globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 18th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): პარლამენტი, მარიხუანა და მიხეილ სააკაშვილი // „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებით, წარუმატებლობაზე თავის მართლების შესაძლებლობა დაკარგა

«Московский комсомолец» (რუსეთი): საქართველოს ექს-პრეზიდენტს პოლიტიკური ამბიციების დავიწყება მოუწევს // „მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, თვითონ კი საცხოვრებლად აშშ-ში გაემგზავრება და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს იქ გაატარებს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს იგნორირებას უკეთებს

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 18 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-11-18/1_6863_saakashvili.html

პარლამენტი, მარიხუანა და მიხეილ სააკაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებით, წარუმატებლობაზე თავის მართლების შესაძლებლობა დაკარგა

სტატია ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მასში მიმოხილულია ის ფაქტები, რომლებიც უკვე მოხდა გასულ კვირაში და ის მოვლენები, რომლებიც ახლა იწყება, დიდმნიშვნელოვანია და პერსპექტივაშიც გაგრძელდება (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ქუთაისში: დღის წესრიგს, სხვადასხვა თანამდებობებზე დეპუტატების არჩევას, უმრავლესობისა და უმცირესობის ფრაქციების ჩამოყალიბებას და ა.შ. „არაა გამორიცხული, რომ ქუთაისში პარლამენტის მუშაობის პირველი დღე ერთ-ერთი უკანასკნელი გამოდგეს, რადგანაც დეპუტატებს მრავალჯერ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის გამო, რომ დედაქალაქიდან 200 კმ-ის დაშორებით დადიან სხდომებზე, არაეფექტურად იხარჯება თანხები.. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით ქუთაისში აგებული პარლამენტის შენობა უფრო ნაკლებად მიესადაგება მოთხოვნებს და უფრო უარესია, ვიდრე თბილისში არსებული, რომლის რესტავრაცია უკვე დასრულებულია და დეპუტატებს ელოდება.

დიახ, თბილისში პარლამენტის დაბრუნება ბევრს სურს, მაგრამ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია: ქუთაისი, როგორც პარლამენტის ადგილსამყოფელი, კონსტიტიუციით არის განსაზღვრული და მისი თბილისში დაბრუნებისათვის ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლაა აუცილებელი. წინა პარლამენტში მაშინდელი უმრავლესობა, „ქართული ოცნების“ სახით, ბევრს ეცადა, რომ ეს საკითხი გადაეჭრა, მაგრამ უშედეგოდ – დეპუტატთა აუცილებელი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა. ახლა უკვე სხვა სიტუაციაა – ქართულ ოცნებას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს და თავისუფლად შეუძლია ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილება შეიტანოს“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ წინ საკმაოდ რთული პერიოდი ელოდება. თუ ადრე „მეოცნებეები“ თავიანთ წარუმატებლობას „ნაციონალებს“ აბრალებდნენ, ახლა იძულებულნი გახდებიან მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყურადღება მიაქციოს პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების, მაგალითად, „გირჩის“ (ყოფილი „ნაციონალების“)  პრეტენზიებსაც, რომელიც მარიხუანის ლეგალიზებას ეხება. ავტორი ვრცლად მიმოიხილავს ამ საკითხს: „ისარგებლა რა ახალგაზრდობის მცირე ჯგუფის საპროტესტო განწყობით, ყოფილმა „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ თუ პარლამენტი მარიხუანის ლეგალიზებას არ მოახდენს, ისინი ყველა შესაძლებელ ადგილზე ამ მცენარეს დარგავენ. საკვირველი ისაა, რომ ქართული საზოგადოება ამ განცხადებას შესამჩნევი ენთუზიაზმით შეხვდა: გარედან რომ დააკვირდე, ისე ჩანს, რომ მთელ საქართველოს მხოლოდ მარიხუანის საკითხი აინტერესებს და ამას ითხოვს – ისინიც, ვინც ამ ნარკოტიკით აქტიურად სარგებლობს, ვინც მხოლოდ გასინჯა, ვისაც მხოლოდ კანაფის ბუჩქი უნახავს და ისინიც, ვინც კანაფს მოცხარისაგან ვერ არჩევენ. ამ საკითხის განხილვა საზოგადოებაში ისე ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ ალბათ, მარიხუანას თემას პარლამენტის ერთ-ერთი უახლოესი სხდომა მიეძღვნება.

„მაგრამ ხელისუფლებისათვის ყველაზე მთავარ საფრთხედ მაინც მიხეილ სააკაშვილი აღიქმება: ძალიან იშვიათია ის დღე, რომ ქართულ ტელეკრანებზე მიხო არ გამოჩნდეს, რომელიც უკრაინაში უმუშევრადაა დარჩენილი. ყოფილი პრეზიდენტი აგრესიულია თანაპარტიელების მიმართ და ისე ჩანს, რომ განხეთქილებას კიდევ უფრო ამწვავებს. მიხო მკაცრად აკრიტიკებს „ნაცმოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც არ დაემორჩილენ მის მოთხოვნას ბოიკოტის თაობაზე და პარლამენტში მუშაობა გადაწყვიტეს. ბოლო ტელეგამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა თავის მომხრეებს ფაქტიურად მოუწოდა ისეთივე გადამწყვეტი მოქმედებისაკენ, როგორც ეს მათ 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს განახორციელეს. წარსული გახსენებისას მიხომ იმდროინდელი მოვლენები ისეთი ინტერპრეტაციით წარმოადგინა, რომ თვით აშშ-ის საელჩო გახდა იძულებული შეესწორებინა მისთვის და განეცხადებინა, რომ მიხო ტყუილებს ამბობდა.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს ნეგატიურად აფასებენ მისი ყოფილი თანამოაზრეები, მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელიც დღეს პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი მოქმედებით „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ჩიხში შეიყვანა, ხელს უშლიდა პარტიის განახლებას და ახლა საქმე განხეთქილებამდე მიიყვანა. სხვები სიტუაციას უფრო მკვეთრ შეფასებას აძლევენ: „ყოფილი პრეზიდენტი რეალობას იმდენად მოწყდა, რომ სიტუაციას ობიექტურად ვეღარ აღიქვამს – ჰგონია, რომ  მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი მხოლოდ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, ხალხი კი გულისფანცქალით ელოდება და მზადაა როგორც კი მიხეილ სააკაშვილი თბილისში ჩამოვა, ყველა ხელში აიტაცებს და ისე მიიყვანს პრეზიდენტის სასახლეშიო.

მაგრამ არის მესამე ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები სპეციალურადაა მოფიქრებული და შემუშავებული: იგი დღეს უმუშევრადაა დარჩენილი. გარდა ამისა, მოარული ხმების თანახმად, მიხოს შეიძლება უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვან – იგი ოფიციალურ კიევს უკვე ისე აქვს ყელში ძვალივით გაჩხერილი, რომ იქ ფიქრი დაიწყეს – იქნებ ჯობდეს მისი ექსტრადირება მოვახდინოთ და საქართველოს გადავცეთო. არადა, აშკარაა ისიც, რომ თავისი აქტიურობითა და „ვარდების რევოლუციის“ გახსენებით მიხეილ სააკაშვილი ოკეანისიქითა მეგობრებს საკუთარ თავსაც ახსენებს – მძიმე სიტუაციაში ვარ, მომხედეთ, თორემ თქვენზე რაღაც-რაღაცეების თქმა შემიძლიაო.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 18 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.mk.ru/politics/2016/11/17/saakashvili-lishitsya-ukrainskogo-grazhdanstva-i-uedet-zhit-v-ssha.html

საქართველოს ექს-პრეზიდენტს პოლიტიკური ამბიციების დავიწყება მოუწევს

„მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, თვითონ კი საცხოვრებლად აშშ-ში გაემგზავრება და მთელ დარჩენილ სიცოცხლეს იქ გაატარებს“

„ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა „ღირსების რევოლუციის“ სპონსორი, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბანდიტიზმში დაადანაშაულა. მიხოს თქმით, რადგანაც იგი უკრაინაში პოპულარულობით პეტროს უსწრებს, პეტრომ გადაწყვიტა ყოფილი მეგობარი თავიდან მოიშოროს და მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს.

„მოსკოვსკი კომსომოლეცი“ ექსპერტებს შეეკითხა, თუ როგორი პოლიტიკური მომავალი აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ პოგრებინსკი, კიევის პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის ცენტრის დირექტორი: „როგორც ჩანს, მიხო სააკაშვილის განცხადების მიზანი იყო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გაფრთხილება ზოგადად – იმის მიუხედავად, მართლაც ჩამოართმევს თუ არა მოქალაქეობას. უკრაინის ლიდერი და მისი ამხანაგები „სახალხო ფრონტიდან“ უკვე მართლაც ფიქრობენ  მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორებას და ძილშიც ამას ხედავენ. საერთოდ კი, მიხოს არ უნდა გაუკვირდეს, რაც ხდება: თავდაპირველად მას ხომ თვითრეალიზაციის კარგი შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ მიხომ „ტრადიცია“ დაარღვია, სახელმწიფოს პირველ პირებს იქით შეუტია და კორუფციაში დაადანაშაულა. ასე რომ, საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის კიევიდან საპასუხო რეაქცია მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ისე, მიხოს თავიდან მოშორება მთლად იოლი არ იქნება: უკრაინის პასპორტის ჩამორთმევა მოქალაქისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ დადგინდება, რომ მან არასწორი ცნობები წარადგინა მოქალაქეობის მისაღებად“.

ვადიმ კარასევი, კიევის გლობალური სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი: „მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში გარკვეული სიმართლე აშკარად არის, რადგან პეტრო პოროშენკოს გარემოცვაში ნამდვილად არიან ისეთი ადამიანები, რომლებთაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან გაძევება სურთ. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის (ვერხოვნა რადას) არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მართალია, მისი პარტია ჯერ მხოლოდ ჩანასახშია და არავინ იცის, როგორი იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის მომავალ ორგანიზაციას, მის გარეშე, მხარს არავინ დაუჭერს. მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, რომ პეტრო პოროშენკოს ასეთი სიტუაცია აწყობდეს, რადგან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მიხოს განცხადებები უფრო მეტად მიმართულია არა იმდენად პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისაკენ, არამედ უფრო ოპოზიციონერებისაკენ – იულია ტიმოშენკოს, ოლეგ ლიაშკოს წინააღმდეგ. სრულიად დასაშვებია, რომ გარეგნული კონფრონტაციის მიუხედავად, მიხო და პეტრო ერთად მოქმედებენ“.

ვლადიმირ ნოვიკოვი, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კვლуვის ინტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი: „ოდესა მიხეილ სააკაშვილისათვის ტრამპლინი უნდა ყოფილიყო სამშობლოში დასაბრუნებლად, მაგრამ მართვა ისე დაიწყო, თავი საქართველოს პრეზიდენტი ეგონა. „ნაციონალებმა“ არჩევნები წააგეს, მიხოს კი დაბრუნების შანსი გაუქრა. ახლა იგი უკრაინაში რომ დარჩეს, ისეთი რამ უნდა გააკეთოს, რაც მის პოლიტიკურ ამბიციებს პასუხობს. ანუ საჭიროა პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში ჩაუდგეს. ამ ბრძოლაში მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება უკრაინის მოქალაქეობაც დაკარგოს. მას მოუწევს აშშ-ში წასვლა, სადაც, ალბათ, დარჩენილ ცხოვრებას გაატარებს“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/icc-georgis/3601364.html

რუსეთი საერთაშორისო სასამართლოს იგნორირებას უკეთებს

ნინო დალაქიშვილი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, როგორც ჩანს, დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდა რუსეთისთვის, ამიტომ პრეზიდენტ პუტინის  ბრძანებულების შესაბამისად, მისი ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებიდან გავიდა. ამ ქმედებას წინ უსწრებდა ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორის ფატუ ბენსუდას ანგარიში უკრაინის თაობაზე, რომელშიც საუბარია რუსეთის ძალისმიერ, შეიარაღებულ ქმედებებზე უკრაინაში: ყირიმის ანექსიაზე, ვითარებაზე დონბასსა და ლუგანსკში. გარდა უკრაინის საკითხისა, ფატუ ბენსუდა საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის და შემდგომი პერიოდის სამხედრო დანაშაულსაც იძიებს, რომლის ფარგლებში ის აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან. საერთაშორისო პროკურორის ოფისი, გამოძიების სრულყოფილი ჩატარების მიზნით, თანამშრომლობდა რუსეთის ფედერაციასთანაც. სამხრეთ ოსეთმა კი ღიად დააფიქსირა იმის თაობაზე, რომ ბენსუდას წარმომადგენლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობის საშუალება მიეცემოდათ.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმად, მოსკოვი საერთოდ უარს ამბობს ჰააგასთან თანამშრომლობაზე, რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსთვის, როგორც ომის დანაშაულისა და ეთნოწმენდის ფაქტების დადგენაში დაინტერესებული მხარისთვის? ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა.

ჩვენთან საუბრისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს: „აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე და ვინაიდან საქართველო არის წევრი სახელმწიფო, სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. რუსეთის განცხადება არის უფრო პოლიტიკური მესიჯის შემცველი. თავიდან, როდესაც პროკურორმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ის იწყებდა გამოძიებას, რუსეთის მხრიდან იყო თითქოს ღიაობა და მზაობა იმისთვის, რომ ეთანამშრომლა სასამართლოსთან. თუმცა მე, მაინცდამაინც მაღალი რწმენა იმისა, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად ითანამშრომლებდა პროკურორთან, არ მქონდა“.

„ამერიკის ხმა“ GFSIS-ის მკვლევარს შოთა უტიაშვილს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა: „იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ თავის წევრ ქვეყანას თუ დაავალა, გადმოსცენ პიროვნება, რომელიც ბრალდებულია დანაშაულში, ქვეყანა ვალდებულია ეს გააკეთოს, თუ არის სასამართლოს წევრი. არაწევრს ასეთი ვალდებულება არ ეკისრება. 2008 წლის ომის თაობაზე რამდენიმე ასპექტს განიხილავს პროკურორი. ერთ–ერთი ყველაზე აშკარა შემადგენელია აქ ეთნიკური წმენდის შემთხვევა, რის უამრავი მტკიცებულებაც არსებობს. დღესაც რომ ჩავიდეს იქ ადამიანი და დაათვალიეროს ლიახვის ხეობის სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, ძალიან ნათლად შესამჩნევია, რომ ეთნიკური წმენდას ჰქონდა ადგილი. რუსეთს ძალიან გაუჭირდება თავი აარიდოს უხერხულ ვითარებას. მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ქონების განადგურების შემთხვევებს ადგილი ჰქონდა მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „პრაქტიკული თვალსაზრისით, ჩვენთვის, რუსეთის მიერ ჰააგის სამართლებრივი სივრციდან გასვლით არაფერი იცვლება, თუმცა ფორმალურად რუსეთი ამის დემონსტირირებას მაინც ახდენს, რაც ალბათ უფრო პოლიტიკური მესიჯია, ვიდრე პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარე ნაბიჯი“.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დაადგენს რუსეთის სამხედრო პირების ბრალეულობის საკითხს, მათი დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა რუსეთის ტერიტორიაზე გართულდება, რადგან რუსეთი არაა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ხელშემკვრელი ქვეყანა, თუმცა თუ ეს მოქალაქე ქვეყნის საზღვრებს გადალახავს და აღმოჩნდება საერთაშორისო სასამართლოს მიერთებული რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, მას დააკავებენ.

რა გავლენა შეიძლება იქონიოს ვლადიმირ პუტინის ბრძანებამ საქართველოს საკითხზე ჰააგაში, ეს პრაქტიკული ქმედებებიდან უფრო გამოჩნდება, თუმცა ცხადია, რომ ეს გამოძიების გაგრძელებას ხელს ვერ შეუშლის. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეს რუსეთის მხრიდან გაგზავნილი ცალსახა პოლიტიკური მესიჯია იმის დემონსტრირებისთვის, რომ იგი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ცნობს.

Comments are closed