globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Кавказский узел» (რუსეთი): ქართველი პოლიტოლოგების პროგნოზით,  მაჟორიტარების არჩევის დროს მეორე ტურია მოსალოდნელი

«Экономика сегодня» (რუსეთი): საქართველო და ნატო: როგორ გახდნენ ქართველები პოლიტიკური დემაგოგიის მსხვერპლნი

———————-

«Кавказский узел» (რუსეთი), 18 აგვისტო, 2016 წელი

http://www.kavkaz-uzel.eu/articles/287749/

ქართველი პოლიტოლოგების პროგნოზით, მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის დროს მეორე ტურია მოსალოდნელი

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, აქცენტი განსაკუთრებით გადატანილია პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებზე. საარჩევნო ოლქებში მკვეთრი კონკურენცია შეინიშნება, თუმცა, როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ამომრჩეველი ხმას რომელიმე ცალკეულ კანდიდატს კი არ მისცემს, არამედ იმ პარტიას, რომელმაც ესა თუ ის კანდიდატი წამოაყენა. გარდა ამისა, ექსპერტთა აზრით, გამორიცხული არაა, რომ თბილისის რიგ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტურიც გაიმართოს (ავტორი – ინა კუკუჯანოვა).

სტატიაში ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკური პარტიების დეპუტატობის კანდიდატები თბილისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. ყველაზე ვრცლად ნაჩვენებია მმართველი პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრ.საქართველოს“ მიერ ელექტორატისათვის ასარჩევად შეთავაზებული კანდიდატები.

ავტორი ესაუბრება პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს, რომლის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარული კანდიდატების არჩევის დროს ფაქტიურად ამომრჩეველი ხმას კანდიდატებს კი არ მისცემს, არამედ წარმომდგენ პარტიას: „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებისათვის ერთადერთი შანსი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია. ისინი პრაქტიკულად მის მორალურ და მატერიალურ რესურსებზე პარაზიტობენ, სარგებლობენ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტით სარგებლობენ. მე ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებას კანდიდატთა გვარ-სახელებში. ისეთი სიტუაცია ყალიბდება, რომ მათ პარლამენტში შესვლა მილიარდერის ავტორიტეტისა და რესურსების გამოყენებით სურთ“, – ამბობს გია ხუხაშვილი. მისი აზრით, ასეთ სიტუაციაში კანდიდატები არც დაიწყებენ ნორმალურ საარჩევნო კამპანიის წარმართვას, ყველაფერი იქნება ტრადიციული პრინციპით: „შეიძლება ცუდი ვარ, მაგრამ „ნაციონალები“ ჩემზე უარესები არიან. ამიტომ ხმა სადისტ „ნაციონალს“ კი არა, მე უნდა მომცეთ“.

ამასთან, როგორც ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარ დეპუატატების არჩევის დროს ამომრჩეველი ხმას, ფაქტიურად, კანდიდატს კი არა, მის წარმდგენ პარტიას მისცემს, მაჟორიტარებს პირველ ტურში გამარჯვება მაინც გაუჭირდებათ. მისი თქმით, დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი პოლიტიკაში ახალბედები არიან, მათ არ აქვთ გამოცდილება საკანონმდებლო საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა საკმარისი ხმები პირველ ტურში ვერცერთმა ვერ მოაგროვოს. „ვფიქრობ, თბილისის ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტური ჩატარდება“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე „კავკაზსკი უზელის“ ჟურნალისტთან საუბარში.

მსგავსი თვალსაზრისი აქვს პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბევრი მაჟორიტარი კანდიდატი პირველივე ტურში წარმატებას ვერ მიაღწევს. იგი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ბოლო ხანს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარს ჯერ კიდევ ვერ განუსაზღვრავს, თუ ვის უნდა მისცეს თავისი ხმა, ასეთ სიტუაციაში კი არჩევნების შედეგზე გავლენის მოხდენა ბევრ მოვლენას შეუძლია: „მოსახლეობა მთავრობისადმი უკიდურესად სკეპტიკურადაა განწყობილი, ამიტომაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატებისათვის პირველივე ტურში ხმების 50%-ზე მეტი რაოდენობის მიღება ძალიან რთული იქნება. ისეთ სიტუაციაში, როცა ელექტორატის ნახევარს მისთვის სასურველი კანდიდატი [პარტია] ჯერ ვერ გაურკვევია, ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ პროგნოზის გაკეთება ძნელია. ასეთ დროს არჩევნებზე გავლენის მოხდენა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტსაც კი შეუძლია“, – ამბობს გია ნოდია. პოლიტოლოგმა „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტთან საუბარში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მაგალითი გაიხსენა, როცა ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნება“ მოვიდა: ამორჩევლებზე მაშინ გადამწყვეტი გავლენა  ე.წ. „ციხის ვიდეომ“ – პატიმრების წამების ამსახველმა კადრებმა მოახდინა.

«Экономика сегодня» (რუსეთი), 18 აგვისტო, 2016 წელი

http://rueconomics.ru/191083-gruziya-i-nato-kak-gruziny-stali-zhertvoi-politicheskoi-demagogii

საქართველო და ნატო: როგორ გახდნენ ქართველები პოლიტიკური დემაგოგიის მსხვერპლნი

ინტერვიუში რუსი პოლიტოლოგი, ჟურნალ „პრობლემი ნაციონალნოი სტრატეგიის“ („ეროვნული სტრატეგიის პრობლემები“) მთ.რედაქტორი ანჯარ ქურთოვი კომენტარს უკეთებს  პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმად, აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის ბლოკებსგარეშე სტატუსი დაფიქსირდეს.

ანჯარ ქურთოვის აზრით, ნინო ბურჯანაძისა და მის მომხრეთა მოქმედება პოლიტიკური ბრძოლის ნაწილს წარმოადგენს. „საერთოდ, საქართველოს ბლოკსგარეშე სტატუსის იდეა არამარტო ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობას“ ეკუთვნის, არამედ „ცენტრისტთა“ პარტიასაც [რომელიც ორიოდე დღის წინათ არჩევნებიდან მოხსნეს]. უბრალოდ, საქართველოში მალე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და, შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დღეს იქ ატუალურ პოლიტიკურ ლოზუნგად ითვლება“. ასეთ სიტუაციაში ქართული პოლიტიკური პარტიები, ბუნებრივია, აკეთებენ განცხადებებს, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიმართ ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

„ცენტრისტები“ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებასა და ევრაზიულ კავშირში შესვლას გეგმავდნენ და, რასაკვირველია, მათ ფონზე ნინო ბურჯანაძე შედარებით უფრო ზომიერ პოლიტიკოსად გამოიყურება, მით უმეტეს, მას ისეთი პოლიტიკური ბეკგრაუნდი აქვს, რომელიც „ცენტრისტთა“ პოზიციას სერიოზულად ეწინააღმდეგება“, – ამბობს ანჯარ ქურთოვი.

ამასთან, ჟურნალ „პრობლემი ნაციონალნოი სტრატეგიის“ მთავარი რედაქტორის აზრით, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური წარსული მის გულწრფელობასა და თანმიმდევრულობაზე რიგ კითხვებს აჩენს: „ნინო ბურჯანაძე თავდაპირველად ჯერ ედუარდ შევარდნაძის თანაშემწე იყო, შემდეგ კი ედუარდ შევარდნაძის დამამხობელი მიხეილ სააკაშვილის მოკავშირე. მოგვიანებით, მათი გზები გაიყარა, ბურჯანაძე სააკაშვილის ოპოზიციაში გადავიდა. ამიტომაც იგი ხშირად დადის რუსეთში, ხვდება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და მოლაპარაკებას აწარმოებს. იგი თავის ინტერესების სასარგებლოდ იყენებს იმ ფაქტორს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილოა მოსკოვთან კავშირების გაწყვეტით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, რუსეთთანაა დაკავშირებული ქართული ბიზნესიც, რომელთანაც, როგორც ცნობილია, ნინო ბურჯანაძის ოჯახსაც აქვს კავშირი“, – ამბობს ანჯარ ქურთოვი და იმავდროულად ხაზს უსვამს: ნინო ბურჯანაძის წინადადება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში განუხორციელებელია.

„რომც გვინდოდეს, გვერდს მაინც ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ნატოს წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმია ჩატარებული. მისი შედეგები მოწმობს, რომ მოსახლეობის 70%-ს ალიანსში შესვლა სურს. გასაგებია, რომ რეფერენდუმი დემოკრატიული პრინციპების დარღვევითა და ხელისუფლების ხისტი ზეწოლის პირობებში ჩატარდა – მოსახლეობას აქტიურად უნერგავდნენ იმ აზრს, რომ ქართველებს ნატოში ხელგაშლილად ელოდებიან, თუმცა ასეთი რამ შეუძლებელი იყო რიგი მიზეზების, მათ შორის, ტერიტორიული პრობლემების მოუგვარებლობის გამო. რეფერენდუმმა საქართველო კიდევ უფრო მეტად დააშორა თავის ნაწილებს -  სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, რომლებიც თავს დამოუკიდებლად თვლიდნენ“, – ასკვნის ანჯარ ქურთოვი კორესპონდენტტან საუბარში.

„თუმცა, თუ ქართულ პოლიტიკურ პრობლემებს გადავხედავთ და [საგარეოპოლიტიკურ] სიტუაციას გავითვალისწინებთ, თბილისისათვის ბლოკებსგარეშე სტატუსი, ალბათ, ყველაზე უმჯობესი იქნებოდა: საქართველო ძალიან რთულ რეგიონში მდებარეობს. ეს ქვეყანა ყველა დროსა და ეპოქაში გარეშე ძალების ზეწოლას განიცდიდა, მაგალითად, ოსმალეთის იმპერიისა და სპარსეთის მხრიდან. შესაბამისად, ისინი საქართველოს ტერიტორიისათვის ერთმანეთს ხშირად ებრძოდნენ, ანუ თურქები და სპარსელები ურთიერთობას ქართველების ტერიტორიაზე „არკვევდნენ“. ამგვარი „გარკვევები“ შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა საქართველო რუსეთის  შემადგენლობაში შევიდა. მშვიდობამაც შედარებით სწორედ ამ პერიოდში დაისადგურა“.

„საქართველო რუსეთის ხელისუფლების მფარველობის ქვეშ ყოფნის პერიოდში სწრაფად ვითარდებოდა ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურადაც. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც მოხდა, იმას ვეღარ შევცვლით. დღეს, როცა საქართველოს სამხრეთით, ახლო აღმოსავლეთში, სიტუაცია დრამატულად ვითარდება, თბილისისათვის ბლოკგარეშე სტატუსი კარგი იქნებოდა, რათა ის რომელიმე კონფლიქტში არ იქნას ჩათრეული. სხვათა შორის, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, თუ როგორ ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ნდობის მოპოვებას ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის წინაშე და ამ მიზნით ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნა. მის ნაბიჯს მსხვერპლი და ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა. ამრიგად, ბლოკგარეშე სტატუსი საქართველოსთვის ერთგვარი „თავისუფლად ამოსუნთქვა“ იქნებოდა, ბარიერი იქნებოდა სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ ავანტიურებში ჩარევისათვის. ეს საშუალებას მისცემდა მთავრობას ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისათვის, რაც ესოდენ ბევრია ქვეყანაში. სხვა საქმეა, როცა დღეს საქართველოში ბურჯანაძის წინადადების რეალიზებისათვის პოლიტიკური შესაძლებლობები არ არსებობს. იქ ამჟამად ბრძოლა მიდის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და იმ ჯგუფს შორის, რომელივ მილიარდერ და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული“, – ამბობს „ეკონომიკა სეგოდნიას“ კორესპონდენტთან საუბარში ანჯარ ქურთოვი.

Comments are closed