globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტების კომენტარები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ: „ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე უნდა გადგნენ“

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო არჩევნების მეორე რაუნდისათვის ემზადება

«Санкт-Петербургские ведомости» (რუსეთი): „ქართული ოცნებები“ ჯერ არ გამქრალა

«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თანამოზრეებთან უთანხმოება აქვს // „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიცოცხლისუნარიანობაზე გამოცდას აბარებს

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ოპოზიცია უკმაყოფილოა // საქართველოს ხელისუფლებას უკანონო მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-elex-ny-evaluations/3548697.html

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-elections-reacts/3547909.html

ამერიკელი ექსპერტების კომენტარები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ: „ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე უნდა გადგნენ“

თეა თუაშვილი, ია მეურმიშვილი

ამერიკელი ექსპერტები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევენების შედეგებზე პირველ შეფასებებს აკეთებენ. “ქართული ოცნების” ყოფილი მრჩეველი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგი ლინკოლნ მიტჩელი და კოლუმბიის ბერნარის კოლეჯის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტებს ნიუ-იორკში ესაუბრნენ.

ამერიკელი პოლიტოლოგები, რომლებიც წლებია საქართველოში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ შეფასებებს საარჩევნო პროცესზე საუბრით იწყებენ. ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები, ალექსანდრ ქულის აზრით კი არჩევნები ნორმალურად ჩატარდა.

ლინკოლნ მიტჩელი: ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. ვგულისხმობ ძალადობის შემთხვევებს საარჩევნო უბნებზე, იმ აუხსნელ მოვლენებს, რომლებიც იქ მოხდა. თუმცა უკეთესი არჩევნები იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ და უფრო ადრე. შედეგებს რაც შეეხება – საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, უკეთესი მმართველობა იქნებოდა, თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც“.

ალექსანდრ ქული: მთლიანობაში, ჩემთვის არჩევნები მეტნაკლებად ნორმალურად ჩატარდა. რა თქმა უნდა, უკეთესადაც შეიძლებოდა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მთლიანობაში არჩევნები თავისუფლად და გაყალბების გარეშე ჩატარდა. იყო სირთულეები ადგილებზე. შედეგს რაც შეეხება, ეს ჩემთვის შოკი არ ყოფილა“.

როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო პროცესში მმართველი გუნდი ამომრჩევლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი მხარდამჭერებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ისევ კიევშია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი გაქრობის ნაცვლად ამომრჩეველთა ხმების 27.1 %-ით არჩევნებში გამარჯვებული ძირითადი ოპოზიციური ძალაა.

ალექსანდ ქული: სუპერ უმრავლესობით შესვლა პარლამენტში-ეს ახალი გამოწვევაა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე ძალიან მაღალი იყო პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია. იყო მოწოდებებიც, რომ გაყალბდა არჩევნები, მოიპარეს ხმები. თუმცა საბოლოოდ ეს მთავარი უკვე აღარ არის. ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებზე
მმართველი პარტიის მიერ მოპოვებული 48 % პარტიის სისუსტეს არ ნიშნავს და დემოკრატიული სტანდარტებით ძლიერ მაჩვენებლად აღიქმება.ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ საკმაოდ დარწმუნებული იყო გამარჯვებაში და ასე წარსდგა ხალხის წინაშეც. იყო მოწოდებები რეჟიმის ცვლილებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ახალი რეალობის შექნაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ მიიღეს 20% მეტი მაჩვენელი და მთავარ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდნენ არსებულ სივრცეში. ეს მართალაც კარგი შედეგი იყონაციონალური მოძრაობისთვისიმ ფონზე როდესაც ქართული ოცნება აცხადებდა, რომ მათ გააქრობდა ქართული პოლიტიკიდან“.

ლინკოლნ მიტჩელი: ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულთავისუფალ დემოკრატებსდარესპუბლიკელებსბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში. მართალია, აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემააყველას უნდა, რომ მეფე იყოს, თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე“.

ქვეყნის პარლამენტში, რომელიც ბოლო ოცი წელია დასავლეთის მოკავშირეა და ცოტა ხნის წინ, ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა, პირველად პრორუსული ძალა ექვს მანდატს იღებს. რამდენად უცნაურია ეს ქვეყნისთვის, რომლის სამხედრო პარტნიორი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია და რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ლინკოლნ მიტჩელი: საქართველოში არის ხალხი რომელსაც არ მოსწონს ნატოს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. “პატრიოტთა ალიანსსპარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალანაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა, ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეძლებდნენ. შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ესქართული ოცნებისწინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კიქართული ოცნებასაკუთარ ამომრჩეველს აშინებდა“.

ალექსანდრე ქული: ვფიქრობ რომ საქართველოში გაჩნდა კრიტიკული განწყობა დასავლეთის მიმართ გართულებული ვიზა-ლიბერალიზაცის პროცესის გამო, რაც წესით ბენეფიტი უნდა ყოფილიყო ქვეყნისთვის, რომელიც დასავლეთის წევრობისთვის მზად არის. არის სკეპტიციზმი ნატოს მიმართაც წევრობასთან დაკავშირებით. პრორუსული პარტიისთვის 5% ბარიერის გადალახვა არ ნიშნავს რუსეთის ისტორიულ გამარჯვებას და რუსეთის მხარდაჭერას ან იმას რომ მოსახლეობის 99% მხარს რუსეთს უჭერს. რათქმაუნდა რუსეთში უხარიათ, რომ იქ თავიანთი იდეების გამხმოვანებელი ეყოლებათ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს ამერიკისთვის, სადაც არ ფიქრობენ რომ ეს საფრთხის შემცველია და რაიმე დიდი გავლენა ექნებათ პოლიტიკურ პროცესებზე და ქვეყნის ორიენტაციაზე“.

ლინკოლნ მიტჩელს უტოპიურად მიაჩნია “ქართული ოცნების” დეპუტატის გოა ვოლსკის განცხადება, რომ პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა მიეცეს. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარგი დასაწყისი აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – ამბობს ალექსანდრ ქული. “ამერიკის ხმის” კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა მას კანდიდატად კვლავ მიხეილ სააკაშვილი, ალექსანდ ქული პასუხობს:

ალექსანდრ ქული: „საქართველოში არ სურთ ახალი რევოლუცია და რეჟიმის შეცვლა. საქართველოს სურს სტაბილურობა, პლურალიზმი, ტოლერანტობა, წყნარი და ნორმალური ცხოვრება. ეს ყველაფერი კი მიშას მმართველობის სტილთან არ ასოცირდება“.

—————

ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ არჩევნები არის პროცესი და არა ერთი მოვლენა. ამიტომ, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მის დემოკრატიულად ჩატარებაზე ყოველთვის უნდა იზრუნოს. „იმის გამო, რომ ვერც ერთმა პარტიამ ხმების 51 პროცენტი ვერ მიიღო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეორე ტური ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ გააგრძელოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის პატივისცემა და გააცნობიეროს, რომ ყველას აქვს მეორე ტურის სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების უფლება“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ. მან დასძინა, რომ ჩვეულებრივ, ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებას თავს არიდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურს „არჩევნები წარმატება“ აღნიშნოს. თუმცა მისივე თქმით, „პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ ისევ არის იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებს საფრთხე შეექმნას“.

ლუკ კოფი ასევე ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ პარლამენტში ზოგიერთ პროდასავლური პარტია, მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ შევიდნენ, გულდასაწყვეტია, თუმცა მიაჩნია, რომ ამით ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე არ მიადგება.

„ეს სამწუხაროა, რადგან ისინი გამოკვეთილად პრო-დასავლური ძალებია. მაგრამ მთავრობაში ბევრი ადამიანია დასავლეთისკენ ორიენტირებული. ქვეყნის პრო-დასავლურობას მხოლოდ მთავრობა და პარლამენტი არ საზღვრავს. ეს მთლიანობაში – ქართველ ხალხს სურს – ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს წრეებს“, – აღნიშნა ლუკ კოფიმ.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კოფის შეხედულებას ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო პრო-დასავლურ განვითარებას გააგრძელებს. „ვისურვებდი, რომ ეს ორი პარტია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ [მათი პარლამენტს გარეთ დარჩენის მიუხედავად] ქვეყნის ტრაექტორია, ვფიქრობ, უცვლელი დარჩება“, – თქვა ყოფილმა ელჩმა.

გარდა იმისა, რომ საქართველო დასავლეთისკენ სვლას გააგრძელებს, ლუკ კოფის ასევე სჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა ნატოსთან უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება. „ნატოს შიგნით არ არის თანხმობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია. ამ გამოწვევის გადასალახად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კომპრომისი ის არის, რომ ყოველი სამიტის შემდეგ, ყოველ კომუნიკეში ალიანსი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროგრესი მომდევნო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული“. ლუკ კოფის თქმით, მომდევნო სამიტზე ნატოს მოუწევს საქართველოსთან განსხვავებულ, უფრო ახლო ურთიერთობაზე გადავიდეს.

არჩევნების დადებითი შეფასების მიუხედავად, კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ ქვეყნის ორ უდიდეს პოლიტიკურ ძალას – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის იდენტური გამოწვევა აქვს გადასალახი. „საქართველოს ეფექტური პრემიერ-მინისტრი და კარგი პრეზიდენტი ჰყავს. ვისურვებდი, რომ დამთავრდეს მესიების პერიოდი. კარგი იქნება, რომ გადავაბიჯოთ პერიოდს, როცა ორივე მხარეს მყოფი „სიცოცხლეზე დიდი“ ადამიანების გავლენა ჯერ ისევ იგრძნობა“, – თქვა კენეტ იალოვიცმა.

„ვისურვებდი, რომ გადავიდეთ მოწესრიგებულ, გამჭვირვალე და ჩვეულებრივი მმართველობის სისტემაზე, სადაც არჩეულ ადამიანებს სისტემატურად არ სჭირდებათ გვერდზე ყურება და ვიღაცა სხვისგან მითითებების მიღება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე გადგნენ“, – განაცხადა კენეტ იალოვიცმა. მისი თქმთ, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ასე ხდება – „არჩევნებში წაგებული ადამიანები ჩამავალი მზის სხივების ფონზე უჩინარდებიან. ვისურვებდი ეს საქართველოშიც მოხდეს. ვისურვებდი, რომ ქართული ოცნების მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა და განახორციერლოს საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ქვეყნის დასაწინაურებლად“, – თქვა ყოფილმა ელჩმა.

ექსპერტები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში, პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა და ეს არჩევნები საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიული არჩევნების სიას დაემატება. თუმცა ისინი მეორე ტურისთვის პოლიტიკურ ძალებს დემოკრატიული პროცესების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 14 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/features-37639174

საქართველო არჩევნების მეორე რაუნდისათვის ემზადება

სტატიაში ვრცლადაა მიმოხილული საქართველოში ჩატარებული პარლამენტის არჩევნების შედეგები, მმართველი (გამარჯვებული) – „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური (დამარცხებული) პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებები, შეფასებები, კომენტარები და ა.შ. (ავტორი – ნინა ახმეტელი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, გარკვეული შიდაპარტიული უთანხმოების მიუხედავად, „ნაციონალებმა“ გადაწყვიტეს უარი თქვან პარლამენტში შესვლის ბოიკოტზე და მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა არჩევნების მეორე ტურში. „რასაკვირველია, არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ბევრი უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც „ნაციონალებს“ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. მან ოდესიდან თბილისელი თანამოაზრეების გასაგონად განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვსო, თუმცა თბილისიდან ოდესელ მიხოს უპასუხეს, რომ „ნაცმოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალი“ კანდიდატები მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებენ, რადგან მათ ამის რესურსი აღარ აქვთ.

სტატიაში ნათქვამია, მედასავლეთე „რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები“, პარლამენტში ვერ მოხვდნენ, რამაც ლიდერებზე მეტად მტკივნეული გავლენა მოახდინა. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ ცნობილი წარმომადგენლები, თვით პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას ჩათვლით, პოლიტიკიდან წავიდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალებს“, ზოგიერთი ქართველი ექსპერტის აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მდგომარეობა გაიმყარა: „მათთვის შედეგები მაინცდამაინც ისეთი სატირალი არ აღმოჩნდა, როგორც „მეოცნებეები“ წინასწარმეტყველებდნენ. „ნაცმოძრაობა“ არამარტო არ წავიდა პოლიტიკური არენიდან, არამედ ამ პარტიამ მხარდამჭერები გაიმრავლა. მეორე ტურში მათ აქვთ შესაძლებლობა სხვა პარტიების ელექტორატი მიიმხრონ. „ნაციონალებს“ რეალური ტრანსფორმაცია შეუძლიათ“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში ექსპერტი გიორგი გობრონიძე. თვითონ „ნაციონალებსაც“ იმედი აქვთ, რომ მათ მეორე ტურში მხარს არამარტო ტრადიციული თანამოაზრეები დაუჭერენ, არამედ ისინიც, ვინც „მეოცნებეთა“ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ქვეყნისათვის რისკებს ხედავენ“.

ამასთან დაკავშირებით „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ესაუბრება კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს. მისი თქმით, დღეს აშკარად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ანუ მაჟორიტართა კანდიდატების არცევნების მეორე ტურის შედეგად „მეოცნებეები“ 150-დან 113 მანდატს მიიღებენ: „ასეთი სიტუაცია მაცდურია – ჯერ ერთი, რომ შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუცია შეცვალოს და უკონტროლო ძალა გახდეს. მით უმეტეს, რომ საქართველო უნიტარული ქვეყანაა და ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აბალანსებს, ისინი სუსტნი არიან… მეორე პრობლემა ისაა, რომ ჩვენი პარლამენტი ერთპალატიანია, რაც პოლიტიკურ მრავალფეროვნებას გამორიცხავს. საერთოდ კი, საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა საკმაოდ პრობლემატურია, რადგან ამ სისტემით არჩეული საკანონმდებლო ორგანო ამომრჩეველთა რეალურ განწყობა-სურვილებს არ ასახავს“. „ჩვენთან რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემა იყოს, „ქართული ოცნება“ არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა, არამედ დამოუკიდებლად მთავრობასაც ვერ ჩამოაყალიბებდა“, – ამბობს ვახუშტი მენაბდე.

«Санкт-Петербургские ведомости» (რუსეთი), 14 ოქტომბერი, 2016 წელი

http://spbvedomosti.ru/news/politika/_gruzinskaya_nbsp_mechta_eshche_nbsp_ne_nbsp_isparilas/

„ქართული ოცნებები“ ჯერ არ გამქრალა

„საქართველოში რვა ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგები მოწმობს, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში გაბატონებული პოზიციები შეინარჩუნა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რუსლან კოსტიუკი). მასში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემულ-განხილული არჩევნების პროცესი და შედეგები, პოლიტიკოსთა განცხადებები,   აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, საგარეოპოლიტიკური კურსი და ა.შ.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

„დღეს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ, საეჭვოა, რომ რომელიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას პრობლემები არ ჰქონდეს. უამრავი პრობლემა აქვს თანამედროვე საქართველოსაც. წინასაარჩევნო სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქართველებს აღელვებთ უმუშევრობის მაღალი დონე, ხელფასების სიმცირე, ფასების ზრდა, კომუნალური გადასახადების მატება და სხვა ბევრი საკითხი. ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ 1990-იან წლებიდან მოდის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისა მმართველობის დროს გამწვავდა (…)

სწორი არ იქნებოდა იმის თქმა, რომ ოთხი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების’ მთავრობა გულხელდაკრეფილი იჯდა და არაფერს აკეთებდა. მართალია, ბევრი რამ ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგრამ ხელისუფლება ცდილობდა სისტემური კრიზისიდან მეტ-ნაკლებად ღირსეულად გამოსულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა სტაბილურია, შეწყდა მემარჯვენე „ნაციონალების“ დროს დაწყებული საწარმოების დახურვა-გაუქმების პროცესი, ბიზნესი გათავისუფლებულია „პოლიტიკური ზრუნვისაგან“ (როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო), ნორმალური გახდა გადასახადები, რის შედეგადაც საშუალო და მცირე ბიზნესი ვითარდება… მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული „სოციალურ ფრონტზეც“ – განხორციელდა ჯანდაცვის რეფორმა, დაკანონდა სამედიცინო დაზღვევა… მოკლედ, ქვეყნის ხელისუფლება სოციალურ-ლიბერალური პოლიტიკის კურსს ატარებს.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, აშკარად ჩანს, რომ არჩევნების შემდეგ პროდასავლური ვექტორი შენარჩუნდება. ისიც შესამჩნევია, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა უფრო ნაკლებად პოლიტიზებული და უფრო მეტად პრაგმატული გახდა, ვიდრე ეს „ნაციონალებისა“ და მიხეილ სააკაშვილის პერიოდში იყო. დიდი ყურადღება ექცევა როგორც დასავლურ სამყაროსთან – აშშ-სთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობას, ასევე მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ-სატრანსპორტო სფეროში (ნავთობ-გაზსადენების, რკინიგზების მშენებლობა…).

ამ ფონზე დიდ სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ჯერ კიდევ არაა აღდგენილი სრულფასოვანი კავშირები, დიპლომატიური ურთიერთობის ჩათვლით – ჩვენ ხალხებს ხომ ერთმანეთთან ისტორიულად ბევრი რამ საერთო აქვთ. რასაკვირველია, „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი მდგომარეობა წინამორბედი „ნაციონალური“ ხელისუფლებისაგან მიიღო. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამას წინათ განაცხადა, „თბილის-მოსკოვის ურთიერთობა ღრმა წაყინვის პროცესიდან ნელ-ნელა გამოდისო“.

ცხადია, ყველაზე მძიმე თემა, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, ესაა აგხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი. ამ ფონზე გასაგებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაც, რომლის თანახმად, „სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მანამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი ზედმეტია“. თუმცა ამ მიმართებით ერთი სასიკეთო მომენტი მაინც ჩანს: დღეს თბილისი მტკიცედ აცხადებს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით უნდა მოგვარდესო.

შედარებით უფრო უკეთესი მდგომარეობაა ეკონომიკური კავშირების სფეროში: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, საქართველო-რუსეთის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებეში პოზიტიური ტენდენცია შეიმჩნევა -  მატულობს საქონელბრუნვის მოცულობა. მნიშვნელოვანი წარმატებებია კულტურის სფეროშიც, იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებთაც გული საქართველოსკენ მიუწევთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პოზიტიური პროცესები გაგრძელდება“.

«Независимая газета» (რუსეთი), 14 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-10-14/7_saakashvili.html

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ თანამოზრეებთან უთანხმოება აქვს

„ერთიანი ნაცმოძრაობა“ სიცოცხლისუნარიანობაზე გამოცდას აბარებს

„ქართველმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ პირების დაკავება დაიწყეს, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების დროს რამდენიმე საარჩევნო ოლქში (ყიზილაჯლოსა და ჯიხაშკარში)  დარბევები მოაწყეს. აქ არჩევნები პროპორციული სისტემით განმეორებით ჩატარდება, თუმცა სავარაუდო შედგები საბოლოო სურათზე, პრინციპში, რაიმე გავლენას მაინც ვეღარ მოახდენს’, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

ავტორი მკითხველს აცნობს მარნეულის რაიონის დასახლებულ პუნქტებში მომხდარი ინციდენტის მიზეზებს, გამოხმაურებებს და ა.შ. სტატიაში ყურადღება ეთმობა საერთაშორისო დამკვირვებლების საერთო შეფასებას, რომლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, რაც ქვეყნის ხელისუფლების და საზოგადოების დამსახურებაა. ავტორი ეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის შუქ-ჩრდილებს და აღნიშნავს: „თუ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ, მაშინ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ქართველ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი სცენარის რეალიზება საფრთხეს შეიცავს: იმიტომ, რომ არამარტო პარტიის, არამედ მთლიანად საქართველოს არაფორმალურ ლიდერად კვლავ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი რჩება, რომელიც ამომრჩეველს არ ექვემდებარება და მხოლოდ საკუთარი სინდისის წინაშეა პასუხისმგებელი.

რასაკვირველია, სიტუაცია უფრო მძიმე იქნებოდა, თუ ოპოზიური „ნაცმოძრაობა“ ოდესიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ შეგონებებს დაუჯერებდა და პარლამეტში შესვლაზე, ან მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს იტყოდა. არადა, როგორ ბაქი-ბუქობდა… ოდესელი მიხო თბილისელ თანამოაზრეებს უკრაინიდან ჭკუას ასწავლიდა ადა არიგებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. „ნაცმოძრაობა“ მიხოს გზავნილებმა ორ ბანაკად გაჰყო: ნაწილმა მხარი ექს-პრეზიდენტს დაუჭირა, უფრო მეტი კი თბილისელ ლიდერს – გიგა ბოკერიას მიემხრო. საერთოდ კი, მიხეილ სააკაშვილის აგრესიულმა და თავშეუკავებელმა განცხადებებმა „ნაციონალთა“ ნაწილი და მათთან იდეურად ახლოს მდგომი ამომრჩევლები დააფრთხო, მაგრამ პარტია მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ მაინც ვერ მოიკვეთს, რადგან თუ მას მოიკვეთენ, ამით პარტია კი არ განახლდება, არამედ მისი აღსასრული მოახლოვდება.

მოკლედ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა. პარტიის პირველი პირების ერთმანეთთან დაპირისპირება, რიგითი წევრების არასასიამოვნო ფსიქოლოგიური განწყობის ფონზე, მძიმედ გადასატანია და ბევრი ორგანიზაციისათვის სიკეთე არ მოუტანია, – ნათქვამია სტატიაში.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ოპოზიცია უკმაყოფილოა

საქართველოს ხელისუფლებას უკანონო მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს  ბაქოს (აზერბაიჯანი) რუსულენოვანი გაზეთი „კასპიი“. მასში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოპოზიცია უკმაყოფილოა“ (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი დგება: მიმდინარეობს შედეგების გაანალიზება, პარტიების ერთმანეთთან დავა-კამათი, დისკუსია და პოლიტიკური პერსპექტივის გააზრება“, – წერს ავტორი და მკითხველს აცნობს როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების დადებით შეფასებას არჩევნების მიმართ, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიტიურ რეაქციას.

ბუნებრივია, აზერბაიჯანის გაზეთი ყურადღებას უთმობს აგრეთვე ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულის რაიონში მომხდარ ინციდენტს. ავტორი სარგებლობს პოლიტექსპერტ გელა ვასაძის ფეისბუქ-სტატუსს (როგორც ცნობილია, გელა ვასაძე „ნაცმოძრაობისადმი“ სიმპათიებითაა გამსჭვალული – ს.კ.), რომელშიც იგი უკანონო სპეცოპერაციის განხორციელებაში ხელისუფლებას და მმართველ პარტიას ადანაშაულებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტიც არ ისვენებს და ოდესიდან დირექტივებს იძლევა, თუ რა უნდა გააკეთოს პარტიამ პერსპექტივაში.

„მოკლედ, ყველა ნიშნის მიხედვით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე სიტუაცია მეტ-ნაკლებად დაძაბული იქნება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიები დარჩენილ დროს ერთმანეთის მიმართ პროვოკაციების მოწყობას მოანდომებენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed