globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 15 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 15th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ახალი კანონი უკრაინაში სეპარატისტების მხარეზე მებრძოლებს შეეხება // „საქართველომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა მიიჩნიოს“

„ახალი თაობა“: რუსულ კომპანიაზე ფოთის პორტის გასხვისება დაუშვებელია

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი თევზაძესთან: რუსულ კომპანიაზე ფოთის პორტის გასხვისება დაუშვებელია

„ახალი თაობა“: სომხეთი საქართველოს იუნესკოში ჩივის // ვის დარჩება 450 ეკლესია?

————————

„რეზონანსი“, 15 იანვარი, 2015 წელი

ახალი კანონი უკრაინაში სეპარატისტების მხარეზე მებრძოლებს შეეხება

საქართველომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა მიიჩნიოს

“სისხლის სამართლის კოდექსით საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და წევრობის გარდა, მალე დასჯადი უკანონო ფორმირებებში მონაწილეობა, წვრთნა ან მოწოდებაც გახდება. შესაბამისი ცვლილებები სს კოდექსში შსს-ს ინიციატივით უნდა შევიდეს და, როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ცვლილება შეეხება როგორც სირიასა და ერაყში, ისე უკრაინაში მებრძოლებს. გია ვოლსკის განმარტებით, იგულისხმება პრორუსი სეპარატისტების მხარეზე მებრძოლები”, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ეკატერინე ბასილაია).

“თავიდან ეს დეტალი დაზუსტებული არ იყო, ამიტომ ამან გარკვეული პროტესტი გააჩინა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებში, ისე ექსპერტების ნაწილშიც. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილის თქმით, საუბარი არაფორმალურ ფორმირებებზე ძალიან ბუნდოვანი, გაურკვეველი და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

“ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ გაურკვეველი არაფერი თქმულა. დასჯადი იქნება იმ ჯგუფის წევრობა და თანამშრომლობა, რაც უკანონო ფორმირებად ითვლება და აქ არ იგულისხმება უკრაინის სახელმწიფო არმიის რიგებში ბრძოლა. “აქ ლაპარაკია უკანონო ფორმირების, ტერორისტული ორგანიზაციების წევრობაზე. ოპონენტები პანიკას ტეხენ იმიტომ, რომ სკანდალური ელფერი მიენიჭოს. საქართველოში კანონმდებლობა არ განსაზღვრავდა ასეთი აქტივობისათვის პასუხისმგებლობას და ეს სფერო კანონით დაფარული არ იყო. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესი, დაპირისპირება, ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმის აუცილებლობას იწვევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს თავისი კანონმდებლობა ჰქონდეს. დანარჩენი, ამ საკითხების მიბმა უკრაინასთან და ამის ნებისმიერი სხვა თემით გამუქება, იმისკენაა მიმართული, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის სტილში სკანდალური ფონი შემოიტანოს”, – ამბობს ვოლსკი.

“ამ კანონში მითითებული უნდა იყოს ის, რომ დასჯადია საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით აღიარებულ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში. მაგალითად, უკრაინის ხელისუფლების მიერ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები ტერორისტებად არიან მიჩნეული, მაგრამ ამას ასე არ მიიჩნევს საერთაშორისო სამართალი და ეს კანონი მათზეც არ უნდა ვრცელდებოდეს”, – აღნიშნავს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე.

„საქართველომ ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა მიიჩნიოს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკები, რადგანაც ისინი მხარს უჭერენ ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმებს. თანაც მათ ჩამოაგდეს მშვიდობიანი ბოინგი. მათ რიგებში მებრძოლი ქართველები საქართველოსთვისაც საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ისინი მტრის, რუსეთის მხარეს იბრძვიან და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დივერსიული საქმიანობის საწარმოებლად გამოიყენონ”, – დასძენს კავკასიის საკითხებში ექსპერტი, ალეკო კვახაძე.

„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი თევზაძესთან: რუსულ კომპანიაზე ფოთის პორტის გასხვისება დაუშვებელია

ინტერვიუში ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი თევზაძე, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული კომპანია „როსნეფტის“ მიერ ფოთის აქციების შესყიდვის თაობაზეც საუბრობს და ამ გარიგებას ნეგატიურად აფასებს (ესაუბრება ჟურნალისტი გულიკო ბალაძე).

„როსნეფტი“ რუსეთის სახელმწიფოს ხელში არსებული მძლავრი ეკონომიკური ბერკეტია. ფოთის პორტის გასხვისების გარიგება უკანონო აქტია, რადგან ის ეწინააღმდეგება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მკვეთრი რეაგირება მოახდინოს და საკანონმდებლო რეგულაციები გაამკაცროს, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დაიცვას და ოკუპანტს საშუალება არ მიეცემა  განახორციელოს და გაატაროს თავისი ეკონომიკური ინტერესები საქართველოში.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ იმის მოშველიება, რომ „წინა ხელისუფლებას გარკვეული მოლაპარაკება ჰქონდა რუსულ მხარესთან „როსნეფტის“ ფოთის პორტში შესვლასთან დაკავშირებითო“, ახლანდელი სიტუაცის გაამამართლებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის“, – ამბობს გიორგი თევზაძე ინტერვიუში.

„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2015 წელი

სომხეთი საქართველოს იუნესკოში ჩივის

ვის დარჩება 450 ეკლესია

სტატიაში მიმოხილულია რუსული და სომხური ვებ-საიტებზე გამოქვეყნებული მასალები, რომელთა თანახმად, სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიას 450 ეკლესიას ედავება (ავტორი შორენა მარსაგიშვილი).

სტატიის შესავალში აღნიშნულია:

„წინა კვირაში „ახალმა თაობამ“ საზოგადოებას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. არმენოლოგ ბონდო არველაზის ინფორმაციით, საქართველოში სომხური ეკლესიის ეპარქიამ 450 ეკლესიის გადაცემა მოითხოვა და ამის შესახებ წერილი საქართველოს კულტურის სამინისტროის გაუგზავნა. სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებასაც არ კადრულობენ და აცხადებენ, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის“.

პუბლიკაციაში მოხსენიებულია სომეხი არქიტექტორი სამველ კარაპეტიანი, რომლის ანტიქართული განცხადებების თანახმად, საქართველო და თურქეთი სომხურ ტაძრებს ითვისებენ. მან 1990-იან წლებში სომხურ ენაზე გამოსცა წიგნი, სადაც წერს, რომ საქართველოში 653 ეკლესია სომხური წარმოშობისაა. მოგვიანებით წიგნი რუსულ და ინგლისურ ენებზეც ითარგმნა.

რუსული გამოცემები იტყობინებიან, რომ სომხეთი გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის საკითხების შესახებ დავა იუნესკოში გადაიტანოს. სამწუხაროდ, ამის სესახებ ქართველ დიპლომატებს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.

სამველ კარაპეტიანი განსაკუთრებულ აქცენტს ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ ეკლესიებზე აკეთებს და მათ სომხურად მიიჩნევს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ  მარხულია ამბობს, რომ სამველ კარაპეტიანის განცხადებები ამორალურია. „თანამედროვე სომხეთი საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სომხები ქართულ ძეგლებს სომხურად ნათლავენ და ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ითვისებენ, ამტკიცებენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შჭედეგად ნაპოვნი ნივთები სომხურია. გამოდის, რომ ტაო-კლარჯეთის ქართველი მეფეები – ბაგრატიონები სომხები ყოფილან“.

Comments are closed