globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 17 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 17th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Россия в глобальной политике» (რუსეთი), 16 იანვარი, 2015 წელი

www.globalaffairs.ru/diplomacy/Tedo-Dzhaparidze-My-ozhidali-ot-Rossii-bolshe-pozitiva-17259

ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: „ჩვენ რუსეთისაგან მეტ პოზიტივს ველოდით“

რუსეთის ანალიტიკურ ჟურნალ «Россия в глобалной политике»-ში გამოქვეყნებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ მიხეილ ვიგნანსკის საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრება: რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე, სამხრეთ კავკასიაში  შექმნილ ვითარებაზე…

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- რით განსხვავდება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა წინა ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკისაგან?

- 2012 წლის სემოდგომიდან ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა აღინიშნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის სტრატეგიული კურსით. სხვათა შორის, ალიანსთან მიმართ ჩვენი მიზნები არ შეგვიცვლია, მხოლოდ აქცენტები გადავაადგილეთ: შევწყვიტეთ „ნატოში გვინდას“ ყოველდღიური ყვირილი და რუტინული მუშაობა დავიწყეთ, რაც ყველაზე ძნელია. დასავლურთან ერთად, ჩვენს პოლიტიკაში გაჩნდა ახალი სეგმენტი – რუსეთთან ურთიერთობის დაწყება-განვითარება ნაკლებპოლიტიზებულ სფეროებში. როგორც ჩემმა რუსმა კოლეგამ ალექსეი პუშკოვმა თქვა, ჩვენ ვცდილობთ მოსკოვთან „ურთიერთობის აწყობას დიპლომატიური ურთიერთობის გარეშე“. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და ჩვენს შემთხვევაში პარტნიორების ერთმანეთთან შეუმჩნეველ დაახლოებას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩვენს „ღვინო-მინერალურ დიპლომატიას“ რუსეთმა აფხაზეთთან „სამოკავშირეო“ ხელშეკრულების გაფორმებით უპასუხა. იგივეს გეგმავს მოსკოვი სამხრეთ ოსეთთანაც, ანუ ჩვენს რეგიონებთან, რომლებთაც რუსეთის მიერ ოკუპირებულად ვთვლით. შეიძლება ითქვას, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობების საკითხი ჩარჩოს გარეთ გავიტანეთ და ამ დროს რუსეთმა, ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრირების გამო, ასეთი ნაბიჯი გადადგა. რასაკვირველია, ჩრდილოელ მეზობელთან ჩვენი კავშირები მხოლოდ „ბორჯომ-„წინანდლის“ მიწოდებით არ უნდა შემოიფარგლოს, მას პოლიტიკური კომპონენტი აკლია. არ დავმალავ და ვიტყვი: ილუზიები არ გვქონია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტ პოზიტიურ პოლიტიკურ ძვრებს მოველოდით რუსეთისაგან. ამოცანები იგივე გვაქვს: დასავლურ ინსტიტუტებთან იტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან აცილება. ალბათ, 2015 წელიც არაპროგნოზირებადი იქნება, 2014-ის მსგავსად. ჩვენთვის საგარეო პოლიტიკური კვინტეესენცია ასეთია: მეტი პრაგმატიზმი და რეალიზმი, ანუ მოკლედ, გვჭირდება „რეალ-პოლიტიკა“.

ჩვენი კურსი დასავლური ფასეულობების, ორინეტირებისა და იდეალებისკენაა, მაგრამ ამ კურსს ბრმად არ უნდა მივყვეთ. ნატო ფრთხილობს და ჩვენს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზებას ერიდება, ამიტომაც თავს იკავებს ჩვენთვის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული გეგმის მოცემისაგან.. რას ვიზამთ, ეს რეალობაა, საჭიროა წინ ვიაროთ ამ რეალობის გათვალისწინებით. აბა, იმის შიშით, რომ რუსები განრისხდებიანო, საქართველო თავის განაცხადს ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ უკან ხომ არ წამოიღებს! მაგრამ აქ კონტრშეკითხვა ჩნდება, რომელიც წლების განმავლობაში ჩემს თავს ვუსვამ: რას გვთავაზობს სანაცვლოდ რუსეთი?

- ზოგიერთი ექსპერტი საქართველოს „ფინეთიზაციაზე“ საუბრობს, ანუ ნეიტრალური პოლიტიკის ფინურ გამოცდილებაზე…

- დიახ, საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზოგიერთი წარმომადგენელი მართლაც ასე ლაპარაკობს – თუ ნატოში არ გვიღებენ, მაშინ „ფინეთიზაცია“ ქვეყნისათვის ყველაზე გონივრული იქნებოდაო. მე ამას აკადემიურ დისკუსიას ვუწოდებდი: ჯერ ერთი,  ამ „ფინეთიზაციის“ რეალიზებისათვის ჩვენ ფინელები უნდა ვიყოთ, პრაგმატიკოსები და რეალისტები განსაკუთრებული მენტალობით, წინააღმდეგობის გაწევა უნდა სეგვეძლოს და ტანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ჩვენი სტრატეგიული , სასიცოცხლო ინტერესები; მეორე – მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის, რომ „ფინეთიზაციის’ პროცესი განსაკუტრებულ ისტორიულ პერიოდში მიმდინარეობდა, ანუ არსებობდა განსაკუთრებული ისტორიული გარემო ამ მოდელის ცხოვრებაში გატარებისათვის. და კიდევ ერთი მომენტი: რუსეთი იმ პერიოდში ფინეთს თავის ე.წ. „უკანა ეზოდ“ განიხილავდა, საქართველო კი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ – უმნიშვნელოვანესი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომელიც რუსეთისათვის მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის (და არა მარტო მისი) კონტროლს ნიშნავს.

მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში „ფინეთიზაცია“ საქართველოს, ალბათ, დროის მოგების საშუალებას მისცემდა. შესაძლოა ამ ხნის განმავლობაში რუსეთშიც რაღაც ჩვენთვის სასარგებლო ცვლილებები მოხდება… მოკლედ, ამ თვალსაზრისის არსი ასეთია: საქართველო არაფერს მნიშვნელოვანს არ დაკარგავს, რადგან მას მაინც არ აქვს მდგრადი უსაფრთხოების განცდა მანამ, სანამ ქვეყანა ნატოში შესასვლელი გზების ძიებაში იმყოფება.

მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს რომელიმე ლიდერი ნეიტრალიტეტის იდეას დაიცავდა და ქვეყნის შიგნით ოპონენტების ობსტრუქციის ობიექტი არ გახდებოდა, მას ასევე არ დააკლდებოდა ბევრი უცხოური სახელმწიფოც კრიტიკაც… შემდეგ მას მოჰყვებოდა „რუსეთუმეს“ იარლიყების მიწებება… რატომ მაინც და მაინც „რუსეთუმე“? განა მხოლოდ რუსეთს შეუძლია ნეიტრალიტეტის მოდელის გარანტი იყოს? სადაა ევროკავშირი, აშშ, თურქეთი, რომლებიც, იდეის თანახმად, ნეიტრალიტეტის გარანტები უნდა იყვნენ? რაღაც არ გამიგია ამ ქვეყნების მიერ გამოგზავნილი სერიოზული სიგნალი ნეიტრალიტეტის გარანტობის თაობაზე.

ასე რომ, შევთანხმდეთ, რომ ასეთი არჩევანი „პროდასავლური ვექტორისადმი  ღალატის“ ტოლფასია. ასეთი ქართველი ლიდერი რუსეთის მარიონეტად აღიქმებოდა. გარდა ამისა, განა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ნეიტრალიტეტის დეკლარაციას რუსეთი პატივს სცემს? შევხედოთ უკრაინას და მოლდოვას და დავინახავთ, რასთან მიგვიყვანს მსგავსი „ნეიტრალიტეტი“ თუ ვინმე თვლის, რომ 2008 წლის ზაფხულის ომი საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვამ გამოიწვია, მაშინ უკრაინა ხომ ბლოკსგარეშე სახელმწიფო იყო, რატომ დაიკავა რუსეთმა ყირიმი? რატომ დაივიწყა მოსკოვმა ბუდაპეშტის მემორანდუმი და რატომ დაუჭირა მხარი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს?

ზოგადი დასკვნა ასეთია: „ფინეთიზაცია“ შეასუსტებდა რუსეთის ახალი აგრესიის რისკს, მაგრამ უსაფრთხოების ფაქტიური გარანტი ვერ გახდებოდა.

- რა იქნება უკეთესი საქართველოსთვის ასეთ პირობებში?

- პროგრესის მიღწევა ასეთი გზით: ნაკლები რიტორიკა და მეტი საქმე. რას ნიშნავს ეს? რასაკვირველია, რუსეთი არ დაივიწყებს იმას, რომ საქართველო პროდასავლურ კურსით მიდის, მაგრამ მოსკოვისათვის ამ კურსზე თვალის დახუჭვა უფრო იოლი იქნება, თუ ჩვენ მოვეშვებით ხმამაღალ ლაპარაკს და მეტ ენერგიას შრომაში დავხარჯავთ. ჩვენთვის სუალედური ინსტრუმენტებია ნატოს ყოველწლიური პროგრამები უელსში მიღებული „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის“ იმპლემენტაცია, რაზედაც ამ დღეებში ნატოს გენმდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმაც აღნიშნა – „საქართველოს ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს პროგრესისათვისო“. თუ საქართველო რუსეთთან კონფრონტაციას თავს აარიდებს, მაშინ ამერიკას, ევროკავშირს და ნატოს მანევრირების უფრო ფართო სივრცე ექნებათ რუსეთთან დიალოგისათვის. და თუ რუსეთთან ისევ დაპირისპირებას დავიწყებთ, ეს დასავლეთს „თავის ტკივილს“ გაუმრავლებდა. ასე რომ, მოსკოვთან დამოკიდებულების მოგვარება საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისათვის უფრო მიმზიდველ და პროგნოზირებად პარტნიორად გადააქცევდა. ეს დადებითად აისახებოდა „ქარღთული ოცნების“ იმიჯზეც. აი, აქ დროული იქნება გავიხსენოთ: ჩვენი დასავლეთისაკენ მოძრაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, ედუარდ შევარდნაძის დროს და ამიტომაც წინა ხელისუფლების მიერ ამის ექსკლუზიურად მიწერა საკუთარი თავისათვის არანაირად არაა გამართლებული.

ჩვენთვის ევროკავშირისაკენ სწრაფვის ხაზგასმა უფრო უკეთესია, რადგან ეს სამხედრო ინტეგრაციას კი არ ეხება, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრირებას. ზოგჯერ ისე ჩანს, რომ ამას რუსეთიც ეთანხმება. შესაძლოა იმიტომ, რომ საქართველოსთვის ევრიოკავშირში გაწევრიანება შორი პერსპექტივაა, ანუ კონტურები ისე მკვეთრი არაა, როგორც ეს ნატოსთან მიმართებით ჩანს. „ქართული ოცნების“ მთავრობა თანმიმდევრულად იცავს თავს ადგილობრივთა კრიტიკისაგან – მათგან, ვინც თვლის, რომ რუსეთთან დიალოგი არ უნდა ვაწარმოოთ. ჩვენი პასუხი მათთვის ასეთია: ყოველი სახელმწიფოს ყოველი კომპეტენტური ხელისუფლება აცნობიერებს დიდ მეზობელ სახელმწიფოსთან სტაბილური ურთიერთობების აუცილებლობას. რუსეთთან ურთიერთობის ხელშემშლელი ძალები არიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც, მაგრამ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ  მომზადებული ვიყოთ პოტენციური საფრთხეებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ოპოზიცია გვთავაზობდა, რომ რუსეთის მიმართ გამოცხადებულ სანქციებში ჩვენც ჩავრთულიყავით. მაგრამ ამით დასავლეთს იმდენად ვერაფრით დავეხმარებოდით, საკუთარ თავს კი ზიანს მივაყენებდით – გეოგრაფიის, უსაფრთხოების, ვაჭრობის საკითხებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს ხელმძღვანელების შეხვედრის საკითხს: საჭიროა შეხვედრის სათანადო დონეზე მომზადება. ლიდერების ურთიერთნდობა მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ყოველი საკითხის განხილვის დროს. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთზე, არამედ ვაჭრობაზე, რეგიონულ თანამშრომლობაზე, საერთო გამოწვევებზე – ისეთებზე, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის პრობლემა, ისლამური რადიკალების საკითხი ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ იმდენს ვერაფერს დადებითს ვერ მივაღწევთ, თუ რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს პროტესტის ნიშნად თავს ავარიდებთ. ჩვენ უნდა ვეძებოთ, სად და როგორი გზებით მივაღწიოთ ჩვენთვის სასარგებლო შედეგებს. უნდა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომლებშიც საქართველო და რუსეთი ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან… საქართველოს უსაფრთხოება ხომ რუსეთის უსაფრთხოებასთანმაა დაკავშირებული – ჩვენც ვართ დაინტერესებული ჩრდილო კავკასიის სტაბილურობით. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს არანაირად არ აწყობს არასტაბილურობა, მით უმეტეს რუსეთ-საქართველოს მზარდი სავაჭრო ურთიერთობების ფონზე და იმ ფულადი თანხების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთში მომუშავე ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში აგზავნიან.

ამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო კავშირების თაობაზეც. ისინი, ვინც მომხრეები არიან, ამბობენ, რომ ამით საქართველო აჩვენებდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და რომ ამით ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი მეზობლების ეკონომიკური განვითარების არჩევანის უფლებას. ამბობენ იმასაც, რომ მკაცრი კონტროლი უნდა დავაწესოთ, რათა არ იქნას გადაზიდული სამხედრო ტვირთები. ეს ძალიან რთული თემაა. აქ უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენი აზრბაიჯანელი მეზობლის ინტერესებიც.

- მთიანი ყარაბაღი ახსენეთ. გასულ 2014 წელი იქ დაპირისპირების გამწვავებით აღინიშნა. როგორი რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველომ?

- ჩვენს წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან ერთ-ერთი სწორედ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ღმერთმა ნუ ქნას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი განახლდეს. რის გაკეთება შეუძლია საქართველოს? მაგალითად, მოლაპარაკების ადგილის შეთავაზება. სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შესაძლებლობა ექნებათ შეაფასონ ასეთი შეხვედრები, რომლებიც დამოკიდებული არ იქნება ევროპელებზე, ამერიკელებზე ან რუსებზე. თავის მხრივ, დასავლეთიც, ალბათ, დადებითად შეხედავს და მხარს დაუჭერს საქართველოს ამგვარ მოქმედებას, რეგიონული გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

საქართველო მიუმხრობელი მოთამაშეა, რეგიონის ერთაერთი ქვეყანა, რომელსაც თანაბარი ურთიერთობები აქვს მეზობლებთან. ესე იგი, შეგვიძლია კონფლიქტების მოგვარებაში დახმარების გაწევა. გარდა ამისა, საქართველოს მდიდარი შესაძლებლობები აქვს რეგიონული პროექტების რეალიზების სფეროში. სომხეთი სამხრეთ კავკასიის ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა და ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსეთზე. საჭიროა ერთობლივი პროექტების შემუშავება და მათი გაფართოება… მოკლედ, ჩვენი წარმატებების გასაღები ჩვენს ხელშია.

თბილისი არ მალავს თავის უკმაყოფილებას, რომ უკრაინის მთავრობაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ინიშნებიან. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ ურჩია კიევს თავი შორს დაიჭიროს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისაგან, მაგრამ ამ მოწოდებას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. არაა გამორიცხული საქართველო-უკრაინის ურთიერთობის გაუარესება. ამ ფონზე თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრებს განზრახული გაქვთ კიევს ეწვიოთ. როგორ გავიგოთ ეს?

ქართველი ხალხი ამ მძიმე დღეებში უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელებს, ვცდილობთ მათ თავს დამტყდარი უბედურება გადავატანინოთ, ფრთხილად ვმოქმედებთ… იგივეს ვთხოვთ უკრაინელებსაც. განა უცნობია ის, რომ უკრაინის მტავრობაში მიწვეულ ქართველ ჩინოვნიკებს თავიანთი წვლილი აქვთ, პირდაპირ თუ ირიბად, შეტანილი ტოტალიტარული სისტემის მშენებლობაში. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ყოველმა მეათე მოქალაქემ ციხე გამოსცადა ან პრობაციონერი იყო. ეს ხომ საშინელი სტატისტიკაა! კი, 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ რაღაც კარგიც გააკეთეს, ქართული სახელმწიფო მოძლიერდა, მაგრამ ზოგადად სისტემა უკონტროლო იყო და მხოლოდ ერთი ადამიანის, ან მასთან დაახლოებული ერთი მუჭა ადამიანების მოთხოვნილებათ უზრუნველყოფისათვის მუშაობდა. დიახ, პოლიციისთვის გამჭვირვალე შენობები შენდებოდა, მაგრამ შიგნით რა ხდებოდა, ამას მაინც ვერავინ ხედავდა. ეს იყო „პოტიომკინის სოფლები“! ეს იყო სისტემა, სადაც ერთმანეთში აირია ჯონათან სვიფტის კარიკატურული ფორმები და ჯორჯ ორუელის შავ მონათხრობი… უკრაინელები ფიქრობენ, რომ ამ ადამიანებმა საკუთარ შეცდომებზე დასკვნები გააკეთეს და შეცდომებს აღარ გაიმეორებენ? ძალიან მეეჭვება… რას ვიზამთ, ეს ჩვენი უკრაინელი პარტნიორების არჩევანია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. როგორც ამბობენ ხოლმე, „ორშაბათიც გათენდება და ვნახავთ, რა იქნება“. ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას და კიდევ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო არენაზე, გავაერთიანებთ ზალისხმევას ევროკავშირთან ასოცირების საკითხში და მზად ვართ ოფიციალურ დონეზე ყველანაირად დავეხმაროთ.

«Առավոտ» (სომხეთი), 17 იანვარი, 2015 წელი

http://ru.aravot.am/2015/01/17/186125/

ინტერვიუ პოლიტოლოგ არმენ გრიგორიანთან: „ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობას რუსეთი საქართველოზე ზეწოლისათვის გამოიყენებს“

გაზეთ „არავოტ“ისათვის მიცემულ ინტერვიუში სომეხი პოლიტოლოგი არმენ გრიგორიანი, სხვა საკითხებთან ერთად, კომენტარს უკეთებს რუსეთ-სომხეთისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს (ესაუბრება ჟურნალისტი ემა გაბრიელიანი).

გთავაზობთ ამონარიდს:

„სომხეთს ევრაზიულ ეკონომიკური კავშირის წევრობა არანაირ ეკონომიკურ სიკეთეს არ მოუტანს, პირიქით – შეიძლება უახლოეს ხანში სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციის წყაროდ იქცეს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, რუსეთი სომხეთს სამხრეთ კავკასიაში თავის მორიგი აგრესიის მიზეზად გამოიყენებს. მოსკოვს სრულიადაც არ იანტერესებს სომხეთის ეკონომიკური განვითარება. კრემლს ჩვენი ქვეყანა საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელების ბერკეტად მიაჩნია. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ რუსეთისა და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პრეზიდენტებმა და მინისტრებმა, რომ „ევრაზიული კავშირი“ მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანებააო, ეს სიცრუეა.

ევრაზიულ კავშირში სომხეთის წევრობას რუსეთი საქართველოზე ზეწოლისათვის გამოიყენებს. რუსული მხარე არ მალავს, რომ მას სურს სომხეთთან მდგრადი სატრანსპორტო კავშირის უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ მდებარე სამხედრო ბაზებთან მტკიცე სახმელეთო კავშირი ჰქონდეს. კრემლის მიზანია აგრეთვე არ დაუშვას საქართველოში ნატოს ინსტრუქტორებიც ჩამოსვლა და მისი შემდგომი ინტეგრირება ევროკავშირთან. სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტადაა მიმართული აგრეთვე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო უახლოეს ხანში – რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც“, – განაცხადა ინტერვიუში პოლიტოლოგმა არმენ გრიგორიანმა.

«Eспресо TV» (უკრაინა), 16 იანვარი, 2015 წელი

http://espreso.tv/news/2015/01/16/saakashvili_radyt_zaluchaty

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორების მიწვევას ურჩევს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მიიჩნევს, რომ უკრაინელი მებრძოლების მოსამზადებლად აუცილებლად საჭიროა დასავლელი ინსტრუქტორების დახმარება და იმავდროულად არ უნდა შემცირდეს ანტიტერორისტული ოპერაციის ინტენსივობა. ასე განაცხადა მან უკრაინის ტელეკომპანია «Eспресо TV»-ის პროგრამა «Нiчний телеекспрес»-ის ეთერში (სკაიპის მეშვეობით).

„ერთი მხრივ, საჭიროა თავდაცვის გაძლიერება და იმავდროულად ოპერაციის გეგმების ოპერატიული ცვლილება, სიტუაციის შესაბამისად. ჩემი აზრით აუცილებელია სასწრაფოდ მიიწვიოთ კიევში დასავლელი ინსტრუქტორები და ის ადამიანები, რომლებმაც სამხედრო მომზადების დასავლური სკოლა გაიარეს. მათ შეუძლიათ ორი ან სამი თვის განმავლობაში გადაამზადონ უკრაინელი ჯარისკაცები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე დაამატა: „მეორე მხრივ, ვხედავ, რომ უკრაინელი სამხედროების საბრძოლო სულისკვეთება მაღალია და ამიტომ, საჭიროა საბრძოლო ოპერაციებში ცვლილებების შეტანა. საერთოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები უნდა გარდაიქმნას და არმიის ახალი სტრუქტურა შემუშავდეს“.

დევნილი ქართველი ლიდერის თქმით, არ შეიძლება წინააღმდეგობის შესუსტება, „თორემ ცხელი ომი ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზრდება“. „ძლიერი სამხედრო წინააღმდეგობის გარეშე ეს ისტორია არასოდეს დასრულდება. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს მსხვერპლის ლიმიტი აქვს: რამდენი ჯარისკაცის სიკვდილს მოითმენს რუსული საზოგადოება… ავღანეთში რუსული მრავალმილიონიანი სახელმწიფოდან 15 ათასი რუსი დაიღუპა, ახლა კი რუსეთის მოსახლეობა [საბჭოთა კავშირთან შედარებით], უფრო ნაკლებია და რაც უფრო მეტი „ტვირთი-200“ (კუბო) გაიგზავნება რუსეთში, მით უფრო მალე ამოიწურება რუსეთის ლიმიტი“, – თვლის მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი ლიდერის თქმით, დღეს ვლადიმერ პუტინის მანევრები ძალიან შეზღუდულია: რუსეთის ომი უკრაინასთან რუსულ საზოგადოებაში ისეთი პოპულარული აღარ არის, როგორც ეს საქართველოსთან იყო 2008 წლის აგვისტოში.

„რატომ შემოვიდა პუტინი საქართველოში თავისი 100 ათასიანი არმიით? იმიტომ, რომ საქართველოსთან ომის წარმატებულად წარმოჩენა  რუსულ საზოგადოებაში ადვილი იყო, მაგრამ უკრაინასთან ომის წარმატებულად წარდგენა მას გაუჭირდება. იგი დიდხანს ვერ გააგრძელებს რუსი ხალხისთვის ტყუილებით „გამოკვებას“… „ვლადიმერ პუტინი საზოგადოების განწყობას უყურებს. მას ჰქონდა გეგმა სამხრეთით ყირიმთან მისაერთებლად დერეფანი გაეკეთებინა, მაგრამ ნავთობის ფასებმა დაიწია, რუბლი გაუფასურდა, ეკონომიკის ტემპები სწრაფად კლებულობს, მოსახლეობის უკმაყოფილება კი მატულობს, ამიტომ მან ეს გეგმა ვეღარ განახორციელა. ახლა სიტუაციას უყურებს… გამოუცხადებელ ომს აქვს თავისი პლიუსები, მაგრამ აქვს დიდი მინუსებიც – მოსახლეობა დიდხანს ვეღარ მოითმენს იმას, რომ რუსი ჯარისკაცები იღუპებიან… უბრალოდ, უკრაინამ კიდევ ცოტა ხანს უნდა გაუძლოს ამ სიტუაციას… რაც უფრო მედგრად გაუძლებთ, მით უფრო მოახლოვდება გამარჯვება“, – გაამხნევა უკრაინელები მიხეილ სააკაშვილმა.

Comments are closed