„რეზონანსი“: მტკიცე მეგობრობა, უმაღლესი სტანდარტების არჩევნები და მოთმინება – ნატოს გზავნილები საქართველოს
„რეზონანსი“: რა ძირითადი გზავნილები დაინახეთ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს?
„რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილის „აღსარება“: მარგველაშვილი – შეცდომა, „რესპუბლიკელები“ – ცუდი პარტნიორები
„რეზონანსი“: ინტერვიუ თამარ კორძაიასთან: „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სატელიტური ოპოზიციური პარტიები“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „საკუთარი თავი მაინც დავარწმუნოთ, რომ ვართ ერი, რომელიც სანდოა ცივილიზებული სამყაროსთვის“
„რეზონანსი“: მოსაზრება არჩევნების წინ: საჯარო ადმინისტრირების ხარჯები და მისი შედეგები საქართველოში
—–
«For.ge»: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „„პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა – ყველაფერი ერთად!“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალები“ დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ საკუთარ სასამართლოზე ექსპერტად გამოვდიოდი“ // „გიორგი მარგველაშვილს შეუძლია, ძალოვან სტრუქტურებს ჯალათების დასჯა მოსთხოვოს“
——————-
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
მტკიცე მეგობრობა, უმაღლესი სტანდარტების არჩევნები და მოთმინება – ნატოს გზავნილები საქართველოს
ლიკა გურაბანიძე
“ამ ვიზიტს წინასაარჩევნო აქციად ნუ მოვნათალავთ. ამ ღონისძიების ჩასატარებლად მუშაობა დიდი ხანია, დაწყებულია. ეს საქართველოს მხარდაჭერაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის,” – ამის შესახებ “რეზონასს” საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განუცხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობის შეფასებისას ექსპერტები აღნიშნავენ, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლების სტუმრობა ქვეყნისთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა.
——–
7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვია. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორსა და სტუდენტებს შეხვდა. “ჩვენ ყოველთვის ვუწევთ კონსულტაციებს მსურველ ქვეყნებს, რომ ნატოში გაწევრიანებას დრო და მოთმინება სჭირდება”, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბეგმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაეხმაროს. „დღეს უფრო მეტი საქართველოა ნატოში და მეტი ნატო საქართველოში. ნატოს მოკავშირეები რეალური შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ გადადგა. ”ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს მოძრაობა ეკონომიკური, თავდაცვითი, დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ჩვენ ველით არჩევნების ჩატარებას მომავალ თვეს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს. საქართველო-ნატოს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, რეფორმები აძლევს საქართველოს საშუალებას იმოძრაოს ევროპის მიმართულებით. გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია რუსულ პროპაგანდას ებრძოლოს. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა ებრძოლოს თვითონ ქართველი ხალხი და ნატო ამას მის მაგივრად ვერ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში რიგით მეოთხეა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
ექსპერტების აზრით, ნატოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, ყოველთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იენს სტოლტენბერგის მიერ ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები მისთვის სიახლის შემცველი არ ყოფილა. „განსაკუთრებულად ახალი, რასაც სიურპრიზს ვუწოდებდი, ასეთი ნამდვილად არაფერი გამიგია. იმ საუბრებზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, გაცხადდა სწორედ ის გზავნილები, რაც ვარშავის სამიტზე იქნა გაკეთებული. ერთ-ერთი ფუნქცია ნატოს საქართველოში ვიზიტის გახლდათ ისიც, რომ ვარშავის სამიტის გზავნილი საქართველოს საზოგადოებამდე და პოლიტიკურ ელიტამდე მისულიყო. ვიზიტის დროს, ძირითადი გზავნილები საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობასა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას შეეხებოდა,” – განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
როგორც ირაკლი მენაღარიშივლი აღნიშნავს, ვიზიტს წინასაარჩევნო პერიოდთან არავითარი კავშირი არ აქვს. ”ამ ვიზიტს წინასაარჩევნო აქციად ნუ მოვნათალავთ. ამ ღონისძიების ჩასატარებლად მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. ეს საქართველოს მხარდაჭერაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ჩვენ უდავოდ წინ მივდივართ. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა თავდაცვის სისტემის განვითარებას ვხედავთ. ოქტომბერში უნდა დავადასტუროთ, რომ 2012 წელს მშვიდობიანად შეცვლილი ხელისუფლება, შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა. როდესაც მეკითხებიან, ჩვენ წრეზე ხომ არ დავდივართ? ან, ხომ არ გვღალატობენ ჩვენი დასავლელი კოლეგები? მიჭირს ამის სერიოზულად მიღება,” – განუცხადა “რეზონანსს” ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანის თქმით, ნატოს დელეგაციის სტუმრობა მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
“ნატოში საქართველოს გაწევრიანება, როგორც მოგეხსენებათ, ეს ხანგრძლივი პროცესია. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ახალი განცხადება და ვიზიტი – მეტი ნატოა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ყოველივე ასეთ ვიზიტს თავდაცვითი უნარიანობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნატო საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას აძლიერებს და ეს ჩვენთვის უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა. ეს ხანგრძლივი პროცესია და აქცენტი კონკრეტულ ვიზიტზე არ უნდა გავაკეთოთ. ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება და ძლიერდება,” – აღნიშნა ირაკლი კიკიანმა. როგორც იგი მიიჩნევს, ასეთი ახლო ურთიერთობით ნატო საქართველოსადმი დიდ ინტერესს ადასტურებს: „ნატოში გაწევრიანების საკითხი უსაფრთხოების იურიდიულად გაფორმება იქნება. მთავარია უსაფრთხოების გარანტია არსებობდეს, რომ რუსეთმა თავისი აგრესიის გაგრძელება ვერ გაბედოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის მომენტი, რომ საქართველოსთან ასეთი მჭიდრო და ახლო ურთირთობით ნატო ჩვენი ქვეყნისადმი მის ინტერესს ადასტურებს,” – განაცხადა ირაკლი კიკიანმა.
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
რა ძირითადი გზავნილები დაინახეთ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს?
ლიკა გურაბანიძე
(შემოკლებით)
რა ძირითადი გზავნილები დაინახეთ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
ქეთი ბექაური (იურისტი): “მე მოვუსმინე იენს სტოლტენბერგის გამოსვლას და ეს მესიჯია იმის შესახებ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავის ნებას – “მეტი ნატო საქართველოში” ადასტურებს, ეს ვიზიტი ასე უნდა შევაფასოთ. როდის მოხდება ჩვენი ნატოში გაწევრიანება, ეს კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი მუდმივად არის. შესაძლოა ითქვას, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მეტი მოლოდინი და სურვილი მქონდა, რომ კონკრეტულად გაწევრიანების თარიღი დასახელებულიყო. თუმცა ეს ყველაფერი მაინც იმედის მომცემია.
ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “ნატო მოწადინებულია, რომ როდესაც ამის საშუალება ექნებათ, საქართველო გახდეს მისი ნაწილი. ჯერ ნატოს ამის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ ის უშვებს ყველანაირ გზავნილს, რომ საქართველომ გული არ გაიტეხოს. თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები, არც ჩვენ ვიცით და არც იენს სტოლტენბერგმა. ნატო განუწყვეტლივ უშვებს სიგნალს, რომ ეს პროცესი მალე დადგება. ზოგადად, საქართველოსთვის ნატო უსაფრთხოების თვალსაზრისითაა საინტერესო.”
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთ-თუქეთის ურთიერთობით კიდევ უფრო დამძიმდა. ნატოს გენერალური მდივნის ჩამობრძანება სერიოზული სიგნალი და მესიჯია ჩვენთვის და ჩვენი მეზობლებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ნატოს ინტერესი არ შემცირებულა. ნატოს გენერალურმა მდივანმა გაფართოვების თემას კვლავ გაუსვა ხაზი. ასევე საუბარი ცივილიზებული ფორმით არჩევნების ჩატარებას შეეხო, რასაც ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.”
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): “ჩვენი ხელისუფლების აქტიურობის შედეგია ის, რომ ეს შეხვედრა აქ, საქართველოში გაიმართა. ნატოს დელეგაციისა და მისი მდივნის ჩამოსვლა ერთობ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩამოსულიყო. ეს ვიზიტი ჩვენდამი მის ყურადღებას ადასტურებს. სტოლტენბერგის ვიზიტი წინასაარჩევნოდ დაემთხვა, თუმცა ეს სარეკლამო ხასიათის არ იქნება.”
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
ბიძინა ივანიშვილის „აღსარება“: მარგველაშვილი – შეცდომა, „რესპუბლიკელები“ – ცუდი პარტნიორები
თიკო ოსმანოვა
“ბიძინა ივანიშვილს აქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ, ის ყოველთვის აერთიანებს ოპოზიციას – 2011 წელს მან ოპოზიცია გააერთიანა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ახლა კი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ამბობს, რომ ივანიშვილმა ტონი თუ არ შეარბილა, ეს “ქართული ოცნების” რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. მისი მორიგი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
რამდენად “კაცურად” მოიქცა დავით უსუფაშვილი
ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ქარცეცხლში “რესპუბლიკური პარტია” და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კიდევ ერთხელ მოექცნენ. ყოფილმა პრემიერმა ყოფილ თანაგუნდელებს ცუდი პარტნიორები უწოდა. მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ პარტიიდან გამოსულიყო და დამოუკიდებელი დეპუტატი გამხდარიყო.
„გიორგი კვირიკაშვილი იყო გაოცებული. კაცს ესაუბრებოდა თემებზე და თანამშრომლობაზე, ეს კი გამოვიდა და საჯაროდ გამოაცხადა. ეს რამდენად კაცური იყო, თვითონ თარგმნოს. ამით ეგონა, რომ ვინმე დაგვაზარალა. მას ჰქონდა უარგუმენტო კრიტიკა გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. აბსოლუტურად უარგუმენტოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რომ არაფერს წარმოადგენს, არაფერი იცის ამ კაცმა და მე კონკურენტად გამომაცხადა. ღმერთმა დამიფაროს, რანაირად უნდა ვიყო მისი კონკურენტი. მე არავის კონკურენტი არ ვარ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, დავით უსუფაშვილის პარტიიდან გამოსვლა მისი იდეა იყო. “დავით უსუფაშვილს სთავაზობდნენ და ეს ჩემი იდეა იყო. თინა ხიდაშელისთვის არავის შეუთავაზებია. ამ თემებზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები. შევთავაზე და ვუთხარი, რომ იქნებ დამოუკიდებლად გამოხვიდე და რესურსი პოზიტიურად მოახმარო სახელმწიფოს, მეტი როლი ეთამაშა სახელმწიფოს აღმშენებლობაში. კიდევ კარგი, არ გამოვიდა, რადგან მან საკუთარი ქმედებით საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ის სწორედ ამ პარტიის წევრი უნდა იყოს და მას არ აქვს მეტი რესურსი”, – აღნიშნა ბიზინა ივანიშვილმა და “რესპუბლიკელებს” “ცუდი პარტნიორები” უწოდა.
“ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი 4 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე, ისინი ოპოზიციის როლში გვევლინებოდნენ. მათი ცოდნა და გამოცდილება ძალიან ხშირად არა პოზიტივში, არამედ უარყოფითში ჯდებოდა. როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას, ვნახეთ, რომ მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ გასაღების თემაზე. მოსმენების თემა იყო პრობლემა, თუმცა დღეს ბოროტად გამოყენების არც ერთი შემთხვევა არ არის უსაფართხოების სამსახურის მხრიდან. იმდენად გაერთნენ ეს მცოდნე იურისტები, რომ დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. ეს არც ევროპას და არც ამერიკას დასიზმრებია. დამოკიდებულება ჩანდა ყველგან ერთი და იგივე, რაც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას,” – როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მათმა ცოდნამ, რომ ისინი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანებულნი მხარს არ უჭერდნენ ამ საკითხს და იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ მათი როლი თანხვედრაში იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, “რესპუბლიკურ პარტიას” არ აქვს ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ”.
“მათ ობიექტურობასაც მინდა გავუსვა ხაზი. მათ არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი იმაზე მეტი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მთელ რესურსს ახმარენ საკუთარ პარტიას. ამის მაგალითს ვიტყვი. როდესაც მარგველაშვილი გამოვიდა ოფისიდან და შევიდა სააკაშვილის სასახლეში, სანამ ტელევიზიით გამოვიდოდი, მანამდე მქონდა უსუფაშვილთან შეხვედრა და მას არგუმენტიც კი არ დარჩა, რომ კრიტიკის გარეშე არ შეიძლებოდა ამის ასე გაშვება, რადგან ეს კაცი უკანონოდ შევიდა ამ სასახლეში, იყენებს ექვსჯერ მეტ ტერიტორიას, რაც სჭირდება და წელიწადში ხარჯავს დამატებით დაახლოებით 10 მილიონ ლარს მოსახლეობის ფულს.
“უსუფაშვილი გამოვიდა საჯაროდ და გააპრავა იმის გამო, რომ ის ეძებდა დამატებით რესურსს მარგველაშვილის სახით. როგორი რესურსი მიიღო, კი ვნახეთ. ამით დათვური სამსახური გაუწიეს მარგველაშვილსაც და თავისი თავი გაინულა როგორც პოლიტიკოსმა.
“დავით ბერძენიშვილი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ამ პარტიაში, ამაყობდა იმით, რომ არ აკრიტიკებს მარგველაშვილს, რადგან არ უნდა დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს აბსურდია, რადგან თუ გინდა გააძლიერო ინსტიტუტი, ის უნდა გააკრიტიკო. ისინი მარგველაშვილის რესურსის გამოყენებას ცდილობდნენ, თუმცა მარგველაშვილს თვითონ ვერ გაურკვევია, რა უნდა და მათაც ვერაფრით დაეხმარა, პირიქით – უკან მოუტრიალდათ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი შეცდომა გიორგი მარგველაშვილი იყო, რაზეც მან ბოდიში უკვე მოიხადა.
როგორც ივანიშვილმა პრეზიდენტზე საუბრისას აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი “ჯერ კიდევ საკუთარ თავთან გარკვევის პროცესშია” და ეს პრობლემა მან ვერ გაითვალისწინა”. “მარგველაშვილს ყველაზე დიდ შეცდომად ვთვლი და მე ამისთვის ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. არ მინახავს ჯერ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად, თინეიჯერის დონეზე იცვლიდეს ხასიათს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
დავით ნარმანია კარგი მენეჯერია
ბიძინა ივანიშვილმა შეაქო თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით, ნარმანია თბილისის მერის თანამდებობაზე მუშაობისას გუნდის მიერ დანერგილ სტანდარტებს იცავს.
“რაც შეეხება ნარმანიას, ის მეთოდური, განათლებული, კარგი მენეჯერია. შეადარეთ, როგორ იმართებოდა წინა და ახლანდელი თბილისი?! მაგრამ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაინც მოახერხა თემის აგორება და ნახეთ, როგორი ხალხი უკეთებს ოპონირებას ნარმანიას? ნატა ფერაძე სახეა “ნაციონალური მოძრაობის”. ნარმანია არ არის უნაკლო, მაგრამ ზოგადად ის გუნდის მიერ დანერგილ სტანდარტებს იცავს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ “ნაციონალებს”, ივანიშვილის თქმით, ეს ხალხი არც “ოცნების” და “ნაციონალების” შექმნილები არ არიან. “ეს ხალხი არც სააკაშვილს და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ეს ადამიანები არიან წარმატებულები. ოქრუაშვილი ძალიან ნიჭიერი კაცია. რამდენჯერმე შევხვდი და მისგან ძალიან საინტერესო პოლიტიკური რჩევები მიმიღია, ასეთივეა ჩოჩელი.
“ეს ხალხი არიან ის წარმატებული ადამიანები, რომლებმაც თავისი ნიჭიერებით შექმნეს წარმატება და არა პარტიის დახმარებით. მათ როგორც კი მიეცათ საშუალება, მოძალადე ხელისუფლებას, ანუ ყოფილს ჩამოშორდნენ და დადგნენ სწორ ადგილზე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ექსპრემიერმა აღნიშნა, დღევანდელ გუნდს გიორგი კვირიკაშვილი და მისი გუნდი აკომპლექტებს და ის ამ პროცესში არ ერევა. “დღევანდელ გუნდს კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე აკომპლექტებენ. რამდენიმე მაჟორიტარზე ვურჩიე და, მგონი, ისიც მხოლოდ ერთი გაითვალისწინეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარი „ნაციონალების“ ბოდიშზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ბოდიშს, ყოფილი ხელისუფლების დროს განხორციელებულ გადაცდომებზე მხოლოდ გარკვეულ შემთხვევაში დაიჯერებს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ყოფილი ხელისუფლება აღიარებს შეცდომებს.
“ვერ ვნახე მათი გულწრფელი მონანიება. მე არ მომისმენია, მათ შორის არც სანდრა რულოვსისგან, რომ ისინი აღიარებენ ამ ტიპის დანაშაულებებს. ზოგადად ამბობს, რომ ჩახედა თავის მეუღლეს თვალებში და ამოიკითხა, რომ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. რომელ შეცდომებზეა საუბარი, ახალგაზრდა ბიჭები, რომ ჩახოცეს? პატიმრებს, რომ აწამებდნენ? მთელი ბიზნესი რომ მართული იყო? ჯერ უნდა აღიარო დანაშაული, მერე უნდა თქვა, რომ აღარ გააკეთებ იგივეს. ჯერ მე არ მომისმენია მათგან ასეთი რამ. ახალაიას და მერაბიშვილს ჯერ კიდევ პოლიტპატიმრებად აცხადებენ და ესენი მოინანიებენ? გამოვიდეს ქალბატონი სანდრა, მათ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს თუ დამნაშავეებად? მის განცხადებას თუ გავიხსენებთ, ლამის იდეოლოგიაში ჩასვეს, რომ მიშა ისეთი კაცია, შეიძლება გეშინოდესო. შიშზე უნდა იყოს აგებული მართვა? ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის. გამოვიდნენ და თქვან, რომ მერაბიშვილი და ახალაია სამართლიანად ზიან ციხეში, 26 მაისის და 7 ნოემბრის მოვლენები ასეთი არ უნდა ყოფილიყო, ბიზნესი იმართებოდა. აღიარონ და მერე დავიჯერებ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს ერთადერთი არჩევანი
ყოფილი პრემიერი საგარეო პოლიტიკასაც შეეხო და როგორც განაცხადა საქართველოს ერთადერთი არჩევანი ევროპაა. მისი თქმით, საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს. “საქართველოს არ აქვს ალტერნატივა არც ერთ შემთხვევაში და მითუმეტეს ნუ აქვთ ეჭვი. ჩვენ ევროპელები ვართ. რუსეთმა ჯერ თვითონ უნდა გამოკვეთოს, რა სურვილი აქვს. ძალიან დიდი სახელმწიფოა და მე არ მინდა არც დადებით და არც უარყოფით კონტექსტში რამე მინიშნება გავაკეთო. ჩვენ ურთიერთობა უნდა დავალაგოთ, ჩვენი ძმები დავიბრუნოთ. ჩვენი ერთადერთი არჩევანი არის ევროპა. არ აქვს ალტერნატივა ევროპას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის წევრი უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ევროპული ღირებულებები. ჩვენ განუხრელად უნდა ვისწრაფოდეთ აქეთ, რომ ევროპელებს მოუნდეთ ჩვენთან თანაცხოვრობა”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
შერბილებული ტონი
ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადებები შედარებით რბილად ეჩვენა ანალიტიკოს, ვახტანგ ძაბირაძეს.
“დღევანდელი გამოსვლა, წინა ბოლო ორ გამოსვლასთან შედარებით, წარმატებული იყო. ამ განცხადებებში ყურადსაღები იყო მარგველაშვილზე გაკეთებული განცხადება, რომელიც თავის ყველაზე დიდ შეცდომად აღიარა. თქვა, რომ არ ეგონა, ამ ასაკის ადამიანი უცბად თუ იცვლებოდა. ამაში მეც ვეთანხმები – ასაკში შესულ ადამიანს კარდინალური ცვლილებები უჭირს. ამას ვიხსენებ იქიდან გამომდინარე, რომ თავად ივანიშვილი არ შეცვლილა და ეს მისი ხელახლა ჩაბმა პოლიტიკაში ძალიან ჰგავს იმ განცხადებებს, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა, როცა პოლიტიკაში შემოდიოდა. მაშინ ყველა გააკრიტიკა – ექსპერტები და ტელევიზიებიც. შემდეგ ნელნელა ეს პოზიციები შეიცვალა. დღევანდელ გამოსვლას თუ შევადარებთ გურიის და წინა გამოსვლას, ნახავთ, რომ ეს გამოსვლა გაცილებით რბილი იყო, ვიდრე წინა ორ შემთხვევაში. მას აქვს ერთი მნიშვნელოვანი რამ – ის ყოველთვის აერთიანებს ოპოზიციას. 2011 წელს მან ოპოზიცია გააერთიანა “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, ამჯერად კი გააერთიანა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ძაბირაძე.
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ თამარ კორძაიასთან: „ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სატელიტური ოპოზიციური პარტიები“
თიკო ოსმანოვა
“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან საბჭოთა სახეები და ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში ერთადერთი რამისთვის მოდიან – საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნონ და ამისათვის სასათბურე პირობები ჰქონდეთ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.
ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულზე “რეზონანსი” თამარ კორძაიას ესაუბრა.
თამარ კორძაია: ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ იგი ადასტურებს – 2012 წელს მისი დაპირებები არ იყო ნამდვილი. ეტყობა ფიქრობდა, ამომრჩეველს მოატყუებდა. “რესპუბლიკელების”, რწმენა, რისთვისაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, არის ისეთივე პრინციპული და თანმიმდევრული. როდესაც ჩვენ კოალიციურად გადავწყვიტეთ ბრძოლა პარლამენტში მოხვედრისათვის, მაშინ ჩვენ ვპირდებოდით მოსახლეობას, რომ ვიქნებოდით მრავალპარტიულები და ქვეყანაში ხელს შევუწყობდით დემოკრატიას. განვახორციელებდით ინსტიტუციურ რეფორმებს, რის გამოც, საბოლოო ჯამში, აღმოვჩნდით ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის სუბიექტები.
ჩვენ ისევ ვიბრძვით მრავალპარტიული არჩევნებისთვის, ხოლო ბიძინა ივანიშვილი მომხრეა ერთპარტიული არჩევნების. მისი აზრით, ყველა უნდა იყოს “ქართულ ოცნებასთან” და ვინც არ არის, ის არის მისი მტერი. ამიტომ შეგვადარა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რაც არსებითად მიუთითებს მის ღალატს 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებზე.
ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ პრინციპულები ვართ და ამავე დროს თვლის, რომ ცუდი პარტნიორები ვართ. მოკლედ, იგი თვითონ არ არის თანმიმდევრული საკუთარ მოსაზრებებში და ჩვენ გვეუბნება, რომ ვართ ცუდი პარტნიორები და მოჰყავს მაგალითად ის, რომ მოსმენების კანონს არ დავუჭირეთ მხარი. დიახ, ჩვენ ამ კანონს არ დავუჭირეთ მხარი და ამით ვამაყობთ. ჩვენი აზრით, მოსმენების კანონი არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას და სამართალდამცავებს თვითნებობით მოქმედების უფლებას. დღეს, სამწუხაროდ, ეს სახეზეა, ამის მაგალითია თუნდაც სტურუა.
- ანუ თანაგუნდელების ოპოზიციაში ხშირად იდექით?
- დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვიყავით პრინციპულები და, რა თქმა უნდა, უხერხულობას ვუქმნიდით მას და გუნდს იმიტომ, რომ ბევრი კარგი ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო, სწორედ ჩვენი შიდა მუშაობის შედეგია. ჩვენი შიდა ბრძოლის შედეგი იყო, რომ დღეს არ გვაქვს პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც არაიდენტიფიცირებული მანქანით პოლიციას ვიდეოგადაღების შესაძლებლობა ექნებოდა. შიდა მუშაობის დროს სერიოზულად ვებრძოდით ასეთ საკითხებზე და პრინციპულად და კატეგორიულად ვითხოვდით, რომ პროკურატურას მეტი ანგარიშვალდებულება ჰქონოდა პარალმენტის წინაშე, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ ემხრობოდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
დღეს კი გვამადლიან, რომ 1%-იანი პარტია ვართ. არ არის ასე და სწორედ ამიტომაც გვებრძვის ასე გააფთრებით. კიდევ ერთი საკითხი – პრეზიდენტთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია იყო აბსოლუტურად სახელმწიფოებრივი იმიტომ, რომ ჩვენ ინდივიდებს კი არა, ინსტიტუციებს ვცემთ პატივს. არ შეიძლებოდა ვიღაცის მონდომების გამო პრეზიდენტი გამოგვეძევებინა იმ სასახლიდან, სადაც იგი უნდა მუშაობდეს.
- ანუ „რესპუბლიკურ პარტიას“ მაღალი რეიტინგი აქვს?
- ჩვენ ვართ სერიოზული და პრინციპული ძალა. ვართ პარტია, რომელიც ვერ დაიმორჩილა და მისი ნების შემსრულებლები არ გავხდით. სწორედ ამიტომ გვებრძვის. შექმნა სატელიტური ოპოზიციური პარტიები და ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნების განცდას, ამას ამომრჩეველი კარგად ხედავს. დღეს ამომრჩეველი რეალურად ხედავს, ვინ იღებს ხმას და ვინ ლაპარაკობს ყველაფერზე თანმიმდევრულად. ჩვენ რომ პრინციპულები ვართ, ამას ივანიშვილი თავადვე აღიარებს.
- სატელიტ ოპოზიციაში ვის გულისხმობთ?
- პაატა ბურჭულაძის და მის გაერთიანებას.
- თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ივანიშვილი და მათ “ნაციონალების” სატელიტ პარტიად მიიჩნევს…
- ეს პირველ ინტერვიუში თქვა, მაგრამ შემდეგ აღარ გაუმეორებია, სხვათა შორის მისი პრობლემა ახლა ჩვენ ვართ.
- რაც შეეხება “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულს, როგორ შეაფასებდით თქვენს კონკურენტებს?
- საარჩევნო სია და მაჟორატარი კანდიდატები ერთობლივად უნდა განვიხილოთ. ვხედავთ, რომ მაჟორიტარები არიან საბჭოთა სახეები და ბიზნესმენები, რომლებიც პარლამენტში ერთადერთი რამისთვის მოდიან – საკუთარი ბიზნესი შეინარჩუნონ და ამისათვის სასათბურე პირობები ჰქონდეთ.
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „საკუთარი თავი მაინც დავარწმუნოთ, რომ ვართ ერი, რომელიც სანდოა ცივილიზებული სამყაროსთვის“
გვანცა ღვედაშვილი
“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულის ქმედითუნარიანობა, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მისი ყველაზე დიდი შეცდომა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო, პოლიტოლოგის თვლის, რომ ეს არათუ შეცდომა, არამედ ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი იყო.
სოსო ცისკარიშვილი: ცალკე აღებული თითოეული მათგანი უნარიან მოქალაქედ აღიქმება, მაგრამ როგორი იქნება ამ ადამიანების შიდა გუნდური კოჰაბიტაცია, ეს სულ ცოტა, ერთი წლის შემდეგ გამოვლინდება. ფაქტია, რომ სიაში ვერ ვხედავ დავით უსუფაშვილის ტოლ კანდიდატს პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ კვირიკაშვილი ნამდვილად უფრო შედეგიანი იქნება იმ თანამდებობაზე, რომელიც მას ამჟამად უკავია. დადებითი ამ სიაში შეიძლება იყოს ის ფაქტი, რომ ათეული არ არის ერთსქესიანი, რასაც ჩვენ პარალელურად ვხედავთ პაატა ბურჭულაძის მიერ შერჩეულ შერჩეულ 12 – კაციან სიაში.
- „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ათეულში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებენ თავი გაართვან საზოგადოებასთან ურთიერთობას და პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებას მიაღწიონ?
- გამოუცდელობა შესაძლოა მოვისაზროთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნიშნით. მათ, ვისაც გამოცდილებს ვეძახით, ვერ დავიტრაბახებთ, რომ დღემდე მხოლოდ წარმატებული პრაქტიკით მოღვაწეობენ ქართულ პოლიტიკაში. ახალბედა პარლამენტარებს შევახსენებდი ერთ პოპულარულ გამონათქვამს, – “ადამიანები პოლიტიკაში მოდიან ბრწყინვალე მომავლით და პოლიტიკიდან მიდიან საშინელი წარსულით.” მე არცერთი პოლიტიკური ძალის პარლამენტარს არ ვუსურვებდი, ასეთი ფორმულით გააგრძელონ პოლიტიკური მოღვაწეობა.
- რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის ათეულში არც ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის?
- საკმაოდ არაორდინალური რეალობაა, როცა საკუთარ მაჟორიტარებს პრაქტიკულად არ ეძლევათ საკუთარი პერსონით ტკბობის შესაძლებლობა. მაჟორიტარობის სურვილი უკვე ნაკლებად არსებობს, თუნდაც იგი დაკომპლექტებული იყოს სახელისუფლებო გუნდით. ადრე ორ-სამ ადამიანს შორის ირჩევდა მოსახლეობა მაჟორიტარობის კანდიდატს, ახლა ლამის ერთ ადგილის დაკავების ათამდე მსურველია. რაც ზრდის ადგილობრივი შფოთის გაღვივების შესაძლებლობას. ჩემი აზრით, წლევანდელი მაჟორიტარებების არჩევნები ყველაზე ძლიერი და საფუძვლიანი კრიტიკის საგანი იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მაჟორიტარიზმის გაუქმების პერსპექტივით აისახოს.
- როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მისი, ყველზე დიდი შეცდომა მარგველაშვილი იყო?
- თუ ბატონი ბიძინას, როგორც ქვეყნის კადრებთუხუცესის არჩევანს თვალს გადავავლებთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მის მიერ დასახელებულ პირებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე გახლავთ სწორედ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მითუმეტეს, მისი სრულიად ღია კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან ნამდვილად დადებითად გამოადგა ქვეყნის პერსპექტივას. ის, რომ ბატონ ბიძინას დღემდე ვერ მოუნელებია, რომ მან ვერ მოახერხეა, ვერც პრეზიდენტის და ვერც მისი სასახლის პრივატიზაცია, ასე თუ ისე გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ პრეზიდენტის პერსონაჟი არ არის დამარხული.
- ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ, “სახელმწიფო ხალხისთვის” დღეს დადო 12 – კაციანი საარჩევნო სია, რომელშიც არ შედის პარტიის ერთ-ერთი აქტიური წევრი ხათუნა ლაგაზიძე…
- ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქალბატონი ხათუნა არ აღმოჩნდა იმ თორმეტს პერსონაჟს შორის, რომელთა გაპარლამენტარების მაცნე ბატონი პაატა იყო. თავად უფრო ზუსტად და დამაჯერებლად შეაფასებს საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივის ზიგზაგებს ხათუნა ლაგაზიძე. თუმცა, ჩემთვის მიმანიშნებელია, რომ 12 მამაკაცს არც ერთი ქალბატონი არ უმშვენებს გვერდს. ვნახოთ, თუ რამე სიახლეა იმაში, რომ ასე ჯობს. რასაკვირველია, უნდა დაგვიდასტურონ, რომ ერთსქესიანი პარლამენტი უფრო შედეგიანი იქნება, ვიდრე აქამდე ორსქესიანი პარლამენტი იყო.
- ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას აღინიშნა, რომ მან სხვა პარტიებთან შედარებით “პატრიოტთა ალიანსი” არ გააკრიტიკა. რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა “ქართული ოცნება” და “პატრიოტთა ალიანსის” გაერთიანება ვიხილოთ…
- ჩვენ ვართ მოწმენი, რომ არჩევანი ოთხი მიმართულებით არის. პირველი – ეს არის სახელმწიფო ხალხისთვის, მეორე – სახელმწიფო მიშასთვის, მესამე – სახელმწიფო ბიძინასთვის და მეოთხე – სახელმწიფო ვოვასთვის. ვისთვის გვინდა ჩვენი სახელმწიფო და გვაქვს თუ არა უნარი, თავად ვმართოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი?! ამ კითხვებზე თითოეული ამომრჩეველი საკუთარ პასუხს ჩამოაყალიბებს. მაგრამ უკვე აღარ არის პროგნოზების დრო და ვფიქრობ, ჯობს არჩევნების თარიღს მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი შფოთისა და გაყალბების მცდელობის გარეშე შევხვდეთ და საკუთარი თავი მაინც დავარწმუნოთ, რომ დიახ, ვართ ერი, რომელიც უნდა იყოს სანდო მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. 8 ოქტომბერი არა რიგითი არჩევნების, არამედ განსაკუთრებული არჩევნების თარიღია.
„რეზონანსი“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
მოსაზრება არჩევნების წინ: საჯარო ადმინისტრირების ხარჯები და მისი შედეგები საქართველოში
გიორგი ლაბაძე
საქართველოში სულ რაღაც ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საინტერესოა ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე თემას შევეხოთ.
აღნიშნულ წერილს ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი – გვიჩვენოს რეალურად რა უფლებამოსილებები აქვს და რა ევალება პარლამენტის წევრს და მეორე, რამდენ საფეხურიანია საჯარო ადმინისტრირება და ზოგადად, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა საქართველოში.
ზენიტში შესული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ხშირად გაიგებთ პარლამენტის წევრობის კანდიდატებისაგან ისეთ დაპირებებს, როგორებიცაა სახლებისთვის სახურავების გამოცვლა, გზების შეკეთება, საცხოვრებელი სახლების პრივატიზაცია და სხვ. სინამდვილეში, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტის სტატუსს განსაზღვრავს შემდეგნაირად – “საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარლგებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებემოსილებებს.” ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრს სულ სხვა მიზნები უნდა ჰქონდეს, ვიდრე ეს წინა აბზაცში ჩამოთვლილია. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა დაპირება ავტომატურად ნიშნავს პოპულიზმს.
ახლა გადავიდეთ იმის განხილვაზე, თუ ვის ევალება ზემოთ დასახელებული სერვისებით მოსახლეობის დაკმაყოფილება… საქართველოს ადგილობრივი თვითმმართბელობის კოდექსის მიხედვით, ამგვარ უფლებამოსილებებს ახორციელებს გამგებელი – მერი.
კოდექსი განმარტავს “გამგებელი ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას.” თითოეული მოქალაქის სერვისით დაკმაყოფილება და მისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობის შექმნაზე ზრუნვა არათუ ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრისთვის, არამედ თემის – ქალაქის ხელმძღვანელისთვისაც კი რთულია.
შესაბამისად, გამგებელს – მერს ჰყავს მივლენილი თავისი წარმომადგენელი ტერიტორიულ ერთეულში, რომლებიც, ქართულ რეალობაში დიდი საქმიანობით არ გამოირჩევიან და განსაკუთრებულად არ იტვირთავენ თავს მოსახლეობის პრობლემების გამგებლისთვის გადაცემით.
კიდევ ერთი “პატრონი”, რომელიც ტერიტორიულ ერთეულს ჩვენს ქვეყანაში ჰყავს, არის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც ადმინისტრაციული ერთეულებში ირჩევენ და ამის შედეგად, კომპლექტდება თემის – ქალაქის საკრებულო.
საკრებულოს ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა გაწეროს ბიუჯეტი და ადეკვატურად შეადგინოს მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ძალიან ხშირად საკრებულოს დეპუტატები ფინანსებს საკუთარი თანამდებობრივი სარგოების მომატებისთვის მიმართავენ-ხოლმე და ნაკლებად მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის (მაგალითისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობისთვის გამოყოფილია მთლიანი წლიური ბიუჯეტის 50%-ზე მეტი).
საქართველოში სახელმწიფოს მართვის საფეხურები ამით არ ამოწურულა, ქვეყანაში მოქმედებს სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი და იგი მივლენილია 12 მხარეში.
სახელმწიფო რწმუნებული ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში. ასევე საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შესახებ. გამოდის, რომ ცენტრალური ხელისუფლების, პარლამენტის, თვითმმართველი ერთეულის გამგებლის და თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს გარდა ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მთავრობასთან შეთანხმებით უნდა ზრუნავდეს ასევე სახელმწიფო რწმუნებულიც.
მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმას, თუ რამდენს უხდის საქართველოს მოსახლეობა ჩამოთვლილი თანამდებობის პირებს. საქართველოს პარლამენტის წევრის ანაზღაურება დანამატის ჩათვლით, შეადგენს 3750 ლარს, თვითმმართველი ერთეულის გამგებლის – მერის ანაზღაურებაა 2650 ლარი, საკრებულოს დეპურატის – 1500 ლარი, ხოლო რწმუნებულ-გუბერნატორის – 2950 ლარი.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილს ჰყავს თავისი ადმინისტრაცია და პერსონალი, რომლის შენახვაც საერთო ჯამში ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩემი მოსაზრებით, მთავრობის ასეთი სიდიდე ამდენად პატარა ქვეყნისთვის საჭირო ნამდვილად არ არის, მაგრამ კრიტიკა აღარ იქნება საჭირო, თუკი ისინი მხოლოდ უფლებებს კი არ გამოიყენებენ, მოვალეობებსაც შეასრულებენ. ქვეყანაში დიდი ხანია მიმდინარეობს “სავარძლებით თამაში” და ამ მანკიერი მხარეების ჩამორეცხვა ქვეყანამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ შეძლო. და ბოლოს, პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ის, რაც პირველ რიგში წინასაარჩევნოდ უნდა მოსთხოვოთ პარლამენტის წევრობის კანდიდატს, უნდა იყოს სწორედ ის, თუ რატომ არის მთავრობა ასეთი დიდი და რატომ მაინც არავინ ზრუნავს ქართველ ხალხზე?! ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა განსაკუთრებით იმ პარტიებს, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში, ძალიან გაუჭირდებათ.
———————-
«For.ge», 09 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „„პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა – ყველაფერი ერთად!“
თამთა ქარჩავა
პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. ლაგაზიძის წამოსვლით, შეიძლება ითქვას, ბურჭულაძის პარტიისგან უკვე აღარაფერი დარჩა, თუ არ ჩავთვლით მის რეიტინგს ამოფარებულ ყოფილ ნაციონალებს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიის წარმომადგენლებს, რომელთაც, შესაძლოა, მალე, აღარც ბურჭულაძის რეიტინგი შერჩეთ ხელში.
ნინო ლაგაზიძის ყოფილმა თანაპარტიელმა, დავით ჯანდიერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლაგაზიძემ სიაში ჩასმა თავად არ ისურვა, რადგან, თითქოს, აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ მიუწევს გული.
როგორც ჩანს, ჯანდიერს საკუთარ გუნდზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, ვინაიდან ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ბურჭულაძე დააკომპლექტებს, ან პარტიას ჯერ სტრატეგია არ აქვს ჩამოყალიბებული, როგორ ახსნას ლაგაზიძის პარტიიდან წასვლა.
for.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხათუნა ლაგაზიძესთან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსად ვერ შედგა. რა პროცესები მიმდინარეობდა ბურჭულაძის პარტიაში? რატომ ტოვებდნენ მისი გუნდის წევრები ერთმანეთის მიყოლებით პარტიას? რატომ არ არის ხათუნა ლაგაზიძე გამსვლელ სიაში და რის ფასად გაყიდა მსოფლიო ბანმა საკუთარი რეპუტაცია? ეს კითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც „დიდი გაერთიანება“ შედგა და ვფიქრობთ, ხათუნა ლაგაზიძემ ამ კითხვებს პასუხები for.ge-სთან ინტერვიუში გასცა.
- პაატა ბურჭულაძემ 12-კაციანი პარტიული სია გამოაქვეყნა. ყველასთვის მოულოდნელად, თქვენ ამ სიაში არ აღმოჩნდით, რატომ?
- ცოტა შორიდან დავიწყებ, რატომ მივედი პაატა ბურჭულაძესთან და რისი იმედი მქონდა. პირველი და გადამწყვეტი ფაქტორი გახლდათ ის, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის იმედგაცრუებელი არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ, არის ახალი ძალის მოლოდინში, რომელსაც რეალურად შეეძლებოდა საქართველოში შემოეტანა თანამედროვე, ევროპული მართვის სტილი, ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებული კულტურა, დღევანდელ საქართველოში ერთადერთი იყო პაატა ბურჭულაძე თავისი რეიტინგით და ავტორიტეტით. ის არ იყო პოლიტიკური ფიგურა, იყო საზოგადო მოღვაწე და მას ერთადერთს შეეძლო ეს რევოლუციური მისია შეესრულებინა – პოლიტიკაში შემოეყვანა პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელსაც წარსულს არ უმძიმებს ქართული პოლიტიკური სიბინძურე, რომელთაც აქვთ განათლება და შემართება, რომ ქვეყანა გადაიყვანონ რეალურად სხვა რელსებზე. მე ამ თაობას ვეძახდი 13 ივნისის თაობას, რომელმაც ერთი წლის წინ აჩვენა რა შეუძლია აკეთოს ყოველგვარი ქვენა გრძნობების და მატერიალური თუ პოლიტიკური დაინტერესების გარეშე. თაობა, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ამ ერს ჰყავს ის მომავალი, რომელსაც შეუძლია აშენოს თანამედროვე, ძალიან წარმატებული ევროპული სახელმწიფო.
- ეს თაობა ბურჭულაძის გვერდით იდგა?
- პარტიაში, ძირითადად, შემოკრებილი იყო ახალი თაობა საქართველოს ყველა რეგიონიდან. საქართველოში რაც კი ახალგაზრდების საუკეთესო რესურსი არსებობდა -განათლებულები, რეალურად შემართულები, რომ ეშენებინათ ახალი და წარმატებული ქვეყანა, ჩვენთან იყვნენ. მე საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ეს თაობა მოვიდა პაატა ბუჭულაძესთან. ამიტომ, მე მქონდა ვალდებულება ამ თაობასთან, რომ მათთვის გზა გამეკვალა. თუ პაატა ბურჭულაძის პირველ გამოსვლებს დააკვირდებით, ის ამბობდა, რომ მისი ვალიც სწორედ ეს იყო, რომ ახალი თაობა შემოეყვანა პოლიტიკაში.
მე მას პირადად ვეუბნებოდი, თქვენ გაქვთ ისტორიული მისია, რომ პირველი – შეცვალოთ ქართული პოლიტიკური სპექტრი და ახალი სისხლი შემოიტანოთ ქართულ პოლიტიკაში; მეორე – ქვეყანა დააზღვიოთ რევოლუციისგან, თუკი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შეიქმნება კიდევ ერთი სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე-თქო.
მე ამის იმედს მაძლევდა ის, რომ პაატა ბურჭულაძეს მაშინ, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეში ჰქონდა რესურსი და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მთლიანად ხელისუფლების ხელში აღება თუ არა, პარლამენტში იმგვარი ძალით შეეძლო შესვლა, რომ მის გარეშე მთავრობის ფორმირება შეუძლებელი იქნებოდა. ამავდროულად, თუკი პაატა ბურჭულაძე დიდი შემადგენლობით შევიდოდა პარლამენტში, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა ექნებოდა და სწორედ ამ სამოქალაქო დაპირისპირების, თუ რევოლუციური სცენარის გადაზღვევისკენ იქნებოდა ეს რესურსი მიმართული. ეს იყო ის მთავარი, რის გამოც მე ვიყავი პაატა ბურჭულაძის გვერდით.
- თქვენ საუბრობთ წარსულზე, ანუ რეალობა შეიცვალა? რატომ?
- დიახ – დროთა განმავლობაში შეიცვალა. ის, რომ პაატა ბურჭულაძე არ იყო პოლიტიკოსი, ვიცოდით, მაგრამ ის, რომ პაატა ბურჭულაძე ვერ მოერგო პოლიტიკას, ეს დრომ აჩვენა. სამწუხაროდ, ბურჭულაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ ადამიანების გავლენის ქვეშ იყო, რომლებიც არწმუნებდნენ, რომ 51%-ით ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, რომ ის უკვე იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და შესაბამისად, მას არ სჭირდებოდა არანაირი დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ მისი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმატებული.
- მან ძალიან ბევრი ნაციონალი შემოიკრიბა ირგვლივ, ამ გუნდის გავლენაზე საუბრობთ?
- პაატა ბურჭულაძეს არავითარი გუნდი არ ჰყავს, თუნდაც ერთი კაცი. ამ თვეების განმავლობაში, მას გაუმყარეს რწმენა, რომ საკუთარ გუნდს არ უნდა ენდობოდეს. მე გულწრფელად მეცოდება პაატა ბურჭულაძე, რადგან პოლიტიკაში, ამ უმძიმეს სფეროში, ის არავის არ ენდობა. შესაბამისად, შეუძლებელია მან გუნდი ააშენოს.
რაც შეეხება ნაციონალებს, ივლისის თვიდან ძალიან საინტერესო პროცესები დაიწყო. ერთი მხრივ, ის არ ენდობოდა და არ უფრთხილდებოდა საკუთარი გუნდის წევრებს და ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს. მეორე მხრივ, პარტიაში გაჩნდა სერიოზული ფინანსური პრობლემები, დაახლოებით ორთვიანი დავალიანება და გაჩერდა პროცესი, რომელიც აქტიურობის პიკში იყო. მაშინ, როდესაც არცერთი პოლიტიკური პარტია არ აქტიურობდა, ჩვენ ფაქტობრივად, მოვიარეთ მთელი საქართველო, შევხვდით ხალხს, შევისწავლეთ პრობლემები და უცებ იწყება სრული ფინანსური კოლაფსი.
დამფინანსებლებმა ბურჭულაძეს უარი უთხრეს?
- რაც ზედაპირზე ჩანდა, ბურჭულაძეს დამფინანსებლებმა უთხრეს უარი. ფინანსური კრიზისის პარალელურად, პარტიის შიგნით დაიწყო საუბრები, რომ ძალიან დიდი სიურპრიზების მოლოდინი უნდა ყოფილიყო. ის გუნდი, რომელმაც პაატა ბურჭულაძესთან ერთად დაიწყო შენება, საერთოდ იქნებოდა გაწეული გვერდზე და ამ სიურპრიზების მოლოდინით ვცხოვრობდით ივლისიდან დღემდე. აქ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი – პაატას გარემოცვაში პოლიტიკურად გამოცდილი ძალიან ცოტა ადამიანი იყო, მათ ეგონათ, რომ ის, რასაც ისინი სიურპრიზს ეძახდნენ, ჩვენთვის ბოლომდე დარჩებოდა სიურპრიზად. ფაქტობრივად, მათ დაიწყეს თამაში და ამ თამაშით, იმ გუნდის, რომელიც პირველივე დღეებიდან პაატასთან ერთად მოდიოდა, გვერდზე დატოვება უნდოდათ. ეს ძალიან ცხადი იყო, ეს საქართველოა და მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციები ჟონავს. ივლისშივე ცხადი იყო, რომ პაატა ბურჭულაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გირჩთან“ და მის გარშემო ფორმირებულ კოალიციასთან. ამ ფონზე რეგიონებში, თბილისში და ახალგაზრდულ მოძრაობაში ჩვენი პარტიიდან საუკეთესო ბირთვის გადინება დაიწყო.
საერთოდ გაჩერდა ყველაფერი, რეიტინგმა ვარდნა დაიწყო, პარტიული აქტივობა დავიდა ნულზე. ადამიანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ – გვითხარით რა გავაკეთოთ, არ გვინდა ფულიო, მაგრამ ყველაფერი გაყინული იყო ამ ერთგვარი სურპრიზის მოლოდინში. ეს სურპრიზიც დადგა – ეს იყო ნაციონალებთან გაერთიანება.
იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაფორმალურად ეს ინფორმაცია გვქონდა, ბოლო წუთამდე, რეალურად, ამ ინფორმაციას არავინ არ ამჟღავნებდა. არავისთვის არ უკითხავთ უნდოდა თუ არა პაატა ბურჭულაძის იმ ახალ თაობას, რომლითაც ის უნდა მოსულიყო პოლიტიკაში, ნაციონალებთან გაიგივება და შერწყმა. ლაპარაკია იმ ნაციონალებზე, რომლებმაც კი არ მოინანიეს ის, რასაც აკეთებდნენ 9 წლის განმავლობაში, არამედ გაიყიდნენ. მაშინ ხომ იყვნენ თანაავტორები, განსაკუთრებით იმ აბსოლუტური უმსგავსობის, რაც სასამართლო და საკანონმდებლო სისტემაში ხდებოდა, მონანიების გამო კი არ წამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობისგან“, წამოვიდნენ იმიტომ, რომ გაიყიდნენ. ერთ ამორალობას, მეორე ამორალობა დაურეთეს ზედ და დღეს ამ არამონანიე, მაგრამ სულგაყიდულ ადამიანებთან მოხდა პაატა ბურჭულაძის ამ უზარმაზარი, მაგრამ უკვე განულებული რესურსის შერწყმა და ამით ბურჭულაძის დარჩენილი რეიტინგის ერთბაშად დაცემა. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი ადამიანის წავლა პარტიიდან. გამაოგნებელი იყო პაატა ბურჭულაძის დამოკიდებულება ამ ფაქტებზე – ვისაც არ უნდა წავიდესო. თავის დროზე, ეს ხალხი მოდიოდა არა ნაციონალებთან, რომლებმაც 9 წელი ხრეს ქვეყანა და 9 წლის მერე ნაციონალების გაყიდვით სარფიანად მოითბეს ხელი, არამედ მოდიოდნენ პაატა ბურჭულაძესთან. მოდიოდნენ იდეებით, სუფთა ხელებით და ამ ადამიანებს პაატა ბურჭულაძემ ერთბაშად მიუჯახუნა კარი და თქვა, რომ ვისაც ჩემთან არ უნდა, ყველა სუს-ის მართულია და წავიდესო.
სხვათა შორის, „გირჩის“ ამომრჩევლებისთვის ცალსახა და დადებითი დამოკიდებულება არ ყოფილა ამ გაერთიანების მიმართ, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის წევრებთან სკაიპ-კონფერენცია მოაწყო და აუხნა ის მოტივები, რატომ მოხდა ეს გაერთიანება. ამ დროს, პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ყველა წავიდეს, ვისაც წასვლა უნდა, შემოგზავნილები არიანო.
რეალურად კი, შემოგზავნილები ისინი იყვნენ, ვინც ამ თვეების განმავლობაში თავ-გზა აურიეს ბურჭულაძეს. მას შეეშინდა პარტიაში გაეკეთებეინა ის, რაც ტრადიციულ პარტიებშია – მენეჯერული რგოლი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები გუნდი. პასუხისმგებლობები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები გადაენაწილებინა პარტიის წევრებს შორის. ნახეთ, რომ არცერთი თანამდებობის პირი პარტიაში არ არის. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პაატა ბურჭულაძეს საკუთარი თანამშრომლების მიუღებლობა ჰქონოდა. ნახეთ დღევანდელი სია – პარტიას ჰყავდა ერთადერთი ფორმალურად პასუხისმგებელი ორგანო – გამგეობა და გამგეობის 4 წევრიდან სამი წევრი, გარდა თავად პაატასი, სიაში არ არის. მაშ, სად არის პაატა ბურჭულაძის გუნდი? ვის სიას ჩაუდგა ის სათავეში, ვის შეყვანას აპირებს პარლამენტში ჯერ კიდევ შემორჩენილი ავტორიტეტით?!
- დღეს ვინ ყავს გვერდით პაატა ბურჭულაძეს?
- ძალიან რთულია ამის თქმა. მთავარია, რომ პაატა ბურჭულაძემ უღალატა იმ იდეას, რა იდეითაც მოდიოდა ქართულ პოლიტიკაში. ამ შეერთების შედეგად გვერდზე გაიწია ყველაზე საღი ძალები და ვინც მოვიდა მათ ადგილას, უკვე გითხარით. პაატა ბურჭულაძე დამნაშავეა საკუთარი ხალხის წინაშე, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ერთადერთი მოღვაწე იყო, რომელსაც თავისი პერსონის გარშემო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მობილიზაციის რესურსი და ძალიან დადებითი და ინოვაციური როლის შესრულების შანსი ჰქონდა. მან კი, ეს გაფლანგა და საკუთარ ხალხს ეს იმედიც წაართვა.
- საერთოდ, ბურჭულაძის მიმართ რამდენად სამართლიანი და ობიექტური იყო ეს ნდობა?
- სანამ ეს გაერთიანება არ მოხდა, შიგნით ნაციონალების კვალი არ იგრძობოდა და მე ამის თქმა შემიძლია. მაგრამ, ამის შემდეგ მოძრაობას ტოვებს მერაბ მეტრეველი და მე ვრჩები. ჩემზე ხაზგასმას იმიტომ ვაკეთებ, რომ პაატა ბურჭულაძისთვის ჩემი ერთ-ერთი ღირებულება იყო ის, რომ მე არათუ ვასოცირდებოდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ მე ვიყავი ერთ-ერთი სიმბოლო იმ ადამიანისა, რომლის ოჯახზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხორციელდებოდა ზეწოლა და ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო 6 წელი დაკარგა შიშსა და მუდმივ ტერორში. ამ თვალსაზრისით, ერთგვარად ფარი ვიყავი მისი, გარდა იმისა, რომ ერთადერთი ქალი ლიდერი ვიყავი.
- ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ არ წამოხვედით ადრე და რატომ წამოხვედით დღეს, როცა სიები გამოქვეყნდა? ბუნებრივად ჩნდება განცდა, რომ ვინაიდან, თქვენ არ ხართ სიაში, განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობთ...
- შეუძლია ყველას შეამოწმოს, რომ გაერთიანების დღიდან, იმის მიუხედავად, რომ დაზიანებული ფეხით სამსახურში დავდიოდი, არც ერთი კომენტარი არ მიმიცია გაერთიანებაზე, არც დადებითი და არც უარყოფითი. არც ეთერში გამოვჩენილვარ სადმე და მით უმეტეს ამ ადამიანებთან ერთად. იმიტომ, რომ მე მათთან ასოცირება არ მინდოდა, ვიცოდი საით მიდიოდა პროცესი, მაგრამ მინდოდა ხელში დამეჭირა ფაქტი, საიდან სად დავიდა პაატა ბურჭულაძე. ეს ფაქტი იყო სია, როგორ სიას დადებდა პაატა ბურჭულაძე. ეს იქნებოდა გაყიდული ნაციონალების სია, თუ ეს იქნებოდა პაატა ბურჭულაძის გუნდის გადარჩენის შანსი. ეს იყო მოტივი, რატომაც დავრჩი. მე მქონდა ვალდებულება იმ ხალხთან, ვისაც ვხვდებოდი პაატა ბურჭულაძესთან ერთად და იმ ხალხთანაც, ვინც მივიყვანე. თუ არსებობდა შანსი, რომ ეს ახალი თაობა მინიმალურად მაინც წარმოდგენილიყო სიაში, ისინი იმ სიაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.
ნახეთ ჩემი ფეისბუქპოსტები, ყველაზე კრიტიკულ მომენტში მე ვრჩებოდი იქ, იმიტომ, რომ ვალდებულება მქონდა ახალგაზრდა თაობისთვის გზა გამეკვალა. პრინციპული საკითხი იყო, რომ სია მათთვის არ დაგვეთმო მთლიანად და პაატა ბურჭულაძის შემორჩენილი ჯგუფიდან ახალი სახეები მოხვედრილიყვნენ პარლამენტში. წარმოდგენილი სია კი მეტყველებს იმაზე, საიდან სად დავიდა პაატა ბურჭულაძე.
რაც შეეხება სიის გამოქვეყნებამდე პარტიიდან ჩემს წამოსვლას, ამით მათ ექნებოდათ გამამართლებელი საშუალება, რომ ხათუნა, ან ის ადამიანები, რომლებიც რეალუარდ იყვნენ ახალი სახეები, თავად წავიდნენ პარტიიდანო. ამიტომ, მე მჭირდებოდა ფაქტი, რა ფაქტითაც საკუთარ ამომრჩეველთან ვისაუბრებდი. ასე რომ, ჩვენ კი არ ვუღალატეთ პაატას, პაატამ გაგვყიდა ჩვენ, პარტია, ადამიანები და იდეა – ყველაფერი ერთად! ჩვენ კი არ გამოვიქეცით, არამედ ეს იყო პაატა ბურჭულაძის პირადი არჩევანი – ნაციონალების სია, ხოლო როგორ კომპლექტდებოდა ეს სია, ეს ცალკე ისტორიაა და არანაკლებ მნიშვნელოვანი.
- ვინ დააკომპლექტა სია?
- პარტიული სიის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ჰქონდა პავლე კუბლაშვილს და კრიმინალური, ქუჩური უნარ-ჩვევების მქონე პირს გოგა კალაძეს, იგივე „კალოშას“. ეს არის პიროვნება, რომელიც ძალისმიერი მეთოდით და შიშის ქვეშ ცდილობს წესრიგის დამყარებას პარტიაში და დღეს ის აჭარის სიის პირველი ნომერია. პაატას სია არის ნაციონალების და კრიმინალური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების ზეწოლის შედეგად შედგენილი ნაზავი. თუკი ისინი, თუნდაც, მანდატების ნაწილს აიღებენ პარლამენტში, ეს იქნება რეალური საშიშროება. შესაძლოა, მე, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფთხოება ძალიან დიდი რისკის ქვეშ დავაყენო, მაგრამ მინდა ქვეყანა ავარიდო ამ ძალიან დიდ გამოწვევას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე არაფრისგან არ დაუხევიათ უკან და შეიძლება არც ახლა დაიხიონ. ამიტომ, მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება.
- თქვენ თვლით, რომ თქვენს მიმართ ანგარისწორების საფრთხე არსებობს?
- როგორც გითხარით, ეს გუნდი რეალურად, საკუთარი წარსულით არის საშიში და იმ პირობებში, როდესაც ისინი ამ სახის ინტერვიუს ნახავენ, შესაძლოა, ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე განახორციელონ ტერორი. ამიტომ, თხოვნით მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს და მათაც დავაკისრებ თანაბარ პასუხისმგელობას, თუკი ისინი არ უზრუნველყოფენ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიმაჩნია, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა გაყიდული ნაციონალებით და ქუჩასთან დაახლოვებული ადამიანების უშუალო ჩარევით და ზეწოლით, მათ შორის პაატა ბურჭულაძეზე. ამასთან, მე არ გამოვრიცხავ, რომ გარდა უსაფრთხოებისა, ჩემს წინააღმდეგ განხორცილდეს შანტაჟიც ბურჭულაძის პარტიის მხრიდან.
მე, ყველგან სადაც ვიყავი: საჯარო სტურქტურებში, არასამთავრობო სექტორში თუ პაატას პარტიაში, ჩემს უპირველეს ამოცანად მიმაჩნდა გამეუმჯობესებინა ადამიანების და ქვეყნის მდგომარეობა და უსაფრთხოება. მე ხელს ვერ შევუწყობ იმგვარი ძალის მოსვლას, რომელიც ძალაუფლებით აღჭურვილი, საფრთხის შემქმნელი იქნება მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ მივდივარ ასეთ რისკზე დღეს და ამომრჩეველს ვაძლევ საშუალებას დაინახოს, ვინ ცდილობს დღეს ბურჭულაძის სახელის გამოყენებით პარლამენტში მოსვლას.
———————-
„ახალი თაობა“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია.
- ბატონო სოსო, ბევრი პარტიის, მათ შორის მმართველი ძალის საპარლამენტო სია ცნობილია. ეს ადამიანები კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის გამოადგებიან პარლამენტს? როგორ კანონებს შექმნიან ისინი?
- საქართველოს პარლამენტის საქმიანობას ეს სია 100%-ით აკმაყოფილებს, ამერიკის კონგრესის საქმიანობას კი – ნული პროცენტით. გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს კანონებს ერთი ადამიანი, ჯონი ხეცურიანი წერდა, დანარჩენები ე.წ. კანონმდებლები ხელს სწევდნენ. მგონი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ღილაკი. ედუარდ შევარდნაძის დროს კანონებს ორი-სამი კაცი წერდა. სააკაშვილის მმართველობის დროს კი კანონებს ადეიშვილი და `თავისუფლების ინსტიტუტი~ ქმნიდნენ. ახლა გაუგებარია, ვინ წერს კანონებს, უფრო არსებულ კანონებში შეჰქონდა ამ პარლამენტს შესწორება, უფრო დავარცხნა ხდებოდა არსებული კანონმდებლობის. ვახტანგ ხმალაძე განათლებით ფიზიკოსია, მაგრამ კონსტიტუციონალისტად იქცა. ხმალაძე წერს კანონპროექტებს, მაგრამ კიდევ ვინ, უკვე არ ვიცი. ახლა წარმოდგენილი მმართველი ძალის სია უცნობთა კრებულია. წინა მოწვევის პარლამენტში თითქმის ყველა სპორტის სახეობა იყო წარმოდგენილი, გარდა ფეხბურთისა. მომავალ პარლამენტში ეს დანაკლისი გამოსწორდება და ფეხბურთელებიც გვეყოლებიან. ოთხი წლის შემდეგ კი ეს ეგზოტიკა კიდევ უფრო გაიზრდება და კალათბურთელებს ვიხილავთ, თანაც მოქმედი ნაკრები კალათბურთისთვის ბერდება. მე არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით, სპორტის ყველა ეს სახეობა მიყვარს, მაგრამ აქ საუბარია ქვეყნისთვის კანონების შექმნაზე, იმ კანონების, რომლებითაც ქვეყანამ, სახელმწიფომ უნდა იცხოვროს.
- „ოცნების“ სიის ათეულზე რას იტყვით? მოელოდით ამ შემადგენლობას?
- გასაგებია, რომ სიას სათავეში პრემიერ-მინისტრი უდგას. ასევე გასაგებია კალაძის არსებობა მეორე ნომრად, რომელიც ერთი დღეც არ დაჯდება პარლამენტში, ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილი. ისინი არიან ამ სიის გამწევი ძალა, კენჭს იყრიან და შემდეგ თავიანთ თანამდებობებს დაუბრუნდებიან.
- ბიძინა ივანიშვილმა აქტიურად დაიწყო რეგიონებში შეხვედრები და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. ივანიშვილი ხედავს აუცილებლობას, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა მიიღოს მონაწილეობა?
- დიახ, ეს არის ერთგვარი ინდიკატორი. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გააქტიურდება ივანიშვილი. შიდა მოხმარებისთვის ყველა პარტიას აქვს რეალური სოციოლოგიური კვლევები და ამის მიხედვით ხდება კამპანიის დაგეგმვაც. ბიძინა ივანიშვილის აქტიურად გამოჩენა, განცხადებები სწორედ ერთგვარი ინდიკატორია. თავიდან ის არ იყო ასეთი აქტიური, რადგან დარწმუნებული იყო მმართველი ძალის გამარჯვებაში მისი დახმარების გარეშე.
- დღეს არ არის დარწმუნებული?
- ხედავს, რომ მისი ავტორიტეტია საჭირო და ამას აკეთებს კიდეც. ამ ავტორიტეტს ახმარს მის მიერ შექმნილ პარტიას. რაც დრო გადის, იკვეთება, რომ ადვილად ვერცერთი პარტია ვერ გაიმარჯვებს.
- ვერც „ქართული ოცნება“?
- ვერც „ქართული ოცნება“. ეს ჩანს ყველა სოციოლოგიურ კვლევაში. აქ მთავარი დატვირთვა მოდის გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ამიტომ პარტიებს სერიოზული მუშაობა მოუწევთ, მათ შორის მმართველ პარტიასაც. ივანიშვილი დღეს `ქართული ოცნების~ მაშველი რგოლია, გარედან დამხმარე სერიოზული ძალა.
- ივანიშვილის განცხადებები რესპუბლიკელების, დავით უსუფაშვილის, მიმართ რითია განპირობებული? ასევე, ის ყველაზე დიდი შეცდომას უწოდებს მარგველაშვილს.
- ეს განცხადებები განპირობებულია იმით, რომ რესპუბლიკელები „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები არიან. ივანიშვილს უსუფაშვილთან, უფრო მეტად კი მარგველაშვილთან პრეტენზიები აქვს, რადგან თვლის, რომ მარგველაშვილმა მას უღალატა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, აქ ცოტა სხვაგვარად არის საქმე. მე გამიკვირდა, რომ აქამდე გაძლეს რესპუბლიკელებმა კოალიციაში, რადგან აქ პრინციპულ განსხვავებაზეა საუბარი. პოლიტიკაში დაუწერელი კანონია _ შენგან წასულ მოკავშირეზე არც კარგი თქვა და არც ცუდი. ყველაზე მომგებიანია იგნორირება. მე ივანიშვილის ადგილზე სწორედ ამ მეთოდს მივმართავდი, რომ აღარ არსებობს არც მარგველაშვილი, არც უსუფაშვილი და არც ალასანია.
- 8 ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია თუ სიურპრიზებია მოსალოდნელი?
- ჩემი პროგნოზით, 8 ოქტომბრის არჩევნების ბედი გადაწყვეტილია, იმიტომ კი არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დაპირება შეასრულა, არამედ იმიტომ, რომ ოპოზიცია გაცილებით სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ `ოცნება~ არ არის ძლიერი პარტია, ის მაინც გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიცია ძალზე სუსტია ქვეყანაში და ეს არ არის `ოცნების~ ბრალი. ამიტომ არავითარი სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.
- წინასაარჩევნო ბლოკებს, მაგალითად ბურჭულაძისას, `ქართული ოცნების~ საპირწონედ ვერ განვიხილავთ?
- დღეს ოპოზიცია სუსტია, დაქსაქსულია. ეს არაბუნებრივი ალიანსები თუ ბლოკები, შეუთავსებელთა შეთავსების დილეტანტური ცდები შედეგს ვერ მოიტანს. ამას ემატება საარჩევნო კოდექსი, რომელიც ოპოზიციამ, დიდი ხმაურის მიუხედავად, ვერ შეცვალა. მაჟორიტარული ოლქები ყველა ხელისუფლების მაშველი რგოლია ყველა დროში. „ქართული ოცნება“ ყველაზე დიდ აქტივს სწორედ მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვებს.
- ანალიტიკოსთა უმრავლესობა ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურს პროგნოზირებს...
- მიუხედავად ამისა, მაჟორიტარული არჩევნები ყოველთვის, შევარდნაძის პრეზიდენტობიდან მოყოლებული, სააკაშვილის მმართველობის დროსაც ხელისუფლების სამსახურში იყო. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერავინ გაექცევა. კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, არის ის, რომ ადვილად იყიდებიან მათი წარმომადგენლები. სწორედ ამ ფონზე მმართველ პარტიას ალტერნატივა არ ჰყავს. დღეს 2012 წლის არჩევნებისგან სრულიად განსხვავებული რეალობა გვაქვს. მაშინ ამომრჩევლის 90%-ს პრეტენზია ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, მმართველ ძალასთან. ამიტომ, როგორც კი დარწმუნდა, რომ გამოჩნდა დიდი ძალა, დიდი ფინანსები, ხალხმა ირწმუნა და ტოტალურად დაამარცხა მმართველი ძალა. დღეს სრულიად განსხვავებული რეალობა გვაქვს და ამიტომ ვაკეთებ ამ პროგნოზს.
„ახალი თაობა“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნაციონალები“ დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან“
რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ წინასაარჩევნოდ? მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია? ვინ და რატომ უხდის ფულს სპორტსმენებს? გამოაცხადა თუ არა ნაცმოძრაობამ ზონდერების მობილიზება? – „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პასუხობს.
- ბატონო მამუკა, თქვენს განცხადებებს, რომ წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციას უნდა ველოდეთ, უკუშეფასებები მოჰყვა. ხშირად საუბრობს მსგავსი განცხადებებით, მაგრამ ამას ვერ ასაბუთებსო, ამ განცხადებებით ხელისუფლებას უმყარებს ზურგსო და ასე შემდეგ. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
- წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის 2012 წელი და ზუსტად იმავე განცხადებებს აკეთებს მამუკა არეშიძე. მაშინაც ზუსტად იმავეს იტყოდა ადამიანების ეს კატეგორია, რომ არეშიძის განცხადებები არის დაუსაბუთებელი. წარმოიდგინეთ, რომ არის 2012 წლის აგვისტოს შუა რიცხვები, მოვიდა 29 აგვისტო და მოხდა ლაფანყური. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არჩევნების დღეს, რომ არა ამერიკის ელჩის ჩარევა, მაგალითად, ზუგდიდში, იქ რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. ელჩი ტყუილად არ ჩასულა იქ. ისიც ვიცით, რომ არჩევნების დღეს და მეორე დილით ახალაიების მიერ კინაღამ მოხდა უბედურება, რომ არა შაშკინის ჩარევა, რომელმაც ამერიკის ელჩი გააფრთხილა და მან მოახდინა რეაგირება.
- ეს მაშინ და ახლა?
- ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია. უბრალოდ, ვიდრე ურემი არ გადაბრუნდება, ვერაფერს დაინახავენ. ზუსტად იგივე სიტუაციაა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს. მე ვიცი, რომ ადამიანები ამისთვის ემზადებიან. მე შემიძლია ვისაუბრო ფაქტებით.
- რომელი ფაქტებით?
- შემთხვევით მოხდა ისე, რომ მე მივიღე ინფორმაცია ორი სპორტსმენისაგან, რომლებიც იყვნენ ყოფილი ზონდერები და 2012 წლის 1 ოქტომბერს ბაზაზე ისხდნენ. მათი გამოყენება უნდა მომხდარიყო არჩევნების დასრულებისთანავე, თუ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ოპოზიცია და მათ უნდა დაერბიათ ოპოზიციის მიტინგი. თუმცა მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და არჩევნები აღიარა, ეს ჯგუფებიც დაიშალა. ახლა ისევ დაუძახეს ამ ზონდერებს.
- როდის და რა დავალებით?
- მაისში მოხდა ეს ამბავი და ერთ-ერთმა მათგანმა მე ეს მომიყვა. დაუძახეს ნაციონალური მოძრაობის რაიონულ შტაბში, მოსთხოვეს პირადობის ასლები და შეჰპირდნენ ხელფასებს _ 1.500 ლარს ერთს, 1.000 ლარს მეორეს ნოემბრის ბოლომდე.
- რა დავალება მისცეს?
- დაავალეს, რომ ისევ ისე უნდა იყვნენ მობილიზებულები არჩევნების დღეს და შეიძლება არჩევნებამდეც გამოიყენონ.
- კორცხელის ინციდენტში რომ მარტო `ოცნებას~ დაბრალდა სპორტსმენების მობილიზება?
- სწორედ კორცხელის ინციდენტი ამის ნათელი გამოხატულება იყო. ყველამ ენა დააყენოს და ჯობია გაიხსენოს, რა მოხდა!
- რა მოხდა?
- კორცხელის ინციდენტში არ მონაწილეობდნენ მხოლოდ `ქართული ოცნების~ მხარდამჭერები, მონაწილეობდნენ მეორე მხარის მხარდამჭერებიც, ზუსტად ისეთივე სპორტსმენები, როგორიც აქეთა მხარეს! რატომღაც ამისი ხაზგასმა ვერ მოხდა ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე მედიის მხრიდან, თორემ მათი სახელები და გვარებიც ცნობილია!
- ვინ იყვნენ?
- იქ შტანგისტიც იყო და მოჭიდავეც!
- ნაციონალების პროპაგანდამ იმუშავა ამ შემთხვევაში?
- ყოველთვის ასეა. ნაციონალების პროპაგანდა მუშაობს, სოციალურ ქსელში მათი მხარდამჭერები მუშაობენ, ამიტომ ბევრი რამე ისეა, როგორც მათ აწყობთ! მე ზუსტად ვიცი, სულ მცირე, ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის თაობაზე უკრაინაში, რომლებიც ვითომ უკრაინული ორგანიზაციებია, იქ არის რეგისტრირებული, სინამდვილეში აქაური ქართველებით არის დაკომპლექტებული.
- რა არის მათი მთავარი ამოცანა?
- მათი მუშაობის მთავარი ამოცანაა მეთოდოლოგიის შემუშავება, როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები. იქ არ არის მხოლოდ ზონდერჯგუფები გათვალისწინებული. იქ გათვალისწინებულია თუნდაც ის მეთოდოლოგია, რაომელსაც ისინი იყენებენ სოციალურ ქსელში. ეს არის მეთოდოლოგია, როდესაც ყველაფერზე უნდა შექმნან მაქსიმალურად უარყოფითი ფონი, რა ცოდვაც აქვს ამ ხელისუფლებას, ასჯერ მეტი უნდა დაუმატონ, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბებული იყოს შესაბამისად. ეს მეთოდოლოგია აქტიურად მუშაობს. მე ფრაგმენტები გითხარით, ზონდერჯგუფები არ არის გადამწყვეტი. იქ არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება საზოგადოებაზე. იქ არის სიების განლაგება ისე, როგორც მათ უნდათ და ბევრი სხვა რამ, მომზადება იმისა, რა უნდა მოხდეს არჩევნების დღის შემდეგ.
- შემდგომი პროცესებისთვისაც ემზადებიან?
- რასაკვირველია და ამ გეგმის ფრაგმენტსაც მოგახსენებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ნაცმოძრაობა, თუ ვერ მოახერხა სხვა უკმაყოფილო პოლიტიკური პარტიების გადმობირება აქციებისთვის და როგორ უნდა მოიქცეს, თუ მოახერხა. ძალიან ყოჩაღად მუშაობენ. ამას ხაზგასმით ვამბობ როგორც იდეოლოგიურ, ისე ძალისმიერ ფრონტზე.
- მიხეილ სააკაშვილი უკვე აცხადებს, რომ რთველს კახეთში შეხვდება, საკუთარ ვენახში ყურძენს დაწურავს. ეს მისი მხარდამჭერების გამხნევებაა თუ მართლა არსებობს ამის შანსი?
- რასაკვირველია, ნაწილობრივ გამხნევებაა და ყველა პოლიტიკური ლიდერი ასე მოიქცეოდა, მაგრამ არის მეორეც _ მისი გუნდის წევრები სერიოზულად ფიქრობენ, რომ ამის განხორციელება შეუძლიათ. ნაციონალების ამოცანა გამარჯვება არ არის. მათი ამოცანა წარმატების მიღწევაა. მაგრამ, თუ გაუჩნდათ შანსი, რომ ქუჩა გამოიყენონ საპროტესტოდ, ამას აუცილებლად გააკეთებენ. ყველაფერი ეს გეგმაში უზით. ვიღაცამ არ დამიწყოს სულელური შეკითხვების მოცემა, საიდან ვიცი.
- ისმის ასეთი შეკითხვები...
- ჯერ ერთი, საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება განვვლე და მეორეც, ისინიც ქართველები არიან და ენას ატარტარებენ. პატარაა საქართველო, ყველას ჰყავს ახლობელი, ნათესავი, კოლეგა და ასე შემდეგ. ჩემი ერთ-ერთი გაზრდილი ყოფილი ჟურნალისტი დღეს ნაციონალური მოძრაობის სიაშია საპატიო ადგილზე.
- ანუ საფრთხე სერიოზულია?
- რასაკვირველია, სერიოზულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია, პრევენცია მოახდინოს, მაგრამ ჩემი ამოცანაა ადამიანისა, რომელიც ყოველთვის თვლიდა, რომ ნაცმოძრაობამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის გამო, რომ მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ბლოკირება მოვახდინო.
- თუმცა საპირისპირო ვერსიებიც მოვისმინეთ...
- დიახ, მეც ვნახე სულელური ვერსიები სოციალურ ქსელში, ფული მისცეს და იმიტომ ლაპარაკობსო. გადაავლონ ჩემს ინტერვიუებს თვალი, მოყოლებული 90-იანი წლებიდან დღემდე. მე ის მინდა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, სისხლისღვრა და უბედურება.
- სამართალდამცავები თუ ინტერესდებიან თქვენი განცხადებებით, წყაროთი, თუ ვინ გაწვდით ამ ინფორმაციებს?
- მე სამართალდამცავებსაც ვიცნობ და ვიღაც-ვიღაცები კერძოდაც ინტერესდებიან, მაგრამ ჩემი განცხადებების გამო ოფიციალურ უწყებაში არავის დავუბარებივარ.
„ახალი თაობა“, 08 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ საკუთარ სასამართლოზე ექსპერტად გამოვდიოდი“ // „გიორგი მარგველაშვილს შეუძლია, ძალოვან სტრუქტურებს ჯალათების დასჯა მოსთხოვოს“
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით კომისიის შექმნას გეგმავს. ის უკვე შეხვდა პოლიტპატიმრებსა და ექსპერტებს.
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილის პერიოდში საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურში უცოდინარი ადამიანები მუშაობდნენ.
- ბატონო ვახტანგ, როგორც გავიგე, პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდით. რა იყო შეხვედრის მიზეზი?
- პრეზიდენტს პოლიტპატიმრებთან ჰქონდა შეხვედრა. პრეზიდენტის თანაშემწე ივა ჩიღვინაძე იყო პოლიტპატიმარი, თვითონაც რეპრესირებულია და გადაიტანა ტანჯვა-წამება. პოლიტპატიმრების მოსაზრებები მოისმინეს, ისტორიებს გაეცნნენ. ესეც კარგი ტენდენციაა.
- რა ბერკეტი გააჩნია პრეზიდენტს სამართლიანობის აღსადგენად?
- პრეზიდენტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
- გავლენის მოხდენა შეუძლია?
- გავლენის – არა. პრეზიდენტის სიტყვა მაინც მნიშვნელოვანია. პრეზიდენტს შეუძლია, პოლიტიკური განცხადება გააკეთოს. უშიშროების საბჭოს მეშვეობით ძალოვანი სტრუქტურების მიმართაც აქვს ბერკეტები. მას შეუძლია მოსთხოვოს ძალოვან სტრუქტურებს ჯალათების დასჯა. პრეზიდენტს შეუძლია, საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს პარლამენტში, რომელიც პოლიტპატიმრების უფლებებს ან ღირსების აღდგენას ხელს შეუწყობს.
- ბოლო დროს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სააკაშვილის რეჟიმის დროს რეპრესირებულთა შესახებ...
- ამ დადგენილებაში ბევრი რამ გაურკვეველია, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა აღსრულდეს. ამით ჩვენ მივდივართ მანკიერ წრემდე.
- რას გულისხმობთ?
- შეიძლება შეიტანო საჩივარი ახალი გარემოებით, მაგრამ სად უნდა შეიტანო? იმ სასამართლოში, სადაც ჯერ კიდევ არიან ის მოსამართლეები, რომლებსაც გამოჰქონდათ დანაშაულებრივი განაჩენები? ასეთივე მოსამართლეების ხელში იგივე საქმე რომ მოხვდეს, ეჭვი გეპარებათ, რომ იმავე განაჩენს გამოიტანს? მურუსიძემ თავისი პირით აღიარა, ჩემთან იგივე საქმე რომ მოსულიყო, იმავე განაჩენს გამოვიტანდიო. სანამ არ მოხდება სასამართლოს გაწმენდა მურუსიძისნაირი მოსამართლეებისგან, პოლიტიკური ნება თუ არ გამოავლინა ხელისუფლებამ და სასამართლო არ გაწმინდა ჯალათი მოსამართლეებისგან, საქმის სასამართლოში ხელახალ განხილვას აზრი არ აქვს.
- თუ პროკურატურა რეალურად გამოძიებულ საქმეს წარუდგენს, მოსამართლეებს სხვა გზა აღარ ექნებათ და სწორ განაჩენს გამოიტანენ...
- პროკურატურაშიც არიან ჯალათი პროკურორები. პროკურატურაც არ არის რეფორმირებული. ამიტომ საჭიროა, მექანიზმები შემუშავდეს, თუმცა შეიძლება იდეალური კანონი გამოაცხო, მაგრამ არ გქონდეს მისი აღსრულების ბერკეტები და პოლიტიკური ნება.
- თქვენი დაპატიმრებისა და წამების საქმეში ყველაზე მთავარი რა იყო, რაც არასოდეს დაგავიწყდებათ?
- ყველაზე მთავარი საქმის კურიოზულობა იყო.
- როგორ?
- შეიძლება დაგადანაშაულონ, მაგრამ გააჩნია, რაში დაგადანაშაულებენ. მაგალითად, ტიციან ტაბიძეს არსებული სპეცსამსახურის ჩაშვება დააბრალეს. ტიციან ტაბიძე და საფრანგეთის სპეცსამსახურებთან კავშირი უაზრობა და ანაქრონიზმი იყო, როგორც ჩემი ბრალდება. მე დამადანაშაულეს არარსებული სპეცსამსახურის ჯაშუშობაზე. შეიძლება რაღაც აბსურდი დაგიდონ, იცოდე, რომ აბსურდია, მაგრამ, როცა არარსებული სპეცსამსახურის ჯაშუშობას გაბრალებენ და ამის გამო გწირავენ სიკვდილისთვის, ვერ იგებ, რა არის შენი დანაშაული.
_ რა გაგიკვირდათ, როცა სააკაშვილის რეპრესიულ მანქანაში მოხვდით?
_ ეს გამიკვირდა. მე ვარ უსაფრთხოების სამხედრო ექსპერტი. 2007 წლიდან ვსაქმიანობ ამ მიმართულებით. ყველაზე დიდი კურიოზი ის იყო, რომ საკუთარ სასამართლოზე ექსპერტად გამოვდიოდი.
_ როგორ, ეს შესაძლებელია?
_ საკუთარ სასამართლოზე მოსამართლის შუამდგომლობითა და გადაწყვეტილებით მე ვიყავი ჩემი თავის სამხედრო ექსპერტი. მოსამართლე ჯერ მომმართავდა, ბრალდებულო მაისაია, ამ საკითხზე გაგვეცი პასუხი, შემდეგ მომმართავდა, როგორც სამხედრო ექსპერტს, ბატონო ვახტანგ, გთხოვთ, ეს სამხედრო ტერმინი განგვიმარტოთო და მე ვაკეთებდი განმარტებას.
_ ეგ მართლა კურიოზი ყოფილა. რატომ გახდა საჭირო თქვენი ექსპერტობა თქვენივე სასამართლოზე, სხვა ექსპერტი ვერ მოიწვიეს?
_ ჩვენი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლე ესებუამ, დაცვის მხარეს სამხედრო ექსპერტი რომ წარმოედგინა. საქმე ეხებოდა სამხედრო ჯაშუშობას. წესით, თუ მე ჩავიდინე სამხედრო ჯაშუშობა, უნდა შექმნილიყო სამხედრო ტრიბუნალი, რომლის კომპეტენტური სასამართლო სტრუქტურის წარმომადგენლები, კომპეტენტური მოსამართლეები, რომლებიც გაცნობიერებული იქნებოდნენ სამხედრო სფეროში, გამასამართლებდნენ.
პროკურორი ბერიკაშვილი ტანკსა და ბეტეერს ვერ არჩევდა. ადრე კალათბურთელი იყო და სამხედრო საქმის არაფერი ესმოდა. ჯაშუშობა რა იყო, ისიც არ იცოდა. მივმართე, ბატონო პროკურორო, დამისახელეთ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები, რომელთაც ევალებათ სადაზვერვო საქმიანობა-მეთქი და პროკურატურას სასწრაფოდ მესიჯი მისწერა, დამეხმარეთო. ისინიც ვერ დაეხმარნენ. მოიხადა ბოდიში, მეჩქარებაო და სასამართლო სხდომა გადაადებინა. მართალია, მოსამართლე შეკვეთას ასრულებდა, მაგრამ შეკვეთას გაფორმება ხომ უნდა. ამიტომ მითხრა, იქნებ თქვენ იყოთ ჩვენი ექსპერტიო და ვაკეთებდი განმარტებას.
_ მოსამართლემ თქვენი, როგორც სამხედრო ექსპერტის რჩევები გაითვალისწინა თუ თქვენ წინააღმდეგ გამოიყენა?
_ პროკურორი 26-წლიან სასჯელს ითხოვდა. მოსამართლე ესებუამ, მიუხედავად იმისა, რომ თავზეხელაღებული ბანდიტი იყო, მომისაჯა წამოყენებული მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი. პროკურატურა მაქსიმუმს მოითხოვდა.
_ გამომძიებლები როგორ ცოდნას ამჟღავნებდნენ?
_ თქვენ ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს მაშინდელ სპეცსამსახურებზე, რომლის ნარჩენი დოქსოპულოები დღესაც მუშაობენ. კონტრდაზვერვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ზუმბაძე, მაშინდელი კონტრდაზვერვის უფროსი მაზმიშვილი (რომელიც ახლა დაპატიმრებულია ბიჭების ჩაცხრილვაზე) და ორჯონიკიძე ვერ ერკვეოდნენ გეოგრაფიაში.
_ აბა, რაში ერკვეოდნენ?
_ ელემენტარულად, არ იცოდნენ, რომ სერბეთი და სლოვაკეთი ერთი და იგივე არ არის. მიმტკიცებდნენ, რომ ნატომ დაბომბა სლოვაკეთი. პრიმიტივები იყვნენ.
_ თქვენ ისეთი გამომძიებლები შეგხვდათ, როგორიც გოგა ხაინდრავას ფილმშია და თქვენც ისე მოგექცნენ?
_ დიახ. თუ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ, ელიტური იყო, მაგრამ სახელმწიფო უშიშროება ებარათ დოქსოპულოებსა და ერთუჯრედიანებს, რომლებსაც ორ ბატს არ ჩააბარებდი, როგორ მოიგერიებდნენ რუსულ აგრესიას! კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო ზუმბაძე და რუსეთის სპეცსამსახურები ვერ ჩამოთვალა.
_ იმიტომ არის ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი დაზვერვა.
_ ამბობდა, ირანისტი ვარო და ავღანეთის პროვინციები არ იცოდა. ჩემი ანალიზი სირიის შესახებ ბრალდების საქმეში იდო.
_ ანუ ანალიტიკური სტატიებისა და ინტერვიუებისთვის დაგაპატიმრეს?
_ დიახ. ჩემი საქმე ნაწილობრივ გასაიდუმლოვდა და, როგორც გაირკვა, ჩემი ანალიტიკური წერილის გამო დამაპატიმრეს. მე გავაკეთე ანალიზი და ვამხილე სააკაშვილი, ჩვენი ავიაცია 2008 წლის აგვისტოში როგორ აღმოჩნდა პარალიზებული. ჩემი საქმის მეოთხე ტომში ჩადებულია ჩემი ინტერვიუ, რაზეც დამაპატიმრეს. მე ვამხილე ვანო მერაბიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის გამო. ვამხილე მისი შეხვედრები ბელორუსიის კგბ-ს უფროსთან და მისი კონტაქტები რუსეთის გავლენიანი წრეების წარმომადგენლებთან. ეს არის მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება ბრალი წაეყენოს ვანო მერაბიშვილს რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ჯაშუშობაზე.
_ გოგა ხაინდრავას ფილმი ნახეთ?
_ მინდა, უღრმესი მადლობა ვუთხრა გოგა ხაინდრავასა და მის შემოქმედებით ჯგუფს გაწეული დიდი შრომისთვისა და ისტორიული ტიპის ფილმის გადაღებისთვის. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ არ მინახავს ასეთი ოპერატიული კუთხით გადაღებული ფილმი. ქართულ კინემატოგრაფს ვულოცავ ასეთი მაღალი დონის ფილმის გადაღებას. ძირითადად 5 ეპიზოდია ფილმში დაფიქსირებული. 5 პროტოტიპიდან ცოცხლები დავრჩით მე და ალექსანდრე ახალკაცი. სერგო თეთრაძე, როინ შავაძე და ირემაძე დაღუპულები არიან. ისინი გმირები იყვნენ და სიკვდილის შემდეგ მაინც უნდა დააჯილდოვონ.
_ ყველაფრის ხელმეორედ ნახვამ არ დაგთრგუნათ?
_ ეს ყველაფერი გადაიტანა ჩემმა უახლოესმა მეგობარმა, თანამებრძოლმა ალექსანდრე ახალკაცმა. მან ციხეში განცდილი რეპრესიები და მთელი ტრაგიზმი ასახა იმ რომანში, რომელიც ციხეში დაწერა.
_ თქვენ დაასახელეთ ისინი, ვინც გაწამებდნენ, მაგრამ ისინი არ დასჯილან, პირიქით, ზოგი დაწინაურდა კიდეც. თქვენ რით ხსნით, რომ ყველა მათგანს პასუხი არ უგია ჩადენილი დანაშაულისთვის?
_ კოაბიტაციით. კოაბიტაცია იყო პოლიტიკური სიბეცე, რომლითაც ქართულ ნაციზმთან მოხდა გარიგება. ეს იყო სახელმწიფოებრივი შერწყმა. ეს იგივეა, პოსტნაცისტური გერმანიის მთავრობებს ნაცისტ დამნაშავეებთან რომ ეთანამშრომლათ.
_ გამორიცხავთ, რომ მომავალში ისინი დაისაჯონ?
_ ისინი ყველა ვარიანტში დაისჯებიან. ეს არის დროის ფაქტორი. თუ არ დაისჯებიან, უფალი მიუზღავთ სამაგიეროს. დოქსოპულოები იწირებიან ხოლმე გაცილებით მაღალი დონის მიერ. სააკაშვილი ძალიან ადვილად წირავდა თავის დოქსოპულოებს. გავიხსენოთ, როგორ გაწირა ახალაიები და სხვები, როცა განაცხადა, საერთოდ არ ვიცნობო. იგივე ბედი ელით დანარჩენებსაც. დავით და ბაჩო ახალაიები არაფრით განსხვავდებოდნენ ზუმბაძის, ორჯონიკიძის, დათაშვილისა და სხვა ნაძირლებისგან. ნაწილი დოქსოპულოებისა დატოვეს, რომ თავიანთი პირადი ეგოცენტრული მიზნებისთვის გამოიყენონ.