globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დენიელ ფრიდთან: „ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს“ // „ეუთოს ანგარიში, რომლის მიხედვით, საქართველო რუსეთის პროვოკაციაზე წამოეგო, სწორია“ //  „ვარშავის სამიტზე რომ ამერიკას საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემა მოეთხოვა, მოთხოვნა უშედეგოდ დამთავრდებოდა. განა რა შედეგს მოუტანდა ეს საქართველოს?“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბები: ვინ დგას გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან? // ყოფილ პირველ ლედს პარლამენტის წევრობა მოუნდა // „მოგვეცით მარიხუანის დაუსჯელად მოწევის უფლება“

«Газета по-украiнскьки» (უკრაინა): ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: „გამოცდილების გაზიარების საკითხში უკრაინისათვის ყველაზე ახლოს საქართველო დგას, სადაც გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა“

«Haaretz» (ისრაელი): აფხაზური სამზარეულო, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს // აფხაზური სამზარეულოს საზღვრები, კონფლიქტურ რეგიონზე გამავალი პოლიტიკური საზღვრების მსგავსად, ძნელი გასარკვევია

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/dan-fried-on-russia/3483881.html

ინტერვიუ დენიელ ფრიდთან: „ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს“ // „ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია“ //  „ვარშავის სამიტზე რომ ამერიკას საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემა მოეთხოვა, მოთხოვნა უშედეგოდ დამთავრდებოდა და განა რა შედეგს მოუტანდა ეს საქართველოს?“

ია მეურმიშვილი

(შემოკლებით)

“ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ დენიელ ფრიდს რუსეთ-საქართველოს ომზე და მის შედეგებზე ესაუბრა. ექსკლუზიურ ინტერვიუში, ფრიდმა, რომელიც წარსულში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთოებებზეც ისაუბრა.

- რუსეთ-საქართველოს ომის დროს თქვენ სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყავით. როგორ ფიქრობთ, ომი გარდაუვალი იყო?

- ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, რომ ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა.

- ომის შემდეგ ამერიკაში, ევროპაში და საქართველოში გაჩნდა შეხედულება, რომ ამერიკის მხარდაჭერამ, რომელიც უპირობო მხარდაჭერად აღიქმებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი წააქეზა რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა. თქვენ რას ფიქრობთ?

- ამ შეხედულებას არ ვეთანხმები – პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე – მიხეილ სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა, მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა.

მიხეილ სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს იმაში რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ეს შეხედულება ამერიკის პოზიციასაც არასწორად წარმოაჩენს. მახსოვს იყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკამ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ „სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს“. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს.

- თქვენი აზრით, დასავლეთის რეაქცია ამ ომზე ადეკვატური იყო – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა?

- დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება, ალბათ, შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით, ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და ვფიქრობ ეს ეფექტური იყო.

- ომამდე რამდენიმე თვით ადრე, ნატომ ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მანამდე არნახული მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გავხდება. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში, რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ, ეს მხარდაჭერა გაქრა. უკრაინის შემთხვევაშიც თითქმის იგივე სცენარი განვითარდა, მაგრამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დაუწესდა. რა განსხვავება იყო უკრაინასა და საქართველოს შორის?

- უმთავრესი განსხვავება ისაა, რომ დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით გაყოფილი იყო და უკრაინასთან დაკავშირებით კი არა. კანცლერი მერკელი სააკაშვილს ყოველთვის სკეპტიკურად აფასებდა. პრეზიდენტ სააკაშვილს ისტორიკოსები შეაფასებენ – მას ჰქონდა დადებითი მხარეები და ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა. ამასთან, დასავლეთმა არ იცოდა როგორ შეედგინა სანქციები. სანქციებზე უფრო მეტი ვისწავლეთ 2008 წელს, ირანის გამოცდილების შემდეგ. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთი ერთიანი იყო, გერმანიას ძლიერი პოზიცია ჰქონდა და სანქციებშიც მეტი გამოცდილება გვქონდა. ბუშის ადმინისტრაციამ ომის შემდეგ სანქციების დაწესება განიხილა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთი გაერთიანებული არ იყო, გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ამერიკის ორმხრივი სანქციები შედეგს არ მოიტანდა. გარდა ამისა, ბუშის ადმინისტრაციას დრო და ენერგია აღარ ჰქონდა დარჩენილი. რუსეთზე სანქციების დაწესების ნაცვლად, ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ამ ძალისხმევაში მაშინ ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა სენატრომა ჯო ბაიდენმა დიდი დახმარება გაგვიწია.

- როგორ ფიქრობთ, 2008 წელს რუსეთის დაუსჯელობმა წააქეზა კრემლი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკის შემუშავებისკენ? მიგაჩნიათ თუ არა რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა 2014 წლის უკრაინამდე მიგვიყვანა?

-ვისურვებდი, რომ ამას არ ვამბობდე, მაგრამ ვფიქრობ მართალი ხართ. რუსებმა შესაძლოა იფიქრეს, რომ ეს ომი გაუვიდათ. და შეიძლება იფიქრეს, რომ უკრაინის შემთხვევაშიც, დასავლეთის რეაქცია ისევე დაყოფილი იქნებოდა. ისინი შეცდნენ. ვფიქრობ ამან ისინი გააკვირვა, რადგან მგონი არ ელოდნენ დასავლეთის ერთიანობას და განსაკუთრებით სანქციებს. დასავლეთს გარკვეული დრო დასჭირდა იმისთვის, რომ საქართველოში მიღებული გამოცდილება გაეცნობიერებინა.

- ​რამ შეუწყო დასავლეთს ხელი ამ გამოცდილების გაცნობიერებაში? რა იყო ეს- დასავლეური ღირებულებების დაცვა, უსაფრთხოება, თუ რაიმე სხვა?

- ყველა ეგ ფაქტორი ერთად. ჩემი აზრით, დასავლეთმა თავდაპირველად საქართველოს ომი ცალკეულ შემთხვევად ჩათვალა. ევროპაში იყო შეხედულება, რომ რუსებმა ეს საქართველოს იმიტომ გაუკეთეს, რომ იქ სააკაშვილი იყო. როცა რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, დასავლეთმა გააცნობერა, რომ საქართველო ცალკეული შემთხვევა არ იყო.

- თქვენ ნატოს გაფართოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე იყავით 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში. ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაც თქვენი დიდი დამსახურებაა. დღეს როგორ აფასებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას?

- ამერიკამ, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მმართველობის დროს, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები დაიცვა. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დღეს გმირული პერიოდი არ არის. იზოლაციონისტური ძალები ამერიკაშიც და ევროპაშიც მომძლავრდნენ. ეს ფაქტია! მე ეს არ მომწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალურად შევაფასოთ გამოწვევები. ასევე მნიშვნელოვანია, რუსეთს არ მივცეთ ამის ბოროტად გამოყენების საშუალება ან საქართველოს სუვერენიტეტთან ან არჩევანთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისზე წავიდეთ. მოკლევადიან პერსპექტივაში, დიდი წინსვლა არ გვექნება. 1990-ანებსა და 2000-ანების დასაწყისში საქართველომ, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყანამ ვერ შეძლო იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ჰქონდათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არსებული მდგომარეობა სამუდამოა. მაგრამ ამასთან, არ უნდა შევიქმნათ გადაჭარბებული წარმოდგენა იმაზე, თუ რის მიღწევა შეგვიძლია ახლო პერსპექტივაში, მაგრამ არასოდეს უნდა შევაფასოთ ნაკლებად ის, რისი მიღწევაც მომავალშია შესაძლებელი. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის იქნება ის, რომ გააკეთეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ მოცემულ დროში იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც გაქვთ. არ იფიქროთ, რომ მიმდინარე სირთულეები, რომლებიც დასავლეთში დღეს გვაქვს, სამუდამოდ ასე დარჩება და თქვენი მიზნები ამ დასკვნას არ დაუკავშიროთ.

- ამ შეხედულების კონტრ-არგუმენტი და რუსული რბილი ძალის ნარატივიც ის არის, რომ ნატო უკვე დიდი ხანია თავს იკავებს საქართველოსთან დაახლოებისგან, რომ ნატო საქართველოს არასოდეს მიიღებს სრულფასოვნად წევრად. როგორ შეიძლება ამ ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ცხადად ჩანს ის, რომ დასავლეთი არ არის მზად საქართველო თანასწორუფლებიან წევრად მიიღოს?

- ეს იმაზეა დამოკიდებული ტაქტიკურად მიუდგები ამ საკითხს თუ სტრატეგიულად. მართალია ის, რომ ვარშავის სამიტზე ნატომ საქართველოს სამოქმედო გეგმა არ შესთავაზა. შეერთებულ შტატებს ეს რომ მოეთხოვა, ძალისხმევა უშედეგოდ დამთავრდებოდა და რა შედეგს მოუტანდა ეს საქართველოს? თუ საქართველო თვლის, რომ ნატოსგან მოკლევადიანი მოგების მიღება მისთვის სასარგებლოა, ვფიქრობ, ეს შეცდომა იქნება. საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა დაინახოს საკუთარი თავი – გააძლიეროს ინსტიტუტები, დემოკრატია. 1990-ანების ბოლოს პოლონელებიც იგივე სიტუაციაში იყვნენ. მაშინ მე მათ ვეუბნებოდი, მოითმინეთ, თქვენი დრო მოვა, შინ ყველაფერი გამართეთ და დაელოდეთ. სწორედ ასეც მოხდა. საქართველომ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ნატოს წევრობა მიზნის მისაღწევი საშუალებაა. რა არის მიზანი, რომლის მიღწევაც საქართველოს სურს? ქართველები მეუბნებიან, რომ მათი მიზანი სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებაა, რომელიც ევროპის ნაწილი იქნება. ძალიან კარგი, მაშინ იმუშავეთ ამ მიზანზე ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაძაბულობა და ნაპერწკლები გააჩინოთ.

- რა არის ეს მეთოდები?

- ნატოზე ზეწოლა და დაუყოვნებელი მოთხვონა, რომ საქართველო ახლავე მიიღოს ალიანსში, უშედეგოდ დამთავრდება. ამიტომ რა საჭიროა ამ გზის არჩევა? იარეთ გზაზე ნაკლები წინაღობით და გამოიყენეთ შესძლებლობები. საქართველოს ყველა მეგობარი, რესპუბლიკელია ის თუ დემოკრატი, საქართველოს მეგობრად რჩება. თქვენი დასუსტების საშუალება არავის მისცეთ და უფრო ხელსაყრელ პერიოდს დაელოდეთ.

——–

ვრცელ ინტერვიუში დენიელ ფრიდი სხვა საკითხებზეც საუბრობს:

ა) რუსეთის მიმართ გამოცხადებული სანქციების შედეგებზე („რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია… სანქციები რომ არ გვქონდეს დაწესებული, უკრაინაში მდგომარეობა უფრო რთულად იქნებოდა“); ბ) ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნის პერსპექტივაზე („ეს არ იქნება მათთვის ადვილი გადაწყვეტილება“); გ) რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე (რუსეთ-ჩინეთთან ურთიერთობა: „მოსაზრება, რომ რუსეთი ჩინეთთან ბლოკს შეკრავს, ხშირად მესმის, მაგრამ ვინ იქნება ამ ბლოკში უფროსი პარტნიორი და ვინ დაქვემდებარებული“?, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა: „მოსკოვს დასავლეთის დაყოფა სურს“; რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა: „ჩვენ რუსეთს ვუთხარით, რომ მათთან თანამშრომლობა გვინდა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენს ინტერესებს, ჩვენ ღირებულებებს და სხვა ხალხების ინტერესებს მოსკოვთან ურთიერთობას არ შევწირავთ“).

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 28 აგვისტო, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160826-kto-stoit-za-popytkoi-masshtabnogo-terakta-v-gruzii

საქართველოს ამბები: ვინ დგას გაზსადენის აფეთქების მცდელობის უკან? // ყოფილ პირველ ლედს პარლამენტის წევრობა მოუნდა // „მოგვეცით მარიხუანის დაუსჯელად მოწევის უფლება“

საფრანგეთის რადიოსადგურ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ რუსულმა სამსახურმა 28 აგვისტოს ეთერში გადასცა საქართველოში მომხდარი მოვლენების ვრცელი მიმოხილვა, რომელშიც ყურადღება რამდენიმე თემას დაეთმო (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) გაზსადენის აფეთქების მცდელობა

როგორც სიუჟეტშია აღნიშნული, საქართველოს უშიშროების სამსახურმა (სუს) აღკვეთა სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე გაზსადენ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ აფეთქების მცდელობა, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი გაზი რუსეთიდან, საქართველოს გავლით, სომხეთს მიეწოდება: „ქართულმა სპეცსამსახურმა ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ ხუთი აქტივისტი იმ დროს დააკავა, როცა ისინი სოფელ საგურამოსთან არსებული სამალავიდან, გაზსადენის აფეთქების მიზნით, იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს იღებდნენ“.

სიუჟეტში ფართოდაა მოცემული ამ მილსადენის მნიშვნელობა, რომელიც დაუდგენელმა პირებმა ადრეც – 2006 წლის ზამთარშიც ააფეთქეს ჩრდ.ოსეთის ტერიტორიაზე, როცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გამწვავდა: „იმ პერიოდში საქართველო და სომხეთი ბუნებრივი გაზით ამ მილით მარაგდებოდა და მისმა შეწყვეტამ ორივე სახელმწიფო კინაღამ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა. მოგვიანებით საქართველომ აზერბაიჯანთან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე და იმ დროიდან, თბილისი რუსული გაზის მხოლოდ მცირე რაოდენობას ღებულობს, ანუ რუსეთზე დამოკიდებული აღარ არის. აქედან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შედეგებს მოუტანდა გაზსადენის აფეთქება სომხეთს, რომელიც ამ სათბობს კვლავ რუსეთიდან ღებულობს“.

კორესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უშიშროების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ ე.წ. „უკრაინულ კვალზე“. მასში, „როგორც ჩანს, ტერაქტის მცდელობაში უკრაინაში მყოფი ქართველების – „ეროვნული ლეგიონის“ წევრთა მონაწილეობა იგულისხმება, თუმცა ამ გაჟღერებას ჯერ-ჯერობით რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლია“. სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი [რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებას იმედოვნებს], რამდენჯერმე შეხვდა „ლეგიონის“ მებრძოლებს, ანუ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა – ბექა ბექაურმა თავდაპირველად აღიარა თავისი ბრალი, რომ მართლაც გაზსადენის აფეთქება ჰქონდა განზრახული, თუმცა მოგვიანებით მან ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ „ასაფეთქებელი ნივთიერებით მილსადენი კი არა, შიდა ქართლში არსებულ კონფლიქტის ზონაში დადგმული „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები და სასაზღვრო ბოძები უნდა ამეფეთქებინაო“. რასაკვირველი, გამოძიებას ამ ვერსიისა არ სჯერა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულების მოქმედებას დიდი ხანია თვალს ადევნებდნენ და ისინი მხოლოდ მაშინ დაიჭირეს, როცა მათ გეგმის რეალიზება გადაწყვიტეს.

ბ) ყოფილი პირველი ლედი – დეპუტატობის კანდიდატი!?

წინასაარჩევნო სიტუაციის მიმოხილვისას ავტორი რეადიოსიუჟეტში საუბრობს გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე, რომლის თანახმად, რვა ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ ოთხ პარტიას – მმართველ „ქართულ ოცნებას“ (სავარაუდოდ, „მეოცნებეებს“ ხმას ამომრჩეველთა 25,8% მისცემს), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (25,5%), პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ (9,8%) და ლეიბორისტულ პარტიას (5,4%).

„ამ დროს კი უკრაინაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უკანასკნელი და გადამწყვეტი ბრძოლისათვის“ ემზადება: მან პოლიტიკურ ავანსცენაზე საკუთარი ცოლი გამოიყვანა. ყოფილი პირველი ლედი, ჰოლანდიელი ქალი სანდრა რულოვსი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა ქმარი-პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2013 წელს მიიღო, საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის რაიონიდან ბალოტირდება, იგი „ნაციონალთა“ სიაში მეორე ნომრით ფიგურირებს. არჩევნებში მისი წარმატება თუ წარუმატებლობა შეიძლება მრავლისმეტყველი იყოს“, – აღნიშნავს „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი და მსმენელებს სანდრა რულოვსის ზუგდიდური გამოსვლის ფრაგმენტს აცნობს: „როცა მიშას თვალებში ჩავხედე, იგი დამპირდა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ძალადობას აღარ მიმართავს“ (J).

გ) „თეთრი ხმაური“ „თეთრი სიკვდილის“ მხარდასაჭერად?

სამტრედიაში მარიხუანის მოხმარების მხარდამჭერთა ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მიზეზი პოლიციის მიერ ახალგაზრდა კაცზე განხორციელებული ძალადობა გახდა: პოლიციელი მას აიძულებდა დამსმენი გამხდარიყო –  ეთქვა, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა მის სოფელში. ახლგაზრდამ წერილი დატოვა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფაქტმა კვლავ აქტუალური გახადა მარიხუანის მოხმარების საკითხი – „თეთრი ხმაურის“ წევრებს ამ მსუბუქი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების „დეკრიმინალიზება“ სურთ, ზოგიერთები კი ისე მოითხოვენ, როგორც ჰოლანდიაშია – მარიხუანა სპეციალურ კაფეებში გაიყიდოსო. ხელისუფლება კი პასუხობს, რომ საქართველო ჰოლანდია არ არის, ნარკოტიკების თავისუფლად გაყიდვას კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს, საბჭოური წარსულის გათვალისწინებით: იმ დროს საქართველოს სსრ-ს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი „პირველი ადგილი“ ეკავა ნარკოტიკების მომხმარების სფეროში, 1990-იანი წლების ნგრევისა და კონფლიქტების შემდეგ კი ნარკომანიამ უბედურების სახე მიიღო. ნარკოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად მხოლოდ მთავრობის მიერ მიღებულმა რადიკალურმა კანონმდებლობამ გამოასწორა.

«Газета по-украiнскьки» (უკრაინა), 28 აგვისტო, 2016 წელი

http://gazeta.ua/ru/articles/life/_ukraincy-ne-imeyut-prava-pochivat-na-lavrah-potomu-chto-opyat-vse-proigryvayut-fukuyama/719666

ინტერვიუ ფრენსის ფუკუიამასთან: „გამოცდილების გაზიარების საკითხში უკრაინისათვის ყველაზე ახლოს საქართველო დგას, სადაც გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა“

უკრაინულ გაზეთში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ამერიკელ პოლიტოლოგთან, აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ ფრენსის ფუკუიამასთან, რომელიც კიევში ლექციების კურსის ჩატარების მიზნით იმყოფება.

ინტერვიუში ფრენსის ფუკუიამა საუბრობს უკრაინის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ პრობლემებზე, კორუფციაზე და ა.შ. იგი ამბობს, რომ უკრაინამ რეფორმების განხორციელებაში მაგალითი საქართველოსაგან უნდა აიღოს.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- როგორ შეაფასებთ უკრაინას დემოკრატიის მდგომარეობის თვალსაზრისით?

- ლებრალური დემოკრატია სამი ფაქტორისაგან შედგება. პირველი თვით დემოკრატიაა (იგულისხმება არჩევნები და სხვა პროცედურები), მეორე – კანონის უზენაესობაა, მესამე კი ძლიერი და  ქმედითუნარიანი სახელმწიფო. უკრაინაში დემოკრატიის საქმე მეტ-ნაკლებად კარგადაა, არჩევნები რეგულარულად ტარდება… აი, რაც შეეხება კანონის უზენაესობას, აქ უკვე პრობლემები ჩანს. ეს ფაქტორი სუსტია და განუვითარებელი. კანონის წინაშე ყველა არ არის პასუხისმგებელი, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები, ანუ სამართლიანობის პრინციპი ყველასათვის არ მოქმედებს. ასეთი რამ  დემოკრატიული ქვეყნისათვის დაუშვებელია. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო სუსტია, მას შიგნიდან სისტემური კორუფცია ჭამს, ძირს უთხრის, ამიტომაც მისი ძირითადი სტრუქტურები არაეფექტურად მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ უკრაინა მხოლოდ ნაწილობრივ დემოკრატიული სახელმწიფოა, სადღაც შუაში დგას ნამდვილი დემოკრატიიისა და კანონის უზენაესობის მქონე სახელმწიფოსაკენ მიმავალ გზაზე.

-         რომელი სახელმწიფოს გამოცდილების გაზიარება შეუძლია უკრაინას?

- უკრაინისათვის ყველაზე ახლოს საქართველოს გამოცდილება წარმოადგენს. ამ ქვეყანაში გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა. უკრაინის მსგავსად, საქართველოსაც მხრებზე პოსტსაბჭოური ტვირთი აწევს, მაგრამ ქართველებმა მოახერხეს და კორუფცია გადალახეს, გარდაქმნეს პოლიცია, ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მოსაზიდად ხელსაყრელი გარემო შექმნეს. საქართველომ სულ რაღაც 4-5 წელიწადში უზარმაზარი სამუშაო შეასრულეს. თუმცა გასაგებია, რომ ასეთი რეფორმების გატარება ათჯერ დიდ უკრაინაში მნიშვნელოვნად რთული იქნება.

«Haaretz» (ისრაელი), 28 აგვისტო, 2016 წელი

http://www.haaretz.com/jewish/food/.premium-1.738717

აფხაზური სამზარეულო, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს აკავშირებს

აფხაზური სამზარეულოს საზღვრები, კონფლიქტურ რეგიონზე გამავალი პოლიტიკური საზღვრების მსგავსად, ძნელი გასარკვევია

სტატია მკითხველებს აცნობს ისრაელში, დასავლეთ გალილეაში მდებარე ქართული რესტორნის „შოთას“ დაარსების ამბავს, რესტორნის მენიუს და საერთოდ, ისრაელში მცხოვრები სოხუმელი ებრაელების ისტორიას (ავტორი – რონიტ ვერედი).

ლეა (ლია) მხოლოდ ათი წლის იყო, როცა მშობლებმა ემიგრაცია გადაწყვიტეს და იგი საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ-ნავსადგურიდან – სოხუმიდან ისრაელში წაიყვანეს. ძველი ფოტოსურათებზე ლეას ბავშვობაა ასახული: აი, შადრევანთან… ზღვისპირა ბულვარზე…

„სოხუმი ეთნიკურად შერეული, მრავალეროვნული ქალაქი იყო და თან ლიბერალური. სოხუმში, საქართველოს სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, რუსული ენის გავლენა ჭარბობდა. ჩვენც სახლში რუსულად საუბარი ყველას შეგვეძლო. სოხუმი ახლოს მდებარე სოფლებისთვის ფინანსური და ინტელექტუალური ცენტრიც იყო – აფხაზეთში ძირითადად სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული და ქალაქში სოფლებიდან, საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ბევრი მაცხოვრებელი ჩადიოდა ხოლმე. ისინი, ვისაც საფუძვლიანი უმაღლესი განათლების მიღება სურდა, თბილისში, მოსკოვში ან ლენინგრადში მიდიოდნენ. სოხუმის ებრაული თემი საქართველოში არსებული სხვა თემებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

ლეას მამა, შალიკო კრიხელი, მაღაზიის გამყიდველი იყო. მის წინაპრებს, ისევე როგორც სხვა ებრაელებს, რუსეთის იმპერიის დროს და მოგვიანებითაც, [1920-იან წლებამდე], სოხუმის ცენტრალურ ბაზარში, საკუთარი მაღაზია ჰქონდა. სოხუმელი ებრაელების უმეტესობა ვაჭარი იყო. გადმოცემის თანახმად, კრიხელების ოჯახის წევრებმა, შემოსავლების ძიებაში, რუსეთის ბევრი ქალაქი გამოიცვალეს და საბოლოოდ, შავიზღვისპირა ნავსადგურში დაფუძდნენ, სადაც ხშირად თურქული ხომალდებიც შედიოდნენ. „ვინც კი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, უეჭველად ემახსოვრება პორტში ღუზაჩაშვებული სამგზავრო და სატვირთო გემები, ოლეანდრის არომატი, პალმების ხეივანი და კოლორიტული საუბარი, რომელიც მრავალეროვნული ქალაქის მოედანზე ისმოდა… ომმა კი ყველაფერი დაანგრია“, – ამბობს ლეა, რომელსაც მხედველობაში აქვსის ომი, რომელიც აფხაზეთში 1992 წელს დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

აფხაზეთმა, რომელიც იოსებ სტალინმა საქართველოს გასული საუკუნის 30-იან წლებში მიუერთა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ამ მიზნისათვის ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა, დიდი მსხვერპლისა და ნგრევის სახით. სოხუმელი ებრაელებიდან აფხაზეთში თითქმის არავინ დადის, რადგან აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს აღიარებული და სოხუმში ჩასვლა მხოლოდ რუსეთის გავლით შეიძლება.

2014 წელს, შომრათის კიბუცში, ლეა ოჩერმა და ბელა ჰანანმა ქართული რესტორანი „შოთა“ გახსნეს, რომელიც შემდეგ განთქმული გახდა წვეულებებითა და ქართული კერძებით. გასულ წელს ლეას დედა გარდაიცვალა და ამიტომ ლეამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ქართული კერძებისათვის რამდენიმე უნიკალური აფხაზური კერძიც დაემატებინა. როგორც ცნობილია, აფხაზეთი და საქართველო ერთმანეთთან პოლიტიკური საზღვრების გამო დაობენ, რესტორანში კი აფხაზური და ქართული კერძები „ერთმანეთს კარგად ეწყობიან“. მართალია, ისინი თითქოსდა ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ ვერ გაიგებ, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. კულტურულ-ისტორიული ნიუანსების გავლენა კერძებზეც ისახება. „აფხაზურ სამზარეულოზე დიდ გავლენას ახდენს რუსული საჭმელები“, – ამბობს ბელა და ფქვილისაგან მომზადებულ მაჭკატებს („ბლინებს“) ხიზილალაში ახვევს. რესტორანში მეგობრებს და პარტნიორებს საქმეები გადანაწილებული აქვთ – ბელა შეფ-მზარეულია, ლეა – დიასახლისი. „აფხაზეთი მთა-გორიანი ქვეყანაა, სადაც ბევრი საქონელს მწყემსავდა, მათ საკვებს კი ხორცისა და რძის პროდუქტები, თევზეული შეადგენდა. სხვათა შორის, ზოგიერთი კერძი ბერძნულ-თურქული წესითაც მზადდება“.

აფხაზური სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია აჯიკა – წითელი წიწაკისაგან მომზადებული მწარე პასტა სხვადასხვა სოუსებისა და კერძებისათვის. არსებობს აგრეთვე სიმინდის ფქვილისაგან რამდენიმე საჭმელიც. მართალია, სიმინდის (ანუ მაისის) კულტურა აფხაზეთში მხოლოდ მე-16 – მე-17 საუკუნეში გავრცელდა, მაგრამ იმ დროინდან სიმინდი აფხაზური სამზარეულოსთვის განუყოფელ პროდუქტად იქცა: სიმინდის მჭადი, სიმინდის ფაფა რძით, კარაქით და ყველით – აი, აფხაზების საყვარელი საკვები პროდუქტები.

ორი მულტიკულტურული რეგიონის – შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებლი ხაზი სამხედრო კონფლიქტების ზონაზეც გადის. ამას რესტორან „შოთას“ მენიუც ადასტურებს: შავი ზღვის გემრიელი თევზი „ხამსა“ (ანჩოუსი), რომელსაც აფხაზურ სამზარეულოში იყენებენ, შეცვლილია ხმელთაშუა ზღვის „ბარაბულკით“, რომელიც სიმინდის ფქვილშია შემწვარი და მადისამღძვრელად გამოიყურება (სტატიაში ჩამოთვლილია კიდევ რამდენიმე აფხაზური კერძი და მათი მომზადების წესი).

Comments are closed