globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 14 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 14th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: „ოცნების” ახალგაზრდა, განათლებული, სიმპათიური და… არაფრის მთქმელი სახეები

რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ოცნებამ” ახალი სახეები “მორჩილების პრინციპით“ შეარჩია

რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნების“ ახალი სახეები „ნაცმოძრაობასთან“ დებატებს პირწმინდად წააგებენ

რეზონანსი“: შეძლებენ თუ არა “ოცნების” ახალი სახეები “ნაციონალების” წევრებთან დებატებში შესვლას?

რეზონანსი“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის საქმე გააგრძელა და მურუსიძეების სასამართლო მოგვცა“

ვერსია: „გირჩი“ გიორგი ვაშაძესთან, „ახლებთან“, ედპ-სთან, პაატა დავითაიასა და ზურაბ ხარატიშვილთან ერთად პროდასავლურ ცენტრს ქმნის?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ახალი სახეები „ოცნებას“ ახალ ხმებს ვერ მოუტანს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „აჭარას არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გააკონტროლებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან კიკნაძესთან: „აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპანტები კი არა, აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა ვართ“

——————-

რეზონანსი“, 14 ივლისი, 2016 წელი

ოცნების” ახალგაზრდა, განათლებული, სიმპათიური და… არაფრის მთქმელი სახეები

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 15 ახალი “რჩეული სახე” დასახელდა – 8 ქალი და 7 მამაკაცი, თუმცა გაურკვეველია, რამდენად მოწინავე რიგებში იქნებიან ისინი. ამ 15-ის გარდა სხვა “ახალი სახე” იქნება თუ არა სიაში, ცნობილი არ არის და ასევე ჯერ კიდევ უცნობია პარტიის პირველი ათეულის შემადგენლობაც.

პარტიის ლიდერების მტკიცების მიუხედავად, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობა დასრულებულია, კულუარებში საუბარია იმაზე, რომ შედგენილი სია ექსპრემიერმა ივანიშვილმა დაიწუნა, ამიტომაც არც პარტიული და არ მაჟორიტარული სია ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის და სწორედ ამიტომ გაიწელა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოსათვის დაანონსებული წარდგენა.

სიის წარდგენაზე, საგურამოში არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილი და ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პარტიის შეკრებას ექსპრემიერი არ ესწრებოდა.

“ოცნების” მომავალი საპარლამენტო გუნდის საბოლოო ფორმირებამდე სიის 15 ახალი სახე გუშინ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში თავად პრემიერმა და პარტიის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, სადაც მიწვეული იყვნენ უმრავლესობის დეპუტატებიც, მინისტრებიც და საზოგადოების ცნობილი სახეებიც. ამით “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია გახსნა. მაჟორიტარების წარდგენა კი კვირას, 18 ივლისს იმერეთიდან, ქუთაისში დაიწყება და დაგეგმილია, რომ ეტაპობრივად ყველა რეგიონში მოხდება მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა და პარტიულ და მაჟორიტარულ სიებში იქნებიან როგორც ახალი, ისე ძველი სახეებიც. ნუმერაციით სიის დასახელება კი, დიდი ალბათობით, ივლისის ბოლოს მოხდება.

გიორგი კვირიკაშვილმა “ახლების” წარდგენისას მთავარი აქცენტი მათ მაღალ კვალიფიციურობასა და უცხოეთში მიღებულ განათლებაზე გააკეთა, ასევე იმაზე, რომ მათი უმეტესობა ქალია. ასევე განაცხადა, რომ ისინი მმართველი პარტიის ახალ დასაყრდენს წარმოადგენენ და ამიტომაც ისინი პრემიერის გუნდად მოინათლა.

“ქართული ოცნების” 15 რჩეულია: თამარ ჩუგოშვილი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე; გიორგი გახარია – ყოფილი ბიზნესომბუდსმენი; ირაკლი კობახიძე – პარტიის აღმასრულებელი მდივანი; აკაკი ზოიძე – ჯანდაცვის სპეციალისტი; არჩილ თალაკვაძე – შს მინისტრის მოადგილე; თამარ ხულორდავა – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; ირინა ფრუიძე – ექიმი, ინტელექტკლუბიდან “რა? სად? როდის?”; კახა კუჭავა – სამართალმცოდნე და “კავკასუს მინერალსის” დამფუძნებელი; მამუკა მდინარაძე – ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე; მარიამ ჯაში – სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ნინო გოგუაძე – სამართალმცოდნე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე; რომან კაკულია – სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; სოფო კილაძე – იურისტი, შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი; სოფო ქაცარავა – ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი; სოფო ჯაფარიძე – სამართლის მაგისტრი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

ჰარვარდი, კოლუმბია, ნოტინგემი, ჰაიდელბერგი, ესექსი… – ნახევარს უცხოეთში აქვს განათლება მიღებული და როგორც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, ისინი “კარგი რეპუტაციით, საუკეთესო განათლებითა და პროფესიონალიზმის ნიშნით” შეირჩნენ.

პოლიტოლოგების ნაწილში დიდი ყურადღება სწორედ დასავლეთში მიღებული განათლების, წარმატების და პოლიტიკაში შესვლის ერთგვარ მთავარ აქცენტად დასახელებამ მიიქცია და ეს ერთგვარი ტრენდი არცთუ დადებითად შეფასდა. მათი თქმით, მთავარი ბრძოლა ახლა ძველ სახეებს შორის მიმდინარეობს იმაზე, ვინ დარჩება სიაში და ვინ – არა და როგორი სიაც არ უნდა შესთავაზოს “ოცნებამ” საკუთარ ამომრჩეველს, მაინც უმეტესობა არა ახალ და ძველ სახეებს, არამედ კონკრეტულად ივანიშვილის ფაქტორის გამო დაუჭერს მათ მხარს.

აღსანიშნავია, რომ 15 რჩეულიდან სამი მინისტრის მოადგილეა, რომლებსაც პოსტის დატოვება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მოუწევთ. ასევე ამ ჯგუფში მოხვდა კონსერვატიული პარტიის წევრიც. ცნობილია ისიც, რომ “ოცნების” კვოტით უნდა იყარონ კენჭი “კონსერვატორებმა” – ზვიად ძიძიგურმა და გიგა ბუკიამ და “სოციალისტმა” გია ჟორჟოლიანმა. პოლიტოლოგების თქმით, ესეც ერთგვარი გაუგებრობაა. რადგან “ოცნებამ” კოალიციაზე უარი განაცხადა.

“ოცნების” დეპუტატები ახალ სახეებს დადებითად ახასიათებენ, საკუთარ ბედზე კი ჯერ არაფერი იციან. ნაწილს, მაგალითად ომარ ნიშნიანიძესა და დავით ლორთქიფანიძეს სჯერათ, რომ ისინი მაჟორიტარებად იქნებიან დასახელებული. ნუკრი ქანთარია კი აცხადებს, რომ მისთვის სიაში ყოფნა გადამწყვეტი არ არის.

ერთადერთი ცნობილია ის, რომ ძველი სახეებიდან სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც 14 მაისს პარტიის განახლებულ პოლიტსაბჭოში დასახელდნენ, მათ შორის არიან, გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ირაკლი სესიაშვილი, თემურ ჭკუასელი, ზვიად კვაჭანტირაძე, ასევე დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი. პოლიტსაბჭოს წევრია, მაგრამ ახალ სახეებში არ დასახელდა იურისტი დავით კოღუაშვილი, რომელმაც ერთი თვის წინ გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში პოზიტიურად ისაუბრა. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ “შეცდომის” გამო, რომელიც მაშინვე მთელმა “ოცნებამ” მწვავედ დაგმო, ის საგურამოს რჩეულებში ვერ მოხვდა და ისიც კი არ არის ცნობილი, სიაში იქნება თუ არა.

საგურამოში ასევე გაცხადდა ისიც, რომ რამდენიმე მინისტრის საარჩევნო სიაში ყოფნა გამორიცხული არ არის. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თქვა, რომ მასთან კონსულტაციები იყო, “მარტვილზეც, სენაკზეც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია”. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, მასთან დაკავშირებით “ყველაფერი ცნობილი უახლოეს მომავალში იქნება”.

დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია საშინელ საკადრო შიმშილს განიცდის და ეს იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ მანკიერ სელექციას ახორციელებს. იგი თვლის, რომ შეცდომაა ის, რომ ასაკი პანაცეად იქცა, ანუ „რაც უფრო ახალგაზრდაა, მით უკეთესია“. სოსო ცინცაძის თქმით, არ შეიძლება პარლამენტი კვალიფიკაციის ამაღლების კურსებად იქცეს. მას ასევე არ მოსწონს, რომ აქცენტი მაინცდამაინც უცხოეთში განათლებამიღებულებზე კეთდება.

სოსო ცინცაძის თქმით, ალბათ დასავლეთში “ქართული ოცნების” ხელისუფლების საგარეო ორიენტაციაზე ეჭვის არსებობის გამო ხდება ახლა უცხოეთში განათლებამიღებული პირების მიზიდვა პარტიაში და ამით ევროპას ეუბნებიან, რომ ხელისუფლება პროდასავლურია, მაგრამ თვლის, რომ ასეთი დამოკიდებულება ეროვნულ თავმოყვარეობას ლახავს. “ეს იმის აღიარებაა, რომ საქართველოში ჭკვიანი კაცი აღარ დარჩა და არც განათლების სისტემა მუშაობს. ქართული პოლიტიკის ინკუბატორი ქართული განათლების სისტემა უნდა იყოს. დასავლეთში ვინც წავიდა, ყველა გენიოსია? ეს პოლიტიკური საშვი არ უნდა იყოს. ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა არ დაგვრჩა?” – ამბობს სოსო ცინცაძე. მას არც წარდგენილი 15 რჩეული მოსწონს იმ მიზეზით, რომ ახალი სახე საზოგადოებაში აქტიურობით გამორჩეული უნდა იყოს და არა ყველასათვის უცნობი სახელი და გვარი. იგი ამბობს იმასაც, რომ მალე პარტიის სიაში ახლობლობითა და ჩაწყობით მოხვედრილებსაც ვნახავთ.

“ვნახავთ, რომ სია ასევე გაივსება ვიღაცის ძმისშვილებით, შვილებით, სიძეებით, ბიძაშვილებით თუ ცოლისძმებით. როგორ შეიძლება, პარლამენტარი გახდეს ადამიანი, ვისაც არავინ იცნობს? ჩვენთან კი მოიყვანენ ვიღაც უცნობ სახეებს და დაარქმევენ ახალ სახეებს. ახალი სახე პარლამენტისთვის უნდა იყოს ახალი, თორემ ამომრჩეველი მას აქტიურობით უნდა იცნობდეს. თავი არავის გამოუჩენია და რატომ უნდა ვენდო მე ახლა კვირიკაშვილს სიტყვაზე, რომ ესენი ყველანი კარგი პოლიტიკოსები იქნებიან? როგორც ჩანს, ივანიშვილი საკუთარ გუნდზე გულაცრუებულია და ის სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, 10-15 პირადი მეგობარი, რომლებიც, ქვეყანა რომ დაინგრეს, მაინც იქნებიან პარლამენტში, დანარჩენი არ აინტერესებს,” – აღნიშნავს სოსო ცინცაძე და „ოცნებაში” პოლიტიკურ შინაომს პროგნოზირებს.

“ძველებმა ომი უკვე დაიწყეს. ყველა რეკორდი მოხსნა ომარ ნიშნიანიძემ, როდესაც განაცხადა, რომ ამ გუნდს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე მე მჭირდებიან ეგენიო. საკუთარი თავი დააყვედრა “ოცნებას”. ისიც თქვა, თუ ჩემზე ჭკვიანს მოიყვანენ, ორივე ხელს ავწევ, მაგრამ ჩემზე ჭკვიანს ვერავის ვხედავო. ჭიდაობა უკვე მიმდინარეობს. ძიძიგურის მაგალითიც რომ ავიღოთ. ეს ლუსტრაციაა. პოლიტიკოსი ამბობს, მე ხმას არავინ მომცემს და ისევ “ოცნების” ქოლგით უნდა გავიდეო. გია ვოლსკი იძახის, მარტო ვიყრით კენჭსო და ამ სხვა პარტიის მიერთება რას ნიშნავს? ეს სრული ქაოსია. გამოდის, “ოცნება” თავად ვერ გარკვეულა, პარტიად გადის არჩევნებზე თუ კოალიციად,” – დასძენს სოსო ცინცაძე.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის თქმით, ახალი სახეები ამომრჩევლისათვის დიდი ინტერესის საგანი მაინც არ გახდება, რადგანაც ყველა მაინც ბიძინა ივანიშვილის ხათრით მისცემს “ქართულ ოცნებას” ხმას. მისი აზრით, დასახელებულ 15 ფავორიტში ზოგი მისთვის ცნობილი, კარგი იმიჯისა და დამსახურების მქონეა, მაგალითად თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე და არჩილ თალაკვაძე. თუმცა ზოგი უცნობია. მიაჩნია, რომ როდესაც პარტია ახალ სახეებს წარადგენს, აქ მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა მისი საზღვარგარეთ მიღებული განათლება და ამის გამო გენიოსებად მონათვლა, არამედ ის, თუ რითი იყვნენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში დაკავებული და რამდენად აქტიურობდნენ.

“როგორც ჩანს, სატელევიზიო სივრცეში ხშირად გამოჩენის სურვილის გამოა ასე ლუკმა-ლუკმა, 15 თუ 5 კაცით რომ აწვდიან ამომრჩეველს პარტიის წევრების ვინაობას, სია კი ჯერ კიდევ არ ჩანს. როგორც ჩანს, საკამათო და საფიქრალი ბევრი აქვს “ქართული ოცნების” შტაბს და ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი არ არის,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი და თვლის, რომ წესით, “ოცნების” ახალი სახე უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე საგურამოში დასახელებული 15 პირი. იგი პროგნოზირებს, რომ მაჟორიტარებად დასახელდება რამდენიმე ახალი სახე და ასევე არ გამორიცხავს იმასაც, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” “ოცნებაში” “გადასკუპებული” ადამიანებიც იყრიან კენჭს მაჟორიტარებად, საკუთარი ბიზნესის სიმშვიდისთვის.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა შემადგენლობით წარსდგება “ქართული ოცნება”, რადგან ამ პარტიის ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი მაინც ბიძინა ივანიშვილია. “ჩვენ არჩევნებზე პოლიტიკურ არჩევანს არ ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენ, სამწუხაროდ, მხოლოდ პატრონს ვეძებთ,” – დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

რეზონანსი“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ოცნებამ” ახალი სახეები “მორჩილების პრინციპით” შეარჩია

ია აბულაშვილი

“ახალი სახეები ვერ შეცვლიან ჩვენში დამკვიდრებულ მართვის პატრონყმურ სისტემას” – აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” “ოცნების” საპარლამენტო სიის ახალ სახეებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

- რა პრინციპით ხელმძვანელობდნენ “ოცნების” ლიდერები კანდიდეტების შერჩევისას და ქმნიან თუ არა ოპტიმისტურ განწყობას “ოცნების” ახალი სახეები?

- დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ახალ სახეებს, ვინაიდან ეს სახეები ვერ შეცვლიან ჩვენში დამკვიდრებულ მართვის პატრონყმურ სისტემას და ვერც გააუმჯობესებენ. თუმცა საინტერესო იქნება, გავაანალიზოთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობდნენ, “ოცნების” ლიდერები კანდიდატების შერჩევისას. აშკარაა, რომ ცდილობდნენ შეერჩიათ პოლიტიკური წარსულით ნაკლებად დატვირთული ადამიანები, რაც მიმაჩნია, რომ სწორია, ვინაიდან პოლიტიკურად ცნობილი სახეების მიმართ მოსახლეობის დიდ ნაწილში ფრიად სკეპტიკური დამოკიდებულება სუფევს. ამავდროულად, ცდილობდნენ ისეთი ბიოგრაფიის ადამიანები შეერჩიათ, ადვილი ასახსნელი რომ ყოფილიყო ხალხისთვის – ღირსეული კანდიდატები არიანო. აქცენტი გაკეთდა პროფესიონალებზე, ამასაც მივესალმები. ის, რომ პირველ 15 ადამიანში ქალბატონები ჭარბობენ: 8 ქალია და 7 მამაკაცი, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა საქართველოში. ასევე იმედი აქვთ, ახალი სახეები უკეთესად გასცემენ პასუხს ოპონენტებს, იმის გათვალისწინებით, რომ “ნაცების” გარდა ოპონენტები არიან უკვე ალასანიას პარტია, “რესპულიკელები” და სხვები. აშკარაა კიდევ ერთი მომენტი, “მორჩილების პრინციპი” გაატარეს, ანუ მოძებნეს ისეთი ადამიანები, რომლებიც “ოცნების” ლიდერების აზრით, პრობლემას არ შექმნიან და დაემორჩილებიან პატრონყმური მართვის წესებს.

- საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ ამავე ღონისძიებაზე მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაც მოხდებოდა ან სულაც სიის სრული შემადგენლობა გახდებოდა ცნობილი. მაინც რატომ აჭიანურებს “ოცნება” სრული სიის გამოქვეყნებას?

- ფაქტია, რომ ისე აკეთებენ, როგორც ურჩევნიათ, ჰგონიათ, რომ ასე უკეთესად გამოჩნდება. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სიის შემადგენლობა, რიგითობა, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების სია აინტერესებს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტს, ანუ მხოლოდ მათ, ვინც ასე თუ ისე ჩართულია პროცესში – მასმედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და სხვა. ჩემამდეც მოვიდა ხმები, რომ ვერ თანხმდებიან სიაზე, გრძელდება მოლაპარაკებები და ამის გამოც ვერ აქვეყნებენ სიის სრულ შემადგენლობას, მაგრამ კანონს არ არღვევენ და, დარწმუნებული ვარ, კანონით დადგენილ ვადებში ყველაფერი გამოქვეყნდება.

- “ოცნების” ლიდრები აცხადებენ, რომ პარტიისთვის მთავარი იყო გუნდის თვისობრივი განახლება და ეს პირობა შესრულებულია, ანუ “ოცნებამ” დაპირებების შესრულება დაიწყო?

- საარჩევნოდ ახალი დაპირებები იქნება, თუნდაც ის, რომ ძველი დაპირებები შეასრულონ (იმ შეხსენებების გარეშე, რომ ისევ ძველი დაპირებებია), მაგრამ როგორ მოახერხებენ, როცა ჯერჯერობით ეკონომიკური აღმავლობის ნიშნებიც კი არ ჩანს? წელს 6 თვეში ექსპორტ-იმპორტის დეფიციტმა 4 მილიარდი დოლარი შეადგინა; ექსპორტი ისევ შემცირდა, იმპორტი კი ისევ გაიზარდა. ანუ, ერთს ამბობენ გაუმჯობესებაზე, ხოლო სულ სხვა არის რეალური სურათი. ამ ფონზე ლარის ბედიც გაურკვეველია, ხოლო მთლიანი საგარეო ვალის გასტუმრებაც დიდი პრობლემაა. ბოლო 4 წელიწადში, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დატოვებული მთლიანი საგარეო ვალი არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და საქართველოს უკვე 24 მილიარდი დოლარი აქვს გადასახდელი.

- მომავალ არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვს “ოცნებას” ან სხვა პოლიტიკურ ძალებს?

- რაც შეეხება “რესპულიკელებს”, აქ შეიძლება მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, გადალახავენ თუ არა საარჩევნო ბარიერს; დღეის მდგომარეობით, ჩემი ინფორმაციით, ვფიქრობ, დღეს რომ იყოს არჩევნები, ბარიერს ვერ გადალახავენ. ალბათ მინისტრების პორტფელების შენარჩუნებაც იმისთვის უნდოდათ, რომ ადმინისტრაციული რესურსი თავისთვის გამოეყენებინათ. სხვა რომ არაფერი, მინისტრი ხშირად ჩნდება ტელევიზიით. კარგია, რომ გიგლა აგულაშვილი “ოცნებაში” გადავიდა, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში, ის ნამდვილად კვალიფიციური მუშაკია და გათავისუფლდება პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობისაგან. გავიხსენოთ თინა ხიდაშელის აბსურდული პიარ-აქცია – როგორც სააკაშვილის უნიჭო იმიტატორმა ტელეეკრანების წინ ხელი მოაწერა წვევამდელების არგაწვევას, მაშინ, როცა ეს საკითხი შეეძლო, კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით მოეგვარებინა; მისი აბსურდული განცხადება მონურ შრომაზე, 7-ლარიან ყარაულზე და ა.შ.

აბსურდული იყო მისი ის განცხადებაც, რომ თუ საქართველო არჩევნების შემდეგ შეინარჩუნებს პროდასავლურ კურსს, გარანტიას აძლევს ხალხს, რომ დაბრუნდება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

რას ნიშნავს ეს გარანტია? ცხადია იმას, რომ პარლამენტში რომ ვერ მოხვდეს, ქალბატონი თინა იმას დააბრალებს, რომ ქვეყანამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია, როგორც გადადგომის შემდეგ განაცხადა ალასანიამ. ანუ “რესპულიკელების” პარლამენტში ყოფნას თინა ხიდაშელი პროდასავლური კურსის შენარჩუნების გარანტად აცხადებს.

“ნაციონალებიც” ჩანან იმის გამო, რომ “რუსთავი 2″ არის სააკაშვილის პირადი ქონება და მის სარედაქციო პოლიტიკაზე “ოცნებას” გავლენა არ აქვს (გაიხსენეთ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება “იმედში”, “მაესტროში”, საზოგადოებრივ არხზე) სხვა მხრივ “ნაცების” რესურსს, იმის გარდა, რომ შეიძლება ბარიერი გადალახონ, ვერ ვხედავ. როდის ჩაატარებს ყრილობას სააკაშვილი დიდგორზე ან როდის შემოვა თურქეთიდან ბათუმში, რეალობას სრულიად მოწყვეტილია, ამის თვითონ “ნაცებსაც” კი აღარ სჯერათ.

იგივეა დანარჩენი ე.წ. პარტიების ბედი, მხოლოდ ერთი კითხვა ისმის, მოახერხებს კი ბარიერის გადალახვას? ანუ, სერიოზული ძალა, გარდა მთლიანი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის მფლობელი “ოცნებისა”, არ ჩანს.

რეზონანსი“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ოცნების ახალი სახეები ნაცმოძრაობასთან დებატებს პირწმინდად წააგებენ

თაკო მათეშვილი

“ქართული ოცნების” ახალ სახეებზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ისინი განწირული არიან ოპონენტებთან, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობის” ახალ სახეებთან დებატებისთვის, რისთვისაც, ხუხაშვილის აზრით, მათ გამოცდილება არ აქვთ. შესაბამისად, მისი აზრით, ასეთი ადამიანების ფრონტის წინა ხაზზე გაშვება დიდი შეცდომაა. გარდა ამისა, ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ სიახლით “ოცნების” ძველი წევრები უკმაყოფილოები დარჩებიან, რადგან იფიქრებენ, რომ მათ ღვაწლი არ დაუფასეს და ახალმოსულები უფრო წინ დააყენეს.

მოგეხსენებათ, პარტიის ახალი სახეები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე. პრემიერმა საზოგადოებას ისინი გუშინ საგურამოში წარუდგინა.

გია ხუხაშვილი: ამ ხალხზე ნორმალური შთაბეჭდილება მაქვს, პერპექტიული ახალგაზრდები არიან და მინდა, წარმატება ვუსურვო. რაც შეეხება იმას, თუ რა შეცვალა ამან, ვფიქრობ, რომ არაფერიც არ შეცვალა, პირიქით, გარკვეული რისკები გააჩინა. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, როცა წინასაარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაშია გადასული, ფრონტის წინა ხაზზე ისეთი ადამიანების გამოყვანა, რომელთაც საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება არ აქვთ და მათი ცნობადობის ხარისხიც ძალიან დაბალია, არასწორია. ერთჯერადი პიარისათვის ეს შეიძლება, რაღაც იყოს, მაგრამ სისტემურად ძალიან პრობლემატური შეიძლება გახდეს. “ქართული ოცნება” მაღალი რისკის ზონაში შევიდა.

- რას გულისხმობთ?

- ამ ადამიანებს, რომელთაც საჯარო სივრცესთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ და დებატები ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან მოუწევთ, ორი გზა დარჩებათ – ან არაფერი უნდა თქვან და დებატებს წააგებენ, ან ე.წ. კოღუაშვილის სინდრომით დაავადდნენ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც “ქართული ოცნებისათვის” საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა. ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის პოლიტიკაში მოღვაწეობის პირველი ეტაპი ცნობადობის გაზრდაა. ასეთ მოკლე ვადაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. “ქართული ოცნების” კეთილი სურვილები გასაგებია, მაგრამ პოლიტტექნოლოგიურად აბსოლუტურად უხარისხო და ალოგიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. პროცესი შეიძლება ასე განვითარდეს – საჯარო სივრცეში პირველივე წარუმატებელი გამოჩენის შემდეგ ამ ადამიანებს ისევ “ქართული ოცნების” ძველი სახეები ჩაანაცვლებენ და დებატების ფრონტზე კვლავ ისინი შემოვლენ. ყველაფერი ფარდობითობით იზომება. ცნობადობის ხარისხითა და დებატების უნარით “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ახალი სახეების შედარებაც კი არ შეიძლება. იქ ამ მიმართულებით ყველა ძალიან გამოცდილია. აქ კი ასე არაა. როცა ტატამზე ვიღაც გაგყავს, მეტოქესთან თანაბარი შესაძლებლობები ხომ უნდა ჰქონდეს?

- არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც “ოცნების” ახალი სახეების უპირატესობაზე მიუთითებს?

- მათი ერთადერთი კოზირი ისაა, რომ ხელისულების წარმომადგენლები არიან და მათ კისერზე სისხლიანი 9 წელი არ არის. დანარჩენი პარამეტრებით კი “ნაცმოძრაობის” ახალ სახეებთან სუფთად აგებენ. ესაა პრობლემა და ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” ამ თემას ძალიან ზედაპირულად უდგებიან. რა თქმა უნდა, ამ სახეების გამოჩენა შეეძლოთ, მაგრამ მანამდე მათ ბრენდირებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე უნდა ემუშავათ. ეს სამუშაო 7-8 თვის წინ უნდა დაწყებულიყო, რათა დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებს რაღაც ტიპის ცნობადობა მაინც ჰქონოდათ, საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის ოდნავი პრაქტიკა მაინც შეეძინათ. ახლა მათ არსაიდან ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლაში გასვლა უწევთ. ადამიანს თოფის ჭერა თუ არ ასწავლე და სროლაში არ ავარჯიშე, ბუნებრივია, გაუჭირდება.

- ამ ყველაფერზე ალბათ “ოცნებაშიც” იფიქრეს და, ამის მიუხედავად, მაინც რომ წარმოადგინეს, რა გათვლა აქვთ, თქვენი აზრით?

- არ მგონია, რომ ამ პარტიაში არის ვიღაცა, ვინც ამ ყველაფერს ითვლიდა. ეს რომ გაეთვალათ, ასე არ მოიქცეოდნენ და მთელ ამ “სპეცოპერაციას” ცოტა ხარისხიანად ჩაატარებდნენ.

- ანუ, რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა პარტიის ხელმძღვანელობას ამ ადამიანების წარმოდგენისას?

- არაფერი. უბრალოდ, არ გაუთვლიათ. პრობლემაც ესაა – “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანების დეფიციტია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისეთი ადამიანები მონაწილეობენ, რომელთაც ელემენტარული რაღაცებიც კი არ ესმით. ესაა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისაა, პრობლემაა თავად “ოცნების” შიგნით შესაძლო დაძაბულობაც. ამ პარტიაში ათასობით ადამიანი ელოდა კარიერულ წინსვლას. ხშირ შემთხვევაში უანგაროდ მუშაობდნენ, ფიქრობდნენ, რომ იბრძოდნენ და ა.შ. ახლა კი ქუჩიდან ვიღაც მოუყვანეს, რომლებსაც არც ბრძოლაში მიუღიათ მონაწილეობა და არც პარტიული მოღვაწეობა ჰქონიათ და ფაქტობრივად ძველებს თავზე დაასხეს. ბუნებრივია, ეს “ოცნების” შიგნით უკმაყოფილების ტალღას გამოიწვევს.

- დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე უკვე დიდი ხანია საუბრობს ამაზე და ფიქრობთ, რომ მის აზრს ბევრი იზიარებს?

- რა თქმა უნდა. ნიშნიენიძეს თავი დავანებოთ, ის გუშინდელი დღეა.მე ახალგაზრდებზე ვსაუბრობ. “ქართულ ოცნებაში” ბევრი ახალგაზრდაა ისეთი, ვისაც კარგი განათლება აქვს, პარტიასაც ემსახურა, დეპუტატობაზეც ოცნებობდა, კარიერული წინსვლა უნდოდა და ამ დროს გარედან, არაპარტიული ვიღაცები მოიყვანეს და თავზე დაასხეს. ვის მოეწონება ეს? ისინი “ქართულ ოცნებაში” პერსპექტივას ვეღარ დაინახავენ, სკეპტიციზმი გაიზრდება და ეს პარტიაში რყევებს გამოიწვევს. ძალიან ვწუხვარ, რომ “ოცნებაში” სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება და იქ ძალიან ზედაპირული, მექანიკური გადაწყვეტილებები მიიღება – ერთჯერად, უხარისხო პიარზე აწყობილი. რა იყო ეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრება? ოფისიდან ვერ წარმოადგენდნენ? თუ სააკაშვილის დიდგორს უპასუხეს? ახლა ჩვენ დავით აღმაშენებელი და ილია ჭავჭავაძე უნდა ვაჭიდაოთ? ეს ძალიან ბანალური, დაბალინტელექტუალური და უხარისხო გათვლები მე პირადად ძალიან ცუდ ხასიათზე მაყენებს.

რეზონანსი“, 14 ივლისი, 2016 წელი

შეძლებენ თუ არა “ოცნების” ახალი სახეები “ნაციონალების” წევრებთან დებატებში შესვლას?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

შეძლებენ თუ არა “ქართული ოცნების” ახალი სახეები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან დებატებში შესვლას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რატომ ვერ შეძლებენ, რითი არიან მათზე ნაკლებნი?! ეს ადამიანები სრულიად ახალგაზრდები არიან. “ნაციონალურ მოძრაობას” ახალი სახეები არ ჰყავს, ისინი იმ სისტემის ნაწილები არიან, ვინც მონაწილეობას იღებდა იმ ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ და ყოველთვის შეიძლება, ეს ყველაფერი წამოაძახონ. არ მგონია, მათ გაბედონ ამ ადამიანებთან დებატებში შესვლა. “ნაციონალური მოძრაობა” და სინდისი ერთად სად გაგონილა?!

გია ბუღაძე (ფერმწერი): ვერ შეძლებენ, რადგან ეს პიროვნებები არაფერს წარმოადგენენ და საზოგადოება მათ არ იცნობს. თუ “ოცნება” ყველას მოისყიდის და შეაშინებს, მაშინ შეიძლება, ისე არ მგონია, თუმცა მათგან ყველაფერს ველი. პირადად მე, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მაინტერესებს.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ძალიან რთული იქნება ეს. არასდროს ვყოფილვარ “ნაციონალების” მომხრე, მაგრამ გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ეს ახალგაზრდული გუნდი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, გამოცდილებას საჭიროებს. ძალიან კარგია, რომ პრემიერმა არაერთი პრესტიჟული უცხოური უნივერსტიტეტი ჩამოთვალა, სადაც ამ პიროვნებებს აქვთ განათლება მიღებული, მაგრამ ქვეყანა არ არის ის კედელი, სადაც უნდა ჩამოიკიდოს ეს დიპლომები. პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ წინამორბედებს გააჩნიათ, ამათ აკლიათ და მართლა რთული იქნება “ნაციონალებისთვის” ოპონირების გაწევა. ვფიქრობ, რომ წინ რთული პერიოდი გველის.

გია როინიშვილი (მსახიობი): ვერ შეძლებენ, რადგან “ნაციონალურ მოძრაობას” საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რასაც “ქართული ოცნების” ახალ სახეებზე ვერ ვიტყვი.

ირმა სოხაძე  (მომღერალი): ახალი სახეების გარეშეც შეძლებდა “ნაციონალური მოძრაობასთან” “ქართული ოცნება” ოპონირებას. თუმცა ახალი სახეები არა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ “ნაციონალებს” ან სხვა პარტიებს მოუგონ დებატებში, არამედ იმისთვის, რომ მართლა ახლებურად, უფრო ქმედითად წარმართონ საქმეები და გამოასწორონ ის ხარვეზები, რომლებიც “ქართულ ოცნებას” აქვს.

რეზონანსი“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის საქმე გააგრძელა და მურუსიძეების სასამართლო მოგვცა

თაკო მათეშვილი

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ მართავს აქციას სახელწოდებით “სასამართლო მურუსიძეების გარეშე”. აქციის მიზანია, საბჭოს მოუწოდოს, არ გაუხანგრძლივოს ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილს. ზაზა ხატიაშვილის თქმით, ისინი ლევან მურუსიძის მეგობრები არიან და მის მსგავსად, წინა ხელისუფლების დროს არაერთი სკანდალური გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.

მოგეხსენებათ, “ქართული ოცნების” პარლამენტის სიით არჩეულმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ევა გოცირიძემ, ვახტანგ თორდიამ და კახაბერ სოფრომაძემ, თავის დროზე, ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირეს. ზაზა ხატიაშვილი სწორედ მათ მიმართავს და მოუწოდებს, რომ ალანიასა და გაბინაშვილის შემთხვევაშიც ასე არ მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სასამართლო სისტემა ჭაობში კიდევ დიდი ხნით დარჩება.

ზაზა ხატიაშვილი: ვაპირებ სასამართლო სისტემაში ახალი მურუსიძეების დანიშვნა გავაპროტესტო. მოგეხსენებათ, გასაუბრება გაიარეს და ხვალ კენჭს უყრიან იუსტიციის საბჭოს ორ, სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელ წევრს – თამარ ალანიას, რომელმაც გვანცა ყუფარაძე გაასამართლა და მერაბ გაბინაშვილს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი იყო. იგი მურუსიძეების სამეგობროს ერთ-ერთი წარმომადგენელია. ასევე, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლედ სამოქალაქო საზოგადოებისათვის მიუღებელი ისეთი ფიგურების განმწესებას უყრის კენჭს, როგორებიც არიან თამაზ ურთმელიძე, გირგვლიანის მოსამართლე გიორგი ჩემია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი მამია ფხაკაძე, ჯემალ კოპალიანი და ა.შ.

თუ გახსოვთ, როცა მურუსიძეს წინააღმდეგ აქციები დავიწყე, რათა იგი ამ თანამდებობაზე არ დანიშნულიყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია და თქვეს, რომ ისინი ლევან მურუსიძეს მხარს უჭერენ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ჰქონია ასეთ პრეცედენტს ადგილი, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს ფარულ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე პრესკონფერენციაზე ეთქვათ, თუ ვის აძლევენ ხმას. ჩემს აქციებს მაშინ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მთელი ოპოზიციური სპექტრი გვერდში დამიდგა. ამიტომ, გამოვარდა ის გულბოროტი კაცი – ივანიშვილი და განაცხადა მურუსიძე მსხვერპლია და თავი დაანებეთო.

- გულბოროტი?

- აგიხსნით, თუ რატომ ვუწოდებ მას გულბოროტს – მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ სულხან მოლაშვილი დამარხეს. მოლაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე სწორედ ლევან მურუსიძე იყო და როცა უზენაეს სასამართლოში მან სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, ერთადერთი წესიერი მოსამართლე, ნუნუ კვანტალია მას არ დაეთანხმა, რაც ამ ქალბატონის უზენაესი სასამართლო სისტემიდან გაშვების საფუძველი გახდა. კითხვას ვსვამ – ბიძინა ივანიშვილისგან წამებულად შერაცხული ლევან მურუსიძეა მსხვერპლი თუ ნუნუ კვანტალია, რომელიც გააგდეს? ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის დაწყებული საქმე გააგრძელა.

- ფიქრობთ, რომ ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია თქვენ მიერ გაკრიტიკებული მოსამართლეების ვადის გახანგრძლივებასაც დაუჭერენ მხარს?

- მაშინ, როცა პროტესტმა შეუქცევადი სახე მიიღო, გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ განცხადება გაავრცელეს – ჩვენ ვიცოდით, რომ ლევან მურუსიძეს არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ მაინც მხარი დავუჭირეთ, რადგან სასამართლო სისტემაში კოლაფსი მოხდებოდაო. ჩემი ინფორმაციით, ეს ხალხი თამარ ალანიასა და მერაბ გაბინაშვილისთვისაც მხარის დაჭერას აპირებს. არადა, თუ ასე არ მოიქცევიან, ამ ადამიანების დანიშვნას მოსამართლე წევრების ხმა არ ეყოფა. ამიტომაც მივდივარ აქციაზე – ახლა მაინც რითი გაიმართლებენ თავს სამოქალაქო საზოგადოების წინაშე? ამ ადამიანების დანიშვნა ჭაობში მყოფი სასამართლო სისტემის პირობებში კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა იქნება. თუ ეს ხალხი არ დაინიშნა, შესაძლებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაჯანსაღების პროცესი დაიწყოს და ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ “ქართული ოცნების” სამმა წევრმა – გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ მათ ხმა არ მისცენ. თუ ხმა მისცეს, წინასაარჩევნოდ ეს იმის აღიარება იქნება, რომ “ოცნებამ” მურუსიძეს სრული კარტ-ბლანში მისცა. ივანიშვილი მოსვლამდე იძახდა, ყველაფერს შევცვლიო, რეალურად მან სააკაშვილის საქმე გააგრძელა და მურუსიძეების სასამართლო მოგვცა.

საქართველოში ყველა შეეგუა იმ აზრს, რომ სასამართლო სისტემა მურუსიძეებმა უნდა მართონ. მე დავრჩი ერთი, ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის და საზოგადოებასაც მოვუწოდებ, ამ პროცესს არ შეეგუონ. არჩევნები მოდის და ძალიან მაინტერესებს, მოვა დღევანდელ აქციაზე თუ არა ის ხალხი, ვისთვისაც ლევან მურუსიძე მიუღებელია?! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წევრია იგი და ზოგადად არის თუ არა რომელიმე პარტიაში.

- თქვენი აზრით, რა დაინტერესება აქვს ივანიშვილს და ზოგადად, “ქართულ ოცნებას”?

- “ოცნების” არაფორმალურმა მმართველმა, ივანიშვილმა ამას წინათ ინტერვიუში თქვა, “ოცნების” რეიტინგი 35%-მდეა დაცემული და ამის მიზეზი “რუსათავი 2″-ის საქმეაო. თუ იგი ამბობს, რომ პარტიის რეიტინგი 35%-მდეა დაცემული, სავარაუდოდ არჩევნების მოგება უნდა გაუჭირდეს. იმისთვის, რომ არჩევნები მოიგოს, ისეთი მოსამართლე სჭირდება, რომელიც შავზე იტყვის, რომ თეთრია. მინდა, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რომ საარჩევნო დავების დროს ბოლო ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატაა. ლევან მურუსიძე კი სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში დაინიშნა. ჩემი აზრით, ხელისუფლება მურუსიძეს სათადარიგო ვარიანტად განიხილავს, თუ დაინახავს, რომ არჩევნები ვერ მოიგო და საქმე სასამართლო დავამდე მივიდა. არადა, ვფიქრობ, რომ “ოცნებას” “რუსთავი 2″-მა კი არა, ასეთმა გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა დაუგდო რეიტინგი. ივანიშვილი სააკაშვილის რეჟიმის გამობრძმედილ კადრებს დაეყრდნო. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებდა და ივანიშვილიც ხელისუფლების შენარჩუნებაზე წავიდა და ამისათვის მას ის კადრები სჭირდება, რაზეც სააკაშვილის რეჟიმი იდგა. ვინმეს დასჯილი უნახავს პროკურორები, რომელთა ვიზიტის შემდეგაც მოქალაქეები “კეთილი ნებით” მთელ ქონებას სახელმწიფოს გადასცემდნენ ხოლმე? პირიქით, დააწინაურეს. პოლიტპატიმრის სტატუსით ხალხი გამოუშვეს და მათი დამკავებელი პროკურორები კი ისევ სისტემაში არიან. ბევრი დააწინაურეს კიდეც.

აქედან გამომდინარე, ჩანს, თუ რაში სჭირდებათ ეს ხალხი – იმაში, რომ მათ ის გააკეთონ, რასაც სააკაშვილის რეჟიმისათვის აკეთებდნენ. ამ ხალხზე კომპრომატები არსებობს და ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები. წესიერ ადამიანს ვერაფერს გააკეთებინებენ.

- თანამოაზრეები თუ გყავთ?

- პრეზიდენტი ძალიან იბრძვის იმისათვის, რომ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იყოს. არაერთხელ მიუთითა, რომ მისთვის მურუსიძეების სასამართლო მიუღებელია. ამის გამო მურუსიძეებმა პრეზიდენტი გაკიცხეს კიდეც და განცხადება გაავრცელეს. თურმე მას უფლება არ აქვს სასამართლოში მიმდინარე პროცესებს შეფასება მისცეს.

“ქართული ოცნების” დეპუტატებიც აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ გოცირიძემ, სოფრომაძემ და თორდიამ ხმა ლევან მურუსიძეს მისცეს. აი, აქ გამოჩნდა ივანიშვილის ბოროტებაც – ის რომ ამ ყველაფერში არ ჩარეულიყო, საზოგადოების ზეწოლის შედეგად მურუსიძე სასამართლო სისტემიდან ალბათ წავიდოდა. მან კი მურუსიძეს მსხვერპლი უწოდა და ყველა დეპუტატმა, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ მისთვის მურუსიძე მიუღებელი იყო, პირში წყალი ჩაიგუბა. ივანიშვილს ხომ ვერ დაუპირისპირდებოდნენ? ამიტომაც ვამბობ, რომ ამ ადამიანმა სამოქალაქო საზოგადოებას დიდი სიბოროტე გაუკეთა – რასაც მას სამართლიან სასამართლოზე ჰპირდებოდა, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა.

ვერსია“, 13 ივლისი, 2016 წელი

გირჩიგიორგი ვაშაძესთან, „ახლებთან“, ედპ-სთან, პაატა დავითაიასა და ზურაბ ხარატიშვილთან ერთად პროდასავლურ ცენტრს ქმნის?

ნინო კომახიძე

რამდენიმე დღის წინ გავრცლედა ინფორმაცია, პარტია „გირჩი“ და გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ ერთიანდებიანო. ეს ორივე პარტიის ლიდერმა გარკვეულწილად დაადასტურა, თუმცა ისიც დასძინეს, რომ საუბარი მხოლოდ ერთმანეთთან კი არა, სხვა პარტიებთანაც გვაქვსო. „ვერსიამ“ სწორედ „სხვა პარტიების“ ჩამონათვალი გაარკვია და ისიც გაიგო, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულებას ივლისის ბოლოს უნდა ველოდეთ. მანამდე კი ვითარება ორ, ე.წ. პრორუსულ და პროდასავლურ ფრონტებზე საინტერესოდ ლაგდება.

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციისა და პლატფორმის 10-ზე მეტი პარტია ერთი წლის წინ ინტერპარტიულ ჯგუფში გაერთიანდა და საარჩევნო გარემოს შეცვლა და მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება დაისახა მიზნად. ერთწლიანი წვალების შემდეგ, ოპოზიციამ გარკვეული ფულადი შეთავაზება მიიღო, საარჩევნო დაფინანსების შესახებ. ინტერპარტიულმა ჯგუფმა თავი ამოწურა და დაიშალა. ხოლო მეტ-ნაკლებად მსხვილმა პარტიებმა, ვისაც ბარიერგადალახულთა სიკეთეები (უფასო საეთერო დრო, დაფინანსებული წევრი კომისიაში და ა.შ. და) ისედაც აქვთ, წვრილ პარტიებს დაბლოკება და სიკეთეების გაყოფა შესთავაზეს, იმის შიშით ხელისუფლებას არ „მიეყიდონო“’. ჰოდა, მოსახდენი მოხდა – ინტერპარტიული ჯგუფი ორად გაიყო და ე.წ. პრორუსულები – კახა კუკავა, აკაკი ასათიანი და გოჩა ჯოჯუა, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად, ირმა ინაშვილის შეთავაზებით, ,,პატრიოტთა ალიანსს” მიეკედლნენ. სახელად კი გაერთიანებული ოპოზიცია დაირქვეს.

მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თამაზ მეჭიაური, რომელმაც „ოცნების“ „არაკოჰაბიტირებული“ ნაწილი შეიერთა, მოლაპარაკებებს ირმა ინაშვილთან აწარმოებს; მეორე მხრივ, ლევან მამალაძის „სახალხო ხელისუფლება“ და ზვიად ჩიტიშვილის „ჩვენი სამშობლოს“ დაბლოკებას აპირებენ. ცნობილია, რომ მეჭიაური და ჩიტიშვილი მოსკოვში უკვე იყვნენ მამალაძესთან მოსალაპარაკებლად. ჯერჯერობით, მოლაპარაკების კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტია, ე.წ. პრორუსული ნაწილი იმდენად ძლიერდება, რომ ლადო ბედუკაძის, თემურ ხაჩიშვილისა და სხვების სტრატეგიული პარტნიორობით, მინიმუმ, ერთმანეთისთვის ხმების არწართმევაზე იზრუნებენ.

ამის საპირწონედ, ე.წ. პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის „ინაშვილობა“ თავის თავზე „გირჩმა“ აიღო, რომლის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მოლაპარაკებების დაწყება დაადასტურა. „ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს გიორგი ვაშაძესთან და რამდენიმე სხვა პარტიასთანაც, ცხადია პროდასავლურ ძალებს ვგულისხმობ. „გირჩთან“ კონსულტაციები აქვს ბევრ პოლიტიკურ ძალას და ბევრ პოლიტიკოსს, თუკი საბოლოო ჯამში ჩვენი პრინციპები და ხედვები დაემთხვევა ერთმანეთს, ეს „გირჩისთვის“ ყველაზე მთავარია”.
მასმედიას დასტურს აძლევს ,,ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძეც და ამბობს:

„არ გამოვრიცხავ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნას. ახლა ბევრი საკითხია განსახილველი, მთავარი თემა კი ისაა, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური კლასი, სრულიად ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, დასავლური ორიენტაციის ძალების გაძლიერება და ამ კუთხით ვისაც აქვს საინტერესო ხედვა, ყველასთან გვაქვს დისკუსიები და მოლაპარაკებები“’.

ჰოდა, ინფორმაციით, რომელიც ,,ვერსიამ” პოლიტიკურ კულუარებში შეიტყო, „გირჩისა“ და ვაშაძის მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან ასევე ახალი მემარჯვენეები, ზურაბ ხარატიშვილის პარტია, ედპ და პაატა დავითაია, ანუ ინტერპარტიული ჯგუფის ის ე.წ. პროდასავლური ნაწილი, რომელიც, სხვათა შორის, არც ირმა ინაშვილის ძალამ მიიღო და არც თავად სურდათ „პრორუსებთან“ ასოცირება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია პაატა ბურჭულაძესთან მოლაპარაკებაზეც, რასაც კულუარებში არ გვიდასტურებენ. თუმცა როგორც გვიამბობენ, ეს ბლოკი სულ რომ არ შედგეს და გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ახალი მემარჯვენეები და „გირჩები“ ყველაზე ახლოს არიან ერთმანეთთან და მაინც ერთად დარჩებიანო. ასევე, თუკი ამ ფრონტზე ყველა პარტიის დაბლოკება არ გამოვა, ეს ძალები მინიმუმ იმაზე მაინც შეთანხმდებიან, რომ ერთსა და იმავე რაიონში ერთმანეთს საპირწონე კანდიდატები არ დაუყენონ და მაჟორიტარები გააყვანინონ.

ეს ინფორმაცია „ახლების“ ლიდერთან, მანანა ნაჭყებიასთან გადავამოწმეთ, რომელმაც ფაქტობრივად, დაგვიდასტურა მოლაპარაკებების შესახებ და განაცხადა, რომ კონკრეტული საკითხები თვის ბოლომდე გაირკვევა: „ვფიქრობ, ეს არჩევნები არ უნდა იყოს დაღდასმული – „ქართული ოცნება“ თუ ნაციონალური მოძრაობა. დღეს ქვეყანაში საკითხი ასე არ დგას. მთავარი კითხვა ისაა, არჩევნების შედეგად, პარლამენტში პროდასავლური პარტიების სიჭარბე იქნება, თუ პრორუსულის, ამიტომ ახალი მემარჯვენეების ამოცანაა, პროდასავლურმა პარტიებმა უფრო დიდი რაოდენობით მოვიყაროთ თავი პარლამენტში. დიახ, არაფერს ვმალავ და ვადასტურებ, რომ გვაქვს მოლაპარაკება ყველასთან, ვინც დასავლური ორიენტაციის პარტიაა. რა თქმა უნდა, მოვლენები ლოგიკურად განვითარდა ინტერპარტიულ ჯგუფში. ერთია თემატური თანამშრომლობა საარჩევნო გარემოზე, რომელიც დამთავრდა და მეორე – ბლოკი. არასდროს გაგვიჩენია მოლოდინი, რომ ეს თემატური ერთობა გარდაიქმნებოდა რაღაც საარჩევნო კავშირად, ბლოკად, რადგან ამ გაერთიანებაში აბსოლუტურად ჭრელი შემადგენლობა იყო თავმოყრილი. ისინი ისე დალაგდნენ, როგორც საჭიროდ მიიჩნიეს და ვფიქრობ, ასეთივე გადალაგება აქეთაც, პროდასავლურ ფრონტზეც უნდა მოხდეს. ჩვენ კოორდინაციისა და თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გადავიდეთ.

შესაძლოა, ეს არ იყოს ბლოკი, მაგრამ გარკვეული თანამშრომლობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს – მაგალითად, შეთანხმებას ერთმანეთისთვის მაჟორიტარების არდაყენების თემაზე. მოცემულობა ასეთია: ახლები ვერ ვიქნებით ,,ოცნებასთან”, რადგან ვართ ოპოზიციაში, ვერ ვიქნებით ნაციონალებთან, რადგან ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის უდიდესი ნაწილი მასთან ბრძოლას შევწირეთ და ვერ ვიქნებით მარტო. ამიტომ, ლოგიკურად იქამდე მივედით, რომ უნდა ვიყოთ დასავლური ორიენტაციის პარტიებთან და ვფიქრობ, ამ თვის ბოლომდე ყველაფერი გარკვეული და დასრულებული უნდა იყოს”.

„ახალი თაობა“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ახალი სახეები ოცნებას ახალ ხმებს ვერ მოუტანს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ “ქართული ოცნება“ სწორად წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას, გაუჭირდება, მაგრამ შეძლებს დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნებას.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ ქართული ოცნების ახალ შემადგენლობას, რომლის პრეზენტაციაც პრემიერმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გამართა?

- „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ახალი ძალები ჩართოს და საარჩევნო სია განაახლოს. ეს ბუნებრივი პროცესია. „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, სწორედ ახლა ფორმირდება.

- რატომ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ეს რა გზავნილი იყო?

- საგურამოში ახალი სახეების წარდგენით პრემიერმა მოახდინა ეროვნულისა და ზოგადის შერწყმის ხაზგასმა. მმართველი გუნდი ცდილობს, ამომრჩეველი მიიზიდოს იმ გზავნილით, რომ ის არის ეროვნული იდეის მატარებელი ძალა. ქართველ ამომრჩეველზე ეს დადებითად მოქმედებს.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალ სახეებზე?

- ზოგი მათგანი საზოგადოებისთვის ალბათ ცნობილია, ზოგს ნაკლებად იცნობს ხალხი, მაგრამ როდესაც ზოგადად ახალ სახეებზეა საუბარი, აქ მაინც ბალანსის დაცვაა საჭირო. როდესაც ამომრჩეველთან მიდიხარ ახალი სახეებით, ისინი ამომრჩეველს რაღაცას უნდა ეუბნებოდნენ.

- ამ შემთხვევაში თქვენ ნდობაზე, საქმეში გამოცდილებაზე საუბრობთ?

- ცხადია, ეს არის მნიშვნელოვანი. მაშინ აქვს ახალ სახეებს ეფექტი, როდესაც ახალი სახეები რაღაცას ეუბნება ამომრჩეველს.

- აქცენტი კეთდება ახალგაზრდებზე და დასავლეთში განათლება მიღებულებზე...

- დიახ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, მოუტანს თუ არა ეს სახეები ხმებს „ქართულ ოცნებას“.

- მოუტანს?

- არა მგონია, რომ ეს სახეები იყოს ხმების მომტანი. ხმები სხვა სახეებმა უნდა მოიტანონ.

- რა კონკრეტული მესიჯი ექნება ქართული ოცნებას, რომ ამომრჩეველი მიიმხროს, თუნდაც დაკარგული დაიბრუნოს?

- უმთავრესი ამოცანა დღეს „ქართული ოცნების“ არის ის, რომ გააანალიზოს, რატომ დაკარგა ამომრჩეველი და დასახოს გეგმები, რომ ის დაიბრუნოს, რაც არცთუ მარტივი საქმეა, მაგრამ თუ სწორად დაიგეგმება ყველაფერი, არ არის გამორიცხული, რომ ეს შეძლოს „ქართულმა ოცნებამ“.

- როგორი მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნების მიმართ? ჩვენ გვახსოვს პრემიერის ოპტიმისტური განცხადება, რომ 100 დეპუტატს შეიყვანს ქართული ოცნება პარლამენტში, ასევე ოპტიმისტური იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც. მმართველი ძალა შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას თუ კოალიციური მთავრობა გარდაუვალია?

- პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს. ეს ძალიან რთული იქნება „ქართული ოცნებისთვისაც“, მაგრამ ის აუცილებლად იქნება ლიდერი პარტია, შესაბამისად, მას ექნება შესაძლებლობა, რომ კოალიცია შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს.

„ახალი თაობა“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „აჭარას არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა გააკონტროლებს

ვის დარჩება აჭარა არჩევნების შემდეგ, ვინ აწინაურებს ყოფილ „ნაციონალებს“ რეგიონში, რა შეიცვალა ლევან ვარშალომიძის დაბრუნებით? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

„აჭარაში ხელისუფლების გადაბარების ღია პროცესი მიმდინარეობს. ყოველთვის ეჭვი მქონდა, რომ აქ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გახლავთ ყოფილი ნაციონალი. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ფოტოები, სადაც ის ნაციონალებთან ერთად პოზირებს. ასევე არსებობს ფოტოები, სადაც უკვე „ოცნების“ წარმომადგენლებთან არის გადაღებული. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს კაცი ტიპიური მედროვეა. ეს მედროვე ადამიანი ლევან ვარშალომიძის უახლოესი მეგობარიცაა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და ძალიან აქტიურობს. „ქართული ოცნება“ ამის საპირწონედ არაფერს აკეთებს“, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.

- ამიტომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიდის?

- ამის სათქმელად საკმარისი ფაქტები მაქვს. მაისში ირაკლი ჭეიშვილი იმყოფებოდა კიევში, სადაც თავის მეგობარ ლევან ვარშალომიძეს შეხვდა.

- ამაში უცნაური რა არის, თავად არ თქვით, მეგობრები არიანო...

- საქმეც ისაა, რომ შეხვედრა არ ყოფილა მეგობრული, ეს იყო საქმიანი შეხვედრა, სადაც ლევან ვარშალომიძემ და ირაკლი ჭეიშვილმა მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს. ამ შეხვედრას კურირებდა კახა მიქელაძე.

- კახა მიქელაძე ვინ არის?

- ირაკლი ჭეიშვილის და ლევან ვარშალომიძის ბავშვობის ძმაკაცია. კახა მიქელაძე პლაჟის ფრენბურთის ხელმძღვანელია.

- მათი გეგმის მზაკვრულობა რაში მდგომარეობს?

- შეთანხმდნენ, რომ მოხდება ხელისუფლების გადაბარება. გეგმის განხორციელება უკვე დაიწყო. ჭეიშვილის კიევიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან მალე გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ვარშალომიძე ბრუნდება. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი არჩილ ხაბაძის გადაყენებაზე. ის ჯერ კიდევ თანამდებობაზე იჯდა, მისი შემცვლელი რომ გამონახეს. აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდება, რომელიც ნაციონალებთან არის დაკავშირებული. არ დაგვავიწყდეს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც, რომელიც ახალაიების მარჯვენა ხელი იყო. აჭარა ფაქტიურად უკვე ნაციონალების ხელშია და შემოდგომაზე ეს ოფიციალურად გაფორმდება. ამ ყველაფერს ხელს აქტიურად უწყობს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც იმდენად გათავხედდა, რომ პარლამენტში შესვლაც კი მოისურვა.

- მაჟორიტარობას აპირებს თუ სიაში ჩასვამენ?

- რამდენადაც მე ვიცი, მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას. არც ისაა გამორიცხული, სიაშიც ჩასვან.

- თუ ნაციონალებთან არის შეკრული, რანაირად ჩასვამენ სიაში?

- სულ ნაციონალებით არ არის გაძეძგილი „ქართული ოცნება“? ცოტა ხნის წინ შუალედური არჩევნები ჩატარდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ კორცხელში მოქმედი ნაციონალი ამირან ლაგვილავა წარადგინა. მთავარია, „კრიშა“ იპოვო და ნაციონალობა პრობლემა არ არის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბ-ნი ჭეიშვილი არის კალაძის უახლოეს გარემოცვაში, მას თავი იმითაც მოაქვს, რომ მეგობრობს იოსებ გოგაშვილთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გაბედოს ირაკლი ჭეიშვილის კანდიდატურის დასახელება ბათუმის მაჟორიტარად. ხალხს მისი დანახვაც კი არ უნდა. ეს ახალგაზრდა ბიზნესმენებსაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია. ამ მშენებლობების ხარჯზე გაზულუქდა. ხალხი მას ხმას არ მისცემს და გამარჯვება ნაციონალების კანდიდატს დარჩება.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება და ალბათ სიაში სულ ყოფილ ნაციონალებს ჩასვამენ. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ორ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოუწევს.

- აჭარაში რესპუბლიკელები აანონსებენ სერიოზული შედეგის დადებას...

- ვინ უნდა დადოს სერიოზული შედეგი, ბერძენიშვილებმა? ხალხს მათი გვარის გაგონებაც კი არ უნდა. ამიტომაც ვერ ჩამოდიან ბათუმში. რესპუბლიკელების გამოჩენა არაფერს შეცვლის. აჭარაში ხელისუფლების გადაბარების პროცესია დაწყებული და ამას, ამომრჩევლის გარდა, ვერავინ შეაჩერებს.

„ახალი თაობა“, 14 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან კიკნაძესთან: „აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ ოკუპანტები კი არა, აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა ვართ

ბოლო პერიოდში აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს „ახალ თაობასთან“ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან კიკნაძე აფასებს.

- ბატონო ლევან, როგორ შეაფასებდით იმ მოვლენებს, რაც ბოლო პერიოდში სოხუმში ვითარდებოდა. მოგეხსენებათ, ე.წ. რეფერენდუმი ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თაობაზე, ჩავარდა...

- ასეთი პროცესები ყოველ ორ წელიწადში იმართება, რადგან არსებული დე ფაქტო ხელისუფლება ვერ ასრულებს იმ დაპირებას, რის ტალღაზეც ის მოდის და რა დაპირებებსაც ის იძლევა. არის კიდევ სოციალური ჯგუფები, რომლებსაც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. მათაც უნდათ ისეთი კომფორტული პირობები, როგორიც აქვთ დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ჩინოვნიკებს. ამ ყველაფრის ერთობლიობა განაპირობებს იმ ვითარებას, რაც შექმნილია აფხაზეთში.

- შეპირებები ხომ ძირითადად ასევე რუსეთის დაპირებებიდან გამომდინარეა? აფხაზეთის ხელისუფლებაში ხომ რუსეთის მხარდაჭერით მოდიან. რუსეთი ხომ მათ ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას ჰპირდება? ასეთი დაპირებები რუსეთზე დაყრდნობით ფუჭია?

- აფხაზი ლიდერები შეპირებებს, რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარების იმედად გასცემენ. ამას პლუს ცდილობენ, ელექტორატს რაც შეიძლება მეტად მოაწონონ თავი, რომ ელექტორატმა არჩევანი მათზე გააკეთონ. გადამწყვეტი რუსეთის ფაქტორია.

- რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე, აფხაზეთი მუდმივი სტაგნაციის პირობებში ხომ არ იქნება?

- ხომ ხედავთ, რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცესი. ყოველი პერიოდი (წინასაარჩევნო იქნება თუ არჩევნებშორის პერიოდი) თითქმის ერთმანეთს ჰგავს. რეფერენდუმში ასეთი შედეგიც იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობაც ისეთ მდგომარეობაშია, ახალს არაფერს მოელის ყოველი ხელისუფლებიდან.

- მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ რაულ ხაჯიმბას საპირისპიროდ გამოკვეთილი ახალი ლიდერი არ ჩანდა. თუ მე ვცდები?

- პრინციპში ასეც შეიძლება იფიქროს კაცმა, რომ გამოკვეთილი ლიდერი მართლა არ იყო. კულუარულად გაიჟღერა და იქ გამოჩნდნენ სერგეი შამბა და ანრი ჯერგენია.

-ლექსანდრე ანქვაბი?

- ალექსანდრე ანქვაბი არ ჩანდა. თუმცა, ამ პირობებში არა მგონია ანქვაბმა მოახერხოს დაბრუნება, რუსეთი მას მხარს არ დაუჭერს. რუსეთი მის წინააღმდეგ რომ წავიდა, იმიტომ გადადგა. არა მგონია, ახლო მომავალში ხელისუფლებაში დაბრუნება სცადოს. რა უნდა შეიცვალოს ისეთი, რომ აფხაზეთში ანქვაბისთვის სასურველი ვითარება შეიქმნას.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ საინფორმაციო ომი უნდა აწარმოოს. რა რეკომენდაციას მისცემთ ხელისუფლებას?

- აფხაზეთში ხაჯიმბას ხელისუფლება არ არის ისეთი, რომელთანაც შეიძლება კონსტრუქციულად ითანამშრომლოს. ეს გასაგებია, მაგრამ იძულებული ვართ, გარკვეულწილად, იქ ვინც არის, მასთან ვითანამშრომლოთ, ვაგრძნობინოთ მას, რომ ძალიან არაკონსტრუქციულად იქცევა. მე იმიტომ ვარ გაღიზიანებული, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ და ვიცი იმ კონფლიქტის გენეზისი, ვიცი, აფხაზეთში კონფლიქტი როგორ მოხდა.

- როგორ უნდა აგრძნობინოთ რაულ ხაჯიმბას, რომ სწორად არ იქცევა?

- საინფორმაციო ომი სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ აფხაზეთის მოსახლეობამდე მივიტანოთ ის, რაც იქ ხდება.

- ოკუპაციის პირობებში ეს როგორ წარმოგიდგენიათ?

- ეს შეიძლება განხორციელდეს საინფორმაციო საშუალებებით. ამისთვის სრულიადაც არ არის საჭირო სპეცსამსახურებისთვის დამახასიათებელი სპეცმეთოდები. ისიც საკმარისია, ჩვენი საქმიანობა გავშალოთ საკმაოდ გავრცელებული საინფორმაციო საშუალებებით – ელექტრონული მედიით, ბეჭდური მედიით თუ ფეისბუქით. ამის გარდა, უნდა წავახალისოთ ადამიანებს შორის ურთიერთობა. ნათესავებს, ახლობლებს ერთმანეთთან დაკავშირებით საშუალება მივცეთ. მით უმეტეს, ჩვენ ძალიან კარგი საშუალება გვაქვს სამედიცინო დახმარების კუთხით.

- სამედიცინო დახმარების კუთხით პროგრამები აქტიურად ხორციელდება, მეტი რაღა უნდა გავაკეთოთ?

- ეს კარგია, მაგრამ ამის პროპაგანდა უნდა გავწიოთ. ნუ გვეშინია გამჟღავნების, რომ ისინი ჩვენთან მკურნალობენ. აფხაზეთში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თვალს ხუჭავენ _ ვითომ ვერ ხედავენ, ვითომ არ იციან. ისიც ხომ ვიცით, რომ გარკვეული ლიდერებიც იყვნენ თბილისში სამკურნალოდ.

- რომელი ლიდერები იყვნენ?

- ყველამ იცის, ვინ არიან ის ლიდერები, რომლებსაც ვუმკურნალეთ. არ მინდა მათი სახელები ჩემგან გაჟღერდეს. ისინი აქეთ ისე ვერ წამოვიდოდნენ, დე ფაქტო ხელისუფლებასთან შეთანხმებული რომ არ ყოფილიყო.

- აფხაზეთიდან დღესაც იღებთ ინფორმაციებს?

- ვინც ჩართულია აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების საქმეში, ინფორმაციას ყველა იღებს. არ არის რთული გაიგო, როგორია ადამიანების გუნება-განწყობა აფხაზეთში, ადეკვატური შეფასება მისცე და შენც ადეკვატურად იმოქმედო.

——–

ლევან კიკნაძე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს აფხაზეთში ქართველებისთვის პასპორტების ჩამორთმევის გამო:

- რაულ ხაჯიმბა იყო პირველი, რომელმაც ოპოზიცია აამხედრა იმისთვის, რომ გალისა და ოჩამჩირის ქართველობისთვის პასპორტები ჩამოერთმიათ. ის ადამიანები უუფლებო მდგომარეობაში დატოვა. სკოლებში ქართულად სწავლა გააუქმა. თავის მოსახლეობას აქეთ გადმოსვლა აუკრძალა. მათ ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და ჩაკეტილ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი ვერ მონაწილეობენ თუნდაც არალეგიტიმურ არჩევნებში. რაულ ხაჯიმბამ შესანიშნავად იცის, რომ გალის მოსახლეობაზე, ქართველობაზეა დამოკიდებული არჩევნების ბედი. ამიტომ ისინი არჩევნებამდე არ მიუშვა. არც საპარლამენტო არჩევნებში მიაღებინეს მონაწილეობა, არც საპრეზიდენტო არჩევნებში და არც რეფერენდუმში ასეთ უუფლებო მდგომარეობაში არიან ქართველები აფხაზეთში. მონური მდგომარეობა სხვა რა არის?

- რა უნდა გაკეთდეს? ჟენევის ფორმატში ხვდებიან აფხაზებსა და რუსებს, ვიცი, რომ იქ საუბრობენ ამაზე, მაგრამ შედეგი არ არის.

- მოსახლეობის მხრიდან ზემოქმედების ბერკეტები უნდა აამოქმედო. თუ ამ ადამიანებთან სოლიდარულები იქნებიან ის აფხაზები, რომლებიც ჩვენგან დახმარებას იღებენ, მათთან თუ გაერთიანდებიან პრაგმატულად მოაზროვნე ახალგაზრდები და ადამიანები, რომლებსაც კიდევ შერჩათ თბილი დამოკიდებულება ქართველების მიმართ, ერთიანი ძალით გამოსვლის შემთხვევაში ხაჯიმბა თუ იგრძნობს ძალას ამათი მხრიდან, შეიძლება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

- საპროტესტო აქცია უნდა გამართონ?

- თუნდაც საპროტესტო აქცია გამართონ. ერთი მხრივ, არ უნდა მივცეთ საბაბი, მეორე მხრივ, აფხაზეთში ჩვენი ხალხია.

- აქედან აფხაზეთში საპროტესტო აქციის ორგანიზება უნდა მოვახდინოთ?

- არა, იქ, იმათში, ვინც ცოტა ნორმალურად აზროვნებს, ნდობა უნდა გავაღვივოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ოკუპანტები კი არა, აფხაზეთის ძირძველი მოსახლეობა ვართ, ისევე, როგორც თვითონ არიან. თუ ეს არ გაკეთდა, სხვანაირად ჩვენ იქ ვერაფერს გავხდებით.

Comments are closed