globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 19th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Huffington Post» (აშშ): იმ დროს, როცა რუსეთ-ირანის კავშირები მტკიცდება, შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს – თავის ძირითად და წამყვან მოკავშირეს კავკასიაში

«The New York Times» (აშშ): კავკასიური კალიფორნია // საქართველო, თბილისი: ღვინის უძველესი კულტურა, თბილი აბანოები, გემრიელი კერძები და… არაჩვეულებრივი ელექტრონული მუსიკა

———————-

«The Huffington Post» (აშშ), 19 აგვისტო, 2016 წელი

http://www.huffingtonpost.com/dr-ariel-cohen/as-russia-and-iran-streng_b_11593012.html

იმ დროს, როცა რუსეთ-ირანის კავშირები მტკიცდება, შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს – თავის ძირითად და წამყვან მოკავშირეს კავკასიაში

არიელ კოენი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

(თავისუფალი თარგმანი)

ამ ზაფხულს შეერთებული შტატები წინასაარჩევნო ციებ-ცხელებითაა დაკავებული. ეს ზაფხული არც რუსეთისთვის არ არის წყნარი – რუსეთს არ სძინავს, მით უმეტეს, აგვისტოში და თანაც ოლიმპიური თამაშების დროს. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის გამწვავება – სოჭის ზამთრის ოლიმპიადას.

აშკარაა, რომ ვლადიმირ პუტინი ევრაზიაში ძალთა სტრატეგიულ ბალანსს ცვლის. „მეორე საბჭოთა კავშირის“ აღდგენა სრული სვლით მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რონალდ რეიგანის გამონათქვამის პერიფრაზით, პუტინის დოქტრინის არსი რუსეთის გამარჯვება და დასავლეთის წაგებაა.

რვა აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს ისტორიულ სამიტში – აზერბაიჯანის დედაქალაქში იგი თავის ირანელ და აზერბაიჯანელ კოლეგებს – ჰასან როუჰანსა და ილჰამ ალიევს შეხვდა და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის საკითხები განიხილა. მათთვის, ვინც არ იცის: „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანი – ესაა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც ამ სამ სახელმწიფოს არა მარტო ერთმანეთთან დააკავშირებს, არამედ ინდოეთთან და ევროპასთან, კავკასიის მეშვეობით. სხვათა შორის, „ჩრდილოეთ-სამხრეთს“ შეუძლია გაანეიტრალოს „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ეკონომიკური დერეფანი, რომელსაც დიდი ხანია მხარს დასავლეთი უჭერს.

რუსეთ-ირანის პოლიტიკური ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვისაკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინირებამ შეიძლება კავკასიაში ხელისუფლებათა ცვლა გამოიწვიოს, რაც შეერთებული შტატებისთვის და დასავლეთისთვის სერიოზული შედეგების მომტანი იქნება, განსაკუთრებით როგორც სომხეთისა და მის კონტროლქვეშ მყოფ მთიან ყარაბაღთან, ასევე რუსების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან (სამაჩაბლოსთან) მიმართებით. ეს ორი სეპარატისტული ანკლავი იურიდიულად საქართველოს შემადგენლობაში შედის.

ასეთი მოვლენების ფონზე და მით უმეტეს იმ დროს, როცა ვაშინგტონში ადმინისტრაცია მალე უნდა შეიცვალოს, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს [კავკასიის] სტრატეგიული რეგიონის მიმართ, რომელიც ატლანტიკურ სივრცესა და აზიას (აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიას), ირანს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამხრეთ კავკასია არის ის მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელიც აერთიანებს ატლანტის ოკეანეს და მის ნაწილებს – ხმელთაშუა და შავ ზღვებს, ჩაკეტილ კასპიის ზღვას და ცენტრალურ აზიას. სამხრეთ კავკასია ახალი „აბრეშუმის დიდი გზის“ დასავლეთ პლაცდარმს წარმოადგენს და ამიტომაც ამ რეგიონზე აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესები ვრცელდება. შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს საქართველოსთან – მის ერთგულ მოკავშირესთან და რეგიონის ყველაზე პროდასავლურად განწყობილ ქვეყანასთან არსებული ურთიერთობები.

თბილისს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ის ერაყულ მისიაში და ნატოს ავღანურ ოპერაციებში. საქართველოს, ოთხმილიონიან ქვეყანას, ავღანეთში 861 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კავკასიური ქვეყანა რაოდენობით მესამე მონაწილეა აშშ-ის (7 ათასი ჯარისკაცი) და გერმანიის (980 ჯარისკაცი) შემდეგ. საქართველო, რომელსაც კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობა ხელმძღვანელობს (პრემიერ გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი), ერთგულად იცავს დემოკრატიის პრინციპებს და, რუსეთის მუქარების მიუხედავად, მტკიცედ სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

საქართველო 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდა. 8 აგვისტოს ქართველებმა რუსეთის თავდასხმის მორიგი სამწუხარო წლისთავი აღნიშნეს. ამ ომში 170 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 1747 კი დაიჭრა. მართალია, ევროპის შუამავლობით რუსეთი დაეთანხმა [საქართველოსთან] დაზავებას, მაგრამ იმავდროულად მოსკოვმა დამოუკიდებლად აღაიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათთან თანამშრომლობა დაიწყო. ამ ფაქტმა საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და კასპიის ნავთობ-გაზის ტრანსპორტირების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც: [სეპარატისტებმა] ეთნიკური წმენდა განახორციელეს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან ქართველები  გამოდევნეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 აგვისტოს განაცხადა, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტს ავტონომიური რეგიონების მშვიდობიანი დაბრუნება წარმოადგენს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს [რუსეთის მიერ] აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ფაქტიურ ანექსიას. რუსეთმა [საქართველოს ორივე რეგიონი] თავის სამხედრო და ეკონომიკურ სისტემაში მოაქცია და კვლავ განაგრძობს მათ უკანონო ოკუპაციას. ამ ფონზე სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ირანის კავშირების გაფართოებას საქართველოსა და მის სუვერენიტეტზე [ნეგატიური] გავლენის მოხდენა შეუძლია.

მოსკოვს ადრეც არაერთგზის გადაუდგამს თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური ნაბიჯები: 2006 წელს რუსეთმა ემბარგო დაუწესა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რითაც ქართული ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. აკრძალვა 2012 წლამდე გაგრძელდა – მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა.

2014 წელს რუსეთმა საქართველო დასავლური ეკონომიკური სანქციებთან მიერთების გამო დასაჯა და მასთან [1990-იან წლებში ხელმოწერილი] თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა. გასულ წელს რუსეთმა ჩრდილოეთ ოსეთში სამხედრო მანევრები ჩაატარა, რომელიც აშკარად საქართველოზე ზეწოლას ნიშნავდა – იმ მიზნით, რომ თბილისს ნება მიეცა მოსკოვისათვის საქართველოს ტერიტორია სომხეთთან თანამშრომლობისთვის გამოეყენებინა.

რუსეთის მტრული დამოკიდებულების ფონზე, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მაინც მტკიცედ სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ვაშინგტონის მხარდაჭერა თბილისის მცდელობისადმი, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, საკმარისი არ არის.

ნატოს ვარშავის სამიტზე (8 ივლისს) ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ იმ „ახალ ნაბიჯებზე“, რომელიც საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის გაძლიერებას ითვალისწინებს (მასში შედის სამხედრო მმოსამსახურეთა სწავლება-მომზადებაც). გარდა ამისა, საქართველომ ფრანგულ კომპანიასთან გასულ თვეში ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამედროვე თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ორმხრივი დოკუმენტის დეტალური მონაცემები უცნობია. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, მთავარი მიზანი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფაა, ნატოს სტანდარტების დონის მიხედვით.

ვაშინგტონში მოსალოდნელი ცვილებების კვალობაზე, ჩვენი მოკავშირე საქართველო მეგობრულ დახმარებას ითხოვს. შეერთებული შტატები უნდა გაუფრთხილდეს საქართველოს დემოკრატიას, მათ შორის ორ ღია და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს – 2012 და 2016 წლებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააქტიუროს  საქართველოსადმი მხარდაჭერა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მის მიმართ ჩვენი წარუმატებლობა დაუშვებელია.

«The New York Times» (აშშ), 19 აგვისტო, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/08/18/t-magazine/travel/tbilisi-georgia-guide.html?_r=0

კავკასიური კალიფორნია

საქართველო, თბილისი: ღვინის უძველესი კულტურა, თბილი აბანოები, გემრიელი კერძები და… არაჩვეულებრივი ელექტრონული მუსიკა

„იმ დროს, როცა საქართველოს, შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარე ქვეყანას, დასავლეთისაგან „რკინის ფარდა“ ჰყოფდა, ბევრს ეს [რესპუბლიკა] საბჭოურ კალიფორნიად წარმოედგინა – სამხრეთ კაროლინის შტატზე უფრო ნაკლები ფართობით, მაგრამ მკვეთრად გამოხატული სხვადასხვაგვარი ლანდშაფტით. საქართველო ნაყოფიერებით განთქმული ქვეყნის რეპუტაციით სარგებლობდა – თავისი საუკეთესო ღვინოებით, ხილ-ბოსტნეულით და… ტალანტიური რეჟისორებით. „როცა მე 1970-იან წლებში ლენინგრადში ვსწავლობდი, – იხსენებს იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, – ჩვენ, ერთი ჯგუფი, თბილისში წაგვიყვანეს და უცებ შავ-თეთრი გარემოდან ფერად, ჯადოსნურ ქვეყანაში აღმოვჩნდით“. ასეთი შესავალი აქვს ვრცელ სტატიას, რომელშიც გადმოცემულია თბილისური შთაბეჭდილებები, თბილისური სტუმართმოყვარეობა, ისტორია, საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, ქართული კერძების განუმეორებლობა (ავტორი – გიზელა უილიამსი).

მდინარე მტკვრის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი, თავისი „მშვიდობის“ ხიდებითა და პარიზული ბულვარებით, რესტორნებით, აზიური სურნელის მქონე სამზარეულოთი და ბერლინური ელექტრონული მუსიკის სცენებით უცხოელ ტურისტებს მაგნიტივით იზიდავს, – წერს ავტორი და ამერიკელ მკითხველს, თბილისის ისტორიასთან ერთად, მის დღევანდელ მდგომარეობასაც აცნობს: „საოცარი ქალაქი, თავისი რომანტიულად ნარევი არქიტექტურით… აქ შეამჩნევთ სპარსულსაც, ოსმალურსაც, ბიზანტიურსაც, რუსულსაც და საბჭოურსაც. აქაა სუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები და მილიარდერის სუპერთანამედროვე ვილა, რომელიც ქალაქს ზემოდან უცხოპლანეტელი ხომალდივით გადმოჰყურებს“.

„ადგილობრივი სამზარეულოს ფესვები შორეულ მეექვსე საუკუნეში იმალება, როცა თბილისი „აბრეშუმის დიდ გზაზე“ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. ქართულ ღვინოებს კი უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ: სამხრეთ კავკასია მეღვინეობისა და მევენახეობის სამშობლოა, ხოლო ღვინის შესანახი ჭურჭელი – ქვევრი ჯერ კიდევ 8 ათასი წლის წინათ იყო ცნობილი“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ავტორი საუბრობს თბილისურ რესტორნებზე, სასტუმროებზე, მათ მფლობელებზე, ღამის კლუბებზე, ელექტრონულ მუსიკაზე და, საერთოდ, თბილისელებზე.

„თბილისში ბევრი მუზეუმია, რომლებიც ქვეყნის დიდებულ ისტორიას ინახავენ და საიმედოდ არიან დაცულნი. არის აგრეთვე თანამედროვე ხელოვნების რამდენიმე გალერეაც“, – აღნიშნულია სტატიაში. ავტორი მკითხველს აცნობს ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს, ფოტოგრაფებს, დიზაინერებს…

Comments are closed