globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 16th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: „ნატოს კარებთან საქართველოს დიდხანს გაჩერება არ შეიძლება” // ალიანსის განცხადებით, საქართველოს წინსვლისთვის ყველა ინსტრუმენტი მზადაა

„რეზონანსი“: საქართველო მზად არის ჩრდლოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის? (კომენტარები)

„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ტერორისტული დარტყმა ჯერ თურქეთზე, შემდეგ შუა აზიასა და კავკასიაზე განხორციელდება“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „ზომდერების მოსამზადებლად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შტაბი შექმნა

————————

„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2015 წელი

ნატოს კარებთან საქართველოს დიდხანს გაჩერება არ შეიძლება”

ალიანსის განცხადებით, საქართველოს წინსვლისთვის ყველა ინსტრუმენტი მზადაა

მაია აბაიაძე

(შემოკლებით)

ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას – ამის შესახებ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატოსა და საქართველოს მყარი პარტნიორობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით”, – დაწერა ვერშბოუმ “ტვიტერის” პირად გვერდზე.

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მთავარია, საქართველოს რამდენად აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რათა ნატოში გაწევრიანების უფლება მიიღოს. “ვერავინ იტყვის, იქნება ეს მაპი თუ სხვა, მაგრამ ნატოშიც კარგად ესმით, რომ საქართველოს დიდხანს კარებთან გაჩერება არ შეიძლება”, – ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს პოლიტოლოგთა ნაწილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებაზე, რომ ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რათა საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა.

“პრობლემა, რომელიც ტრადიციულად დგას-ხოლმე ჩვენთან და რომელსაც ალბათ გულისხმობდა ვერშბოუ, არის ის, თუ რა გვჭირდება ჩვენ ამ ეტაპზე – გვჭირდება თუ არა მაპი, ან ხომ არ არსებობს შანსი, რომ მაპის გარეშე სხვა ინსტრუმენტით შესაძლებელი იყოს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება. ვფიქრობ, ამაზეა ლაპარაკი და, საბოლოო ჯამში, სწორედ ის იგულისხმება, რომ აქვს თუ არა საქართველოს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ შევიდეს ნატოში. მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის ის პაკეტი, რაც საქართველოს ცოტა ხნის წინ გადმოეცა – პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც პრინციპში ტექნიკურად მაპის ანალოგიურია, ოღონდ მაპისგან განსხვავებით მასში პოლიტიკური ნება არ ფიქსირდება”, – ამბობს შარაშენიძე და დასძენს, იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოსთან მიმართებაში, არამარტო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მოქმედებს, არამედ მთლიანად ის სიტუაცია, რომელიც არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს უბრალოდ არ აკეთებენ და მათ უკან რაღაც ნამდვილად დგას. სხვა საქმეა ის, თუ როგორი ვითარებაა რეგიონში და რამდენად გვაქვს გაწევრიანების შანსი. გასაგებია, რომ რთულ ვითარებაში ვართ, ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე და ასევე იმაზე, თუ რა ხდება რუსეთში. პრობლემა სხვა რამეშია – მოიქმედებს თუ არა ნატო რამეს, როდესაც რუსეთი ამდენ ნაბიჯს დგამს, ბოლოს და ბოლოს ნატოს წევრები გადადგამენ თუ არა საპასუხო ნაბიჯს, ამაზეა ლაპარაკი.

ჩვენ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არამედ მთლიანად ის სიტუაცია, რომელიც არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის”, – აღნიშნავს შარაშენიძე.

როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მიღებაზე, შესაძლოა, რუსეთსა და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის დადებულმა და დასადებმა ხელშეკრულებებმა იმოქმედოს. მისი თქმით, ნატოს იმ წევრებმა, რომლებიც განსაკუთრებით სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, შეიძლება თავიანთ შეხედულებას გადახედონ.

“კონკრეტულად რთულია საუბარი, თუ რა ჰქონდა მხედველობაში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მაგრამ მთლიანობაში საინტერესოა, თუ გავაანალიზებთ შექმნილ სიტუაციას – ვგულისხმობ, ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებულ ხელშეკრულებას და იმას, რისი დადებაც იგეგმება სამხრეთ ოსეთთან. ეს მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, გავლენას ახდენს საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე და გარკვეულწილად მოქმედებს ნატოს იმ წევრებზე, რომლებიც მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის მოუგვარებელი პრობლემა და ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღება, რადგან არასტაბილური ქვეყანააო. ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულებების დადების მერე, ეს საკითხი თითქოს ფორმალურად “მოგვარდება”, რადგან რუსეთი იქ შესვლის საშუალებას არავის მისცემს და საქმე სულ სხვა სიბრტყეში გადადის.

ფორმალურად, მაინც არსებობს ეს საკითხი, ვინაიდან საქართველოს უარი არ უთქვამს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანაობაზე, მაგრამ არსებობს გარკვეული საფუძველი, რომ ეს საკითხი გადაიხედოს, მითუმეტს რომ საქართველო არ აპირებს ამ პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებას.

ამასთან დაკავშირებით, შესაძლოა ახალი კონსულტაციები წარიმართოს და გადაიხედოს სახელმწიფოთა შეხედულება, მაგრამ ამასაც გარკვეული დრო სჭირდება. ბევრი რამ მოქმედებს, რეგიონული ვითარებაც და თან ისიც, თუ როგორ გადაწყდება უკრაინის კონფლიქტი”, – აცხადებს კაკაჩია და არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებამდე კიდევ გარდამავალი პაკეტები მისცენ.

შესაძლოა, იყოს კიდევ რაღაც გარდამავალი პაკეტი, მაგრამ წინასწარ ვერავინ იტყვის, იქნება ეს მაპი თუ სხვა რაღაც. დასავლეთშიც კარგად ესმით, რომ არ შეიძლება საქართველოს კარებთან დიდხანს გაჩერება, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყალიბდება.

ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, ამას ექნება პირდაპირი გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე და ამან შესაძლოა, უბიძგოს ნატოს წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებისკენ – ან რადიკალურისკენ, რომ საქართველოს მისცენ სამოქმედო პროგრამა, ან პირიქით, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მოხდება უკრაინაში, რაღაც შუალედური პოზიცია დაიკავონ და კიდევ შუალედური პროგრამის მსგავსი მოგვცენ.

“ყოველ შემთხვევაში, მათ ფანტაზია დიდი აქვთ და სავსებით ბუნებრივია ქართველი ხალხის დამოკიდებულებაც, რომ ისინი გარკვეულ შედეგს ელიან”, – ამბობს კაკაჩია.

„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2015 წელი

საქართველო მზად არის ჩრდლოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის?

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატო საქართველოს ალიანსში მომავალ წევრობას სრულად უჭერს მხარს. “ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისათვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატოსა და საქართველოს მყარი პარტნიორობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით”, – აღნიშნა მან ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის შეფასებით კი, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება უნდა ჩავთვალოთ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს მთავრობის რეფორმებისა.

„თქვენი აზრით, ეს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო მზად არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისთვის შემდეგი ნაბიჯები გადადგას?“, – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ნინო ლაპიაშვილი (/ სუფთა პოლიტიკა): ეს განცხადება ნამდვილად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ისტორიული შანსი, რომელსაც ჩვენი მთავრობის მიერ სწორად და ეფექტურად გამოყენება სჭირდება. ახლა მსოფლიოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ალიანსი ფაქტობრივად იძულებულია საკუთარი ძალების მობილიზება განახორციელოს. საქართველომ დემოკრატიზაციის პროცესში შეცდომა არ უნდა დაუშვას, ამ ორგანიზაციის წესებით გათვალისწინებული პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ეს განცხადება რეალურ ქმედებად იქცეს. ჩემი აზრით, მთავრობამ მხედველობაში უნდა მიიღოს ეუთოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის რეალური ეჭვი და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტები არსებობს. ჩვენმა ქვეყანამ ღირსეული ნაბიჯი უნდა გადადგას იმისათვის, რომ მომავალში ალიანსის წევრები გავხდეთ.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ძალიან გამიხარდება, რომ ეს განცხადება მართლაც ამას ნიშნავდეს, მაგრამ უკრაინის მოვლენების ფონზე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, თუმცა ასეთ განცხადებას მარტივად არ აკეთებენ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს და ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეალურად შესაძლებელია. წინ მხოლოდ დასავლური ღირებულებებია, შემდეგ კი უკვე დაცული ქვეყანა. დაცული ქვეყანა კი მეზობელს უფრო თამამად დაელაპარაკება და ისიც დაგველაპარაკება, თორემ დაუცველ კრავს მგელი რატომ დაელაპარაკება, ის ხომ ისედაც შეჭამს.

ლაშა ჩხარტიშვილი (უფლებადამცველი): საქართველო სამხედრო თვალსაზრისით დიდი ხანია მზადაა ნატოში ინტეგრაციისათვის, მაგრამ თავად ნატოს მზაობაც კითხვის ნიშანს ბადებს. ეს მხოლოდ საქართველოს სურვილზე არაა დამოკიდებული. ერთია, სამხედრო მზაობა, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, თუმცა მეორეა, დემოკრატიული პროცესების განვითარება და ამ მხრივ უფრო გვაქვს ჩამორჩენა, რაც სამწუხაროდ, ნაწილობრივ ხელს უშლის როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში გაწევრინებასაც.

მიშა თავხელიძე (პოლიტოლოგი): ჩემი აზრით, საქართველო ნატოში შესასვლელად ახლაც მზად არის. თუ მზად არ არის, მაშინ ძალიან ცოტა უკლია. თუ ადრე მზად არ ვიყავით ტექნიკური საკითხის გამო, დღეს პრობლემა უკვე წმინდა პოლიტიკური საკითხია. თუმცა ახლა დასავლეთის ურთიერთობა რუსეთთან ისეთია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ნატოში საქართველოს წევრობა უფრო რეალურია, ვიდრე ხუთი წლის წინათ.

„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ტერორისტული დარტყმა ჯერ თურქეთზე, შემდეგ შუა აზიასა და კავკასიაზე განხორციელდება“

ელზა პოპოშვილი

(შემოკლებით)

„პოლიტიკური ისლამის მესვეურებმა დასავლეთის წინააღმდეგ ფართომაშტაბური ლაშქრობა წამოიწყეს და ამან შეიძლება ძალიან სერიოზული კონფლიქტის სახე მიიღოს. ბრძოლის ახალი ფრონტი აუცილებლად გაიხსნება თურქეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში, რაც საქართველოსთვისაც არანაკლები საფრთხიოს შემცველი იქნება“, – ასე უთხრა „რეზონანსს“ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.

არეშიძე პოლიტიკური ისლამისტების გააქტიურების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც ნავთობით დასავლეთის დაინტერესებას თვლის. ექსპერტს მიაჩნია, რომ დასავლეთს წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში სისიხლის ღვრა და ომი ხელს აძლევს.

თუმცა მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ამ ხელოვნურად შექმნილმა ესკალაციამ სხვა რეგიონების ომში ჩაბმა გამოიწვიოს. მისი აზრით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკური ისლამისტების დარტყმის ობიექტი კავკასიაც გახდეს და საქართველოს ახლო მეზობლები – თურქეთი და აზერბაიჯანი ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა აქტიურად უნდა იმუშაონ, რათა ჩვენს ქვეყანაში ამ საფრთხის ტავიდან აცილება მოხდეს.

„რა თქმა უნდა, საქართველო რისკის ქვეშ იმყოფება: ისლამისტური დაჯგუფებები [მოსახლეობა? - ს.კ.] ჩვენი ქვეყნის სამ რეგიონში არსებობს – აჭარაში, პანკისში და ქვემო ქართლში. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რათა არ მოხდეს თურქეთის გავლით სირიაში ჩვენი მოქალაქეების წასვლა. აუცილებელია ჩვენმა მთავრობამ იზრუნოს მუსლიმების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არ უნდა მოხდეს მათი დაპირისპირება და შეურაცხყოფა რელიგიური კუთხით.

მიმაჩნია, რომ ქართული სპეცსამსახურები მზად არიან ტერორისტული აქტების აღსაკვეთად. ვერ დავეთანხმები ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომლებთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო ტერორისტებს ვერ გაუმკლავდება. რაც შეეხება იდეოლოგიურ ბრძოლას, ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს“, – ამბობს ინტერვიუში მამუკა არეშიძე.

„რეზონანსი“, 16 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველოს ტერორიზმის საფრთხე ემუქრება“.

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

“როგორც დეპუტატმა გია ვოლსკიმ ბრძანა, ტერორისტული აქტების აღსაკვეთად მზად ვყოფილვართ. გვქონია სტრატეგია, რომელშიც თურმე გაცილებით კომპეტენტური ექსპერტები მონაწილეობდნენ დასავლეთიდან, თუმცა ბოლო პერიოდში ასეთი დონის ექსპერტების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არ მსმენია”, – უთხრა “რეზონანსს” ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ. იგი ხელისუფლებას ურჩევს, რომ თუ ასეთი სტრატეგია აქვს, მაშინ მისი რაღაც ნაწილი მაინც უნდა გააცნოს საზოგადოებას, რადგან ხალხში არსებული შიშის განეიტრალება მოხდეს.

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ როგორც მინიმუმი, ასეთი სტრატეგიის შესახებ ამ დარგის სპეციალისტებს მაინც უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, რათა ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყოს დამოკიდებული.

თავად ექსპერტი კი ფიქრობს, რომ ქართული სპეცსამსახურები ამისთვის მზად არ არიან და ეს მაშინ, როცა ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მისი აზრით, ამის მიმანიშნებელია ქართველი ისლამისტის თამაზ ჭაღალაძის განცხადება, სადაც იგი კონკრეტულ საქმეზე – ლაფანყურის სპეცოპერაციის დაუსრულებელ გამოძიებაზე ლაპარაკობს. შესაბამისად, ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს საქართველოში ტერორიზმის საბაბი გახდეს.

„რეალურად რომ ვილაპარაკოთ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ამისათვის ჩვენი სპეცსამსახურები მზად არიან. 2012 წელს ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო სრული კრახი: ჩვენი სპეცსამსახურები არათუ მზად, გაგებაშიც კი არ არიან. მას სემდეგ, სამწუხაროდ, სისტემის ძირეული შეცვლა არ მომხდარა – ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით“, – ამბობს ინტერვიუში ვახტანგ მაისაია.

„ახალი თაობა“, 15 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ ტრისტან წითელაშვილთან: „ზონდერების მოსამზადებლად მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შტაბი შექმნა“

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

რატომ იბრძვიან ქართველები უკრაინაში, სად აქვს გახსნილი მიხეილ სააკაშვილს შტაბი, რა როლი შეასრულეს უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოში მომხდარ სამოქალაქო ომში? ამ კითხვებზე „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება.

„უკრაინაში ხუთი წელი ვცხოვრობდი, იქ გენშტაბის აკადემიაში ვსწავლობდი და ბევრს ვიცნობ. მიხეილ სააკაშვილი და მისი ხალხი  ყველას ყელში ჰყავს ამოსული. ნაცნობები მეუბნებიან, რომ ქართველები არ იბრძვიან, მხოლოდ პოზიორობენ კამერების წინ და სოციალური ქსელებით აკეთებენ განცხადებებს… მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში შექმნა შტაბი, რომელშიც თავისი ზონდერები და კრიმინალები შეკრიბა: საუბარი მაქვს კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომელბზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დატერორებაში მონაწილეობდნენ. „ნაციონალების“ ხელიუფლების დამარცხების სემდეგ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში მიმოიფანტნენ, ნაწილს კი სააკაშვილმა უკრაინაში ჩასვლა მოსთხოვა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ „ევრომაიდანშიც“. ადრე ვთქვცი და აქხლაც გავიმეორებ: სააკაშვილის ხალხი იქ ადამიანებს ესროდნენ. შესაბამისი მასალები პროკურატურას უკვე გადავეცი და დარწმუნებული ვარ, ამ საქმის გამოძიება მოხდება.

მე შემიძლია დავამტკიცო, რომ „ნაციონალებმა“ საქართველოს სამინისტროებიდან მილიარდობით ლარის ტანხა გაიტანეს… მათ მიერ სეიშელის კუნძულებზე ფირმაა გახსნილი, რომელშიც ამ თანხების აკუმულირება მოხდა. სწორედ ამ მილიარდების წყალობით ბოგინებს მისი სააკაშვილი და მისი ხალხი, პლუს ამას მიხეილ სააკაშვილის გარიგება პეტრო პოროშენკოსთან…

საქმე იმაშია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს გაურიგდა: მე შენ ფინანსების მოპოვებაში დაგეხმარები, შენ კი მინისტრებად და მათ მოადგილეებად ჩემი ხალხი დანიშნეო. უკრაინას ფინანსურად ძალიან უჭირს და პოროშენკოც დათანხმდა. თავისი პოლიტიკური რეაბილიუტაციისათვის სააკაშვილი არაფერს ერიდება და ამ მიზნით სერიოზულო ფულს ხარჯავს, მას განზრახული აქვს საქართველოში არეულობა მოაწყოს.

უკრაინაში ბევრი ქართველი ცხოვრობს და ისინი იქ მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარეს იბრძვიან. ეს მებრძოლები სააკაშვილის ხალხთან არავითარ შეხებაში არ არიან. მე ძალიან მტკივა გული ამ ბიჭებზე, რადგან მათი მოქმედება სამართლებრივად გაუმართლებელია: როცა ადამიანი ფინანსურ ანაზღაურებას იღებს და ამისთვის კაცს კლავს, ეს ბრძოლა აღარ არის, ამას სხვა რამე ჰქვია. მებრძოლი თავისი ქვეყნის დასაცავად უნდა იბრძოდეს. ადამიანმა თავისი მიწის დასაცავად უნდა იბრძოლოს.

აფხაზეთის ომის დროს უკრაინელი ინსტრუქტორები ჩვენს მხარეს მართლაც იბრძოდნენ, მაგრამ ამაში ჩვენ მათ თანხას ვუხდიდით. რემდე მათი მადლიერი ვარ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იყვნენ ისეთი უკრაინელებიც, რომლებიც სამოქალაქო ომში საქართველოს ხელისუფლების მხარეზე იბრძოდნენ და გამსახურდიას მომხრეებს უპირისპირდებოდნენ. ეს მოხდა ედუარდ შევარდნაძის თხოვნით საქართველოში ადმირალ ბალტინის ჯარის შემოსვლის დროს, რომელსაც აქ 1500 უკრაინელი შემოჰყვა.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ორივე მხარეს რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, ეს სამწუხაროა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ „ნაციონალებმა“ ალეკო გრიგოლაშვილის სიკვდილი სათავისოდ გამოიყენეს – აჟიოოტაჟის ასატეხად. როცა იგი გმირულად იბრძოდა 2008 წლის ომის დროს, მაშინ რატომ არ მიანიჭეს მას „ნაციონალებმა“ გმირის წოდება? მე ვფიქრობ, რომ მის დაღუპვაში „ნაციონალების“ ხელი ურევია და ამ საქმის გამოძიება უნდა მოხდეს… კიდევ ერთხელ გამოვხატავ მწუხარებას ალეკო გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, ამავე დროს იმ ბიჭის ოჯახსაც ვუსამძიმრებ, რომელიც დონბასში ახლახან დაიღუპა. მიკვირს რომ საზოგადოება ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევს. მერე რა, რომ იგი რუსების მხარეზე იბრძოდა, პირველ რიგში, ის ქართველი იყო. იგი ხომ საქართველოს წინააღმდეგ არ იბრძოდა… ვიცი და მესმის, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამის მიუხედავად, უკრაინაში დონბასელების მხარეზე ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს“.

Comments are closed