«Голос Армении» (სომხეთი): დროთა შეჯერება: ქართულ-სომხური კონტექსტი
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): „მოითმინეთ, ნუ ჩქარობთ ნატოში გაწევრიანებას“ // იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მოთმინება ურჩია
———————-
«Голос Армении» (სომხეთი), 11 სექტემბერი, 2016 წელი
http://golosarmenii.am/article/44767/sverka-chasov–armyano-gruzinskij-kontekst
დროთა შეჯერება: ქართულ-სომხური კონტექსტი
სომხეთის პრესაში გრძელდება კომენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც 5 სექტემბერს განხორციელდა. ამჯერად გაზეთი „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტი ზარა გევოქიანი რეგიონული კვლევების ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს საკითხების ექსპერტს ჯონი მელიქიანს ესაუბრება. სომეხი ექსპერტის თქმით, საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში თბილისს ყველაზე მეტად ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს (ირანული გაზის სავარაუდო ტრანზიტი, „მეგობრობის ხიდის“ აგება ორი ქვეყნის საზღვარზე და.შ.). ეკონომიკურ ინტერესებში შედის აგრეთვე საქართველოში სომეხთა ტურისტული ნაკადის გაზრდაც. სხვათა შორის, ლამისაა მთელი სომხეთი შავ ზღვაზე ჩავიდეს, ქართველები კი სომხეთში არ ჩამოდიან“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გაზეთი კორესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს იმ „ერთ წვეთ კუპრზე“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის წინ მოხდა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში და რომელმაც ქართულ საზოგადოებაში საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია: მთიანი ყარაბაღის 25-წლიანი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად სტეფანაკერტში აფხაზეთისა სამხრეთ ოსეთის დელეგაციების ყოფნის თაობაზე, რომლებთაც თურმე სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც შეხვედრია. ჯონი მელიქიანის თქმით, ზოგიერთი ქართველი ამ ფაქტმა ისე აღაშფოთა, რომ ისინი სომხეთთან საზღვრის დახურვასაც კი მოითხოვდნენ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, პრინციპში არაფერი ასაღელვებელი არ მომხდარა – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ აფხაზებთან და ოსებთან არანაირი ოფიციალური მოლაპარაკება არ გამართულა და მით უმეტეს, მათ არც პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არ შეხვედრიაო.
მიუხედავად სომხური მხარის ოფიციალური განმარტებისა, ქართულმა ოპოზიციამ შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და ცეცხლზე ნავთის დასხმას შეეცადა: „საქართველოს მთავრობა იმდენად უკბილოა, რომ სომხებს პასუხსაც კი ვერ სთხოვსო“. „რას ვიზამთ, ქართველების ასეთი განცხადებები არ უნდა გაგვიკვირდეს“, – ამბობს ჯონი მელიქიანი, – ჩვენი მეზობელი ქვეყანა საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება. თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ოპოზიციისაგან განსხვავებით, ოფიციალური თბილისის განცხადება საკმაოდ თავშეკავებული იყო, ანუ ეს ნიშნავს, რომ სომეხმა დიპლომატებმა, აშკარაა, საქმის კურსში ჩააყენეს თავიანთი ქართველი კოლეგები და უთხრეს, რომ აფხაზები და ოსები სტეფანაკერტში გამართულ ზეიმს დაესწრებიანო. შესაბამისად, ჩვენი ამგვარი პოზიცია თბილისმა ადექვატურად მიიღო, თუმცა, ალბათ, მაინცდამაინც არ ესიამოვნა“.
„საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობები დიდი ხანია, ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან შეიმჩნევა და ამ ყველაფერს დიდწილად ხელს აზერბაიჯანი უწყობს. თუმცა, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ანტისომხური განწყობების გავრცელებას არ დაუშვებს. ასეთი განწყობები ძირითადად სოციალურ ქსელებში შეიმჩნევა, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ჯერ-ჯერობით ვერ არეგულირებს (სამწუხაროდ, სომხეთშიც ასეა) და ამიტომაც უკონტროლოდ ხდება ყველაფერი. არა მგონია, რომ ანტისომხური განწყობები ქუჩაში და საზოგადოებაში გადავიდეს. თუმცა, რასაკვირველია, მათი უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება“, – ამბობს ჯონი მელიქიანი ინტერვიუში.
როგორი ბედი ელოდება საქართველოს უახლოეს მომავალში? ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო ფაქტორი საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნება. მართალია, სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მიუთითებენ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგი ადრინდელივით მაღალი აღარ არის, მაგრამ მაინც ბევრად მეტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. სხვათა შორის, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებთაც ვერ განუსაზღვრავთ, თუ ვის მისცენ თავიანთი ხმა არჩევნებში. თანაც ასეთი ადამიანები ძირითადად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან და ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს“.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 11 სექტემბერი, 2016 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20160909-gensek-nato-posovetoval-gruzii-proyavit-terpenie
„მოითმინეთ, ნუ ჩქარობთ ნატოში გაწევრიანებას“
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მოთმინება ურჩია
საფრანგეთის რადიო სადგურმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ საქართველოს შესახებ 11 სექტემბერს ეთერში გადაცემულ ტრადიციულ მიმოხილვაში ყურადღება დაუთმო თბილისში ნატოს გენმდივნისა და ჩრდილოატლანტიური ალიანსის საბჭოს წევრების ვიზიტის შედეგებს. რადიომიმოხილვაში ფართოდაა საუბარი დედაქალაქში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე, მხარეთა განცხადებებზე (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
აშკარაა, ნატოელთა ვიზიტის მიზანს ის წარმოადგენდა, რომ პარლამენტის არჩევნების წინ ქართველებისთვის ეჩვენებინათ – ბრიუსელს თქვენს მიმართ გული არ გაციებია და კვლავ ყურადღებას გაქცევთო. მაგრამ როცა სტოლტენბერგმა საქართველოს პერსპექტივაზე ლაპარაკი დაიწყო, კვლავ რჩევის მიცემას შეუდგა – ქართველებო, ნუ იჩქარებთ ნატოში გაწევრიანებას, მოითმინეთ და რეფორმები განახორციელეთო“. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „ღირსეულად და გამჭვირვალედ“ ჩატარებას.
როგორც ცნობილია, საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ნატოს დელეგაციის ვიზიტის ფონზე, წამოაყენა წინადადება საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე: „თუ ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზა იქნება დისლოცირებულოი, მაშინ საქართველოს უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და რუსეთი თავის დამპყრობლურ გეგმებს ვერ განახორციელებს“, – განაცხადა დ.უსუფაშვილმა.
„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრება. როგორც იგი აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზის განთავსება სულაც არ ეწინააღმდეგება ნატოში გაწევრიანებას, რადგან აშშ-ის ჯარები „ნატოს ეგიდით“ იმოქმედებენ: „ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წელს აღგვითქვეს ნატოს წევრად მიღება, მაგრამ რვა წელი გავიდა და არაფერი მომხდარა. არადა, საქართველოს უსაფრთხოება სწორედ დასავლური ცივილიზაციის სისტემაშია. ამიტომ ჩვენი პარტია გამოვიდა წინადადებით (ეს პარტიული პოზიციაა): ვთავაზობთ ამერიკელებს დაიწყონ მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ მანამ, სანამ საქართველო ოფიციალურ მიწვევას არ მიიღებს ნატოში გაწევრიანების მიზნით“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
„აშშ-ის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდება მანამ, სანამ საქართველოს ალიანსში მიიღებენ. ეს ალტერნატიული პროექტი კი არ არის, არამედ ურთიერთშემავსებელი მოქმედება იქნება. ცხადია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქართველ ამომრჩეველზე, რომელმაც რვა ოქტომბერს არჩევანი უნდა გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლური პარტიები პარლამენტში ადგილების აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ. ამასთან, ვფიქრობ, ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული ძალებიც იქნებიან წარმოდგენილნი, თუმცა ისინი უმცირესობაში მოხვდებიან. ქართველი ხალხის ნების გამოხატვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებას სწორედ დასავლურ ცივილიზაციაში ვხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატები კი დასავლური ცივილიზაციის ლიდერს წარმოადგენს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აშშ-ის სამხედრო ბაზით და ევროპისაკენ სწრაფვით გვსურს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ფრანგულ რადიოსთან ინტერვიუში.