ჩემი აზრით, თვალყური უნდა ადევნოს საქართველოს გარშემო მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო უფრო შორსაა წასული იმ გზაზე, რის გავლასაც უკრაინა აპირებს“, – ამბობს მაიკლ კოფმანი ინტერვიუში.

სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიაც შეიკრიბება, თუმცა ალიანსის ლიდერები უმთავრესად ავღანეთსა და სხვა გლობალურ პრობლემებზე იმსჯელებენ.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიმომხილველი, ენტონი კორდესმანი, რომელიც ასევე პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანია, სამიტზე განსახილველ საკითხებს ასე ხედავს:

“ალიანსი საკვანძო გამოწვევების პრიორიტეტიზაციას ვერ მოახდენს. ის ყველა მათგანს უნდა გაუმკლავდეს. ავღანეთში არსებული პრობლემა სერიოზულია, ის თავისით არ გაქრება. სერიოზულია რუსეთის საკითხი და გამოწვევები ბალტიის ქვეყნებში. მოსაგვარებელია ვითარება ნატოს არა-წევრ ქვეყნებთან დაკავშირებითაც-მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი. გაერთიანებული სამეფოს გასვლა, ასევე ითხოვს ნატოს რეაგირებას-როგორ მოხდება ალიანსის მხრიდან ახლებური რეალობის გათავისება. და ბოლოს, ტერორიზმი, სიტუაცია ერაყში, სირიასა და ლიბიაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალიანსი წარსულში არაერთ პრობლემას პარალელურ რეჟიმში გაუმკლავდა, ახლაც ასეთი კომპლექსურია რეალობა და ალიანსი მათ იგნორირებას უბრალოდ ვერ მოახდენს.”

‪ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდეგ ეტაპზე ალიანსის ლიდერები უფრო კონკრეტულად მომავალი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

«Deutsche Welle» (გერმანია), 8 ივლისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/a-19385582?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

ნატოს ვარშავის სამიტი: რას ელოდება საქართველო

„დოიჩე ველეს“ („გერმანული ტალღის“) მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ვარშავის სამიტის გახსნასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე. მასში აღნიშნულია, რომ ამჟამად პოლონეთის დედაქალაქში ორივე ქვეყნის პრეზიდენტების არიან ჩასულნი.

გთავაზობთ შემოკლებულ ვერსიას:

ქართველი ექსპერტების აზრით, თბილისმა ბევრი რამ გააკეთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებისათვის. „დოიჩე ველეს“-სთან ინტერვიუში ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ერაყსა და ავღანეთში. გარდა ამისა, 2015 წლის აგვისტოში თბილისთან ახლოს ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრიც გაიხსნა, ხოლო 2016 წლის მაისში საქართველოში ნატოს ჯარისკაცებტან ერთად სამხედრო მანევრებიც ჩატარდა კოდური სახელმწოდებით „ღირსეული პარტნიორი“.

„მაგრამ ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველომ ალიანსში გაწევრიანების გეგმა, ე.წ. „მაპ“-ი მაინც ვერ მიიღო, რასაც მოსახლეობაში დაბნეულობისა და იმედგაცრუების გამოწვევა შეუძლია. ქართველებს კითხვები ებადებათ: აბა, მაშ რისთვის იღუპებიან ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში?“, – ამბობს კორნელი კაკაჩია. პოლიტოლოგის აზრით, ასეთ სიტუაციას ნამდვილად შეუძლია ქართულ საზოგადოებაში პრორუსული განწყობები გამოიწვიოს.

გიორგი გობრონიძე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან, „დოიჩე ველე“-სთან საუბარში საქართველო-ნატოს ურთიერთობის პერსპექტივას იმედიანად აფასებს: მისი თქმით, „დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ თბილისის თანამშრომლობა ალიანსთან ახალ, უფრო მარალი ხარისხის დონეზე გადავა. ჩვენ ნატოში სწრაფი გაწევრიანების ცრუ იმედები არ უნდა გვქონდეს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დემოკრატია და გარდაქმნები. ნატო ჩვენში არა მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას ხედავს, არამედ როგორც პროგნოზირებულ და საიმედო პარტნიორს“.

კორნელი კაკაჩია, თავის მხრივ, თვლის, რომ მოსალოდნელია ნატოს ჩართვა შავი ზღვის აუზში პატრულირების განხორციელებაში. იგი ეთანხმება თვალსაზრისს, რომლის თანახმად, „ნატო თბილისისაგან რეფორმების გაგრძელებას და სტრატეგიული თმენის გამოხატვას ელოდება მანამ, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება“.

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 07 ივლისი, 2016 წელი

http://echo.msk.ru/guests/817808-echo/

ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ნატო საქართველოსა და უკრაინას თავის წევრებად არ მიიღებს“

გუშინ, 7 ივლისის საღამოს, რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ენტონი ბლინკენს ინტერვიუ ჩამოართვა. საუბრის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთი (სირია, „ისლამური სახელმწიფო“), ჩრდ.კორეა, ნატოს ვარშავის სამიტი… ბუნებრივია, ინტერვიუში გაიჟღერა უკრაინისა და საქართველოს პრობლემატიკამ, კიევისა და თბილისის დასავლური ინტეგრაციის საკითხმა.

ანდრეი ბენედიქტოვის შეკითხვაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღებას ეხებოდა, ენტონი ბლინკენმა ასეთი პასუხი გასცა: „ამჟამად, 2016 წლის ივლისში, საქართველოს ან უკრაინის ნატოში მიღების საკითხი არ დგას. ასეთი რამ სამიტის მაგიდაზე საერთოდ არ დევს“.

ამასთან, ამერიკული საგარეოპოლიტიკური უწყების მაღალჩინოსანმა კვლავ გაიმეორა ცნობილი თეზისი, რომლის თანახმად, „ნატოს კარი მუდამ ღიაა იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ალიანსის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ: ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელია, რომ ქვეყნებს [მეზობლებთან] და ერთმანეთში კონფლიქტები მოგვარებული ჰქონდეთ და რომ ფუნდამენტური დემოკრატიულ პრინციპების ერთგულნი იყონ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სტაბილურობას… გულწრფელად გეუბნებით, ამ შემთხვევაში რუსეთს ბევრი სანერვიულო არ უნდა ჰქონდეს“.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 7 ივლისი, 2016 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/where-vladimir-putin-russian-president-not-seen-public-all-month-string-cancelled-meetings-a7123651.html

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთზე ფიქრობს

„სადაა ვლადიმირ პუტინი? რუსეთის ლიდერმა რამდენიმე საჯარო გამოსვლა გააუქმა და საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა“, – წერს ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენტი“ (ავტორი – გარი კოკბერნი).

სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გააუქმა ხუთ ივლისს დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ალტაიში ტურიზმის განვითარების საკითხი უნდა განხილულიყო. იგი  ასევე არ წავიდა იაკუტიაში საერთაშორისო სპორტულ თამაშებზე, არ დაესწრო ნოვგოროდში 7 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებას… რაშია საქმე? რუსული მასმედიის ვარაუდით, ვლადიმირ პუტინი იმიტომ არ ჩნდება საზოგადოების წინაშე, რომ იგი მიმდინარე საკითხებით ძალიანაა დაკავებული – თურქეთთან ურთიერთობით და განსაკუთრებით აფხაზეთში შექმნილი სიტუაციით.

„აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონია, რომელმაც 2008 წელს რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ადგილობრივმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ანტისამთავრობო ძალებმა აფხაზეთი ქაოსისა და დეგრადაციის პირას მიიყვანაო მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეები სახელმწიფო შენობების შტურმით დაკავებას შეეცადნენ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 8 ივლისი, 2016 წელი

http://www.kp.ru/daily/26551/3568207/

აფხაზეთში რევოლუციის ინდურად მოწყობის სუნი დგას

ვლდიმირ ვოლოშინი

(შემოკლებით)

აფხაზებს უცნაური ტრადიცია აქვთ – საკურორტო სეზონის დაწყების დროს პოლიტიკურ უწესრიგობებს აწყობენ.

გავიხსენოთ, რომ ორი წლის წინათ, მაისში, სოხუმში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გახდა. ახლა თვითონ რაულ ხაჯიმბასთვის შეიქმნა სარისკო სიტუაცია – არაა გამორიცხული, რომ იგი 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის შედეგად თანამდებობის გარეშე დარჩეს. მანამდე კი, ხუთ ივლისს, ოპოზიციის მომხრეებმა ადგილობრივ შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძაბშბას გადადგომა მოითხოვეს და უწყების შენობაზე შტურმი განახორცილეს. ამბობენ, რომ მოქალაქეთა  უკმაყოფილების მიზეზი დამნაშავეობის ზრდისადმი უყურადღებობა გახდაო, თუმცა, „კომსომოლსკაია პრავდას“ მონაცემებით, მიზეზი სხვა რაღაცაშია – მინისტრს თურმე ზეპირი განკარგულება გამოუცია, რომ უწყების თანამშრომლებმა რეფერენდუმში მონაწილეობა არ უნდა მიიღონო. მსგავსი განკარგულებები არსებობს სხვა სამინისტროებშიც.

თვითმხილველები ამბობენ, რომ სამინისტროს შენობასთან, აფხაზური გაგებით, სროლა შემთხვევით მოხდა: პრეზიდენტის დაცვამ დასალაპარაკებლად ერთ-ერთ ოპოზიციონერს დაუძახა, მერე პისტოლეტებით ცემა დაუწყოო და ამის შემდეგ, ნაცემმაც თავისი პისტოლეტი იძრო (აფხაზური ვესტერნია, რა!) და, გონების დაკარგვის წინ, სროლა დაიწყო. ტყვია ბევრს მოხვდა, მაგრამ არავინ დაჭრილა: აი, ისე, როგორც ინდურ ფილმებშია ხოლმე – ერთმანეთს გააფთრებული ურტყამენ, ისვრიან, მაგრამ სხეულზე არც დაჟეჟილობის კვალი არ ჩანს და მსხვერპლიც არ არის.

აფხაზეთის ხელისუფლება ამ დაკა-დაკის შემდეგ იძულებული გახდა მინისტრი თანამდებობიდან  გაეთავისუფლებინა. პროტესტანტებიც სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. „ეს მზაკვრობაა. მომხდარს სხვაგვარად ვერ შევაფასებ, – განაცხადა რაულ ხაჯიმბამ, – სამინისტროს შენობაზე თავდასხმა სწორედ მაშინ მოხდა, როცა ოპოზიოციის წარმომადგენლებს ვხვდებოიდით“. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი რამ მომავალში არ განმეორდეს“.

აი, რაც შეეხება რეფერენდუმის გადატანის მოთხოვნას, ამის შესრულებაზე პრეზიდენტმა უარი განაცხადა: „რეფერენდუმი ათ ივლისს ჩატარდება, – განუცხადა მან ჟურნალისტებს, – მოქალაქეებს შეუძლიათ ხმა მისცენ ვადაგასული პასპორტებითაც კი, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვდა. ასე რომ, ჩვენ მათი ყველა მოთხოვნა შევასრულეთ, ვადის გადატანის გარდა“.

მაგრამ რუსებს, ცხადია, უფრო მეტად სხვა რამ აინტერესებთ: რა სიტუაცია იქნება კურორტებზე? შეიძლება თუ არა აფხაზეთში წასვლა და დასვენება? თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენს თამამემულეებს შეუძლიათ მშვიდად იყონ: როგორი რევოლუციის მოწყობაც არ უნდა განიზრახონ ერთმანეთში აფხაზებმა (არადა, ბოლო წლებში რამდენჯერმე სცადეს!), მათ ძალიან კარგად ესმით, რომ „რუსო ტურისტო“ ის „წმინდა ძროხაა“, რომელიც არ უნდა შეაწუხო. აფხაზეთის შემოსავლების მთავარი წყარო, მანდარინებთან ერთად, ხომ რუსი დამსვენებლები არიან. ჰოდა, უფულოდ, ჯიბეცარიელად დარჩენა აფხაზებს ნამდვილად არ სურთ.

Comments are closed