«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებენ
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): შიდა ქართლი: იძულებითი შინაპატიმრობა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლისთვის
«Радио Спутник» (რუსეთი): „ქართული ოცნება“: ცხოვრება „სადისტური ექსპერიმენტების“ გარეშე“
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/adam-kinzinger-on-august-war/3451102.html
http://www.amerikiskhma.com/a/russia-georgia-war-khalilzad-rathke/3451692.html
ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებენ
ანა კალანდაძე
ამერიკელი მიმომხილველები ფიქრობენ, რომ რვა წლის წინ რუსეთის საქართველოში ინტერვენციამ და ჰელსინკის აქტის დარღვევამ მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად დასავლეთს მეტი ერთობა, საქართველოს კი რეალისტური მოლოდინები, რეფორმები და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სჭირდება.
აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი (ელჩი) გაეროში ზალმაი ხალილზადი ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას მიიჩნევს, რომ ომი უკრაინაში 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა: „2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნების მოსადრეკად თამაში წამოიწყო. რვა წლის წინ მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში კრიზისი წარმოიშვა. გავაკეთეთ ის, რომ აგრესორი თბილისში ვერ შევიდა და მარიონეტი მთავრობა ვერ დასვა. თუმცა ვლადიმირ პუტინმა დამპყრობლური გეგმების ხორცშესხმა განაგრძო. ყირიმისა და აღმოსავლეთი უკრაინისა მოვლენები ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლის მცდელობაა. ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინის კონცეფცია უკეთ უნდა შევისწავლოთ, რათა მას სათანადო მოქმედებები დავუპირისპიროთ”.
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, დღეს კი “სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის” პოლიტოლოგ ჯეფრი რათკეს აზრით, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოში ეთნიკური დაპირისპირება გაამწვავა:
“ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების შესახებ ორაზროვანი სიგნალი გაკეთდა. მოსკოვმა ამ მომენტით ისარგებლა. მან დაპირისპირება გააღვივა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკა. დღეს რუსეთი მეტი მონდომებით აგრძელებს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, რათა ახალი სამხედრო მოქმედებები იმაზე უკეთ ჩაატაროს, ვიდრე ეს საქართველოსა და უკრაინაში გააკეთა. დასავლეთმა რუსეთს მეტი ერთიანობა და სიმტკიცე უნდა დაუპირისპიროს. საქართველოს გაკვეთილი კი ისაა, რომ მას რეალისტური მოლოდინები უნდა ჰქონდეს, გააღრმაოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, იზრუნოს განვითარებასა და გაჯანსაღებაზე.”
საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის მერვე წლისთავზე აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა, რომელიც კონგრესში რუსეთის აგრესიის და ხელისუფლების მოქმედებების ერთერთი მთავარი ოპონენტია, ჩვენს მაუწყებელს განუცხადა:
„რვა წლის წინ, ამ დღეებში რუსეთმა დაარღვია ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის-საქართველოს სუვერენიტეტი. არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია ძლიერ მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც თავისთავად, მკაფიო კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან. აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი უკრაინაში ვხედავთ, რომ ვლადიმირ პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს. [რუსეთ-საქართველოს ომის] მერვე წლისთავზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აშშ დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ ვლადიმირ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან.”
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 აგვისტო, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/khurvaleti-stringencies/3451764.html
შიდა ქართლი: იძულებითი შინაპატიმრობა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლისთვის
ნინო დალაქიშვილი
დათა ვანიშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც არც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და არც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში. ამის მიუხედავად, ალბათ ის ერთადერთი ადამიანია, ვისაც ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა და არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პრეზიდენტი, პრემიერი, ადამიანის უფლებათა დამცველები და ასე შემდეგ, თითქმის ყველა მაღალი რანგის მოხელე სტუმრობდა და იცნობს, ვინც კი საქართველოში ყოფილა. დათა ვანიშვილის ამბავი ყველამ იცის, ყველა დიპლომატისა და საელჩოს ყურამდეა მისული, მაგრამ ასეთი ფართო და მრავალფეროვანი სანაცნობო წრეც კი უძლურია მისი პრობლემის მოგვარების საქმეში.
დათა ვანიშვილი 80 წლის მოხუცია და სოფელ ხურვალეთში, მავთულხლართს მიღმა ცხოვრობს. ეკლიანი ღობე აქ რუსმა მესაზღვრეებმა 2012 წელს გაავლეს.
დათა ვანიშვილმა უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და მავთულხლართებს მიღმა დარჩა მეუღლესთან ერთად. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც ციხეში: „პატიმარივით ვარ, ერთი ეგაა, რომ მოსჯილი არ მაქვს“, – ამბობს ვანიშვილი. მისი გადაადგილების უფლების დარღვევის შესახებ რუსი ოკუპანტები არ ღელავენ. დათა ვანიშვილს საქართველოს კონტროლირებადი ნაწილისგან ეკლიანი მავთული აშორებს. ცხინვალის მხარესაც ვერ მიდის პროდუქტის თუ სხვა საჭირო ნივთების საყიდლად, რადგან ქართული პასპორტი აქვს, რომლის დათმობაზე უარს ამბობს. „80 წელი საქართველოში ვცხოვრობდი და ახლა როგორ ვარ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მაშინ, როცა ჩემი სახლი არ გადამიადგილებიაო“ – ამ კითხვას დათა ვანიშვილი ყველა მისულ სტუმარს უსვამს, მაგრამ პასუხს მასზე მაინც ვერ მიაგნო. პურის და საკვების საყიდლად მეზობლები ეხმარებიან. ღობის მიღმა ფულს გადასცემს, ისინიც უყიდიან და მიუტანენ. „მეზობლები მოვლენ, გადავაწვდი ფულს და მომიტანენ მაღაზიიდან პურს და სხვა რამეებს“, – ამბობს იგი. ასე გრძელდება ცხოვრება მისთვის უკვე მეოთხე წელია. დათა წუხს, რომ მიწის ნაკვეთს, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე აქვს, ვერ ამუშავებს – ჰექტარი და 200 მეასედი დაუმუშავებელი რჩება. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. პენსიის ასაღებად საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა მაინც უწევს. ამისთვის მავთულხლართის ქვემოთ უნდა გაძვრეს ისე, რომ რუსებმა არ დაინახონ და ასევე ჩუმად დაბრუნდეს უკან. პენსიის ასაღებად წასული ერთხელ უკვე დააკავეს, 2014 წელს და ცხინვალის ციხეში წაიყვანეს, ჯარიმა გადაახდევინეს. სახლის დატოვებას მაინც არ აპირებს. „80 წელი ვაშენებდი და ახლა რომ აქედან წავიდე, რუსები ჩემს სახლს სახურავს ახდიანო“, – ამბობს დათა ვანიშვილი. ასე რჩება იგი ფაქტობრივ შინაპატიმრობაში.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის წელს საომარი მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ სარჩელის თაობაზე ჯერ-ჯერობით ჩუმად არის. თამარ აბაზაძე, საია-ს იურისტი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საქართველო–რუსეთის საქმეზე მხოლოდ 2006 წლის დეპორტირებულების შესახებაა დაძრული: „ევროპულმა სასამართლომ სახელმწფოთაშორის სარჩელიდან საქართველო–რუსეთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ დეპორტირებულების საქმეზე. ამ ეტაპზე დარჩენილია ერთადერთი: კომპენსაციის თაობაზე მოგვარება და ეს პროცესი გრძელდება. საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, სხდომები ევროპულ სასამართლოში ვიცი, რომ მიმდინარეობს. ამჯერად ევროპულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კომპენსაციის ნაწილი, ანუ რა ოდენობის კომპენსაცია იქნება და დაეკისრება თუ არა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ ფულადი თანხა.მე მივმართე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს და მოვიკითხე, მიმდინარეობს თუ არა სხდომები და რა არის ქართული მხარის პოზიცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხი არ მიმიღია“.
კონფლიქტის ზონაში ადამიანთა უკანონო დაკავების შემთხვევები გრძელდება. 4 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში ნაკვეთის მორწყვისთვის წასული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი მესაზღვრეები ადამიანებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ. ერთი კვირის წინ ანალოგიური შემთხვევის დროს საქართველოს მოქალაქეს, მურად თაყაძეს რომელმაც დაკავებისას წინააღმდეგობა სცადა, რუსმა მესაზღვრეებმა სცემეს.
«Радио Спутник» (რუსეთი), 05 აგვისტო, 2016 წელი
http://ria.ru/accents/20160805/1473711829.html
„ქართული ოცნება“: ცხოვრება „სადისტური ექსპერიმენტების“ გარეშე“
რამდენად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში? მას აქვს ქარიზმაც და ფულიც. „ფორბსის“ შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5,2 მილიარდ დოლარს აღწევს. ამას წინათ მან განაცხადა, რომ ყველაფერს დახარჯავს და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების დაბრუნებას არ დაუშვებს.
მიხეილ შეინკმანის რეპორტაჟი.
„დიდი განდეგილი“ – ასე უწოდეს ბიძინა ივანიშვილს, რადგან იგი თავისი სასახლიდან პრაქტიკულად არ გამოდიოდა. ერთხელ მან ოთახის ჩუსტები მაინც გაიხადა და ოჯახის წევრების გაკვირვებულ შეკითხვაზე, „სად მიდიხარო“, უპასუხა: „ერთი-ორი თვით პოლიტიკაში წავალ და მალევე დავბრუნდებიო“. იგი ახლაც მიხვდა, რომ სასახლის მესერს მიღმა, მის გარეშე შეიძლება უბედურება მოხდეს. ცაზე შავი ღრუბლები იკრიბება. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა ისევ გადაწყვიტა ქვეყნის გადარჩენა: რაიმე თანამდებობაზე და პოსტზე პრეტენზიის გარეშე იგი კვლავ მოემზადა სააკაშვილისტების წინააღმდეგ საბრძოლველად: „მე მზად ვარ მთელი ჩემი რესურსები დავხარჯო, რათა მათ დრო უკან ვერ დააბრუნონ და ჩვენი საქართველო ისევ თავიანთი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“, – განაცხადა მილიარდერმა ღია წერილში და მოსახლეობას დიდ პოლიტიკაში დაბრუნება ამცნო.
სხვათა შორის ქართული პოლიტიკა სწორედ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით ხდება დიდი და მნიშვნელოვანი. მანამდე კი, ვინც ქვეყანას მისი სახელით მართავდნენ, ისინი მცირე კალიბრისა იყვნენ და ჯიბის პერსონაჟების კატეგორიას ვერ გასცდნენ. მით უმეტეს, რომ ზოგიერთები ჯიბიდანაც კი გადმოვარდნენ. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს შეიძლება ძველებურად ვეღარ გამოუვიდეს. ადრე მისი სჯეროდათ, რომ ოთხი წლის შემდეგ საქართველო ბაღნარად გადაიქცეოდა. ახლაც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ იგივე მოხდება, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით. მიშა ხომ ისევ ბევრი მომხრე ჰყავს. ჰოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ რევანში სწყურია და გაფაციცებით ემზადება მისი განხორციელებისათვის.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვეღაა დარჩენილი. მართალია, მმართველ ბლოკს, „ნაციონალებთან“ შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ ახლა უკვე „ნაკლები უბედურების“ პრინციპით: „ქართულ ოცნებას“ სატრაბახო მაინცდამაინც არაფერი აქვს, რომ ამომრჩეველმა მას ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭიროს. თუმცა არც რაიმე დიდად შემარცხვენელი საქმეც არ ჩაუდენია. ყოველ შემთხვევაში, ომი არ დაუწყია. „მეოცნებეებმა“ დაადასტურეს, რომ ისინი ომის გამჩაღებლები არ არიან. მაგრამ მაინც რაღაცნაირად ძალიან რბილები, უსასოონი აღმოჩნდნენ. მაგრამ განა შეიძლება „ქართული ოცნების“ ასეთი სუსტი ნებისყოფა და უხერხემლობა „ნაციონალთა“ სისხლისმსმელობის სრულფასოვანი ალტერნატივა იყოს? ვინც ასე თვლის, ისინი უკვე კრიტიკულად ცოტანი არიან. „ქართული ოცნების“ რეიტინგი უკვე 25%-საც კი ვერ აღწევს. ბიძინა ივანიშვილის კამბეკი (დაბრუნება), რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებისთვის“ ფულს, ქარიზმას და ღერძს ნიშნავს… იგი ამბობს, რომ მას ძველებურად გამოუვა. მაშინ, 2012-ში ფიქრობდნენ, რომ ბიძინა ქართულ პრობლემებს კი არ მიაჩუმატებდა, კუთხეში კი არ მიამწყვდევდა და გააყუჩებდა, არამედ უმკურნალებდა და მოაგვარებდა. ასე არ მოხდა…
ჰოდა, ეს მოუგვარებელი პრობლემები დღეს იღრინებიან და კბილებს აჩენენ. მართალია, საფრთხე ძალიან არ გაზრდილა, მაგრამ, საუბედუროდ, „ქართულ ოცნებას“, მათ შესაკავებლად, პრაქტიკულად, ძალა აღარ შესწევს. ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება კი ხალხს იმედს უნერგავს, ყველას გაახსენდება ოთხი წლის წინანდელი აღმაფრენა. იგი კვლავ გაიმეორებს.
კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. საქართველოში ყველა ხვდება, რომ „ნაციონალების“ მიერ ცეცხლის გაჩენა სავსებით შესაძლებელია. მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ერთი მეთოდით შეუძლია იმის დამტკიცება, რომ იგი ფერფლიდან აღმდგარი „ფენიქსივითაა“ – ხანძრის გაჩენით. ოქტომბერი კი რევოლუციისათვის ყველაზე მოხერხებული დროა… ამრიგად, იმის მიუხედავად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ბევრი ვერაფერი გაუკეთა, „ნაციონალების“ შესაძლო რევანშის ფონზე, ის იმავე ხალხისათვის მაინც პოლიტიკურად მოთხოვნადი რჩება. მერე რა, რომ საქართველო ოთხი წლის წინანდელი დაპირებების შემდეგ ბაღნარად არ გადაქცეულა. მერე რა, რომ ოცნება ოცნებად დარჩა. ოცნებებისადმი განშორება ძნელია. ასე რომ, ჯერ-ჯერობით „ოცნება“ უალტერნატივოა, ვარიანტების გარეშე.