«Российские вести» (რუსეთი): „ქართული ოცნების“ გამარჯვება // საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ქართველები ბედს საზღვარგარეთ ეძებენ
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აჭარის არჩევნებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო
«Die Welt» (გერმანია): მოგზაურობა ღვინის სამშობლოში // საქართველოში, კახეთში მევენახეობასა და მეღვინეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ
———————-
«Российские вести» (რუსეთი), 17 ოქტომბერი, 2016 წელი
http://rosvesty.ru/2187/za-rubezhom/10443-gruzinskaya-mechta/
„ქართული ოცნების“ გამარჯვება
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის, ქართველები ბედს საზღვარგარეთ ეძებენ
სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები: ნაჩვენებია, თუ რომელმა პარტიამ (ბლოკმა) რამდენი ხმა მიიღო, როგორი იქნება, წინასწარი მონაცემებით, პოლიტიკურ ძალთა სავარაუდო განლაგება საკანონმდებლო ორგანოში და ა.შ. (ავტორი – იური დმიტრიევი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ელექტორატის მონაწილეობა არჩევნებში საკმაოდ დაბალი იყო და თუ მას წინა მონაცემებს შევადარებთ, მნიშვნელოვნადაა შემცირებულია – 59%-დან (2012 წელს) 51%-მდე (2016 წელს).
„არჩევნების შედეგებში მთავრიუ სიურპრიზი ისაა, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ადრე, 2012 წლის არჩევნებში კოალიციის ოთხ წევრთან ერთად მონაწილეობდა, ამჯერად ცალკე სუბიექტის სახით მიიღო მონაწილეობა, თანაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე და მაინც შთამბეჭდავად გაიმარჯვა – თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაციონალებმა“ თავიანთი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს – მათ 2012 წლიდან განვლილ ოთხ წელიწადში თითქმის 400 ათასი ხმა დაკარგეს“, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი იმოწმებს ექსპერტების მოსაზრებებს და წერს, რომ რვა ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე იქნება ისეთი პარტია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ საგარეოპოლიტიკურ კურსთან შედარებით, უპირატესობას რუსეთთან ურთიერთობას ანიჭებს. „თუმცა, რასაკვირველია, თბილისის პროდასავლური კურსი სერიოზულად არ შეიცვლება – საქართველო უკვე საკმაოდ მჭიდროდაა ინტეგრირებული დასავლეთთან: გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, თბილისში მოქმედებს ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი… ასე რომ, რუსეთის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოსალოდნელი არ არის“.
„ამასთან, ქვეყნის ახალ ხელისუფლებას წინ სერიოზული პრობლემები ელოდება: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელო არ არის: ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი, ბოლო ოთხ წელიწადში 80%-ით გაუფასურდა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა კი 2012 წლის 16 მილიარდი დოლარიდან 2016 წელს 13,8 მილიარდამდე დაეცა. ამ საკმაოდ არასასიამოვნო ფონზე კვლავ მატულობს ემიგრაციის ნაკადი – მოსახლეობა, ძირითადად ახალგაზრდობა, თავის ბედს საზღვარგარეთ ეძებს“, – ხაზგასმულია სტატიაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-official-results-of-ajara-elections/3554667.html
აჭარის არჩევნებიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო
ზაზა წულაძე
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, დამაჯერებლად მოიგო, პარალელურად გამართული – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. ავტონომიური რესპუბლიკაში სულ 308 506 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან არჩევნებზე, მხოლოდ 52% ანუ 163 348 მოქალაქე მივიდა.
წინასწარი მონაცემებით, რომელიც აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 45,1% მიიღო, ანუ – 71036 ხმა. მეორე ადგილზე, აქაც „ნაციონალური მოძრაობაა“ – 29,6% ანუ 46 624 ხმა.
მესამე შედეგი მოულოდნელად, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ აჩვენა. მათ აჭარაში 9266 ხმა აიღეს და 5,9%-ით საარჩევნო ბარიერი გადალახეს. კიდევ ერთი პარტია, რომელმაც აჭარის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძლო – „პატრიოტთა ალიანსია“, დავით თარხან-მოურავის პარტიამ 8979 ხმას – 5,7%-ს მოუყარა თავი.
აჭარის უმაღლესი საბჭო 21 დეპუტატისგან შედგება, აქედან პროპორციული წესით, 15 დეპუტატი აირჩევა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის იურისტი ფრიდონ ბათნიძე განმარტავს, როგორ დაკომპლექტდება აჭარის მომავალი პარლამენტი:
„ჩვენი კანონმდებლობით, 5% ბარიერ გადალახული პარტიის მიერ მიღებული ხმა მრავლდება 15-ზე და იყოფა 5% ბარიერ გადალახული პარტიების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მოცემული ფორმულიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აჭარის მომავალ უმაღლესი საბჭოში ეყოლება – 8 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს კი თითო დეპუტატი“.
წინასწარი ინფორმაციით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება და ყველგან, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
აღსანიშნავია, ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქი, სადაც მოქმედი და ყოფილი მინისტრები გაარკვევენ ურთიერთობას. აქ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის (11191 ხმა პირველ ტურში) მოწინააღმდეგე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი გია აბულაძე იქნება (7453 ხმა).
ბათუმის 69-ე ოლქში კი პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძეს (10378 ხმა) მეტოქეობას, ბათუმის თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის გენერალური მდივანი ნინო ჯინჭარაძე (6532 ხმა) გაუწევს. მეორე ტური, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება.
პარლამენტის წევრმა, რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა პირველ ტურში, 69-ე საარჩევნო ოლქში, მხოლოდ 843 ხმა მიიღო, რესპუბლიკურმა პარტიამ კი აჭარის პროპორციულ არჩევნებში მხოლოდ – 2362 ხმა, 1,5% დააგროვა. რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი გია მასალკინი მარცხის მიზეზებს ასე ხსნის.
„ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის ამომრჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე. 50% მოსახლეობისა, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე, ასევე არის პასუხისმგებელი, იმაზე თუ როგორ განლაგდა პოლიტიკური ძალები, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლესს საბჭოში. მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან ცუდი განლაგება საქართველოს მომავლისთვის“.
აჭარის წინა მოწვევის 2012-2016 წლების, უმაღლესს საბჭოში, თავდაპირველად მანდატები, არჩევნების გზით, ორ პოლიტიკურ ძალას კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ (13) და „ნაციონალურ მოძრაობას“ (8) ჰქონდა გადანაწილებული. თუმცა, 2014 წლიდან, კოალიციის ჩამოშლის პროცესის დაწყების შემდეგ, „ქართულ ოცნებამ“ აჭარის უმაღლესს საბჭოში უმრავლესობა დაკარგა.
აჭარის უმაღლესს საბჭოში ამ დროისთვის გასული დეპუტატები:
ქართული ოცნება – 8 (პროპორციული სიით):
1. ნუგზარ სურმანიძე, 2. დავით გაბაიძე, 3. ირაკლი ჭეიშვილი, 4. ცოტნე ანანიძე, 5. დავით თედორაძე, 6. ვლადიმერ მგალობლიშვილი, 7. დავით ბაციკაძე, 8. ნინო ჩხეტია;
„ნაციონალური მოძრაობა” – 5 (პროპორციული სიით):
1. ლევან ვარშალომიძე, 2. პეტრე ზამბახიძე, 3. გია აბულაძე, 4. გიორგი დიასამიძე, 5. ელგუჯა ბაგრატიონი;
„დემოკრატიული მოძრაობა“ -1 (პროპორციული სიით):
1. გიორგი ცინცქილაძე;
„პატრიოტთა ალიანსი“ -1 (პროპორციული სიით):
- დავით თარხან- მოურავი.
«Die Welt» (გერმანია), 18 ოქტომბერი, 2016 წელი
https://www.welt.de/print/die_welt/reise/article158777605/Die-Urheimat-des-Weins.html
მოგზაურობა ღვინის სამშობლოში
საქართველოში, კახეთში მევენახეობასა და მეღვინეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ. აქაური ღვინო ტრადიციული წესით მზადდება – მიწაში ჩაფლულ თიხის დიდ ჭურჭლებში – ქვევრებში
სტატიაში ეხება საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების თემას: გადმოცემულია კახეთში ღვინის წარმოების წესები, დახასიათებულია სხვადასხვა მარკის ქართული ღვინოები, ქართული სუფრის ტრადიციებიდა ა.შ. (ავტორი – ლოტემი დორმანი).
პუბლიკაციაში მკითხველი ეცნობა რამდენიმე ქართველი ინდმეწარმის საქმიანობას. გთავაზობთ ფრაგმენტებს სტატიიდან:
„მალხაზ ტატელიშვილის ოჯახის მყუდრო პანსიონი თელავის – კახეთის მთავარი ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. ქართველები გულწრფელი სიხარულით და ხელგაშლილად გვეგებებიან გერმანელ სტუმრებს: მალხაზი სადღეგრძელოს ამბობს: „მოდით, თქვენ და ამ ოჯახს გაუმარჯოს, რომელიც თქვენი მასპინძელია, რომლის ჭერქვეშ დღეს თქვენ იმყოფებით“ (აღწერილი ქართული სუფრა, ღვინის ამოღება ქვევრიდან კერძები…).
„გურჯაანის ღვინის სახლში ფერმერი გიორგი ალიაშვილი გვიხსნის, თუ როგორ იწურება ხალხური წესით ყურძენი და როგორ მზადდება ღვინო. იქვე ხის დიდი საწნახელი დგას. „ჩვენ ყურძენს ამ საწნახელში ვყრით და ფეხებით ვწურავთ, მიღებული წვენი კი ისხმება ქვევრში – თიხის დიდ ჭურჭლებში, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში დუღს, საბოლოოდ კი არომატულ სასმელს ვღებულობთ“.
„კახეთში ალაზნის ხეობა, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარი რეგიონია, გომბორისა და კავკასიის ქედებს შორის მდებარეობს. აქაური მიკროკლიმატი ყურძნის მრავალი ჯიშის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ღვინის წარმოებას საქართველოში ათასწლოვანი ისტორია აქვს, თითქმის 80 საუკუნე. კახეთი მეღვინეობის აკვანია“.
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ქვემო ალვანში სხვადასხვა ქართველი მეღვინესთან შეხვედრის ამსახველი ამბები, ქართული სუფრისა და თამადის შესახებ და სხვა ფაქტები, რომლებიც გერმანელი ტურისტებისათვის ძალიან საინტერესო გამოდგა.