«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): იქნება თუ არა „მეტი ნატო“ საქართველოში ვარშავის შემდეგ?
«Forbes» (აშშ): ნატო სოციალური საქველმოქმედო კლუბი არ არის: ჩერნოგორია, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები არ უნდა იყონ
«Вестник Кавказа» (რუსეთი): რატომ არ აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთი საქართველოსთან?
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 9 ივლისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/nato-summit-warsaw-georgia/3409828.html
იქნება თუ არა „მეტი ნატო“ საქართველოში ვარშავის შემდეგ?
ნინო დალაქიშვილი
ვარშავაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, სადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. ეს არ იქნება არც „მაპ“-ი და არც ნატოს წევრობა, თუმცა ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსი ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვან მესიჯს ნატოს გაფართოვების შესახებ მაინც გააჟღერებს, ამჯერად მონტენეგროსთან მიმართებით. ნატოს ხელმძღვანელობა ასევე აკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს შავ ზღვაზე კონტროლის გაძლიერების თაობაზე, ხაზგასმულია, რომ საქართველო არის ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანა და რომ კვლავ ძალაშია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ხელისუფლების თითქმის მთელი შემადგენლობა ვარშავაში იმყოფება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გზავნილის ორგანიზება პოლიტიკურმა პარტიებმაც შეძლეს. საპარლამენტო ძალებმა მოამზადეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც ხელს ასევე აწერენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაფიქსირებული და მხარდაჭერილია საქართველოს დასავლური კურსი და ხაზგასმიულია მისდამი ერთგული დამოკიდებულება. დეკლარაციას ხელს აწერენ „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, „ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ პარტიებს იმისთვის, რომ როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ და ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“.
ვარშავაში წასვლამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს განაცხადა: „ჩართულობა ჩვენ იმ მასშტაბის უნდა გავხადოთ, რომ ნატოს წევრობა იქცეს იმდენად ლოგიკურად, კითხვაც კი აღარ დაისვას – ესაა ჩემი ამოცანა მანამ, სანამ არაა კონსენსუსი. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნებოდა, პირიქით რომ გვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ გზას უკუღმა გავდივართ. საქართველო ახლა აკეთებს ყველაფერს იმას, რის კეთებაც, მაგალითად ალბანეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატოს წევრი გახდა, მაგრამ არა უშავს. ნორმალურია, იმ გზით წავალთ, რა გზაც შედეგამდე მიგვიყვანს. ჩვენ ვარშავაში ძალიან კონკრეტულ მხარდაჭერის პაკეტს მივიღებთ, განსხვავებით უელსის სამიტისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ამჯერად ეს პაკეტი იქნება რესურსებით აღჭურვილი“.
საქართველოს დასავლურ არჩევანს საქართელოში მცხოვრები ადამიანები უზრუნველყოფენ. “ამერიკის ხმა” მარტა ბიბილაშვილს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად.
მათ განწყობებს მარტა “ამერიკის ხმას” უზიარებს: „როდესაც მოსახლეობასთან მქონია შეხება სხვადასხვა პროექტის და პროგრამის ფარგლებში და თუკი წამოჭრილა საკითხი ნატო–საქართველოს ურთიერთობზე ან საქართველოს და მისი სამეზობლოს ურთიერთობებზე, ნატოში გაწევრიანების შემდეგ, მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ არ აქვს სრული ინფორმაცია, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ნატოში გაწევრიანებამ, ან რა საფრთხეებისგან შეუძლია დაიცვას ნატომ მოსახლეობა, რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია და აქვთ მცდარი და არასწორი შეხედულებები. ზოგი ფიქრობს, რომ ეს უფრო მეტ საფრთხეს მოუტანს ქვეყანას. მაგრამ არის ადამიანების მცირე რაოდენობა, ვისაც აქვს გააზრებული, რა როლი აკისრია ამ ორგანიზაციას საქართველოსთვის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ნატოში წევრობა. ძირითადად, ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემაა, ინფრორმაციული ვაკუუმია, ან არაა ინფორმაცია სრულყოფილად მისული მოქალაქემდე“.
კონკრეტულად რა შედეგი დადგება ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამიტის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
«Forbes» (აშშ), 08 ივლისი, 2016 წელი
ნატო სოციალური საქველმოქმედო კლუბი არ არის:
ჩერნოგორია, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები არ უნდა იყონ
(თავისუფალი თარგმანი)
ნატოს ევროპელი წევრები ვარშავის სამიტზე კვლავ ცდილობენ თავს მოახვიონ ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების გარანტის როლი, თუმცა კონტინენტს საკუთარი თავის დაცვა თვითონვეც კარგად შეუძლია. უფრო უარესი – საქართველო და უკრაინა, ალიანსში გაწევრიანების მიზნით, განაგრძობენ საკუთარი ინტერესების ლობირებას, რაც შეერთებული შტატების უსაფრთხოებას ემუქრება, – წერს ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის – კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დაგ ბენდოუ.
ნატოს არსებობამ აზრი უკვე იმ დროს დაკარგა, როცა საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა, მაგრამ ალიანსმა გადაწყვიტა ცხვირის ჩაყოფა ისეთ საქმეებში, რომელიც მას არ ეხებოდა – ბალკანეთში, ლიბიაში, ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთში. ავტორის აზრით, „ასეთმა სამხედრო ოპერაციებმა ადამიანებისა და რესურსების მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვია, თუმცა ამერიკისთვის და ევროპისათვის არანაირი სარგებლობა არ მოუტანია“.
დაგ ბენდოუ ეხება ნატო-რუსეთის ურთიერთობას და აღნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლის დროს დასავლეთისადმი მტრული დამოკიდებულება არ ჰქონდა. „ამის მიუხედავად [ტრანსატლანტიკურმა] მოკავშირეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რუსეთი გაეღიზიანებინათ: ჯერ „ჩაყლაპეს“ ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყნები, მერე მას პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები მიაყოლეს და რუსეთის საზღვრებს მიადგნენ, დაანაწევრეს რუსეთის ისტორიული მოკავშირე სერბეთი, მხარი დაუჭირეს საქართველოს 2008 წელს საქართველოს… რასაკვირველია, რუსეთსაც აქვს თავისი შეცდომები და არასწორი ამბიციები, მაგრამ ვლადიმირ პუტინის ხისტი ხასიათის მიუხედავად, აშკარაა, რომ მას ნატოსთან ომი ნამდვილად არ სურს. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას და საქართველოს იგივეს უკეთებს, რაც ნატომ თავის დროზე სერბეთს გაუკეთა. აბა, შევხედოთ: საქართველოში რუსეთმა მხარი დაუჭირა სეპარატისტულად განწყობილ რეგიონებს, მაგრამ მოსკოვს მთელი საქართველო არ დაუპყრია. უკრაინაში რუსეთმა ყველაზე მეტი ყურადღება რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რეგიონებს დაუთმო, მაგრამ არ დაუწყია ქვეყნის სიღრმეში შესვლა. ვლადიმირ პუტინი თავს არ დასხმია ბალტიისპირეთს… დიახ, მას აქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გააკეთებს. ბოლოსდაბოლოს, ვლადიმირ პუტინი ხომ ადოლფ ჰიტლერი ან იოსებ სტალინი არ არის, იგი ჩვეულებრივი არამზადა და ბანდიტია.
ამ ყველაფრის ფონზე ევროპა საცოდავად გამოიყურება. ათეული წლების განმავლობაში ნატოს ევროპელი წევრები თავიანთ სამხედრო ბიუჯეტს ამცირებდნენ, ამერიკის იმედად იყვნენ და თან აცხადებდნენ, რომ აღმოსავლეთიდან (რუსეთიდან) წამოსული მუქარებისა ეშინიათ. ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი, რუსეთთან შედარებით, რვაჯერ დიდია. მოსახლეობა კი სამჯერ მეტი, მაგრამ ისინი მაინც შიშით თრთიან და ამერიკას, რომლის ეკონომიკა მათ ეკონომიკაზე მცირეა, თხოვენ, რომ რუსეთისაგან დაიცვას. კრემლი ევროპელებს უყურებს და, ალბათ, ეცინება, რომ მოსკოვის ერთმა მცირე მანევრმა [ბალტიისპირეთის მიმართულებით] ისინი საშინლად დააფრთხო და იმავწუთს ვაშინგტონში თხოვნა აფრინეს – არიქა, ჯარი გამოგვიგზავნე და თუ ბაზებსაც მოაწყობ, უკეთესი იქნებაო.
ევროპის ბევრი პრობლემა ნატოს გაფართოებითაა გამოწვეული, რომელიც ბოლო პერიოდში ერთგვარ სოციალურ კლუბად გადაიქცა. მასში ისეთ სახელმწიფოებს ღებულობენ, რომლებიც აშშ-სთვის არავითარ სტრატეგიულ ინტერესებს არ წარმოადგენენ, ამერიკისთვის ისინი მომგებიანნი არ არიან, რადგან სწორედ ასეთი ქვეყნები ეწუწუნებიან ვაშინგტონს, მეტი და მეტი დახმარება გვინდაო. საერთოდ, ვის რაში ჭირდებოდა ნატოში ჩერნოგორიის მიღება, რომელსაც არანაირი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს ალიანსისათვის? მას ხომ არავინ ემუქრება? ჩერნოგორიის მიღება უდიდესი სისულელე იყო, მაგრამ ჩადენილი სისულელის გამოისობით პოდგორიცას ახლა ხმის გადამწყვეტი უფლება ექნება, ვთქვათ, ევროპის ან ამერიკის ომში ჩაბმის საკითხში!
კარგი, დავანებოთ თავი ჩერნოგორიას, რომელიც მართალია, ჩვენი, ამერიკული ფულის განიავების ერთ-ერთი წყარო იქნება, თუმცა მისგან რაიმე ხიფათიანი ნაბიჯი მოსალოდნელი არ უნდა იყოს. მაგრამ აი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი რითია ნაკლები პოდგორიცაზე, ჩვენ რატომ არ გვღებულობთ ნატოშიო… ჩერნოგორია ხომ კორუმპირებული ქვეყანაა, კანონის უზენაესობა იქ სუსტია, არაეფექტური მმართველობაა, მასმედია იჩაგრება, მოსახლეობაც ნატოში გაწევრიანებას მაინცდამაინც მხარს არ უჭერსო.
თუ ჩერნოგორიის მიღება სისულელე, ზედმეტად ხელგაშლილობა და ბედოვლათობაა, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში სავარაუდო გაწევრიანება უგუნურება და სახიფათოა. ფაქტიურად, მათი მიღება ნატოს დანიშნულებას თავდაყირა დააყენებს: იმის ნაცვლად, რომ შეერთებულმა შტატებმა საკუთარი უსაფრთხოება განამტკიცოს, მათი მიღებით ვაშინგტონი მსოფლიოს ერთ-ერთ ბირთვულ სახელმწიფოსთან კონფრონტაციას გამოიწვევს.
რა თქმა უნდა, თავდაპირველად ალიანსი მოხარული იყო და ხელს უწყობდა, რომ დასავლურ-ლიბერალური ღირებულებები რაც შეიძლება უფრო ფართოდ გავრცელებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საქმეში უფრო მეტი როლი ეკისრება ევროკავშირს და არა ნატოს. მოკლედ, რაც იყო, იყო, წარსულში მომხდარს ვეღარ შევცვლით, მაგრამ დღეს ამერიკამ ალიანსისადმი გაფართოების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.
ნატო არ არის და არ უნდა იყოს საქველმოქმედო ორგანიზაცია. დიახ, ვაშინგტონმა თავისი სამხედრო ვალდებულების არეალი უნდა გააფართოვოს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. აშშ-ის უსაფრთხოება ხომ არასოდეს არ იყო დამოკიდებული ჩერნოგორიის, საქართველოს თუ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე და მათი დამოუკიდებლობის დაცვაზე. დიახ, ამერიკამ მათთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ამერიკელებმა მათ ყოველივე საუკეთესო უნდა უსურვონ, მაგრამ ხომ ყველას გვესმის, რომ სამხედრო თავალსაზრისით, ამერიკის უსაფრთხოებისათვის ჩერნოგორიას, საქართველოს და უკრაინას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მათი სტატუსი რუსეთთან ომად არ ღირს.
ვინმე, თუნდაც მინიმალური ინტელექტუალური უნარის მქონე ადამიანი, შეიძლება დარწმუნებული იყოს იმაში, რომ თუ კიევი, თბილისი ან პოდგორიცა ოკუპირებული იქნება [რუსეთის მიერ], ამით დასავლურ ცივილიზაციას საფრთხე შეექმნება? რასაკვირველია, ეს ქვეყნები, განსაკუტრებით კი საქართველო და უკრაინა, ფიქრობენ, რომ ნატოსაგან მიღებული უსაფრთხოების გარანტიები (ანუ ალიანსში გაწევრიანება) მოსკოვს შეაჩერებსო, მაგრამ ფაქტია, რომ „შეჩერების“ მცდელობები ევროპაში წარუმეტებელია: იმის ნაცვლად, რომ კონფლიქტები მოგვარებულიყო, [ორ მსოფლიო ომში მოკავშირე სახელმწიფოები] მათ უფრო აღვივებდნენ. რუსეთისათვის თავის საზღვრების უსაფრთხოება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ევროპისა და ამერიკისთვის კი საქართველოსა და უკრაინის საზღვრები თითქმის არაფერს ნიშნავს. ამიტომაც ყოველ კრიზისულ სიტუაციაში რუსეთი უფრო მეტად გარისკავს და უფრო მეტ რესურსებს გამოიყენებს. ვთქვათ და „რუსეთის შეჩერების“ მიზნით საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდნენ, მაგრამ თუ „შეჩერების“ მექანიზმი არ გაამართლებს, აბა ნატოს რომელი წევრი დაიწყებს ომს თავის საზღვრებისგან მოშორებით რუსეთთან? ვინ იქნება მზად იბრძოლოს ატომურ ქვეყანასთან? რომელი ქვეყნის ლიდერი აუხსნის საკუთარ ხალხს ამ ყველაფერს?
ერთადერთი გონივრული გამოსავალია ვთქვათ, რომ ნატოს გაფართოება აღარ მოხდება. განსაკუთრებით მტკიცე „არა“ უნდა ვუთხრათ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტებში ყელამდე ცაფლულნი არიან. გარდა ამისა, ამერიკის წარმომადგენლებმა თავიანთ ევროპელ კოლეგებს კითხვა უნდა დაუსვან: „ხალხნო, რა მოგივიდათ, რატომ ხართ ასეთი უსუსურები? მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა, თქვენ კი ისევ ჩვენზე – ამერიკაზე ხართ ჩამოკიდებულნი… ამერიკას ბევრგან აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ დროა თქვენც, ევროპელებმაც აიღოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა“. ამის შემდეგ კი ვაშინგტონმა ევროპისათვის ახალი რეალობის დაწყება უნდა გამოაცხადოს“, – აღნიშნავს ავტორი სტატიის დასასრულს.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 09 ივლისი, 2016 წელი
http://www.vestikavkaza.ru/material/167602
რატომ არ აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთი საქართველოსთან?
რუსულმა გამოცემა „ვესტნიკ კავკაზამ“ ამ რამდენიმე დღის წინათ შეკითხვით მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ რამდენად მომწიფდა საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესაძლებლობა. რვა ივლისს გამოცემამ პასუხი მიიღო სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტიდან:
„გასული წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესისა და ორ სახელმწიფოს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების კონტექსტში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მიზნით, სერიოზული ზომები იქნა მიღებული: დაიწყო საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული მრავალჯერადი ვიზების გაფორმება… მზად ვართ მომავალშიც გადავდგათ ნაბიჯები ორი ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან კონტაქტების გაადვილების მიზნით და არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შემოღებასაც.
ამჟამად საქართველოში, როგორც ცნობილია, მარავალი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ერთი შეხედვით, ეს კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედებს ყბადაღებული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომლის თანახმად, ის პირები, რომლებიც ადრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფი, ადმინისტრაციულად ან სისხლის სამრთლებრივად ისჯებიან. მაგალითად, 2015 წელს რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს ამ კანონის საფუძველზე პატიმრობა მიუსაჯეს, რამდენიმე კი დააჯარიმეს. ასეთი სიტუაცია, აგრეთვე ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, რის გამოც რუსეთის მოქალაქეები მოკლებულნი არიან სრულფასოვან საკონსულო დაცვას, იმის ნებას არ გვაძლევს, რომ რუსებს საქართველოში წასვლის რეკომენდაცია [ოფიციალურად] მივცეთ.
სასურველია, რომ რუსეთ-საქართვლოს ურთიერთობის გაუმჯობესების კვალობაზე, სულ უფრო მეტი კარგი პირობები შეიქმნეს სავიზო ბარიერების მოსახსნელად ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ამ საკითხში პროგრესის მიღწევა მხოლოდ თბილისის კონტრუქციულ მიდგომაზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის მიერ „ვესტნიკ კავკაზასა“-დმი გაგზავნლ პასუხში.