„რეზონანსი“: არღვევს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კოდექსს // მარეგულირებელმა კომისიამ არასამთავრობოების განცხადების შესწავლა დაიწყო
„რეზონანსი“: აურზაური „მრეწველების“ პროპორციული სიის გამო
„რეზონანსი“: როგორ აფასებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას?
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ“
„რეზონანსი“: დაცვა ყოფილი თანაპარტიელებისაგან // ვინ არის გიორგი კალაძე, რომლის გამოც ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფოს დაცვის გამოყოფას სთხოვს
„რეზონანსი“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სხვადასხვა გუნდის წევრები „ოცნების“ სიაში“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ოცნების“ რეიტინგი აღარ დაიკლებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პაატა ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს“
„ვერსია“: რატომ აწყობთ ნაციონალებს მიშას დაჭერა // რა მოხდება 8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ
——————-
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
არღვევს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კოდექსს
მარეგულირებელმა კომისიამ არასამთავრობოების განცხადების შესწავლა დაიწყო
ლიკა გურაბანიძე
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ზე ბიძინა ივანიშვილის მედიასთან შეხვედრების გადაცემათა ციკლის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ითხოვს. მათი აზრით, ივანიშვილის შეხვედრები რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრების ტრანსლირება მმართველი პარტიის რეკლამას წარმოადგენს და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა ჩაითვალოს “ჯი-დი-ეს”-ის მხრიდან “ქართული ოცნებისათვის” გაკეთებულ შემოწირულობად.
როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “სამართლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ზე პირველი სექტემბრიდან დაიწყო გადაცემათა ციკლი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეთერში ქვეყნის ათივე რეგიონის ადგილობრივ ჟურნალისტს ხვდება, გადაცემა წინასაარჩევნოდ ეთერში ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს გადის.
“გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრებს, თუ “რატომ არ ჰყავს “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა”. ანონსის ვიდეოში დემონსტრირებულია “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი და სიმბოლიკა. გადაცემის ფორმატიდან და შინაარსიდან ცხადად იკვეთება, რომ გადაცემის მთავარი მიზანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაა და თავისი არსით ფაქტობრივად არ განსხვავდება წინასაარჩევნო რეკლამისაგან.
“თუ გადაცემა ფორმალურადაც სარეკლამო სტატუსის მატარებელი იქნებოდა, მას უნდა დაეკმაყოფილებინა “საარჩევნო კოდექსის” 50-ე და 51-ე მუხლით განსაზღვრულ წინასაარჩევნო რეკლამის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, რეკლამა შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო, უნდა გააჩნდეს განსაზღვრული ქრონომეტრაჟი, მითითებული უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ და ა.შ. ვინაიდან გადაცემა ოფიციალური წინასაარჩევნო რეკლამის სტატუსით არ გადის, ეს ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებული იურიდიული პირისგან უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით მიღებული მომსახურებას, რაც იმავე ნორმის თანახმად შემოწირულებად ითვლება.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თითოეული გადაცემა ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის მხრიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლო განხორციელებულ შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს. მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს ტელეკომპანია “ჯი-დი-ეს”-ის ზემოაღნიშნული გადაცემათა ციკლი და ჩამოთვლილი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში ამ ქმედებებს მიანიჭოს პოლიტიკური შემოწირულების სტატუსი”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მმართველი პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩენო აგიტაციის შესახებ გაკეთებული განცხადება აუდიტის სამსახურში არ შესულა”, – აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, მისმა უწყებამ საჯარო განცხადებაზე რეაგირება უკვე დაიწყო. “გავრცელდა აღნიშნული განცხადება და ჩვენ აუცილებლად გავავრცელებთ ინფორმაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი არგუმენტები, თუ რა საკითხს ეხება აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული მინიშნებები.
ჩვენ ამ კონკრეტულ პროცესს განვიხილავთ, როგორც წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელზეც მანდატი და შესაბამისი უფლებამოსილება გააჩნია ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ადგენს წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებისა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმების უზრუნველყოფას. აუდიტის სამსახური ფარავს მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულებების ნაწილს.
თუ წაიკითხავთ “საარჩევნო კოდექსის” შესაბამის დეფინიციას, ძალიან ნათლად დაინახავთ, თუ ვის რა ფუნქცია აკისრია. აუდიტის სამსახურს ამ შემთხვევაში პირიქით, აკრძალული აქვს თავისი კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე რაიმე ზემოქმედება განახორციელოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე, თუ წინასაარჩევნო აგიტაცია არღვევს იმ ნორმებს, რომელიც განსაზღვრულია “საარჩევნო კოდექსით”. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ის ბერკეტები, რომლითაც მან რეაგირება უნდა მოახდინოს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
ამ საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო კომუნიკაციების ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ. როგორც “რეზონანსს” კომისიაში განუცხადეს, განცხადებას მოგვიანებით, საქმის შესწავლის შემდგომ გააკეთებენ.
“არსებულ საკითხს მარეგულირებელი კომისია შეისწავლის და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაში იყო ორი პუნქტი, ერთი, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და მეორე წინასაარჩევნო პერიოდში მსგავს საკითხებზე დროული რეაგირება მოახდინოს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგი 8 ივნისს დაიწყო და უკვე გამოქვეყნებულია ორი ანგარიში, რომელიც 8 ივნისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და მესამე შუალედური ანგარიში 8 სექტემბრის ჩათვლით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. ამ პერიოდში სხვადასხვა მაუწყებლების მხრიდან გამოვლენილია არაერთი დარღვევა, ამაზე რეაგირება განხორციელებულია და არაერთ მაუწყებელს სანქციაც დაეკისრა”, – განაცხადეს მარეგულირებელ კომისიაში. არასამთავრობოების განცხადებას თავად ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ რაიმე დაირღვა, ბოდიშს მოიხდის და ჯარიმას გადაიხდის.
“რეზონანსთან” საუბრისას იურისტები განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებენ. იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლის დროს ქართულ ოცნებაზე საუბარი რეკლამად არ შეიძლება ჩაითვალოს, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება.
იურისტი გელა ნიკოლაიშვილი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო გადაცემაში “ქართულ ოცნებაზე” საუბარს აგიტაციად მიიჩნევს.
“თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის საეთერო გამოსვლები “ქართული ოცნების” რეკლამად უნდა განვიხილოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად რეკლამაა, ან რეკლამის გაკეთების მცდელობა. თუ კანონი მოითხოვს, რომ ასეთი გადაცემები რეკლამის ქუდის ქვეშ უნდა გადიოდეს, რა თქმა უნდა, ეს ასეც უნდა იყოს. ეს აშკარა აგიტაციაა და ამას ვერავინ უარყოფს. მე არ მესმის “ჯი-დი-ეს”-ს რატომ არ აქვს აგიტაციის უფლება, როდესაც, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა თავის შოუში მიხეილ სააკაშვილს თითქმის ერთი საათი დაუთმო – “ნაციონალური მოძრაობისთვის” ესეც ასეთივე აგიტაცია და რეკლამა იყო. უფრო მეტიც, სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამისი უფლება არ აქვს, ხოლო ივანიშვილს და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს იმისი უფლება არჩევნებში ჩაერიოს”, – განუცხადა “რეზონანსს” გელა ნიკოლაიშვილმა.
იურისტი პაატა შავაძე ზემოხსენებულს კანონდარღვევად არ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ თუ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” საუბარს ადგილი აქვს, ეს რეკლამად არ შეიძლება ჩავთვალოთ.
“ამ შემთხვევაში კანონთან რაიმე სახის კონფლიქტი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს რეკლამა არ არის და შესაბამისად კანონი არ ირღვევა. თუკი გადაცემაში “ქართული ოცნების” ხსენება მოხდა და მის როლს გარკვეული ადგილი დაეთმო, მე ამას რეკლამად ვერ ჩავთვლი. ეს იურიდიულად და სამართლებრივად არ წარმოადგენს რეკლამას. მეტიც – ჩემთვის ასეთი მსჯელობა დაუსაბუთებელი და უადგილოა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უმეტესად “ქართულ ოცნებაზე” ისაუბრებს. ჩვენ ის უნდა გაგვიკვირდეს, თუ ივანიშვილი “ოცნებაზე” არ ისაუბრებს. ჩაიხედონ საქართველოს რეკლამის შესახებ კანონში და ამ მიმართულებით მიმდინარე კანონმდებლობას გადახედონ. ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში უფრო მეტი იურისტი თუ იქნება დასაქმებული, ასეთი განცხადებები აღარ გაკეთდება”, – აღნიშნა პაატა შავაძემ.
იურისტ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემის მეშვეობით საარჩევნო კამპანია ისე დაიწყო, რომ ეს არც ერთ ფასიან თუ უფასო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჯდება. ხატიაშვილის თქმით, ივანიშვილი უწესო მეთოდებით უფრო მეტი უფასო, სატელევიზიო დროის მოპოვებას ცდილობს.
“ბიძინა ივანიშვილი არათანმიმდევრული ადამიანია, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ატყუებს. ახლა არჩევნები მოდის და ეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი უყურებს, რომ შესაძლოა მისი არაოფიციალური მართვის ინსტიტუტი ხელიდან გაქეცეს, გამოდის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიას ეწევა. იგი კამპანიას იწყებს ისე, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო ფასიან თუ უფასო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჯდება და კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიას ეწევა – აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს აგიტაციაა. მიმაჩნია, რომ არასამთავროების მოთხოვნა სამართლიანია და მათ ყველა პუნქტობრივ მოთხოვნას ვეთანხმები. დარღვევად რომ არ ჩაგვეთვალა, ეს ყველაფერი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ჭრილში უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ არის, აქედან გამომდინარე “ქართულ ოცნებას” სხვა სუბიექტებთან შედარებით უპირატესობა ეძლევა. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს უწესო მეთოდებით იმაზე მეტი სატელევიზიო უფასო დრო მოიპოვოს, ვიდრე ეს კანონითაა გათვალისწინებული”, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
აურზაური „მრეწველების“ პროპორციული სიის გამო
გვანცა ღვედაშვილი
“მრეწველებს”, კანონის თანახმად, 3 დღის ვადა აქვთ, რათა ცესკო-ში წარსადგენი დოკუმენტაცია წესრიგში მოიყვანონ და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ. გუშინ გავრცელებული ცნობას იმის შესახებ, რომ მათ პროპორციული სია დათქმულ ვადაში არ ჩააბარეს და შესაბამისად, საარჩევნო მარათონს ეთიშებიან, გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა. თავად “მრეწველების” თქმით, საარჩევნო სიის პირველ ვერსიაში ტექნიკური სახის ხარვეზი იყო, რომელიც შემდგომ გამოასწორეს და ისე წარადგინეს ცესკოში. თუმცა როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, “ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლომ” დოკუმენტაციის წარდგენისას საარჩევნო სია არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, დოკუმენტაციის და საარჩევნო სიების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 8 სექტემბრის 18 საათი იყო. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლო” წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელსაც თან არ ახლდა პარტიული სია.
“საღამოს 6 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციაში, რაც იყო წარმოდგენილი, არ იყო პარტიული სია. შესაბამისად, ამ საკითხზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭიროა გარკვეული ვადები, მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა განკარგულების მისაღებად შეიძლება ნაკლები დრო იყოს საჭირო”, – განაცხადა ანა მიქელაძემ. მისივე თქმით, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, საჭიროა კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.
როგორც “თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლოს” წევრი დემურ ბაშალეიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, მისთვის გაუგებარია ცესკო-ს განცხადება, რომ პარტიას წარდგენილი არ ჰქონდა საარჩევნო სია. მისივე თქმით, ამობეჭვდისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოასწორეს და ისე წარადგინეს ცესკო-ში.
“როგორც პარტიის თავჯდომარემ განაცხადა, წარდგენილ სიაში იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ამობეჭდვისას იქნა დაშვებული, რომელიც შემდგომ გასწორდა და ასეთი სახით ჩაბარდა ცესკოში. ცესკოს განცხადება, რომ ბლოკმა “თოფაძე – მრეწველები – ჩვენი სამშობლომ” არ წარმოადგინა საარჩევნო სია, პირადად ჩემთვის გაუგებარია. მიუხედავად ამისა, როგორც ეტყობა, გარკვეული ტექნიკური საკითხები იქნება გასავლელი, რათა გაირკვეს, მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ, რაც ცესკ-ს უფრო მნიშვნელოვან დარღვევად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ გოგი თოფაძე ამბობს – შესწორებული ვერსია დროულად, 8 სექტემბერს 6 საათამდე ჩაბარდა ცესკოს. მე არ გამოვრიცხავ რომ ცესკომ პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ამის შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდეს”, – ამბობს დემურ ბაშალეიშვილი.
როგორც იურისტი ირმა პავლიაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარემ სუბიექტს უფლება უნდა მისცეს, რომ 3 დღის ვადაში აღნიშნული დარღვევა გამოასწოროს.
“საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა სუბიექტებმა უნდა წარადგინონ საარჩევნო სიები და ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კანონით არის განსაზღვული. სიებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საარჩევნო კომისია 10 დღის ვადაში, არაუგვიანეს არჩევნების ჩატარების დღემდე 26-ე დღისა, ამზადებს დასკვნას, რომელსაც ცესკოს თავჯდომარეს წარუდგენს. დასკვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას – ან გაატარებს ამ პარტიულ სიას და დოკუმენტაციას რეგისტრაციაში, ან წერილობით აცნობებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს, რომ გარკვეული დარღვევებია და ხარვეზის აღმოსაფხვრელ 3 დღიან ვადას განსაზღვრავს. ამ დროის განმავლობაში კონკრეტულ სუბიექტს შეუძლია გამოასწოროს არსებული დარღვევა, არსებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ცესკოში წარადგინოს. არჩევნებამდე არაუგვიანეს 20 დღისა ცნობილი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება – იღებს თუ არა ეს კონკრეტული სუბიექტი არჩევნებში მონაწილეობას. ვინაიდან თუ არ მოხდება დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა და დარჩენილი იქნება ხარვეზები, ადმინისტრაციამ შესაძლოა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და კონკრეტული სუბიექტის საარჩევნი რეგისტრაცია გააუქმოს. აღნიშნული რეგულაციები საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლიით არის განსაზღვრული”, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
როგორ აფასებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას?
თიკო ოსმანოვა
“ქართული ოცნების” პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია – 155 კაციდან 109 (70%) ახალი სახეა. სიის ათეული ახალი სახეებით არის დაკომპელქტებული. პირველ-მეორე ადგილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აწ უკვე “ენეგეტიკის ყოფილი მინისტრი კახი კალაძე ინაწილებენ. მესამეზეა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე; შემდეგ: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა, რომან კაკულია, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე.
აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი სოფლის მეურნეობის მინისტრი, მარტვილისა და აბაშის კანდიდატი ოთარ დანელია კი სიაში 115-ე ადგილს იკავებს. ზოგიერთი მოქმედი დეპუტატი კი სიის მიღმა დარჩა. მაჟორატარი კანდიდატები სიის უკანა პლანზე არიან გადაწეულები.
“ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს არის დამრტყმელი ძალა, ის ძლიერი კონტინგენტი, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას და აუცილებლად მოიპოვებენ იმ ადამიანების ნდობას, სადაც ისინი კენჭს იყრიან”, – განაცხადა ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ.
როგორ აფასებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას? – ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): “ზოგადად დადებითად ვაფასებ. ერთის მხრივ, ახალ სახეებს არ ვიცნობთ, არ ვიცი, რა აქვთ გაკეთებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. როცა რაღაც უნდა განაახლო, ძველი გვერდზე უნდა გადაწიო და ახალი შემოიტანო. ახლა ეს ადამიანები შევამოწმოთ, რა შეუძლიათ. ერთი რამ ცხადია – ესენი არ არიან ოდიოზური ფიგურები და, მოდით, ახლა ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაღაც გააკეთონ. 35-40 წლამდე ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ჩვენი ცხოვრების სადავეები, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ და კარგ სტრუქტურებში მუშაობდნენ. ხოლო ის, ვისაც ვიცნობთ, სიის ბოლოში თუ იქნებიან, მთლიან სიას გაძლიერებენ.”
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): “კარგია ამდენი ახალი სახის გამოჩენა, ე.ი. პარტიას აქვს სერიოზული რესურსი. ისე, ჯობია ახალი სახეც იყოს და ცნობილიც, რომ ვიცოდეთ, ვის ვაძლევთ ხმას. თუ ამდენი ხალხი ჰყავადათ, რად უნდოდათ “ნაციონალების” გადაბირება და მათი შემოყვანა, რის გამოც ხალხს სერიოზულად გაუცრუვდა იმედი?!”
გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): “არ ვიცი, ვინ ძველია და ვინ ახალი. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩვენს ქვეყანაზე შესტკიოდეს გული. ასეთი ადამიანი კი, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ჯერ ვერავინ ვერ ვნახე.”
ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “ვისაც ვიცნობ, ყველა მომწონს, თუმცა ბევრს არ ვიცნობ. ამდენი ახალი სახე კი, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ – ცუდი იმიტომ, რომ თუ არ იციან საქმის გაკეთება, ეს “ოცნებას” გაურთულებს მდგომარეობას. მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყონ? ვნახოთ, ვინ რისი გამკეთებელია.”
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან: „დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ“
ია აბულაშვილი
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია და პირველი შეფასებებიც უკვე გაკეთდა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებიც პარტიამ წინა პლანზე გამოიყვანა, არც გამოცდილება აქვთ საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და მათ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა აქვთ. მმართველი გუნდის საარჩევნო სიაზე და იმაზე, თუ გამარჯვების რა შანსები აქვს, “რეზონანსი” “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, “ოცნების” პარტიული სია იმაზე მეტყველებს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში პარტიამ ვერ გაზარდა რეიტინგული ლიდერები და ამ სიაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი არიან.
- მე ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვთვლი, რომ პოლიტიკოსი იზომება მისი ცოდნით და გამოცდილებით. ვფიქრობ, ეს პრინციპი სიის შედგენისას დაცული იყო.
- თუმცა სიაში შეხვდებით ისეთ გვარებს, რომლებიც მართლაც უცნობია საზოგადოებისთვის, მაგალითად, ისკო დასენი და სხვები.
- ისკო დასენი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოქალაქე, მაღალი რანგის იურისტი. მას იურიდიული საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, რადგან ის მართალაც არის პროფესონალი იურისტი, საქართველო-მოლდოვას ჯგუფის საპატიო კონსული, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს მოლდოვას სახელმწიფოსთან.
- რაც შეეხება პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს, ისინი სიის ბოლოსკენ არიან. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ისინი დაზღვეულები არ უნდა იყვნენ და დარწმუნებულიც არის, რომ აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას იქ, სადაც კენჭს იყრიან.юю
- ჩვენ, მაჟორიტარები ვართ დამრტყმელი ძალა და პირველი ხაზის მებრძოლები. პირადად მე სადაც კენჭს ვიყრი, ეს არის ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი, სადაც 426 სოფელი შედის. თითქმის დასრულებული მაქვს პირველი წრის შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ.
- თავად პარტიას გამარჯვების რა შანსი აქვს, შეძლებს უმრავლესობით მოვიდეს მომავალ პარლამენტში, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, “ოცნება” რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება გაერთიანდეს?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ, “ოცნება” აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ “ოცნების” წევრი ვარ, არამედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი ხალხის განწყობა. ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან. რაც შეეხება იმას, მოვა თუ არა “ოცნება” უმრავლესობით, დარწმუნებული ვარ, რომ “ოცნება” მომავალ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
- სხვა პოლიტიკურ ძალებს გამარჯვების რა შანსი აქვთ?
- ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა იკვეთებოდა ფავორიტად და მათი შანსი ნელ-ნელა მცირდება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი 6-7 პოლიტიკურ ძალას მაინც ჰქონდა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რაოდენობა შემცირდება.
- როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რით განსხვავდება იგი წინა არჩევნებისგან?
- წინასაარჩევნო გარემო მართლაც განსხვავდება ყველა წინა წინასაარჩევნო გარემოსაგან, რადგან ჩვენ არ ვხატავთ მტრის ხატს. ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი, და მოსყიდვა, როგორც საშუალება, არ შეიმჩნევა. ეს პირადად ჩემს მაგალითზეც შემიძლია ვთქვა.
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
დაცვა ყოფილი თანაპარტიელებისაგან
ვინ არის გიორგი კალაძე, რომლის გამოც ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფოს დაცვის გამოყოფას სთხოვს
თაკო მათეიშვილი
პაატა ბურჭულაძის პარტიიდან სკანდალურად წამოსული ხათუნა ლაგაზიძე ყოფილ თანაგუნდელებს მასსა და მის ოჯახზე მუქარაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას დაცვას სთხოვს. რაც შეეხება კონკრეტულად თუ ვისგან ელის იგი საფრთხეს, ლაგაზიძე ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთ წევრს – გიორგი კალაძეს ასახელებს, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს. მისი თქმით, “გირჩთან” გაერთიანების შემდეგ პაატა ბურჭულაძის პარტიის მართვის სადავეები ხელში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა ჩაიგდეს, რომელთა გემოვნებითაც დაკომპლექტდა კოალიციური სიის ერთი ნაწილი. იგი სწორედ ამ პირველ ნაწის უკავშირებს გიორგი კალაძის სახელს.
მეორე ნაწილი კი, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, “გირჩის” წევრმა პავლე კუბლაშვილმა შეარჩია და შესაბამისად, ახლა პაატა ბურჭულაძის რეიტინგსა და სახელს ამოფარებული კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები, ასევე ისინი, ვინც “ნაცმოძრაობის დროს” “სასამართლო სისტემა დაანგრია”, პარლამენტში შესვლას ცდილობენ.
თავად გიორგი კალაძეცა და პავლე კუბლაშვილიც ლაგაზიძის ბრალდებებს უსუსურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქმე ბევრად მარტივადაა – ლაგაზიძემ საკუთარი თავი სიაში ვერ აღმოაჩინა, განაწყენდა და ტელეკამერების ყურადღების მისაქცევად სკანდალური განცხადებების კეთება დაიწყო.
პაატა ბურჭულაძის სიის სამი ნაწილი
ხათუნა ლაგაზიძემ პარტია “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ორი დღის წინ დატოვა და ამის მიზეზებზეც ღიად ისაუბრა. “რეზონანსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი “გირჩთან” შეერთება და შემდგომ სიებში უღირსი ადამიანების აღმოჩენა იყო. ის ადამიანები, რომლებიც “პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენის” სახელით აკეთებენ განცხადებას, ლაგაზიძის თქმით, რეალურად პავლე კუბლაშვილის არჩეულები არიან. ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან კუბლაშვილმა სიაში მხოლოდ ისინი შეიყვანა, ვინც მას აწყობდა. პაატა ბურჭულაძემ კი, მისი თქმით, პარტია თავის წევრებიანად, ლიდერებიანად და ამომრჩევლიანად გაყიდა.
“როცა პაატა ბურჭულაძესთან მისი ფონდის დაარსების პირველ დღეებში მივედი, ჩვენი საერთო მიზანი ახალი პოლიტიკური კლასის ფორმირება იყო – ახალი პოლიტიკური თაობა, ახალი სახეები უნდა წარმოგვეჩინა. ბურჭულაძეს საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე ჰქონდა იმდენი რესურსი, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალი სახე მოეყვანა. მას ეს მარტივად შეეძლო. ამის შემდეგ გადის თვეები და პაატა ბურჭულაძე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გვიცხადებს, რომ “გირჩთან” უნდა გავერთიანდეთ. მან ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სხვანაირად ჩვენი პარტია ვერ გადარჩებოდა; რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან დაფინანსება შეჩერდა და პარტიიდან ხალხის გასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ეს იმ სიტუაციაში პარტიის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. “თუმცა ეს ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და ამას ისიც ადასტურებდა, რომ იმ დროიდან მოყოლებული მედიასთან არ გამოვჩენილვარ. მართლა მეგონა, რომ “გირჩთან” გაერთიანების ერთადერთი მიზანი გადარჩენა იყო და მას პირადი მიზნები არ ამოძრავებდა.
ამის დადასტურების ერთადერთი საშუალება კი კოალიციური სია იქნებოდა. თუ მისი ნახევარი მაინც ბურჭულაძის პარტიიდან იქნებოდა დაკომპლექტებული, ჩავთვლიდი, რომ მან ყველაფერი მართლაც პარტიის გადასარჩენად გააკეთა. თუმცა ჩვენ მივიღეთ სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის სამი ნარჩენია მხოლოდ. თანაც, ხაზგასმით ვამბობ, რომ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებზეც ნებართვა პავლე კუბლაშვილმა გასცა და რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” სახეებს კარგად შეერწყმებიან,” – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. მისივე თქმით, კოალიციის სიაში უმეტესობა “გირჩის” წარმომადგენელია. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ქართულ საკანონდმებლო და სასამართლო სისტემას “იმონებდნენ”, შემდეგ “ნაცმოძრაობიდან” წასვლით კარგად “ივაჭრეს” და დღეს უკვე პაატა ბურჭულაძის “დანგრეულ რეიტინგს” ამოფარებულები ცდილობენ, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ხათუნა ლაგაზიძე ამავდროულად სიის მესამე სეგმენტზეც საუბრობს, რომელიც კრიმინალური და ქუჩური შეხედულების ადამიანების ზეწოლითაა დაკომპლექტებული. ამბობს, რომ ასეთ უცნაურ ნაზავს სთავაზობს პაატა ბურჭულაძე ქართველ ამომრჩეველს და დასძენს, რომ ეს მისი მხრიდან დანაშაულია.
ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ამ სიაში არც ერთი წევრი არაა პაატა ბურჭულაძის პარტიის გამგეობიდან, რადგან პავლე კუბლაშვილმა და კრიმინალური მენტალობის პერსონებმა ფსონი იმ ადამიანებზე დადეს, რომლებიც დღეს სიაში არიან.
ჩვენს კითხვაზე, თუ ვინაა გიორგი კალაძე და რა ინფორმაციას ფლობს მისი წარსულის შესახებ, ხათუნა ლაგაზიძემ გვიპასუხა, რომ “გიორგი კალაძე ამ ადამიანების კრებითი სახელია” და დანარჩენები, ვისაც იგი გულისხმობს, მისი გარემოცვაა პარტიის გარეთ, რომელთაც საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვთ.
ის, რომ გიორგი კალაძე აჭარის უზენაეს საბჭოში პაატა ბურჭულაძის სიის პირველს ნომერია, ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, აჭარის მცხოვრებთა შეურაცხყოფაა. ამბობს, რომ ბურჭულაძემ ვერ მონახა სხვა ადამიანი, გარდა ქუჩურ-კრიმინალური მენტალობის გიორგი კალაძისა. მისივე თქმით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე გიორგი კალაძე ბურჭულაძემ აჭარაში სიის პირველ ნომრად იმის გამო ჩასვა, რომ მას ჰქონდა პაატა ბურჭულაძეზე ზეწოლის ბერკეტი. “ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ყველაფერს – აჭარის საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძესთან ურთიერთობაზე უარი თქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის “გირჩს” გაუერთიანდა,” – დასძენს იგი.
“რეზონანსი” დაინტერესდა, თუ ვისგან მოდიოდა მუქარა მისი მისამართით და რა სახის იყო, თუმცა ხათუნა ლაგაზიძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განგვიცხადა, რომ სწორედ იმ კრიმინალური გაგების ადამიანებისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მას პარტია დაეტოვებინა.
„გიორგი კალაძესაც ჰქონდა პირადი ინტერესი სიის დაკომპლექტებისას და მისი გუნდის მიერ ჩემი მიუღებლობა ამით დაიწყო. კონკრეტულად ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ეს უკვე შიდა სამზარეულოს ამბებია. პაატა ბურჭულაძემ ეს ფეთქებადსაშიში ნაზავი პარლამენტში არ უნდა შეიყვანოს. მას რეიტინგი, რა თქმა უნდა, აღარ აქვს, რადგან პოლიტიკოსად არ და ვერ შედგა. მისი რეიტინგი ამ გაერთიანებით კატასტროფულად დაეცა,” – დასძენს იგი.
ვინ არის გიორგი კალაძე
“რეზონანსი” დაინტერესდა, თუ ვინაა გიორგი კალაძე და რატომ მოიხსენიებს მას ხათუნა ლაგაზიძე კრიმინალური წარსულის მქონედ, თუმცა უშუალოდ გიორგი კალაძეს მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით, ჩვენს ზარებს არ უპასუხა. არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძე პაატა ბურჭულაძის ვაჟთან მეგობრობს.
პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ლევან ტაბიძისგან კი მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ გიორგი კალაძე პროფესიით მენეჯერია და გარკვეული დროის განმავლობაში უცხოეთშიც მუშაობდა. ამავდროულად პროფესიონალი მთამსვლელია და 2009 წლიდან პოლიტიკურ აქტივობებშიც იყო ჩართული – კონკრეტულად რამდენიმე მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაში. თუმცა ტაბიძემ ვერ გაიხსენა, თუ რომელი პარტიების მაჟორიტარების კამპანიებში იყო ჩართული კალაძე. “კარგი მენეჯერია და რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაადო ლაგაზიძემ გიორგის ხელი, გაუგებარია. თავად გიორგიც ამბობს – ხუთი თვის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არ ვიცი, ახლა რატომ გავხდი კრიმინალიო. კალაძე გაერთიანებამდეც ჩვენს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა,” – ამბობს ლევან ტაბიძე.
თავად გიორგი კალაძე ბრალდებებს ტელევიზიების მეშვეობით გამოეხმაურა.
“რომ მოხვედრილიყო ხუთეულში, მაშინ აღარ ვიქნებოდი კრიმინალური მენტალობის და პარტია გაყიდული არ იქნებოდა? ალბათ ჯობია, ისევ მას შეეკითხოთ. ეს გუნდმა გადაწყვიტა, დიდი ალბათობით მას ისეთი ეკონომიკური და იურიდიული ცოდნა არ აქვს, როგორიც პირველ ათეულში მყოფ ადამიანებს და არც გამოცდილება,” – ამბობს იგი.
“შეიძლება გუნდის შიგნით მასთან კონფლიქტი ჰქონდა…”
ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატი პავლე კუბლაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ კალაძესა და ლაგაზიძეს გუნდში რაიმე ტიპის უთანხმოება მოსვლოდათ და სწორედ პირადი წყენა იდგეს სკანდალური განცხადებების მიღმა. იგი ამბობს, რომ ხათუნა ლაგაზიძე გიორგი კალაძეს მასზე ადრე იცნობდა, პარტიაშიც რამდენიმე თვის განმავლობაში იყო და თუკი პარტიის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დგანან, პროტესტი უფრო ადრე უნდა გასჩენოდა და არა მაშინ, როცა სიაში არ აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი, პავლე კუბლაშვილის აზრით, ცხადყოფს, რომ პროტესტი არც კრიმინალებს უკავშირდება და არც ვინმე სხვას და იგი მხოლოდ პირადი ამბიციის შედეგია. “ვერ გეტვყით, რატომ დაადო კონკრეტულად მას ხელი. ქალბატონი ხათუნა გაცილებით დიდი ხანია გოგა კალაძეს იცნობს, ვიდრე მე. შეიძლება გუნდის შიგნით მასთან კონფლიქტი ჰქონდა. თუკი ვინმეს მიმართ ასეთი პრეტენზიები ჰქონდა, გუნდის შიგნით უნდა გამოეთქვა, თანაც მაშინ, როცა კონკრეტული საქმით იყო დაკავებული და არა მაშინ, როცა სიაში ვერ მოხვდა და განაწყენებული თავის გზაზე წავიდა.
“საკმაოდ უსუსური ბრალდებებია. მგონია, რომ მისი მოტივი ერთადერთია – ამ ადამიანს პაატა ბურჭულაძის სიაში თავი მოწინავე პოზიციებზე წარმოედგინა და რადგან ეს ვერ დაინახა, ასეთი განცხადებები გააკეთა. სინამდვილეში პაატა ბურჭულაძის პარტიაში ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, რომელიც სიის წამყვან ათეულშია. ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, პროგრამას წერენ, მუშაობენ და მეორენი, რომლებიც უბრალოდ ტელეკამერების წინ საკუთარი თავის დემონსტრირებით არიან დაკავებული. ფიქრობ, აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება იმ ადამიანების სასარგებლოდ მივიღოთ, ვინც საქმეს აკეთებს, ვინც უფრო მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია. შესაბამისად, ვფიქრობ ის გადაწყვეტლება, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო და არა ვინმე სხვამ, აბსოლუტურად ლოგიკურია,” – დასძენს პავლე კუბლაშვილი.
„რეზონანსი“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „სხვადასხვა გუნდის წევრები „ოცნების“ სიაში“
თაკო მათეიშვილი
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ქართული ოცნების” პროპორციულ სიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიის ხლემძღვანელობა სწორად მოიქცა, როცა წინა პლანზე ახალგაზრდებისა და ახალი სახეების წამოწევა გადაწყვიტა. მისი აზრით, კრიტიკოსებს, რომლებიც პარტიას ამ მიზეზით აკრიტიკებენ, უბრალოდ, საბაბი სჭირდებათ და ისინი უკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც გამოთქვამდნენ, სია ასაკოვანი და მეტად გამოცდილი ადამიანებით რომ დაკომპლექტებულიყო.
რამაზ საყვარელიძე: სიებს ხან იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ახალგაზრდები არიან, რადგან მიჩნევენ, რომ გამოუცდელები არიან, ხანაც იმის გამო, რომ ასაკოვანი ხალხი შეჰყავთ – ნაფტალინის სუნი დადგაო. “ნურცა გაფრინდები, ნურც მოფრინდები”, – გამოსდით. “ოცნების” სიაში ძველი და ახალი სახეების ნაზავია, თუმცა პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია ის, რომ ახალი სახეები წინ არის წამოწეული, აქცენტი მათზეა გადატანილი. თუ ვინმეს ეს პოზიტივად არ მიაჩნია, ვფიქრობ, მას ქვეყნის ინტერესები ნაკლებად აწუხებს და, უბრალოდ, რამეზე კბილის გაკვრა უნდა.
სიის შემადგენლობას რაც შეეხება, აშკარაა, რომ მასში სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები არიან. იკითხება კვირიკაშვილის გუნდის წარმომადგენლობაც და ალბათ სხვებისაც. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ადამიანებიც გხვდებიან, რომლებიც კვირიკაშვილის სახელთან არ ასოცირდებიან. ბუნებრივია, რომ სიაში იმის გემოვნება იყოს ასახული, ვინც მოცემული მომენტისათვის ლიდერია. ვფიქრობ, კვირიკაშვილი წარმოდგენილ ახალ გუნდს შეესაბამება.
- და კონკრეტულად ვინ არის სიაში კვირიკაშვილის გუნდიდან?
- მაგალითად, რომან კაკულია, თამარ ჩუგოშვილი. ისინი პოლიტსაბჭოშიც ჩასვა კვირიკაშვილმა და სიაშიც.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მომხიბლავია ეს სია რიგითი ამომრჩევლებისათვის?
- ადრე კრიტიკა იმის გამო წამოვიდა, რომ სიაში სპორტსმენები და მსახიობები არიან. არადა ხალხი სპორტსმენებსა და მსახიობებს უფრო ხალისით აძლევს ხმას.
- და ეს სია რითი შეიძლება ხალხისთვის მიმზიდველი იყოს?
- წესით იმით, რომ ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მახსოვს, მაგ მიზეზით სააკაშვილს აძლევდნენ ხმას – ახალგაზრდაა, გუნდშიც ახალგაზრდები ჰყავს და ქვეყანას მოუვლიანო. თუ ახალგაზრდობა იმ შემთხვევაში მოტივი იყო და ამ შემთხვევაში არ იქნება, ე.ი. ეს პარტია არ მოსწონთ.
- პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა წევრმა – ხათუნა ლაგაზიძემ საკმაოდ ხმაურიანად დატოვა. მან ბურჭულაძე პარტიის გაყიდვაში დაადანაშაულა, რადგან იგი “ნაცმოძრაობის” ყოფილ წევრებს შეუერთდა. ამ პარტიების შეერთების ამბავი ახალი არაა, თუმცა ლაგაზიძემ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღო. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ეს წამოსვლის რეალური მიზეზი იყოს?
- არ მგონია, ამ შემთხვევაში სიჩქარეს მნიშვნელობა ჰქონდეს. რა ბრალდებებსაც ლაგაზიძე აყენებს, ეს შეიძლება დროთა განმავლობაში გამოვლენილიყო, ბოლო მომენტშიც კი.
- ეს ყველაფერი პაატა ბურჭულაძის რეიტინგზე როგორ აისახება?
- ვფიქრობ, ბურჭულაძის რეიტინგი ძალიან სწრაფი ტემპით დაიწევს, რადგან მოვლენები, რაც მისი პარტიის გარშემო ხდება, მხოლოდ მას მიეწერება. ისაა ამ მოვლენების ავტორი. როცა პარტიას წევრები ტოვებენ, რიგით მომხრეებსაც იგივე სურვილი უჩნდებათ.
- ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს პარტიაშიც უპასუხეს. მათი თქმით, მას ამბიციები ალაპარაკებს – მან სიაში საკუთარი თავი სასურველ ადგილას ვერ იპოვა და პარტია სწორედ პირადი ინტერესების გამო დატოვა.
- მე ეს ბრალდება დიდ ცოდვად არ მიმაჩნია. თითოეულს პირადი ინტერესი ამოძრავებს, სხვა რა? რა, პარტიისა და ქვეყნის ინტერესით ჩაეხუტა პაატა ბურჭულაძე “ნაციონალებს”? ეს რა იარლიყია? თითქოს თავად ილია ჭავჭავაძეები იყვნენ. ასეთი იაფფასიანი ხერხით თამაში სირცხვილია.
- ხათუნა ლაგაზიძემ საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენა ყოფილ თანაგუნდელებს. ისინი მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა…
- სწორედ ამ ბრალდებაზე უნდა გაეცათ პასუხი და არა ის ელაპარაკათ, თუ ვის რა ინტერესი ამოძრავებს. ამ ყველაფერზე შეფასების გაკეთება ცოტა ძნელია, რადგან კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა დასჯადი აღარაა. სხვა მხრივ კი ხალხმა გადაწყვიტოს.
„ახალი თაობა“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ოცნების“ რეიტინგი აღარ დაიკლებს“
ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აფასებს.
- პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე წარმოადგინეს საბოლოო სიები. მმართველმა პარტიამ განახლებული ათეული წარმოადგინა, ბევრმა ძველმა სახემ უკანა პლანზე გადაინაცვლა. როგორია თქვენი შეფასებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
- ბევრი პარტია ლაპარაკობდა იმაზე, რომ განაახლებდა პარტიის რიგებს, ყველაზე ხშირად ეს ნაციონალებისგან გვესმოდა. ეს განახლებისკენ მისწრაფება იმას ნიშნავს, რომ პარტიული აქტივობა განახლდება, კონცეფცია განახლდება, ინტელექტი და ენერგია განახლდება. საბოლოოდ კი სიაში მივიღეთ ეს სურათი. ძველების დიდი ნაწილი ან უფრო დაბლაა სიაში, ან წასულია მაჟორიტარებად და დატოვებულია საკუთარი თავის იმედზე.
- ანუ?
- თუ მოიგებენ, ხომ კარგი და იქნებიან პარლამენტში და თუ წააგებენ, დარჩებიან პარლამენტს გარეთ. „ოცნებამ“ თამამი ნაბიჯი გადადგა და არ გააერთიანა საარჩევნო სია და მაჟორიტარების სია.
- და ეს პროგრესია?
- ძალიან კარგია. რაც შეეხება ახალ სახეებს, ახალი სახე იმიტომაა ახალი, რომ ის ახალია და საინტერესოა. ვნახოთ, გაიშლება პოლიტიკური ველი, პოლიტიკური აქტიურობა და ყველაფერი გამოჩნდება. თუმცა იმ ახალ სახეებშიც არიან ადამიანები, რომლებიც უკვე გააქტიურდნენ, არიან ისეთები, რომლებსაც აქტიურობა არც ადრე აკლდათ. მაგალითად, ჩუგოშვილი.
- რატომ გააკეთა „ოცნებამ“ არჩევანი ახალ სახეებზე?
- როდესაც პარტიას უჭირს, მას ურჩევნია, ახალი სახეები დაასახელოს, ვიდრე ძველები. ეტყობა, რეიტინგული გასაჭირი იგრძნო, რაც ჩანს კიდეც რეიტინგებში და ამიტომ გადაწყვიტა განახლება. რაკი გაბედა განახლება, ესაა მისი პლუსი, თორემ ის, რომ განახლება სჭირდებოდათ, ეს უდავოა. თან ამ სახის განახლება, რომ ან სიაში იქნები, ან მაჟორიტარად და არა – ორივეში ერთად, ესეც იმ სიახლედ მიმაჩნია, რომლის დაფასებაც ღირს.
- ანუ მაჟორიტარებს თავის თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და არა პარტიის?
- დიახ, ისინი უნდა გავიდნენ საკუთარი თავის იმედად და არა პარტიული ავტორიტეტის ხარჯზე.
- რამდენად მოიმატებს „ქართული ოცნების“ რეიტინგი? ბოლო კვლევებით, „ოცნება“ 30%-ს ვერ სცდება, ასე დარჩება არჩევნებამდე თუ შეიცვლება რამე?
- თუ არ მოიმატებს, დაკლებით არ დაიკლებს.
- მოიმატებს ვითომ?
- საარჩევნო კამპანია, დებატები და ასე შემდეგ მუშაობს ყველა პარტიაზე და თუ დააკვირდებით, ყველა პარტიის რეიტინგი იმატებს, ერთის გარდა.
- ვინ არის ეს ერთი?
- ნაციონალური მოძრაობა, რადგან მასთან პოლიტიკური პრეტენზია არ აქვს საზოგადოებას. მათი მხარდაჭერა დაახლოებით 20%-მდე აღწევს, მაგრამ საზოგადოების დანარჩენ ნაწილში პრეტენზია აქვთ იმის გამო, რაც გოგა ხაინდრავამ გადაიღო ფილმში.
- მათი მოღვაწეობის 9 წელზე?
- 9 წელს მომხდარ დარღვევებზე. ძალადობაზე და არა იმაზე, მისი პოლიტიკა მოგვწონს ან არ მოგვწონს, ამიტომ პოლიტიკური პიარი ამ პარტიის რეიტინგს არაფერს არც მატებს, არც აკლებს. იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ არის ამ პარტიის პრობლემა. ეს შესანიშნავად იგრძნო ბევრმა, მათ შორის სანდრა რულოვსმა, რომელმაც უპრეცედენტო ფრაზა წარმოთქვა იმის თაობაზე, რომ არ ვიძალადებთო.
- ეს არის მათი დაპირება?
- დიახ, იციან, რომ ძალადობაშია პრობლემა. ძალადობას, რამდენიც არ უნდა იფიცო, აღარ ვიძალადებო, ხალხი არ გაპატიებს. თუ ერთ დროს იყავი მოძალადე, ყოველთვის გიყურებენ, როგორც მოძალადეს. ხალხი არ შეიცვლის პოზიციას ამ მხრივ. ვის ეთიკასაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თუ არა მოძალადე, ის 20% იქნება მათი მხარდამჭერი ქართველი საზოგადოებიდან. ამიტომ ზრდის პოტენციალი ყველას აქვს, გარდა ნაციონალური მოძრაობისა.
- ყველა პარტიას ჰყავს ქალები პირველ ათეულში, გარდა ბურჭულაძისა. საუბარია, რომ ხათუნა ლაგაზიძემაც სწორედ ამ ნიადაგზე განაწყენებულმა დატოვა ბურჭულაძის პარტია. რას იტყვით ამის თაობაზე?
- ბლოკის სიის შედგენას თავის წესები აქვს. ჯერ პირველი ნომრები მიდიან ბლოკში შემავალი პარტიების, მერე მეორე ნომრები, მერე – მესამე და ასე შემდეგ. აქ ყველანაირი წესი დარღვეულია, რამაც იმოქმედა ხათუნა ლაგაზიძეზე. ეს ბლოკი, საერთოდ, დარღვეული ბლოკია, გაუგებარი ბლოკია. იქ რეგისტრაცია გაიარეს, გირჩმა არ გაიარა. გირჩის პირველი პირი ათეულის ფარგლებს იქითაა. ისე, რომ აქ წესებმორღვეულ პარტიასთან გვაქვს საქმე.
- ნაციონალების პირველ ათეულზე რას იტყვით?
- ნაციონალებმა, ისევე, როგორც `ოცნებამ~, სცადეს, რომ ახალი სახეები შეეყვანათ, თუმცა ნაკლები სიახლეა. მით უმეტეს, როცა სანდრა რულოვსს შეიყვან მეორე ნომრად, რომელიც ხმებს მოიტანს, მაგრამ პარტიაში სიახლეს არ შეიტანს. ის პოლიტიკური ფიგურა არ იყო. დიდი-დიდი თავისი ქმრის პოლიტიკის გამტარებელი იქნება და ეს განახლებად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, არ ვიცი. ასევე დათო ბაქრაძეც არ ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები პირი, თუკი მის მოღვაწეობას გავიხსენებთ. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები პირების დეფიციტი რადგან არის ნაციონალების სიაში, ესე იგი გადაწყვეტილებას მიიღებს ძველი გუნდი, რომელიც ამჟამად არ ჩანს.
- ანუ ახალი, პოლიტიკურად უფრო სიმპათიური სახეების უკან ძველი სახეები იმალება?
- დიახ. ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას ეს ყოველთვის თან ახლდა. იყო ეს სტილი და შეინარჩუნეს. წინ წამოწეულია რულოვსი, რომელიც რეალურად აღარც არის შირმა, რულოვსი იგივე სააკაშვილია.
- რამდენად უნდა ჰქონდეთ წარმატების იმედი?
- ნაციონალებს თავიანთი 20%-ზე მეტის იმედი ალბათ არ უნდა ჰქონდეთ. თუმცა თუ საზოგადოება პასიური იქნა და არ მივიდა არჩევნებზე, მათი 20% გადაიქცევა დაახლოებით 40 მანდატად და მივიღებთ იგივე სურათს, რაც წინა მოწვევის პარლამენტში იყო.
„ახალი თაობა“, 10 სექტემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პაატა ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს“
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პაატა ბურჭულაძის პარტიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
- ბატონო ვახტანგ, პაატა ბურჭულაძის პარტიაში განვითარებული მოვლენები, რომ არათუ ათეულში, სიაშიც არ აღმოჩნდნენ პარტიის სახეები, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, რაზე მიანიშნებს?
- ხათუნა ლაგაზიძემ ამ მიზეზებზე ისაუბრა და კარგადაც ახსნა. მე ვიცნობ ხათუნა ლაგაზიძეს. მას კარგი ანალიზის უნარი აქვს და საფუძველი არ მაქვს, არ ვენდო. მის განცხადებას საპარლამენტო სიაც ადასტურებს. სიაში არ არის არც გიორგი რუხაძე და ის აცხადებს, რომ მოგვიანებით გვეტყვის მიზეზებს. მერაბ მეტრეველმა კი თავად გააკეთა განცხადება.
- შეიძლება ხმები, რომ ეს პარტია ნაციონალური მოძრაობის, კონკრეტულად კი სააკაშვილის მითითებით შეიქმნა რეალობაა?
- ბოლო დროს განვითარებული რეალობა, სამწუხაროდ, სხვაგვარი ანალიზის საფუძველს, უბრალოდ, არ ტოვებს. როდესაც ეს ბლოკი შეიქმნა, ვგულისხმობ ვაშაძესთან და „გირჩთან“ გაერთიანებას, მაშინაც ვთქვი, რომ შეიძლება გავრცელებული ხმები არ იყოს საფუძველს მოკლებული, მაგრამ შეიძლებოდა ახალ პარტიას, ნაკლები გამოცდილების მქონე ლიდერს, რომელსაც არ ჰქონდა 5%-იანი ბარიერის გადალახვის გარანტიები საარჩევნოდ პრობლემები შეჰქმნოდა და მაინც დავუშვი, რომ მოხდა ასეთი გაერთიანება, მაგრამ ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები სხვაგვარი ანალიზის საფუძველს, უბრალოდ, არ ტოვებს. ასევე საუბარია ფინანსურ პრობლემებზე, რაც ასევე ეჭვს იწვევს. ეს ფინანსური პრობლემები ხელისუფლებიდან არ მოდის, როგორც ჩანს, მოდიოდა ოდესიდან, იყო გარკვეული გარანტიები, კომპრომისებიც, მაგრამ ვერ მოხდა მათი შესრულება და ფინანსებიც შეწყდა. ეს ერთ-ერთი ვერსიაა. არ შეიძლება ისეთი მოსახვევების გაკეთება, როგორიც ბურჭულაძემ გააკეთა, გული დამწყდა.
- კითხვის ნიშნები გამოიწვია კიდევ ერთმა გარემოებამ - ზურაბ ჯაფარიძე ათეულს მიღმაა. რატომ?
- ეს კიდევ ერთი დამაფიქრებელი გარემოებაა, ზურაბ ჯაფარიძე ათეულს მიღმაა. ის მე-12 ადგილზეა. თუ ვინმე რამეს წარმოადგენს „გირჩში“ და პარლამენტში რაიმე საქმიანობა, კონკრეტულად კი კანონების წერა შეუძლია, პირველ რიგში ჯაფარიძეა.
- რატომ არის ის ათეულს მიღმა? რა მოხდა?
- ეს არის საინტერესო, რა მოხდა? მთავარი ჭიდილი სწორედ მეორე ადგილზე იქნებოდა – ვაშაძე თუ ჯაფარიძე? როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა კულისებიდან გადაწყვიტეს, რომ მეორე ყოფილიყო ვაშაძე, მესამე ადგილს კი ჯაფარიძეს სთავაზობდნენ, რასაც არ დათანხმდა ჯაფარიძე და მესამე ადგილს მე-12 ადგილი არჩია. ამ შემთხვევაში მე ძალიან კარგად მესმის ზურაბ ჯაფარიძის. საარჩევნო ბლოკი როდესაც იკვრება, ვისთანაც მიდიან პარტიები, იმას აქვს წამყვანი ხუთი ადგილი, დანარჩენი ხუთ-ხუთი ადგილი კი უნდა გადაენაწილებინათ შემოსულ პარტიებზე. ეს იქნებოდა სწორი. ბურჭულაძეს აქვს რეიტინგი, დანარჩენ სამ პარტიას არ აქვს რეიტინგი. მათ რომ რეიტინგი ჰქონოდათ, იქ კი არ მივიდოდნენ, დამოუკიდებლად იყრიდნენ კენჭს.
- გამოდის, რომ პაატა ბურჭულაძე არის ამ სამი პარტიის გამწევი ძალა. ეს არის და ეს?
- სწორედ რომ მხოლოდ ეს გამოდის და სხვა არაფერი. რეალობა ასეთია.
- შეიძლება ვთქვათ, რომ პაატა ბურჭულაძეს საკუთარი პარტია დაეშალა?
- რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძეს პარტია აღარ ჰყავს. ძირითადი წამყვანი არის ის პარტიები, რომლებიც შეუერთდნენ პაატა ბურჭულაძეს. ამ პარტიების ლიდერებიდან ყველაზე გამორჩეული არის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც სიის ათეულშიც არ არის ანუ გამსვლელ სიაში არ არის.
- გარკვეულ კვალს დატოვებს ეს მოვლენები?
- რა თქმა უნდა, არათუ დატოვებს, შეიძლება ეს ბლოკი ბარიერის გადალახვის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს ამ მოვლენების ფონზე.
- ექსპერტები აცხადებდნენ, რომ პაატა ბურჭულაძე შეუძლებელია რიგითი დეპუტატის მანდატისთვის იბრძოდეს და მას პრემიერის პოსტის ამბიცია აქვს. ამ ყველაფრის შემდეგ ბურჭულაძის პოლიტიკური კარიერა როგორ შეიძლება განვითარდეს?
- არასდროს მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს ჯგუფი, თუნდაც ბურჭულაძის ყოფილი გუნდი, არათუ საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა, არამედ მეორე ადგილზე გავიდოდა და ნაციონალურ მოძრაობას ჩაანაცვლებდა. თავად პაატა ბურჭულაძეს შეიძლება გარკვეული მოლოდინები ჰქონდა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა შეიძლება დაუდგეთ.
- ამ მოვლენებმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მომავალს დაღი დაასვა?
- რა თქმა უნდა. ეს ისეთი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება ვიღაცამ დაივიწყოს, მაგრამ ამას არ ივიწყებს საზოგადოება. დღეს ბურჭულაძეს ამომრჩევლისთვის სათქმელიც აღარ აქვს.
„ვერსია“, 09 სექტემბერი, 2016 წელი
რატომ აწყობთ ნაციონალებს მიშას დაჭერა
რა მოხდება 8 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ
მერაბ მერაბიშვილი
მართალია, 2000-იანი წლები არ არის და აღარც შევარდნაძეა ხელისუფლებაში, მაგრამ სხვადასხვა არხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისე შეიძლება მოხდეს, რომ არჩევნების შემდეგ ანუ როგორც კი პირველადი შედეგები გამოცხადდება, გარკვეული ძალები არეულობის ესკალაციას შეეცადნენ. სხვათა შორის, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების ალბათობაზე მინიშნება რამდენიმე დღის წინ, „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა და აღნიშნა:
„როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილია გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ… სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს ანუ საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით“.
მართალია, კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის პროვოკაციაზე ფლობს ინფორმაციას, მაგრამ „ვერსიისთვის“ დამოუკიდებელი არხებით ცნობილი ხდება, რომ პროვოკაციის ერთ-ერთი სცენარი, შესაძლოა, არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანა და შესაბამისად, 8 ოქტომბრის კენჭისყრის არალეგიტიმურად ცნობა იყოს.
„არ ვამბობ და არც მგონია, რომ რაღაც ტიპის არეულობა თავად ნაცებმა დაიწყონ. საამისოდ ალბათ, სხვა ძალები იქნებიან გამოყენებულნი. იგივე ე.წ. პრორუსული სასტავი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს და ამ ფონზე, კანონით, არჩევნებში არც უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ აქ უკვე ვალდებულების საკითხი იწევს წინა პლანზე… იმის თქმა მინდა, რომ კრემლის სატელიტებს თავიანთი პატრონის წინაშე ვალდებულება აქვთ, რომ საქართველოში პროპუტინური განწყობა გაზარდონ და სწორედ ამისთვის იღებენ დაფინანსებას. ერთი შეხედვით, პრორუსული განწყობა საზოგადოებაში თითქოს გაზრდილია, მაგარამ ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც ჩრდილოეთიდან ითხოვენ. იქ, მინიმუმ, ის უნდათ, რომ მათმა მეკავშირეებმა ახალ პარლამენტში ანგარიშგასაწევი უმცირესობა მაინც შექმნან, მაგრამ ეს, აპრიორი, გამორიცხულია და მაგასაც გეტყვით, ჩემი გათვლით, პარლამენტში რომელი პარტიები შევლენ, მაგრამ ჯერ იმის მოყოლას დავამთავრებ, რაც დავიწყე.
ერთი სიტყვით, რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკური ფეისები იძულებულნი გახდებიან, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და მიტინგიც მოაწყონ, მაგრამ, როგორც გითხარით, ეს ის ხალხი არაა, რომელიც ქუჩაში ათასობით ადამიანს გამოიყვანს. სამაგიეროდ, ყველაფერ ამით შეიძლება, ძალიან კარგად ისარგებლონ ნაციონალებმა და ვითომ იდეური უთანხმოების მიუხედავად, რუსეთის მოყვარულების პროტესტს შეუერთდნენ. ყველაფერ ამას კი იგივე დასავლეთის მხრიდან სხვა რეზონანსი ექნება, რადგან, გვინდა თუ არა, ნაციონალურ მოძრაობას დასავლეთში ევროპის სახალხო პარტიის სახით, სერიოზული ლობისტი ჰყავს.
ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, ალბათ, ისინი, ვინც ნაცმოძრაობა სხვადასხვა დროს დატოვეს და ახალ-ახალი პოლიტიკური გაერთიანებები შექმნეს. საერთოდ, პირადად მგონია, რომ ეს გამოქცევაც რაღაც დიდი სცენარის შემადგენელი ნაწილი იყო, რომლის საბოლოო სამიზნე 8 ოქტომბრის არჩევნებია, – უყვება „ვერსიას“ კონფიდენციალური წყარო, რომელიც თავისი ვინაობის გამხელისგან, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, თავს იკავებს და ხუმრობს, _ ვერ ხედავთ, ხალხს რა პანტა-პუნტით უსწორდებიან, მე კი, შვილები მყავს და მინდა, შვილიშვილებსაც მოვესწრო”.
კიდევ ერთი წყარო ,,ვერსიასთან” კონფიდენციალური დიალოგისას უფრო რადიკალურია და პირდაპირ ამბობს: ,,ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ: 8 ოქტომბერს, როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურება, დიდი ,,ბათქი” აიწევა და შეიძლება, ისეთი რაღაცებიც მოხდეს, დედა შვილს არ აიყვანს ხელში”.
,,ვერსიის” კითხვაზე, თუ სადაა მოსალოდნელი ვითარების დაძაბვა, წყარო ამბობს, რომ ამ მხრივ ფეთქებადსაშიში სამეგრელოა.
,,თქვენ, რა, გგონიათ, სანდრა ზუგდიდის მაჟორიტარად ტყუილად დაასახელეს? ნაცებს შეიძლება, ყველაფერი დავაბრალოთ, მაგრამ ნაღდად ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური თამაშები არ იციან, თუმცა სხვა საქმეა, ეს თამაში რამდენად სუფთაა. მოკლედ, სანდრას რაღაც რეიტინგი სამეგრელოში მართლა აქვს, მაგრამ არა იმდენი, ყოფილ მმართველ პარტიას ,,პარავოზად” ჩაებას და არჩევნები მოაგებინოს. ნაცებს კი მარტო სანდრას გამარჯვება არ დააკმაყოფილებთ. მათ უნდათ, ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნდნენ და პარლამენტში რამდენიმე კომიტეტი მაინც ,,დაითრიონ”, მაგრამ ერთია, რა უნდათ, მეორე კი ის რეალობაა, რომელიც არის. სხვათა შორის, ხაინდრავას ფილმზე ამხელა აჟიოტაჟი სწორედ ამიტომ ატეხეს, რომ არ უნდათ, ხალხმა ის ყველაფერი გაიხსენოს, რაც მათ დროს ხდებოდა“’, – უყვება ,,ვერსიას” წყარო, რომელიც არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაძაბულობის თუნდაც უმნიშვნელო კერა რეალურად შეიქმნება, უცებ მიშა გამოგვეცხადოს.
,,კი ბატონო, მიშაზე შიდაძებნაა გამოცხადებული და როგორც კი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, დაიჭერენ, მაგრამ ჯერ ერთი, ყურადღება მიაქციეთ, რომ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ამიტომ, მის დაკავებას დიდი ალბათობით, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება, რაც ნაცებს აწყობთ კიდეც. მეორეც, მიშა საქართველოში გამოჩენა, რომც არ დაიჭირონ, პოლიტიკურ მუხტს აწევს, რაც ასევე, ნაცების წისქვილზე დაასხამს წყალს. ხომ გაგიგიათ, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა ადვილიაო. არ ვამბობ, რომ თუ ეს ყველაფერი მართლა მოხდა, ვითარება გადატრიალებამდე მივა, მაგრამ მინიმუმ, შეიძლება, არჩევნების ლეგიტმურობა დადგეს დღის წესრიგში და ხელისუფლება იძულებული გახდეს, მთელ ქვეყანაში თუ არა, საარჩევნო უბნების უმეტესობაში ახალი კენჭისყრა დანიშნოს, რაც მომგებიანი არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ იქნება ანუ ისევ ამღვრეული წყლის პრინციპი ამოქმედდება და ამ ყველაფრით შეიძლება, მესამე ძალამაც ისარგებლოს”, – აღნიშნავს ,,ვერსიის” კონფიდენციალური წყარო.
,,ვერსია”, ბუნებრივია, არ ამტკიცებს, რომ ჩვენი წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია. ჩვენ, უბრალოდ, პოლიტიკურ და ანალიტიკურ კულუარებში გავრცელებული ის ვერსიები გაგაცანით, რომელთა მიხედვითაც, შეიძლება, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოვლენები განვითარდეს, თუმცა აქვე, იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ყველა ეს ვერსია, უბრალოდ, შემოგდებულია ანუ სახეზეა შეთქმულების თეორია, რაც მასების დაზაფვრას ემსახურება. დაზაფრულ გარემოში არჩევნების ჩატარება კი, მინიმუმ, არაკომფორტულია.