globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 6 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 6th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვინ ააფეთქა დეპუტატ გივი თარგამაძის „შკოდა ოქტავია“?

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): კავკასია: საქართველოს გამოცდა // ქართული დემოკრატია ბოლო ოთხ წელიწადში საკმაოდ განმტკიცდა, მაგრამ თბილისში მომხდარმა აფეთქებამ წინაასარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ორი ვერსია საქართველოს არჩევნებში // მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლზე თავდასხმამ შეიძლება ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა მოახდინოს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კონგრესმენი გერი კონოლი: „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-mp-targamadze-car-is-blown-up/3537608.html

ვინ ააფეთქა დეპუტატ გივი თარგამაძისშკოდა ოქტავია“?

ზაზა წულაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, თუ რა აფეთქდა ვეკუას ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანა „შკოდა ოქტავიაში“, რომელიც პარლამენტარ გივი თარგამაძეს ეკუთვნის. შემთხვევა თბილისის ცენტრში, 4 ოქტომბერს, საღამოს 21 სთ. და 14 წთ. მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, გივი თარგამაძე, საღამოს 9 საათითვის, გამოვიდა, ანატოლი სობჩაკის ქუჩაზე „მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან და მიემართებოდა სახლისკენ.  „შკოდა ოქტავია“, სახელმწიფო ნომრებით CNC 330, რომელსაც თარგამაძის პირადი მძღოლი მართავდა, ფხოვის ქუჩით გავიდა, ვოვა ვეკუას ქუჩაზე და როგორც კი იქვე მდებარე, PSP-ს აფთიაქს გაუსწორდა, ავტომანქანაში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა.

გივი თარგამაძე და მისი მძღოლი იოლად გადარჩნენ, ვინაიდან აფეთქების ტალღა მთლიანად „შკოდას“ უკანა მხარეზე მოვიდა. სამაგიეროდ, მძიმედ დაიჭრა იქვე, ორბელიანის სკვერთან გაჩერებული – 49-ე სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლი დავით კუხალაშვილი, დაშავდა მისი კოლეგა ზურაბ მიქიანიც.

31 წლის კუხალაშვილს სასწრაფო ოპერაცია გუშინ ღამე ჩაუტარდა და იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო კიდევ ოთხმა პირმა, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი აფეთქების ტალღამ მინები ჩაამსხვრია რამდენიმე სავაჭრო ობიექტსა და ავტომობილში, მათ შორის, ვეკუას ქუჩაზე მოძრავ 20 ნომერ ავტობუსში. გივი თარგამაძე ვარაუდობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის უკანა მხარეს იდო: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ან აკრული ან ჩადებული უკანა ნაწილში. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ უკან მოგვყვებოდა მანქანა, რომლიდანაც განახორციელეს დისტანციური მართვის პულტით აფეთქება“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე–19 დანაშაულის მცდელობისა და 109-ე – დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში, ვეკუას ქუჩასა და ორბელიანის სკვერში მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები, შეზღუდული იყო მოქალაქეების გადაადგილება.

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან და მიმდებარე ქუჩებიდან სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შინაგან სამქეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კერძოდ განაცხადა: „ამოღებულია საგამოძიებო ჯგუფების მიერ ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი შემთხვევის ადგილზე. ასევე მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, პლუს, პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ბატონი თარგამაძის ავტომობილი ჩერდებოდა“.

თავად დეპუტატმა გივი თარგამაძემ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აფეთქების მოწყობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მოადგილე იოსებ გოგაშვილს დასდეს ბრალი.

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საპასუხოდ გაანცხადეს, რომ „ეს ქვეყნის წინააღდეგ მოწყობილი დივერსიაა“ და „დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა“, რითაც პირდაპირ მიანიშნეს, რომ აფეთქების დამკვეთად, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი კი აფეთქებაში „რუსეთის კვალს“ ხედავს.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც დღეს საავადმყოფოებში მყოფი ყველა დაზარალებული მოინახულა, მოუწოდა პოლიციას და სუს-ს საზოგადოება კრიმინალებისგან დაიცვას: „ამ დაძაბულ ვითარებაში განსაკუთრებულად აქტიურად, გაორმაგებული მუშაობა გვმართებს ყველას იმისთვის, რომ ვუზრუნველყოთ საზოგადოების დაცვა იმ კრიმინალებისგან, ვინც მოქალაქეებს ქალაქის ცენტრში აფეთქებს და რის შედეგადაც ადამიანები, ვისაც საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვთ პოლიტიკასთან, დღეს მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში წვანან”.

გივი თარგამაძე 48 წლისაა. იგი ყოფილი სანიტარი, ჟურნალისტი, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი, სამი მოწვევის (2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრია. 2004-08 წლებში ეკავა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის პოსტი. 2012 წლის მაისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თარგამაძეს მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდო ბრალი და მასზე ძებნა გამოაცხადა. დეპუტატი სამი თვის მანძილზე თავს ლიტვას აფარებდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გივი თარგამაძე არ მონაწილეობს, იგი არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში აღარ არის, თუმცა რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრად.

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 06 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.sueddeutsche.de/politik/kauskasus-probe-fuer-georgien-1.3191585

კავკასია: საქართველოს გამოცდა

ქართული დემოკრატია ბოლო ოთხ წელიწადში საკმაოდ განმტკიცდა, მაგრამ თბილისში მომხდარმა აფეთქებამ წინაასარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა

„საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე, თბილისში მომხდარი ავტომანქანის აფეთქების გამო, სიტუაცია სერიოზულად გართულდა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც მკითხველი ეცნობა აფეთქების გარემოებებს, მომხდართან დაკავშირებულ ფაქტებს, ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას (ავტორი – იულიან ჰანსი).

„გივი თარგამაძე ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახლავთ. ამ პარტიას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს და უკვე ოთხი წელი ოპოზიციაშია. თვითონ გივი თარგამაძე ყოფილი პრეზიდენტის მმართველობის წლებში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2013 წელს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ მას ბრალი დასდო მოსკოვში მომხდარ არეულობების ხელშეწყობასა და მონაწილეობაში, რის შედეგადაც რუსმა სამართლადამცველებმა გივი თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადეს“, – აღნიშნულია სტატიაში.

„საქართველოში, პოსტსსაბჭოთა რესპუბლიკაში, „ნაციონალების“ ხელისუფლება ოთხი წლის წინ შეიცვალა.  კოალიცია „ქართული ოცნების“ მმართველობის განმავლობაში სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. ამჟამინდელ წინასაარჩევნო კამპანიაში ცხრამეტი პარტია და ექვსი ბლოკი მონაწილეობს. უპირატესობით ორი ძირითადი პარტია სარგებლობს – ესაა მმართველი „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობა“.

„ქართული ოცნება“ მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაარსა და 2012 წლის არჩევნებში ქვეყნის იმდროინდელი ხელისუფლება დაამხო. მმართველი პარტია „ნაცმოძრაობა“ თითქოსდა კორუფციას ებრძოდა, მაგრამ კორუფციამ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი, თავისი ავტოკრატიული ადმინისტრაციისა და მართვის ავტორიტარული სტილის გამო, ქართველებში ნდობა დაკარგა“, – წერს ავტორი და „ქართული ოცნების“ ოთხწლიან მმართველობასაც აძლევს შეფასებას: „საქართველო აგრძელებდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესს – შედარებით ნელა, მაგრამ მაინც. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხების ფონზე მოსახლეობის ენთუზიაზმმა მოიკლო, ამომრჩეველს იმედი გაუცრუვდა“. სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს შორის არიან როგორც მედასავლეთე, ასევე რუსეთუმე პარტიებიც, ანუ ისეთები, რომლებიც საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტების არჩევის დროს მეტ უპირატესობას ან დასავლეთთან, ან  რუსეთთან ურთიერთობას ანიჭებენ.

ავტორი ესაუბრება თბილისში არსებული ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დირექტორს ნინო ლეჟავას. მისი თქმით, მოსკოვისაკენ მკვეთრი გადახრა არ მოხდება, რადგან საქართველოში  ძლიერი პრორუსული ძალები არ არსებობენ, თუმცა ზოგიერთ ქართულ პოლიტიკურ პარტიას დასავლეთთან ინტეგრაციის ალტერნატივა გააჩნია, მაგალითად, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ქვეყნის  უბლოკო სტატუსის ინიციატივა წამოაყენა: „ეს უფრო უკეთესია, ვიდრე ნატოში გაწევრიანებას ელოდო, რომელიც უპერსპექტივოა და ამით მოსკოვი გააღიზიანო“.

ორივე პარტია – „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“ დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, პარტია „ქართული ოცნება“ ხმების მინიმუმ 48%-ს მიიღებს, პლუს მაჟორიტარების 60%. თუმცა, შავი ზღვის იქითა ნაპირზე მყოფი ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვებით აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად გაიმარჯვებს და იგი საქართველოში დაბრუნდება, მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში, – აღნიშნავს ავტორი და მოკლედ აცნობს მკითხველს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შინაარს, იქვე აღნიშნავს, რომ არჩევნებში ექს-პრეზიდენტის ცოლი სანდრა რულოვსიც მონაწილეობს – იგი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული კანდიდატია.

მიუხედავად მომხდარი აფეთქებისა და ცალკეული შეხლა-შემოხლისა, წინასაარჩევნო კამპანია, 2012 წელთან შედარებით  დემოკრატიულად მიმდინარეობს. პოლიტიკოსებს და დეპუტატობის კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი, დებატები დემოკრატიულად და პლურალისტურად მიმდინარეობს. დღეს მასმედია უფრო თავისუფალია, ვიდრე 2012 წელს. არაა გამორიცხული, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, საქართველოში კოალიციური მთავრობა შეიქმნას, თუმცა იმის საფრთხეც არსებობს, რომ ასეთი მთავრობა არაქმედითუნარიანი იქნება, – ამბობს ნინო ლეჟავა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 06 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3107825

ორი ვერსია საქართველოს არჩევნებში

მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლზე თავდასხმამ შეიძლება ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა მოახდინოს

„თბილისში გუშინ მიხეილ სააკაშვილის პარტიის, ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მთავარი თემა ტერორისტული აქტი იყო, რომელიც თბილისის ცენტრში მოხდა: ააფეთქეს პარლამენტის დეპუტატის გივი თარგამაძის ავტომანქანა, თვითონ პოლიტიკოსი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ოპოზიციამ „(„ნაცმოძრაობამ“) პასუხისმგებლობა მომხდარში ხელისუფლებას დააკისრა, თუმცა, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის განცხადებაში მიანიშნა, რომ კვალს საზღვარგარეთ მივყავართო. არაა გამორიცხული, რომ მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინა, სადაც ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი მუშაობს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციის თანახმად, თბილისის ცენტრში გამართულ „ნაციონალთა“ მიტინგს 50 ათასი ადამიანი დაესწრო. აქციის საკვანძო მომენტი იყო ოდესიდან მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვა – შავი ზღვის ფონზე მდგარი ექს-პრეზიდენტის თქმით, „გამარჯვებამდე სულ ცოტა დარჩა. მე ზღვას გადმოვცურავ და თქვენ შემოგიერთდებით, ხოლო გაუნათლებელ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ, სახელმწიფოს ხარჯზე გავგზავნი სასწავლებლად, ოღონდაც კი მან თავი დაგვანებოსო“. მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს მომიტინგეთა ტაში და მხარდამჭერი შეძახილები მოჰყვა. მიტინგზე აფეთქების ობიექტი გივი თარგმაძეც გამოვიდა და ტაშის გრიალში თქვა, რომ იმ ადგილზე, სადაც ავტომანქანა აფეთქდა, 1927 წელს მისი ბაბუა (იმასაც გივი ერქვა) რუსმა ოკუპანტებმა დახვრიტესო.

ავტორის მიერ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული გივი თარგმაძის ავტომანქანის აფეთქების გარემოებები, პოლიტიკოსთა კომენტარები, თანაპარტიელთა მხარდაჭერა და ა.შ. აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში არსებული მინიშნებებით, თითქოსდა აფეთქების კვალი უცხოეთში მიდის, ზოგიერთმა ექსპერტმა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაიხსენა, რომელმაც თითქოსდა თავისი თანამებრძოლის ტერაქტი შეუკვეთა – ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით, საპარლამენტო არჩევნების წინ.

თუმცა, ექსპერტთა მეტი ნაწილი მიიჩნევს, რომ აფეთქების „ოდესური კვალი“ ისეთივე აბსურდულია, როგორიც ხელისუფლებისადმი დაბრალება. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსი დავით ავალიშვილი ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში, „ხელისუფლებას ცნობილი ოპოზიციონერის სიკვდილი არანაირად არ აწყობდა, რადგან მისი დაღუპვა მხოლოდ პრობლემებს მოუტანდა და ისეთ ქარიშხალს გამოიწვევდა, რომელიც მთავრობას წალეკავდა“.

სტატიის დასასრულს მოცემულია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები:

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის შეკვეთით ამერიკულ-გერმანულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა (GFK) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის ტანახმად, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, „ნაციონალებს“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 26%, „ქართულ ოცნებას“ – 25, 4%. თუმცა რამდენად სანდოა ეს მონაცემები? მხედველობაშია მისაღები, რომ „რუსთავი-2“ ოპოზიციური „ნაცმოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ტელევიზიაა.

საწინააღმდეგო ციფრები გამოაქვეყნეს ტელეარხებმა „იმედმა“ და „მაესტრომ“, რომელთა დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა გამოკითხვა ჩააატარა: 36% მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, 13% კი „ნაცმოძრაობას“. იქვე აღნიშნულია, რომ „იმედი“ და „მაესტრო“ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულნი.

———–

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოს შესახებ სტატია კიდევ ერთმა რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა – „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სათაურით „თბილისში მომხდარ აფეთქებაში „რუსული კვალი“ შენიშნეს“ (ავტორი – იური როქსი). „ოთხშაბათს საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მხარდამჭერთა მიტინგი ჩაატარა, რომლის მონაწილეები რეგიონებიდანაც ცამოიყვანეს. აქცია ისეთი ხალხმრავალი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. „ნაციონალებმა“ ამგვარი წარუმატებლობა ხელისუფლების ზეწოლით გამოწვეული შიშით ახსნეს: „ხალხს იმიტომ შეეშინდაო მიტინგში მონაწილეობის მიღება, რომ გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქესო“.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა მოცემული ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტების განცხადებები და კომენტარები, ვერსიები იმაზე, თუ ვის აწყობდა ცნობილი ოპოზიციონერის სიკვდილი – ხელისუფლებას თუ სხვა უცხო ძალას. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, რომ „ნაციონალებმა“ თვითონ მოაწყეს ტერაქტის ინსცენირებაო. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოში დესტაბილიზების მოწყობით რუსეთია დაინტერესებული და მოსკოვს შეუძლია ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

„რუსული კვალის“ მომხრეებმი იხსენებენ, რომ გივი თარგამაძე მოსკოვისათვის არასასურველ პიროვნებას წარმოადგენს, რადგან იგი 2012 წლის 6 მაისს ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარ ოპოზიციურ მიტინგთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მოარული ხმების თანახმად, თითქოსდა მან მოსკოვში ფული ჩაიტანა და ვიღაცისთვის არ მიუცია…

წყარო: http://www.ng.ru/cis/2016-10-06/1_gruzia.html

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/connolly-gegeshidze/3537404.html

კონგრესმენი გერი კონოლი: საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას გავაგრძელებთ

ანა კალანდაძე

“საქართველო და აშშ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ვაშინგტონს უფრო მეტად აშფოთებს აგრესიული რუსეთის როლი უკრაინასა და საქართველოში. აშშ-ის კონგრესი შეეცდება, გააღრმავოს და განავითაროს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს სუვერენიტეტის დაცულობა უზრუნველყოს“, – აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან გერი კონოლი, რომელიც იმავდროულად კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას, კონგრესმენმა გერი კონოლიმ თქვა: „ყველა შემდგარმა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას მოქალაქეთა ხმის უფლება. დემოკრატიაში არ უნდა იყოს ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება, გაყალბება. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია. ეს წამყვანი ელემენტებია, რომელიც დემოკრატიას არადემოკრატიული წყობისაგან განასხვავებს. დარწმუნებული ვარ, საქართველო სწორი მიმართულებით განვითარდება“.

სამშაბათს, კონგრესმენი გერი კონოლი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, არჩილ გეგეშიძის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. ცერემონია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში გაიმართა. კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე გერი კონოლიმ არჩილ გეგეშიძეს სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ის ორმხრივ ურთიერთობებში წვლილს მომავალშიც შეიტანს.

Comments are closed