„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყარეს კენჭი, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით აპირებენ პარლამენტში შესვლას“
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ირაკლი ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა – როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ გააცნობიერა, რომ ბოროტებას ემსახურებოდა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნაციონალებს“ და თინა ხიდაშელს ლევან იზორიასი ეშინიათ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ალასანიამ შეცდომები დაუშვეს“ // „ნაციონალური მოძრაობა მაოხრებელი მკვდრის ფუნქციას ასრულებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „არანაირი საჭიროება არ არის, ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს“
„რეზონანსი“: ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ინიციატორები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
„რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვიღაც საკონსტიტუციოს მოსამართლეების ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს“
„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ეს არის ქართული ოცნების მხრიდან წითელი ნაჭრის აფრიალება საკუთარი აქტივისტებისათვის“ // „ოცნება ახალ პარლამენტში 85-90 დეპუტატს შეიყვანს“
„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „ოცნებაში“ გადაპორტირებული „ნაციონალები“ ყოფილები არ არიან და მხოლოდ კუბლაშვილია „ნაციონალი“?
„ყოველკვირეული ალია“: „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სამარეს ითხრის, რქები, კუდი და ეშვები ეზრდება
„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „მეტისმეტად უსინდისო და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან“
„ყოველკვირეული ალია“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ბოდიშს ვუხდი ხალხს ამ იმედგაცრუებისთვის, მაგრამ „ოცნებამ“ მეც მომატყუა!“
„რეზონანსი“: ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან: „დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც იქნება” J
„რეზონანსი“: ინვესტორები და ეკონომიკა არჩევნების მერე გამოცოცხლდება // დიდ ცვლილებას არავინ ელოდება, მაგრამ თანხის დაბანდებისგან ყველა თავს იკავებს
„რეზონანსი“: რუსულ-თურქული გამბიტი და საქართველო
——————-
„საქართველო და მსოფლიო“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყარეს კენჭი, დღეს „ქართული ოცნების“ სახელით აპირებენ პარლამენტში შესვლას“
ნანა ფოფხაძე
„პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა,
როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ომში
მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში - მრავალგზის”
უინსტონ ჩერჩილი
“ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი განუკითხაობისა და “ქართული ოცნების” მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობის გამო ხალხი იმედგაცრუებულია. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის რეჟიმის ცხრაწლიანი პერიოდი, როცა შიშში ვცხოვრობდით, ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს, ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს, აუპატიურებდნენ პატიმრებს… რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ხალხში უნდობლობა გამოიწვია. დღეს რა ვითარება საქართველოში? რა ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკაში? – ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების მოღვაწეობას ბოლო 4 წლის განმავლობაში - მის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ კურსს?
- მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმი დღეს აღარ არსებობს, აღარ მძვინვარებს სისასტიკე, შესაბამისად, გაადვილებულია სუნთქვა, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარკვეულწილად სოციალური მექანიზმებიც გაძლიერებულია, თუმცა შეინიშნება ამჟამინდელი ხელისუფლების ინტეგრაცია სააკაშვილის მიერ დამკვიდრებულ სისტემასთან. სამართლიანობის აღდგენის კუთხით კი ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, არ გვყავს გადაწყვეტილების მიღების, ფორმირებისა და შემდგომში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარის მქონე ადამიანები. ეს, სამწუხაროდ, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. კარგია, რომ ხელისუფლება უარს ამბობს რუსეთთან ზღვარგადასულ აგრესიულ რიტორიკაზე, შესაბამისად, ეს რისკებს ამცირებს. საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხები ინერციით მიდის და გარღვევებს ვერ ვხედავ. ვთვლი, რომ “ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა პოლიტიკური ელიტის არარსებობაა, “ქართული ოცნების” წიაღში ვერ ვხედავთ ლიდერებს, რომლებსაც სახელმწიფოს მართვის უნარი აქვთ.
- რას ფიქრობთ რუსეთ-საქართველოს დღემდე დაძაბულ ურთიერთობაზე?
- ამ ეტაპზე ჩვენზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, მიდის გლობალური პოლიტიკა, სამყარო იცვლება და დღეს რუსეთი ამ პროცესში ძალიან აქტიურია. ამ ეტაპზე საქართველოსთვის უკეთესია პაუზის რეჟიმში ყოფნა. ჩვენ მოვლენების განვითარების მიხედვით უნდა ჩამოვაყალიბოთ პოლიტიკა. დღეს ნებისმიერი ტიპის აქტიურობა პრორუსული ან ანტირუსული მიმართულებით შეცდომაა და სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
- ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. რას იტყვით ჩვენს “მარადმწვანე” პოლიტიკოსებზე?
- ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ის, რომ გვყავს მიგრაციული პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ფასეულობათა სისტემა არ აქვს. ისინი, უბრალოდ, მიგრირებენ ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს ცოცხების ფონზე “ნაციონალური მოძრაობის” სიით იყარეს კენჭი, დღეს “ქართული ოცნების” სახელით აპირებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. ეს მიუღებელია, განსაკუთრებით – “ქართული ოცნების” მხრიდან. როდესაც სასამართლოში იღებ ისეთ ადამიანს, როგორიცაა მურუსიძე, რაზეა ლაპარაკი?! ეს ადამიანები სააკაშვილის რეჟიმის მძვინვარების პერიოდში თავიანთ აგურს დებდნენ ჩვენს დევნა-შევიწროვებაში.
- გიორგი კვირიკაშვილი ხშირად საუბრობს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა უნდა იყოს, ეს ხომ არ მიგვითითებს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” კოაბიტაციაზე?
- კოაბიტაცია ამჟამად არც ერთს არ აძლევს ხელს. „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება “ქართულ ოცნებასთან” დაპირისპირებას. რაც შეეხება კვირკაშვილის გამონათქვამებს: “სტაბილურობა”, “მეგობრობა”, “მშვიდობა” – ეს უფრო კეთილი სურვილებია და არა რეალური შინაარსი, ერთია – რას ამბობს კვირიკაშვილი და მეორე – სად მიდის პოლიტიკური მოვლენების ლოგიკა. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებაა. კვირიკაშვილი შორს არის რეალური ლიდერობისგან. საკითხავია: აქვს კი მას, საერთოდ, ამის პერსპექტივა?
- “ნაციონალური მოძრაობის” 9-წლიანი განუკითხაობისა და “ქართული ოცნების” შეუსრულებელი დაპირებების გამო ხალხი პოლიტიკოსებისგან იმედგაცრუებულია, ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებამ ნდობა დაკარგა პოლიტიკური პარტიების მიმართ?
- საზოგადოება დღეს თვლის, რომ ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით. ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალები, სამწუხაროდ, ვერ აძლევენ საზოგადოებას ღირსეულ არჩევანს, რომ ამომრჩეველი წავიდეს მესამე მიმართულებით. დღევანდელი სიტუაციის დრამატულობიდან გამომდინარე, რჩება ორი ვარიანტი: ამომრჩეველი ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე, შესაბამისად, არ იქნება აქტიურობა არჩევნებში და სუსტი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას მივიღებთ, რომელიც ძალიან სახიფათოა მომავალი განვითარებისთვის; და მეორე _ თუ ამომრჩეველი წავა არჩევნებზე, მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც უკეთესია.
- „პალიტრანიუს“-თან საუბრისას ჟურნალისტის კითხვაზე “კუბლაშვილ-პაპუაშვილის” სასამართლო ჯობია თუ “ტურავა-მურუსიძის”, თქვენ უპასუხეთ, რომ “ეს დაახლოებით ასეთი კითხვაა: “უცნაური მანიაკის ცოლი უფრო პატიოსანია თუ პანელზე გასული მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?” - რას გულისხმობდით?
- დღეს ამ პოლიტიკურ იწილო-ბიწილოში მეჩვენება, რომ ხელისუფლება სასამართლოს გაჯანსაღებისთვის არ ზრუნავს. ის სხვისი მამაძაღლის საკუთარი მამაძაღლით ჩანაცვლებისთვის უფრო იბრძვის. ჩემი აზრით, მურუსიძე არაფრით ჯობია კუბლაშვილს, ისევე, როგორც ტურავა _ პაპუაშვილს. უცნაური მანიაკის ცოლი უფრო პატიოსანია თუ პანელზე გასული მსუბუქი ყოფაქცევის ქალი? არც ერთი არ არის პატიოსანი, მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა _ პირველი უწვება ერთს, მეორე კი მზად არის, ნებისმიერს დაუწვეს, არც ერთი არ ვარგა. ჩვენ სასამართლოში გვჭირდება ადამიანები, რომლებიც აღიარებენ კანონის უზენაესობას, ემსახურებიან კანონს და არა – ხელისუფლებას.
„საქართველო და მსოფლიო“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ირაკლი ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა – როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ გააცნობიერა, რომ ბოროტებას ემსახურებოდა“
ქრისტინე ტოგონიძე
მოსახლეობას სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებდა და სამართლიანობას აღადგენდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა. “როდესაც დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და ამას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოებრიობას ეთხრება ძირი, რადგან კანონის წინაშე თანასწორობა არის ფუნდამენტური პრინციპი”, – ამბობს ადვოკატი ლია მუხაშავრია. სამართლიანად მოქმედებს თუ არა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი? რატომ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოში ქაოსის შეტანას? – ამ და სხვა საკითხებზე სწორედ ქალბატონი ლია გვესაუბრება.
- თუ მართლმსაჯულების სისტემა არ ექნება გამართული, ქვეყანა წინ ვერ წავა. ვიღაცის მიერ პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავის დაძვრენა, საბოლოო ჯამში, ანგრევს და აზიანებს ყველას. როდესაც დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და ამას სისტემური ხასიათი აქვს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოებრიობას ეთხრება ძირი, რადგან კანონის წინაშე თანასწორობა არის ფუნდამენტური პრინციპი. უწინარესად, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ამ მავნე დაავადებისგან როგორმე განიკურნოს.
- როგორ შეაფასებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს?
- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იყო მცდელობა, რომ სასამართლოსთვის დაებრუნებინათ საზოგადოების ნდობა, მაგრამ ნდობის აღდგენის უსუსური მცდელობა გამოვიდა. ამ მცდელობის არსი იყო არა ის, რომ სასამართლო გაუმჯობესებულიყო, არამედ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარათ არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. როდესაც მდგომარეობის შესაცვლელად რადიკალური არ არის რეფორმა, ის ყოველთვის ფასადურია, ფასადურ ცვლილებებს კი არ მოაქვს კარგი შედეგი.
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ, ხოლო “ქართული ოცნების” წევრების აზრით, პაპუაშვილი ქაოსის შეტანას ცდილობს სასამართლოში…
- ადამიანი მაღალ თანამდებობაზე მხოლოდ სერიოზული განსჯისა და შერჩევის შემდეგ უნდა დაინიშნოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იმუნიტეტით აღჭურვილი პირია, მის საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა, ეს არის კონსტიტუციით დამტკიცებული. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გადახედვასა და გაუქმებას არ ექვემდებარება, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან თავჯდომარის უღირსი საქციელის გამო სახელმწიფო ზარალდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამჟამად შეაჩერა საქმიანობა, თითქოს გამოძიებით უნდა გაირკვეს, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზემოქმედების ფაქტები, ცხადია, რომ დღეს მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სადავოა და ასეთ პირობებში სასამართლო ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც ეკადრება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს არის საბოტაჟის ნიშნების მქონე ქმედება, რადგან ეს სკანდალი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ყველა სუბიექტის მხრიდან, რომლებიც კი ამ პროცესში არიან ჩართულნი. წინააღმდეგობრივია მოსამართლეების პოზიციები, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ან ხელისუფლებამ დააპირისპირა, აქეთ პროკურატურა, რომელსაც გამოძიება ორი დღის დაწყებული აქვს, აცხადებს, რომ ჩვენ ყველა დავკითხეთ თავმჯდომარის გარდა და არც ერთმა არ დაადასტურა მასზე ზეწოლის ფაქტიო. უკაცრავად და, რა უფლება აქვს პროკურატურას, გამოძიების მასალები გაასაჯაროოს, როდესაც ახალი დაწყებულია გამოძიების პროცესი? მთელი ეს აყალმაყალი ძალიან არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ყველაზე მეტად ზარალდებიან ის ადამიანები, რომლებსაც სარჩელი აქვთ შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოუთმენლად ელიან გადაწყვეტილებას. ამ ვითარების გამო სახელმწიფო გვენგრევა თავზე.
- ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, ცხრა მოსამართლიდან, რომლებიც “რუსთავი 2”-ისა და უგულავას საქმეს განიხილავენ, სამი ნაციონალების პერიოდშია დანიშნულიო…
- არა მგონია, მხოლოდ სამი მოსამართლე იყოს ნაციონალების მიერ დანიშნული, ჩემი აზრით, უმრავლესობაა ასეთი. საქმე გაცილებით რთულადაა და ასეთი მარტივი დიაგნოზით ეს ავადმყოფობა არ განიკურნება.
- საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობა არ აღადგინა და დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან კოაბიტაციას განაგრძობს. როგორ ფიქრობთ, სამართლიანია სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის მიტევება? ახალი თაობა მოდის, რა უნდა იფიქრონ მათ: თუ ქვეყნის სათავეში მოვალთ, შეიძლება ათასი დანაშაული ჩავიდინოთ, მაგრამ მოგვიტევებენო?
- დღეს ბევრ ადამიანს ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის პასუხი არ უგია. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ვამბობდი და დღესაც გავიმერებ ამ მოსაზრებას: არ ვარ მომხრე, ყველა ციხეში გავუშვათ, ვისაც კი რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან ძალიან ბევრია ასეთი ადამინები. კი ბატონო, ისინი უნდა ვცნოთ დამნაშავეებად იმ კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს, მაგრამ ყველას ვერ გამოვამწყვდევთ ციხეში. მათ უნდა მოინანიონ, ითხოვონ პატიება და შეიძლება ეპატიოთ, მაგრამ იურიდიულად უნდა ჩაიწეროს, რომ მათ ჩაიდინეს ესა თუ ის დანაშაული. არსებობს საზოგადოების საყოველთაო შეთანხმება და პოლიტიკური ნება იმაზე, რომ დაისაჯონ მეთაურები, რიგით შემსრულებლებს – მიეტევოთ. ეს იქნებოდა ჩვენი ცხოვრების, ჩვენი წარსულის გაჯანსაღების რეალური გზა. ამის ნაცვლად რა მივიღეთ? ყველამ ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები, მაგრამ მხოლოდ წვრილფეხობა მისცეს პასუხისგებაში, თანაც ძალიან ლოიალური სასჯელი აკმარეს და უმრავლესობა უკვე გამოსულია ციხიდან; ხოლო ისინი, ვინც ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასჯელს წვრილმანი დანაშაულისთვის იხდიან. საერთოდ გაუკუღმართდა სამართლიანობისა და დარღვეული უფლებების აღდგენის პრინციპი. თუ მიიჩქმალება დანაშაული, თუკი დამნაშავეს სათანადოდ არ მოეთხოვება პასუხი, არ მოინანიებს, არ ითხოვს მიტევებას და პირიქით – გათავხედდება, როგორც ნაციონალები, და აქეთ შეუტევს ხელისუფლებას, მივიღებთ ძალადობის ძალიან საშიშ ფორმას. ასეთ საკითხებზე უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ძალიან სერიოზული კონსულტაცია. ჩვენ დროებით მივეცით ამ ადამიანებს უფლება, რომ მართონ ქვეყანა, მაგრამ მათთვის არავის მიუცია უფლება, ბოროტმოქმედებს დანაშაული მიუტევონ და განაგრძონ კოაბიტაციის პროცესი, რომელიც ყველასთვის მიუღებელი იყო. თავდაპირველად კოაბიტაცია ერთი წლით გამოცხადდა, მაგრამ აშკარად გაუგრძელდა ბევრს.
- მოსმენების შესახებ კანონზე რას იტყვით?
- მოსმენების კანონი არის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დანერგილი ბოროტება, რომელიც სასწრაფოდ უნდა ამოიძირკვოს. არ გამოვრიცხავ, რომ ფარული ჩანაწერები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ვიდრე ამ ბოროტების შემქმნელები თვითონ არ გახდებიან მსხვერპლი, ასე გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლების მზადყოფნას ვითარების შესაცვლელად.
- ერთ-ერთ სტატიაში ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე ამბობთ, მის მიმართ ანტიპათია მაქვს, რადგან ის იყო ბოროტების ერთ-ერთი სათავეო…
_ ოქრუაშვილი ადეიშვილსა და სააკაშვილთან ერთად ბოროტების დამფუძნებელია. მათ ააყვავეს საქართველოში საპროცესო გარიგების ინსტიტუტი, რომლის დროსაც ბიზნესმენებს ძალით ართმევდნენ მილიონებს და, სად მიდიოდა წართმეული ფული, კაცმა არ იცის. ოქრუაშვილი, მისდა სამწუხაროდ, მალე თვითონ გახდა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და იწვნია მისი სიმწარე. ამ ადამიანის უზნეობა გასაოცარია, იმიტომ, რომ დღესაც აპირებს ამომრჩევლის ხმების მიღებას, საქართველოში ოქრუაშვილი უზნეობის სიმბოლოა – თუ როგორ წახდა ადამიანი ხელისუფლებაში ყოფნისას და როგორ ვერ გააცნობიერა, რომ ბოროტების სამსახურში იყო.
„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნაციონალებს“ და თინა ხიდაშელს ლევან იზორიასი ეშინიათ“
ვის კისერზეა 42-ე ბატალიონის დაღუპვა? რატომ გარბოდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერლები ბრძოლის ველიდან ლაჩრებივით? რატომ წააგო ნაცმოძრაობის ხელისუფლების მაღალმა პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ ომი? – ეს კითხვები „ახალ თაობასთან“ საუბარში სამხედრო-პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ დასვა.
- ბატონო ვახტანგ, რას ემსახურება დარტყმა თავდაცვის სამინისტროზე? ვგულისხმობ ტრისტან წითელაშვილის შესახებ განცხადებებს, რომ ის შევიდა საიდუმლო ობიექტზე, შემდეგ კი მონაცემები მტერს მიაწოდა...
- ეს იმდენად კურიოზული, სასაცილო და თითიდან გამოწოვილი ამბავია, შეიძლება კომედიური ჟანრის ფილმი, მაგალითად, „იდიოკრატია-3“ გადაიღო. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
- რატომ არის თითიდან გამოწოვილი?
- აბსურდი და სისულელეებია, რაც მოჩმახა ნაცმოძრაობის ზოგიერთმა მომხრემ, მხარდამჭერმა, საინფორმაციო-პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლებიც თვითონ არიან დამნაშავეები და სამშობლოს მოღალატეები. საინტერესო მომენტია, ისინი სხვას აბრალებენ სამშობლოს ღალატს. მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების, რომ ამ სისულელეებს აჰყვა.
- გიგი კალანდაძის განცხადებას სისულელეს რატომ უწოდებთ?
- იმდენად საფუძველმოკლებული განცხადებებია, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება დროის ფუჭად კარგვაა.
- არადა, მხარე ინფორმაციას სერიოზულად ავრცელებს...
- ყოფილი ე.წ. გენშტაბის უფროსი, თვითონ კრიმინალი და დამნაშავეა. ჯერჯერობით, მისთვის ბრალი არავის მოუხსნია, ე.წ. გენერალი გიგი კალანდაძე ისეთ სისულელეებზე ლაპარაკობს, არ მიკვირს, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, სამწუხაროდ, ომი რომ წააგეს. უფრო ზუსტად, ომი წააგო მაღალმა პოლიტიკურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, თორემ ჯარისკაცებმა გმირობის სასწაული მაგალითები გვიჩვენეს. სამწუხაროდ, ისეთი გენერლები გვყავდა, რომლებიც ბრძოლის ველიდან ლაჩრებივით გარბოდნენ, რომლებმაც 42-ე ბრიგადის დაღუპვა განაპირობეს. საკითხავია, ვის კისერზეა 42-ე ბატალიონის დაღუპვა?
- ვის კისერზეა?
- უსუსური სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის კისერზე. იმაზე ისაუბრონ, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმდენად უსუსური და უმწეო როგორ აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, სამხედრო ოპერაციები სტრატეგიული კუთხით 6 საათში დასრულდა. ვნახეთ, როგორ იბრძოლეს ისეთმა „სარდლებმა“, როგორებიც იყვნენ ვინმე გიგი კალანდაძე, დავით კეზერაშვილები, გიგი უგულავები, მიხეილ სააკაშვილები და სხვები. ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილმა ომის პერიოდში, გორში როგორ მიატოვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი და როგორ გაიქცა. ესეც საკმარისია დემორალიზაციის მაგალითისთვის.
- გიგი კალანდაძემ რატომ წამოაყენა რაღაც საიდუმლო ობიექტის საკითხი ახლა?
- საკითხავი სწორედ ეს არის. სად იყო ამდენი ხანი, რატომ მალავდა ინფორმაციას, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი? როგორც სამხედრო ექსპერტი, გიგი კალანდაძისაგან მოვითხოვ, დაასახელოს, რომელ სტრატეგიულ ობიექტზეა საუბარი? რომელ მართვის ცენტრზეა საუბარი? მით უმეტეს, რომ თურმე რუსებს ამ უცნობი ობიექტის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია გააჩნიათ. თუ რუსებს დიდი ხანია აქვთ ინფორმაცია, რა საიდუმლო ობიექტია? დაასახელოს გეოგრაფიული მოცემულობა, სად მდებარეობს აღნიშნული ობიექტი? რა მოცულობის ობიექტია? რომელი სახეობის ჯარისთვის იყო განკუთვნილი? რა ისეთი საიდუმლო ობიექტია, რომლის აღმოჩენა თურმე კოსმოსური და საჰაერო დაზვერვის საშუალებებით შეუძლებელია? ადამიანი ასეთ სისულელეებს რომ იტყვის, გენშტაბში რომ ვმუშაობდი, იმ ობიექტზე სამოქალაქო ფორმით დავდიოდიო. ეს ნამდვილი იდიოტიზმია. თუ სამოქალაქო ფორმით დადიოდა გენერალური შტაბის უფროსი სამოქალაქო ობიექტზე, თვითონ გაუშიფრია ის ობიექტი თავისი სულელური ქმედებით. თუ ასეთი ობიექტი არსებობს, მას სჭირდება მეთვალყურეობა. მოწინააღმდეგე აფიქსირებსო. გენერალური შტაბის უფროსი რომ სამოქალაქო ფორმით შედის ობიექტზე, ის ობიექტი ყურადღების ქვეშ უფრო მეტად არ მოექცევა?
ამ ერთი სულელური ფრაზიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა სისულელეებს და რა ზღაპრებს თხზავს. კალანდაძემ ჩემს კითხვებს გასცეს პასუხი და შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, პოლიტპატიმარმა და გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა სად, რა ვითარებაში, ვითომ როგორ გათქვა საიდუმლო ობიექტი.
- ერთ-ერთი სამხედრო ექსპერტის განცხადებით, თურმე იმ ობიექტების ნახვა, რაზეც ამდენს საუბრობენ, შესაძლებელია ინტერნეტით თვით რუსეთის უშიშროების სპეცსამსახურებისთვისაც. რა საიდუმლო ობიექტია თუ მისი ნახვა ინტერნეტით ყველას შეუძლია?
- პარასკევს თვითონ დავათვალიერე გორთან და მცხეთასთან არსებული ე.წ. თავდაცვითი ზღუდეები, რომლებიც პირდაპირ ჩანს გზიდან და ისეთი არაფერია. მიხეილ სააკაშვილმა ის და კიდევ სხვა ობიექტები 2013 წელს ისედაც გათქვა.
- როგორ გათქვა?
- ობიექტები მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში საკუთარი ხელით საქვეყნოდ მოხაზა და აჩვენა. მან არა მარტო საქართველოს საიდუმლო რუკა აჩვენა საქვეყნოდ, არამედ უკრაინის სამხედრო საიდუმლოებაც გასცა. ამას აკეთებდა არამზადა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამხედრო ობიექტებს, სამხედრო კომუნიკაციურ ცენტრებს იოლად აბარებს მტერს (რუსეთს). ნაციონალები აქეთ ლანძღავენ იმ სამხედრო ექსპერტებს, რომლებსაც სურთ გამოასწორონ მათი გაფუჭებული საქმე. კალანდაძე და ვინმე ხარშილაძე კოლექტიური რიგითი შვეიკები არიან. მეორე მომენტიცაა – ლევან იზორია კურირებდა ანტიკორუფციულ სააგენტოს, ამიტომ ნაციონალები შეშინდნენ.
- რა ჰქონდათ შესაშინებელი?
- ლევან იზორიას შეეძლო დაევალებინა გამოძიების გაგრძელება, რომელიც უკავშირდება თავდაცვითი ზღუდეების აგებისთვის ტყუილად დახარჯულ მილიონებს.
- ტყუილად, რატომ?
- თავის დროზე თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, როგორ გაიფლანგა 600 მილიონი ლარი ვითომ თავდაცვითი ზღუდეების აგებისთვის, რომელიც იყო სუფთა კორუფციული სქემა. როგორც ჩანს, ნაციონალებმა იცოდნენ, ლევან იზორია მინისტრად ინიშნებოდა და პრინციპულად დააყენებდა 600 მილიონის გამოძიების საკითხს, რომელიც რატომღაც შეჩერდა თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს. ეს უფრო იწვევს საინტერესო კითხვებს.
- რატომ უნდა შეეჩერებინა თინა ხიდაშელს დაწყებული გამოძიება?
- ეს თინა ხიდაშელს უნდა ჰკითხოთ. ამ საკითხზე თინა ხიდაშელის პასუხები ძალიან დიდ კითხვებსა და ეჭვებს ბადებს – რატომ არის უნისონში კალანდაძე-ხარშილაძეებსა და ნაცმოძრაობის ლიდერებთან, რატომ უგორებს კოჭს თინა ხიდაშელი ნაცმოძრაობას. ეს არის საინტერესო.
- რატომ უგორებს?
- არ ვიცი. ფაქტობრივად, ეს არის საბოტაჟი. ნაცმოძრაობა ცდილობს ააგოროს და შეიარაღებული ძალები ჩაითრიოს პოლიტიკურ თამაშებში. აბსოლუტურად ვიზიარებ ქალბატონ ეკა ბესელიასა და ბატონ გია ვოლსკის გაცხადებას კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობის შესახებ, მაგრამ არა მარტო კონსტიტუციური გადატრიალების, არამედ სამხედრო გადატრიალების მცდელობაც იყო.
- ვის შეიძლებოდა ეცადა სამხედრო გადატრიალება?
- შეიძლებოდა აეგორებინათ, თითქოს სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთზე მუშაობდა, თითქოს ამ პერიოდში რუსებს გადაეცათ რაღაც საიდუმლო (ჩემთვის გაურკვეველი ტიპის) ობიექტებზე ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილს აწყობდა ეს ე.წ. გენერალი, რათა ის დაემონებინა და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. უნდოდათ ჩირქი მოეცხოთ ხელისუფლებისთვის, შესაბამისად, გაცხარებული საარჩევნო კამპანიის ფონზე ვითარება კიდევ უფრო დაეძაბათ სამხედრო კომპონენტების ჩართვით. ბუნებრივია, ეს იყო სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობა.
- თავდაცვის მინისტრად იზორიას დანიშვნასაც კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის უშიშროების სამსახურიდან გადაიყვანეს. თქვენი პოზიცია როგორია?
- ლევან იზორია უშიშროებაში სულ რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს. მანამდე ის იყო აკადემიური წრის წარმომადგენელი, კოალიციის აქტიური წევრი. ის კურირებდა ისეთ მიმართულებას, რაც კავშირში არ იყო სპეცსამსახურების მუშაობასთან. წინა ორი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და ირაკლი ალასანია პროფესიონალი ჩეკისტები [„კაგებეშნიკები“] არიან. ჩემი აზრით, მათი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, დანაშაული იყო. ჩეკისტები და სპეცსამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც გამოცდილება გააჩნიათ, არ უნდა იყვნენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები. ეს დაუწერელი კანონია. მიხეილ სააკაშვილმა დააყენა ყოფილი ჩეკისტები დავით კეზერაშვილი, ბაჩო ახალაია.
- დავით კეზერაშვილი ჩეკისტი იყო?
- დავით კეზერაშვილი იყო ფინანსური დაზვერვის, ფინანსური სპეცსამსახურის ხელმძღვანელი. მას ჰქონდა ის უნარი, რაც ფინანსური სპეცსამსახურის წარმომადგენლებს ახასიათებთ. ასევე თავდაცვის მინისტრად დანიშნეს გიორგი ბარამიძე, რომელიც მანამდე იყო შს მინისტრი; დანიშნეს ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მანამდე ასევე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი იყო. მიხეილ სააკაშვილის ხელწერა იყო და არაერთხელ ძალოვან მინისტრებს ჩააბარა შეიარაღებული ძალები. შედეგად მივიღეთ კატასტროფული შედეგი. სრულ კატასტროფას გადავურჩით გმირი ჯარისკაცების ბრძოლით. პოლიტიკური ხელმძღვანელობა აბსოლუტურად დემორალიზებული და სამშობლოს მოღალატეები იყვნენ, ეს ფაქტია, რადგან ომი ორ საათში წავაგეთ.
- თავდაცვის უწყების დეპოლიტიზაციაზე რას იტყვით?
- ჩამაფიქრა პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებამ. მან იზორიას დაავალა შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაცია. ანუ წინა თავდაცვის მინისტრები ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებას? ეს არის საინტერესო. როგორც ჩანს, უნდოდათ ჩატარებულიყო არჩევნები შეიარაღებული ძალების მონაწილეობით.
„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ კახა კუკავასთან: „ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ალასანიამ შეცდომები დაუშვეს“ // „ნაციონალური მოძრაობა მაოხრებელი მკვდრის ფუნქციას ასრულებს“
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების წინ მთელმა ოპოზიციამ ჩაატარა კამპანია მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგ. მმართველმა პარტიამ ამ ეტაპზე უარი თქვა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე. რა დამოკიდებულებაა ამ მხრივ ამომრჩევლებში?
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, „პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარობის კანდიდატი მუხიანი-გლდანში კახა კუკავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ხალხი კარგად აცნობიერებს, რაც ხდება. ამომრჩეველი ერთმანეთისაგან ასხვავებს ფულის ტომრებს, რომლებიც პარლამენტში საკუთარი სარგებლისათვის მიდიან და აქტიურ პოლიტიკოსებს.
„ოპოზიციონერები, მართლაც მოვითხოვდით მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. ამ არჩევნებისათვის ამას ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, ვმონაწილეობთ მაჟორიტარულ არჩევნებშიც. ყველა ამომრჩეველი ვერ ერკვევა საკანონმდებლო საკითხებში, მაგრამ გვარ-სახელებზე თითქმის ყველას აქვს წარმოდგენა. მათ იციან, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები ნაციონალური მოძრაობიდან გადმოსული ფულის ტომრები არიან. მაგალითად, გოდერძი ბუკია, ოქრიაშვილი, სონღულაშვილი და კიდევ ბევრი. მათი წამოყენება მიანიშნებს გარიგებაზე. ფულიანი ხალხის შეყვანა პარლამენტში იმას ნიშნავს, რომ მათ ძარცვის უფლება ეძლევათ. ამის სანაცვლოდ, მათ ხმა არ უნდა ამოიღონ მთავრობის პოლიტიკაზე“, – ამბობს კახა კუკავა.
- ანუ „ქართული ოცნება“ ამ თვალსაზრისითაც კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან?
- რომ არა ნაციონალური მოძრაობა, „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამთავრდებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს მაოხრებელი მკვდრის ფუნქციას. ამ პარტიას აქვს დიდი ფინანსური, სტრუქტურული რესურსი, აქვს მედიასაშუალებები. ამიტომ იგი აქამდე ინარჩუნებდა მეორე პოზიციას, მეორე ადგილს. „ქართული ოცნების“ რეალური მდგომარეობა ისეთია, რომ მან არჩევნებში 50%-იანი მხარდაჭერა ვერ უნდა მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება არა ერთპარტიულად, არამედ, დისკუსიების შედეგად. ეს თავად „ქართული ოცნებისთვისაც“ კარგი იქნებოდა, რომ ის უარესად არ გაირყვნას და კორუფციის ჭაობში არ ჩაიძიროს.
- „ქართული ოცნების“ რეჟიმი დამთავრდებოდაო, რომ აღნიშნეთ, როგორ უნდა დამთავრებულიყო აქამდე ეს რეჟიმი?
- თუნდაც, ადგილობრივ არჩევნებზე. ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუ ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებსაც გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდათ, მოახერხებდნენ სხვა ძალების კონსოლიდაციას. ვგულისხმობ ნინო ბურჯანაძეს და ირაკლი ალასანიას. ისინი საკუთარ პარტიებში ჩაიკეტნენ და დიდი შეცდომა დაუშვეს იმით, რომ უარი თქვეს სხვებთან გაერთიანებაზე. ვფიქრობ, ამ შეცდომების შედეგებს ისინი ამ არჩევნებზე მოიმკიან. სამაგიეროდ, გაერთიანება ახლა მოახერხეს დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა. ჩვენ შორის ადრე უთანხმოებაც იყო, მაგრამ ეს დავივიწყეთ. ახლაც გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ დიდი საარჩევნო ბლოკი მაინც შეიქმნა. პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა ისედაც არ ჰქონდა, მაგრამ მან გადადგა საჭირო ნაბიჯი. ჩვენი ამოცანაა, მეორე ადგილი დავიკავოთ ჩვენ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, ნაციონალური მოძრაობა კი უკან ჩავაჩოჩოთ.
- ეს მთლიანად შეცვლიდა სიტუაციას?
- რასაკვირველია. მინდა „ახალი თაობის“ ფურცლებზე პროგნოზი გავაკეთო: თუ ნაციონალური მოძრაობა დაკარგავს მეორე ადგილს წლევანდელი არჩევნების შედეგად, მომდევნო არჩევნებისათვის პირველ ადგილს შეელევა „ქართული ოცნებაც“. ეს ისეთივე სიტუაციაა, როგორიც შევარდნაძე-აბაშიძის დროს იყო, როცა ერთმანეთის ვითომ კონკურენტმა აღორძინებამ და მოქალაქეთა კავშირმა ერთმანეთის მიყოლებით დაკარგეს პოზიციები.
- შემოდგომაზე მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის ჩასვლა რეგიონებში. როგორ აუხსნის ბიძინა ივანიშვილი ხალხს, რატომ დასახელდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატებად გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი და სხვები?
- ვერაფერს აუხსნის. დააკვირდით, როგორ ტარდება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებები და კანდიდატების დასახელება. ეს არაა შეხვედრები ხალხთან. ეს არის ურთიერთობა აქტივთან, გამგეობებისა და სხვა უწყებების მუშაკებთან. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ბეშუმობაზე. „ოცნების“ ლიდერები ადმინისტრაციების თანამშრომლებთან ერთად იყვნენ კორდონებით იზოლირებული. ამაზე კვირიკაშვილმა ისეთი ფრაზა თქვა, რომ თავი დაიმარხა. მისი სიტყვებით, უნდა გენახათ, 4 წლის წინ ნაციონალური მოძრაობა როგორ ატარებდა შეხვედრასო! ნიკორწმინდაშიც რომ ჩავიდა, გზები გადაკეტეს. `ქართული ოცნება~ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვერ ხვდება. ხალხში ვერც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდება.
„ახალი თაობა“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: „არანაირი საჭიროება არ არის, ქორწინების საკითხზე კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს“ // „რეფერენდუმზე არ შეიძლება კონსტიტუციური ცვლილების საკითხი იყოს გატანილი“
რესპუბლიკელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განმარტავს, თუ რა საკითხთან დაკავშირებით ინიშნება ქვეყანაში რეფერენდუმი და რა საკითხზე არა.
- ბატონო ვახტანგ, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის დანიშვნა რამდენად არის მისაღები? კონსტიტუციაში უნდა იყოს თუ არა დაფიქსირებული, რომ ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა.
- 1995 წელს მე ვმონაწილეობდი კონსტიტუციაში იმ ნორმის ჩაწერაში, რაც დღეს წერია, რომ ქორწინება ეფუძნება მეუღლეთა თავისუფალ ნებას. არავის მაშინ სხვა რამე არ ჰქონდა ნაგულისხმები, გარდა იმისა, რომ საუბარია ქალისა და კაცის ქორწინებაზე, რომ მეუღლეები არიან ქალი და მამაკაცი. მეორე საკითხი: სამოქალაქო კოდექსი, რომელიც შემდეგ იქნა მიღებული, იქ პირდაპირ და ცალსახად წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი ურთიერთობა. ეს პირდაპირ წერია, შესაბამისად, მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ იმისა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს რამე ცვლილება და სხვაგვარი ჩანაწერი გაკეთდეს. შეიძლება ვიღაცებს სხვა მოსაზრებები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი შეფასებით, ეს არის ხმაური ატეხილი არაფრის გამო. ეს არის ღია კარის მტვრევა.
- შესაძლებელია ეს პროცესი პოლიტიკას უკავშირდება და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით კეთდება ეს ყველაფერი?
- რასაკვირველია. ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა და მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, სხვაგანაც ხდება და ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის აურზაური არაფრის გამო.
- ბატონო ვახტანგ, როგორც კონსტიტუციონალისტს გეკითხებით, ზოგადად რეფერენდუმი რა საკითხის გამო ინიშნება ქვეყანაში? ეს არის იმ კატეგორიის თემა, რომ რეფერენდუმზე გავიდეს?
- მე მიმაჩნია და ბევრი სხვა კონსტიტუციონალისტიც თვლის, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების გამო არ შეიძლება ქვეყანაში რეფერენდუმი იმართებოდეს. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების წესი თავად კონსტიტუციით არის დარეგულირებული და განსაზღვრული. თავად ეს საკითხი რეფერენდუმს არ ითვალისწინებს. კონსტიტუციით არის განსაზღვრული ძირითადი საკითხები, პრინციპები. ქვეყანაში თუ როგორ არის ხელისუფლება მოწყობილი, ადამიანის უფლებების საკითხები, მაგრამ მერე დეტალიზაცია კანონით ხდება. პარლამენტი იღებს კანონებს და ასე რეგულირდება. კონსტიტუცია ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს. ყველა საკითხი კონსტიტუციაში არ არის ასახული და არც უნდა იყოს ასახული. ქვეყნის კონსტიტუციაში ყველაზე უფრო ფუნდამენტური საკითხები აისახება. დანარჩენი ყველაფერი კანონებით რეგულირდება.
არსებობს ქვეყნები, სადაც რეფერენდუმი უამრავ საკითხზე იმართება და არის ქვეყნები, სადაც რეფერენდუმის გამართვის შესაძლებლობა ძალიან არის შეზღუდული. ჩვენ მეორე კატეგორიის ქვეყნებს მივეკუთვნებით, სადაც შეზღუდულია ეს შესაძლებლობა. ჩვენთან რეფერენდუმზე გასატან საკითხთა წრე ვიწროა. მაგალითად, შვეიცარიაში იმასაც კი რეფერენდუმით წყვეტენ, ძაღლს კუდი შეიძლება მოაჭრა თუ არა. ასეთი შემთხვევა იყო. ამდენად, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გვარად რეგულირდება ეს საკითხი. ჩვენთან კონსტიტუციაში პირდაპირ წერია რა საკითხზე შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი, ასევე წერია ზოგიერთი რამ, თუ რაზე არ შეიძლება გაიმართოს.
- როგორ რეგულირდება ეს საკითხი?
- ამ წესის მიხედვით რეფერენდუმზე არ შეიძლება დაისვას რაღაც საკითხი, რადგან თუ რეფერენდუმმა მიიღო გადაწყვეტილება, მერე ეს გადაწყვეტილება უნდა აისახოს კონსტიტუციაში, კონსტიტუცია კი არ ამბობს, რომ რეფერენდუმით უნდა წყდებოდეს კონსტიტუციის ცვლილების საკითხი. მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ პარლამენტმა არ შეიტანოს ის ცვლილება კონსტიტუციაში და რა გამოდის, ცხადია, წინააღმდეგობრივი გზა. ამიტომ რეფერენდუმზე არ შეიძლება გატანილი იყოს კონსტიტუციური ცვლილების საკითხი. არ შეიძლება რეფერენდუმი იყოს ჩატარებული კანონის მისაღებად. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის გასაუქმებლად. მაგალითად, ვერავინ ვერ დასვამს ასეთ კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა გაუქმდეს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი?“. არ შეიძლება ამაზე რეფერენდუმის ჩატარება, რადგან ეს არის კანონის გაუქმება.
- რა საკითხი გადის რეფერენდუმზე კონკრეტულად?
- რეფერენდუმზე შეიძლება გავიდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. მაგალითად: „მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას?“. გახსოვთ რეფერენდუმი, რომელიც 1991 წლის მარტში სწორედ ამ კითხვით ჩატარდა. ასევე მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო: „ეთანხმებით თუ არა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, ნატოში?“. ასეთი საკითხები შეიძლება იყოს რეფერენდუმზე გატანილი. არ შეიძლება რეფერენდუმზე იყოს გატანილი, მაგალითად, ამნისტიის საკითხი. უფრო კონკრეტულად კი: „გამოვაცხადოთ თუ არა ამა თუ იმ დანაშაულის ჩამდენი პირები ამნისტირებულებად?“. ამის გაკეთება არ შეიძლება, კონსტიტუციაში ამის პირდაპირი აკრძალვაა. არც კანონის მისაღებად არ შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი და არც კანონის გასაუქმებლად. რეფერენდუმი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადასაწყვეტად იმართება, მაგრამ არა კანონის ნორმის სახით, არამედ პრინციპის სახით. შემდეგ ამ პრინციპზე დაყრდნობით უნდა დაიწეროს სათანადო ნორმა და კანონში ჩაიწეროს.
- სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია ამ საკითხმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, აღნიშნული საკითხის ინიციატორების პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრაც გაუქმდა, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ინიციატორებმა შანტაჟის ენა აირჩიეს. რას შეიძლება ეს ყველაფერი უკავშირდებოდეს და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- ვერ გეტყვით, რადგან არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, რომელიც იქნება დასაბუთებული თუ რას უკავშირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ჰგავს ეს პროცესი რუსეთში მიმდინარე პროცესს.
„რეზონანსი“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ინიციატორები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
ლიკა გურაბანიძე
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, შემოსულ წინადადებაში წარმოდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარება, ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. საპასუხოდ კი რეფერენდუმის ინიციატორები აცხადებენ, რომ მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ და ამას მასობრივი პროტესტი აუცილებლად მოჰყვება.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
საქმე სანდრო ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხებოდა, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარებულიყო: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?”
ცესკო-ს განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის განცხადება კლმისიაში 13 მაისს შევიდა. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა – 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა. ამის შედგომ ცესკომ მიიღო დასკვნა, რომელიც პრეზიდენტს გადაეგზავნა.
კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 30-დღიანი ვადა ჰქონდა, დანიშნავდა რეფერენდუმს თუ მასზე მოტივირებულ უარს იტყოდა.
დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის დასტური სჭირდებოდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს.
“კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი.
“მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც საინიაციატივო ჯგუფის წევრი, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების“ დირექტორი ზვიად ტომარაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, პრეზიდენტმა თავისი განცხადებით საქართველოს მოსახლეობას პირდაპირი ძალაუფლება წაართვა და გადაწყვეტილების მიღება აუკრძალა.
“პირველ რიგში პასუხი მინდა გავცე პრეზიდენტის განცხადებას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასატარებელი რეფერენდუმის თაობაზე. საქმე იმაშია, რომ როდესაც რეფერენდუმის შესახებ კანონი იწერებოდა და იქ არის მუხლი სადაც ნათქვამია, რომ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტარდება – ამით მინიშნება მოხდა იმაზე, რომ არა ცალკეულ რეგიონებში არამედ მთელ ტერიტორიაზე ტარდებოდა რეფერენდუმი, ანუ იგულისხმება ის ტერიტორია, რასაც ხელისუფლება აკონტროლებს.
“მეორე საკითხი, რაზეც პრეზიდენტს პასუხს გავცემ, არის ის, რომ ეს საკითხი დარეგულირებული არ არის და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ქ| მუხლში გარკვევით წერია, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყველა სამართლებრივი აქტი უნდა მოვიდეს, აქედან გამომდინარე სამოქალაქო კოდექსიც. რეფერენდუმის ჩატარებით ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებული ყველანაირი სპეკულაცია დამთავრდებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა ეს არ გაკეთა და ის მთელი ქვეყნის წინააღმდეგ წავიდა. მან მთელი ქვეყნის მოსახლეობას კანონი გადაახია თავზე და პირდაპირი ძალაუფლება წაართვა. დღეიდან პირადად ჩემთვის მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის,” – უთხრა “რეზონანსს” ზვიად ტომარაძემ. მისი თქმით, ამას საპროტესტო აქციები აუცილებლად მოჰყვება.
“საინიციატივო ჯგუფის წევრები შევიკრიბებით და დავგეგმავთ სამომავლო მოქმედებებს. ამას ქუჩის აქცია აუცილებლად მოჰყვება, სავარაუდოდ ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სასამართლოში და თუ იქიდან დადებითი პასუხი არ მოგვივიდა, ქუჩის აქციებზე ვიფიქრებთ. ჩვენ ზურგსუკან ხელმომწერები დგანან. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ეს მარგველაშვილს არ უნდა აპატიოს. პრეზიდენტის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენები უდნა ჩატარდეს ერთდროულად,” – აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.
ქალისა და მამაკაცის ქორწინების კანონით განსაზღვრას, თავიდანვე გამოუჩდნენ მოწინააღმდეგეები. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ერთობლივი წერილითაც მიმართეს, თუმცა მაშინ კანონის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხდა.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი თვლის, რომ პრეზიდენტმა საკმაოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
“ვიტყვი იმას, რომ მთლიანად ის დასაბუთება, რაც ამ პროცესს წინ უძღვოდა ძალიან სუსტი იყო. ფაქტია, რომ პროცესი წინასარჩევნოდ დაიწყო და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ქულების მოგროვებას უფრო ჰქონდა ადგილი, ვინაიდან მანამ ამ საკითხს არანაირი აქტუალობა არ ჰქონია. ამ თემაზე კონსულტაციას უმრავლესობის წევრებიც ატარებდნენ. თავად საკითხი ყოველგავრ რეალობას იყო მოწყვეტილი. ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. მას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა და აქტუალობა არ ჰქონია ეს პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა ისეთი პასუხისმგებლობა აიღო, რომელიც ბევრმა საარჩევნო სუბიექტმა, საარჩევნო ინტერესებს შესწირა. ამ ყველაფრის შეფუთვა და საფრთხედ წარმოჩენა ხდებოდა.
“პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენა და ის ნაბიჯი გადადგა რომელიც ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში სწორი იქნებოდა. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ დასაბუთებულია,” – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
„რეზონანსი“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვიღაც საკონსტიტუციოს მოსამართლეების ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს“
ნინო ქეთელაური
“ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან,” – აცხადებს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” საუბრისას. მისი თქმით, ეს ჩანაწერები 2012 წლამდეა გაკეთებული და გამიზნულია არა ქართულ საზოგადოებაზე, არამედ დასავლეთზე.
მამუკა არეშიძე: პრევენციის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგახსენოთ.ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ვიღაც გეგმავს ამ უწყების მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას. ჩანაწერები 2012 წლამდეა დამზადებული. ხელისუფლებას ამ კომპრომატების გავრცელება ნამდვლად არ აწყობს, რადგან იცის, რომ მაშინვე მისკენ გაიშვერენ ხელს. იქ გაიჟღერა პაპუაშვილის გვარმა, რომელთანაც ამის გამკეთებლები კონსულტაციებს გადიან, მაგრამ არ მინდა დავიჯერო, რომ პაპუაშვილი ამ საქმეში ჩართულია. აქვე უნდა ვთქვა, რომ მან აგვისტოს დასაწყისში იმდენი შეცდომა დაუშვა, მთელ მის ბიოგრაფიას ეყოფა. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ამ საქმეში ჩართულია. ეს ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმე, სხვებსაც სცოდნიათ და რატომღაც თავს იკავებდნენ ამის გასაჯაროვებისგან. ვფიქრობ, თუ ეს გავრცელდა, ქვეყნის იმიჯიზე საშინლად აისახება. ეს ნამდვილად არ არის გათვლილი ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გარშემო საუბარი უკვე მობეზრდა. ეს გათვლილია დასავლეთზე და ისევ საქართველოს მოადგება ჩრდილი, თორემ, დარწმუნებული ვარ, იმ მოსამართლეების ბედით მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ დაინტერესდება.
- საკმაოდ გააქტიურდნენ პრორუსული ძალები. თქვენი აზრით, ეს არჩევნებს უკაშირდება?
- რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო გარემოსთან. საერთოდ, ასეთი ტიპის პოლიტიკური პარტიების გააქტიურება არჩევნების წელს ხდება ხოლმე. იმიტომ, რომ, თავისი რესურსებიდან გამომდინარე, ისინი ასეთი ტიპის აქტივობებს სხვა შემთხვევაში ვერ ახერხებენ. ამ თვალსაზრისით, საქართვეოში არის რამდენიმე პარტია, რომლებიც პოლიტიკურ სივრცეში ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს იმის მიუხედავად, პარლამენტში წარმოდგენილია თუ არა და თავის იდეოლოგიით გარკვეულ ელექტორალურ რესურსსაც პოულობს. მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც არჩევნების წინ გამოჩნდებიან ხოლმე. ახლაც ასე გამოჩნდნენ არა მარტო პრორუსული, არამედ პროდასავლური პარტიებიც.
- რა არის ასეთი პარტიების დანიშნულება?
- როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური ძალები იქმნებიან რამდენიმე მიზეზით. ერთი, როდესაც მათ ქმნის რომელიმე მეზობელი სახელმწიფო. მეორე, როდესაც ერთი იდეოლოგიის ჯგუფი თავისი ლიდერის გარშემო იკრიბება და მესამე შემთხვევაა, როდესაც არსებულ პოლიტიკურ ძალას გამოეყოფა გუნდი და სპეციალურად არჩევნებისთვის ქმნის თავის პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ასევე პოლიტიკაში დარჩენაა.
- ახლად გამოჩენილი პრორუსული პარტიები რომელ შემთხვევას მიეკუთვნება?
- მე არ მინდა, ვარაუდებით ვილაპარაკო. როგორც წესი, არის შემთხევვა, როცა ერთი იდეოლოგიის გუნდი იკრიბება და თავისი აქტივობებით ცდილობს ყურადღების მიქცევას თუნდაც რუსეთისგან და სურს, მიიღოს ფინანსური და სხვა ტიპის მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაა, როდესაც პირდაპირ ფინანსდება და ასე იქმნება პოლიტიკური ჯგუფი. ჩვენს შემთხვევაში, მე მაინც მგონია, რომ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ახლა აქტიურობენ, ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ და მერე მიიღონ დაფინანსება. საქართველოში რუსული ფული, რა თქმა უნდა, არსებობს, ის იხარჯება ზოგიერთ მედიასაშუალებაზე თუ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მაგრამ ამ არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებზე გამოყოფილ ფულს მე, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ.
- მოსალოდნელია თუ არა პოლიტიკური ინცინდენტების გახშირება?
- საერთოდ, სამხრეთული პოლიტიკური ცხოვრების წესია მუდმივი ინციდენტები, დაპირისპირება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, შეხედეთ ჩევენს მეზობელ თურქეთს, საბერძნეთს და ზოგიერთ სხვა სამხრეთულ ქვეყანას. სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის არჩევნები ჩვენთვის საოცნებოა. ასე რომ, ინციდენტები სულ მოხდება, მაგრამ ამასაც აქვს სხვადასხვა სახე. არის ინციდენტები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის სპონტანურად წარმოიქმნება, მაგრამ არის წინასწარ დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ტერმინი – “გამოვიწვიოთ და მოვახდინოთ პროვოცირება”. სხვათა შორის ეს არა მხოლოდ ქუჩაში ხდება, არამედ სატელევიზო სივრცეშიც და ეს ხელოვნურია.
არსებობს მესამე ტიპის ინციდენტებიც, რომლებიც იგეგმება სხვა ქვეყანაში და უნდა განხორციელდეს კონკრეტული პოლიტიკური პროცესის პიკში. მაგალითად, მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ემზადება ასეთი ტიპის პროვოკაციებისთვის, რომლებსაც საარჩევნო ან მის მომდევნო დღეს განახორციელებს. ამაზე ჩვენს მეზობელ უკრაინასა და საქართველოშიც გარკვეული მზადება მიმდინარეობს. მე კონკრეტული ადამინისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ყოფილი ზონდერები, სპორტსმენები (ვგულისხმობ ბოდიბილდინგის წარმომადგენლებს), რომლებსაც 2012 წლის ოქტომბერში უნდა ეაქტიურათ, ახლაც დაიბარეს. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა და ისინი სახლებში წავიდნენ, ახლა კი შესაბამის რაიონებში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ კომიტეტებში ისევ დაიბარეს. “ნაციონალური მოძრაობა” არის იმ ტიპის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერზე წავა იმისთვის, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს.
- ამით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კორცხელის ამბები განმეორდება?
- რასაკვირველია, და შეიძლება უფრო მასშტაბური და მძიმე საყურებელიც იყოს. კორცხელის ინციდენტი რომ დაგეგმილი აღმოჩნდა, ეს ფაქტია. ვერ ვიტყვი, რომ მმართველი ძალის მხარდამჭერები კორექტულად მოიქცნენ, ასეთი რამის პრევენცია თავიდანვე უნდა მოხდეს, მაგრამ სპორტსმენები იქ ორივე მხარეს ჰყავდა ჩაყვანილი.
- ამ ეტაპზე შეიძლება თუ არა იმის პროგნოზირება, როგორი არჩევნები გვექნება?
- მე ხშირად მაქვს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ იციან, რომ მსოფლიო ლუპით აკვირდება მათ ყოველ ქმედებას და ცდილობენ, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ. რასაკვირველია, არჩვენების დღეს ყველაფრის განსაზღვრა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მმართველი ძალა არ დაუშვებს, ვინმეს სალაპარაკო მისცეს. თუ ამას არ გააკეთებენ, ძალიან სერიოზულ შედეგს მივიღებთ. ვიცი, როგორაა მომზადებული არა მხოლოდ ყოფილი მმართველი ძალა, არამედ საერთაშორისო ინსტიტუტებიც, რომ რაც შეიძლება მკაცრი შეფასება მისცენ ჩატარებულ არჩევნებს.
- ბოლო დროს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ…
- მე ის უფრო გამიკვირდება, ოპოზიციურმა პარტიებმა ეს რომ არ ილაპარაკონ. ეს ყოველთვის ასე იყო. ზოგ შემთხვევაში სიმართლეა, ზოგში – არა. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს – არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების პირადი ინიციატივა იყოს და ამას სჭირდება სასწრაფოდ აღმოფხვრა. არაფრით არ შეიძლება ამ პროცესის მიშვება.
- როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ გვექნება თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი?
- ივნის-ივლისში დარწმუნებული ვიყავი, რომ 6-7 პარტიას ჰქონდა პარლამენტში მოხვედრის შანსი, შეიძლება, მეტსაც. დღეს ამ 6-7 პარტიის დიდი ნაწილიდან ვერ ვხედავ აქტიურობას, ალბათ სექტემბერს ელოდებიან. დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ვეღარ ვიტყვი, რამდენ პოლიტიკურ ძალას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. წინ სექტემბერია და ზუსტი შეფასების გაკეთების საშუალება მერე უფრო მომეცემა.
- რომელ პარტიებზე ვარაუდობდით, რომ ბარიერის გადალახვას შეძლებენ?
- პირველი არის “ოცნება”, შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა”, “პატრიოტთა ალიანსი”, ბურჭულაძის პარტია – ესენი უფრო მაღალ პროცენტს აიღებენ და შემდეგ მოდის “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები”, “ფორუმი”, ასევე შეიძლება იყოს მეჭიაურის პოლიტიკური ძალა ან ნინო ბურჯანაძის პარტია.
-საარჩევნოდ დაიწყო ქორწინების კონსტიტუციურ განსაზღვრებაზე მსჯელობა. როგორ ფირობთ, ეს საკითხი რამდენად ხელოვნურია და რატომ გახდა აქტუალური?
- რა თქმა უნდა, ხელოვნურია. ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლებელია მოხდეს ის, რაც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არა მარტო ქორწინების გაგება შეიცვალა, არამედ ოფიციალური ხმარებიდან ტერმინები დედა და მამაც კი ამოვარდა. ამ ეჭვმა განაპირობა ის, რომ შეიქმნა ხელოვნური აჟიოტაჟი. სწორედ ამიტომაც შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც რეფერენდუმის მოთხოვნით დაიწყო აქტიურობა.
- აფხაზეთზე მინდა გკითხოთ. იქ ახალი დე ფაქტო პრემიერი დაინიშნა. მისმა წინამორბედმა განაცხადა, რომ რეფორმების გატარების საშუალებას არ აძლევდნენ და თანამდებობა დატოვა. რა შიდა პროცესები მიმდინარეობს?
- აფხაზური პოლიტიკის ნაწილია კლანებს შორის ბრძოლა. კონკრეტული გვარები შეადგეგენ კლანს, რომელებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსახვედრად. მათი მთავარი ამცანაა იმ ფულთან იყვნენ ახლოს, რომელსაც რუსეთი ურიცხავს აფხაზეთს. იმიტომ, რომ შემოსავლის სხვა წყარო აფხაზეთში ნაკლებად არის. პრემიერების ცვლილება, ერთის მეორით ჩანაცვლება, არის პირობითი. მთავარია, ბიუჯეტთან ვინ იქნება ახლოს. ერთი პრემიერის მეორით ჩანაცვლებით ხაჯიმბა ცდილობს, საზოგადოებრივი აზრი დაამშვიდოს. ის იძულებულია, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რასაც ოპოზიციაში ყოფნის დროს თავად ებრძოდა. კერძოდ, შეასრულოს რუსეთის დაკვეთა. ვგულისხმობ იმ კანონის მიღებას, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას (პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეს), რომ შეისყიდოს აფხაზეთის მთავარი სიმდიდრე – შავი ზღვის სანაპირო. აქედან გამომდინარე, სულ რომ ოქროს პრეზიდენტი ჰყავდეთ, აფხაზეთში დაპირისპირება მუდმივად იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ ერთი კლანი ყოველთვის რჩება საბიუჯეტო თანხის მიღმა.
„ასავალ-დასავალი“, 08 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ეს არის ქართული ოცნების მხრიდან წითელი ნაჭრის აფრიალება საკუთარი აქტივისტებისათვის“ // „ოცნება ახალ პარლამენტში 85-90 დეპუტატს შეიყვანს“
ჯაბა ხუბუა
(შინაარსი)
არეშიძის აზრით, ქართულმა ოცნებამ გააგრძელა ნაციონალების მიერ დანერგილი მახინჯი პრაქტიკა – დეპუტატობის კანდიდატებად ფულიანი ადამიანების წარდგენა. რაიონებში ოცნების აქტივისტები უარს აცხადებენ მხარი დაუჭირონ კანდიდატებს, რომლებიც ადრე ნაციონალებს წარმოადგენდნენ. პრემიერმა ახალი გუნდი მიიყვანა პარტიაში, მაგრამ მათ დრო აღარ ჰყოფნით ვითარების გამოსასწორებლად. მაგალითად, გოდერძი ბუკიას პარლამენტი თავისი ბიზნესსაქმიანობისთვის სჭირდება, თუმცა ხობის მოსახლეობა მას მხარს უჭერს. იგივე ვითარებაა კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებითაც. ოცნების საარჩევნო სიაში ბევრია ადამიანი, რომლისთვისაც სულერთია, რომელ სიაში იქნება. არეშიძის აზრით, ახალ პარლამენტში მოხვდება პატრიოტთა ალიანსი. შანსი აქვთ ბურჯანაძისა და მეჭიაურის პარტიებს, ასევე „გირჩსა“ და ახალ მემარჯვენეებს. არეშიძე მიიჩნევს, რომ ოცნება ასრულებს დასავლეთის დაკვეთას და ცდილობს ნაციონალებს მეორე ადგილი შეუნარჩუნოს. ნაციონალები კი ბინძური მეთოდებით იბრძვიან. გიორგი პაპუაშვილს დავალებული ჰქონდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც საარჩევნო სისტემის პარალიზებას გამოიწვევდა. ეს მან ვერ შეასრულა და სწორედ ამიტომ ალაპარაკდა ზეწოლაზე. „მარგველაშვილი იქცევა არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არამედ როგორც ქართულ ოცნებაზე გაბრაზებული ადამიანი“, – აცხადებს არეშიძე.
„ყოველკვირეული ალია“, 08 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: „ოცნებაში“ გადაპორტირებული „ნაციონალები“ ყოფილები არ არიან და მხოლოდ კუბლაშვილია „ნაციონალი“?
გელა ზედელაშვილი
(შინაარსი)
„მე არასოდეს გამიგია, ყოფილი „ნაციონალი“ არ არსებობსო… ეს გამოთქმა ვიცოდი ყოფილ „კაგებეშნიკებზე“. რაც შეეხება კონკრეტულად „ნაციონალებს“, ერთი მითხრას რომელიმე ძალამ, მათ შორის, „ქართულმა ოცნებამ“, ვინ შეუვსო პარლამენტში უმრავლესობა, როცა პრობლემები შეექმნა? „ოცნებაში“ გადაპორტირებული „ნაციონალები“ ყოფილები არ არიან და მხოლოდ კუბლაშვლია „ნაციონალი“? გავიხსენოთ, ვინ უფინანსებდა „ნაცმოძრაობას“ ყველა იმ პროექტს, რომლითაც თავს იწონებდნენ წლების განმავლობაში? ბიძინა ივანიშვილი არც მალავს და ღიად აცხადებს, რომ მას მოსწონდა „ნაცმოძრაობა“ და ეხმარებოდა. მე ასე მგონია, რაღაც მასობრივი ფსიქოზი დაემართა ქვეყანას და ყველა გადასულია შეურაცხყოფაზე“, – აცხადებს „ახალი მემრაჯვენეების’ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია. იგი ფიქრბს, რომ სააკაშვილი და ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაისაჯონ და მათი ნაწილი იხდის კიდეც სასჯელს, რაც შეეხება დანარჩენ „ნაცმოძრაობას“, მის წევრებსაც აქვთ მონანიების უფლება, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილს.
მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ლეიბორისტების“ გარდა, ყველა სხვა თავის დროზე იყო „ნაცმოძრაობაში“ ან მასთან ერთად კოალიციაში.
„ყოველკვირეული ალია“, 08 აგვისტო, 2016 წელი
„რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სამარეს ითხრის, რქები, კუდი და ეშვები ეზრდება
ნინო სამხარაძე
(შინაარსი)
გამოცემის ცნობით ცესკომ ქორწინების სტატუსის განსაზღვრის საკითხზე სარეფერენდუმო პროცედურების დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. ჟურნალისტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის წარმოუდგენელია ერთსქესიანთა ქორწინება და ეს იგივეა, ქართველს ქართველობა, რომ წაართვა. მსი სიტყვებით, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ რომ დაესვას წერტილი, ამისათვის საჭიროა, ხალხმა საკუთარი ნება რეფერენდუმზე დააფიქსიროს. ჟურნალისტი წერს, რომ ამას მოწინააღმდეგეები ჰყავს ნეოლობერალების სახით, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ ხელი არ მოაწეროს რეფერენდუმის ჩატარებას.
„ისედაც პოლიტიკურ საიქიოში გამწესებული „რესპუბლიკური პარტია“ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას სამარეს ითხრის, რქები, კუდი და ეშვები ეზრდება და პრეზიდენტს მოუწოდებს, არ დაუშვას რეფერენდუმის ჩატარება და ევროპული ღირებულებებით იხელმძღვანელოს. ამ განცხადების ავტორი „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაიაა, რომელიც ლგბტ თემს უკვე დიდი ხანია ლობირებს. საოცარი კი ისაა, რომ თავად ამ თემს არ სურს ქორწინების დაკანონება და არც ითხოვენ, არ აქვთ პრეტენზია. თუმცა ლიბერასტები, ვინც დასავლეთიდან იკვებებიან, გრანტებს სწორედ ამ განცხადებებსში იღებენ, რა თქმა უნდა, ისინი ეშმაკს სულს მიჰყიდიან, ოღონდ დოტაცია არ შეუწყდეთ, სხვა შემთხვევაშ პოლიტიკაში მათი არსებობა აზრს კარგავს“, – ნათქვამია სტატიაში.
ამის შემდეგ კი მოყვანილია პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადება, რომელიც ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნას უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია უდაოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე.
სტატიის ბოლოს აღნიშნულია, რომ ეს თემა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წამოსწრია და ძალიან ბევრი მტერიც გაიჩინა. თუმცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ისეთივე ერთსულოვნება არ იყო ამ თემის მიმართ, როგორც დღეს არის, რადგან ახლა არჩევნები მოდის.
„ყოველკვირეული ალია“, 08 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „მეტისმეტად უსინდისო და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან“ / „მაშინ უსუფაშვილიც უნდა გადავაყენოთ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან“ / „დააკვირდით, რასაც ლაპარაკობს ივანიშვილი და მისი პარტია, იმას ლაპარაკობს პუტინი“
მაკა დეკანოსიძე
(შინაარსი)
პირველი კითხვა თინა ხიდაშელის, დავით უსუფაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებებს და იმ დაძაბულ ურთიერთობას შეეხებოდა, რომელიც „რესპუბლიკელი“ მინისტრების თანამდებობიდან წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის გაჩნდა. ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, კონკურენტული გარემო როდესაც იქმნება, იმ წუთას ჩნდება ასეთი ტექსტები. მისი თქმით, როდესაც ლევან იზორია დაინიშნა, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ თქვა, რომ სისტემური ხასიათის შეცდომაა, როდესაც ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი მეორე ძალოვან უწყებაში ინიშნება. მისი აზრით, უშიშროების სისტემის გაძლიერება თავდაცვის სამინისტროს ხარჯზე შეცდომაა.
ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის მოწყობის მცდელობასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ არ შეიძლება ადამიანის გათავისუფლება მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ის რომელიმე პარტიის წევრია. მისი თქმით, ამას კანონიც კრძალავს და თუ კარგად ჩაიხედავენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ნახავენ, რომ ადამიანის ჩაგვრა არ შეიძლება რაიმე ნიშნით, მით უმეტეს, არ შეიძლება პოლიტიკური ნიშნით.
„კარგია, რომ არ გაუვიდათ ეს ამბავი. მაგრამ მეტისმეტად უსინდისო და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან. მათი ლოგიკით, მაშინ უსუფაშვილიც უნდა გადავაყენოთ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან, რახან „რესპუბლიკელია“ და მეც არ უნდა მოგცეთ ინტერვიუ, რადგან „დაჩაგრული ვარ“, – აცხადებს ბერძენიშვილი.
ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მხრიდან ბოლო პერიოდში დავით უსუფაშვილის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კომენტირებისას ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათ შეიძლება ისიც თქვან, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთია ან ილია ჭავჭავაძეზე დამსახურებული მოღვაწე. მისი თქმით, პრემიერის შემდეგ მანანასა და ეკას აღარ უსმენს, რადგან გასაგებია, რომ რაიმე განსაკუთრებულს არ იტყვიან და უბრალოდ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ისე, როგორც შეუძლიათ.
„პოლიტიკოსები აკეთებენ იმას, რომ ყურადღება გადაიტანონ იმ საკითხებიდან, რომელთა გადაწყვეტა მათ არ შეუძლიათ, ისეთ საკითხებზე, რომელტაც გადაწყვეტაც შეუძლიათ. მათ შეუძლიათ, მაგალითად, თქვან, რომ ოჯახი არის კაცი და ქალი, სამაგიეროდ, მათ არ შეუძლიათ შექმნან სამუშაო ადგილები, გაზარდონ ხელფასი, გაზარდონ ქვეყანაში ინვესტიცია, დაასტაბილურონ ლარი და ა.შ… კაცის და კაცის ან ქალის და ქალის დაქორწინებას დღესაც ვერავინ მოახერხებს იმიტომ, რომ სათანადო კანონმდებლობა არსებობს საიმისოდ, რომ ეს არ მოხდეს. ამის აკვიატება იყო ანტიდასავლური კურსის ხაზგასმა, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რომელიღაცა პარტიების წინააღმდეგ მიმართული, არიქა ესენი არიან ერთსქესიანთა მომხრეები და მათი დამცველები და ა.შ. ჩვენ ხომ ურეიტინგო და მკვდარი პარტია ვართ, მათი აზრით და მაშინ მსგავს სისულელეებს რაღატომ იყენებენ, რომ ხალხს შეუცვალონ შთაბეჭდილება? სასაცილოა პირდაპირ“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დეპუტატის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ ყოველთვის აქვს საკმაოდ კარგი საარჩევნო პროგრამა და უარს არ იტყოდა, მართლა ამის მიხედვით ხდებოდეს არჩევანის გაკეთება. რაც შეეხება „ოცნებას“, ამბობს, რომ ისინი საპროგრამო დოკუმენტს აუცილებლად წარმოადგენენ, მაგრამ მათ მთავარ იარაღად სხვა რამ მიაჩნია.
„ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ხელისუფლებაში, ამიტომ ბევრს აღარ დაგპირდებითო, ჩვენ უკვე მოგიტანეთ ბევრი სიხარული, თქვენ ვერ გაიგეთ, უმადურები ხართ… დაახლოებით ასეთი ტექსტებია, მაგრამ მოსახლეობას რამდენიც არ უნდა უთხრა, რომ ის ბედნიერია, თუ ის თავს ასე არ გრძნობს, ეს იმ ანეკდოტს ჰგავს, მამა შვილს რომ ეუბნება, ამოდიო, შვილი ეკითხება, რატო მამა, მშიაო? არა, გეძინებაო. ასეთი ამბავია ჩვენს თავსაც. ხალხმა თვითონ იცის, კარგადაა თუ ცუდად და არჩევანსაც შესაბამისს გააკეთებს… ასარჩევი ცოტაა, მაგრამ როგორიცაა პარტიები, ისეთ არჩევანს გააკეთებს ხალხი“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
მისი სიტყვებით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ იცის, რის გაკეთებას აპირებენ მომავალში, ესაა დასავლური მიმართულება, ევროპული ინტეგრაცია, ნატოს მიმართულება და ა.შ. და თუ ეს ვინმესთვის არის პოპულარული, შეიძლება მხარიც დაუჭირონ. მაგრამ თუკი თვლიან, რომ სისულელეა ეს ყველაფერი და ამას კარგი ცხოვრება არ მოჰყვება იმიტომ, რომ საფრანგეთში ხალხი შიმშილით კვდება და მხოლოდ რუსეთშია კარგი ცხოვრება, ასეთი „ჭკვიანები“ არ მისცემენ ხმას და მისცემენ ვალერი კვარაცხელიას. უბრალოდ, ლევან ბერძენიშვილს კომიკურად მიაჩნია, თუ ამდენი ხანი ვერ გაიგეს ადამიანებმა, რომ კომუნიზმი დამთავრდა და ვალერი კვარაცხელიას ულვაშებში სტალინი ვერ გაცოცხლდება.
ბერძენიშვილის განცხადებით, საერთოდ გაუგებარია რა ორიენტაცია აქვს ირმა ინაშვილს. მისი თქმით, ამას წინათ, როდესაც ინაშვილს ჰკითხეს, მემარცხენეა თუ მემარჯვენე, უპასუხა, რომ ასეთი სისულელე პოლიტიკაში პირველად ესმის.
„ინაშვილს ამომრჩეველი მე არც მეცოდება და არც მათთვის ვილოცებდი, მორწმუნე რომ ვიყო, მაგრამ გემოვნების საკითხია. ინაშვილმა შეიძლება თქვას, რომ დასავლეთი უნდა, მაგრამ მერე მისმა პარტიის უფროსმა მოითხოვოს, ვაღიაროთ სომხეთის გენოციდიო და ა.შ. დააკვირდით, რასაც ლაპარაკობს ინაშვილი და მისი პარტია, იმას ლაპარაკობს პუტინი და მისი პარტია. ერთადერთი განსხვავებააა, პუტინს აქვს საშუალება, თქვას, რომ ეზიზღება დასავლეთი. ინაშვილს ამის საშუალება არ აქვს. ან მშიერ ხალხს რით უშველის ინაშვილი? ამის მიუხედავად, მათ თავისი პროცენტი ექნებათ, ამაზე არ ვდაობთ, საზოგადოებაში სადაც არის ამის მოთხოვნა, ის ამ მოთხოვნას ასრულებს. მთავარია პოლიტიკური და ფინანსური დახმარება არ მიიღონ ოკუპანტისგან. კანონი ირღვევა, როდესაც სააკაშვილი ერევა საარჩევნო პროცესში, ინაშვილს რომ ფულს ურიცხავენ რუსეთიდან. ამიტომ, ხელისუფლებამ იმაზე „ოცნებას“, 200%-ით რომ შევლენ პარლამენტში, სჯობს, კანონი დაიცვას“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
„ყოველვირეული ალია“, 08 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ბოდიშს ვუხდი ხალხს ამ იმედგაცრუებისთვის, მაგრამ „ოცნებამ“ მეც მომატყუა!“
ნინო სამხარაძე
(შინაარსი)
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას „თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ახლა არ საუბრობს პაპუაშვილზე, თუ რას სჩადიოდა ის სააკაშვილის რეჟიმის დროს და იწყებს ათვლას იქიდან, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა იმიტომ, რომ ვერ დაითრიეს ისე, როგორც საერთო სასამართლოები ჩააბარეს მურუსიძეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მურუსიძეს დღეს რეჟიმის მსხვერპლად ასაღებენ და მის მსგავსად პაპუაშვილსაც რომ ეღიარებინა, რომ იყო სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, არანაირი გინება არ იქნებოდა მისი მისამართით.
მისი თქმით, ყველა საქმეზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა, იყო ხელისუფლებისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული და აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ აკრიფა საკონსტიტუციო სასამართლოს ლანძღვა-გინების ტემპი.
„ახლა უფრო აგრესიული კამპანია დაიწყო იმიტომ, რომ მოდის „რუსთავი 2“-ის საკითხი, უგულავას თემა და პირადად ჩვენთვის, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხუთი უდანაშაულო ადამიანის ბედია, რომელიც ამ ხელისუფლებამ ხუთი წლით ციხეში ჩასვა. ვინც დამნაშავეა ციხეში უნდა იჯდეს, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ უგულავაზე, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, ეს სასამართლოს განხილვის საგანია. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მუხლი, რა მუხლითაც ხუთი უდანაშაულო ადამიანი ხუთი წლით ციხეში გაუშვეს. ეს არის ბუნდოვანი მუხლი და არანაირი მოტივი მათი დაჭერისა არ არსებობდა, არც უფლებამოსილება ჰქონდათ, რომ ფული გაეფლანგათ. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელფეხშეკრულია და სხვა გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება, გარდა იმისა, რომ ე.წ. კაბელების საქმის ბიჭები უდანაშაულოდ ცნოს. ამიტომაა ხელისუფლება ყველა მეთოდს მიმართავს, რომ რამენაირად დამარცხებული არ გამოვიდეს“, – აცხადებს აბაშიძე.
მას არ აინტერესებს, პაპუაშვილი ჩადის თუ არა ოდესაში, გვარამია იღებს თუ არა სააკაშვილის დაკვეთებს. იმასაც ამბობს, რომ პაპუაშვილს, რომ ნდომებოდა, როგორც მურუსიძე გადაჰყვა „ოცნებას“, ასევე შეეძლო მასაც გამხდარიყო მმართველი პარტიის ვნებების აღმსრულებელი.
ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა. მისი თქმით, ეს იმედგაცრუება საზოგადოებისთვის „თავისუფალ დემოკრატებს“ არ მოუტანია, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იქიდან გამომდინარე, რომ დაპირებები არ შეასრულა. ის ბოდიშს უხდის ხალხს იმიტომ, რომ თვითონაც იყო ამ დაპირებების გამცემი, მაგრამ იქვე ხაზს უსვამს, რომ გარკვეულწილად ისიც მოტყუებული დარჩა, რადგან დაიჯერა, რომ ის დაპირებები შესრულდებოდა.
„რეზონანსი“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან: „დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც იქნება”
ლიკა გურაბანიძე
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ქვეყანაში დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც კულმინაციას მიაღწევს. როგორც ცაგარელმა “რეზონანსს” განუცხადა, სამი თვის განმავლობაში მოსალოდნელი ემოციურად არასტაბილური პერიოდი, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება, პოლიტიკურ მოვლენებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
მიხეილ ცაგარელი: საპარლამენტო არჩვნების დროს ისეთი დაძაბულობა, რომელიც საომარ ვითარებში გადავა, არ არის მოსალოდნელი, მაგრამ იმის მსგავსი, რაც კორცხელში მოხდა, შეიძლება განმეორდეს. სამთვე-ნახევარი დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ეს მოვლენა ყოველთვის დაძაბულობას ქმნის იმიტომ, რომ ადამიანთა ნერვული სისტემა და ემოციური არასტაბილურობა აპოგეას აღწევს. თავშეკავებულობის პრობლემა წინა პლანზე წამოიწვეს. იქნება ურთიერთბრალდებები, ამის გარეშე არჩევნები არ ჩაივლის.
ის ემოციური მუხტი, რომელიც ახლა არის და ოქტომბრის ბოლომდე იქნება, რასაკვირველია, პოლიტიკურ, სერიოზულ მოვლენებს კიდევ უფრო დაძაბავს. წინა პლანზეა წამოწეული ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ფინანსების გადანაწილება – ამ მხრივ ერთმანეთს არ დაინდობენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ და სამთავრობო ძალებს შორის ვიქნებით ისე, როგორც ვულკანის კრატერის შუაგულში.
- მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ვის აქვს გამარჯვების შანსი?
- რასაკვირველია, “ოცნებას”, იმიტომ, რომ ყველა სახის ბერკეტი, მათ შორის ფინანსური, მათ ხელშია. თუ “ქართული ოცნება” ბოლომდე გულარხეინად არ იქნება და ყურადღებას არ მოადუნებს, ყველა შესაძლებლობა მის მხარესაა. “ოცნება” სახეცვლილია. არ არის გამორიცხული, მეორე ადგილზე “ნაციონალები” გავიდნენ, მესამეზე “თავისუფალი დემოკრატები”, მეოთხე-მეხუთე ადგილისთვის კი სხვადასხვა პარტია იბრძოლებს.
- განსაკუთრებით სად არის მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ სიტუციის დაძაბვა?
- დაძაბულობა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც იქნება. დაძაბული სიტუაცია ყველგან შეიძლება იყოს. თქვენ რატომ გგონიათ, რომ აჭარაში არ დაიძაბება? იქ ლევან ვარშალომიძე თავის ჯგუფებს უკვე ამზადებს. რაც შეეხება სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებს, იქ “ნაციონალები” კარგად მუშაობენ, “ოცნებას” კი ტრადიციულად სძინავს და ჯერჯერობით არ გაუღვიძია, ხოლო როდესაც გაიღვიძებს, უცბად აღმოაჩენს, რომ ძალიან ბევრი დრო დაკარგა – ესეც გამოიწვევს დაძაბულობას. საქართველოში ძალიან ბევრი რეგიონი, მათ შორის დასავლეთი, არჩევნების პერიოდში დაძაბული და კონფლიქტური იქნება.
- რა ვითარება იქნება დედაქალაქში?
- ისეთი სიტუაცია, რაც მთავრობის დამხობაში გადაიზრდება, არ იქნება. თუმცა გარკვეულ პროტესტს უნდა ველოდოთ. მიმდინარე მოვლენებს ირმა ინაშვილი, შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძე თავისებურად გააპროტესტებენ. ისინი, რასაკვირველია, უკმაყოფილო იქნებიან იმ შედეგებით, რომლებიც დაიდება. ეს, ცხადია, ცემა-ტყეპაში არ გადავა, ყველაზე სახიფათო ამ კუთხით “ნაციონალური მოძრაობაა”. ამ შემთხვევაში აგრესია მათი მხრიდანაც მოდის და რაც მთავარია, ხალხშია მათდამი ორმაგი აგრესია, ამიტომ ყველაზე სახიფათო მუხტი “ნაციონალური მოძრაობისაა”. სექტემბერში დიდ ქალაქებში დაპირისპირების ტენდენცია თვალში საცემი გახდება.
- რას გულისხმობთ სახიფათო მუხტში?
- “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან საინტერესო პოზიციები აქვს. იგი დროებით დაიქსაქსება. პატარ-პატარა პარტიებს შექმნიან, რომლებიც პარლამენტში შესვლას ცალ-ცალკე შეეცდებიან და შემდეგ უკვე იქ ისევ ერთიან სისტემას შექმნიან, ან თუ არ შექმნიან, ერთმანეთს გვერდში ამოუდგებიან. ნაწილი ამ ჯგუფებისა, ბიზნესმენებს ვგულისხმობ, ეცდება, რომ “ქართულ ოცნებაში” შევიდეს და ამას უკვე აკეთებენ კიდეც – აქედან გამომდინარე, მათი ვითომ ეს დაქსაქსული პოზიცია ძალიან სახიფათოა.
- საარჩევნოდ ახალი სახეები თუ გამოჩნდებიან?
- სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავ. საუბრები იყო ამაზე.
- საგარეო კუთხით, კერძოდ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით თუ არის მოსალოდნელი სიტუაციის შეცვლა?
- რომელ ევროინტეგრაციაზეა საუბარი? როგორ გგონიათ, ევროპაში შესვლით დიდი ხეირი გვექნება? ევროპა დაშლის პირასაა და კბილებით უჭირავთ, რომ ეს არ მოხდეს. ჯერ ერთი, ეს არ მოხდება, ისევე, როგორც ნატოში არ შეგვიყვანეს. ეს დიდი ხნის პროცესია, რომელიც ძალიან ბევრჯერ აგვიხსნეს. ყველა დაგვცინის და ჩვენ მაინც ნატოსა და ევროპას გავიძახით. არანაირი ღირსების ელემენტი აღარ დარჩა საქართველოს. მარტო ევროპაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ჩვენი საკუთარი არაფერი გვქონდეს? ევროპა, რასაკვირველია, რუსეთით უნდა დავაინტერესოთ. რუსეთთან საქართველოს დაახლოება ევროპაში საქართველოს მიმართ მომენტალურად გაზრდის ინტერესს. ჩვენ გავურბივართ რუსეთს და ევროპა დაგვცინის. ასეთ მდგომარეობაში ათწლეულების განმავლობაში ვიქნებით და ახალი არაფერი მოხდება.
მინდა, ქორწინებასთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე ვისაუბრო. ამას არავითარი რეფერენდუმი არ სჭირდება. რეფერენდუმის ჩატარება მაშინაა საჭირო, როდესაც რაიმე კითხვა არსებობს. ასეთ კითხვას მხოლოდ რესპუბლიკური პარტია სვამს და მათ გამო მთელმა ერმა რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს? მთელმა ერმა უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში, რაც ისედაც ცხადია? მე ვთვლი, რომ ასე არ უნდა მოხდეს.
„რეზონანსი“, 10 აგვისტო, 2016 წელი
ინვესტორები და ეკონომიკა არჩევნების მერე გამოცოცხლდება
დიდ ცვლილებას არავინ ელოდება, მაგრამ თანხის დაბანდებისგან ყველა თავს იკავებს
ელზა წიკლაური
წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროცესი შენელდება, თუმცა, განსხვავებით სხვა წლებისგან, ვარდნა საგანგაშო არ იქნება. ინვესტორები კი, რომლებსაც საქართველოში ფულის დაბანდება აქვთ გადაწყვეტილი, ოქტომბრის ბოლომდე დაიცდიან. ანალიტიკოსების თქმით, ამის მიზეზი მშვიდი პოლიტიკური სიტუაციაა და ამასთან, მოლოდინი იმისა, რომ ძირეული ცვლილება პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მოხდება.
გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი ფერხდება, იკლებს ინვესტიციების ოდენობაც და ბიზნესიც მოლოდინის რეჟიმშია. ამჯერად სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს როგორც სტატისტიკური მონაცემები, ასევე მთავრობის მოლოდინი და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზიც.
ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც და ეროვნულმა ბანკმაც. ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება, სებ-ის პროგნოზით, ეკონომიკა 3.5%-ით გაიზრდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვარაუდით კი, მატება 3,4%-ის ფარგლებში იქნება. მსოფლიო ბანკი თავის ანგარიშში საქართველოს ეკონომიკას 3%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებს.
როგორც ყოველთვის, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. სსფ-ის გათვლით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 2.5%-ს არ გადააჭარბებს. 2017 წელს ზრდის ტემპი დაჩქარდება და მშპ-ის მაჩვენებელი 4.5%-ს გაუტოდება. არადა, სავალუტო ფონდი, თავდაპირველი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკას 2016-17 წლებში 3% – 5%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებდა. სსფ-ში აღნიშნეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კლება რეგიონში გაუარესებულმა მოლოდინმა გამოიწვია.
ფონდის ანალიტიკოსების ინფორმაციით, წლის ბოლომდე შემცირდება რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა, რაც საქართველოზეც მოახდენს უარყოფით გავლენას. კერძოდ, 2016 წელს რუსეთის ეკონომიკა 1.8%-ით დაეცემა, აზერბაიჯანის – 3%-ით, ბელორუსიის – 2.7%-ით. ყაზახეთს მხოლოდ 0.8%-იანი ზრდა ექნება, სომხეთის ეკონომიკა – 1.8%-ით მოიმატებს, უკრაინისა კი – 1.5%-ით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდამ 3,1%-ს მიაღწია, წლის პირველ ნახევარში ქვეყნის ეკონომიკა 2,9%-იან მაჩვენებელს მაინც ვერ გასცდა. წელს მშპ-ის ყველაზე “შთამბეჭდავი” მატება აპრილში გვქონდა – 4,3%, მაისში – 2,1%, ივნისში – 2,9%. წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკური “აღმავლობა” 2,6%-ის დონეზე იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაის-ივნისში ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირდებოდა, ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს საგანგაშო არ არის და წინასაარჩევნო პერიოდში მშპ-ის ზრდის “დამუხრუჭება” არ მოხდება.
ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას აზრით, როდესაც პოლიტიკურ არენაზე სიტუაცია გარკვეული არ არის, ინვესტორები თავს იკავებენ აქტიურობისგან და ბიზნესიც რაღაცნაირად მიჰყვება ამ სიტუაციას.
“რამდენიმე თვეა, ეკონომიკა იზრდება. საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. გასაკვირია, მაგრამ ეს არჩევნები, სხვადასხვა მიზეზის გამო, უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. პირიქით, ბოლო პერიოდში მოლოდინი უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის ექსპერტები, მთავრობა და მსოფლიო ბანკი პროგნოზირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეხლა-შემოხლაა, წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში და კორექტულად მიმდინარეობს. მთავრობა არ ძაბავს სიტუაციას, არ ეძებს “მტრის ხატს” და ამიტომ ინვესტორებიც არ ელოდებიან დიდ კატაკლიზმებს.
მეორე მიზეზი ისაა, რომ, ყველა წინასწარი პროგნოზით, ხელისუფლება არ შეიცვლება. ამიტომ დიდ ცვლილებას არავინ ელის და გაურკვევლობის ეიფორიაც მოხსნილია. ეს იცის ბიზნესმაც და ინვესტორებმაც”, – განაცხადა ჯგერენაიამ.
ეკონომისტ გიორგი ღაღანიძის პროგნოზით, როგორც სხვა წლებში, ასევე ახლაც წინასაარჩევნო პერიოდში და წლის ბოლომდე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროცესი დამუხრუჭდება. მშვიდად ჩატარებული არჩევნები კი ეკონომიკაზე დადებით გავლენას ინვესტიციების მხრივ უკვე 2017 და შემდგომ წლებში მოახდენს.
“სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა გამოცდილება, როდესაც არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ინვესტორები ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებიან სიტუაციას, როდესაც ასეთი ტიპის ქვეყნებში არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული ვართ, რომ ნამდვილად არაფერი არ მოხდება, მაგრამ ინვესტორები ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებენ და თავს იკავებენ თანხის დაბანდებისგან.
არჩევნები 8 ოქტომბერსაა, მერე შედეგების გამოცხადებას უნდა დრო და ამასობაში დამთავრდა წელი. თუ ყველაფერმა უშფოთველად ჩაიარა, კარგი იქნება 2017 წელი, როდესაც ინვესტორები ნახავენ და იტყვიან, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ჩაატარეს არჩევნები ნორმალურად. თუმცა, ეკონომიკურ ჭრილში ამ ყველაფრის ასახვა მოხდება 2017 და შემდგომ წლებში. საერთოდ კი, არჩევნების პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროცესი მუხრუჭდება და აქ გასაკვირი არაფერია”, – ამბობს გიორგი ღაღანიძე.
ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ეკონომისტ სანდრო თვალჭრელიძეს და ამბობს, რომ არჩევნებამდე ეკონომიკური ზრდის პროცესი არ შენელდება:
“ოქტომბრის ბოლომდე დიდი ოდენობით ინვესტიცია მაინც არ შემოვა. ახლა არის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი არჩევნები. გაწევ-გამოწევა შეინიშნება, მაგრამ მაინც მშვიდია, მით უმეტეს – 2012 წელთან შედარებთი. ამიტომ არაფერი საგანგაშო არ მოხდება. ინვესტორი კი, რომელსაც თანხის დაბანდება უნდა სექტემბერში, დაიცდის ერთი თვე და ოქტომბრის მეორე ნახევარში დააბანდებს ფულს. განსაკურებული საქართველოს ეკონომიკაში არაფერი მოხდება”, – აღნიშნა თვალჭრელიძემ.
——————-
„რეზონანსი“, 10 აგვისტო, 2016 წელი
რუსულ-თურქული გამბიტი და საქართველო
ვახტანგ შამუგია
თურქეთი სულ უფრო შორდება ევროპას და სულ უფრო ეკვრის რუსეთს, ასე შეაფასეს დასავლელმა ანალიტიკოსებმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა “თბილ და მეგობრულ” გარემოში წარიმართა, თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს “პირადი მეგობარი” რამდენჯერმე უწოდა და რუსულ ენაზე მადლობაც კი გადაუხადა. თავის მხრივ, კომპლიმენტები არც ამ უკანასკნელმა დაიშურა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ერდოღანი პუტინს “მატყუარას” უწოდებდა, რუსეთის პრეზიდენტი კი თავის თურქ კოლეგას სირიაში სამოქალაქო ომის გაღვივებასა და ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთან” მჭიდრო ურთიერთობებში სდებდა ბრალს. თვალში საცემად შეიცვალა რუსული მედიისა და კრემლის მიერ კონტროლირებადი ექსპერტების რიტორიკაც. თუ აქამდე ერდოღანს ისინი “ტერორისტების მფარველად”, “კონტრაბანდისტად” და უბრალოდ “გარეწრად” მოიხსენიებდნენ, დღეს მას “პრაგმატიკოს და შორსმხედველ” პოლიტიკოსად ნათლავენ.
რამ გამოიწვია მსგავსი ფერისცვალება და შარშან ნოემბერში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული ერთგვარი “ცივი ომის” დასასრული?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში კი, ალბათ, უმთავრესი ეკონომიკურია, რადგანაც დასავლეთის სანქციებმა რუსეთი, პოლიტიკურმა რყევებმა და ტერაქტებმა კი თურქული ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად შეარყია. ამასთან, ე.წ. “სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის გაყვანის პროექტში მონაწილეობის მიღებაზე ბულგარეთმა უარი განაცხადა. კრემლისათვის მეტად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩდნა. შესაბამისად, ალბათ სწორედ ამიტომ, ვლადიმერ პუტინმა აპატია თავის ანკარელ კოლეგას “ზურგში დანის ჩარტყმა” და მისი ერთგვარი მობოდიშება “დიდსულოვნად” მიიღო.
2015 წლის შემდეგ პირველად გამართული შეხვედრა ანკარისათვის, შეიძლება ითქვას, წარმატებულად დასრულდა. გასული წლის ნოემბერში, თავის საზღვრებთან ჩამოგდებული რუსული საფრონტო ბომბდამშენისა და ერთ-ერთი პილოტის დაღუპვამ, აქამდე მჭიდრო და ინტენსიური რუსულ-თურქული ურთიერთობები გაყინა.
მოსკოვმა ანკარას მთელი რიგი სანქციები და შეზღუდვები დაუწესა. შედეგად, ორივე მხარემ, განსაკუთრებით კი თურქეთმა, კოლოსალური ფინანსური დანაკარგები განიცადა.
ამას დაერთო 15 ივლისს, რეჯეფ ტაეპ ერდოღანის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა, რამაც ქვეყანა მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემების წინაშე დააყენა. სავარაუდოა, რომ ამ გარემოებამაც აიძულა ერდოღანი, ქედი მოედრიკა და ვლადიმერ პუტინს რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში ხლებოდა.
ამასთან, სამხედრო გადატრიალების ჩახშობისა და ქვეყანაში განხორციელებული რეპრესიების შედეგად, ანკარას გაურთულდა ურთიერთობა ვაშინგტონსა და ბრიუსელთან. შედეგად, ევროკავშირმა თურქეთს ვიზალიბერალიზაცია განუსაზღვრელი ვადით გადაუწია, რასაც საპასუხოდ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის მწვავე განცხადებები მოჰყვა.
სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტებმა თურქი და რუსი ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ საუბარი შეეხო ამ დრომდე გაყინული პროექტების, “თურქეთის ნაკადის” გაზსადენის ორი მილის, პირველი, სამხრეთ ევროპისა და მეორე, უშუალოდ თურქეთისათვის განკუთვნილი მიმართულებების მშენებლობას, ამასთანავე, რუსეთის მიერ თურქეთში მშენებარე აქუიოიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობების გაგრძელებას. ეს კი თურქული მხარის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობას კიდევ უფრო გაზრდის. ამასთანავე, ლიდერებმა ჟურნალისტებს მოსკოვის მიერ ანკარისათვის დაწესებული რიგი ეკონომიკური სანქციებისა და შეზღუდვების მოხსნაც ამცნეს.
აღსანიშნავია, რომ თურქულ კურორტებზე კვლავ გამოჩნდება რუს ტურისტთა მრავალათასიანი არმია, რაც ტერაქტების შედეგად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ტურისტულ სექტორს მნიშვნელოვნად წაადგება.
ცნობისთვის: 2015 წლამდე, რუსეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და ტვირთბრუნვა საერთო ჯამში 43 მლრდ. აშშ დოლარს აჭარბებდა, დღეისთვის ეს მაჩვენებელი 43%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამოსვლის პოვნაში თავიანთ დიდ როლზეც ისაუბრეს. “პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში,” – განაცხადა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოსკოვში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ამ საკითხის განსახილველად ერთობლივ სამიტს მოაწყობენ. დიდი ალბათობით, საუბარი ყარაბაღის კონფლიქტსა და რეგიონში არსებულ ფეთქებადსაშიშ ვითარებას შეეხება. თუმცა შეეხებიან თუ არა მხარეები კავკასიის რეგიონში არსებულ სხვა ცხელ წერტილებში არსებულ სიტუაციას და მიიღებს თუ არა ამ განხილვაში მონაწილეობას, როგორც მინიმუმ, სომხური მხარე, უცნობია.
თბილისისათვის რუსულ-თურქული ურთიერთობების დათბობის თემატიკა საგულისხმოა. ყველას აინტერესებს პასუხი კითხვაზე – რა შედეგს მოუტანს საქართველოს თავისი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორის რყევა? ინტერესი მაღალია იმიტომაც, რომ ამ დრომდე ნატო-ში ინტეგრირების მსურველი თბილისის ერთგვარი შუამავალი ალიანსთან სწორედ ანკარა იყო. რეჯეპ ერდოღანის მიერ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ქვეყანაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების დადანაშაულებამ კი ანკარასა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა.
პოლიტიკური მიმომხილველის, დავით კასრაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსულ-თურქულ ურთიერთობებში მიმდინარე რადიკალურ ცვლილებებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანოს.
“ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისა და, მეორე მხრივ, ოკუპანტის დაახლოება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ფაქტია, თუმცა ეს მათი შიდა პოლიტიკური საქმეა და ეკონომიკურად სუსტ თბილისს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. თურქულ-რუსული ურთიერთობების უწინდელი მასშტაბით აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება, რაც ჩვენ შესაბამისი დასკვნებისა და ნაბიჯების გასაანგარიშებლად უნდა გამოვიყენოთ. ეს “დათბობა” კი კიდევ უფრო მეტად გააცივებს ანკარა-ბრიუსელის ურთიერთობას, რაც ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც ნატო-საკენ მიმავალ გზაზე თურქეთს ერთგვარ შუამავლად განიხილავდა, არასასურველია. საგულისხმოა განცხადებაც რეგიონში პრობლემების მოგვარების შესახებ, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანია და ალბათ, გარკვეულწილად, პოპულისტურიცაა, რადგანაც სტატუს-კვო ამ ეტაპზე აწყობს როგორც რუსეთს, აგრეთვე ნაწილობრივ ანკარასაც,” – თქვა მიმომხილველმა “რეზონანსთან” საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველო ანკარისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე ქვეყანაა, რადგანაც მისი გავლით ის სტრატეგიულ პარტნიორს, აზერბაიჯანს უკავშირდება. ამასთან, იგი დასძენს, რომ ჩვენი სახელმწიფოების უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა არის გარანტი იმისა, რომ რუსეთ-თურქეთის ხელახალი დაძმობილება ქართულ-თურქულ ურთიერთობებში არსებით ცვლილებას სავარაუდოდ არ შეიტანს.
ანალიტიკოსი ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ შიშს, რომ ვლადიმერ პუტინის საამებლად რეჯეპ ერდოღანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გადახედავს, არასერიოზულს უწოდებს. მისი ვარაუდით, მსგავსი მიდგომა ანკარის მეგობარ ბაქოს გააღიზიანებს, რადგანაც, თბილისის მსგავსად, მასაც იგივე პრობლემა აქვს. აზერბაიჯანის აზრს კი თურქეთი, მიზეზთა გამო, ანგარიშს ყოველთვის უწევდა.