globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 20 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 20th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“, 20 იანვარი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა

საქართველო რიგის სამიტისაგან ევროპულ პერსპექტივაზე განცხადებას ელოდება

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

თავისუფალი ვაჭრობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, რუსეთის ქმედებები, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რეგიონის უსაფრთხოება, ტერორიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც, სპეციალისტების აზრით, რიგის სამიტზე ისაუბრებენ. მათი აზრით, ვიზალიბერალიზაციის გარდა, საქართველო სიახლეებს ჩამოთვლილი თემების კუთხითაც შეიძლება ელოდოს. მოგეხსენებათ, რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი 2015 წლის მაისში გაიმართება. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზებას მიიღებს

ექსპერტთა განმარტებით, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილს და როგორ პოლიტიკურ შეფასებას მიიღებს ქვეყანა. იმედოვნებენ, რომ საქართველოს შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე დადებითი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში საუბარი მხოლოდ ტურისტულ ვიზებზეა და იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აამოქმედებს, ამ შეღავათით სასაწავლო, ან სამუშაო ვიზების მსურველები ვერ ისარგებლებენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერი იმ რეკომენდაციებზეა დამოკიდებული, რაც სამოქმედო გეგმაშია გაწერილი. სამიტამდე ევროკავშირის შემფასებელი მისია საქართველოში კიდევ ჩამოვა“

დეტალები კი, თუ როდიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ტურისტული ვიზების გარეშე მოგზაურობას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მთავარი ამ სამიტზე ვიზალიბერალიზაციის თემაა, ექსპერტები იმ სხვა შესაძლო სარგებელზე საუბრობენ, რაც საქართველომ კონკრეტული ნაბიჯების, ან თუნდაც განცხადებების სახით შეიძლება მიიღოს.

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი თემა, რაც შეიძლება განცხადების სახით წამოიჭრას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივა იქნება. “ალბათ ესაა ის ორი ძირითადი თემა, რომელზეც მთელი აქცენტი გადატანილი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკრაინის ფონზე დაიჩრდილება და მთელი სამიტი იქითკენ იქნება მიმართული, რითი დაეხმაროს ევროპა უკრაინას. თუ უკრაინაში იგივე ვითარება შენარჩუნდა, რაც დღესაა, საქართველო და მოლდოვა შედარებით უკანა პლანზე გადავლენ”, – ამბობს ჩხიკვაძე.

კითხვაზე, „შეუქმნის თუ არა ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენები ვიზალიბერალიზაციის პროცესს საფრთხეს“, ჩხიკვაძე პასუხობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით გადაწყდება, თუ როგორ შევასრულებთ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას. ამის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ თუნდაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეთავაზებას რამე საფრთხეს არ შეუქმნის.

ვიზალიბერალიზაციის გარდა, რიგის სამიტისგან სიახლეებს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე ელის პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე და ამბობს, რომ ისაა მნიშვნელოვანი, თუ რა მოხდება ქვეყნის შიგნით და არა ის, თუ რა მოხდება ბრიუსელსა და ვაშინგტონში. თუ ჩვენთან ნორმალური ეკონომიკური რეფორმები განხორციელდება და ეკონომიკა დაიძვრება, შარაშენიძის განცხადებით, ევროპაში თავისუფალი ვაჭრობისგან ვიხეირებთ. ხოლო თუ ეს არ მოხდება, მისი თქმით, აზრი არაფერს ექნება. “თავს ნუ მოვიტყუებთ, ვაღიაროთ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დაჩქარება უკრაინის მოვლენებმა განაპირობა. ევროპას რუსეთისთვის ჭკუის სწავლება უნდოდა. ასევე ამას დღევანდელი ხელისუფლების დაჩქარებამაც შეუწყო ხელი. “წინა ხელისუფლება რაღაც-რაღაცებში მოლაპარაკებებს აგრძელებდა, უნდოდა, ევროკავშირისაგან გარკვეული დათმობები მიეღო. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი ეს არ გააკეთა. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული”, – ამბობს ექსპერტი.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი კი მიიჩნევს, რომ რიგის სამიტზე საუბარი ევროკავშირის პრობლემატიკასთან ერთად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ასპექტებზეც იქნება. ასევე, ევროპის პოზიციაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე, რეგიონში სტაბილურობის საკითხებზე, უკრაინის თემაზე, ტერორიზმზე და ა.შ. ყველა ამ საკითხს, მისი აზრით, შეეხებიან და პოზიციები საერთო განცხადებისა თუ გარკვეული დოკუმენტის სახით გამოიკვეთება.

“რაც შეეხება პროგრესს სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ძირითადი საკითხია და ამაზე განსაკუთრებით ვამახვილებთ ყურადღებას. იმედი გვაქვს, რომ პროგრესი გვექნება და ამ იმედის საფუძველს არა მხოლოდ ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება გვაძლევს, არამედ ის შეფასებები, რომლებიც ბოლო პერიოდში არაერთმა მაღალი თანამდებობის ევროპელმა გააკეთა”, – აღნიშნავს ირაკლი მენაღარიშვილი.

„რეზონანსი“, 20 იანვარი, 2015 წელი

გამოკითხვა: თქვენი აზრით, ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიდნენ თუ არა?

„განა რუსეთი დამარცხდება? ვინმეს აქვს ასეთი ილუზია საქართველოში?

ლიკა ამირანაშვილი

(შემოკლებით)

“რეზონანსმა” საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს ასეთი კითხვით მიმართა: „თქვენი აზრით, ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად უნდა წავიდნენ თუ არა?“.

პასუხები, აი, ასეთია:

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): არ უნდა წავიდნენ იმიტომ, რომ ის გაიგივება, რომ ამას ქართული საქმის გამო აკეთებენ, ყალბია. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის პრობლემების შედარება უკრაინის მოვლენებთან. ისინი მიდიან იდეოლოგიურად გაბრუებულები იმიტომ, რომ სხვა ინფორმაციული საშუალებები საქართველოში არ არსებობს. საქართველოში მხოლოდ ტოტალიტარული ინფორმაციული საშუალებები არსებობს. მხოლოდ იმ აზრს ამკვიდრებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ბედი წყდება. ეს არის მცდარი და ყალბი აზრი. ეს ხალხიც მიდის ედეოლოგიურად გაბრუებული, ან კიდევ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური გაჭირვება. არ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): ჩემი მოსაზრებაა, რომ ერთის მხრივ კანონიერია თუ არა, როდესაც ერთი ქვეყნის მოქალაქე მეორე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურებისთვის მიდიოდეს. ამისათვის უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნების მიერ ერთობლივი შეიარაღებული ფორმირება. ამ შემთხვევაში შეიძლება. რამდენად მე ვიცი, კანონის ფარგლებში დღემდე ითვლებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეს აკრძალული აქვს სხვა ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეს ჩვენს ქვეყანაში საომარი მოქმედებებში ჩართვის უფლება არ აქვთ. ამიტომ, თუ ჩვენ კანონით ვიმსჯელებთ და თუ წასვლის მომხრეები ვიქნებით, ჩვენ კანონის დამრღვევები გამოვალთ.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): წასვლის აზრი? თორემ კი. ისინი რომ წავლენ, რუსეთი დამარცხდება? ვინმეს აქვს ასეთი ილუზია საქართველოში? ეს არის აბსურდი. მე შემიძლია ერთი ის გავიგო, რომ კარგად უხდიან და ამის გამო წავიდნენ. შემიძლია მათი გაჭირვება გავიგო. რისთვის, გამაგებინეთ, რუსეთს ვერ მოვერევით. ამერიკა და ევროპა ერთად, რომ შეერთდნენ, ისინი ვერ მოერევიან. დაღუპულის ოჯახს ვუსამძიმრებ, საქართველოს კიდევ დასჭირდება ქართველი ჯარისკაცები და არ მინდა, რომ ტყუილუბრალოდ ქართველი მეომრები დაიღუპნენ.

„რეზონანსი“, 20 იანვარი, 2015 წელი

იუე ბინი: „2014 წელი ჩინურ-ქართული ურთიერთობის სწრაფად და წარმატებით განვითარების წელი იყო“

საქართველოს ევრაზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ის ძველი აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ჩინეთის ევროპასთან დაკავშირება სწორედ მისი ტერიტორიის გავლითაა შესაძლებელია… თქვენს ქვეყანას ლამაზი ბუნება, მრავალფეროვნული კულტურა და ნდიდაი ტურისტული რტესურსები აქვს’, – განაცხადა „რეზონანსთან“ საუბარში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუე ბინმა (ესაუბრება ჟურნალისტი აკაკი გვიმრაძე).

„2014 წელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფი და დინამიური განვითარების წელი იყო. პირველ რიგში, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები გაძლიერდა: ჩინეთში განხორციელდა მთავრობის ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის და პარლამენტის ვიცე სპიკერის – ზვიად ძიძიგურის ვიზიტები. დელეგაციები გაიცვლა სამინისტროებს შორისაც…

პოლიტიკური კავშირების გაძლიერებამ ხელი შეუწყო ჩინეთ-საქართველოს  შორის ურთიერთგაგებაის, ნდობისა და მეგობრობის გაძლიერებას და იმავდროულად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაში: სავაჭრო ბრუნვა 36,8%-ით გაიზარდა და 751 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი 144%-ით გაიზარდა. ამის სედეგად, ჩინეთი გახდა საქართველოს რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა“, – ამბობს ჩინელი დიპლომატი.

ინტერვიუში იუე ბინი ყურადღებას უთმობს ორ ქვეყნის ურთიერთობის წარსულს, აწმყოს და პერსპექტივას კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.

„ახალი თაობა“, 20 იანვარი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „ქართული ოცნება“ რუსულ  ინტერესებს ატარებს, გარეგნულად კი პროევროპულია“

ინტერვიუში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან დამოკიდებულებაზეც საუბრობს (ესაუბრება მარიკა მჭედლიშვილი).

„თავიდანვე აშკარა და თვალშისაცხემი იყო, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში რუსული გეგმითა და რუსული დაფინანსებით მოვიდა. ეს დამალულიც არ ყოფილა. ამის მიმართ ადექვატური პროტესტიც არ შეინიშნება. ერთადერთი ძალა, რომელსაც ამ რუსული გეგმების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა აქვს – ესაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობა“…

არაა გამორიცხული, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს საგრეო კურსის გამო დაუპირისპირდნენ. ცხადია, რომ გარეგნულად და განცხადებებით „ქართული ოცნება“ პროევროპულია, თუმცა სინამდვილეში პრორუსულ ინტერესებს ატარებს. საერთოდ, ეს დესტრუქციული ძალაა, მიოჭირს მათ მიერ განხორციელებული დადებითი საქმეების გახსენება…“, – ამბობს ინტერვიუში თამარ ჩხეიძე.

Comments are closed