„რეზონანსი“: ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: “საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად მწვანე შუქი ანთებულია”
„რეზონანსი“: რატომ არ ტოვებენ თანამდებობებს “რესპუბლიკელი” მინისტრები? // ხმაურიანი გათავისუფლებისთვის თავის არიდება თუ „ოცნებასთან” გარიგება?
„რეზონანსი“: უნდა გადადგნენ თუ არა “რესპუბლიკელი” მინისტრები? (გამოკითხვა)
„რეზონანსი“: „ოცნებამ“ ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი და გია გაჩეჩილაძე შეიკედლა // „პრინციპი, რომ ყველა პარტია ცალ-ცალკე იქნება, დარღვეულია“
——-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ოპოზიციის საარჩევნო აქტივობა ფინანსურ პრობლემასაც უკავშირდება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „რევოლუციის წინაპირობები დღეს არ არის“ // „მხოლოდ ნეგატივზე მუშაობა გუშინდელი დღეა“
——-
„რეზონანსი“: საქართველოს 24 მლრდ დოლარი ვალი აქვს გადასახდელი // „ჩვენი ქვეყანაც საბერძნეთის გზას დაადგა?”
„რეზონანსი“: ქართული სოფლები წელს კიდევ უფრო დაცარიელდება // უფულობის გამო ხალხი საკუთარ სახლამდე ვერ ჩასულა
——————-
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ კახა გოგოლაშვილთან: “საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად მწვანე შუქი ანთებულია”
თაკო მათეშვილი
„ილუზია იქნება იმის თქმა, რომ ერთი დეკლარაციით საქართველოს უსაფრთხოება ხვალიდანვე გაიზრდება. ამას პროცედურები სჭირდება”, – ასე პასუხობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად გაზარდა ნატოს სამიტმა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.
ნატოს სამიტს, რომელიც ვარშავაში გაიმართა, წინ საკმაოდ მრავალფეროვანი დაპირებები უძღოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით. ნატო-საქართველოს კომისიამ ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე ერთობლივი დეკლარაცია მიიღო. საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში დაწვრილებითაა საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე. მასში აღნიშნულია, რომ მათ შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება, რაც მრავალფეროვან ღონისძიებებს ითვალისწინებს.
კახა გოგოლაშვილი ამას ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს უწოდებს და საერთო ჯამში, სამიტსა და მის მიერ მოტანილ შედეგებს დადებით შეფასებას აძლევს.
კახა გოგოლაშვილი: სამიტმა ნატოს ერთიანობა აშკარად გამოაჩინა. ალიანსი ძალიან პრინციპულად, ძლიერი ხმით გამოვიდა ევროპული უსაფრთხოების დასაცავად. პირდაპირი მესიჯები გაჟღერდა. განსაკუთრებით მწვავე მესიჯები იყო რუსეთის მიმართ და ზოგადად, ყველა მიმართულებით, სადაც საერთაშორისო წესრიგი ირღვევა, სადაც ომებია და ა.შ.
მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ნატოს ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპაში. იგი თავისი სწრაფი პასუხისა და რეაგირების ძალებს გააძლიერებს აღმოსავლეთ ევროპაში – პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ბალტიის ზღვაშიც გააძლიერებს თავის საზღვაო კონტინგენტს.
- რაც შეეხება საქართველოს? საქართველოსთვის რისი მომტანი იყო ვარშავის სამიტი?
- საქართველოსთან მიმართებაში მესიჯები ორი მიმართულებით გაჟღერდა. ერთი-ერთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეხებოდა. აქ ძალიან ბევრია ნათქვამი იმაზე, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და სამი ასპირანტი ქვეყნიდან (საქართველო, მაკედონია, ბოსნია) საქართველო პირველია. არადა, მაკედონია და ბოსნია ასპირანტ ქვეყნებად ჩვენზე ადრე ითვლებოდნენ. განსაკუთრებით კი მაკედონია. ამასთან დაკავშირებით ნატოს განცხადების ტონი ძალიან დამარწმუნებელია. ჩანს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას ნამდვილად ძალიან სერიოზულად აღიქვამენ.
ნატოს ქვეყნების საქართველოსთან თანამშრომლობა მოიცავს საზღვაო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებასაც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ საუბარი იმაზეა, რომ ნატო ჩვენს საჰაერო და საზღვაო თავდაცვაზე იზრუნებს, რაც ნამდვილად ძალიან კარგია.
მეორე ბლოკში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე. რუსეთი აქაც ძალიან მკაცრადაა გაკრიტიკებული. მოუწოდებს, აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უარყოს და თავისი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს. ხაზი აქვს გასმული იმას, რომ ისინი ამ რეგიონებს ჩვენს ტერიტორიად ცნობენ. ანუ, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ძალიან მძლავრი მესიჯებია.
- ახსენეთ, რომ ნატო საქართველოს საჰაერო და საზღვაო თავდაცვაზე მეტად იზრუნებს. ლაკონკრეტების საშუალებას თუ იძლევა ეს დოკუმენტი?
- ეს დოკუმენტი პოლიტიკურია. იგი არაა გეგმა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს სამიტებზე მიღებული პოლიტიკური დოკუმენტების რეალიზება აუცილებლად ხდება. მაგალითად, წინა სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო არსებით პაკეტს მიიღებდა და სწავლებისა და შეფასების ცენტრი გაიხსნებოდა და ასეც მოხდა. ცენტრი გაიხსნა და ძალიან აქტიურადაც მოქმედებს. ამ დეკლარაციაშიც ნახსენებია, რომ ნატოს 30-მდე სამხედრო ექსპერტი საქართველოშია და ქვეყნის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით აძლიერებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რაც დოკუმენტში საჰაერო და საზღვაო თავდაცვასთან დაკავშირებით ჩაიწერა, ასევე იმპლემენტირებული იქნება. ეს დეკლარაცია ცალკე საუბრობს იმაზე, რომ შავ ზღვაში ნატოს ძალების პატრულირება უნდა განხორციელდეს და საქართველომ ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ამიტომ, ნატო თავადაა დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს საქართველოს სამხედრო ძალები, რათა მათ გარკვეული ამოცანების შესრულება შეძლონ.
მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ამ დეკლარაციაში ძალიან ხშირადაა ნახსენები პარტნიორი ქვეყნები. ანუ, აშკარაა, რომ ნატო იცავს არამარტო ალიანსის უსაფრთხოებას, არამედ მის საზღვრებს იქითაც მოქმედებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თავისი პარტნიორების უსაფრთხოებას იგი ასევე მნიშვნელოვან პირობად განიხილავს.
- ანუ, რამდენად გვაქვს ხალხისთვის იმის თქმის საშუალება, რომ სამიტის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება?
- უსაფრთხოების მყისიერად გაზრდა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ილუზია იქნება იმის თქმა, რომ ერთი დეკლარაციით საქართველოს უსაფრთხოება ხვალიდანვე გაიზრდება.
სამიტზე საქართველოს ალიანსში მიღების გადაწყვეტილებაც რომ მიეღოთ, მისი უსაფრთხოება მყისიერად მაინც არ გაიზრდებოდა. ამას მაინც პროცედურები დასჭირდებოდა. ამ შემთხვევაშიც, როცა საუბარი სხვადასხვა სახის ღონისძიებებზეა, დროა საჭირო.
საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი ყოველდღიურად გაიზრდება და უფრო მაღალ დონეზე აუცილებლად ავა. რა თქმა უნდა, თავად საქართველოც თუ მოინდომებს და აქედანაც შესაბამისი მუშაობა იქნება. გარდა ამისა, როგორც ვიცით, ნატო-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომა შედგა, სადაც ეს მიმართულებები უფრო დეტალურად იქნა განხილული. პირველ რიგში, შეფასდა ის, თუ რამდენად სრულდება არსებითი პაკეტი, რა გაკეთდა მის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებას ყურადღება ექცევა. ერთია, თუ რა გადაწყვიტა ნატომ თავის სამიტზე, მაგრამ მეორეა ინპლემენტაცია და შეფასების მექანიზმი. ამ შემთხვევაში კი, უნდა ითქვას, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობაში მონიტორინგის მექანიზმიცაა და ამ მექანიზმმა დაადასტურა, რომ არსებით პაკეტს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში სერიოზული წვლილი შეაქვს.
- მაპ-თან დაკავშირებით თუ გააჩინა სამიტმა პოზიტიური მოლოდინი?
- პოზიტიური მოლოდინი ჩვენ გვაქვს და უნდა გვქონდეს. როცა სამ ასპირანტ ქვეყანაში, რომელთაგან ორი დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოა, პირველს მაინც საქართველოს ასახელებენ, ეს ძალიან კარგია. დასავლეთ ბალკანეთი, შეიძლება ითქვას, რომ პრქტიკულად ევროპის ცენტრია. ნებისმიერი იქაური სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობა ბევრად უფრო მომგებიანია და მათი ნატოში გაწევრიანებაც ბევრად მარტივია, რადგან ნატოს საზღვარზე მყოფი ქვეყნებია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო პირველია ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატოში გასაწევრიანებლად მწვანე შუქია ანთებული. უბრალოდ, ნატო შესაბამის გეოპოლიტიკურ სიტუაციას ელოდება. ისეთ გარემოს, როცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კატასტროფასა და ომს არ გამოიწვევს. მხოლოდ ამას ელოდებიან, თორემ რეალურად, იგი საქართველოს მისაღებად მზადაა. როგორც კი ასეთი მომენტი გამოჩნდება, როგორც კი მშვიდობა საქართველოს გაწევრიანების გამო მაღალი რისკის ქვეშ არ დადგება, რა თქმა უნდა, ნატოში ძალიან მარტივად და სწრაფად მიგვიღებენ. ასეთი მომენტიც აუცილებლად დადგება.
- სამიტის სიახლეებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებაზე სხვადასხვა ფორმით მეტად იზრუნებს, რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რუსეთისგან?
- ეს დეკლარაცია რუსეთის მთავრობას ალბათ საგონებელში ჩააგდებს მისი ძალიან მკვეთრი და ხისტი ტონით. პირდაპირაა მითითებული, რომ რუსეთთან არანაირი თანამშრომლობა არ ექნებათ მანამ, სანამ იგი არ შეასრულებს მოთხოვნებს, რომელსაც ალიანსი უყენებს. რუსეთთან თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმა დახურულია.
- სამიტის შედეგებიდან გამომდინარე, როგორი შეფასება უნდა მიეცეს თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო უწყებების მუშაობას?
- დეკლარაციიდან და ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადებებიდან ჩანს, რომ საქართველოს არცერთი მიმართულებით ჩამორჩენა არ აქვს. ყველგან წერია, რომ ჩვენს პროგრესს ხაზს უსვამენ. წინა სამიტის შემდეგ იყო გარკვეული კრიტიკა დემოკრატიასთან დაკავშირებით, რამდენადაც მახსოვს, ეს თავისუფალ მედიასა და სასამართლოს ეხებოდა. ახლა კი პრაქტიკულად არანაირი კრიტიკა არ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ კმაყოფილები არიან იმ პროგრესით, რომელიც საქართველოს აქვს. თანაც, ახლა კონცენტრაცია უფრო პარტნიორობაზეა და ამიტომ ასეთ ღია დოკუმენტებში კრიტიკა სულ ნაკლებად იქნება, თუ, რა თქმა უნდა, მთავრობამ რაღაც დიდი შეცდომები არ დაუშვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო საუბრებშიც არ იქნება მინიშნებები შეცდომების გამო.
თავდაცვის სამინისტროს მუშაობას რაც შეეხება, იგი დადებითადაა შეფასებული. ყველა პუნქტში, რაც არსებით პაკეტში იყო გათვალისწინებული, თანამშრომლობა მაღალ დონეზე მიმდინარეობს და ალიანსი თავდაცვის უწყებას კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას ჰპირდება.
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
რატომ არ ტოვებენ თანამდებობებს “რესპუბლიკელი” მინისტრები?
ხმაურიანი გათავისუფლებისთვის თავის არიდება თუ “ოცნებასთან” გარიგება
თაკო მათეშვილი
“ქართულ ოცნებასთან” გარიგება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა, მაქსიმალური სარგებლის მიღება, ხმაურიანი განთავისუფლებისათვის თავის არიდება – ამ მიზეზებით ხსნიან პოლიტოლოგები “რესპუბლიკელი” მინისტრების მიერ გადადგომის გადადებას და აგრეთვე პრემიერის მხრიდან მათი გადაყენებისაგან თავის შეკავებას. ისინი მიიჩნევენ, რომ ორივე მხარე ცდილობს, შექმნილი სიტუაციიდან მაქსიმალურად მოგებული გამოვიდეს და მინისტრთა კაბინეტის ცვლილება ამიტომაც ჭიანურდება.
მოგეხსენებათ, “რესპუბლიკელებს” მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავთ – სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. “რესპუბლიკელი” მინისტრები წასვლას ვარშავის სამიტის შემდეგ სულაც რომ აღარ აპირებდნენ, ეს უკვე საკმაო ხნის წინ გახდა ცნობილი, როცა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მათი აზრით, მინისტრები თანამდებობებზე ბოლომდე უნდა იყვნენ. “თავიდანვე ვთქვით 27 მარტს, როცა გადაწყვეტილებას ვიღებდით, რომ მინისტრები თანამდებობას დატოვებენ ან ჩვენი გადაწყვეტილებით, ან პრემიერის. ჩვენ ვაპირებთ, მინისტრები გვყავდეს ბოლომდე”, – აღნიშნა მაშინ ლევან ბერძენიშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით განცხადება პარტიის სხვა ლიდერებმაც არაერთხელ გააკეთეს. თემის კომენტირება არაერთხელ სთხოვეს თავად თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს. მისი პასუხი კი ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი იყო – “თანამდებობიდან გადადგომის კალენდარზე მე და პრემიერ-მინისტრი ჩამოვყალიბდებით,” – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას მინისტრმა გუშინაც. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აანონსებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით პარტია უახლოეს დღეებში განცხადებას გააკეთებს.
“ჩვენ ვთქვით, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ყველა მათგანს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ვამბობდით, რომ ვემსახურებით საქართველოს, სახელმწიფოს და არა კოალიციას ან “რესპუბლიკურ პარტიას”. ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი საამისოდ ერთ-ერთ თარიღად იყო მოცემული”, – განაცხადა თებაზე საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
ჟურნალისტებმა მასთან გადაამოწმეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს თინა ხიდაშელმა შესაძლოა “რესპუბლიკურ პარტიაში” საქმიანობა არ გააგრძელოს და ამ პირობით თავდაცვის მინისტრად დარჩეს. დავით უსუფაშვილმა აღნიშნული კატეგორიულად უარყო და ამ ხმებთან დაკავშირებულ კითხვებს “უხერხული” უწოდა.
სპეციალისტები იმ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ, რომელთა გამოც “რესპუბლიკელ” მინისტრებს თანადებობების დათმობა, პრემიერს კი მათი გადაყენება ეძნელება და ამბობენ, რომ ჩანაფიქრი შესაძლოა მრავალფეროვანი იყოს.
პოლიტოლიგი, პროფესორი იგორ კვესელავა პირდაპირ ამბობს, რომ “რესპუბლიკელები” “ცუდ”, მაგრამ ეფექტურ თამაშს თამაშობენ. იგი ვარაუდობს, რომ რადგანაც „რესპუბლიკელთა“ გუნდის მომხრე ძალიან ცოტაა, არჩევნებში ზღვარს ვერანაირად გადალახავენ, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმუმი მიიღონ.
“რესპუბლიკელებს” სამი სამინისტრო აბარიათ, სხვა სამინისტროებშიც წარმომადგენლები ჰყავთ, ამას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი და ადგილობრივი მმართველობაც ემატება. ამ ნაბიჯებით ხმების მოპოვებას ცდილობენ. სხვანაირად “რესპუბლიკელები” პარლამენტში ვერ შევლენ. ამას თინა ხიდაშელის მიერ ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებაც ადასტურებს. რა თქმა უნდა, ასეთი თამაში ზნეობრიობის საკითხია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტაქტიკაა. ეს პარტია ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლებაში მოსახვედრად. ასე რომ, მიმაჩნია, ეს განცხადება პოლიტიკური თვალსაზრისით, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მათ წისქვილზე დაასხამს წყალს. თუმცა, მეორე ნაწილისათვის ეს ყველაფერი მკვეთრად მიუღებელია”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
თუ რატომ არ იღებს თავად პრემიერ-მინისტრი “რესპუბლიკელი” მინისტრების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას, იგორ კვესელავა ერთ-ერთ მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ ამ პარტიას ევროპასა და ამერიკაში მხარდამჭერები ჰყავს. თანაც, მისი აზრით, პრემიერის გადაწყვეტილება მათი გაშვების თაობაზე გაძევების ტოლფასი იქნება, ეს კი პარტია „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რადგან “რესპუბლიკელები” ამასაც ქულების დასაწერად გამოიყენებენ. ასე რომ, იგორ კვესელავას აზრით, რესპუბლიკური პარტია ყველაფერზე მიდის და არც პოლიტიკურ თამაშებში გაუცნობიერებლები არ არიან.
“ეს ყველაფერი მათი მხრიდან კიდევ ერთი პოლიტიკური სვლაა იმისათვის, რომ მათსა და ხელისუფლებას შორის გარკვეული გარიგება შედგეს. ეს ტაქტიკა შესაძლოა გამართლებულიც იყოს, რადგან როცა სხვა გზა არ გაქვს, ყველა ღონეს უნდა მიმართო. ისინი თავიდანვე ასე მოღვაწეობდნენ”, – დასძენს იგი.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ “რესპუბლიკური პარტია” მკვეთრ ოპოზიციაში არ გადასულა და აქედან გამომდინარე, თანამდებობებს არ ტოვებენ. იგი ამბობს, რომ არჩევნებამდე მათ პოსტების შენარჩუნება სურთ და ამას არც პრემიერი ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით, არც მას აწყობს ხმაურიანი განთავისუფლებები არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.
“არ გამოვრიცხავ, მათ თანამდებობები არჩევნების შემდეგ დატოვონ. ანუ, ცდილობენ, მათი ერთმანეთისაგან განშორება მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხდეს, ხიდებს ბოლომდე არ წვავენ. არ სურთ, რომ ერთმანეთს დაპირისპირებით დასცილდნენ. არც ის მიმაჩნია შეუძლებლად, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი შესთავაზოს “ოცნებამ” “რესპუბლიკელებს” თანამდებობები”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
ის, რომ “რესპუბლიკელებმა” მოსალოდნელი სცენარი შეცვალეს და თანამდებობების დატოვებაზე უარს აცხადებენ, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს არ უკვირს. მისი თქმით, სამი მინისტრის რესურსი წინასაარჩევნოდ ხელწამოსაკრავი არაა და ამის გამოყენებას ყველა შეეცდებოდა. იგი აღნიშნავს, რომ “რესპუბლიკელი” მინისტრები თავისი ნებით არ გადადგებიან, თუ მთავრობის მხრიდან ზეწოლა არ იქნება. ხოლო თუ ზეწოლა იქნება, ეს ამ მინისტრებსა და პარტიას ქულებს შემატებს, რადგან საქართველოში დაჩაგრულ ადამიანს ყველა გვერდში უდგება. ასე რომ, მისი თქმით, ძალიან დელიკატური სიტუაცია შეიქმნა.
“წვევამდელების გაწვევის გაუქმებითაც დამტკიცდა, რომ “რესპუბლიკელები” ძალიან ზუსტ თამაშს თამაშობენ. წინასაარჩევნო კამპანია უშეცდომოდ დაიწყეს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ ინტელექტუალურ პოტენციალთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ. ზოგს მოსწონს “რეპუბლიკელები”, ზოგს არა, მაგრამ ვერავინ უარყობს – ეს ნომერი პირველი ინტელექტუალური პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ეს გათვლაც – „ჩემით არ წავალ და თუ არ მოგწონვარ, გადამაყენე“ – ჭკვიანურია. ეს პოლიტიკაა და ასეთი ნაბიჯები ნურავის უკვრის. მითუმეტეს, როცა თანამდებობებზე თავდაცვის, შერიგებისა და გარემოს დაცვის მინისტრებზე ბევრად ოდიოზური ფიგურები რჩებიან. უხერხული სიტუაცია იქმნება და როგორც ჩანს, პრემიერი, თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, საკმაოდ გონიერი ადამიანია და ასეთ შეცდომას არ დაუშვებს, თუმცა ამით “რესპუბლიკური პარტია” სრულად ისარგებლებს”, – ამბობს სოსო ცინცაძე.
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
უნდა გადადგნენ თუ არა “რესპუბლიკელი” მინისტრები?
ლიკა ამირაშვილი
(შემოკლებით)
როგორ ფიქრობთ, უნდა გადადგნენ თუ არა “რესპუბლიკელი” მინისტრები? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, “რესპუბლიკელი” მინისტრები უნდა გადადგნენ, იქიდან გამომდინარე, რომ ამას კონსტიტუცია და წინასაარჩევნო პირობები ითვალისწინებს, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამაში ტრაგედია არაფერია. არჩევნებში შესაბამის ხმებს თუ მიიღებენ, და კოალიციური მთავრობა შეიქმნება, ისევ მინისტრები გახდებიან. ეს არის დემოკრატიისკენ ჩვეულებრივი წინ გადადგმული ნაბიჯი.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): აუცილებლად უნდა გადადგნენ. ისინი დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ და რაც უფრო მალე გადადგებიან, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ამ შემთხვევაში, მათ პროვოკაციები აწყობთ და ამისთვის არიან დაგეშილები. რაც მეტხანს დარჩებიან თანამდებობებზე, მითუკეთესი მათთვის და მით უარესი ქვეყნისთვის.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): კი არ უნდა გადადგნენ, ისინი პრემიერ-მინისტრმა უნდა გაათავისუფლონ, ასეთი რაღაც არ გამიგია და მსმენია, რომ პარტია მმართველ ბლოკს გამოეყო და მთავრობაში მაინც მინისტრებად რჩებიან. პრემიერ-მინისტრმა უნდა გაათავისუფლოს და თავის გუნდში უნდა მოძებნოს მათი შემცვლელი. თუ მათი შეცვლის რესურსი არ აქვს, რომ სამი მინისტრი შეცვალოს, მაშინ ეს პარტია არჩევნების მოგებას და ქვეყნის გაძღოლას როგორ აპირებს?
რეზო მიშველაძე (მწერალი): თუ მინისტრად დარჩენა ან თუნდაც მინისტრად დანიშვნა ცალკეული მინისტრების სურვილზეა, მაშინ საქართველოს, როგორც სერიოზული სახელმწიფოს არსებობაში, მე ხომ ისედაც ეჭვი მეპარება, ამ შემთხვევაში არაფერს ამ ქვეყნად არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია. რადგან კოალიცია დაიშალა და არჩევნების თარიღი ახლოვდება, ამას ელემენტარული საარჩევნო კანონი მოითხოვს, რომ ვინც კენჭს იყრის, თავიანთი პოსტებიდან უნდა გადადგნენ. თუ ხელისუფლებას იმდენი თავი არ აქვს (სხვა ადგილი კინაღამ წამომცდა), რომ “რესპუბლიკელ” მინისტრებს უთხრას, მადლობა თქვენი სამსახურისთვის, ახლა კი კანონის თანახმად უნდა გადადგეთო, ისინი არასოდეს არ გადადგებიან. ერთადერთი კაცი ვიცი, რომელიც თანამდებობიდან თვითონ გადადგა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სხვა, ჩემს საკმაოდ ხანგრძლივ ცხოვრებაში პირი, რომელსაც საკუთარ თანამდებობაზე უარი თავად ეთქვა, არათუ არ მახსოვს, არამედ არც გამიგონია.
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
„ოცნებამ“ ზვიად ძიძიგური, გია ჟორჟოლიანი და გია გაჩეჩილაძე შეიკედლა
„პრინციპი, რომ ყველა პარტია ცალ-ცალკე იქნება, დარღვეულია“
თიკო ოსმანოვა
“კონსერვატიული პარტია”, “სოციალ-დემოკრატები” და “მწვანეები” არჩევნებში მონაწილეობას “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღებენ – თუმცა არა კოალიციით. რა ფორმით მოხდება საარჩევნო სიაში მათი ჩასმა, ერთ კვირაში გაირკვევა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება. “ამ კვირაში იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია. ამ კვირაშივე დაიწყება იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების წარდგენაც. საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, თუ რა სახით მიიღებს ის არჩევნებში მონაწილეობას, ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
რაც შეეხება “კონსერავტორებს”, ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ ზვიად ძიძიგურის პარტია “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, დეტალები, თუ რა ფორმით მოხდება “კონსერვატიული” პარტიის ჩასმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში, სამომავლოდ გახდება ცნობილი. “ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, “კონსერვატორები” იქნებიან ჩვენთან და დამოუკიდებლად არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს ფორმატი ვამუშავეთ გია ჟორჟოლიანთან მიმართებაშიც, შესაბამისად, ეს პრაქტიკა არსებობს”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ამასთან, როგორც “რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, “კონსერვატორებთან” ერთად “ქართული ოცნების” სიაში იქნებიან: “მწვანეები”, “სოციალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი და ახლა მოლაპარაკებები პარტიის კიდევ ერთ წევრთან, ბექა ნაცვლიშვილთან მიმდინარეობს. “ჩვენი პარტია, “სოციალ-დემოკრატები” მონაწილეობას მივიღებთ არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” ერთად და ამ ყველაფერს გაიგებთ, როცა სია გამოქვეყნდება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გია ჟორჟოლიანი.
“მწვანეთა” პარტიის ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით კი, ამ საკითხზე პარტიასთან მოლაპარაკებებს ამ დღეებში გამართავს და ერთ კვირაში ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.
“მწვანეთა პარტიასთან დაკავშირებით ყველაფერს გაიგებთ ერთ კვირაში, როცა განცხადებას გავაკეთებ. მოლაპარაკება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ იგეგმება გარკვეული შეხვედრები. “მწვანეთა პარტია” არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ნებისმიერი ფორმით”, – გვითხრა გია გაჩეჩილაძემ.
“კონსერვატიული პარტიის”, “სოციალ-დემოკრატების” და “მწვანეების” “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მხარდამჭერების თვალსაზრისით, ეს სვლა მომგებიანი არ იქნება. მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სახელისუფლებო პარტიამ პროფესიონალიზმის გამო მიიღო: „მაგალითად, გია ჟორჟოლიანი სოციალურ საკითხებში, შეიძლება ითქვას, საქართველოში ყველაზე კომპეტენტური ადამიანია. ბექა ნაცვლიშვილი მემარცხენეა, ეკონომიკურ საკითხებშია გათვითცნობიერებული. ცოტა ვინმე თუ შეედრება ეკოლოგიაში “მწვანეების” გია გაჩეჩილაძეს. ასე რომ, ამ თემებს მოიტანენ. თორემ თანამშრომლობის მხრივ დიდად მომგებიანი არ იქნება, იმიტომ, რომ თითოეული მათგანი არ წარმოადგენს მრავალრიცხოვან პარტიას. ანუ მხარდამჭერები არ ეყოლებათ. პარტიას მხოლოდ პროფესიონალიზმს მოუტანენ. პოლიტიკური კამათის სფეროში ალბათ “კონსერვატორებს” აქვთ თავიანთი პლუსები. როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” თვლის, რომ მას სჭირდება ამ პლუსების მატარებელი პერსონები. არის თუ არა “ოცნებისთვის” რეალურად ამის საჭიროება, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
“მთლიანად “ქართული ოცნების” სიას რომ ვნახავ, მერე ვიტყვი, მარილი აკლია თუ არა. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ის პრინციპი, რომ ყველა პარტია ცალ-ცალკე იქნება, აშკარად დარღვეულია”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
——————–
„ახალი თაობა“, 12 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ოპოზიციის საარჩევნო აქტივობა ფინანსურ პრობლემასაც უკავშირდება“
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს.
- ბატონო ბაჩუკი, მოქმედი კანონმდებლობით გიწევთ გასვლა არჩევნებზე, როგორია ოპოზიციის შანსები?
- დღევანდელ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს. თუ საპარლამენტო უმრავლესობა ვერ მოიპოვა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, აქ არ არის საუბარი მაინცდამაინც `ქართულ ოცნებაზე~ და ის შეეცდება, უმრავლესობა შექმნას მაჟორიტარების ხარჯზე, მაჟორიტარებზე ზეწოლით, მაშინ ჩვენ მივიღებთ პარლამენტს საზოგადოებრივი ნდობის გარეშე.
- რატომ თუ ეს მაჟორიტარები ხალხის მიერ იქნებიან არჩეული?
- პარტია იღებს ამომრჩევლისგან 40%-იან მხარდაჭერას, მაგრამ პარლამენტის 60%-ს აკომპლექტებს, ეს სამართლიანია?! აქ არის საზოგადოების ნდობა?! ეს არის ის ფორმულა, რომლითაც დღეს არჩევნები ტარდება, რომლის შეცვლის ძალისხმევა არ ეყო ჩვენს ხელისუფლებას. მეორე პრობლემა უკავშირდება სარეკლამო დროს. მართალია, ეს საკითხი უშუალოდ არ ეხება იმ პარტიას, რომლის წარმომადგენელიც გახლავართ, არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ ეხება სამ-ოთხ ისეთ ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილები და რომელთაც უტიფრად მოექცნენ, მათ ჩამოაჭრეს დრო კოალიციაში არსებული ყოფილი პარტნიორების ხარჯზე, ეს მიუღებელი და დაუშვებელია ჩვენთვის. თუ მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ უნდა ველოდოთ ისეთ მსგავს მოვლენებს, როგორიც იყო, მაგალითად, კორცხელში. ან ისეთ არჩევნებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ტარდებოდა ქვეყანაში და რა შედეგებიც ახლდა იმ ყველაფერს, თქვენს მკითხველს კარგად მოეხსენება.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ძალის გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუ ეს ყველაფერი არ გამოირიცხა, ჩვენ ძალიან რთულ საარჩევნო პროცესს მივიღებთ, რაც ნამდვილად არ მინდა. დღეს ცესკოში უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს ხელისუფლებას, ვიდრე ეს ჰყავდა ყველაზე ხისტი და უხეში საარჩევნო მანქანის მქონე ნაციონალურ მოძრაობას. ესეც ოპოზიციური ძალებისთვის სრულიად მიუღებელია, ეს არ არის თანაბარი პირობები და გარემო, რომლისკენაც თითქოს მივისწრაფით.
- უკვე აღარ არის დრო, რომ ეს ყველაფერი კანონშივე ჩასწორდეს?
- დრო ნამდვილად აღარ არის, რომ კანონში მოხდეს ცვლილებები, მაგრამ ნამდვილად არის იმის დრო, რომ ხელისუფლება, თუ ის საზოგადოების, ამომრჩევლის ნდობას არ მიიღებს, არ შეეცადოს ხელის გადაგრეხვის პრინციპით გამარჯვების მოპოვებას. ამ ვითარებაშიც კი არის შესაძლებელი, რომ საზოგადოების რეალური განწყობები იქნას პარლამენტში ასახული თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება ხელოვნური ჩარევები. ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე – ის იქნება ხისტი თუ იქნება რეალურად დემოკრატიის ერთგული, დემოკრატიის განმტკიცების მოსურნე.
- 8 ოქტომბრის არჩევნებს ლაკმუსის ტესტი უკვე უწოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა და ნატოს კომუნიკეშიც ამ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა დაფიქსირდა...
- რასაკვირველია, 8 ოქტომბრის არჩევნები მართლაც იქნება დიდი მნიშვნელობის არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით.
- თქვენი მოლოდინები როგორია?
- შეიძლება ვიღაცას უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ მე მაინც მაქვს მცირეოდენი იმედი. თუმცა, აქვე ვიტყვი, რეალურად ეს რომ ნდომოდა ხელისუფლებას, ამას კანონში ასახავდა. ვნახოთ, რა იქნება.
- როგორ ძალთა ბალანსს ელოდებით ახალ პარლამენტში? ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პრორუსული ძალები შეიძლება ვიხილოთ ახალ პარლამენტში.
- პრორუსულ ძალებს საზოგადოების ნდობა არ გააჩნიათ, ამაზე საუბარი მე გადამეტებული მგონია. თუმცა, მე არ ვიცი, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია, ამ სიის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი რამ ნათელი გახდება – ეს უფრო იქნება დასავლეთზე ორიენტირებული თუ ნაკლებად. ვნახოთ.
- პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აგვიანებენ. რას ელოდებით?
- ყველა პოლიტიკური ძალა თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ტიპის და სიმძლავრის საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, როდის ჰქონდეს აქტიური ფაზა და როდის _ შედარებით მშვიდი. დღეს ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ ძალები ბოლო ფაზისთვის შეინახოს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. შეიძლება კონკრეტულად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები ასე აქტიურად არ ვჩანვართ ღია ეთერებში, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.
- და რაში გამოიხატება ეს?
- ვაგროვებთ ხელმოწერებს და ესეც არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი. 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ არის მარტივი საქმე, თუ პარტია ამას სერიოზულად უდგება და რეალურ ხელმოწერებს აგროვებს. მუდმივად ერთ ფაზაში, ერთ დონეზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება რთულია, მძლავრი ფინანსური შესაძლებლობებია საჭირო. ჩემთვის გაუგებარია „ოცნების“ პასიურობა მინიმუმ იმ დონეზე მაინც, რომ ცნობილი გახდეს მათი მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა მაინც, საარჩევნო სიის შემადგენლობა. არა მგონია, ეს ფინანსურ პრობლემას უკავშირდებოდეს, ეს უფრო სხვა ტიპის პრობლემა მგონია.
„ახალი თაობა“, 12 ივლისი, 2016 წელი
ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „რევოლუციის წინაპირობები დღეს არ არის“ // „მხოლოდ ნეგატივზე მუშაობა გუშინდელი დღეა“
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ახალ თაობასთან“ წინასაარჩევნო პროცესების დინამიკას და პოლიტიკურ სუბიექტებს აფასებს.
- თავის წარმოჩენის პარტიული ტექნოლოგიები და ტექნიკა თუ ჩანს, რომელსაც იყენებენ პარტიები?
- ჩვენთან ძირითადად საარჩევნო სუბიექტები სხვადასხვა არჩევნებზე შეჩვეულები იყვნენ წინააღმდეგობებით საკუთარი თავის პოზიციონირებას. არსებობდა ძალა, რომლის წინააღმდეგაც გაერთიანდებოდნენ ხოლმე. დღეს ვითარება შეცვლილია. დღეს პოლიტიკურ სუბიექტებს სჭირდებათ ამომრჩევლის წინაშე პოზიციონირება. საარჩევნო გარემო მათ ამომრჩევლისთვის მეტ შეთავაზებებს ავალდებულებს. ბუნებრივია, ამომრჩეველი კრიტიკული იყოს ხელისუფლებისადმი, მაგრამ არ არსებობს აგრესიული ნეგატივი სახელისუფლებო ძალის მიმართ. ძირითად შემთხვევებში ლოიალური დამოკიდებულებაა.
ამიტომაც გარკვეული სიახლე, რომელიც დღეს ქართულ საარჩევნო გარემოს ახასიათებს, პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, განსხვავებული ტექნოლოგიები გამოიყენონ. ამ კუთხით გამოცდილება მაინცდამაინც არ აქვთ, მაგრამ საჭიროა თავისი თავი შესთავაზონ. მათ უფრო მეტად უსმენენ, უფრო მეტად აინტერესებთ, რას სთავაზობენ. ამ სიტუაციაში პოლიტიკურ სუბიექტებს უფრო უჭირთ. პოლიტიკური პროცესები შემოდგომაზე უფრო გააქტიურდება.
- ანუ, ჯერჯერობით, პოლიტიკური პროცესების დინამიკა წინასაარჩევნოდ მშვიდია?
- ნორმალური, რიტმული. მიმდინარეობს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. ჯერჯერობით ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არც მაჟორიტარების, არც პროპორციული სია, რომელზედაც სწორებას აიღებენ ოპოზიციური პარტიები. ამიტომაც ისინი რაღაცაზე სწორებით ახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას. როგორც კი სახელისუფლებო ძალა ამას გამოხატავს, პროცესები ბევრად უფრო აქტიური გახდება.
- ე.ი. რაიმე ისეთი არ ჩანს, სიმძაფრე, შეჯახებები, არასტაბილურობის გამომწვევი პროცესი რომ იყოს? ალბათ, შემოდგომაზე უფრო უნდა ველოდოთ ამდაგვარ გართულებებს...
- დესტრუქციების ერთადერთი წყარო დღეს ყოფილი მმართველი ძალაა, რომელმაც ერთი მხრივ გამოავლინა დესტრუქცია, მაგრამ ვერ მიიღო ის მხარდაჭერა, რაზეც იყო გათვლილი.
- დესტრუქციების გზა ყოფილ მმართველ ძალას წარმატების მოუტანს?
- დესტრუქციებისკენ სვლა მათ არ წაადგებათ. იმედი მაქვს, ამის გათვალისწინებით, ყოფილი მმართველი ძალა ხელს აიღებს დესტრუქციების დაგეგმვა-განხორციელებაზე. მსგავსი დამოკიდებულებით ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აგდებენ პოლიტიკურ სუბიექტებს. ძველი გაცვეთილი მეთოდები აღარ გამოდგება. ამომრჩეველს უნდა თანამედროვე, ევროპული და ამერიკული მოდელებით ურთიერთობა.
- რა ნიშნებია იმისა, რომ ყოფილი მმართველი ძალა კვლავ შეეცდება დესტრუქციის მოწყობას?
- ამის ნიშანია ის, რაც ჩვენ ვნახეთ შუალედურ არჩევნებში. ამის ნიშანია ის, რომ ყოფილი მმართველი ძალა თავის დროზე დესტრუქციებით მოვიდა ხელისუფლებაში. ამიტომ მას სხვა რამის ინტერესი და პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ გააჩნია.
- არის საუბრები იმაზე, რომ ნაციონალები 9 ოქტომბრისთვის ემზადებიან.
- დღევანდელი გარემო არ ჰგავს 2003 წლისას. მაშინ ხელისუფლების მიმართ იყო დიდი ნეგატივი, დღეს ასე არ არის. მაშინდელი ნაცმოძრაობის მიმართ უზარმაზარი პოზიტივი იყო. დღეს კი არის ნეგატივი. საზოგადოებრივი განვითარება მაშინ სრულიად სხვა იყო. მსოფლიოს, ევროპის ჩართულობა მაშინ სრულიად სხვა იყო, დღეს სრულიად სხვაა. ამიტომ რევოლუციის წინაპირობები დღეს არ არის. მთავარია, ნაციონალები ამას თუ ითავისებენ. თუ ითავისებენ, მაშინ შეეცდებიან, სხვანაირად იმუშაონ, თუ ვერ ითავისებენ, ისევ შეეცდებიან, დესტრუქციების მოწყობის რეჟიმში გადავიდნენ.
- გიგა ბოკერიას აქვს ავტომატით სირბილის გამოცდილება და ჰყავს უცხოური ლობი. რა გამოუვათ?
- მხოლოდ ლობი საკმარისი არ არის. ლობი არის ძირითადი ბირთვი, რომელიც ქმნის დამატებით კეთილგანწყობებს სხვადასხვა სივრცეში. ნაცმოძრაობას და გიგა ბოკერიას დიდი ხანია პატივს არ სცემენ არც შიგნით და არც გარეთ. ვინც მათზე მუშაობს, ფულს უხდიან. მეორე – ნაცმოძრაობა დღეს ის ნაცმოძრაობა აღარ არის, რაც იყო წარსულში. ნაცმოძრაობის საუკეთესო ნაწილი, თუკი ჰყავდათ, დღეს ნაცმოძრაობაში აღარ არის. ისინი ცალკე გუნდებად გავიდნენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მათი შესაძლებლობები მხოლოდ პიარს ეყრდნობა. მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსები. თუმცა, ეს ვერ უშველით.
- სულ საუბარია „ოცნებასა“ და ნაცმოძრაობაზე. სხვა პარტიების შანსებზე რას იტყვით? მაგალითად, გაერთიანებულ დემოკრატებს, პატრიოტთა ალიანსს, თავისუფალ დემოკრატებს და სხვებს რა პერსპექტივა აქვთ?
- რამდენიმე სუბიექტი საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ეს არის გირჩი, რომელიც ბევრად საინტერესო და საქმიანი ხდება, ბევრ საკითხებზე მსჯელობაში, დემაგოგიის დოზაც კარგია. ამიტომ მათ მიმართ დადებითი მოლოდინები მაქვს და ყოველთვის დაინტერესებული ვუსმენ. არ ვმალავ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის მიმართ გარკვეული სიმპათიები მაქვს. დინამიური ეფექტები გააჩნია პატრიოტთა ალიანსს. მისი ძირითადი აქცენტები რაღაცის წინააღმდეგობაშია. თუ რაღაცის წინააღმდეგობის საფუძველი არსებობს, ეფექტურები არიან. თუ წინააღმდეგობა არ არსებობს, ნაკლებად ეფექტურები არიან. წინააღმდეგობა აგებულია ყოფილი მმართველი ძალის მიმართ მკვეთრ ნეგატივზე. თუ წინააღმდეგობა აქვთ, ჩანან, თუ არა, ნაკლებად ჩანან.
ადამიანთა რესურსზე საინტერესოდ მუშაობენ თავისუფალი დემოკრატები. თუმცა, ძალიან აკლიათ სახის შექმნა. მოლოდინი გაცრუებული მაქვს და ამომრჩეველთა ძირითად ნაწილშიც ინტერესი დაკარგა ბურჭულაძის პარტიამ, მაგრამ მათ გარკვეული პერსპექტივები მაინც აქვთ. პირადად მე ახალი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ უფრო დიდი ინტერესი გამაჩნია, ვიდრე ძველი სუბიექტების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდნენ და ხელს უშლიდნენ პოლიტიკური სპექტრის განვითარებას. დღეს მათი პოლიტიკისგან ჩამოშორების დრო უფრო არის, ვიდრე მათი აქტიურობის.
- პოლიტიკისგან ვისი ჩამოშორების დროა?
- იმ ძველი სახეების პოლიტიკისგან ჩამოშორების დროა, ვინც ყველასათვის ნაცნობია, პოლიტიკური სპექტრის განვითარებაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ და აშკარად ზედმეტები არიან პოლიტიკური სივრცისთვის. ყველამ იცის, რას წარმოადგენენ და საინტერესოებიც აღარ არიან.
——————-
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს 24 მლრდ დოლარი ვალი აქვს გადასახდელი
„ჩვენი ქვეყანაც საბერძნეთის გზას დაადგა?”
მაკა ხარაზიშვილი
ბოლო 10 წელიწადში ქვეყნიდან ვალის მომსახურებისთვის 24 მილიარდი დოლარი უნდა გავიდეს. კერძო სექტორს ყველაზე მეტი ვალი 2018 წლამდე აქვს გასასტუმრებელი. სწორედ ამიტომ ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერ ვითარდება და ყველაფერი ვალის გასტუმრებისკენ მიიმართება.
ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 14.6 მილიარდ დოლარს აჭარბებს. იგი 1.2 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი 2013 წლის 31 მარტის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც მთლიანი საგარეო ვალი 13.2 მილიარდ აშშ დოლარი იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში 11 მილიარდი დოლარით. ვალების მკვეთრი ზრდა 2006 წლიდან დაიწყო (3,4 მილიარდი დოლარი) და 2013 წლამდე გაგრძელდა. ყოველწლიურად მთლიანი საგარეო ვალდებულებების მაჩვენებელი საშუალოდ 2 მილიარდი დოლარით იზრდებოდა. 2013 წელს საგარეო ვალი ცოტათი შემცირდა, თუმცა 2014 წლიდან, შედარებით მცირე მოცულობით, მაგრამ ზრდა ისევ დაიწყო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ეკონომისტი თემერ ბასილია აღნიშნავს, რომ სამთავრობო სექტორის წილი მთლიან საგარეო ვალში, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც კერძო სექტორის წილი თითქმის 70%-ია. სამთავრობო ვალი 4.5 მილიარდი დოლარია, დეპოზიტური კორპორაციების – 3.0 მილიარდი, სხვა სექტორების (ძირითადად არასაფინანსო კორპორაციები) – 4.6 მილიარდი და პირდაპირი კომპანიათაშორისი სესხები – 2.3 მილიარდი დოლარი.
გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანი საგარეო ვალის ოდენობა, ძირითადად, კერძო სექტორში იზრდებოდა: სამთავრობო სექტორის ვალმა, 2013 წლის 31 მარტის მაჩვენებელთან შედარებით, მხოლოდ 300 მილიონი დოლარით მოიმატა, მაგრამ დეპოზიტური კორპორაციების – 600 მილიონით, ხოლო არასაფინანსო კორპორაციების ვალმა – 1 მილიარდი დოლარით. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა შემცირებულია 300 მილიონი დოლარით.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წელს მთლიანი საგარეო ვალის მომსახურებისთვის საქართველოს გადასახდელი აქვს 4.8 მილიარდი დოლარი, აქედან სამთავრობო სექტორს, მხოლოდ 274 მილიონი.
“როგორც ვხედავთ, ამ ვალის უდიდესი ნაწილი კერძო სექტორზე მოდის. კონკრეტულად, ბანკებს წელს თავისი მევალეებისთვის გადასახდელი აქვთ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, სხვა კერძო კომპანიებსაც – 1.5 მილიარდი, ხოლო კომპანიათაშორისი სესხების სახით დასაფარია 1.4 მილიარდი აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოს უკვე აღებული მთლიანი საგარეო ვალის მომსახურებისთვის გადასახდელი აქვს 24 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მაშინ, როდესაც მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა 14.6 მილიარდს შეადგენს. ანუ, აღებულ მთლიან საგარეო ვალზე საქართველო იხდის 164%-ს”, – ამბობს თემურ ბასილია.
აქედან, ბანკებს გასახდელი აქვთ 4.5 მილიარდი დოლარი (ვალის მოცულობა 3 მილიარდი დოლარია, ანუ 146%), სხვა კერძო კომპანიებს – 7.3 მილიარდი (ვალის მოცულობა 4.6 მილიარდია, ანუ 158%), ხოლო კომპანიათაშორისო სესხების სახით დასაფარია 4.3 მილიარდი დოლარი (ვალის მოცულობა 2.3 მილიარდი აშშ დოლარია, ანუ, 187%).
“ეს ციფრები, მინიმუმ არის დასაფიქრებელი: ხომ არ დაადგა საქართველო საბერძნეთის გზას, როდესაც ხდებოდა დიდი ოდენობით საგარეო ვალების აღება და საბოლოოდ ქვეყანა ფინანსური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა, რადგან არ შეეძლო ამ ვალების დაფარვა?” – კითხულობს თემურ ბასილია და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მთლიანი საგარეო ვალების მოცულობამ მშპ-ს მაჩვენებელს გადააჭარბა, რამაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს 13.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
“ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მოცულობამ გადააჭარბა ქვეყნის მშპ-ს მოცულობას. ეს ფაქტი სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან. ამას დიდი გავლენა აქვს და მომავალშიც ექნება ლარის გაცვლით კურსზე. ქვეყნის უცხოური ვალუტის რეზერვები მხოლოდ 2.6 მილიარდ დოლარს, ანუ მიმდინარე წელს გადასახდელი თანხის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშები დაახლოებით მინუს 400 მილიონ დოლარს ასახავს. ასეთ პირობებში აუცილებელია ვიცოდეთ, აქვს თუ არა რამე გეგმა ეროვნულ ბანკს და მთავრობას რათა უზრუნველყონ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა?” – ამბობს თემურ ბასილია.
ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები ფინანსურ რესურსს, ძირითადად, უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებენ, რომლებიც საკრედიტო ხაზის გამოყოფამდე ბანკის ფინანსურ მდგომარეობას დეტალურად სწავლობენ. შესაბამისად, თუკი კომერციული ბანკების ვალი სარისკო ნიშნულამდე მივა და მათ მომსახურებას საფრთხე შეექნება, ასეთ ვითარებაში არც ერთი ორგანიზაცია სესხს აღარ გამოყოფს.
“კომერციული ბანკები უცხოური ორგანიზაციებიდან იღებენ საკრედიტო რესურსს, შემდეგ მოზიდული თანხით აკრედიტებენ ეკონომიკას. მთლიანობაში ამ პროცესის ზედამხედველი ეროვნული ბანკია. უცხოური საფინანსო ორგანიზაციები ასევე სწავლობენ იმ ბანკებს, რომლებისთვისაც საკრედიტო ხაზს ხსნიან. ისინი არ გასცემენ ისეთ რისკიან კრედიტს, რომლის უკან დაბრუნება საფრთხის შემცველი იქნება. ის, რომ კომერციული ბანკების ვალი გაიზარდა საშიში არ არის”, – განმარტავს მიხეილ თოქმაზიშვილი და აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია როგორ მიმდინარეობს საფინანსო ორგანიზაციების მიერ საგარეო ვალების მომსახურების პროცესი, ვინაიდან ეს ორი კერძო პირის ურთიერთობაა და საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
რაც შეეხება იმას, რომ მთლიანმა საგარეო ვალმა დოლარში მშპ-ს მოცულობას გადააჭარბა, ამ მიმართულებით მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში (მაგალითად, იაპონია, იტალია , მშპ-სა და საგარეო ვალს შორის სხვაობა გაცილებით დიდია, თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ღარიბი ქვეყნისთვის (როგორც საქართველოა) მცირე ვალის სიდიდეც კი შეიძლება ეკონომიკურად დამანგრეველი აღმოჩნდეს.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ დოლარში მშპ-ს სიდიდე, გარკვეულწილად, კურსზეც არის დამოკიდებული. თუკი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ უფასურდება, მაშინ ვალის თანაფარდობა მშპ-სთან იზრდება (მშპ-ს რეალური ზრდა იანგარიშება ლარში და მიმდინარე კურსით გადაგვყავს დოლარში).
“32 მილიარდ დოლარმადე გვაქვს მშპ და მაგალითად, თუკი კურსი დოლარის მიმართ 1,5 იქნებოდა, მაშინ მშპ 20 მილიარდ დოლარს მიაღწევდა. ლარის გაუფასურებასთან ერთად, დოლარში მშპ-ს მოცულობაც შემცირდა. ლარში მისი სტრუქტურა და დინამიკა ასე არ შეცვლილა. ეს არ არის იმდენად საგანგაშო მაჩვენებელი, თუმცა ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს ის ინდიკატორები, რომელიც ჩადებულია საქართველოს კანონში “ეკონომიკური თავისუფლების შესახებ”, რომლის მიხედვითაც საშინაო და საგარეო სახელმწიფო ვალის ჯამური სიდიდე მშპ-ს 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დანარჩენი საბანკო სექტორი და კორპორაციები თავიანთ თავს თვითონ მიხედავენ”, – ამბობს სოსო არჩვაძე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშპ-სთან თანაფარდობაში მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშოდ არ მიიჩნევა, მაგრამ ვალის მომსახურება, რომელიც 2013 წლიდან ერთბაშად გაიზარდა, საფრთხეს უქმნის ლარის სტაბილურობას, რაც თავისთავად მძიმე დღეში აყენებს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. ქვეყანა, პრაქტიკულად, ვერ ვითარდება და წლიდან წლამდე შექმნილი მატერიალური დოვლათი ვალის გასტუმრებისკენ მიიმართება.
„რეზონანსი“, 12 ივლისი, 2016 წელი
ქართული სოფლები წელს კიდევ უფრო დაცარიელდება
უფულობის გამო ხალხი საკუთარ სახლამდე ვერ ჩასულა
მარი ჩიტაია
თბილისის მოსახლეობის უმეტესობა დასასვენებლად ვერ გადის. ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებას ვინღა ჩივის, როცა ხალხს მამაპაპისეულ სახლში ჩასვლის საშუალებაც არ აქვს. მიმოსვლა განსაკუთრებით ისეთ ადგილებში ჭირს, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობს და გადაადგილების პრობლემაა. ამიტომ ბევრი სახლი სოფელში, რომელსაც ქალაქში გადასახლებულები ზაფხულში მაინც აკითხავდნენ, შესაძლოა, წელს გამოკეტილი დარჩეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მთიან რეგიონებშია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით მთავრობის სპეციალური პროექტი შეიქმნა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს, ხალხს მთაში მცირე ხნით გამგზავრების საშუალებაც არ აქვს.
ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორენიშში 120 კომლია რეგისტრირებული. აქედან მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობა 20 ოჯახს არ აღემატება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ზაფხულობით ჩამოსვლას 40 ოჯახი ახერხებს. 60 სახლი მუდმივად დაკეტილია. ქორენიშის მკვიდრი ლევან ხმელიძე სოფლის ცხოვრების ამსახველი ვიდეორგოლებით სოციალური ქსელების მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს. მისი გადაღებული ყველა ვიდეო დიდი მოწონებით სარგებლობს, მაგრამ ხალხს ხანდახან სოფლის მონახულების მოტივაცია მაინც ვერ მისცა.
“ქორენიში ხვამლის მთის ძირშია, ამაზე ლამაზი სოფელი მთელ მსოფლიოში არ მეგულება. 90-იან წლებამდე სტუმარი და დამსვენებელი არ გვაკლდა, ახლა აქაურობა ცარიელია. მთელი სოფელი რომ შემოიაროთ, ბავშვის ხმას ვერ გაიგებთ. 1-2 კვირით შეიძლება აგვისტოში ჩამოვიდნენ, ეს არის და ეს. ყველგან სიცარიელეა, შეიძლება იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა არ არის და ხალხს ელემენტარულად მიმოსვლის საშუალებაც არ აქვს. ქუთაისი-ორბელის მიმართულებით გზა ფაქტობრივად აღარ არის. 45 კმ-ს ვერ გადის ხალხი. ქუთაისში ვმუშაობდი, “ჯიპი” მყავს, მაგრამ იმათაც კი ვერ ვიარე და სამსახურს თავი დავანებე. ყველაფერს მთავრობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ მეტი მოტივაცია სჭირდება ხალხს, რომ დაბრუნდეს და ღირსეული ცხოვრება შეძლოს. სავალალო მდგომარეობაა, 120 ოჯახიდან რეალურად 60 სახლის კარი იღება, ისიც სეზონურად. მუდმივად ადგილზე 20 ოჯახი ვართ, სადაც უმრავლესობა ასაკოვანი ხალხია. ახალგაზრდა ცხოვრობს მხოლოდ 4 ოჯახში და მათაც გაქცევისკენ უჭირავთ თვალი”, – ამბობს ლევან ხმელიძე.
ანალოგიური მდგომარეობაა რაჭაშიც. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს იქაურობა დასასვენებლადაც აღარ იზიდავთ. მნახველთა რაოდენობაც სოფლებში ყოველწლიურად მცირდება.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში სულ 19 ოჯახია. ცოტა ხნის წინ 21 იყო. რამდენიმე თვის წინ სოფელში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რაჭისთვის კიდევ ორი სახლის დაკეტვას ნიშნავს.
ამირან მდივნიშვილი სოფელში 8-9 წლის წინ დაბრუნდა, საკუთარი შრომით თავსაც ინახავს და ქალაქში წასულ ოჯახსაც ეხმარება.
„ჩემები ქალაქში ცხოვრობენ, როგორც კი ცხოვრება გამიჭირდა, რაჭას მოვაშურე და დღემდე ოჯახს აქედან ვეხმარები. რთული ცხოვრება გვაქვს, ახლომდებარე სახლებიდან მობინადრეები წლების წინ აიყარნენ და ზოგიერთი სახლის სანახავადაც აღარ ჩამოდის, ზოგი ზაფხულობით მაინც აკითხავს. დაკეტილ სახლებს აქ მრავლად ნახავთ, სადაც არ უნდა გაიხედოთ, მათ წააწყდები. ყოველდღიურად თოხითა და ნამგლით “ვიბრძვი”, რომ მეზობლის ეკალ-ბარდი ეზოში არ შემომივიდეს. გული მიკვდება ჩემი თანასოფლელების ნასახლარებს რომ ვხედავ, მაგრამ ვერც ვერავის გავამტყუნებ, ადამიანები აქედან უკეთესი ცხოვრების საძებნელად წავიდნენ. დაბრუნების სურვილი არავის აქვს, ვეჭვობ ოდესმეც გაუჩნდეთ. ამასწინათ გორისუბანში ორი ადამიანი მოკვდა და ორი ოჯახი დაიკეტა.
ამ ზაფხულს მეზობლებს ველოდი ქუთაისიდან, მაგრამ სულ ახლახან შემომითვალეს, რომ უსახსრობის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ვერც შარშან ჩამოვიდნენ, ამასობაში კი მათი ეზო ნადგურდება”, – ამბობს ამირან მდივნიშვილი.
არა მარტო მთიან რეგიონებში, ხალხი მიტოვებულ სახლებს ვერც ბარის სოფლებში აკითხავს. ვასო გოგოხიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში პატარა სახლი ეგულება. მშობლები რამდენიმე წლის წინათ გარდაეცვალა და მას შემდეგ იქაურობას მხოლოდ ზაფხულობით აკითხავს. იგი წელს ცოლ-შვილს მამისეულ სახლში ვერ ჩაიყვანს, რადგან ოჯახს არ აქვს გამოკეტილ სახლში დასვენებისთვის საჭირო თანხა.
“დასასვენებლად ჩასვლა მარტო კვების ხარჯს არ უკავშირდება. ოჯახს, სულ მცირე, 500 ლარი უნდა მოგეპოვებოდეს, რომ სოფელში დაისვენო. აქედან 150-200 ლარი გზის ხარჯია. სტუმარიც ხომ უნდა მიიღო. ამ ყველაფრის საშუალება არ მაქვს და ვარჩიე, დედაქალაქში დავრჩე. ტაქსის მძღოლი ვარ და დღიური ლუკმის საშოვნელად მთელი დღის შრომა მიწევს. რამდენჯერაც ვცადე, დანაზოგს ვერ მოვუყარე თავი. ასეთ გასაჭირში დასვენების სურვილიც დიდად არ მაქვს”, – ამბობს ვასო გოგოხია.
ანალოგიურ გასაჭირშია ტყიბულის მკვიდრი ნონა ქასრაშვილი. მისი თქმით, შვილის სწავლის ქირის გადახდა უწევს, რისთვისაც თავდაუზოგავად მუშაობს და სოფელში გამგზავრების არც დრო და არც საშუალება აქვს.
“შარშან ერთი კვირით მოვახერხე ჩასვლა. წელს 1-2 დღით თუ ჩავედი, ესეც შეღავათია. შეიძლება, აგვისტოში ჩავიდე, ისიც მოხუცი მშობლების მოსანახულებლად, დასვენების შესაძლებლობა ნამდვილად არ მაქვს. ოჯახში მოხუცის მომვლელად ვმუშაობ. გამომუშავებული თანხით შვილის სწავლის გადასახადს ვაგროვებ. წელს დასვენებისთვის დანაზოგი ვერ გავაკეთე. არნახული შრომა მიწევს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გავუმკლავდე”, – განაცხადა ნონა ქასრაშვილმა.