globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 19th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 18 იანვარი, 2014 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=21841

ლოგიკური, მაგრამ არარეალური ნაბიჯი

საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის კოალიციის ჩამოყალიბება თანამედროვე პირობებში ნაკლებად სავარაუდოა

ვ.რომანოვი

(შემოკლებით)

მეზობელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არ შეიძლება არ გვაინტერესებდეს ჩვენ, აზერბაიჯანელებს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კასპიის ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანესი ენერგოარტერიები სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. გარდა ამისა, ამ ქვეყანაში ცხოვრობს სამასი ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე, რომელთა ბედი არ შეიძლება არ გვაღელვებდეს. შესაბამისად, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ბაქოში ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს და იმ კურსს, რომელსაც ოფიციალური თბილისი ახორციელებს.

უკანასკნელ ხანებში საქართველოში საკმაოდ გართულდა საშინაოპოლიტიკური სიტუაცია, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლაზე და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნებაზე, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რამდენად სავარაუდოა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება, ქართულ პოლიტიკაში მისი საქმიანობის პერსპექტივა, როგორი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? ამ საკითხებზე გაზეთ „კასპიის“ მკითხველებს საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, პროფესორი და პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი ესაუბრება.

- თქვენი აზრით, რამდენად დიდია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ალბათობა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?

- ჩემი აზრით, იგი დაბრუნდება. მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური ორგანიზაციის ლიდერია. დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ რეიტინგი სულ უფრო მეტად დაიკლებს და საბოლოოდ, კოალიცია დაიშლება. ამ დროს კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოპულარობა მატულობს. დადგება მომენტი, როცა დღევანდელ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის დევნისათვის დრო აღარ ექნება.

- როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერისა და ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა?

- პოლიტიკურ კარიერასთან დაკავშირებით მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მისი კარიერა არ შეწყვეტილა და არ დასრულებულა. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებაში მის სამომავლო მოსვლას, მოვლენებს წინ ნუ გადავუსწრებთ – არავინ იცის, როგორი იქნება 2016 წელი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მმართველი კოალიცია არჩევითობის პრინციპის ერთგული თუ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პროცესების გაყალბებას დაიწყებს. თუ მეორე სცენარის რეალიზების მცდელობა მოხდება, მაშინ მოვლენები რევოლუციური შედეგებით დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად დარჩება.

(…)

- შეუძლია თუ არა კრემლს, „დასავლეთის ჯინაზე“, პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ხანძარი გააჩაღოს? მაგალითად, მეზობელ რესპუბლიკებში, კერძოდ, საქართველოში,  კონფლიქტების ინიცირება მოახდინოს?

- ეს სრულიად  შესაძლებელი სცენარია. ვფიქრობ, რომ ვალიდიმერ პუტინს მართლაც აქვს ერთ-ერთი მსგავსი სცენარი, რომ სამხრეთ კავკასიაში ხანძარი მოაწყოს, შემდეგ კი დასავლეთს ევაჭროს: „უკრაინას ნაწილობრივ დაგითმობ, სანქციები მომიხსენი, სანაცვლოდ კავკასიაში სიტუაციას ჩავაწყნარებ“. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების ზონის გაფართოებაზეც კი წავიდეს, რათა ამ სივრცეში გარკვეული გავლენა შეინარჩუნოს. რუსული საზოგადოების ნაციონალისტური წრეები პრეზიდენტისადმი სერიოზულად უკმაყოფილოები იქნებიან, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დონეცკსა და ლუგანსკს რაიმე კომპენსაციის გარეშე დაუთმობს. ამასთან დაკავშირებით კრემლისთვის კომპენსაცია ის იქნება, თუ დასავლეთს სამხრეთ კავკასიიდან ფეხს ამოაკვეთინებს. არადა, ჩემი ვარაუდით, ვლადიმერ პუტინს ამის გაკეთება გაუჭირდება: იმპერიის შენარჩუნება 21-ე საუკუნეში ძალიან ძვირი საქმეა.

- რამდენად სავარაუდოა არსებული საგარეო გამოწვევების პირობებში თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამხედრო ბლოკის შექმნა?

- ამგვარი ბლოკის ჩამოყალიბება ლოგიკური მოვლენა იქნებოდა, მაგრამ დღეს არსებული პირობების გათვალისწინებით, ნაკლებად შესაძლებელია. უფრო რეალისტურად მეჩვენება, თუ სამი სახელმწიფო დროებით პოლიტიკურ კოალიციას შექმნის, რომელიც მიმართული იქნება საერთაშორისო არენაზე რუსეთის აგრესიულობის ერთობლივად განეიტრალებისათვის. ბლოკის შექმნა ძნელად წარმომიდგენია იმის გამოც, რომ მთავარი „დამაბრკოლებელი ლოდი“ თურქეთის პოლიტიკაა, რომელსაც არ სურს შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის (პირველ რიგში კი – აშშ-ის) თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების გაძლიერება. პრობლემა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაშიცაა, რომელსაც მომლოდინე პოზიცია აქვს დაკავებული და აბსოლუტურად არარეალურ პოლიტიკას ატარებს ერთდროულად რუსეთთან და დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით.

რასაკვირველია, დასავლეთს არ უნდა თბილისისა და მოსკოვის კონფრონტაციის განახლება, მაგრამ ელოდება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მეტი სინათლე იქნება. ერთადერთი, რაშიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება თანმიმდევრობას ამჟღავნებს, ესაა ოპოზიციისადმი სიძულვილი, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ იმავდროულად სწორედ ეს ფაქტორი ასუსტებს როგორც საშინაო, ასევე საგარეო დონეზე.

„ბი-ბი-სი“ (დიდი ბრიტანეთი), 17 ინავარი, 2015 წელი

http://www.bbc.co.uk/russian/international/2015/01/150116_georgia_ukraine_volunteers

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერები?

(შემოკლებით)

„მაშინ, როცა ოფიციალური თბილისი კიევს მხარდაჭერას უცხადებს, მაგრამ თავს შორს იჭერს სამხედრო მოქმედებებისაგან, ზოგიერთი ქართველი მოქალაქე უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში – დონბასში იბრძვის: ისინი თვლიან, რომ აქ არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს მომავალი ბედიც წყდება. ქართველი მოხალისე მებრძოლები  ეროვნულ ლეგიონის შემადგენლობაში არიან გაერთიანებულნი“, – აღნიშნულია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულენოვანი სამსახურის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ჩვენ უკრაინას და საქართველოს ვიცავთ, ჩვენ საერთო მტრის წინააღმდეგ ვიბრძვით“, – ამბობს „ქართული ეროვნული ლეგიონის“ დაამარსებელი, საველე მეთაური მამუკა მამულაშვილი, რომელიც სამხედრო გამოცდილების მქონე თანამემამულეებთან ერთად, უკრაინაში ცხრა თვის წინათ ჩავიდა. მის ლეგიონში უკრაინელი და ქართველი მეომრები იწრთვნებიან, შემდეგ კი ისინი სამხედრო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.

„ჩვენთან შერჩევა ძალიან მკაცრია. იმ მოხალისეებს, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ და ან ჩვენივე მეგობრებისაგან მათ არანაირი რეკომენდაცია არ აქვთ, ლეგიონში არ ვღებულობთ. აქ მხოლოდ ისეთი ხალხია, ვისაც პირადად ვიცნობთ და ვმეგობრობთ“, – ამბობს მამუკა მამულაშვილი და დასძენს, რომ ქართველები უკრაინაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, უანგაროდ იბრძვიან. „ისინი, ვინც რაღაცას აკეთებენ და ამისათვის ხელფასს იღებენ, ჩვენთვის მიუღებლები არიან. ჩვენ ვერ ვეგუებით იმას, რომ ომისათვის ფული ავიღოთ. ამით მეც ვღიზიანდები და ჩემი მეგობრებიც“, – აღნიშნავს საველე მეთაური.

მამუკა მამულაშვილის თქმით, ქართული ლეგიონი თანამშრომლობს უკრაინის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, თუმცა საქართველოდან მას მხარდაჭერა არ აქვს: „ჩვენ არავინ არ დაგვხმარებია, ჩვენთვის არავის არ მოუცია ფული, შესაბამისად, ჩვენ არავინ გვმართავს. რასაც ჩვენზე ავრცელებენ, ეს ყველაფერი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ შეთხზული მითებია. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ აქ არსებულ ფრონტის ხაზზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბედი წყდება. სხვაგავარად რომ ვთქვათ, თუ რუსეთი დღეს უკრაინას მუხლებზე დააჩოქებს, ხვალ იგივე ბედი ელოდება საქართველოსაც“, – დარწმუნებულია მამუკა მამულაშვილი.

ამიტომაც, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ არანაირ ქმედით დახმარებას არ უწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საქართველოს მოქალაქეები თვითონვე აყალიბებენ ვოლონტერთა (მოხალისეთა) ჯგუფებს და დონბასში მიემგზავრებიან („ნოვოე ვრემია“, უკრაინა).

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 17 იანვარი, 2015 წელი

http://www.economist.com/blogs/freeexchange/2015/01/oil-price-and-russian-politics

ნავთობის ფასი და რუსული პოლიტიკა: ფედერალური იღბალის მოქცევ-მიქცევები

ბრიტანულმა ჟურნალმა «The Economist»-მა გამოიკვლია და დაადგინა, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიულობა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ნავთობის მსოფლიო ფასის მერყეობასთან: რუსული აგრესიულობის დონე ყველაზე მაღალი იყო მაშინ, როცა ნავთობის მსოფლიო ღირებულება თავის მაქსიმუმს აღწევდა.

რუსეთი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა. იგივე იყო საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც: კომუნისტური საგარეო პოლიტიკის აქტიურობის ამპლიტუდა ნავთობის ფასების ცვლილებათა ამპლიტუდას ემთხვეოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს „ტრადიცია“ დასასრულს უახლოვდება, – ნათქვამია სტატიაში.

„1979 წლის დეკემბერში, როცა საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ, ერთი ბარელი (159 ლიტრი) ნავთობის ფასი 101 დოლარს აღწევდა. ენერგორესურსებზე მაღალი ფასები და ციმბირში ნავთობმოპოვების სწრაფი ტემპები საბჭოთა კავშირს ზღაპრულ მოგებას აძლევდა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ კრემლს ფული „შავი დღისთვის“ გადაენახა, საბჭოთა მთავრობა დოლარებს უცხოურ თავგადასავლებში და საჭმელ-სასმელის იმპორტში ხარჯავდა.

გავიდა შვიდი წელი და ერთი ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა, შესაბამისად, მიხეილ გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ გაუშვა და დასავლეთთან ინტეგრირების პროპაგანდა დაიწყო, ანუ როგორც კი საბჭოთა კავშირს შემოსავლები მოაკლდა, მოსკოვმა დასავლეთთან „დემოკრატიულობანასა“ და „მეგობრობანას“ თამაში დაიწყო.

ნავთობის ფასისა და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირი შენარჩუნდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც: „როცა ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაში მოვიდა, ერთი ბარელი ნავთობი 25 დოლარი ღირდა. ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან კავშირები გააბა,  უარს ამბობდა ნატოს გაფართოებაზე და 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგიკულ ამბებს რუსეთის ნატოსთან დაახლოების შანსად მიიჩნევდა.

გავიდა კიდევ შვიდი წელი. ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 105 დოლარს მიაღწია. 2008 წელს რუსეთმა საქართველოსთან ომი დაიწყო, ამერიკასთან ურთიერთობის დონემ კი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიწია. მოგვიანებით მსოფლიო ფინანსური კრიზისი დაიწყო, რომელმაც რუსეთიც ჩაითრია… და ნავთობის ღირებულებამ 67 დოლარამდე დაიწია. კრემლმა თეთრ სახლთან „გადატვირთვის პოლიტიკის“ თამაში დაიწყო.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ყველაზე სკანდალური პოლიტიკური ავანტიურა გასული წლის მარტში განახორციელა, როცა ერთი ბარელი ნავთობი 100 დოლარი ღირდა – მოსკოვმა ყირიმი მიიერთა და დონბასში სამხედრო კონფლიქტის ინიცირება მოახდინა. დღეს, როცა ნავთობის ფასი სწრაფად ეცემა, ვლადიმერ პუტინი ჯერ-ჯერობით დასავლეთთან „დაძმობილებას“ არ აპირებს და თავის მოქალაქეებს კომპენსაციის სახით პატრიოტულ ეიფორიას სთავაზობს. „მიმდინარე წელს ჩვენ პუტინისა და ნავთობის ფასის მძაფრი ბრძოლის მოწმენი გავხდებით. ეს სასიამოვნო ბრძოლა არ იქნება, მსხვერპლია მოსალოდნელი“, – ასეთი დასკვნაა გამოტანილი სტატიაში.

Comments are closed