„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დავით უსუფაშვილის ინიციატივა კარგი პოლიტიკური დემარშია, მაგრამ განუხორციელებელი…“ //
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფულის უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს“ // „ლაპარაკია იმაზე, მიმართულებები გავმიჯნოთ, თუ ერთიანი ძალით რაღაც ჩავიდინოთ?“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუები: „თავისუფალი დემოკრატები“ ნაბიჯ-ნაბიჯ „ნაცმოძრაობას“ ემსგავსებიან“
——
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „თავისუფალი დემოკრატები“ გორის კრიზისის შემდეგ // „ირაკლი ალასანია კენჭისყრას არსად არ აპირებდა და ეს პარტიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი”
„რეზონანსი//მთელი კვირა“: მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან // რა მოხდება, თუ იგი „ოცნებას“ მიატოვებს?
„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ორი ფაქტორი, რომელზეც „ქართული ოცნება“ დგას“ // „წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის…“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ქვეყნის საგარეო კურსი კონსტიტუციაში უნდა იყოს გაწერილი“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „დასავლეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააბრუნოს“ // „ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ მთლიანად გაემიჯნა“
„ახალი თაობა“: ქართულ პოლიტიკას უცხოური კაპიტალი შემოაკლდა
——————-
„კვირის პალიტრა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „დავით უსუფაშვილის ინიციატივა კარგი პოლიტიკური დემარშია, მაგრამ განუხორციელებელი…“ // „ ვლადიმირ პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის’
ნათია დოლიძე
ცხრა აგვისტოს მოსკოვში გამართულმა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, მათი ურთიერთობა პერმანენტულად ლაგდება, რაც გვარიან თავსატეხს უჩენს როგორც დასავლეთს, ასევე რეგიონის ქვეყნებს. ერდოღანმა პუტინს სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებისთვის გამოხატული თანადგომისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და მას რამდენჯერმე “ძვირფასი მეგობარი” უწოდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეხვედრისას მიღებულ “გარკვეულ გადაწყვეტილებებს” უფრო მეტი კონკრეტულობა შესძინა და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა რუსეთ-თურქეთის ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებს სტრატეგიული საინვესტიციო სტატუსი მიანიჭოს. ამ პროცესებამდე კარგა ხნით ადრეც ამბობდნენ, რომ პუტინი და ერდოღანი ხასიათით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივეს მმართველობის სტილი ავტორიტარულია. ახლა ისე ჩანს, რომ ისინი შესაძლოა დასავლეთის სიძულვილმაც გააერთიანოს. ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ თურქეთმა შეიძლება ნატოც კი დატოვოს. რამდენად შესაძლებელია მოვლენათა ასეთი განვითარება და რა შეიძლება შესთავაზოს რუსეთმა თურქეთს ევროკავშირსა და ნატოზე მეტი? – სწორედ ამ საკითხებზე საუბრით დავიწყეთ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ:
- ამგვარი სცენარით პროცესების განვითარება ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. თურქეთი ხომ დასავლეთის უბრალო პარტნიორი არ არის, ის ნატოს წევრია და ალიანსისგან ძალიან ბევრ დივიდენდს იღებს. ერთი ხელის მოსმით ამაზე უარის თქმა სრულიად წარმოუდგენელი მგონია, მით უფრო, რომ შეუძლებელია, თურქეთმა რუსეთისგან ნატოს მხარდაჭერაზე მეტი რამ მიიღოს. საერთოდაც, თურქეთისა და რუსეთის გრძელვადიანი პერსპექტივით სტრატეგიული პარტნიორობა არარეალური მგონია, იმდენი წინააღმდეგობა არსებობს მათ შორის, იმდენ რეგიონში იკვეთება მათი ინტერესები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში. მათ შეიძლება რაღაცაზე ხანმოკლე პერსპექტივითა და ტაქტიკურად მოილაპარაკონ, მაგრამ დანარჩენი ძალიან მეეჭვება. დღეს თურქეთი მეტ-ნაკლები წარმატებით ვაჭრობს ყველასთან. მაგალითად, ის დასავლეთს ბოლო დროს იმით აშანტაჟებს, რომ მის ტერიტორიაზე მყოფ ორ მილიონ-ნახევარ დევნილს გზას ევროპისკენ გაუხსნის. ახლა დაიწყო დასავლეთის შანტაჟი იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს პროექტის “სამხრეთის ნაკადის” რუსეთთან ერთად ამუშავებას. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვიღაცები უკვე თურქეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრებაზე ლაპარაკობენ. ერდოღანი საერთოდ ცნობილია როგორც პიარის კარგი სპეციალისტი. ეს მისი თანდაყოლილი ნიჭია, ერთი ჩვენთვის კარგად ცნობილი კაცის მსგავსად… ახლა ის სარფიანი ვაჭრობისთვის ორმაგ პიარს ეწევა. თურქეთს აქვს უთანხმოება ლამის ყველა მეზობელთან – არაბულ სამყაროსთან, ირანთან, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთთანაც კონფრონტაციის რეჟიმში იყო, ამჟამად კი დასავლეთს უპირისპირდება… ამგვარი მანევრებით ცდილობს, როგორმე მიიღოს, რაც შეიძლება მეტი დივიდენდი. ძნელია იმის თქმა, რამდენად შორს წავა თურქეთი რუსეთთან ურთიერთობაში. ვიმეორებ, მეეჭვება, რომ ეს სტრატეგიულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს.
- ჩვენ გვახსოვს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ პუტინის მუქარა, რომ თურქეთს ამას არ აპატიებდა, თუმცა ეს საკმაოდ ადვილად დაივიწყა...
- ესეც პოლიტიკური თამაშის ნაწილია. ჩვენ გვახსოვს, რომ მაგ ინციდენტამდე ამ ორ ქვეყანას გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა, ძალიან ბევრ საკითხში თანამშრომლობდნენ. რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელია ერთი პოსტულატი – მოახერხოს და რაც შეიძლება შეავიწროოს დასავლეთი. ბუნებრივია, კრემლი მიიჩნევს, რომ ნატოს ერთ-ერთ არცთუ სუსტ წევრთან ამგვარი ურთიერთობა მისთვის მომგებიანია. ფიქრობენ, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობით მნიშვნელოვნად ავიწროებენ ნატოს, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი გეგმავს შავი ზღვის ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის გაფართოებას, რაც ძალიან აშფოთებს კრემლს. პუტინი თურქეთთან ამ პრინციპით თამაშობს: რაც ცუდია დასავლეთისთვის, ის კარგია რუსეთისთვის.
- მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები?
- ჩვენ კარგა ხნის განმავლობაში ვხედავდით საკმაოდ კარგ ურთიერთობას რუსეთსა და თურქეთს შორის, ამით სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, არც დადებითად და არც უარყოფითად, არაფერი დასტყობიათ…
- თუმცა ეს უფრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო და არა პოლიტიკური პარტნიორობა…
- დიდწილად კი, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისითაც ხშირად პოულობდნენ საკითხებს, რაზეც ახერხებდნენ შეთანხმებას, თუმცა თავშივე აღვნიშნე, რომ მე ვერ წარმომიდგენია ამ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა. არის კიდევ ერთი საკითხი: ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, ორიენტირებულია კარნახზე ვაშინგტონიდან ან ბრიუსელიდან. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ინიციატივიანი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით რეგიონული მიმართულებით. ჩვენი რეგიონული პოლიტიკა არ არის მკაფიო და არა გვაქვს ლიდერის პრეტენზია. როდესაც მუდმივად შენი პარტნიორისკენ იყურები და თვითონ არ იჩენ ინიციატივას, ძნელია, სათანადოდ ჩაერთო მიმდინარე პროცესებში. რაც შეეხება ზოგადად კავკასიას, ვნახეთ, რომ აზერბაიჯანმა უკვე გამოიყენა შექმნილი ვითარება სათავისოდ და ირანსა და რუსეთთან ერთად მიიღო მონაწილეობა იმ კონსორციუმის შექმნაში, რომელსაც ჰქვია: “სარკინიგზო მაგისტრალი პეტერბურგიდან მუმბაიმდე”. ახლა ვხვდები, რატომ იყო აზერბაიჯანი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის წინააღმდეგი, ზუსტად იმიტომ, რომ ეს გზა ზემოთ ხსენებული პროექტის ალტერნატივად განიხილებოდა, ანუ საქართველოსა და სომხეთის გავლით დაუკავშირდებოდა ირანს რუსეთი.
- არსებობს მოსაზრება, რომ თუ თურქეთმა დასავლეთთან კონფრონტაციული პოლიტიკა არ შეცვალა, შესაძლოა, დასავლეთი მეტად გააქტიურდეს საქართველოს მიმართულებით...
- ძალიან მეეჭვება – დასავლეთისთვის საქართველო თურქეთს ვერ შეცვლის. თუ თურქეთი არ გადაიქცევა ისლამისტურ სახელმწიფოდ, მისი ჩანაცვლება სხვა ქვეყნით არ მოხდება. აშშ ყველაფერს გააკეთებს თურქეთის გონზე მოსაყვანად. თურქეთს აქვს ისლამურ სამყაროში ლიდერობის ამბიცია და მის ამ ამბიციას ზურგს სწორედ ნატო უმაგრებს. ნატოს გარეშე თურქეთს მომენტალურად გადაუვლის ენერგეტიკული რესურსებით მდიდარი ირანი, რომელსაც არანაკლები ამბიცია აქვს, იყოს ისლამური სამყაროს ლიდერი,
აღარაფერს ვამბობ არაბულ სამყაროზე. თურქეთი ბევრს თამაშობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ნატოსკენ მიბრუნდება.
- რამდენად რეალურია, რომ შეიქმნას რუსეთ-თურქეთ-ირანის კოალიცია?
- ასეთი ალიანსი თუ შეიქმნა, ეს იქნება თემატური და ხანმოკლე. ძალიან წინააღმდეგობრივია თურქეთისა და ირანის ერთმანეთთან დამოკიდებულება. ირანმა თუ მოინდომა, შეუძლია ძალიან მარტივად ჩაყლაპოს თურქეთის ეკონომიკური სივრცე. აქ მოკავშირედ თურქეთს რუსეთი არ გამოადგება, მისი მოკავშირე მხოლოდ დასავლეთია. ზოგადად, რუსეთს ახასიათებს, რომ თავისი პარტნიორები ერთმანეთს მიუსიოს…
- მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფრონტაციის ზრდას. ვიცით, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთმა შეიარაღება შეიტანა, ასევე საჯარისო ფორმირებებია მობილიზებული უკრაინისა და ბალტიისპირეთის ტერიტორიების ახლოს. ევროპული მედია “ახალი ოლიმპიური ომის” საფრთხეზე წერს…
- რასაკვირველია, არსებობს იმის საფრთხე, რომ კონფრონტაციის უფრო დიდი კერა გაჩნდეს. რუსეთმა უკრაინას შეუტიოს როგორც ყირიმის ნახევარკუნძულიდან, ასევე როსტოვის ოლქიდან, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ჯერჯერობით ეს უფრო იარაღის ჟღარუნი და კუნთების თამაშია. რუსეთი მოქმედებს პრინციპით – რადგან გაუვიდა ერთხელ, ბოლომდე უნდა მიაწვეს. ჩემი აზრით, კრემლისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია უკრაინასთან ომი, მით უფრო, ეს არ სჭირდება უკრაინას, რომელიც დასავლეთისგან ვერ გრძნობს სათანადო მხარდაჭერას. დღეს რუსეთისთვის მომგებიანი ვითარება იქმნება, რადგან დასავლეთში ერთი პირი არ არსებობს. დასავლეთი ვერ ახერხებს რუსეთის სერიოზულად შევიწროებას, უფრო სწორად, არ აკეთებს ამას. ნამდვილად რომ უნდოდეს მისი შევიწროება, სხვანაირად მოიქცეოდა. მაგალითად, გაუყინავდა ანგარიშებს რუს ოლიგარქებს, რომელთა ფინანსურ სიძლიერეზეც დგას ეს ქვეყანა დიდწილად, მათი ფული კი, ევროპულ ბანკებში ინახება. ასევე შეეძლოთ, გაეთიშათ საბანკო სისტემა. მართალია, ამით თვითონაც იზარალებდნენ, მაგრამ რუსეთი საერთოდ წელში გაწყდებოდა. მოკლედ, უკრაინაში ძალიან რთული ვითარებაა და ომამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმას არ გარისკავს რუსეთი, ჯერჯერობით მაინც.
- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობის თაობაზე...
- ეს ძალიან სახიფათო თემაა. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ქვეყნის დასავლურ კურსს უჭერს მხარს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა არა მგონია რაიმე კონკრეტული, დადებითი შედეგის მომტანი იყოს. ყველა მოქმედებას თავისი მიზეზი აქვს. ვერ ვხვდები, ამ ეტაპზე ეს რას მოიტანს, მაშინ, როდესაც დასავლეთი, ნატო მუდმივად გვიყენებენ გარკვეულ მოთხოვნებს, მაგრამ სანაცვლოდ, ჯერჯერობით, რეალურს ვერაფერს გვთავაზობს. ჩვენც პრაგმატულად უნდა მივიღოთ შექმნილი ვითარება, თუ ვაჭრობაა, ვაჭრობა იყოს.
ზოგი პოლიტიკოსი იტყვის, რომ არანაირი სამხედრო ბლოკი არ გვინდა, სხვა საპირისპიროს დაამტკიცებს, მაგრამ ეს ყველაფერი კონსტიტუციაში არ უნდა იწერებოდეს. ჩვენ მანევრისთვის სივრცე უნდა გვქონდეს. კონსტიტუციაში თუ ჩავწერეთ, რა შეიცვლება ამით? – დასავლეთს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ ამ გზის ერთგული ვართ? არადა, ეს ხომ არაერთგზის ვაჩვენეთ უკვე. უსუფაშვილის ინიციატივა, კარგი პოლიტიკური დემარშია, მაგრამ განუხორციელებელი… ამან შეიძლება მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება გამოიწვიოს. ნუ შევასკდებით კედელს პირდაპირ, სჯობს პოლიტიკურ მანევრირებაში უკეთესად გავიწაფოთ.
- მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები დიდწილად უკვე დაასახელა. ბევრმა მათგანმა კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა, რისი მიზეზიც თავის დროზე მათი “ნაციონალურ მოძრაობასთნ” თანამშრომლობაა…
- ღიად ვამბობ, ჩემი ადგილი არ მოინახა “ქართული ოცნების” მაჟორიტარულ კორპუსში, სადაც ის ხალხი აღმოჩნდა, ვისაც მე ვებრძოდი. ცივი გონებით თუ ვილაპარაკებთ, ამასაც აქვს ახსნა, განსაკუთრებით მაჟორიტარების შემთხვევაში, რომელთა უმრავლესობა ბიზნესმენები არიან. მათთვის აბსოლუტურად სულერთია, რომელ პარტიაში იქნებიან, მთავარია, საკუთარი ბიზნესის დაცვა მოახერხონ. ვიცი, რომ ზოგიერთ ბიზნესმენს მოუწოდეს კიდეც მონაწილეობისკენ, რადგან ეს ხალხი საკუთარ საარჩევნო კამპანიას თვითონ აფინანსებს. შესაბამისად, ბევრად იაფი უჯდება მმართველ პარტიას წინასაარჩევნო კამპანია. თავის რიგებში რომ არ გაეწევრებინა ეს ხალხი, შესაძლოა, სხვა პარტიის რიგებში აღმოჩენილიყვნენ, არადა, გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის ამომრჩევლებიც და აქტივისტებიც ზოგიერთი მათგანის “ქართულ ოცნებაში” გადაბარგებით უკმაყოფილოა.
- სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო ისევ გრძელდება, გასულ კვირას პარლამენტარებმა, გედევან ფოფხაძემ და ეკა ბესელიამ, ღია წერილი გამოაქვეყნეს, რომლის ადრესატი, ქართველ საზოგადოებასთან ერთად, დიპლომატიური კორპუსიც იყო და მასში ლაპარაკია საკონსტიტუციო სასამართლოზე “ნაციონალური მოძრაობის” გავლენებზე…
- ამ წერილზე ვერაფერს გეტყვით პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, თუმცა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, ეს ჩემთვის სრულიად მისაღებია, მით უფრო, რომ გაცილებით მეტი რამ ვიცი პაპუაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რიგი მოსამართლეების საქმიანობასა და იმაზე, ეს ხალხი რა ზედმიწევნით ასრულებდა “ნაციონალური მოძრაობის” დავალებებს.
- “ნაციონალური მოძრაობა” ბოლო დროს გამუდმებით ამბობს, რომ მათ აქტივისტებზე ზეწოლაა, ვნახეთ ინციდენტი გორში, ბადრი ბასიშვილის თქმით…
- (მაწყვეტინებს) ბადრი ბასიშვილის განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო?! “ნაციონალების” მმართველობისას ბადრი ბასიშვილი იყო “ზონდერების” ხელმძღვანელი და გორის რაიონში რაც კი ზეწოლა და უბედურება ტრიალებდა, მაგის ხელით კეთდებოდა. ახლა როგორ იღებს ხმას, არ ვიცი! ან ვინ დაუჯერებს მაგას?! ერთი რამ შემიძლია ვთქვა, თუ ასეთი რამ ხდება, ცუდია. ეს უნდა გამოიძიონ და ყველაფერი გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად, ოღონდ ბასიშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” არ უნდა ლაპარაკობდნენ ვინმეს შევიწროებაზე. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გორის ოფისში შევარდნასა და მინების დალეწვას, რა ვთქვა, აბა, ერთი ძმა შეუვარდა მეორეს, იმიტომ, რომ არ უნდა თურმე, მისმა ძმამ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იყაროს კენჭი, ანუ გოგლიძე შეუვარდა გოგლიძეს.. კომიკური უფროა ეს ყველაფერი…
- როგორც ჩანს, გორი დიდი საარჩევნო დაპირისპირების ცენტრად იქცევა. მოგეხსენებათ ორი ექსთავდაცვის მინისტრი იყრის იქ კენჭს. როგორია, თქვენი აზრით, ალასანიასა და ოქრუაშვილის შანსები?
- ორივე მძიმეწონიანი პოლიტიკოსია, გორში დაძაბული ბრძოლა იქნება. უფრო მნიშვნელოვანი კი, ის არის, რომ გორი ძალიან მისახედია! ამ ქალაქს ყურადღება დააკლდა, წინა წლებზე აღარაფერს ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის გახსენებაც საკმარისია. ეს გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ ქალაქის მაჟორიტარობას აპირებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციის ხელმძღვანელმა ბუნებრივი აირის “ლევი” მილი გაიყვანა თავის პურის ქარხანაში და “სოკარის” გაზს ქაჩავდა. წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონი შეჭამა? გარდა ამისა, გაუთავებლად ლაპარაკობენ პოლიციის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იქით იარაღით ვაჭრობენ. ეს ყველაფერი მისახედია!
- 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილიც დატოვა, სადაც ის კონკრეტულ პოლიციელს ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს…
- ძალიან ვწუხვარ ამ ტრაგედიის გამო, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ამბავია და იმ წერილის ყველა სიტყვის მჯერა. პოლიციელი სამსახურიდან წავიდაო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეს საქმე საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უმკაცრესად დასაჯონ. ბევრ პოლიციელს რომ შერჩა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას თუ მას მერე ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ბედავენ ამდენს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, სასწრაფოდ ჩაატაროს ყველა თანამშრომლის ტესტირება და გამოიკვლიოს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები.
„კვირის პალიტრა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფულის უკან დაბრუნების შანსი არ არსებობს“ // „ლაპარაკია იმაზე, მიმართულებები გავმიჯნოთ, თუ ერთიანი ძალით რაღაც ჩავიდინოთ?“
ეკა ასათიანი
რა პროცესები მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაში” და რატომ შეიძლება ვეღარ აღმოჩნდეს შოთა მალაშხია “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში? “კვირის პალიტრას” შოთა მალაშხია ესაუბრა:
- წინასაარჩევნოდ ყველა პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და ამომრჩეველიც იბნევა… კარგი იქნებოდა, ერთი პოლიტიკური ძალიდან სხვა პოლიტიკურ ძალაში გადასვლა-გადმოსვლები ანგარების მიზნით არ ხდებოდეს და პოლიტიკური სპექტრის უკეთ ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს. როცა ყოფილ სახელისუფლებო ბლოკში შემავალ პარტიებს ტოვებენ მათი წევრები და “ქართულ ოცნებაში” გადადიან, აშკარად ჩანს, რომ მათ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი აქვთ და ოპოზიციაში ყოფნა არ მოსწონთ.
ხალხს ყველაფერი მოჰბეზრდა, უფრო საქმიანი ადამიანების ნახვა უნდა, რომელიც უბრალოდ კი არ ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არამედ კონკრეტულ გეგმასაც შესთავაზებს.
- და ასეთი პოლიტიკური ძალა თუ არსებობს დღეს საქართველოში?
- ასეთი ჩვენი პარტიაა – ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას აქვს თავისი პროგრამა…
- “ნაცმოძრაობა” რატომ დატოვეთ?
- ბევრს ჰგონია, რომ დავტოვე, რაც არასწორია, რადგან “ნაცმოძრაობის” წევრი არც არასდროს ვყოფილვარ…
- დიახ, გვახსოვს, წლების წინ ზურაბ ჟვანიას გუნდმა თქვენი პარტიის სახელით ისარგებლა და “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიაში ამის გამო მოხვდით, მას შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” სიაში ყოველთვის მოიძებნა თქვენთვის ადგილი…
- დიახ, ასე იყო. საერთოდ, როცა არჩევნები გამოცხადდება, ბლოკში შემავალმა პარტიებმა ცალ-ცალკე უნდა გაიარონ რეგისტრაცია… ამდენად, მეც გავიარე რეგისტრაცია და “ნაციონალურმა მოძრაობამაც”. აქედან გამომდინარე, ვარ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი და მაქვს უამრავი ბენეფიტი – ცესკოში დამკვირვებლის დანიშვნა შემიძლია (ხელფასიანის), საარჩევნო დროის ყიდვა ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში, მაქვს უფასო სარეკლამო დროც. უახლოეს მომავალში გადაწყდება, კონსერვატიული პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბლოკში იქნება თუ არა.
- კულუარულად უკვე ითქვა, რომ თქვენ ვეღარ მოხვდებით “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში. უარყოფთ?
- “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება არავისთან მაქვს, იქ ჩემი მეგობრები არიან. უბრალოდ, როცა ვლაპარაკობ როგორც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე და არა როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, იურიდიულად უფრო მართალი ვარ. ვერ ვილაპარაკებ “ნაცმოძრაობის” სახელით, თუმცა მათ ყველაფერს ვიზიარებ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა იმ თანხების დაბრუნება მოგთხოვეს, რომელიც მათთან ბლოკში ყოფნის გამო მიიღეთ…
- ამ ფულის უკან დაბრუნების შანსი თეორიულადაც კი არ არსებობს და ამას ვერავინ მომთხოვდა. ბლოკში თუ ერთად ვიქნებით, ეს ფული საერთო საარჩევნო კამპანიის წარმოების მიზნით დაიხარჯება. კონსერვატიული პარტია ცალკე თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მასაც ხომ დასჭირდება საარჩევნო კლიპი, საეთერო დრო და ა.შ.? ამისთვის განკუთვნილი ფული რომ სხვა პოლიტიკურ ძალას მივცე, ეს უკვე კრიმინალია…
- შიდა მოლაპარაკებების დონეზე მაინც არ იცით, არჩევნებში “ნაციონალებთან” ერთად (ერთიანი ბლოკით) წარდგებით თუ არა?
- ერთმანეთთან არავითარი პრობლემა არა გვაქვს, მაგრამ საკითხი დგას ასე: მე ვარ ქრისტიან-კონსერვატიული მიმდინარეობის პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” არის ცენტრისტული მემარჯვენე ძალა. ახლა ლაპარაკია ამაზე, ეს მიმართულებები გავმიჯნოთ, თუ ერთიანი ძალით რაღაც მოქმედებები ჩავიდინოთ? გამორიცხული არ არის, რომ ქრისტიან-კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში ცალკე მიიღოს მონაწილეობა.
- თუ ცალკე მიიღებთ მონაწილეობას, რა შანსი გაქვთ? “ნაცმოძრაობასთან” შედარებით, რა უპირატესობა ან განსხვავება გაქვთ?
- ასე ვერ დაგიზუსტებთ, თუმცა ჩემს პროგრამაზე გეტყვით… ქრისტიან-კონსერვატიული პარტია არის საშუალო ფენაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დეცენტრალიზებული, უნიტარული. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს და ასევე იმას, თუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენდა სასარგებლოდ საერთაშორისო სასამართლოები… ამიტომ, შანსი ნამდვილად გვაქვს.
- კულუარული ინფორმაციით, გიგა ბოკერია წინააღმდეგია, რომ თქვენ “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში ისევ მოხვდეთ…
- ეს არ შეესაბამება სიმართლეს. დაელოდეთ ორი კვირის გასვლას, 26 აგვისტოს ბლოკების რეგისტრაციაც დასრულდება და ყველაფერი გაირკვევა.
„კვირის პალიტრა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუები: „თავისუფალი დემოკრატები“ ნაბიჯ-ნაბიჯ „ნაცმოძრაობას“ ემსგავსებიან“
რუსულად შელია
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური მიგრაცია სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის – ამჯერად “თავისუფალი დემოკრატები” გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით წეწვაძესთან ერთად დატოვა – გუნდზე უარი თქვა ხაშურის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ცხადიაშვილმაც. “კვირის პალიტრას” თამაზ შიოშვილი ესაუბრა:
„თუ სადმე დავსაქმდი, ეს ვინმესთვის პრობლემაა?!”
- “თავისუფალი დემოკრატებიდან” წამოსვლის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა გადაწყვეტილება როგორც ჩემთვის, ისე ირაკლი ალასანიასთვის მტკივნეული აღმოჩნდა. მართალია, მათთან მრავალწლიანი მეგობრობა მაკავშირებს, თუმცა მეგობრობა არ ნიშნავს პოლიტიკაშიც ერთად ყოფნას. ზოგიერთი საკითხი მე სხვაგვარად მესმის…
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ” შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ დაწინაურება შემოგთავაზათ და პარტიიდან თქვენი წასვლის რეალური მიზეზიც ეს გახდა...
- “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებები არ მქონია. არავინ იცის, რა იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ, 40 წლის ვარ და აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობ, თუ სადმე დავსაქმდი, ეს ვინმესთვის პრობლემას უნდა წარმოადგენდეს?! ოჯახის წევრებს შიმშილით ნამდვილად ვერ დავხოცავ. არც ერთი წამით ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ, პირიქით, დარწმუნებული ვარ, პარტიის დატოვება ყველაზე დროული და სწორი ნაბიჯი გახლდათ.
- თქვენ ნაცვლად “თავისუფალი დემოკრატებიდან” გორში კენჭს ირაკლი ალასანია იყრის, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი დამარცხებას წინასწარ უსამძიმრებს. ფიქრობთ, თქვენი ყოფილი ლიდერი გორში გაიმარჯვებს?
- ვფიქრობ, ალასანიამ გორში მაჟორიტარად საკუთარი თავის დასახელებით საკმაოდ გარისკა. ამ რეგიონში განსხვავებული ამომრჩეველია, ნაწილი პრორუსულადაც კი არის განწყობილი, ამიტომ პროგნოზზე საუბარი გამიჭირდება. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის გუშინდელი დღეა, რომელსაც გორის მოსახლეობა არ დააბრუნებს.
———-
„ვერ გაარკვიეს, რა სურთ“
გორში “თავისუფალი დემოკრატების” შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დავით წეწვაძე ყოფილი თანაგუნდელების “ნაცმოძრაობასთან” კავშირზე მიანიშნებს:
- “ქართულ ოცნებასთან” ერთად 2012 წლიდან ვიბრძვი, ჩვენ ერთად ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც უფრო ომს ჰგავდა, დღეს კი “თავისუფალი დემოკრატების” კონკრეტული მიმართულება და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად გაუგებარია – ისეთ საკითხებზე აპელირებენ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ “ნაცმოძრაობას” ემსგავსებიან,
“ნაცმოძრაობასთან” ბრძოლას კი ჩემი და ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა ეწირებოდა, ამიტომ მათთან დგომა ჩემთვის და კიდევ არაერთისთვის წარმოუდგენელი გახდა.
- რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ “თავისუფალი დემოკრატები” “ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს მიჰყვებიან?
- საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების, უგულავასა და “რუსთავი 2″-ის საქმეების შეფასებისას “თავისუფალი დემოკრატები” “ნაცმოძრაობის” განცხადებებს იმეორებდნენ. თავის დროზე, დავდექი გუნდთან, რომელმაც იცოდა, რა უნდა ეკეთებინა, დღეს კი “თავისუფალმა დემოკრატებმა” ვერ გაარკვიეს, რა სურთ და რას აკეთებენ. ვფიქრობ, პარტიაში პრობლემები მომავალშიც გამოიკვეთება. ვერ გეტყვით, თბილისში რა რესურსი აქვთ, თუმცა რეგიონებში პარტიას საკმაოდ ბევრი პრობლემა დაუგროვდა. ვითარების გამოსასწორებლად კი ყველა რაიონში ირაკლი ალასანია საკუთარ კანდიდატურას ვერ წამოაყენებს. მეტიც, ვფიქრობ, გორში მმართველი გუნდის კანდიდატურა გაიმარჯვებს, ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ოქრუაშვილს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ.
————-
„ეს გადაწყვეტილება პარტიისთვის სიურპრიზი იყო“
პარტიიდან აქტივისტების გადინებას “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი, მმართველ გუნდს უკავშირებს:
- მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს, წინასაარჩევნოდ ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატები და ადგილობრივი აქტივისტები გადაიბიროს. სამწუხაროა, რომ ჩვენი უკვე ყოფილი თანაგუნდელები ცდუნებასა და ზეწოლას ვერ უძლებენ. თამაზ შიოშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის მართლაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპებზე ჩვენ გვერდით იდგა, მეტიც, ცოტა ხნის წინ პარტიის ყრილობაზე გულანთებული მიმართავდა თანაგუნდელებს. როგორც ჩანს, კონკრეტულ შეთავაზებასა და ცდუნებას დაჰყაბულდა – როგორც ამბობენ, მას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტი შესთავაზეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, გაღიმებულიც დატოვონ. მან წასვლით ხმაური გამოიწვია და პარტიისთვის ზიანის მიყენებასაც შეეცადა, თუმცა მათი უღირსი საქციელი ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების საპირწონედ ნამდვილად არ გამოდგება.
- თქვენი ყოფილი თანაგუნდელები “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში გდებენ ბრალს...
- “ნაციონალურ მოძრაობასთან” შესაძლო კავშირზე საუბარი ღიმილის მომგვრელია. როგორც ჩანს, მსგავსი განცხადებების გახმოვანება “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობისთვის აუცილებელია. ამ შემთხვევაში ინტელექტის სიმწირესთან გვაქვს საქმე, მათ ღირსებას რომ თავი დავანებოთ. მაინტერესებს, შიოშვილმა რა ახალი გარემოება აღმოაჩინა 16 ივნისის პარტიის ყრილობის შემდეგ? თუ მაშინ ყველას ერთად ბრძოლისკენ მოგვიწოდებდა, ორ კვირაში რა გამოიკვეთა?! მეტიც, წინა დღეებში გამგეობის სხდომებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებაზეც ერთად ვიყავით. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებამ გორში არჩევნებს სერიოზული დამატებითი პოლიტიკური ელფერი შესძინა, ვფიქრობ, დღეს სხვა პარტიების შანსი ნულამდეა დაყვანილი. ჩვენ პირველ რაუნდშივე გავიმარჯვებთ!
- ირაკლი ოქრუაშვილი “თავისუფალ დემოკრატებს” დამარცხებას უწინასწარმეტყველებს...
- ირაკლი ალასანიას გორში წარდგენით პარტიებს მძიმე დღე გაუთენდათ – სხვა კანდიდატების მზე ჩაესვენა, გორში ირაკლი ალასანია ყველაზე მძიმეწონიანი კანდიდატია. არ გამოვრიცხავ, რომ ოქრუაშვილისა და მმართველი გუნდის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და დღეს პრინციპით – “ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია” – ერთადაც მოქმედებენ, თუმცა ოქრუაშვილი უკვე წარსულია, “ქართული ოცნება” კი, წარუმატებელი. მათ ძალების გაერთიანების შემთხვევაშიც, პოლიტიკური რესურსი არ გააჩნიათ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „თავისუფალი დემოკრატები“ გორის კრიზისის შემდეგ // „ირაკლი ალასანია კენჭისყრას არსად არ აპირებდა და ეს პარტიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი”
სალომე სარიშვილი
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის თქმით, გორში განვითარებულმა მოვლენებმა პარტიის გეგმები რადიკალურად შეცვალა, რადგან გუნდის ლიდერი მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არათუ ამ რაიონში, არამედ საერთოდ არ გეგმავდა.
რაც შეეხება მის ერთ-ერთ კონკურენტსა და ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, პარტიაში მიიჩნევენ, რომ იგი ალასანიას კონკურენციას ვერ გაუწევს და ამიტომ ბრძოლას მაინც მმართველ პარტიასთან აპირებენ.
რა მოხდა რეალურად გორში, რატომ დატოვა “თავისუფალი დემოკრატები” გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა და როგორ აპირებს ბრძოლას პარტია არჩევნებში? – ამ თემაზე “მთელი კვირა” ზურა აბაშიძეს ესაუბრა.
- რამდენიმე დღის წინ გორში “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატმა თამაზ შიოშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამასთან, ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა პარტია საერთოდ დატოვეს. თქვენ რას უკავშირებთ მოვლენების ამგვარად განვითარებას და რამდენად შეცვალა ამ ფაქტმა პარტიის გეგმები?
- ამ შემთხვევაში პარტიიის მხრიდან მოხდა ის, რომ არაორდინალური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვგულისხმობ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას, რომელიც მაჟორიტარობას არ აპირებდა და სხვა გეგმები ჰქონდა. მას სურდა წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მიეღო და მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას შეხვედროდა, ახლა კი მობილიზება სხვანაირად მოუწევს და ამან რეალურად, გეგმები შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შიოშვილის გადაწყვეტილება სასიხარულო არავისთვის არ ყოფილა, პირდაპირ გეტყვით, რომ მის აზრს პატივს ვცემთ, რადგან ადამინაურად გვესმის მისი. ვერავის დააძალებ იმის გაკეთებას, რაც არ სურს. ალბათ მანაც ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო.
თუმცა ჩვენ ვაგძელებთ ურთიერთობას, რადგან 4 წელი ერთ პარტიაში ვიბრძოდით. ბუნებრივია, ახლა მთელი პარტია დავდგებით ერთად, რომ არა მხოლოდ გორში, არამედ მთელ შიდა ქართლში მივიღოთ ის შედეგი, რასაც “თავისფალი დემოკატები” იმსახურებენ და შესაბამისად, ბრძოლა იქნება ბოლომდე.
- თქვით, რომ არაორდინალური გადაწყვეტილება გორში ირაკლია ალასანიას კანდიდატურის დაყენებას უკავშირდება. მანამდე მისი მაჟორიტარობა გეგმაში იყო?
ზ.ა.: ირაკლი ალასანია კენჭისყრას არსად არ აპირებდა და ეს პარტიას მტიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც ჩანს, პოლიტიკაშიც მუშაობს გამონათქვამი: არასოდეს თქვა არასოდესო, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, რადგან ირაკლის კანდიდაობა მაინც მოუწია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გორელებისთვის, არამედ ზოგადად შიდა ქართლისთვის, სადაც ამომრჩევლის მაღალი აქტივობაა. ეს არც ლატარიაა და არც კაზინო, აქ ყველაფერი შრომაზეა დამოკიდებული.
- რაც შეეხება მის ერთ-ერთ კონკურენტს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია მათ შორის კონკურენცია და ვის მიიჩნევთ თქვენი ლიდერის მთავარ მეტოქედ?
- მაშინათვე, როგორც კი ირაკლიმ თქვა, რომ კენჭს იყრიდა, ოქრუაშვილიც გამოჩნდა. ალბათ მანამდე არ ჰქონდა გადაწყვეტილი და ალასანიას კანდიდატობა გამოწვევად მიიღო. ვუყურებ თავად ოქრუაშვილის ფენომენს და ვერ გამიგია, ალასანიას კონკურენცია როგორ უნდა გაუწიოს. თუ კონკურენცია იქნება, ესაა ის პრობლემები და მისი გადაწყვეტა, რაც მთლიანად შიდა ქართლს აღელვებს. ჩვენს მთავარ ოპონენტად მაინც “ქართული ოცნება” რჩება, ამიტომ ჩვენ ყველგან მათ დასამარცხებად ვიბრძოლებთ.
- სარჩევნო გარემოს როგორ აფასებთ, ბევრ პარტიაში ამბობენ, რომ მმართველი ძალა მათი თანაგუნდელებისა თუ მხარდამჭერების გადაბირებას ცდილობს.
- ეს პროცესი გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ესაა მემკვიდრეობა, რომელიც ამ ხელისუფლებამ მისი წინამორბედისგან მიიღო და წარმატებით აგრძელებს. ჩვენი მხარდამჭერების გადაბირება თავიდან უფრო დაიწყო, როცა ოპოზიციაში წავედით, ახლა ასეთ ფაქტებს ნაკლებად ვაწყდებით. ალბათ ის ადამიანებიც კარგად გახსოვთ, რომლებიც ოპოზიციაში არ გამოგვყნენ და მმართველ ძალაში დარჩენა არჩიეს.
არჩევნების მთავარი არსი ღირებულებებზეა, რომელიც პარტიას ან გააჩნია და ან – არა. ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა და ამისთვის ერთად ვიბრძვით. საბოლოო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მთავარ პრობლემად მაინც იმ დაუზუსტებელ სიებს მივიჩნევთ, რომელიც ჯერ კიდევ არაა დალაგებული. ვგულისხმობ, მოქალაქეთა რაოდენობას, რომელთა აღრიცხვას საშველი არ დაადგა. ზოგი გარდაცვლილია, ვიღაცა სრულწლოვანი გახდა, მაგრამ სარჩევნო ხმის უფლება ისევ არ აქვს. განახლების პროცესი ძალიან ცუდად მიდის, ამიტომ ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემას მცირედით მაინც გავუმკლავდეთ.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან
რა მოხდება, თუ იგი „ოცნებას“ მიატოვებს?
ეკატერინე ბასილაია
ეყოლება თუ არა “ქართულ ოცნებას” მთავარ სახედ, იმედად და მეხამრიდად ბიძინა ივანიშვილი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, თუ ექს-პრემიერი პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს ისე, რომ 2017 წლიდან “ოცნებას” მასთან რჩევებისა და კონსულტაციების გარეშე მოუწევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა” დავით უსუფაშვილმა საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ივანიშვილი ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლას აპირებს და “ოცნება” მის გარეშე დარჩება.
დაანებებს თუ არა თავს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ივანიშვილი პოლიტიკას თავს, ამაზე თავად ივანიშვილს საჯაროდ არაფერი უთქვამს, თუმცა მმართველ პარტიაში მის გარეშე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება ვერ წარმოუდგენიათ. პარტიაში იმედი აქვთ, სექტემბერში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ივანიშვილი მათ გვერდით აუცილებლად გამოჩნდება და ეს მათ პარლამენტში მოხვედრის შანსს ერთიორად გაუზრდის.
“ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” აქტიურად დაუჭერს მხარს. ყველა რეგიონში იქნება შეხვედრები, სადაც ივანიშვილი იქნება ჩართული. ის “ქართული ოცნების” დამფუძნებელია. პარტია და ეს მოძრაობაც მისი შექმნილია და პირადად მე ძნელად წარმომიდგენია, რომ მან, როგორც ამ ქვეყნის აქტიურმა მოქალაქემ, აბსოლუტურად დისტანცირება გააკეთოს იმ ძალისგან, რომლის სათავესთან იდგა,” – აცხადებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი ეკა ბესელია.
დეპუტატი და თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ისევ დასახელებული ზაქარია ქუცნაშვილი უსუფაშვილს განცხადებას საარჩევნო აგიტაციად აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის საკუთარ პარტიაზე გავლენა და ავტორიტეტი ყოველთვის ექნება.
„ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სექტემბრიდან მიიღებს მონაწილეობას ამომრჩეველთან კომუნიკაციაში. ის, რომ არჩევნების შემდეგ პარტიისგან საერთოდ დისტანცირებას გააკეთებს, ასეთი რამ არ გამიგია. ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, იყო და არის პარტიაში, და არა მარტო პარტიაში, ძალიან მაღალი ავტორიტეტისა და ზეგავლენის მატარებელი პირი. ის იყო და არის პარტიის დამფუძნებელი. ის იყო და არის გავლენის მატარებელი პირი. ეს ავტორიტეტი და გავლენა არსად არ გამქრალა. ეს თანამდებობაზე დამოკიდებული არ არის. ზოგს თანამდებობა აქვს, მაგრამ ავტორიტეტი და გავლენა არ აქვს. ზოგიერთს არ აქვს თანამდებობა, მაგრამ ავტორიტეტი და გავლენა გააჩნია. ადამიანები ერთმანეთისგან მათ შორის ამითაც განვსხვავდებით და ეს ისეთი ობიექტური გარემოებაა, რომ ოქტომბრის შემდეგ ეს სად უნდა წავიდეს?!”, – ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი. მისი თქმით, ტყუილია ის, რომ დღეს გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს, მას უბრალოდ რჩევას ეკითხებიან და ეს მომავალშიც ასე იქნება. “რჩევა და რეკომენდაცია ყველა ჭკვიან ადამიანს სჭირდება, მხოლოდ სულელები ამბობენ ამაზე უარს და ეს მომავალშიც იქნება,”- დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი.
წავა თუ არ წავა?
მართალია, ბიძინა ივანიშვილი 2013 წლის ნოემბერში გადადგა პრემიერობიდან და ამით ის ოფიციალურად წავიდა პოლიტიკიდან, თუმცა, ის ხელისუფლებაზე გავლენას დღემდე ინარჩუნებს და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მის გარეშე არ ხდება. ამაზე თავადაც ირიბად ხშირად საუბრობს და მისი პარტიის წევრებიც, სხვადასხვა განცხადებებში, არ უარყოფენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ექსპერტების დიდი უმეტესობა და ოპოზიცია ივანიშვილის ამ როლს “არაფორმალურ მმართველობას” უწოდებენ, თავად “ოცნების” წევრები კი – “რჩევებსა” და “კონსულტაციებს”.
მაგალითად, თავად ივანიშვილის განცხადებებიდან ცნობილია, რომ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ექვს თვეში ერთხელ ეკითხებოდა, ხომ არ არის პრემიერობიდან მისი წასვლის დრო და გადადგომამდეც კონსულტაციები ჰქონდა მასთან; ასევე მისი ინიციატივით მოხდა გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერება. მისივე თქმით, რჩევებსაც ეკითხებიან ხოლმე, ადრე ირაკლი ღარიბაშვილი ეკითხებოდა, ახლა – გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრებიდან ყველაზე ხშირი კომუნიკაცია ეკონომიკის მინისტრთან აქვს და თვლის, რომ ეს ნორმალურია.
ასევე ყველასთვის ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლის გამო, “ოცნებამ” მარგველაშვილის ყველა ნაბიჯის აქტიური კრიტიკა დაიწყო; ასევე ივანიშვილი ესწრებოდა ხოლმე კოალიციის, ხან კი – პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომებს. მაგალითად, 2014 წელს თავდაცვის მინისტობიდან გადაყენების მეორე დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მისულმა ირაკლი ალასანიამ და მისი პარტიის წევრებმა შეკრება იმ მიზეზით დატოვეს, რომ მათ იქ ივანიშვილი დახვდათ და მათი თქმით, ივანიშვილს არანაირი ფორმალური სტატუსი არ ჰქონდა, რომ სხდომას დასწრებოდა.
გააგრძელებს თუ არა ივანიშვილი ამგვარი როლის თამაშს – ეს თემა ამომრჩევლისთვისაც აქტუალურია, რადგან “ქართული ოცნების” ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობა 2012 წელს კოალიციას და ახლა ოქტომბერში პარტია “ქართულ ოცნებას” ივანიშვილის სახელის გამო უჭერს მხარს, მხარდამჭერების უმეტესობას მხოლოდ ივანიშვილი ეიმედებათ.
ამ ფონზე კი კოალიციის ყოფილი წევრი, “რესპუბლიკელი” დავით უსუფაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილი მომოავალში “ქართულ ოცნებასთან” ამგვარი ურთიეთრობა აღარ ექნება, რადგან მას პოლიტიკიდან წასვლა საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი.
დავით უსუფაშვილის თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის “ქართული ოცნების” არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც, სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი და ყველა პარტიის კონკურენტიც ეს ერთი ადამიანია, ხოლო ოქტომბრიდან “ოცნება” ამ მთავარი ძალის – ივანიშვილის სახელის გარეშე დარჩება.
“ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი იმ ვითარებაში სადაც არის… თუმცა, მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი, სადაც ამ ეტაპისთვის არის,” – წერს დავით უსუფაშვილი.
მისი თვალსაზრისით, პოლიტიკურად “ქართული ოცნება” არ არსებობს, რადგან, პოლიტიკურად თუ “ქართულ ოცნებას” გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება არც პოლიტიკურად და არც ორგანიზაციულად. დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ “ქართული ოცნება” მმართველი პარტია ვეღარ იქნება.
პოლიტოლოგების განცხადებით, დავით უსუფაშვილი მართალია, როდესაც ამბობს, რომ “ოცნება” ეს არის მხოლოდ ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი და ამომრჩეველი მხოლოდ ამ ფაქტორის გამო აძლევს მას ხმას. მათი შეფასებით, უსუფაშვილის წერილის გათვლაც გასაგებია – “რესპუბლიკური პარტია” ამომრჩევლების ხმებზე მუშაობს და მათ პირდაპირ ეუბნება, რომ “ოცნება” ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის გარეშე რჩება და ამ კაცის გამო მას ხმას ნუ მისცემთო. თუმცა ექსპერტები პარლამენტის თავმჯდომარეს ერთ რამეში არ ეთანხმებიან: ისინი გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა “ოცნების” არაფორმალური მართვა მიატოვოს.
რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს
“დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” წევრი სოსო ცისკარიშვილის თვალსაზრისით, უსუფაშვილმა ამ განცხადებით 2 კურდღელი დაიჭირა როგორც საკუთარი პარტიის სასიკეთოდ, ასევე “ოცნების” უნარმოკლებულთა სიაში გადაყვანით.
“ოთხი წელი ყველა ოცნებობდა და ჩავთვალოთ, რომ “რესპუბლიკურ პარტიასაც” აქვს უფლება იოცნებოს. სადაც უნდა იყოს ბატონი ბიძინა, მისთვის უინტერესო არასოდეს იქნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, თუ ის რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ არ იქნა გაწვეული, როგორც დავალების შეუსრულებელი პირი,” – აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი. მისი აზრით, ნებისმიერ მივლინებას თავისი ვადა აქვს და მიიჩნევს, რომ 2017 წლიდან შესაძლოა ივანიშვილი პოლიტიკაში უფრო ნაკლებად ჩართული იყოს, ვიდრე დღესაა, თუმცა პოლიტიკისათვის მთლიანად ზურგის შექცევას გამორიცხავს.
“ვერ ვიტყვი, რომ რაიმე სიკეთე მოგვგვარა თავისი საკადრო პოლიტიკით, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა მას ჰქონდა და აქვს. არ მგონია, რომ მომავალში, 2017 წლიდან ივანიშვილი საკადრო პოლიტიკაში ისე აქტიურად ჩაერიოს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. მას გულწრფელი სურვილი ჰქონდა, რომ 2013 წლიდან არ ჩარეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. მას ფორმალური თანამდებობა არ გააჩნდა, მაგრამ “ქართულ ოცნებაში” მისი არსებობა ყველასთვის თვალსაჩინო იყო და ამის გამო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ძალიან ხშირად ისმოდა. იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველოა, მას ბევრი გამოწვევა ჰქონდა და ბუნებრივად მიმაჩნია მისი სურვილი, რომ მომავალი წლიდან განერიდოს იმ აქტივობასაც, რომელსაც მას ნებსით თუ უნებლიეთ მიაწერენ და როგორც რიგითმა მოქალაქემ, გაილაღოს,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელ გია ხუხაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ამ 4 წლის განმავლობაში საერთოდ ვერ განვითარდა, ისინი ივანიშვილის სახელს არიან ამოფარებული, “უკანა კარიდან” მიეჩვივნენ ხელისუფლებაში ყოფნას და შესაბამისად, დღეს სავალალო მდგომარეობაში არიან.
“ქართულ ოცნების” ელიტაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც საქართველოს ისტორია 2011 წელს დაიწყო. ზოგიერთისთვის 2013-ში, მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილისთვის, იმიტომ, რომ ის ჩვენთან ერთად საარჩევნო პროცესშიც არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არა მარტო მოკლე ბიოგრაფიის, არამედ პირად მონაცემების გამო, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ ლიდერობამდე ძალიან დიდი გზა აქვთ გასავლელი და ბიძინა ივანიშვილის გარეშე არც ეს პარტია და არც რომელიმე ლიდერი არ არსებობს. დღესაც ისინი თინეიჯერულად უდგებიან საკითხს. არც ის იციან, ხელისუფლება რა არის, წარმოდგენა არ აქვთ ქვეყანა როგორ იმართება, არჩევნები როგორ მოიგონ – ესეც არ იციან. ისევ ის ინფანტილური იმედი აქვთ, რომ ბიზინა ივანიშვილი რაღაც ფოკუსებს ჩაატარებს და მათ კაბინეტებში დატოვებს. საქართველოში ეს კლასიკური შემთხვევაა, რადგანაც ჩვენთან ხშირია ოჯახები, 40 წლის “თინეიჯერი” შვილებით, როდესაც მამიკო აწყობს მათ სამსახურში და თუ სამსახურიდან გამოუშვებენ, ისევ მამიკოსთან მიდიან, რომ მათ დირექტორს დაელაპარაკოს. დაახლოებით ასეთი ტიპაჟია “ქართული ოცნება”. ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციად ვერ შედგნენ. დღემდე დეპუტატების სიაც არ აქვთ ნორმალურად ფორმირებული. გადაწყვეტილება როგორ მიიღონ, არ იციან. ერთმანეთს პატივს არ სცემენ და ვერტიკალი არ არსებობს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილზეა მიბმული. ეს იცის დავით უსუფაშვილმა და მას ისიც ესმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერსად ვერ წავა. არ წავა კი არა, მას ეს უნდა, რადგან პოლიტიკა მისთვის კომფორტული ზონა არ არის, მაგრამ ვერ წავა.
ივანიშვილს კიდევ დიდ ხანს მოუწევს ამ “თინეიჯერული” ფსიქოლოგიის პოლიტიკური ორგანიზაციის ზურგით თრევა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ “ოჯახს ხომ არ დაანგრევს”?! ესეც ქართული ფენომენია – იცის, რომ შვილი მუქთახორაა, მაგრამ მისი შვილია და მისი სათრევია, ეს არის მისი ჯვარი. დაახლოებით ეს ვითარება გვაქვს,” – ამბობს გია ხუხაშვილი.
რა მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილი “ოცნებას” მიატოვებს
გია ხუხაშვილის თქმით, ხალხმაც იცის, რომ ივანიშვილის გარეშე პარტია არ არსებობს და თუკი ვინმე ხალხს დაარწმუნებს, რომ ივანიშვილი ნამდვილად მიდის, ეს “ქართული ოცნებისთვის” კატასტროფის ტოლფასი იქნება, რადგან მათ ხმას არავინ მისცემს.
“ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვას, საერთოდ მივდივარ პოლიტიკიდანო, ერთი კაციც არ მეგულება, ვინც მხარს დაუჭერს, მაგალითად, გია ვოლსკის, ან ეკა ბესელიას, ან ვინმეს სხვას “ოცნებიდან” და რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს პარტია განწირულია?! ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მის მიმართ კრიტიკულად ვიყოთ განწყობილი და პრეტენზიები გვქონდეს, მას ამ ქვეყანაში ფესვი აქვს გადგმული, მას სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ამისათვის კი მან საკმარისად კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი. შესაბამისად, პოლიტიკა მისი პასუხისმგებლობაა და ის ამ პასუხისმგებლობას არ იხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ 4 წლის გამოყენება უკეთესად შეეძლო, ის ამ შუა გზაზე ამ ნახევარფაბრიკატს არ დატოვებს და არსად არ წავა. დღეს, ყველა პრინციპულ გადაწყვეტილებას ივანიშვილი იღებს. ბიძინა ივანიშვილი რეალურად რომ გავიდეს თამაშიდან, “ქართული ოცნება” მაქსიმუმ ერთ თვეში ჩამოიშლება. ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, ახალი პარტიული ელიტის ფორმირება მოეხდინა, იგივე “მოქალაქისა” და “2030-ის” პროექტებიც ამისათვის წამოიწყო, მაგრამ არ გაამართლა და ეგზოტიკური დუნდუას გარდა ვერავინ ვიხილეთ,” – მიიჩნევს გია ხუხაშვილი.
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ორი ფაქტორი, რომელზეც „ქართული ოცნება“ დგას“ // „წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის…“
ნინო ქეთელაური
“სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი, მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, დარჩა პოლიტიკურად აქტიური ლიდერების გაერთიანებად, რომლის ერთიანობაც კითხვის ნიშანის ქვეშ არის”, – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ისევ ფიქრის პროცესშია და ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას და სიახლის შეთავაზებას ელოდება. როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, არსებული პარტიები საზოგადოებას ჯერჯერობით საინტერესოს ვერაფრს სთავაზობენ.
ვახტანგ ძაბირაძე: ამომრჩევლის ის 60% ჯერჯერობით ისევ გადაუწყვეტელია, მოლოდინის რეჟიმშია და საარჩევნო სუბიექტების გააქტიურებას ელოდება. მართალია, თითქოს დაძაბულობა მატულობს, მაგრამ პროცესები მაინც მდორედ მიმდინარეობს, რაც ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩამოყალიბდეს. სავარაუდოდ, თვის ბოლომდე და შეიძლება ცოტა მეტიც, ასე გაგრძელდება. ამ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ამ გამოკითხვის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი დიდად არ შეცვლილა. “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობაზე” აღარ მაქვს საუბრი. ვისაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი მხარდაჭერა, აქ არაფერი შეცვლია და ეს ამომრჩეველი ამ 60%-ში არ შედის. ასე რომ, საზოგადოების ეს ნაწილი ისევ მოლოდინს ამჯობინებს.
- რამდენად დიდია იმის შანსი, რომ წინაასარჩევნო პერიოდმა ისე გაიაროს, ამ 60%-მა მაინც ვერ მიიღოს გადაწყვეტილება?
- ამ ამომრჩეველს არჩვენებზე წასვლა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით მას ქართული პოლიტიკურის პექტრი არ სთავაზობს არაფერ ახალს. არის რამდენიმე წამყვანი თემა, რომლის ირგვლივაც ტრიალებს ყველა პარტია. ეს არის საგარეო ორიენტაციის თემა, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის წამყვანია. შემდეგ არის სოციალური და ეკონომიკური საკითხები. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამ სამ თემაზე აკეთებეს აქცენტს. მათგან რომელი შესთავაზებს ისეთ რამეს, რომ ამომრჩეველი ენდოს – აი, ეს არის გადამწყეტი. ამ ეტაპზე, მთელი საარჩევნო რესურსი თავის კამპანიაში მხოლოდ “ნაციონალურ მოძაობას” აქვს ჩადებული, ფინანსებიანად დაწყებული, სააკაშვილით დამთავრებული. “ქართული ოცნება” მოლოდინის რეჟიმშია, რომ შემოდგომაზე ივანიშვილი რაღაცას იტყვის და ცა გაიხსნება. საბოლოო ჯამში, ამომრჩევლისთვის ის დაპირები, რაც უკვე მოისმინა, საკმარისი არ არის და ელოდება რაღაც ახალს. ვფიქრობ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდება. ეს 60% ის ამომარჩეველია, რომელიც უფრო მეტად “ქართული ოცნებისგან” არის წამოსული, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობისგან”. მას უჭირს გადაწყვეტა – ისევ “ონცებას” დაუჭიროს მხარი და სხვა მისგან წამოსულ სუბიექტებს. კოალიცია დაიშალა, შესაბამისად, ამომრჩეველი თითქოს სხვადასხვა პარტიების მხარეზე გადანაწილდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც ნეიტრალურ რეჟიმშია.
ეჭვი მეპარება, რომ ეს ამომრჩველი “ნაციონალური მოძრაობისკენ” წავიდეს, მისთვის ეს პარტია მიუღებელია, მაგრამ “ქართული ოცნება” შეძლებს თუ არა იმას, რომ ეს 60% ისევ თავისკენ მოატრიალოს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, რომელსაც ახლა უკვე რამდენად ენდობა ამომრჩეველი, მაგას ვნახავთ მაშინ, როცა ის გააქტიურდება, სავარაუდოდ, სექტემბერში. სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი ვერ სთავაზობს ამომრჩეველს ისეთს ვერაფერს, რომ თავისკენ წაიყვანოს. ვგულისხმობ იმ 5-6 პარტიას, რომლებსაც 5%-ანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ, მაგრამ გარანტირებულად არა.
მე ყური მოვკარი, რომ გუბაზ სანიკიძე ამბობდა – “ფორუმს” აქვს სიახლე, რომელსაც ამომრჩეველს ამ კვირაში შესთავაზებსო. ვნახოთ, რა სიახლე იქნება და რამხელა მნიშვნელობის. სხვა მხრივ თუ დავაკვირდებით, პარტიებს შორის განსხვავება მხოლოდ საგარეო ორიენტირშია, თორემ ყველა პირდება დიდ ძვრებს ეკონომიკაში და სოციალური მხარის, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდას. მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს ყველა ოპოზიციური პარტია.
- 2012 წლის არჩევნებზე კოალიცია “ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილთან იყო გაიგივებული. 2016 წლის არჩევნებზე რა ვითარებაა – ამომრჩევლისათვის “ოცნების” მხარდაჭერა ისევ ივანიშვილის მხარდაჭერას ნიშნავს?
- ამ შემთხვევაშიც წამყვანი ისევ ივანიშვილია, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელისუფლბის ფაქტორიც მუშაობს. სამწუხაროდ, “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური გუნდი, მკაფიოდ ვერ ჩამოყალიბდა, დარჩა პოლიტიკურად აქტიური ლიდერების გაერთიანებად. ეს არის არა პარტიული გაერთიანება, არამედ ჯგუფი, რომლის ერთიანობაც კითხვის ნიშანის ქვეშ არის – მათთვის მნიშვნელოვანია პარტიული ურთიერთობა თუ ის, რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ?! წარმოვიდგინოთ, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის, დარჩებიან ისინი პოლიტიკაში ისევ ერთად? იგივე გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, გია ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია – ესენი ერთი გუნდი იქნებიან? ერთად გაგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას? სწორედ ეს კითხვის ნიშნები რჩება.
ჩემი აზრით, მათ ის უფრო აერთიანებთ, რომ ერთად ხელისულებაში არიან, ვიდრე ის, რომ ერთ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენენ. მეორე ფაქტორი ისევ ივანიშვილია და სწორედ ამ ორ ფაქტორზე დგას დღეს ეს პარტია. ამომრჩეველის ერთი ნაწილი ამ ფაქტორების გათვალისწინებით არის მისი მხარდამჭერი, მეორე ნაწილი კი გავიდა და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. მის უკან მობრუნებაზე რა იქონიებს გავლენას, აი, ეს არის გასარკვევი. ჯერჯერობით “ოცნების” საარჩენო კამპანიას მუხტი, ენერგია და სიახლე აკლია.
- როგორ აფასებთ პარტიიდან პარტიაში მიგრაციის ფაქტებს და იმოქმედებს თუ არა ეს ამომრჩეველზე?
- ყველა პარტიიდან მოხდა გარკვეული გადინება, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობიდანაც”. ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთი პარტიის შემთხვევა, მაშინ შესაძლოა ამომრჩეველზე ემოქმედა. ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს ახალი არ არის, ამიტომ არ მგონია, მთლიანად პლიტიკურ პროცესზე რამე გავლენა იქონიოს. თუმცა, შესაძლოა, ადგილობრივ არჩვნებში მაჟორიტარების შემთხვევაში მათმა გადანაცვლებებმა ამომრჩეველზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.
- მმართველი ძალის მხრიდან ზეწოლის და გადაბირების ფაქტებზე ოპოზიცია ბოლო დროს ხშირად საუბრობს. როგორ ფიქობთ, თუ ეს ასეა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” საკუთარ ძალაში ეჭვი ეპარება?
- მე ასეთ მასობრივი ზეწოლის ფატს ვერ ვხდეავ. უფრო მგონია, რომ ამაში გარკვეული პიარის ელემეტები უფროა, ვიდრე რეალური ფაქტები. “ქართულ ოცნებას” რამდენ ადამიანზე შეიძლება ჰქოდეს ინფორმაცია, რომ ის სხვა კონკრეტულ პარტიას აძლევს ხმას? ასეთი ინფორმაციის მოპოვება ასე ადვილი არ არის. ამის დადგენას მთელი სისტემა სჭირდება და თუ ამას “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად თავად შექმნის, ამას არჩევნებზე დავინახვთ. რაც შეეხება პარტიის წევრებს, აქ ზეწოლაზე უფრო გადაბირების მცდელობებზე შეიძლება იყოს საუბარი, ოღონდ კონკრეტულ რაიონში, უბანში და არა მასიურად. პარტიები რეიტინგული კადრების თავისკენ გადაბირებას რომ ცდილობენ, ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფიოში.
- როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის მიერ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფენდუმის არდანიშვნას, ეს რამდენად იმოქმედებს ამომრჩეველზე?
- ძალიან მეეჭვება, რომ ამ მომენტში ამან დიდი გავლენა იქონიოს ამომრჩევლის განწყობაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს ცოტა კონცეპტუალური საკითხია.
ზოგადად, პერზინდენტმა რა არგუმენტებიც დაასახელა, ეს არგუმენტები არსებობს, მაგრამ ასეთ საკითხებთან მიმართებით პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ჩამოსაყალიბებელია. თუ რეფენდუმი ჩატარდებოდა, როგორი გადაწვეტილებაც უნდა ყოფილიყო მიღებული, ის კონსტიტუციაში ვერ აისახება, მაინც პარლამენტმა უნდა განიხილოს. ამიტომ, შესაძლებელია, რეფენედუმის და პლებისციტის ჩატარებას ის დატვირთვა ჰქონოდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ თემის კონსტიტუციაში ასახვას და ეს იქნებოდა ზეწოლის მექანინზმი პარლამენტზე და პარლამენტში შემავალ პოლიტიკურ ძალებზე. სრულიად შესაძლებელია ამისთვის დაერქმიათ პლებისციტი და ჩაეტარებიათ. მე ძალიან გულწფრელად მაინტერესებს, რამდენად აწუხებს ქართულ მოსახლეობას ეს საკითხი, რაც ნამდვიად დასადგენია, რადგან სპეკულაცია ხდება სწორედ იმაზე, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ამას.
ამ შემთხვევაში რეფენედუმი უნდა დინიშნოს არა არჩევნების დღეს, როდესაც ადამიანები არჩევნებზე მაინც მიდიან, არამედ სხვა დღეს, რასაც არც იმდენი ფინანსური დანახარჯი დასჭირდება და საბოლოოდ გაირკვევა რა რაოდენობის ადამიანს მიაჩინა ეს თემა იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ადგება წავა და ხმას მისცემს. სხვა შემთხვევაში, ეს მუდმივი სპეკულაციის თემა იქნება.
საბოლოოდ რაღაცეებს უნდა დაესვას წერტილი და ვიცოდეთ რა განწყობები საზოგადოებაში. ეს თემა ასე არ დასრულდება და აუცილებლად გაგრძლდება, ამიტომ უნდა დავასრულოთ როგორმე. ეს არის ბორკილი, რომელიც საზოგადოების განვითარებას უშლის ხელს. თუ უმრავლესობა თვლის, რომ ეს უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში და იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ თავს შეიწუხებს, წავა რეფენდუმზე და ხმას მისცემს, მაშინ უნდა ჩაიწეროს. აქ რაიმე პრობემაა? – მგონი არა.
- გასულ კვირას გორში მაჟორიტარობის კანდიდატებად თავდაცვის ყოფილი მინისტრები – ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი დარეგისტრირდნენ. როგორ ფიქრობთ, ყოფილი თანამდებობის პირებს ამ არჩევნებზე რამდენად დიდი შანი აქვთ?
- მაჟორიტარული სისტემა ცოტა სპეციფიკურია და ის ყოველთვის არ ჯდება ზოგად პოლიტიკურ კალაპოტში. გააჩნია რაიონს, იქ არსებულ პრობლემებს და გააჩნია იმ კანდიდატებს, ვინც იქ კენჭს იყრიან. ბევრი ფქტორია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველს ზოგადი პოლიტიკრი პროცესის საწინააღმდეგო გააწყვეტლება მიაღებინოს. აქედან, გამომდინარე, ვერ გეტყვით რამდენად რეიტინგულია ოქრუაშვილი, თუმცა, წინა ადგილობრივ არჩევნებში, როგორც მახსოვს, მისმა გუნდმა საკმაო წარმატებას მიაღწია და თუ ეს ასეა, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ახლაც აქვს წარმატების მიღწევის შანსები. ის წარმოშობით იქაურია, ფინანსური მხარე მისთვის უზრუნველყოფილია, გავლენა გორში აქვს. ასე რომ, საკმაო შანსი აქვს. თუმცა გორში მის კონკურენტებზე ბევრია დამოკიდებული.
საბოლოო ჯამში, მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რეგიონში იქნება მეორე ტური, რადგან პირდაპირი გამარჯვება ცოტა იქნება.
- როგორც კონსტიტუციონალისტს, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ “რესპუბლიკელების” ინიციატივა, რომ კონსტიტუაციაში ჩაიწეროს – “დავიმკვიდროთ ადგილი ევროატლანტიკურ სისტემაში”?
- იმის გასაგებად, გვინდა თუ არა, რომ ეს კონსტიტიციაში ჩაიწეროს, ისევ რეფენდუმი ან გამოკითხვა უნდა ჩავატაროთ. პირადად მე კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მგონია სწორი იყოს. თუ მაინცდამაინც ეს საკითხი ვინმეს ასე ძალიან აწუხებს, ჯობია განხილული იყოს რეფენდუმზე. მგონია, რომ უსუფაშვილის ეს განცხადება უფრო “ქართული ოცნებისკენაა” მიმართული, რადგან მან იმ პარტიებს მიმართა, რომლებმაც ანალოგიურ განცხადებას ვარშავის სამიტის წინ მოაწერეს ხელი. ეს ინიციატივა მიმართულია იქითკენ, რომ “რესპუბლიკელები” არიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდი, რომელიც სხვა ალტერნატიულ ვარიანტს, გარდა დასავლეთისა, არ განიხილავს. ამის პროპაგანდა უფროა, ვიდრე ამის კონსტიტუციაში ასახვის რეალური შესაძლებლობა.
„ახალი თაობა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ქვეყნის საგარეო კურსი კონსტიტუციაში უნდა იყოს გაწერილი“
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ უბლოკო სტატუსი და ე.წ. ნეიტრალიტეტი ქვეყანას დაღუპავს.
- ბატონო ბაჩუკი, ქვეყნის უბლოკო სტატუსი, რომელზეც ნინო ბურჯანაძე საუბრობს, პოლიტიკოსთან ნაწილის შეფასებით, წინასაარჩევნო ტრიუკია. მეორე ნაწილი მასში საფრთხეს ხედავს. თქვენი პოზიცია როგორია?
- ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ უბლოკო სტატუსი, ე.წ. ნეიტრალიტეტი და ა.შ. მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკია. წინასაარჩევნოდ, ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციაა და ვინ რას მოიფიქრებს და რას შესთავაზებს ამომრჩეველს, ეს არის ერთგვარი შეჯიბრება, მაგრამ არამცდაარმც ეს არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო ორიენტაციასა და მის უსაფრთხოებას. შეიძლება რუსეთის ორბიტაზე მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ გზით ის მცირეოდენი ამომრჩეველი, რომელიც სწორედ რუსეთზეა ორიენტირებული, ერთმანეთს წაართვას და სწორედ ამაზე იყოს გათვლა, მაგრამ აქ მთავარია, რომ ნინო ბურჯანაძესა და მის პოლიტიკურ ორგანიზაციას ყოველთვის ჰქონდა რუსეთთან თანხვედრილი პოზიცია.
- პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოდის სწორედ ამ საკითხზე. ფიქრობთ, საკონსტიტუციო რეგულირება სჭირდება ამ საკითხს?
- მადლობა ღმერთს, საქართველოში ძალიან ბევრი პროდასავლური პოლიტიკური ორგანიზაციაა და არც ისეა საქმე, რომ რუსეთუმე პოლიტიკოსებმა წალეკონ ქვეყანა, მით უფრო, საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი არჩევანი პროდასავლური მიმართულებით კარგა ხნით ადრე აქვთ გაკეთებული, ვიდრე ეს პოლიტიკოსები გაჩნდებოდნენ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ქართველ საზოგადოებაში პროდასავლური, ევროპული განწყობები აშკარად ჭარბობს. ეს კარგად იციან პოლიტიკურმა ძალებმა და სწორედ პროდასავლური ძალები ცდილობენ ამ კუთხით ამომრჩევლის მიმხრობას, რაც სულაც არ არის გასაკვირი. პროდასავლურ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკური ძალები ცდილობენ ამ ელექტორატის მიზიდვას, მიზიდვას თუ ვერა, ყურადღების მიპყრობას მაინც.
- ამ პროცესს ვადევნებთ თვალყურს, თუ საფრთხე რეალურია და მას საკონსტიტუციო გარანტიები სჭირდება, თუ შეიძლება ასე ითქვას?
- მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო დონეზე განისაზღვროს, თუმცა მიმაჩნია, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა არ იქნება გარანტი.
- რა არის მაშინ გარანტი?
- თავად საზოგადოება, საზოგადოების განწყობა, რომ ქვეყნის განვითარება მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით და არა სხვა, რუსული მიმართულებით, რომელიც ნამდვილად დაღუპავს ჩვენს ქვეყანას. მე ვთვლი, რომ ცუდი არაფერი იქნება იმაში, თუ კონსტიტუციაში იქნება გაწერილი ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და ორიენტაცია. ნატო, ევროატლანკიკური მიმართულება, დასავლური ცივილიზაცია მხოლოდ უსაფრთხოება ხომ არ არის. ცხადია, მასთან ერთად ეს არის დემოკრატიული ფასეულობები. ქართველ ერს ევროპული, დასავლური ცივილიზაცია მტერმა, რუსეთმა იძულებით დაატოვებინა. ეს არ იყო მისი არჩევანი. დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ საკმაოდ სოლიდური პროდასავლური ელექტორატი არსებობს და მას საკმაოდ ბევრად ჩამორჩება პრორუსული ელექტორატი.
- ამ ნიშნით პოლიტიკური ძალები დაქსაქსულები არიან და, ალბათ, ერთმანეთს წაართმევენ ელექტორატს...
- დიახ, მაგრამ ამომრჩევლის რაღაც ნაწილში არჩევანი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაკეთდება. ამდენად, საგარეო კურსი ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. თუმცა, ამომრჩეველი მაინც არჩევანს სოციალური პროექტებიდან გამომდინარე აკეთებს. ამომრჩეველს დღეს აინტერესებს, იყოს დასაქმებული, ჰქონდეს მაღალი პენსია. მის პირად პრობლემებზე ორიენტირებულ ძალას დაუჭერს მხარს. თუმცა, ბუნებრივია საგარეო კურსი და ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტი იქნება. მე ვისურვებდი, რომ გარკვეულწილად იდეოლოგიურ საფუძვლებზე ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური ერთობა. ბუნებრივია, ასეთი ერთობა ბევრად უფრო მყარია, ვიდრე ამორფული და სხვადასხვა იდეოლოგიისა და ხედვის მქონე ძალთა ერთობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს რთულად მისაღწევია ჩვენს რეალობაში. თუ პროდასავლური ძალები ერთიანი ფრონტით გავლენ ბრძოლის ველზე, ბუნებრივია, გარანტირებულ გამარჯვებასაც მოიპოვებენ და ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი. ასეთი ერთობა დღეს არ არსებობს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მეტი წილი მაინც პროდასავლური პარტია იქნება წარმოდგენილი.
„ახალი თაობა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „დასავლეთმა შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააბრუნოს“ // „ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ მთლიანად გაემიჯნა“
რა გავლენას მოახდენს ქართულ პოლიტიკაზე რუსეთ-თურქეთის დაზავება, რომელ პარტიებს ლობირებენ მოსკოვი და ანკარა, რა პროცესები გველოდება არჩევნების შემდეგ? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
- ბატონო ზაალ, ყველა ელოდა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ომი დაიწყებოდა. ომის დაწყების ნაცვლად დაზავდნენ. რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ?
- რუსეთსა და თურქეთს შორის დაზავება კავკასიისთვის სიკეთის მომტანი არასდროს ყოფილა. იმედი მაქვს, ახლაც იგივე არ გამეორდება. მართალია, დაზავდნენ, მაგრამ ორივე ქვეყანა შეეცდება, საქართველოსა და აზერბაიჯანზე სერიოზული გავლენები მოიპოვონ. რუსეთისა და თურქეთის დაზავება, კავკასიის გარდა, ევროპასაც შეუქმნის პრობლემებს. შესაძლოა, დროში კიდევ უფრო გაჭიანურდეს შაჰ-დენიზის პროექტის დასრულება, რომლითაც ევროპა-რუსეთის გვერდის ავლით შეძლებდა ბუნებრივი აირის მიღებას. ეს პროექტი თურქეთმა ისედაც გააჭიანურა. მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობა გაუფუჭდათ, რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ შაჰ-დენიზის პროექტი 2018 წლისთვის დასრულდებოდა. ახლა ეს საკითხი ისევ ჰაერში რჩება და ევროპა იძულებული გახდება, ისევ რუსულ გაზზე იყოს დამოკიდებული.
- მათი დაზავება საქართველოზე გამავალ ენერგოპროექტებს ხელს არ შეუშლის?
- როგორ არ შეუშლის. ახლა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანამ აქტუალობა არ დაკარგოს. ევროპას არანაირად არ აწყობს, რუსულ გაზზე იყოს დამოკიდებული.
- თქვენი აზრით, შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას ამის გაკეთება?
- დამოუკიდებლად ვერაფერს გახდება საქართველო, დასავლეთის მხარდაჭერაც საჭირო იქნება. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული. ჩვენს ხელისუფლებას თურქეთსა და რუსეთს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზეც კი არ გაუკეთებია კომენტარი. არადა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამისთვის არსებობს. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რას ფიქრობს ხელისუფლება ამ პროცესებზე.
- თქვენი აზრით, რუსეთისა და თურქეთის სიამტკბილობა სადამდე გასტანს?
- უახლოეს მომავალში ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. ახლა თურქეთსა და რუსეთს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა სჭირდებათ. ეს, პირველ რიგში, საკუთარი მოსახლეობის გულის მოსაგებად უნდათ. რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო ისედაც შავ დღეშია და ამ ფონზე თურქეთთან კონფრონტაცია არაფერში სჭირდება. დასავლეთთან ღიად არის დაპირისპირებული თურქეთიც. ამ მხრივ მისთვის იდეალური მოკავშირე რუსეთია. უახლოეს მომავალში მათი ანტიდასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ამერიკაში მიმდინარე პროცესებზე. რამდენიმე თვეში იქ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამერიკელები ახლა არჩევნებზე არიან გადართული და სხვა პროცესებისთვის არ სცხელათ.
- რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსულ-თურქული ანტისავალური კოალიცია?
- თურქეთმა უკვე წამოუყენა ევროპას პირობები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი თურქეთს უვიზო მიმოსვლას არ დაუწესებენ, რეჯეპ ერდოღანი მიგრანტების შეკავებაზე უარს იტყვის. მიგრანტების თვალსაზრისით ევროპაში ისედაც ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. არაა გამორიცხული, დასავლეთს რაღაც დათმობაზე წასვლა მოუხდეს, მათ შორის რუსეთთანაც.
- არის იმის შანსი, რომ დასავლეთმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას ან შეარბილოს?
- მას შემდეგ, რაც ანკარა და მოსკოვი დაზავდნენ, ბევრი რამე შეიცვალა. გამორიცხული არაფერი არ არის. თუ მანამდე ამ ორ ქვეყანას შორის ვითარება ისევ არ გამწვავდა, როგორც უკვე გითხარით, უახლოეს მომავალში ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან, მაგრამ მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.
- რატომ გგონიათ, რომ ისინი ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს?
- მოდით, იმით დავიწყოთ, რომ ეს ქვეყნები ჯერ საბოლოოდ არ შერიგებულან. მათ პრობლემების მოსაგვარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს მხოლოდ. დასავლეთისთვის პრობლემების შესაქმნელად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. სრულ შერიგებამდე მოსკოვსა და ანკარას ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აშორებს. თურქეთისა და რუსეთის დიდი ხნით დაზავების კიდევ იმიტომ არ მჯერა, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთის მსგავსია. ორივეს იმპერიული ამბიციები აწუხებს და ორივე ქვეყნის ლიდერი არაადეკვატურია. პუტინისა და ერდოღანის ამბიციებს შესაძლოა ძალიან მალე მოჰყვეს ვითარების გამწვავება. მათ შორის ვითარების გამწვავების მიზეზი შესაძლოა კავკასიაც გახდეს. რუსეთიც და თურქეთიც ამ რეგიონზე გავლენების მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ. შესაძლოა, ყველაფერი მშვიდობიანად გადაინაწილონ. შესაძლოა, პირიქით მოხდეს. ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ.
- ვართ მზად?
- ჩვენ ვართ მზად და ისიც ვიცით, რა დროს რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ხელისუფლებაზე იმავეს ვერ ვიტყვით. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს არასერიოზულად უყურებს. ისინი მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მოწყობაზე ფიქრობენ.
- მას შემდეგ, რაც პუტინმა ერდოღანთან ზავი შეკრა, უკრაინის მიმართულებით ისევ გამწვავდა ვითარება. თქვენი აზრით, დაიწყებს მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს? და არის თუ არა პუტინის ეს ნაბიჯი ანკარასთან დაზავების გამოძახილი?
- უკრაინასთან ვითარების გამწვავება პირდაპირ კავშირშია თურქეთთან დაზავებასთან. რუსეთი შესაძლოა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთოს. მოსკოვმა თავის პოტენციურ მოწინააღმდეგესთან ამ ეტაპზე პრობლემა მოაგვარა და ახლა სხვებისთვის მოიცალა. უკრაინაში ვითარების გამწვავებით ის შეეცდება, დასავლეთზე ზეწოლა განახორციელოს.
- დასავლეთისგან რის მიღებას შეეცდება?
- დასავლეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი ძალიან დაასუსტა. ამიტომ, პირველ რიგში, კრემლი სანქციების მოხსნას მოითხოვს.
- ამას უკვე მეორედ ამბობთ და ასე სერიოზულად არის საქმე?
- რეჯეპ ერდოღან- ვლადიმირ პუტინის დროებითმა ზავმა ბევრი რამე შეცვალა და არაფერი გამორიცხული არ არის.
- თქვით, რომ პირდაპირ კავშირშია თურქეთთან სიტუაციის მოგვარება უკრაინაში ვითარების დაძაბვასთან. ამისგან საქართველო თუ არის დაზღვეული?
- რუსეთს თუ უკრაინაში გაუვა, შემდეგი მისი სამიზნე საქართველო და აზერბაიჯანი იქნება.
- ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის ამოქმედებაზე ალაპარაკდა. პრემიერმა რაჭაში ყოფნისას განაცხადა, რომ მამისონზე გადასასვლელებს გააკეთებენ. ეს, თქვენი აზრით, ნორმალურია?
- რუსეთთან დამატებითი გზა ნამდვილად არ გვჭირდება. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო დაღესტნის მხრიდან გზის მშენებლობაზე. ამ გზის მშენებლობა ახლა შეჩერებულია. რუსებს, ეტყობა, ფული აღარ აქვთ. რაც შეეხება მამისონზე გადასასვლელ გზას, ამაზე ჯერ რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ხელისუფლებამ უნდა გვითხრას, კონკრეტულად რა გზაზეა საუბარი. რამდენადაც მე ვიცი, მამისონიდამ გზა როკის გვირაბის მიმართულებით გადადის. როკის გვირაბს კი დღეს სამხრეთ ოსეთი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, ამ გზის მშენებლობა გაუმართლებელია. რადგან გზებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ საგზაო დანაპირებს შევეხები. გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იგეგმება ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ვიღაცებმა ძალიან გაიხარეს, მაგრამ პირადად მე ამას ძალიან პესიმისტურად ვუყურებ.
- პესიმისტურად რატომ?
- საქართველოს ბიუჯეტს ამ გზის გაკეთების სახსრები არა აქვს, არც სათანადო სპეციალისტები გვყავს. თუ ევროპიდან მოიწვევენ სპეციალისტებს და მათ გააკეთებინებენ პროექტს, კიდევ მესმის, მაგრამ ჯერ ისიც არ ვიცით, ვინ რას აპროექტებს. ამასთან, მინდა, ისიც იცოდეს ყველამ, იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს გზა უნდა გააკეთონ, წელიწადის განმავლობაში ლამის ცხრა თვე თოვლი დევს. ამ გზებზე საუბარი მე მხოლოდ საარჩევნო დაპირება მგონია და მეტი არაფერი.
- გზებიდან ისევ რუსეთ-თურქეთის თემას დავუბრუნდეთ. ზემოთ თქვენ თქვით, რომ ორივე შეეცდება გავლენების მოპოვებას. აქ პრორუსული ძალები ოხრად არიან და ისინი იქნებიან, ალბათ, მოსკოვის დასაყრდენი. ანკარა ვის შეიძლება დაეყრდნოს, არიან საქართველოში პროთურქული ძალები?
- საქართველოში პროთურქული ძალებიც საკმაოდ მრავლად არიან. უბრალოდ, ისინი ამის ხმამაღლა აფიშირებას ერიდებიან. მათ კარგად მოეხსენებათ, რომ ამას საჯაროდ გამხელა ცუდ შედეგს მოუტანს. კონკრეტულ პარტიებსა და პიროვნებებს არ დავასახელებ, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ თურქეთს აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებზე საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს.
- ეს შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების შედეგებზე თუ იქონიებს რაიმე გავლენებს?
- არჩევნებამდეც ბევრი რამე მოხდება. არჩევნების შედეგებზე კი ბევრი რამე იქონიებს გავლენას. რუსებიც შეეცდებიან, რომ პარლამენტში თავიანთი ხალხი გაიყვანონ. საქართველოსთვის ეს არჩევნები ძალიან სერიოზული იქნება.
- თქვით, რომ თურქეთს აჭარაზე აქვს სერიოზული გავლენა. მიხეილ სააკაშვილი არჩევნების დღეს აჭარაში აპირებს შემოსვლას. დაუშვებს ამას თურქეთი? ის ხომ ფათულაჰ გიულენთან დაახლოებულ პირად ითვლება. გიულენის მომხრეებს კი, თავის მხრივ, ერდოღანი დევნის...
_ ეს ვერსია არაერთხელ მოვისმინე და ძალიან მიკვირს. რატომ ჰგონიათ საქართველოში, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ფათულაჰ გიულენთან არის კავშირში? მას ერდოღანთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს. და საერთოდ, მე მართლა ვერ ვხვდები, რა განსხვავებაა გიულენისა და ერდოღანის მოძღვრებას შორის. ორივე მათგანის მოძღვრება ერთმანეთს ძალიან წააგავს.
- აქედან გამომდინარე, სააკაშვილი თურქეთიდან უპრობლემოდ შემოვა?
- თუ მოინდომებს, შემოვა. საქართველოს ხელისუფლება კი ბევრს ვერაფერს გახდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ შეასრულა საარჩევნო დაპირებები. იმის მაგივრად, რომ უკეთესი საქართველო აეშენებინათ, ნაციონალებს ლანძღავდნენ და საკუთარი ცხოვრების მოწყობით იყვნენ დაკავებული. არც დაპირებული ახალი სახეები ჩანს სადმე. უბრალოდ, მოხდა მათი გადაადგილება. ამის შედეგია ის, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობასა და მიხეილ სააკაშვილს იმაზე ბევრად ნაკლები ხალხი აგინებს, ვიდრე 2012 წლის არჩევნებამდე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი ერის გამარჯვება იყო. ეს გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა და უარი თქვა სხვისთვის მის გაყოფაზე. ჰოდა, ახლა ამ პარტიის რამდენიმე ლიდერმა უნდა აგოს პასუხი იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება ან მომავალში მოხდება.
- ლიდერებში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?
- ბიძინა ივანიშვილი აღარ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი. ის ჩამოშორდა პოლიტიკას და ძალიან მალე ამაზე ღია განცხადებებს გააკეთებს. ის აღარც პარტიას აფინანსებს. მისი ხელი აშკარად აკლია პარტიას.
- ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნება“ რას იზამს?
- ძალიან გაუჭირდებათ და ეს უკვე სახეზეა.
- რაც, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გააადვილებს...
- „ქართული ოცნების“ დასუსტება მის შანსებს ზრდის. ამის მიუხედავად, ის საქართველოში 2020 წლამდე ვერ ჩამოვა. ამ დროს იმისთვის გამოიყენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთლიანად შეულახოს იმიჯი და მთელ მსოფლიოს დაანახოს, თუ ვინ არის ნამდვილი ლიდერი საქართველოში. ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. რუსეთ-თურქეთის ომის ნაცვლად მათი დაზავება მივიღეთ. შესაძლებელია, საქართველოში მოვლენებიც სხვანაირად განვითარდეს და დასავლეთმა სააკაშვილის დაბრუნება გადაწყვიტოს.
- რა შემთხვევაში მიიღებს დასავლეთი ამ გადაწყვეტილებას?
- ეს დამოკიდებული იქნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე. თუ ეს ურთიერთობა ზომაზე მეტად გაღრმავდა, მაშინ დასავლეთი იძულებული გახდება, ამრევის ინსტიტუტი აამოქმედოს.
- და თვლით, რომ არევა ყველაზე უკეთ სააკაშვილს გამოუვა?
- ის ამაში საკმაოდ გამოცდილია, თუმცა, თუ არევის ინსტიტუტი ამოქმედდა, ჩათვალეთ, რომ სხვა ამრევებიც გამოჩნდებიან. შემოდგომაზე ძალიან სერიოზული პროცესები გველოდება. არჩევნები მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი იქნება, მთავარი ამბები კი არჩევნების შემდეგ დაიწყება
„ახალი თაობა“, 15 აგვისტო, 2016 წელი
ქართულ პოლიტიკას უცხოური კაპიტალი შემოაკლდა
საქართველოში საარჩევნო პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ახალი და ძველი პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის საკუთარი პოზიციებით დაინტერესებას ცდილობენ. დაპირებები, რომლებსაც პარტიები გასცემენ, ხშირ შემთხვევაში რეალობას მოკლებულია.
პარტიებმა საკუთარი ამომრჩევლის მოძიების პროცესში საზოგადოება რამდენიმე ნაწილად დაყვეს. გამომდინარე მათი პოლიტიკური გემოვნებიდან, საკუთარ ამომრჩეველს მათ პოზიციასთან ახლოს მყოფი ამომრჩევლის სეგმენტში ეძებენ. ე.წ. პროდასავლური პარტიები ცდილობენ ლიბერალური ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებული ამომრჩევლის გულის მოგებას, რუსეთუმეები – პირიქით.
პროამერიკელები ცდილობენ ლიბერალური ფასეულობები დასავლურ ცივილიზაციას დაუკავშირონ, პრორუსები, პირიქით, კონსერვატორულ ფასეულობებს პრორუსულ პოზიციასთან აიგივებენ. ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, საფუძველშივე მცდარია, თუმცა პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებისათვის, როგორიც საქართველოშია, ყველაფრის გამარტივებით, მარტივ მამრავლებად დაშლით პოლიტიკოსები მათთვის საჭირო ეფექტს აღწევენ.
ერთი მხრივ, მრავალპარტიულობა და განსხვავებულ სპექტრში არჩევანის გაკეთების საშუალება დადებითი მოვლენაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ მოვლენას უარყოფითი მხარეც აქვს. ანალოგიური პრობლემა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიცაა. მეტად ფართო ასორტიმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ადამიანს უჭირს არჩევანის გაკეთება. მისი არჩევანი აღარ გამომდინარეობს საჭიროების ფაქტორიდან.
ნებისმიერი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში ადამიანი მაინც უკმაყოფილო რჩება, რადგან ფიქრობს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, უკეთესი არჩევანი გაეკეთებინა. მწირი არჩევანის არსებობა აადვილებს გადაწყვეტილებას მიღების პროცესს.
მაგალითად, თუ თქვენ ლიბერალური, დასავლური ფასეულობების მომხრე ხართ, თქვენ წინაშე შემდეგი არჩევანია – „ნაციონალური მოძრაობა“ მის წიაღში აღმოცენებული პარტიებით, აგრეთვე „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სახელმწიფო ხალხისათვის“ და კიდევ მრავალი, რომლებიც პრაქტიკულად ერთისა და იმავეს სთავაზობენ ამომრჩეველს. ე.წ. კონსერვატორული ფლანგი „მეჭიაური – ერთიანი საქართველოსათვის“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსათვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, რომელიც თავად ბლოკის სახით გამოდის არჩევნებზე, ახლა ამ ფლანგს დაემატა თემურ ხაჩიშვილისა და ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“.
ამომრჩევლისათვის პრობლემას წარმოადგენს ამ პარტიებს შორის არჩევანის გაკეთება რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველი და მნიშვნელოვანი პარტიების პოზიციებსა და დაპირებებს შორის მკვეთრი ზღვრის არარსებობაა. ამის გამო ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, პოლიტიკოსის გარეგნობა, ჩაცმულობა, საუბრის მანერა და ტონი, მისი წარსული, პირადი ცხოვრება და შედეგად არა ობიექტური, არამედ სუბიექტური რეალობის ამსახველ შედეგს ვიღებთ. რა თქმა უნდა, სუბიექტურ ფაქტორებს არჩევნებისას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის არ უნდა იყოს გადამწყვეტი.
ერთი და იმავე პოლიტიკური შინაარსის, ნაცნობი სახეებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ, თავიანთ პოლიტიკურ პოზიციებში ცვლილებები აუსრულებელი დაპირებებით გააძლიერონ. მათი პლატფორმები მიუღწეველი მიზნებითა და მმართველი ელიტის კრიტიკითაა შეკაზმული.
პროდასავლელები მთავრობას დასავლური ფასეულობების უგულებელყოფას სდებენ ბრალად, მათი ოპონენტები კი – ზედმეტად პროდასავლურობას, თუმცა არცერთი მათგანი მათ მიერ დასახული პერსპექტივების განხორციელების გზას არ სთავაზობს ამომრჩეველს. მაგალითად, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ნაცმოძრაობა“ და „სახელმწიფო ხალხისათვის“, „გირჩი“ და ა.შ. ვერ გვიჩვენებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების რეალურ გზას. მიუხედავად მათი ლიდერების დასავლეთში მრავალი ვიზიტისა, არ არის განსაზღვრული საქართველოს არც ნატოში, არც ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი.
ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ე.წ. ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერი პარტიები. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების რეალური გეგმა და რუსეთთან დაახლოების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა მათაც არ წარმოუდგენიათ.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციის ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ამა თუ იმ პერიოდში უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე მუშაობდა. მათ მაშინ ვერ მოახერხეს საკუთარი გეგმების განხორციელება და რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი ახლა?!
ამერიკასა და ევროპაში ლიდერებთან, კანონმდებლებთან შეხვედრის გამართვა, ფოტოს გადაღება და პრესაში შეხვედრის ირგვლივ ერთი-ორი სტატიის გამოქვეყნება არაა რთული საქმე და არც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ანალოგიური სიტუაციაა რუსეთში. რეალური გადაწყვეტილებები კი ამ შეხვედრების დროს არ მიიღება. ის მრავალწლიანი თანმიმდევრული მუშაობის შედეგად დგება.
ქართველი პოლიტიკოსები ორივე მიმართულებით მოკლევადიანი ეფექტის მქონე ქვეყნისათვის უშედეგო მეთოდს მიმართავენ. ისინი ჩადიან რუსეთში, ევროკავშირში ან აშშ-ში აფიქსირებენ შეხვედრებს, ძირითადად ქართულ, ზოგჯერ ადგილობრივ პრესაში აშუქებენ ამ შეხვედრებს და ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისათვის ცუდად შეფუთული ტყუილია. თითქოს შეხვედრა და ხელის ჩამორთმევა ადასტურებს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა დასავლური ან რუსული მხარდაჭერით სარგებლობს. მხარდაჭერა კონკრეტული მოქმედებაა, მაგალითად, რეალური სამხედრო ან ფინანსური დახმარება. აგრეთვე, კონკრეტული ინვესტიცია ქვეყანის ეკონომიკის რომელიმე სფეროში, რომელიც მთავრობის ან პოლიტიკური ძალის ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობითაა მიღწეული და არა მარტო შორეული მომავლის პერსპექტივის დასახვაა.
ქართველი პოლიტიკოსები უფრო მისნობით არიან დაკავებული. ისინი ცდილობენ ამოიცნონ, რა სურს მათი იდეალების ქვეყანას. შემდეგ მისნობით მიღებულ ინფორმაციას ახმაურებენ, როგორც მათი, ვითომ პარტნიორი ქვეყნის პოზიციას და ამ პოზიციის დაცვით არიან დაკავებული ადგილობრივ პოლიტიკურ ბაზარზე. ლიბერალებს ასეთ პოზიციად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მიაჩნიათ, ქართული ტრადიციების მომხრეებს – რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. აქედან გამომდინარე, მათდამი საზოგადოების ნდობა ნამდვილად არაა მაღალი.
ბოლო დროს მედიისა და საზოგადოების ყურადღება პარტია „ცენტრისტებმა“ მიიპყრო საკუთარი მკვეთრად რუსეთუმე პოზიციით. ეს ორგანიზაცია ცდილობს, მოსახლეობას ცრუ დაპირებებით აურიოს გონება, მაგალითად, რუსული პენსიებისა და რუსული ბაზების დაკანონების შესახებ. ისინი მოსახლეობას უმტკიცებენ, თითქოს მათ თავიანთი პოზიცია შეთანხმებული აქვთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა მართლაც გამართა შეხვედრები რუსეთში. მათ რუსულ მხარეს გარკვეული ფინანსების სანაცვლოდ, მათი აზრით, რუსეთისათვის სასარგებლო პოზიციების მხარდაჭერა აღუთქვეს.
ქართველი პოლიტიკოსები რუსებს შეჰპირდნენ მკვეთრად ანტიდასავლური პოზიციების გატარებას, მაგალითად, რუსული ბაზების დაკანონებას, ევროატლანტიკური არჩევანის საწინააღმდეგო მოქმედებას.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ქართულ პოლიტიკაში თანხების ინვესტირებაზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ შეხვედრაზე რუსეთის მხარემ რიტორიკული კითხვაც კი დაუსვა საქართველოს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, რატომ ჰგონიათ მათ, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებელი ძალების ხელისუფლებში მოსვლით. წყაროს ცნობით, საქართველოდან ჩასული პოლიტიკოსები მეტად უკმაყოფილო წამოსულან შეხვედრიდან. მათ მცირე ფინანსების მოზიდვა მაინც შეძლეს რუსეთში მოღვაწე ქართული დიასპორის რიგებში.
მეორე საინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში მთავრობიდან წამოსული პარტიების მიერ საკუთარი შესაძლებლობების თამასის დაწევაა. მთავრობიდან წამოსული „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ პოზიციის გასამყარებლად, რომ მათ გარეშე საქართველოს დასავლურ არჩევანს საფრთხე დაემუქრება, მაგალითად „ცენტრისტებისა“ და „მეჭიაური ერთიანი საქართველოსათვის“ არსებობა მოჰყავთ, თუმცა, მათივე პარტნიორი ამერიკული ორგანიზაციების სოციოლოგიური გამოკვლევის თანახმად, ასეთ არჩევანს საფრთხე არ ემუქრება.
რა საჭიროა ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა, თუ თავად პროდასავლური პარტიები არ არიან დაინტერესებული საქართველოში პრორუსული ძალების წინ წამოწევით, როდესაც ასეთ ძალებს არ აქვთ რეალური საშუალება და ფინანსები, გავლენა იქონიონ ქვეყნის საგარეო კურსზე? ამას ერთადერთი გამართლება აქვს. თავად ე.წ. პროდასავლური პარტიები აპირებენ რუსეთუმე ძალების სახით საფრთხობელას შექმნას, რათა საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად დასავლეთში ფინანსები მოიძიონ.
მოგეხსენებათ, ამერიკაში არჩევნებია და ამ დროს თანხების აკუმულირება ამ ქვეყანაში ხდება. საქართველოსათვის ამერიკელ დონორებს არ სცხელათ. ის კი არა, თურქეთში არ ხდება ლიბერალური ოპოზიციის დაფინანსება. თუმცა, დამეთანხმებით, რომ თურქეთი უფრო მეტად მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის, ვიდრე საქართველო. ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტის მიერ მკვეთრად ანტიდასავლური კურსის არჩევასთან ერთად, საქართველოში პრორუსული მთავრობის ყოფნის აუცილებლობა აღარაა.
რაც შეეხება რუსულ ბაზებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისედაც მრავლადაა ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები და არც მათი იქ ყოფნისათვის ითხოვენ რუსები ჩვენგან ნებართვას.
რაც შეეხება საკუთრივ საარჩევნო პროცესს, მთავარი პრობლემა საარჩევნო სუბიექტების მიერ საკუთარი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების არარსებობაა. საარჩევნო პროცესი საერთაშორისო ვექტორების არჩევაზეა გადასული. პოლიტიკოსები ცდილობენ, საგარეო კურსზე მეტად ისაუბრონ, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, რითიც, მათი აზრით, ქვეყნისა და საკუთარი თავის მნიშვნელობას ზრდიან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება, განსხვავებით 90-იანებისაგან, ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, გავლენა ვიქონიოთ მასზე, თუმცა კულუარული მუშაობის საშუალებას იძლევა.