«КоммерсантЪ» (რუსეთი), 15 აგვისტო, 2016 წელი
http://kommersant.ru/doc/3063963
ქართველი ამომრჩევლები სოციოლოგიურ გამოკითხვებში ხმებს „უფრთხილდებიან“
პარტიები პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვიან
გიორგი დვალი, თბილისი
საქართველოში უკვე დასრულდა იმ პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ 8 ოქტომბერ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში. აშკარაა, რომ ბრძოლა ძირითადად ორ პარტიას შორის გაიმართება – პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „ქართულ ოცნებასა“ და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაცმოძრაობას“ შორის“. ჯერ-ჯერობით სოციოლოგები ფავორიტს ვერ ასახელებენ. საარჩევნო რბოლის მონაწილეებს განზარახული აქვთ მაქსიმალურად დაძაბონ თავიანთი კამპანია და ამ მიზნით უკვე დაიწყეს რიგი სკანდალური ფაქტების გამჟღავნება, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. დებატების დროს ყურადღების ცენტრშია რუსეთთან ურთიერთობის თემატიკაც.
ფიარ-ომი ქართულად
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში გადავიდა. სამშაბათს ძალაში შევიდა რიგი შეზღუდვები, რომლებიც ხმის მიცემის მოახლოებას უკავშირდება. კერძოდ, აიკრძალა ისეთი სახელმწიფო პროგრამების რეალიზება, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული, მაგალითად სოციალური დახმარებებისა და პენსიების მატება, ახალი შეღავათების დაწესება და ა.შ. ასეთი ზომები ძირითადად მმართველ „ქართულ ოცნებას“ ეხება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მდგომარეობის ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა.
უკვე დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი თავისებურებაა ამომრჩეველთა უარი სოციოლოგიურ გამოკითხვებზე, თუ ვისთვის, რომელი პარტიის სასარეგებლოდ აპირებენ ისინი ხმის მიცემას. „ენდიაი“-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ელექტორატის 57%-ს თავისი არჩევანის გამხელა არ სურს, ხოლო მათგან, ვინც ამ კითხვაზე პასუხს დათანხმდა, 19%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, 15%-მა კი – „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, „ენდიაი“-ში აღიარეს, რომ ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პროგნოზება შეუძლებელია: „ძალიან ბევრ ამომრჩეველს ჯერ-ჯერობით არჩევანი არ გაუკეთებია, ანდა ისინი თავის არჩევანს მალავენ“. სიტუაციის მყიფე ხასიათს თვითონ პოლიტიკოსებიც ხვდებიან, სწორედ ამიტომ, როგორც ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, მიმდინარე საარჩევნო კამპანია საკმაოდ აგრესიული იქნება და მოსახლეობას თავს საჯარო შეხლა-შემოხლით დაამახსოვრებს – „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის. ამ უკანასკნელს, როგორც ცნობილია, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
აქედანვე ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა რიგი სკანდალების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს. კერძოდ, აგვისტოს დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) ექს-პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის ორი ათასი ლარით დაჯარიმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ „იგი როგორც უკრაინის მოქალაქე, ქართულ კანონს არღვევს“: უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს“.
მაინც რაში გამოიხატა მიხეილ სააკაშვილის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში?
ექს-პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხმა მისცენ „ერთიან ნაცმოძრაობას“ – „ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად“. უკრაინის სახელმწიფო სისტემაში დასაქმებულმა ქართველმა მაღალჩინოსანმა პირობა დადო, რომ საქართველოში მაშინვე დაბრუნდება, როგორც კი საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებს – მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში მის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა.
გარდა ამისა, საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში ოდესის ოლქის გუბერნატორის ჩარევის ფაქტად მიიჩნევა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ ითვლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად (მას პარტიის თავმჯდომარის პოსტი უკავია), ხოლო მისი ცოლი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, მუდმივად თან დაჰყვება „ნაციონალ“ კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს და აგიტაციას ეწევა მათ სასარგებლოდ. თავის მხრივ, „ნაციონალები“ ბრალს სდებენ ხელისუფლებას, რომ „ქართული ოცნება“ ზეწოლას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე, რათა მათ „სწორი“ გადაწყვეტილება მიიღონ ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეთა წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რეზონანსულ საქმეებზე, კერძოდ, ქალაქ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. დღეს ორივე ციხეში ზის და თანამდებობრივი დანაშაულის ჩადენის გამო სასჯელს იხდიან.
„ქართული ოცნების“ პოზიციების წინააღმდეგ არის მიმართული კიდევ ერთი ფიარ-სკანდალი, რომელიც ოპოზიციურმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ინიციატივით დაიწყო. სხვათა შორის, ამ ტელეარხის მფლობელები არიან უკრაინელი ბიზნესმენები ლევან და გია ყარამანიშვილები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრებად ითვლებიან. სკანდალი აგორდა თბილისის ირგვლივ განლაგებულ სამხედრო ობიექტებზე გადამდგარი პოლკოვნიკის ტრისტან წითელაშვილის ყოფნასთან დაკავშირდებით, რომელიც „ნაციონალთა“ მმართველობის დროს „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით იყო გასამართლებული და საპყრობილედან 2013 წლის დასაწყისში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. ქართული არმიის გენშტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ „ქართული ოცნების“ მთავრობა „დანაშაულებრივ გულგრილობაში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ „მოღალატე“ ტრისტან წითელაშვილს ქვეყნის „სტრატეგიულ ობიექტებში“ შესვლის უფლება მისცა. „ამ მოღალატემ კი, ალბათ, საქართველოს მთელი საიდუმლოებანი რუსეთის სამხედრო დაზვერვას გადასცა და შესაბამისად, ამით ქვეყნის ტავდაცვისუნარიანობას უდიდესი ზიანი მიაყენა“, – განაცხადა გიგი კალანდაძემ. ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ ეს ბრალდება უარყო.
საქართველოში „აჩრდილი დადის“, აჩრდილი რუსეთისა…
ქართულ მედიასივრცეში „მეოცნებეებისა“ და „ნაციონალების“ წარმომადგენლებს შორის გაჩაღებული წინასაარჩევნო დაპირისპირება და სკანდალები იმ აზრს ადასტურებს, რომ სწორედ ეს ორი პარტია იქნება საარჩევნო ბრძოლის ძირითადი მონაწილე. „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სამთავრობო სტრუქტურებში არანაირი თანამდებობა არ უკავია, მოსახლეობას „ყველა რესურსის“ გამოყენებას პირდება, რათა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ხელისუფლების დაბრუნება არ დაუშვას.
რადგან საქართველოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის საჭიროებისათვის იურიდიული და ფიზიკური პირების შეწირულობის მოცულობას ზღუდავს, „ქართული ოცნება“ ელექტორატის ყურადღებას ამახვილებს და აქცენტი გადააქვს იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში მილიარდერის დახმარებით განხორციელდა. კერძოდ, საქმე ეხება „ცე“ ჰეპატიტის უფასო მკურნალობასა და სხვა პროგრამებს, რომლებშიც, მართალია, ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად არ ფიგურირებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მან ძირითადად მაინც საკუთარ თავზე აიღო ამ პროგრამების რეალიზებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯები. მმართველი პარტიის კიდევ ერთი არგუმენტად მიიჩნევა ის, რომ „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დარჩენილი დრო რუსეთთან მიმართებით აქტიურად გამოიყენოს. ამაში იგულისხმება მოსკოვთან დაპირისპირების შეწყვეტა, სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავება, მათ შორის ტურისტთა რაოდენობის განუხრელი ზრდა (ფაქტია, რომ რუსი ტურისტები საქართველოში ყოფნისას მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ).
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის გუნდს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის განვითარება ნაადრევია: „ნაციონალების“ აზრით, საქართველომ ჯერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე იურისდიქცია უნდა დაიბრუნოს. აქედან გამომდინარე, ისინი მკვეთრად აკრიტიკებენ მთავრობის პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ.
საშინაო პოლიტიკის შეფასებისას, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „საქართველოს განვითარება შეჩერდა, არაფერი მნიშვნელოვანი არ შენდება, ქვეყანა ჭაობში სტაბილურად ჩაიძირა“, მმართველ „ქართულ ოცნებას“ კი ეკონომიკის მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან (მათ შორის -ნატოსთან) ინტეგრაციის უნარი არ აქვს. „ჩვენ დაშვებული შეცდომები გავითვალისწინეთ და თუ ხელისუფლებაში მოვალთ, მზად ვართ საქმეს ახალი ენერგიით შევუდგეთ“, – ამ დაპირებას იძლევა ვიდეორგოლში პარლამენტის ყოფილი სპიკერი და „ნაცმოძრაობის“ პარტიული სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე. რომელი შეცდომებია ნაგულისზმევი, იგი არ აზუსტებს.
„ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, საარჩევნო ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსს კიდევ რამდენიმე პარტია ინარჩუნებს, მათ შორის „თავისუფალი დემოკრატები“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალსანია ხელმძღვანელობს, პატრიოტთა ალიანსი (ლიდერი – ჟურნალისტი ირმა ინაშვილი), ლეიბორისტული პარტია (ქართული პოლიტიკის „მხცოვანი“ წარმომადგენლის შალვა ნათელაშვილის მეთაურობით), პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ (ლიდერი – პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი) და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ (ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი).
ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ერთადერთმა ქართველი პოლიტიკურ ლიდერებიდან, გადაწყვიტა აქცენტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე კი არა, არამედ საგარეოპოლიტიკურ სიუჟეტებზე გაეკეთებინა: წინასაარჩევნო ვიდეორგოლებში იგი თანამოქალაქეებს მოუწოდებს ხმა მისცენ „საქართველოს ბლოკებსგარეშე სტატუსს“, რითაც, მისი აზრით, „რუსეთთან და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან რეალური შერიგების წინაპირობა“ იქმნება. საგარეო პოლიტიკაზე საუბრობენ აგრეთვე „თავისუფალი დემოკრატებიც“, მაგრამ ისინი, ნ.ბურჯანაძის პარტიისაგან განსხვავებით, ელექტორატს არწმუნებენ, რომ მათ ყველაზე უკეთესად და წარმატებით ძალუძთ საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში „სამართლიანობა აუცილებლად აღდგება“, ანუ წინა ხელისუფლების ლიდერები (იგულისხმებიან „ნაციონალები“) მკაცრად დაისჯებიან. მკითხველს შევახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა „ერთიანი ნაცმოძრაობისა“ და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დამარცხებაში, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების დროს. სწორედ მან გაავრცელა ჟურნალისტებს შორის გლდანის საპყრობილეში მომხდარი პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შოკისმომგვრელი ვიდეოკადრები. „ციხის ვიდეომ“ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და „ნაციონალი“ ხელისუფლების დამხობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
ლეიბორისტები“ ცდილობენ მემარცხენე ოპოზიციის ნიშა დაიკავონ. ისინი მოსახლეობას „მილიარდერთა კლუბის მიერ მითვისებული ქონების დაბრუნებას“ პირდებიან. ამ კლუბს კი, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მეთაურობს.
რაც შეეხება პარტიას „სახელმწიფო ხალხისათვის“, მისი ერთადერთ და იმავდროულად მნიშვნელოვან რესურსს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლისა და გულუხვი მეცენატის – პაატა ბურჭულაძის პირადი ავტორიტეტი წარმოადგენს. გარდა ამისა, ამ პარტიისათვის მომგებიანია ის ფაქტორიც, რომ „სახელმწიფო ხალხისათვის“ თანაბრადაა დაშორებული როგორც მიხეილ სააკაშვილისაგან, ასევე ბიძინა ივანიშვილისაგან. პაატა ბურჭულაძე აქცენტს სახელმწიფო აპარატის შემცირებასა და „ბიუროკრატიის ალაგმვაზე“ აკეთებს.
ვინ იქნება საბოლოო ჯამში ფავორიტი, ეს მხოლოდ ორთვიანი დებატებისა და აგიტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. ისე კი, ალბათ, გასათვალისწინებელია, რომ პარლამენტის 150 დეპუტატიდან პარტიული სიებით მხოლოდ მათი ნახევარი ირჩევა, მეორე ნახევარს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულები წარმოადგენენ. სხვათა შორის, მაჟორიტარი დეპუტატების დიდ რაოდენობას, პრაქტიკულად, ყოველთვის სახელისუფლო პოზიცია გააჩნდა. ასე რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნება“ „პროპორციული“ (პარტიული სიით) მცირე უპირატესობას მიიღებს, მაჟორიტარების მეშვეობით მას მაინც რჩება შანსი იმისა, რომ პარლამენტში უმრავლესობა შექმნას.
თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად საბოლოოდ ყველა კარტი აირ-დაირიოს (როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე საქართველოში). ერთ-ერთ თავის ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა თავისი მომხრეები გააფრთხილა, რომ „ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არჩევნების გზით არ დათმობს“. სამეგრელოს სოფელ კორცხელში ამას წინათ მომხდარი წინასაარჩევნო ინციდენტიც, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა სპორტსმენებმა „ნაციონალების“ მომხრეები სცემეს, იმის თავალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად ფეთქებადსაშიშია ქართველ შეურიგებელ მოწინააღმდეგეებს შორის არსებული დაპირისპირება.