globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 5 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 5th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Литературная газета» (რუსეთი): გზაჯვარედინზე // საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

«Профиль» (რუსეთი): გაძევებულსა და მილიარდერს შორის // საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტია: გაძევებულ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): სააკაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია: მისი ცოლი თვლის, რომ იგი ოდესიდან თბილისში გვირაბს გათხრის და საქართველოში მაინც დაბრუნდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რატომ არ აისახა მთავრობის დაპირებები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ?

———————-

«Литературная газета» (რუსეთი), 05 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.lgz.ru/article/-39-6569-5-10-2016/na-perevale/

გზაჯვარედინზე

საქართველოში შაბათს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ვადიმ ანასტასიადი

(შემოკლებით)

საით მიდის ქვეყანა? როგორ აისახება არჩევნების შედეგები ხალხის სამომავლო ბედზე? აი, წინასაარჩევნო დისკუსიების ძირითადი თემები. საგარეოპოლიტიკური კურსის ამპლიტუდა: უბლოკო სტატუსის გამოცხადებიდან („პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“) ამერიკული ბაზების განთავსებამდე (რესპუბლიკური პარტია).

რას ამბობს „ქართული ოცნება“ – ადგილობრივი პოლიტიკური ბრძოლების ძირითადი მონაწილე? მისი ლიდერები განზრახვას არ მალავენ: საქართველო ნატოსა და ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ იმავდროულად რუსეთთანაც კეთილმეზობლური ურთიერტობა უნდა ჰქონდესო. რამდენად შესაძლებელია ასეთი პოლიტიკის გატარება? „დიახ, ეს სრულიად შესაძლებელია!“, – ამბობენ ქართველი „მეოცნებეები“ და ეკონომიკურ კავშირებზე მიუთითებენ.

დიახ, სავაჭრო საქონელთბრუნვა რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. და უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ხელშემშლელი ფაქტორი – რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ამ რეგიონების საქართველოსაგან ჩამოცილებას არცერთი პარტია არ შეურიგდება.

საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელები აცნობიერებენ: საგარეოეკონომიკურ კავშირებზე, განსაკუთრებით უშუალო მეზობლებთან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებეული საშინაოპოლიტიკური პრობლემების გადაჭრა. რა აღელვებს მოსახლეობას? რასაკვირველია, ჯანდაცვის მდგომარეობა, საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა. ამ სფეროებში სერიოზული პრობლემებია. მოსახლეობის უმეტესობის აზრით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დაანგრიეს ან ხელი შეუწყეს საბჭოთა კავშირის დანგრევას, სულ ერთ ადგილზე ეკიდათ მიღწეული სოციალური მონაპოვრების დაცვა. მმართველებს მხოლოდ ერთი რამ უნდოდათ – საკუთარი ჯიბეების ფულით გატენვა. შემდეგ დადგა ქაოსი და დარჩენილ ღვეზელს უკვე ავტომატების მეშვეობით იყოფდნენ. იმ პერიოდში საქართველოში პენსიის რაოდენობა მხოლოდ შვიდი ლარი იყო (დაახლოებით ხუთი დოლარი მაშინდელი კურსით).

მახსენდება საქართველოს პირველი ლედის ნანული შევარდნაძის პასუხი დასავლელი ჟურნალისტის კითხვაზე – შეუძლია თუ არა ადამიანს ასეთი პენსიით იცხოვროსო: „ქართველი ქალები ისეთი დიასახლისები არიან, რომ 7 ლარითაც კი შეძლებენ სტუმრის გამასპინძლებას“.

გადიოდა დრო, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. გულში ცოტა იმედი ცაისახა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. კი, პენსიამ თითქოს მოიმატა, მაგრამ ზრდას გაცოფებული ინფლაცია „ჭამდა“. გარდა ამისა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მიხეილ სააკაშვილის ბიჭებმა“ კურსი კადრების გაახალგაზრდავებისაკენ აიღეს და სამუშაოდან უცერემონიოდ გააძევს არამარტო ხანდაზმულები, არამედ საშუალო ასაკის ადამიანებიც კი. ასეთმა პოლიტიკამ ღარიბ-ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა გაზარდა. რა კვალიფიკაცია და რის გამოცდილება? „ნაციონალებს“ საერთოდ არ აინტერესებდათ სამსახურიდან მოხსნილ-გაძევებულთა არც სპეციალიზაციის მაღალი დონე და არც მათი პროფესიონალიზმი.

და დღეს სწორედ ის „ნაციონალები“ დასცინიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას – მთავრობამ სოციალური პროგრამა ფარსად გადააქცია და სამსახურში მხოლოდ ნათესავ-ახლობლებს ასაქმებენო. ვის-ვის და „ნაციონალებს“ მართლაც არავითარი მორალური უფლება არ აქვთ დღევანდელ ხელისუფლებას უსაყვედურონ – მოხუცებზე არ ზრუნავთო. განა თქვენ არ იყავით ის მმართველები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში უფროს თაობას გენოციდს რომ უწყობდა? მრავალი ხანდაზმული ადამიანი უკანასკნელ ქონებას ჰყიდდა, ბინებს, სახლებს, თავი რომ გამოეკვება, რომ ემკურნალა… რამდენი ადამიანი გარდაიცვალა მშიერ-მწყურვალი და უპატრონობით?

ახლა საქართველოში რომ უცხოელი სტუმრები ჩამოდიან, აღფრთოვანებას ვერ მალავენ „მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობით“: ჰო, ტურისტული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია, თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები რესტავრირებულია, ბათუმშიც ბევრი რამ აშენდა… მაგრამ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ყველაფერი ეს იმ ფულით იქნა მიღწეული, რომელიც მიშამ და მისმა ამფსონებმა მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას მოაკლეს და ათასობით ავადმყოფი მოხუცი სიკვდილისათვის გაწირეს. რასაკვირველია, დღევანდელ ხელისუფლებასაც ბევრი რამ აქვს სასაყვედურო, მაგრამ არსებობს რეალური ფაქტები: „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ჯანდაცვის სისტემა დანერგა, რომ მოსახლეობას სამომავლოდ შიში აღარ აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს და დღეს თუ ვინმე ავად გახდება და საავადმყოფოში მკურნალობა დაჭირდება, ამისათვის ბინის გაყიდვა ან დაგირავება საჭირო აღარ არის, ადამიანს უკვე იმედი აქვს, სახელმწიფო ხარჯებს თავის თავზე იღებს. ოპონენტები მთავრობას უკვე იმას საყვედურობენ, რომ სოციალური ხარჯები ძალიან არის გაზრდილი და ბიუჯეტს ტვირთად აწევსო.

„დიდი ამბავი, თუ რამდენიმე ასეული ადამიანი მოკვდა, რატომ უნდა ვიდარდოთო“, – ასე შეეძლო ეთქვა „ნაცმოძრაობისს“ რომელიმე ლიდერს. ეს ავტორის ვარაუდი და ჰიპერბოლა არ გეგონოთ: „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულ დემოკრატ „ნაციონალებს“ ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირდათ და ყოველი სპეცოპერაციის განხორციელებისას „გვამებს ითხოვდნენ“ – ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

პოლიტიკისა და ეკონომიკის საკიტხების ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძნელია. და თუ საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგდება, ამით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების დრო არ მოახლოვდება. დღეს ძალის მეშვეობით ბევრს ვერაფერს დაიბრუნებ. გვაქვს ამის გამოცდილება. უფრო უკეთესია ისეთი სახელმწიფო ააშენო, სადაც ყველასათვის, ყველა ხალხისათვის ერთ სახელმწიფოში ერთად ცხოვრება შესაძლებელი გახდება. ალბათ, სწორია ის აზრი, რომ მთავარი ტერიტორიების დაბრუნება კი არაა, ყოფილი თანამემამულეების დაბრუნებაა. რა უნდა გააკეთოს ამისათვის სახელმწიფომ? პასუხი ქრესტომათიულია: რაც შეიძლება ხშირად გაიხსენო საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება…

«Профиль» (რუსეთი), №36, 05 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.profile.ru/politika/item/111158-mezhdu-izgnannikom-i-milliarderom

გაძევებულსა და მილიარდერს შორის

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ორი ძირითადი კონკურენტია: გაძევებულ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“

„საქართველოში აჩრდილი დადის, აჩრდილი მაიდნისა“… და რაოდენ საოცარია, რომ ამ აჩრდილის უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ფიგურა მოჩანს, რომელიც 2003 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ – პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი „ფერადი“ რევოლუციის შედეგად მოვიდა. დღეს მიშას კიდევ ერთი ასეთი „ფერადი“ რევოლუციის მოწყობა სურს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები: ალექსი ბაუსინი და მიხეილ ვიგნანსკი).

ვრცელ პუბლიკაციაში საკმაოდ დეტალურადაა ასახული საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის პერიპეტიები: ურთიერთთბრალდებათა კასკადი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეჭვები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე, სატელეფონო მოსმენები და მათი ეთერში გაშვება, ოპოზიციური ტელეკომპანიის ამბიციები, ექს-პრეზიდენტის ზრახვები და დაქადნება – ჩამოვალ და აბა, თუ ბიჭები ხართ, დამხვდითო… მთავრობის პასუხი – ჩამოხვალ და დაგხვდებით, ციხის საკანში მიგაბრძანებთო…

„თბილისი ძალიან ნაწყენია კიევზე: აბა, რა გამოდის – ქართულმა მართლმსაჯულებამ მიშაზე ძებნა გამოაცხადა, ბრალი აქვს წაყენებული უამრავ დანაშაულში, მან კი უკრაინაში თავშესაფარი მიიღო, ოდესაში დასეირნობს და სახელმწიფო თანამდებობა უკავია, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ პირდაპირ გაოგნდები… გეწყინება კიევისგან, მაშ რა იქნება. მართალია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააფრთხილა წინამორბედი, ნუ ერევი საქართველოს საქმეებში, შენ უკრაინის მოქალაქე ხარო, მაგრამ მიშა რის მიშაა, ვისიმე დარიგება რომ შეისმინოს. მით უმეტეს, რომ მას დაახლოებით 250-300 ათასი მხარდამჭერის იმედი აქვს. ეს ადამიანები არიან რადიკალი მედასავლეთეები და რადიკალი რუსოფობები. ესენი არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დღევანდელმა ხელისუფლებამ თანამდებობიდან მოხსნა და ამით უკმაყოფილონი არიან…“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო განლაგებაზეც მსჯელობენ: ვინ აიღებს მეტ ადგილებს მომავალ პარლამენტში – მმართველი „ქართული ოცნება“ თუ ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“, რა ბედი ეწევათ სხვა პარტიებს, როგორი შანსები აქვთ მათ და ა.შ.

„საპარლამენტო არჩევნებში 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს. რუსეთში რომ სამი კაცი შეიკრიბება, გასაგებია, რა მიზნით, მაგრამ საქართველოში სამი კაცის ერთად ყოფნა პარტიის ჩამოყალიბებას ნიშნავს. დღეს მმართველი პარტია სიმტკიცის გამოცდას აბარებს: მისი პოპულარობა ისეთი აღარაა, როგორიც 20102-2014 წლებში იყო, უკანასკნელ ხანს „ქართული ოცნების“ რეიტინგი თანდათან კლებულობდა… თუმცა, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოზიტიურიც საკმაოდ ბევრი გააკეთა, მაგალითად, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში… ბევრი ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ დღეს საქართველოში სხვაგვარი პოლიტიკური კლიმატია, მეტი დემოკრატიაა, ვიდრე „ნაციონალების“ მმართველობის დროს იყო: მთავრობა შეგიძლია მწვავედ გააკრიტიკო და ამ დროს მშვიდად დაიძინო, ანუ დაჭერა-დაპატიმრების შიში არ გქონდეს.

მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ ეკონომიკაში კვლავ აბანდებს კაპიტალს. მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჯერ კიდევ 2013 წელს დატოვა და ახლა არჩევნებში პირადად არ მონაწილეობს, მისი სახელი პარტიულ სიაშიც არ ფიგურირებს, თუმცა აქტიურად ხვდება ჟურნალისტებს და თავის მიერ შექმნილ პარტიას მხარს უჭერს. ალბათ, სწორედ ამიტომ მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ხალხს – არჩევანი ჩემსა და ბიძინას შორის უნდა გააკეთოთო.

ამომრჩევლებს ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტირებიც აინტერესებთ. ამ მიზეზით ძალიან ხშირია ურთიერთდაპირისპირება და შეხლა-შემოხლა, პირდაპირ ტელეეთერში კი. ოპონენეტები ერთმანეთს ძალიან ხშირად წამოაძახებენ ხოლმე – „ოხ, შე რუსეთუმე… უხ, შე მედასავლეთე…“. არჩევნებში რამდენიმე ისეთი პარტიაც მონაწილეობს, რომლებიც რუსეთის მიმართ სიმპათიებს გამოხატავენ“, – აღნიშნავენ ავტორები.

სტატიაში მიმოხილულია ქართულ-რუსული ურთიერთობის მომენტები: ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული საკითხები, პრაღის ეხვედრები („აბაშიძე-კარასინის ფორმატი“)… სამწუხაროდ, ტერიტორიული პრობლემების გამო ჯერ-ჯერობით მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია…

„საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70-75% პროდასავლური ვექტორის მხარდამჭერია. ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი დღეს და ხვალ ვერ გახდება, მაგრამ როგორც თბილისი აცხადებს, მთავარია დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მოდერნიზებას. თუმცა ეს პროცესიც ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც სასურველია. მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ძალაში პირველი ივლისიდან შევიდა. ეს დოკუმენტი უვიზო რეჟიმსაც ითვალისწინებს, მაგრამ ჯერ-ჯერობით, საქართველოს უვიზო რეჟიმს არ აძლევენ – მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა ბრიუსელის ყველა პირობა შეასრულა. „სანამ ვიზალიბერალიზაციას მოგცემდეთ, აუცილებელია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომ უვიზო რეჟიმი საჭიროების შემთხვევაში კვლავ სავიზოდ გადაიქცევაო“, – ასეთია ევროკავშირის პოზიცია. რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას: მართალია, ალიანსის გენმდივანმა ამას წინათ თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ „ნატო-საქართველოს კავშირები დღეს ისეთი მტკიცეა, როგორიც არასდროს ყოფილაო“, მაგრამ აშკარაა, ახლო პარსპექტივაში საქართველოს ნატოში არ მიიღებენ. ამასთან, დასავლეთი აქტიურად ეხმარება ქართულ არმიას გადაიარაღების საკითხში – აშშ-სთან ხელმოწერილი მემორანდუმის ძალით, თბილისს დღეს ამერიკაში სხვადასხვა იარაღის შესყიდვა შეუძლია, ხოლო ფრანგი სპეციალისტები ქართველებს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის მოწყობაში დაეხმარებიან.

თანამედროვე საქართველომ, მეოთხედი საუკუნის მანძილზე, ბევრი უბედურება ნახა და გამოსცადა: სამოქალაქო ომი, კონფლიქტები ავტონომიებთან, ომი რუსეთთან, რევოლუციები და მასობრივი მღელვარებები… მაგრამ ბოლო ოთხი წელი შედარებით სტაბილური გამოდგა. რვა ოქტომბრის არჩევნებით საქართველოს პოლიტიკური სისტემის მდგარადობა შემოწმდება“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

———–

ჟურნალ „პროფილის“ 5 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვრცელი სტატია საქართველოზე სათაურით „ეკონომიკა დევიზით – „აბა, რას ისურვებთ?“ // საქართველოს მეურნების სატრანსპორტო-სერვისული ხასიათი, რომელიც მდიდარ მეზობლებს ემსახურება, მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგაც არ შეცვლილა“. პუბლიკაციაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა გაანალიზებული (წყარო: www.profile.ru/economics/item/111233).

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 05 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

სააკაშვილი გამარჯვებაში დარწმუნებულია

მისი ცოლი კი თვლის, რომ იგი ოდესიდან თბილისში გვირაბს გათხრის და საქართველოში მაინც დაბრუნდება

ალი იბრაჰიმოვი

(შემოკლებით)

სტატია საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას ეხება: საუბარია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, აქცენტი განსაკუთრებით გაკეთებულია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ცოლის – სანდრა რულოვსის ზრახვებზე (ავტორი – ალი იბრაჰიმოვი).

გთავაზობთ შემოკლებით:

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე დღე დარჩა, სიტუაცია კი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაში თავისი წვლილი შეაქვს – „ცეცხლზე ნავთს ასხამს“ – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორს: იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დაბრუნებისას მას ქვეყნის მოსახლეობა ოვაციას მოუწყობს და პოლიტიკური ოპონენეტებიც აპლოდისმენტებით შეხვდება. სამშობლოდან სამი წლის წინ გაქცეული პოლიტიკოსი ახლა თანამემამულეებს ასე არწმუნებს, „ცოტაც მოიცადეთ, რამდენიმე დღეში დავბრუნდები და ახალი საქართველოს მშენებლობას დავიწყებო“.

მიხეილ სააკაშვილს გრანდიოზული გეგმები აქვს: ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, ახალი პროგრამები, პროექტები, აღმშენებლობა… განსაკუთრებულ ინტერესს ქალების მიმართ ამჟღავნებს: ახალ მთავრობაში ბევრი ქალი მეყოლება, ისინი უფრო კეთილები და ჰუმანურები არიანო. ეჰ, მიშა, მიშა…

მორბენალმა ექს-პრეზიდენტმა ყოფილ სამშობლოში დაბრუნების სურვილი პირველ ოქტომბერს გაამჟღავნა და თქვა – „მჯერა, არჩევნებში „ნაციონალები“ გავიმარჯვებთო“. მიშას კი სჯერა, მაგრამ საქართველოს ფაქტიურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა მას დაასწრო და ჯერ კიდევ სექტემბრის დამლევს განაცხადა – „მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისას საპყრობილე ელოდებაო“.

ამასობაში ექს-პრეზიდენტის ცოლი სანდრა რულოვსი, რომელსაც დეპუტატობა სურს, შესაშურ წინასაარჩევნო აქტიურობას იჩენს. იგი მხარს უჭერს ქმრის განზრახვას და აცხადებს – „მიშას გვირაბის გათხრა რომ დაჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე, საქართველოში მაინც ჩამოვაო“. ამავე დროს სანდრა მორიდებულია და ქმრის დამსახურებებს აღიარებს: „მე მინდა, რომ ჩემს ქმარს დავემსგავსო, მაგრამ მიშამდე ბევრი მიკლია. მან ყველაფერი წინასწარ იცისო“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 05 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-initial-draft-of-2017-state-budget/3535986.html

რატომ არ აისახა მთავრობის დაპირებები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ?

ზაზა წულაძე

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები – 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გათვალა, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის პირველ რვა თვეში, ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ მხოლოდ – 2,7 % შეადგინა, ხოლო 2015 წელს – ეს მაჩვენებელი 2,8 % იყო.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები – 8 715 000 000 ლარს შეადგენს, ხარჯები კი 8 787 000 000 ლარია. მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების სახით მთავრობა მომავალ წელს – 8 017 000 000 ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც თავის მხრივ 190 000 000 ლარით აღემატება, 2016 წელს არსებულ საგადასახადო შემოსავლების გეგმას.

ნიშანდობლივია, რომ 2017 წლიდან დაბეგვრას მხოლოდ განაწილებული მოგება დაექვემდებარება. ეს კი, დაახლოებით ორჯერ, ნახევარი მილიარდი ლარით ამცირებს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს. ამის მიუხედავად, მთავრობა პარლამენტში მაინც გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრებით შევიდა. ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ახალი ბიუჯეტის პროექტს მთლიანობაში უარყოფითად აფასებს:

„იმ ფონზე, როცა მთავრობის მხრიდან მუდმივად საუბარია გაცილებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე და ბიუჯეტის პროექტში დევს მხოლოდ 4 %-იანი ზრდა, მაშინ როცა წელს, ეკონომიკა მხოლოდ 3%-ით შეიძლება გაიზარდოს. ეს არანაირი დაპირებული გარღვევა არ არის. მთავრობას აქამდე ჰქონდა 2017 წლისთვის პროგნოზი 5,5 %-იან ზრდაზე და ესეც კი დაწიეს 1,5 პროცენტული პუნტით. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, რომ იზრდება დეფიციტი, როგორც ნომინალურ ლარებში, ისე მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობაში. გაზრდილია ადმინისტრირების – ე.წ ბიუროკრატიული ხარჯი, დაახლოებით 200 მილიონით არის გაზრდილი ხელფასების და სახელმწიფო შესყიდვების მუხლი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ეს ბიუჯეტი ნახევრად შესაცველილი იქნება“.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში, საქართველოს მთავრობა მოულოდნელად აღნიშნავს, რომ „საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით“, მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი ახალი პროგრამებისთვის (სივრცითი მოწყობა, პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა, პენსიონერთა დასაქმება და პენსიის მომატება) თანხები გათვალისწინებული არ არის. ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლით აპელირებს, რომელიც „არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე კრძალავს ისეთი პროექტების ან პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს ბიუჯეტში“.

ექსპერტები ცალსახად განმარტავენ, რომ კანონის ეს დათქმა, ამ შემთხვევაში ეხება არა მომავალ 2017 წლის, არამედ მიმდინარე 2016 წლის ბიუჯეტს და საარჩევნო კოდექსი არანაირ შეზღუდვას ამ მხრივ მთავრობას არ უწესებს. შესაბამისად, გაუგებარია რატომ არ ასახა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები მთავრობამ და მმართველმა პარტიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში?

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მთავრობამ ასე ჩათვალა საჭიროდ და “ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების შედეგად არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში” ახალი პროგრამების „მაქსიმალური“ დაფინანსება იგეგმება: „საარჩევნო კოდექსში პირდაპირი აკრძალვა მომავალი ბიუჯეტის დაგეგვმასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არ არის. თუმცა, შინაარსობრივად, მე ვფიქრობ, და საერთოდ მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ არ არის მიზანშეწონილი ახალი ინიციატივები გაჩნდეს და წარმოდგენილი იყოს საარჩევნო პერიოდში. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ გაგრძელდეს მუშაობა ახალ პარლამენტთან და ის დაპირებები მოხვდეს და აიასახოს 2017 და შემდგომი წლების ბიუჯეტებში“.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომლის განხილვაც უკვე ახალმა პარლამენტმა, 10 ოქტომბერს უნდა დაიწყოს, 1 640 000 000 ლარით იზრდება საგარეო ვალი და მთავრობის განცხადებით, ეს თანხა ძირითადად, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დღეისათვის, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15 100 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Comments are closed