«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სად და რა ირღვევა არჩევნებამდე
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დევიდ პრაისთან: „ამერიკას საქართველოსგან მაღალი მოლოდინები აქვს“
«Известия» (რუსეთი): არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს // მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა შეიძლება არჩევნების შედეგები არ აღიარონ და პროვოკაცია მოაწყონ
«Die Press» (ავსტრია): საქართველო: ძლიერთა ორთაბრძოლა // საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაცია მწვავდება, ქართველებში განხეთქილებაა; ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს გაიმარჯვა, დღეს ბრძოლაში კვლავ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ იწვევს
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-election-irregularities/3539785.html
სად და რა ირღვევა არჩევნებამდე
ნინო დალაქიშვილი
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, როდესაც კამპანიის აგრესიულობა პიკს აღწევს, წინასაარჩევნო დარღვევების მხრივ ვითარება საგანგაშო და შემაშფოთებელი სულაც არაა. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია უფრო ნორმალიზაციისკენ მიდის, ვიდრე გაუარესებისკენ, არსებულ გამოცდილებას თუ ვიგულისხმებთ.
დარღვევებს, რა თქმა უნდა, ადგილი არჩევნების წინა პერიოდში აქვს, მაგრამ იმ ორგანიზაციების უმეტესობა, ვისაც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ ცთომილებები ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში, რომელიც დღეს იქნა წარმოდგენილი, ნათქვამია, რომ აგვისტოსა და სექტემბერში წინასაარჩევნო ვითარება დამძიმდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეხლა–შემოხლის შემთხვევებსა და ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს, ასევე პარტიების ოფისების დარბევის 5 ფაქტს, ამომრჩეველთა მოსყიდვას, უკანონო აგიტაციას და სხვა.
ამერიკის ხმა ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელ დირექტორს მიხეილ ბენიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს: “არჩევნებამდე ორი დღით ადრე, განვლილ ოთხ თვეს რომ გადავხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საარჩევნო გარემო იყო მეტ–ნაკლებად მშვიდი. შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ იგი საერთო ჯამში. მიუხედავად მოლოდინისა, სერიოზულ დარღვევებს, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა არჩევნების ჩატარებას, არ ჰქონია ადგილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მშვიდი გარემო და პოზიტიური პირველი ნაწილი წინასაარჩევნო გარემოსი, გარკვეულწილად დაიჩრდილა იმ ფაქტებით, რომელსაც ჰქონდა ადგილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მოგეხსენებათ, პირველ ოქტომბერს, დაპირისპირებისას ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის, დაზიანდნენ ქართული ოცნების აქტივისტები. შემდეგ იყო სროლის ინციდენტი გორში, რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ადამიანები. როგორც შემდგომ ვნახეთ, გამოძიების ვერსიით, ეს არაა დაკავშირებული არჩევნებთან, რადგან მას პოლიტიკური მოტივი არ აქვს, მაგრამ მაინც ეს მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში და მნიშვნელოვანი გარემოებაა. გარდა ამისა, კიდევ უფრო დრამატული და შემაშფოთებელია ჩვენთვის იყო ოპოზიციის წარმომადგენლის ავტომობილის აფეთქების შემთხვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ორი დღის წინ თბილისის ცენტრში. ეს, ერთიანობაში, ცხადია, ქმნის, გარკვეულ ძალადობრივ ფონს წინასაარჩევნოდ, რაც, რა თქმა უნდა არაა მისასალმებელი“,– აცხადებს სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი და საუბარს კონკრეტული დარღვევების ჩამონათვალით აგრძელებს: „გამოწვევად რჩება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. ეს უკანასკნელი არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან დაფიქსირდა, არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც, მაგალითად, ასეთი საგანგაშო ჩვენთვის იყო „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ უფასო სადილის მიწოდება სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას პოლიტიკური პარტია იყენებს მის სასარგებლოდ. უფასო მომსახურების ან უფასო ნივთების გადაცემით, ცდილობს მისი გულის მოგებას, ამასთანავე მოსახლეობას კამპანიის მასალებასაც გადასცემდნენ. ეს უკვე აღარაა ქველმოქმედება. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკოსებს ეკრძალებათ ქველმოქმედება, საქველმოქმედო ორგანიზაციებს კი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა.“
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსირების ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ აცხადებს: „არიან საჯარო მოხელეები, ვინც თანხა შესწირეს პოლიტიკურ პარტიებს და მათი შემოწირულობა, ზოგ შემთხვევაში ნახევარზე მეტია იმასთან შედარებით, რასაც ისინი წლის განმავლობაში იღებენ. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქაა რისკები. შესაძლებელია, რომ ამ პირებმა შემოწირულობა განახორციელეს სხვა შემოსავლებიდან. ზუსტად ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ ფაქტებით“.
წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირების ვალდებულება აუდიტის სამსახურს, პროკურატურას და ცეესკოს აქვს. ლაშა თოდრია აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს: „არაერთი ადამიანი და პოლიტიკოსი გამოვკითხეთ ჩვენ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთანაც იყო კითხვის ნიშნები დასმული ამა თუ იმ პოროვნებისა თუ ორგანიზაციის მიერ. ყველაზე, აბსოლუტურად მოვახდინეთ რეაგირება. თუ რაიმე ახალი არსებობს, მოვახდენთ ყველაზე რეაგირებას, თუ შესაბამისი საფუძვლები არსებობს“.
ამერიკის ხმა საიას ხელმძღვანელს ანა ნაცვლიშვილს ესაუბრა: „ჩვენ არაერთი წელია ადვოკატირებას ვუწევთ უკანონო მოსმენების პრაქტიკის დასრულებას ამ სახელმწიფოში და მით უმეტეს, პოლიტიკური მიზნებისთვის მათი გამოყენების მცდელობებს. პრობლემა იყო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც გამოქვეყნების დროის, შინაარსის და მასში მონაწილე სუბიექტების მიხედვით, აშკარად აჩვენებდა, რომ იყო პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობა ამ ჩანაწერების მეშვეობით, რაც არაა თავსებადი დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და რა თქმა უნდა არაა თავსებადი კანონთან. სამწუხაროდ, ეს არჩევნები ამ თვალსაზრისით, არ აღმოჩნდა გამონაკლისი.“
წინასაარჩევნო დარღვევების გამოძიების საკითხი, ერთ–ერთი მათგანია, რაც პრობლემურად ყველაზე უფრო მეტადგამოიყურება. ორ დღეში საქართველოში საკანონმდებლო ორგანოს ახალ წევრებს აირჩევენ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/david-price-on-georgia-elections/3539189.html
ინტერვიუ დევიდ პრაისთან: „ამერიკას საქართველოსგან მაღალი მოლოდინები აქვს“
ნანა საჯაია
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს შეერთებული შტატების დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები დააკვირდებიან.
რა მოლოდინები ამერიკელ კანონმდებლებს და რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარება? ამ კითხვებით „ამერიკის ხმის“ ქართულმა რედაქციამ დემოკრატ კონგრესმენ დევიდ პრაისს მიმართა.
„2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის შემდეგ, ამერიკის მთავრობას საქართველოსგან მაღალი მოლოდინები აქვს“ – ასე აფასებს გავლენიანი ამერიკელი კონგრესმენი, დევიდ პრაისი 8 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნებს, – „ჩვენ საქართველოსგან, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსგან, პარტნიორისგან და ევროპული ოჯახის წევრისგან მაღალი მოლოდინები გვაქვს. ეს მოლოდინები მოიცავს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ოთხი წლის წინ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ამან ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემას“.
დევიდ პრაისის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში პრობლემები არ არსებობს: „ველოდებით, რომ ადამიანებს ექნებათ თავისუფლად გამოხატვის საშუალება, რომ მედია იქნება ღია და თავისუფალი, რომ ყველა მოსაზრება იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო მზადაა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე არჩევნები. ჩვენ არ ვიცით რა შედეგებით დასრულდება არჩევნები, მაგრამ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან, ასევე უმცირესობასთან.“
ამერიკის კონგრესში ჩრდილოეთ კაროლინის წარმომადგენელი დევიდ პრაისი, კონგრესმენ პიტერ როსკამთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი რეზოლუციის ავტორია. იგი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრის მყარი სტატუსი აქვს და ეს სტატუსი ძლიერდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ არჩევნებით ეს სტატუსი გამყარდება: „მე არჩევნების შედეგებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიცი რომ არჩევნების შედეგად ყველაფერი გამარჯვებულმა არ უნდა მიიღოს და ამით დამარცხებული მთლიანად ჩაახშოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიმარჯვებს, აუცილებელია არსებობდეს ეფექტური მმართველი კოალიცია, მაგრამ ასევე აუცილებელია არსებობდეს ოპოზიცია და ყველა ხმა ისმოდეს, მათ შორის პარლამენტში“.
დევიდ პრაისი ასევე ორპარტიული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ წევრია, რომელიც რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 17 პარტნიორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს. ამ კომისიის საქართველოს პარლამენტი 2006 წლიდანაა.
დევიდ პარიაის თქმით, არჩევნებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რა ხდება არჩევნებს შორის: „ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობის საკითხი, ქვეყნის ერთიანობა. საქართველოში რუსეთის ოკუპაცია გრძელდება – საქართველო ევროპის ნაწილია, მას თავისუფლად უნდა შეეძლოს თავისი ორიენტაციის არჩევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის არჩევანს, ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოსგან ჩვენსა და სხვა ქვეყანას შორის არჩევანის გაკეთებას და ამას არც სხვა რომელიმე ქვეყანა უნდა ითხოვდეს“.
საქართველო-ამერიკის თანამშრომლობაზე საუბრისას კონგრესმენი ხაზს უსვამს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების აუცილებლობას. „ეს ყველაფერი ქვეყნის სტაბილურობაზეა დამოკიდებული, სტაბილურობა კი ლეგიტიმურ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მისი შედეგები ყველა მხარემ აღიაროს“.
დევიდ პრაისის თქმით, ამერიკის კონგრესი საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს და მზადაა მას მხარი მომავალშიც დაუჭიროს.
———
საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ამერიკის დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა მისიები უკვე გაგზავნეს. დემოკრატიული პარტიის მისიას საქართველოში ყოფილი სენატორი ტედ კაუფმანი უხელმძღვანელებს.
«Известия» (რუსეთი), 2016 წელი
http://izvestia.ru/news/636436
არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დიალოგს გააგრძელებს
მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა შეიძლება არჩევნების შედეგები არ აღიარონ და პროვოკაცია მოაწყონ
სტატიაში გადმოცემულია საქართველოში არსებული წინასაარჩევნო სიტუაცია. მასში ნატქვამია, რომ პარლამენტში დეპუტატთა ადგილებისათვის ბრძოლა ძირითადად ორ პარტია-კონკურენტს შორის გაიმართება – მმართველ „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის (ავტორია – დარია ცოი).
როგორც იზვესტიის კორესპონდენტს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრმა ვალერი ხაბურზანიამ განუცხადა, ორივე პარტიის პრინციპული პოზიციისა და სიტუაციის გამწვავების გამო არის იმის დიდი ალბათობა, რომ არჩევნების შემდეგ რაიმე ისეთი პროვოკაცია მოხდეს, რაც ქვეყნის დესტაბილიზაციას გამოიწვევს:
„ფორმალურ საბაბი შეიძლება გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ეპიზოდი გახდეს. ამასთან, თუ „ნაციონალებს“ არჩევნების შედეგები არ დააკმაყოფილებთ, სრულიად შესაძლებელია დესტაბილიზებისაკენ მიმართული კამპანია წამოიწყონ. ამაშია მთავარი ინტრიგა და საფრთხე“, – ამბობს ვალერი ხაბურძანია, იგი აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვებას, როგორც ჩანს, მმართველი გაერთიანება „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ნაციონალისტურ განწყობებსაც ინარჩუნებდა და პარალელურად რუსეთთან ურთიერთობებსაც ავითარებდა: „ვფიქრობ, ეს კურსი გაგრძელდება, გაურესებას არ უნდა ველოდოთ, რაც თავისთვად კარგია. ამავე დროს იციც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს [სრული] ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ მოხდება, რადგან ევროკავშირში და ნატოში ქვეყნის გაწევრიანება გამორიცხულია. ნატოსა და ევროკავშირთში მიღების საკითხში ყველაფერი ეს დარჩება ისე, როგორც დღესაა, ვინაიდან დასავლეთისაგან სერიოზული ბიძგები მოსალოდნელი არ არის“.
პუბლიკაციაში მიმოხილულია სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები, რომელთა მონაცემები ერთმანეთისაგან მნისვნელოვნად განსხვავდება: GFK-ის თანახმად, „ქართული ოცნება“ აგროვებს ხმების 25%-ს, „ნაცმოძრაობა“ – 26%-ს, TNS-ის მიხედვით, „ქართული ოცნება – 32%, „ნაციონალები“ კი მხოლოდ 12%. სტატიაში საუბარია აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომელიც ყოველდღიურად ახსენებს საქართველოს მოსახლეობას, რომ „ნაციონალები“ გამარჯვებენ, იგი საქართველოში დაბრუნდება და „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წელს შეწყვეტილ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს გააგრძელებს.
„სინამდვილეში კი „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების ძალიან მცირე შანსები აქვს, ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა მმართველი პარტიის პოზიციების რაც შეიძლება მეტად დასუსტებაა“, – ამბობს „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში საქართველოს განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხუხაშვილი: – „მიხეილ სააკაშვილის პარტიას სურს, რომ კონკურენტი „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად დაასუსტოს იმ მიზნით, რომ კონკურენტმა მცირე უპირატესობით მაინც გაიმარჯვოს. ასეთ შემთხვევაში იქმნება სიტუაცია, რომლის დროსაც მთავრობა საპარლამენტო კოალიციის მეშვეობით ყალიბდება. ანუ „ნაცმოძრაობას“ სხვადასხვა პარტიებისაგან საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის შანსი უჩნდება… თუმცა არა მგონია, რომ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდეს, ეს ნაკლებსავარაუდოა“.
სტატიაში გადმოცემულია „ქართული ოცნების“ საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები, წინასაარჩევნო საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით: უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების უზრუნველყოფა.. „ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქართულ-რუსული ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: აღდგა სავაჭრო კავშირები, ვითარდება ტურიზმი. რუსეთს სოფლის მეურნეობის პროდუქცია მიეწოდება, რუსეთიდან კი საქართველოში მრავალი ტურისტი ჩამოდის. ეს რომ არა, ჩვენი ეკონომიკა დღეს კატასტროფულ სიტუაციაში იქნებოდა. ანუ ეს ნიშნავს, რიმ სუსეთთან თანამშრომლობა თვით საქართველოს ინტერესებში შედის. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მომხრეა“, – ამბობს „იზვესტიის“ ჟურნალისტთან საუბარში ქართველი პოლიტოლოგი, ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.
—————
საქართველოში წინსაარჩევნოდ შექმნილი სიტუაციის შესახებ სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ დღევანდელ, 7 ოქტომბრის ნომერში სათაურით „რა ელოდება საქართველოს“ (ავტორი – ანა პოლიაკოვა). პუბლიკაციაში საუბარია საპარლამენტო არჩევვნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებზე, აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად მთავარი ბრძოლა ძირითადად ორ პარტიას შორის გაიმართება – ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან ხელმძღვანელობს.
„არჩევნებში მონაწილე პარტიები ყველანაირად ცდილობენ ერთმანეთი ცოდვებში ამხილონ, ეძებენ კომპრომატებს, ემოციები ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს – ხშირია ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება პირდაპირ ტელეეთერში, სროლები წინასაარცევნო შეხვედრების დროს, ბოლო დროს კი ავტომანქანების აფეთქებებიც დაიწყეს… რა ელოდება საქართველოს? ეს კითხვა დღეს აქტუალურია“, – წერს ავტორი (წყარო: http://www.redstar.ru/index.php/component/k2/item/30698-chto-zhe-zhdjot-gruziyu).
«Die Presse» (ავსტრია), 07 ოქტომბერი, 2016 წელი
http://diepresse.com/home/politik/aussenpolitik/5097073/Das-Schattenboxen-zweier-starker-Maenner
საქართველო: ძლიერთა ორთაბრძოლა
საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაცია მწვავდება, ქართველებში განხეთქილებაა; ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს გაიმარჯვა, დღეს ბრძოლაში კვლავ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობას“ იწვევს
“საქართველოში ამჟამად მიმდინარე წინაარჩევნო კამპანიაში ძირითადად ორი ფიგურა დომინირებს, მაგრამ არცერთი უშუალოდ თვითონ არჩევნებში არ მონაწილეობს: ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. პირველი მილიარდერია, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაამაარსებელი, რომელიც ჯერ პრემიერ-მინისტრი იყო, შემდეგ კი გადადგა, მეორე კი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, 2012 წლის არჩევნებში დამარცხებული პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომელიც დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია. მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღძრული პრეზიდენტობის დროს ჩადენილი დანაშაულებათა გამო და ამიტომ სამშობლოში ჩასვლას ვერ ბედავს – დააპატიმრებენ“ – წერს ჟურნალისტი იუტა ზომერბაუერი ავსტრიის გაზეთ „დი პრესე“-ში.
როგორც სტატიაშია აღნიშნულია, ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა გააგრძელა. მართალია, დაპირებებიდან მაინცდამაინც ბევრი რამ არ შესრულებულა, მაგრამ მთავრობის აქტივებში უნდა ჩაიწეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გამოცოცხლება კონფლიქტის ესკალაციის გარეშე. რამდენიმე თვის წინ 2012 წლიდან არსებული მმართველი კოალიცია დაიშალა, დღეს პარტია „ქართული ოცნება“ თვითონ აგრძელებს ბრძოლას და ყოფილ მოკავშირეებს აშკარად წინ უსწრებს. თუმცა, რადგანაც სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებდა, რომ „ოცნების“ რეიტინგი ეცემოდა, ბიძინა ივანიშვილი თვითონ ჩაება კამპანიაში პარტიის ავტორიტეტის ამაღლების მიზნით: იგი ქვეყნის ყველა რეგიონში ჩადიოდა და ადგილობრივ ჟურნალისტებს ხვდებოდა. მისის ინტერვიუები ტელეეთერში გადაიცემოდა. ასეთია ბიძინა ივანიშვილის როლი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
რას აკეთებდა ამ დროს მიხეილ სააკაშვილი? იგი საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ვიდეომიმართვებით ესაუბრება. მიხოს ამბიციებში არამარტო საქართველო, არამედ უკრაინაც შედის – მას ორივეგან სურს წარმატების მიღწევა, მაგრამ რადგანაც უკრაინაში მისი პარტიული პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მეტ იმედებს საქართველოზე ამყარებს. განსხვავება ისაა, რომ მიხოს საქართველოში ძალადობრივი პროექტის განხორციელება სურს: ქართულმა ტელეკომპანიებმა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ სატელეფონო ჩანაწერი აჩვენეს, რომლის თანახმად, თუ არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ დამარცხდება, იგი არ გამორიცხავს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის იმედები ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე, როგორც ჩანს, ილუზორულია. თუმცა მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი ასე არ თვლის – იგი დეპუტატობის კანდიდატია და აქტიურადაა ჩაბმული წინასაარჩევნო კამპანიაში.
არჩევნების წინ პოლიტიკური სიტუაცია მწვავდება, ნერვიულობა მატულობს: თუ ბოლო დრომდე კამპანია მეტ-ნაკლებად მშვიდად მიდიოდა, ბოლო დროს პარტიებისა და მათი ლიდერების განცხადებების ტონი აშკარად გაუხეშდა, გახშირდა ცემა-ტყეპა, ხოლო ერთ-ერთი წინასაარცევნო შეხვედრის დროს, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის მომხრეები ატარებდნენ, სროლაც გაისმა. უფრო მეტიც – ორი დღის წინ „ნაცმოძრაობის“ აქტიური წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. იგი თვითონ გადარჩა, მაგრამ რამდენიმე გამვლელი დასავდა, დაზიანდა შენობები… მოკლედ, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული შეთანხმება, რომელიც წინასაარჩევნო წყნარ გარემოსა და გამჭვირვალე სიტუაციას ითვალისწინებდა, ვერ განხორციელდა“, – წერს ავტორი.
მასალაში განხილულია სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებიც. მასში აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომლებთაც ვერ განუსაზღვრაცთ, თუ ვის მისცენ ხმა. „პარტიული დაპირისპირების ლანდშაფტისა და სოციოლოგიური გამოკითხვების აშკარა სხვადასხვაობის გათვალისწინებით, ჯერ-ჯერობით იმის მტკიცედ თქმა, თუ ვინ იქნება გამარჯვებული ორ ძირითად პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, თუმცა რეალურად შეიმჩნევა, რომ მეტი და აშკარა უპირატესობა მაინც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ყოველ სემთხვევაში, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქართველოში არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა შეიქმნას.
არჩევნები საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ტარდება. რუსეთში არსებული კრიზისი საქართველოზეც ახდენს თავის უარყოფით გავლენას. ადრე რუსეტში მყოფი ქართული დიასპორა სამშობლოში საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას აგზავნიდა, ახლა კი მათი მოცულობა შემცირებულია. გარდა ამისა, მოსახლეობაში შეინიშნება ევროკავშირისადმი გარკვეული იმედგაცრუებაც: ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირმა ძალიან გააჭიანურა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, – აღნიშნავს ავტორი.