„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „გაზაფხულზე მივიღებთ სოციალურ პროტესტს“ // „ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც მთავრობაში ის ხალხი მოვიდა, რომელმაც ქვეყნის მართვა არ იცის“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ამირან ბერძენიშვილთან: „პოლიტიკურ ველზე დღეს ასარჩევიც არავინ არ არის“
„რეზონანსი“: „ნაციონალებში“ დაპირისპირება ღრმავდება, პარტიიდან სააკაშვილის 20 მომხრე გაუშვეს
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მმართველი გუნდი საკუთარ მოგონილ სამყაროში ცხოვრობს“ // „ჭკვიანი მინისტრები დუმან მაინც…“
—-
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ხელისუფლებისთვის ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური დივიდენდი იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები“ // „ხელფასი არასდროს ამიღია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „მომავალი წლის შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება“ // „ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ნათესავებს არ აპატია შეცდომები და ამათ დაინდობს?“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ვერ გახდება“
—-
„რეზონანსი“: მოხმარება მცირდება, ბიზნესი თანდათან ჩიხში ექცევა // „ხალხი მოდის ბაზარში პროდუქტის შესაძენად და უკან ხელცარიელი ბრუნდება“
„რეზონანსი“: ლარის გაუფასურება ექსპორტს ვერაფრით დაეხმარა // ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული, რომლის ფასიც მატულობს
„რეზონანსი“: აფხაზეთში დღეს შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს // დე-ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ოპოზიცია „პრეზიდენტის“ მოკვლას გეგმას
—-
„ვერსია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ხალიფატი დამარცხდება, შესაძლოა მისი მებრძოლები საქართველოშიც აღმოჩნდნენ“ // ემუქრება თუ არა კავკასიასა და საქართველოს ტერაქტების საფრთხე და რა უამბო ,,ვერსიას” ეგვიპტის მოქალაქემ კაიროში მომხდარი აფეთქების შესახებ
——————-
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „გაზაფხულზე მივიღებთ სოციალურ პროტესტს“ // „ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც მთავრობაში ის ხალხი მოვიდა, რომელმაც ქვეყნის მართვა არ იცის“
ელზა პაპოშვილი
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესები თუ არსებული სცენარით განვითარდა, ხელისუფლება საზოგადოებისგან სერიოზულ პროტესტს მიიღებს და შეიძლება სიტუაცია უმართავიც გახდეს.
ლევან ბერძენიშვილის გაცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოება არჩევნებამდე უბარლოდ “გააცურა” და სრულიად სხვა ეკონომიკური ხედვა წარუდგინა, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გეგმა რადიკალურად შეცვალა, რაც საზოგადოების მხრიდან მწვავე პროტესტის საფუძველი გახდება.
- თქვენთვის რამდენად მისაღებია მიზეზები, რომელსაც ხელისუფლება ლარის გაუფასურებას უკავშირებს და როგორ ფიქრობთ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ამ პრობლემის მოგვარების უნარი შესწევს?
- ლარის კურსის მასშტაბურმა ვარდნამ დაადგინა, რომ ხელისუფლებას მის შესაჩერებლად არანაირი რეცეპტი არ გააჩნია. განცხადებები, რომელთაც მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან ვისმენთ, არასერიოზული და პოლიტიკურად ძალიან საშიშია. არ შეიძლება ცინიკური საუბარი საკითხზე, რომელზეც ქვეყნის ბედია დამოკიდებული. მთავრობა სრულ დაბნეულობაშია, მათ ერთიანი პოზიციის შემუშავება ვერ შეძლეს. არ იციან, ლარის კურსის ვარდნა როგორ გააჩერონ და ეჭვი მაქვს, ეს არც არავინ იცის. სამწუხაროდ, რეალური ხსნა ვერსაიდან ვერ დავინახეთ.
- 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა, რომელიც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას წარუდგინა, როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს?
- ხელისუფლებამ რაც ეს 4-პუნქტიანი რეფორმის გეგმა წარმოადგინა, მას შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ლარის ამ დონემდე ვარდნას ხელი გაუთვალისწინებელი და წარმოუდგენელი უვიცობის გახმოვანების შედეგად შეუწყო. ეს გეგმა ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტის მომტანი აღმოჩნდა.
- ლარის კურსის გაუფასურების და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ელით თუ არა, რომ გაზაფხულიდან საზოგადოების მხრიდან პროტესტი იქნება?
- რა თქმა უნდა, ველი, რადგანაც იმ პროცესებს, რაც ახლა ხდება, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრახი მოჰყვება. მათ შორის პროდუქტებზე ფასების ზრდა, რაც ჩვენი მოსახლეობას კიდევ უფრო გააღარიბებს. თბილისის ბევრ უბანში ელექტრონერგია ითიშება. გამოდის, რომ 90-იანებში ვბუნდებით. ამ ყველაფერს კი მთავრობა ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს და აშკარად უსუსურია. ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, გაზაფხულიდან ფართომასშტაბიანი აქციებია მოსალოდნელი. მტერმა არ ქნას, რომ რევოლუცია მოხდეს, რაც ქვეყანას უფრო დაღუპავს.
- თუ საზოგადოების მხრიდან პროტესტი იქნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია რას იზავს?
- ვერ გეტყვით, საზოგადოებას თავისი პროტესტის გამოსახატად ოპოზიციის დახმარება საერთოდ დასჭირდება თუ არა. თუ ვითარება კრახისკენ წავიდა, ეს პოლიტკური პროტესტი არ იქნება. ეს იქნება სოციალური პროტესტი, რომლიც ბევრად საშიში და უკონტროლოა.
- “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებამდე საზოგადოებას სრულიად სხვა ეკონომიკური ხედვა წარუდგინა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლიდან ორ თვეში 4-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან თავისი ხედვა რადიკალურად შეცვალა…
- ჩემი აზრით, რაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებამდე ჩაიდინა, ეს ჩვეულებრივი, კლასიკური აფიორაა. საზოგადოებას ერთს დაჰპირდნენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სრულიად სხვა გეგმა გამოაცხადეს, ანუ ხალხი “გააცურეს”. ის, რომ პენსია არ გაიზრდება, ყველაფერი გაძვირდება და სამსახურებიდან ხალხი უნდა დაითხოვონ, გამოდის რომ ხელისუფლებას წარმოადგენა არ აქვს, ქვეყანა როგორ მართოს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც მთავრობაში ის ხალხი მოვიდა, რომელმაც ქვეყნის მართვა არ იცის. ქვეყანას მართავს არაკვალიფიციური გუნდი და სრულ აგონიაშია არიან. მგონია, რომ ამ ხელისუფლებას გამოსავლის პოვნა არ შეუძლია და ახალი ხელისუფლება უნდა მოვიდეს.
- პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის ახალი დაპირისპირების საბაბი საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობის ფორმა გახდა. როგორ ფიქრობთ, ის უნდა ყოფილიყო თუ არა კომისიის თავმჯდომარე და მისი მხრიდან ბოიკოტი რამდენად სწორად მიგაჩნიათ?
- საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს “ქართული ოცნებისგან”, ვფიქრობ, სულ სხვა პირობა ჰქონდა მიღებული. მთელმა საზოგადოებამ გავიგონეთ, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ კომისია ფართომასშტაბიანი იქნება და არა ვიწროპარტიული კუთხით დაკომპლექტებული. ხოლო საქმე-საქმეზე როდესაც მიდგა, ერთპარტიული კომისია შექმნეს. ამიტომ, პრეზიდენტის მიმართ ხელის გაშვერა, რომ ბოიკოტი მან გამოაცხადა, ცოტა უსამართლოა, რადგანაც პრეზიდენტს კომისიაში ყოფანაზე უარი უთხრეს. შემდეგ უთხრეს, კარგი, შენი აპარატის წარმომადგენელი იყოსო. ეს კი პრეზიდენტთან და მის ინსტიტუტთან დაპირისპირებას ნიშნავდა.
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტთან უფრო კონსტრუქციული ლაპარაკი შეიძლებოდა და მისი კომისიაში ყოფნა გარანტირებული ყოფილიყო. თუმცა, ვინადიან ვიცით, პრეზიდენტის მიმართ ვის რა დამოკიდებულება აქვს, ძალიან კარგად ვხვდებით, ქარი საიდანაც ქრის.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ამირან ბერძენიშვილთან: „პოლიტიკურ ველზე დღეს ასარჩევიც არავინ არ არის“
ეკატერინე ბასილაია
“ყველა სფეროში უსუსურობის განცდაა. კაციშვილი არ არის, რომ ადამიანურად გაანალიზოს, რა ხდება ჩვენს თავს და გამოსავალი თქვას… პოლიტიკურ ველზე ასარჩევიც არავინ არ არის დღეს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეტყობა ეს გლოვის რეჟიმიც გასავლელია, რომ მერე რაღაც გზა დავინახოთ,” – ქვეყანაში არსებულ სოციალურ კრიზისზე საუბრობს სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი, რომელსაც ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის დიდი იმედიც არ აქვს. “ისეთი ადამიანი არ არის, ვინც საქვეყნო საქმის გასაკეთებლად ჩადებს ინვესტიციას და არა ის, რომ პოლიტიკიდანაც ფულის ამოქაჩვას შეეცდება. ასეთი სულისკვეთების ადამიანს ვერც ბიზნესმენებიდან ვხედავ და ვერც პოლიტიკოსებიდან.”
- მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით, ხელისუფლებამ საჯარო სამსახურში შემცირებები და ფასების ზრდა დააანონსა. ამას ემატება ის, რომ ლარი დღითი დღე უფასურდება. რა არის გამოსავალი და შეიძლება იმის პროგნოზი, რომ ახლა კარგი დროა ახალი პოლიტიკური ძალის გამოსაჩენად?
- ეს თავის მოტყუება იქნებოდა. ჩვენ ძალიან ბევრი დაპირება მოვისმინეთ და თავიდან ვიცოდით, პარტიების პროგრამებში ტყუილი დაპირება და ოცნება მეტი იყო, ვიდრე რეალობა. მიუხედავად ამისა, ამ ხალხს ხმა მაინც მივეცით და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ვერც ერთი პარტია და ვერც ერთი ექსპერტი ვერ გეტყვით, რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. უფრსკულში რომ არ გადავიჩეხოთ, ეს დინება არ უნდა მივუშვათ. ახლა რომელიმე პოლიტიკური პარტია რომ გამოვიდეს და თქვას, მე გიშველით და მე გაგიყვანთ მეორე ნაპირზე, ეს იქნება ბლეფი, ტყუილი. ამას ვერავინ ვერ შეძლებს.
ყველაფერი ამდენი წლის განმავლობაში დაგროვილი გადაუჭრელი პრობლემების ლოგიკური შედეგია და მთლად უკონტროლო მსვლელობას თუ არ დაამსგავსეს, ალბათ რაღაც დონემდე მივა ეს გაუფასურებული კურსი და გაძვირება და გაჩერდება ალბათ.
ეს ყველაფერი ვერც სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს და ვერც ახალი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის გამოჩენას. ჩვენი ხალხი მიეჩვია მორჩილებას. ვერავინ ვერ გრძნობს იმის შინაგან ძალას, რომ თვითონ მას შეუძლია რამე შეცვალოს. ასეთ დონეზე ვართ ყველანი.
- პოლიტოლოგებისგან ხშირად გვსმენია, რომ პოლიტიკაში ძველი სახეები მობეზრდა ხალხს და ახალს ელოდება. სოციალურ კრიზისი კი ახალი ძალისთვის კარგი შანსია.
- დღეს საქართველოში არ არის არც ერთი უფრო კარგად ორგანიზებული, ფინანსურად კარგად მოძლიერებული ჯგუფი, ვიდრე არის “ქართული ოცნება”, მაგრამ ვერც “ოცნება” აკეთებს ვერაფერს და ვერც სხვა გააკეთებს. ნაპოლეონს აქვს ნათქვამი, პოლიტიკის წარმოებას სამ რამ სჭირდება: ფული, ფული და ფული. ჩვენთან, სამწუხაროდ, ისე მიდის ყველაფერი, რომ ვისაც ფული აქვს, ისინიც ვერ შემოაბრუნებენ ხალხს. იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი არ არის. შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა, მაგრამ არ იცოდე, რა და როგორ გააკეთო.
- დავით უსუფაშვილმა დააანონსა, რომ გაზაფხულისთვის შექმნის ახალ ოპოზიციურ ძალას ახალი სახეებით და რამდენად შესაძლებელია, რომ ის ანგარიშგასაწევი გახდეს?
- პარტიას ფულის გარდა ძალიან ძლიერი ლიდერი სჭირდება, რომელსაც ხალხი აღფრთოვანებით გაჰყვება, ასეთი ლიდერი კი არ ჩანს. თუმცა წინასწარ პროგნოზების გაკეთება არასახარბიელო საქმეა. ყველაფერი შესაძლოა სხვანაირადაც წავიდეს.
ჩვენ ისეთი ლიდერი გვჭირდება, რომელსაც ქართველებისთვის დამახასიათებელი ლიდერობის შარმი არ ექნება, ის შარმი, რომ, აი, ჩვენს მაგივრად ყველაფერს ის გააკეთებს და ის გამოგვიყვანს გაჭირვებიდან. ისეთი ძალა გვჭირდება, რომელიც ჩვენთან ერთად ხელდაკაპიწებული დაიწყებს შრომას. სხვანაირად არ შეიძლება. დამთავრდა ამდენი ოცნება და ფანტაზია. რაც დღეს პოლიტიკური ძალებია, ყველა თითქმის ერთნაირია, პოლიტიკურ ველზე დღეს ასარჩევიც არავინ არ არის. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ეტყობა ეს გლოვის რეჟიმიც გასავლელია, რომ მერე რაღაც გზა დავინახოთ. მეგონა, რომ იყო ძალიან ჭკვიანი და პატიოსანი ხალხი, რომლებიც საზოგადოდ გამოსვლას ერიდებოდნენ, მაგრამ დღეს ისე უჭირს ქვეყანას, თუკი ასეთი ხალხი არსებობს, უნდა გამოჩენილიყვნენ. თუმცა, ვხედავთ, რომ არავინ არ გამოჩნდა. საქმის ცოდნა აკლია ყველას. ყველა სფეროში უსუსურობის განცდაა. კაციშვილი არ არის, რომ ადამიანურად გაანალიზოს, რა ხდება ჩვენს თავს და გამოსავალი თქვას.
ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ფული. ჩვენ იმდენი ვალი გვაქვს, იმდენი უმუშევარი და დატერორებული ადამიანი გვყავს, რომ რაც უნდა ძლიერი ძალა გამოჩნდეს, ძალიან ძნელი იქნება უფულოდ რაიმეს გაკეთება. ისეთი ადამიანი არ არის, ვინც საქვეყნო საქმის გასაკეთებლად ჩადებს ინვესტიციას და არა ისე, რომ პოლიტიკიდანაც ფულის ამოქაჩვას შეეცდება. ასეთი სულისკვეთების ადამიანს ვერც ბიზნესმენებიდან ვხედავ და ვერც პოლიტიკოსებიდან. ყველას გვიყვარს საქართველო, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩავარდნილ ქვეყანას კაციშვილი ვერ ეხმარება.
- თქვენი აზრით, რადგანაც ოპოზიცია ძლიერი არ არის და არც ახლის გამოჩენის პერსპექტივაა, ეს იცის ხელისუფლებამ და ამიტომაც არის მეტ-ნაკლებად მშვიდად?
- როგორ გგონიათ, რომელ ოპოზიციას აქვს ისეთი ფინანსური, მატერიალური თუ ადამიანური რესურსი, რომელიც ასეთ მძიმე სიტუაციაში მყოფ ქვეყანას გამოიყვანს ერთი ხელის დაკვრით გაჭირვებიდან?! რამდენჯერ უნდა მოვიტყუოთ თავი?! ახლაც სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ვთქვათ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და ახლა იმის დრო არ არის, ახალი ძალა მოვიდეს და გაგვაბრუოს ნარკოტიკივით… რა და რისი გამკეთებლები ვართ, ამას ლარი ორ თვეში აჩვენებს.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
„ნაციონალებში“ დაპირისპირება ღრმავდება, პარტიიდან სააკაშვილის 20 მომხრე გაუშვეს
სალომე სარიშვილი
“ნაციონალურ მოძრაობაში” უთანხმოებისა და დაპირისპირების ტალღა ისევ არ ცხრება. პოლიტიკურ ინტერესებზე არსებულ განხეთქილებას ახლა უკვე გარკვეული პირების თანამდებობებიდან გათავისუფლება და შემცირება მოჰყვა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი შეამცირა, მათ შორის საკმაოდ ძველი მებრძოლებიც. ამის შესახებ დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა და აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილება პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.
თავად პარტიის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ შემცირებების მიზეზი მხოლოდ ფინანსური სახსრების უქონლობასა და მის სწორად გადანაწილებას უკავშირდება. რაც შეეხება უშუალოდ “შემცირებულებს”, მათი საპასუხო რეაქცია გუშინდელ გადაწყვეტილებაზე სხვადასხვანაირი იყო, თუმცა კი აშკარაა, რომ პარტიის ყოფილი მებრძოლები შემცირებას კმაყოფილი არ დაუტოვებია.
ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, შემცირებული პირები თავიანთ პოზიციას ღიად გამოთქვამდნენ და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას. მისი აზრით, შემცირებები პარტიაში სწორედ აღნიშნულზე აზრთა სხვაობას უკავშირდებოდა.
“კობა ხაბაზი – “თავისუფალი ზონის” დამფუძნებელი და ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორი, გოგა ონიანი – ენმ-ს ერთ-ერთი იურისტი, პარტიის აქტივისტების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხებზე; ზურაბ ცერცვაძე – საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატი და რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის კოორდინატორი; გიორგი (ჯეო) ხურცილავა – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, რეგიონული დეპარტამენტის ქვემო-ქართლის კოორდინატორი, ვაჟა წოწკოლაური – 2002 წლიდან პარტიის თანამშრომელი, ფრაქციის აპარატის უფროსი და მცხეთა-მთიანეთში წარმომადგენელი, გიორგი ბაბაკიშვილი – პარტიის ერთ-ერთი იურისტი, მოიგო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების არაერთი სკანდალური საქმე – ეს ადამიანები ღიად გამოთქვამდნენ პოზიციას და მხარს უჭერდნენ დიდი, 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას.
“დღეს ისინი შემცირებაში მოაყოლა “შიდადემოკრატიის” სახელით მოქმედმა ენმ-ს მმართველმა გუნდმა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი უხელფასოდაც ყველაფერს გააკეთებს ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, მაგრამ სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი,” – წერს “ფეისბუქში” ჩიორა თაქთაქიშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, რომელიც მეორე, ე.წ. “ბოკერიას ბანაკის” წევრად მოიაზრება, პარტიაში თავს ფუფუნების უფლებას ვერ მისცემენ და ცენტრალური ოფისი ბევრად უფრო მეტად უნდა შემცირდეს და მეტი ყურადღება რეგიონებზე გამახვილდეს. ჩემი პასუხი სრულიად ცალსახაა. ყველამ იცის, რომ პარტიას გადასახადები რადიკალურად აქვს შემცირებული და ბუნებრივია, ამას რაღაცით უნდა ვუპასუხოთ. როცა ხდება შემცირება, ხდება მარტივი მიზეზით. როდესაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ორივეგან ფუნქცია – ცენტრალურ და რეგიონულ ოფისში, ამის ფუფუნების უფლებას დღეს თავს ვერ მივცემთ,” – განაცადა სერგო რატიანმა. რაც შეეხება უშუალოდ შემცირებულებს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ონიანის განცხადებით, ენმ-ს მენეჯმენტმა ბევრი “საკამათო” გადაწყვეტილება მიიღო.
გიორგი ონიანი პარტიიდან მის შემცირებას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურება.
“არ ვთვლიდი საჭიროდ შევხებოდი ჩემი გათავისუფლების საკითხს, მაგრამ სერგო რატიანმა რადგან ისაუბრა, მოკლედ ვიტყვი – ენმ-ს დღევანდელმა მენეჯმენტმა ბევრი “საკამათო” გადაწყვეტილება მიიღო ბოლო თვეების განმავლობაში, რასაც პარტიის წევრთა უმრავლესობა არ ეთანხმება. ჩემი პარტიის იურისტობიდან და ბიჭების სხვადასხვა პოზიციებიდან დათხოვნა ყველაზე ნაკლები მნიშვნელობისაა. მთავარია, ყრილობამ 20 იანვარს დაადასტუროს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით და მტკიცე, გაჯანსაღებული, პარტიული სტრუქტურით უახლოეს მომავალში ჩამოვშლით ოლიგარქის რეჟიმს, რომელიც დღითიდღე აღარიბებს და არსებობის საშუალებას არ უტოვებს საქართველოს მოსახლეობას,” – აცხადებს გიორგი ონიანი.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია,” – უთხრა კობა ხაბაზმა “ინტერპრესნიუსს” შემცირებაში მისი მოყოლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
კობა ხაბაზი თავს იკავებს კომენტირებისგან, უკავშირდება თუ არა მისი შემცირება განსხვავებულ პოზიციას “ნაციონალური მოძრაობის” მრავალათასიან ყრილობას.
“ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო ჩემ შესახებ. ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხს. ეს არ იყო ფინანსები, რომელსაც ვიყენებდი ჩემთვის. ეს იყო ხელფასი, რომელსაც სრულად ვხარჯავდი “თავისუფალ ზონაში” და ვცდილობდი, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იყვნენ “თავისუფალ ზონაში”, მცირეოდენი მხარდაჭერა და თანადგომა გამეწია,” – განაცხადა კობა ხაბაზმა.
რაც შეეხება პარტიის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კობა ხაბაზს გიგა ბოკერიამ “საქმე გაურჩია”, ხაბაზის თქმით, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და საქმე უბრალოდ პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას ეხებოდა. “ეს ინციდენტი არ არის, აქ საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიულ მომავალზეა. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ინციდენტი არ ყოფილა. ინციდენტი თანამებრძოლებთან არასოდეს მქონია. რაც შეეხება “თავისუფალ ზონას”, ის გადავიდა ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურულად ახალი ფორმებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. ამ პარტიის ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაბრუნება განვითარების გზაზე,” – განაცხადა კობა ხაბაზმა.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „მმართველი გუნდი საკუთარ მოგონილ სამყაროში ცხოვრობს“ // „ჭკვიანი მინისტრები დუმან მაინც…“
თაკო მათეშვილი
მძიმე ეკონომიკური პრობლემების ფონზე გაკეთებული სახელისუფლებო განცხადებები პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აფიქრებინებს, რომ მთავრობა ხალხსა და რეალობას იმდენად დაშორდა, რომ საკუთარ შექმნილ სამყაროში ცხოვრობს და ვერ ამჩნევს თუ რა გასაჭირი ადგას მოსახლეობას. მისი თქმით, ყოველი მომდევნო განცხადება ამ მოსაზრებას უფრო და უფრო ამტკიცებს და ხალხსაც სულ უფრო აღიზიანებს.
“რეზონანსთან” ინტერვიუში სოსო ცინცაძე ვიზალიბერალიზაციის თითქმის დასრულებულ გზაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ეს საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია.
სოსო ცინცაძე: ყველაფერი დასრულებული ჯერ კიდევ არაა. საქარველოს მიმართ იმდენად არა, უფრო უკრაინის მიმართ. ჰოლანდია თავის სკეპტიციზმს არ მალავს. მან უკრაინის მიმართ ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავა და უკანასკნელ დღეებში უკრაინული პრესა ღალატზეც კი ალაპარაკდა. წერენ, რომ ევროპამ უღალატათ. ეს იმიტომ, რომ ჰოლანდია პირაპირ აცხადებს – უკრაინის ვიზალიბერალზიაციას მხარს არ დაუჭერს, თუკი სადმე არ ჩაიწერება, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერასოდეს გახდება და რომ მას უკრაინიას დასაცავად არაფერს დაავალებენ.
- რატომ აქვს ჰოლანდიას უკრაინის მიმართ ასეთი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება?
- იმიტომ, რომ 40-მილიონიანი ქვეყანაა. გარდა ამისა, ძალიან ეშინიათ, უკრაინის გამო რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის რეჟიმში არ აღმოჩნდნენ. ევროპას დღეს თავისი პრობლემაც უამრავი აქვს და უკრაინისა და საქართველოს გამო საქმის გართულება არ უნდათ. მოლდოვა ამ პროცესს თავად გამოეთიშა, რადგან მიხვდნენ, რომ ამაში პერსპექტივა არ არის. იქაურმა ხალხმა თავისი სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო. სხვათაშორის, თავისუფალი არჩევნების შედეგად. იქაური არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ არ დამდგარა. ასე რომ, როცა ევროპა მიგრანტების პრობლემაში ყურებამდე ჩაფლულია, კიდევ ერთი ახალი არხის გაჩენა, სადანაც მიგრანტები შეესევიან, არ უნდა. საფრანგეთი და იტალიაც ასევე არიან განწყობილნი. უბრალოდ ჰოლანდიის მთავრობამ ეს არაპოპულარული მისია თავის თავზე აიღო – ხმამაღლა თქვა ის, რაზეც კულუარებში ისედაც ლაპარაკობენ.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მოსახლეობა კი აბსოლუტურ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება. რეგიონებში – განსაკუთრებით. ხალხს ჰგონია, რომ ვიზალიბერალიზაცის მერე ყველა ევროპაში წავა და იმუშავებს. არადა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ ჩავარდეს ეიფორიაში და მცდარი მოლოდინი არ შეექმნას. ცოტა თუ აცნობიერებს, რომ პრივილეგიებთან ერთად ვალდებულებებიც გვაქვს, რომელიც შეჩერების მექანიზმს უხვად ახლავს. ამაზე დღეს არავინ ლაპარაკობს.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ჩვენ წინააღმდეგ მისი ამოქმედება, უკრაინას უფრო ხომ არ ემუქრება ეს საფრთხე?
- რასაკვირველია, უკრაინას უფრო ემუქრება, ვიდრე საქართველოს. თავად ტერმინიც მეტყველებს იმაზე, რომ შეჩერების მექანიზმი ჩვენთვის საჩუქარი არაა. ვზალიბერალიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ევროპაში აბსოლუტურად თავისუფლად ვივლით. მაგალითად, ისრაელთან დღეს ჩვენ ოფიციალურად უვიზო რეჟიმი გვაქვს, მაგრამ აეროპორტიდან უკან უამრავ მოქალაქეს აბრუნებენ. ჩაფრინდებიან, მესაზღვრეები რაღაც დოკუმენტებს მოითხოვენ და ქვეყანაში არ უშვებენ. შემდეგი რეისით უკანვე გზავნიან. თანაც, რა თქმა უნდა, საკუთარი ხარჯებით. ეს ოფიციალურად უვიზო მიმოსვლის პირობებში ხდება. მითუმეტეს, რომ ისრაელთან შეჩერების მექანიზმიც არ გვაქვს. ჯერ რეალურად ისიც არ ვიცით, რა სანქციები ახლავს შეჩერების მექანიზმის. ეს ჯერ არ გამოქვეყნებულა.
- არალეგალი მიგრანტების გარდა კიდევ რამ შეიძლება აამოქმედოს შეჩერების მექანიზმი?
- ეს მექანიზმი ალბათ იმასაც გულისხმობს, რომ უკვე იქ მყოფი მიგრანტები საქართველოს ხელისუფლებამ უკან საკუთარი ძალებით დააბრუნოს. მგონი, არავინ იცის რამდენი უკანონო ქართველი მიგრანტია ევროპაში. თუმცა, ბევრნი რომ არიან, ვიცით. რაიონებიდან ყოველი სამი ოჯახიდან ორი მაინც არის ისეთი, საიდანაც ქალები სამუშაოდ არიან წასულები საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში. იქ კოლონიურ პირობებში მუშაობენ. 40-გრასუსიან სიცხეში ზეთის ხილს კრეფენ.
- ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან ერთად მოითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეობის გაცემის გამკაცრებას?
- რასაკვირველია, გამკაცრდება. როგორც უკვე აღვნიშნე, არავინ იცის, რა ვალდებულებებს ვიღებთ ამ ყველაფრით. ისევე როგორც არ ვიცით, რა ვალდებულებები ვიკისრეთ ასოცირების ხელშეკრულებით. მე, მაგალითად, ყოველ დღე ახალ-ახალი ვალდებულებების შესახებ ვიგებ. ევროპელები, მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი ხალხი ვართ, არაფერს მოგვცემენ. ვალდებულებებს თუ არ შევასრულებთ, ევროპა უკანვე წაგვართმევს ყველაფერს, რაც მოგვცა. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა იმ დივიდენდის მისაღებად კი, რასაც ჰიპოთეტურად ეს ნაბიჯი გვპირდება, ვალდებულებების შესრულებაა საჭირო.
- ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის თუ გახდის ქართულ პასპორტს უფრო მომხიბვლელს?
- ამ საკითხისადმი ჩვენს ხელისუფლებებს ერთი და იგივე მიდგომა აქვთ – მათ არ უნდათ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში არსებობულ რეალობას თვალი გაუსწორონ. პუტინის რეალობას კი არა, რეალურ რეალობას. რეალობა ისაა, რომ მოსახლეობას, ვინც შეიძლება ამით ისარგებლოს, არავინ არაფერს ეკითხება. ე.წ. ელიტა კი ევროპაში რუსეთის გავლით ისედაც კარგად დადის. თუნდაც იყოს ქართული პასპორტი მიმზიდველი, ვინ ეკითხება რიგით აფხაზსა და ოსს? თუნდაც “ჩვენს ძმებთან” დიალოგის იმედი რომ აქვთ, ვინ უშვებთ? კვაზი-ელიტას დღევანდელი რეალობა ურჩევნია იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენთვის ძნელი წარმოსადგენია, რას ნიშნავს გააზნაურებული მდაბიო. ადამიანს, რომლისთვისაც კომუნისტური რეალობის დროს რაიკომის რიგითი თანამშრომლის სტატუსიც კი საოცნებო იყო, დღეს პრეზიდენტი, მინისტრი ჰქვია; კაბინეტი აქვს კარზე აბრით; თავის ოჯახსა და ახლობლებში პატივისცემით სარგებლობს. მერე რა, რომ არავინ აღიარებს, მთავარია რუსეთი ხომ აღიარებს – ქვეყანა, რომელიც მთელ ევროპას და მსოფლიოს აზანზარებს და შიშის ზარს სცემს.
ნებისმიერმა ჩინოვნიკმა იცის, რომ აფხაზეთს თავისი ბიუჯეტი არ აქვს და ოსეთს მითუმეტეს. ვერც ვერასოდეს ექნება, რადგან იქ საამისო პირობები არაა. ერთიც და მეორეც რუსეთის ფულით ცხოვრობს. რუსეთი კი უანგარო, ხელგაშლილი ქველმოქმედი არასოდეს ყოფილა. ამიტომაც ვამბობ, რომ იქ სულ სხვა რეალობაა. ქართული პასპორტი რიგითი მოქალაქეებისათვის შეიძლება მიმზიდველიც იყოს, მაგრამ ეს თემა არაპოპულარულია. გულში შეიძლება ფიქრობდნენ კიდეც, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერ გაბედავენ. დემაგოგების მთელი არმია მათ მოღალატეებად გამოაცხადებს.
- ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ფონია შექმნილი. ამ ფონზე რამდენად ადეკვატური იყო ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა?
- მთავრობას რატომღაც ჰგონია, რომ თუკი ქუმსიშვილი გამოვა და იტყვის, რომ სვანეთში გამყიდველი ქალი ჯიბიდან ფულს ბღუჯით იღებდა, ჩვენ ყველა ჩავთვლით, რომ ე.ი. კარგად ვცხოვრობთ. ეს თურმე მინისტრს ჟრუანტელს ჰგვრის. მე ის მიკვირს, როგორ ხდება, რომ სულ რაღაც 2-3 წელიწადში მმართველი გუნდი ხალხსა და ხალხის გასაჭირს ასე შორდება. თავიანთ მოგონილ სამყაროში ცხოვრებენ. არ მესმის იმ დეპუტატის, რომელიც ამბობდა ლარის გაუფასურება ფასების ზრდას არ გამოიწვევსო. ნუთუ ეს ხალხი ან აფთიაქში არ შედის, ან ბაზარში არ დადის? გასაგებია, რომ მძღოლებს გზავნიან, მაგრამ ისინი თავიანთი ჯიბიდან ხომ არ ყიდულობენ, ამათ არ ეუბნებიან, როგორი ფასებია?
მთავრობა თავს იმით იმართლებს, რომ ამ ყველაფერს ობიექტური მიზეზები აქვს და ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც იგივე ხდება, მაგრამ მაშინ ქუმსიშვილმა აგვიხსნას, რატომაა სომხეთში ჩვენზე მაღალი პენსია? რატომაა წამლები და ბენზინი უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? აზერბაიჯანზე ხომ არაფერს ვამბობ, სომხეთზე ვსაუბრობ, რომელიც გეოგრაფიულად ჩვენზე უარეს დღეშია.
მთავარი ფინანსისტი ქუმსიშვილი სიამაყით რომ ამბობს, მთთვრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, პენსიები არ გაზარდოსო, იმაზე რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მინისტრებს ამხელა ხელფასები და დანამატები არ ჰქოდნეთ და მშიერ მოსახლეობას არ აღიზიანებდნენ? ბევრი ხორკლიანი შეკითხვა დაგროვდა, რომელზეც ჩვენ მინისტრებს პასუხი არა აქვთ. ჭკვიანი მინისტრები დუმან მაინც, მაგრამ ნაკლებადჭკვიანი მინისტრებიც გვყავს, რომლებიც სისულელეებსა და ტყუილებზე გადადიან.
- მთავრობამ სოციალური პროგრამების გაუქმება და სახეცვლილება დაიწყო. საყოველთაო ჯანდაცვაში რეფორმას აპირებს და ა.შ. როგორ ფიქრობთ, გამოიწვევს თუ არა ხალხის პროტეტს და ახდება თუ არა ოპონენტების წინასწარმეტყველება, რომ მთავრობა ერთ წელიწადში ჩამოიშლება?
- არა, ასეთ შედეგს არ ველი. ჯანდაცვის მინისტრი მაინც ადეკვატური გვყავს. მას ეყოფა იმდენი პატიოსნება, რომ გამოვიდეს და ხალხს აუხსნას, რომ ფული უბრალოდ არ არის. ჯანდაცვის მინისტრი ფულს ვერ მოჭრის. ის იმდენ ფულს გასცემს, რის საშუალებასაც ბიუჯეტი აძლევს.
- ანუ, სახალხო პროტესტს არ ელით?
- უკმაყოფილება, რასაკვირველია, იქნება. პროტესტიც იქნება, მაგრამ არაორგანიზებული. ქუჩაში რევოლუციურ გამოსვლებს, შევარდნებს, ბარიკადებს არ ველოდები. პროფკავშირები რომ არსებობდეს, კარგად ორგანიზებული უკმაყოფილო მასა უფრო სხვა გზით წავიდოდა და შედეგები არჩევნებზე გამოვლინდებოდა. ქუჩაში გამოსვლას ორგანიზება სჭირდება. მთელ მსოფლიოში ამას პროფკავშირები აკეთებენ. პროფკავშირების არარსებობის პირობებში კი უბრალოდ ბუზღუნი იქნება, პარლამერნტის სხდომებზე ორთქლის გამოშვება და ა.შ. რაც თანდათანობით დადგმული სპექტაკლების ფორმას მიიღებს. ქუჩაში კი სიმშვიდე იქნება. წამლებისა და საწვავის მონოპოლისტი კომპანიები ისევ კარტელურ გარიგებებს დადებენ და ა.შ.
——————–
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ხელისუფლებისთვის ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური დივიდენდი იქნება“
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
- ბატონო სოსო, ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
- პოლიტიკური თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაცია ძალზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიდის და ამ გზაზე არის წარმატება. რამდენად მოხდება ამ მიღწევის მატერიალიზაცია რიგითი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ ეს მხოლოდ სიმბოლოდ დარჩება, ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ. პოლიტიკური ელიტისთვის, ბიზნესელიტისთვის ევროპაში გადაადგილება, სწორედ ვიზების კუთხით, პრობლემა არც არასდროს ყოფილა. აქ საუბარია რიგით მოქალაქეზე, იმაზე, რომ მან დაამყაროს კონტაქტი ცივილიზებულ სამყაროსთან, გავიდეს ქვეყნიდან და ნახოს ევროპა.
- ამ გადაწყვეტილებას ხომ არ აკნინებს მძიმე სოციალური ფონი, რაზეც არის ხშირად აპელირება?
- არამც და არამც. ეს არის გზა, რომლისკენაც უნდა ვიაროთ შეუფერხებლად. სწორედ ამ გზაზე მიღებული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით პოლიტიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგება დღის წესრიგში: უფლებები და მოვალეობები. ჩვენი მამაპაპური ტრადიციით მხოლოდ უფლებებს განვიხილავთ და მოვალეობებზე ყოველთვის თვალს ვხუჭავთ.
- ბატონო სოსო, თქვენ პოლიტიკური მნიშვნელობა ახსენეთ, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ მე ამ შემთხვევაში ვიგულისხმე ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარება, როდესაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს, მას არ აქვს გარღვევა, ლარის კურსი დაეცა, უმუშევრობა მწვავედ დგას, ამ ფონზე რაღაც წარმატება ნებისმიერი ხელისუფალისთვის არის საშური საქმე. როდესაც საშინაო ფრონტზე ძალიან მწირია წარმატებები, საგარეო ფრონტზე ჩვენ ვხედავთ ზედიზედ პოლიტიკურ წარმატებას. ცალსახაა, რომ ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური დივიდენდი იქნება ამ ხელისუფლებისთვის. პირველი წარმატება იყო ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა, ეს მართლაც დიდი წარმატება ხალხმა დაივიწყა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ რიგითი მოქალაქე ასოცირების ხელშეკრულებიდან მისთვის ხელშესახებ სიკეთეს ვერ გრძნობს და ამიტომ მალევეც დაივიწყა.
- იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც?
- არა, მე წინასწარ მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი კიდევ, რათა ეს სიკეთეც დავიწყებას არ მიეცეს. თუმცა, აქვე უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და ამას არავინ არავის დაუკარგავს.
- ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე რამე დატვირთვა ექნება ამ წარმატებას?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმ ფონზე, რა მოვლენებიც განვითარდა ამ ბოლო დროს ევროკავშირში, ჩვენი ევროკავშირში შესვლის საკითხი სულ უფრო მითად იქცევა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ევროკავშირი დაიშალოს, მაგრამ რომც დაიშალოს, ჩვენ მაინც ვიძახდეთ იქნება, ევროკავშირში გვინდა და ოდესღაც მიგვიღებენ.
- უკრაინასთან ერთ პაკეტში ჩვენი მოქცევა რამდენად არის ამ კუთხით ხელსაყრელი?
- არ არის ხელსაყრელი. ჰოლანდია უკვე აცხადებს, რომ თუ უკრაინასთან ერთად არ იქნება საქართველო, მე მხარს დავუჭერო. ჰოლანდიას ვეტოს უფლება აქვს. ძალიან რთული მდგომარეობაა დღეს ევროპაში. მიგრანტების კრიზისი მძიმე ტვირთად აწევს და კიდევ კარგა ხანს დააწვება ევროპას. მას ტერორიზმის სერიოზული პრობლემა უდგას, ამ ფონზე ჩვენი საკითხი არ არის პრიორიტეტი.
- ვიზალიბერალიზაციის ჩამორთმევის საფრთხეზეც მინდა გკითხოთ.
- ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა. ამიტომ ევროპასთან ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, ბატონი დოლიძე, არც ერთ წუთს არ უნდა კარგავდეს და ყველას უნდა უხსნიდეს, რა მოვალეობები აქვთ ჩვენს მოქალაქეებს. მაგალითად, ისრაელთან გვაქვს ჩვენ უვიზო მიმოსვლა, მაგრამ იცით, რამდენ ადამიანს აბრუნებენ უკან? ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი.
ევროპის სკეპტიკოსი ქვეყნები, ბებერი ევროპა – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ჰოლანდია ცდილობდნენ, რაც შეიძლება მკაცრი ყოფილიყო შეჩერების მექანიზმი. უნდა მოხდეს დეტალურად განმარტება საზოგადოებისთვის, თუ რა არის შეჩერების მექანიზმში ჩადებული.
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ კობა ხაბაზთან: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვრჩები“ // „ხელფასი არასდროს ამიღია“
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის 20 წევრი დაფინანსების შემცირების მოტივით გაათავისუფლა. ამის თაობაზე განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა. გათავისუფლებულებს შორის არიან „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი კობა ხაბაზი, ასევე გოგა ონიანი. კულუარული ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიასა და კობა ხაბაზს შორის სერიოზული დაპირისპირება იყო. „თავისუფალი ზონა“ კი დღემდე მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში რჩება.
პარტიიდან კობა ხაბაზის და მისი თანამებრძოლების გამოშვება უკავშირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს, რა გეგმები აქვს |თავისუფალ ზონას|, რა დავალებები მიიღეს მიხეილ სააკაშვილისგან, ემზადებიან თუ არა მასშტაბური აქციებისთვის? – „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს „თავისუფალი ზონის“ დამფუძნებელი კობა ხაბაზი პასუხობს.
- ბატონო კობა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ 20 წევრი გამოგიშვეს. ოფიციალური ვერსია ასეთია, რომ დაფინანსების შემცირების გამო გადადგეს ეს ნაბიჯი. რა მოხდა რეალურად? გაჩნდა კულუარული ინფორმაციები, რომ რეალური მიზეზი სულ სხვაა. ასეა?
- პირველ რიგში, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი უძველესი წევრი და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია. აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია ჩემთვის ძიება, მიზეზები, ეს კულუარული იქნება თუ ოფიციალური. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პარტიაში ყოფნის მიზეზი არასდროს ყოფილა არც ხელფასი, არც თანამდებობა და არც სხვა სახის ანაზღაურება. მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი და ვრჩები, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალა, რომელსაც შეუძლია პირველ რიგში დაასრულოს ივანიშვილის რეჟიმი და ასევე საქართველო დააბრუნოს დემოკრატიულ გზაზე!
- მაშინ რა გახდა თქვენი გამოშვების მიზეზი?
- ნამდვილად მიჭირს ამ თემაზე საუბარი, განსაკუთრებით მიჭირს, რადგან ეს შეეხება ჩემს სამსახურიდან გათავისუფლებას და ეს შეეხება ჩემს ანაზღაურებას. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მწყდება გული იმ წევრების გათავისუფლების გამოც, ვის ზურგზეც გადადიოდა პარტიის ძირითადი საქმიანობები.
- პარტიაში ფინანსური პრობლემებიაო. თქვენ ამას ადასტურებთ?
- არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს სამსახურის ან ხელფასის გამო პრეტენზია მქონდეს. ბუნებრივია, პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ და გუნდი აგებულია არა ხელფასზე და სამსახურზე, არამედ ქვეყნის სიყვარულზე.
- ეს გადაწყვეტილება მიიღო იმ გუნდმა, ვინც ამჟამად მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეა?
- პარტიას ამჟამად ჰყავს იგივე ხელმძღვანელობა, რაც ჰყავდა ერთი წლის წინ, ორი წლის წინ.
- საუბარია, რომ იქ გიგა ბოკერია განკარგავს სიტუაციას და სწორედ მასთან მოგივიდათ სერიოზული დაპირისპირება, რომ ბოკერიამ საქმეები გაგირჩიათ. ასე იყო?
- მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. აქ არის საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიის მომავალზე. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. რაც შეეხება პარტიის მართვას, ვერ ვიტყვი, რომ სიტუაციას გიგა ბოკერია განკარგავს. თუ ავიღებთ პარტიის წევრებს, ავიღებთ ამომრჩევლებს, პარტიის მხარდამჭერებს, იქ არის ცალსახად ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც არის მომავალზე ორიენტირებული – ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკა. რაც შეეხება განსხვავებულ მოსაზრებებს და ორად გაყოფილ პოზიციას, ეს არის ლიდერშიფში და, დიახ, ვადასტურებ, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა, პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. 20 იანვარს დაგეგმილია მრავალათასიანი ყრილობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და იქ გაირკვევა ყველაფერი.
- დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი თქვენსა და ბოკერიას შორის სწორედ ეს ყრილობა გამხდარა. ამაზე რას იტყვით?
- მე ამ ყრილობას მხარს ვუჭერ, სწორედ პარტიის წევრები და ჩვენი მხარდამჭერები განსაზღვრავენ პარტიის მომავალს. იმას, თუ ვინ უნდა მართოს პარტია. მე დაგიდასტურეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის. ეს ყრილობა არ უნდა ჩატარდეს ვიწრო, ჩაკეტილ წრეში. ეს უნდა იყოს ყრილობა, სადაც ყველაზე მთავარი ღირებულება, რაც პარტიას აქვს, არის მისი წევრები და მისი მხარდამჭერები და სწორედ მათ მიეცემათ საკუთარი აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
- რას იტყვით „თავისუფალ ზონაზე“, რომლის დამფუძნებელიც ბრძანდებით? ყველასთვის ცნობილია, რომ „თავისუფალი ზონა“ აქტიურად თანამშრომლობს მიხეილ სააკაშვილთან. ითქვა, რომ მისგან სერიოზული დავალებები მიიღეთ. რას გეგმავთ და პარტიიდან თქვენს გამოშვებას ამ ამბებს ხომ არ უკავშირებთ?
- არანაირი დავალება არ მიგვიღია მიხეილ სააკაშვილისგან. ხოლო რაც შეეხება იმას, არსებობს თუ არა გეგმები? დიახ, არსებობს, რომელთაც ძალიან მარტივი ფორმულა აქვს: დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების სწორ გზაზე.
- რა თანამდებობა გეკავათ პარტიაში და, თუ საიდუმლო არ არის, რამდენს შეადგენდა თქვენი ხელფასი?
- ვმუშაობდი რეგიონალურ დეპარტამენტში. რაც შეეხება ხელფასს, გთხოვთ, არ გვინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ არასდროს ეს ხელფასი მე არ ამიღია. მთლიანად ჩემს ხელფასს ყოველთვის ვახმარდი „თავისუფალი ზონის“ იმ აქტივისტებს, რომლებიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან, გამომდინარე იქიდან, რომ `თავისუფალი ზონის~ ყველა წევრი, ვინც დასაქმებული იყო, ივანიშვილის რეჟიმის მიერ განდევნილია სამსახურიდან.
- ანუ შეგიძლიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უხელფასოდაც იმუშაოთ?
- რა თქმა უნდა, შემიძლია და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ მუშაობას. არსად არ მივდივარ.
- ანუ თქვენ მაინც რჩებით პარტიაში, მიუხედავად იმისა, რომ შეგამცირეს?
- განა მე ვგავარ იმ ადამიანს, რომელიც პარტიაში იმიტომ არის, რომ ხელფასს ღებულობს?! არა მარტო მე, არამედ ყველა ის წევრი, რომელიც იქნა გათავისუფლებული, ყველა რჩება პარტიის წევრად და აპირებს, ბოლომდე იბრძოლოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
- თქვენ აცხადებთ, რომ იბრძვით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ასევე სერიოზული ბრძოლა გაქვთ პარტიის შიგნით...
- რა თქმა უნდა, გვაქვს. არსებობს არა უბრალოდ განსხვავებული, არამედ ძალიან პრინციპული განსხვავება პარტიის მომავალთან დაკავშირებით და მთელ რიგ ამოცანათა შესახებ. აქ არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა, ოღონდ ვაკონკრეტებ – არა რიგით წევრებს შორის, არა პარტიის მხარდამჭერებს შორის, არამედ ბრძოლაა პარტიის ლიდერშიფში.
- მიხეილ სააკაშვილმა თუ შეიტყო თქვენი განთავისუფლების შესახებ და თუ აპირებთ მასთან კონსულტაციებს?
- რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის საქმის კურსშია პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობა“ მისთვის ყოველთვის პირველ ადგილას იქნება.
- „თავისუფალი ზონა“ გაზაფხულიდან მასშტაბური აქციებისთვის ემზადებაო. ასეა?
- გაზაფხულიდან რატომ? ზამთარში არა? სეზონებს რა მნიშვნელობა აქვს. „თავისუფალი ზონა“, როცა საჭიროება იქნება, აქციებს მაშინ ჩაატარებს. ჩვენ არ მივცემთ ივანიშვილის რეჟიმს იმის უფლებას, რომ საქართველო გადააქციოს თავის დუქნად! სამარცხვინო ხელისუფლება ჰყავს დღეს ჩვენს ქვეყანას. ივანიშვილი საქართველოში ჩვენი ქვეყნის დაკნინების, ქვეყნის დაქცევის და დესტაბილიზაციის კერის შექმნის მიზნით არის მოვლენილი რუსეთის ხელისუფლების მიერ!
- აქციების დაწყების შესახებ უკვე მიიღეთ მითითება მიხეილ სააკაშვილისგან?
- სააკაშვილისგან არანაირი მითითება არ მიგვიღია. ჩვენ აქციებს ყოველთვის ვმართავდით და კვლავაც გავაგრძელებთ ამას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რეჟიმი დამღუპველია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „მომავალი წლის შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნები ჩატარდება“ // „ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ნათესავებს არ აპატია შეცდომები და ამათ დაინდობს?“
რას უნდა ველოდოთ ივანიშვილისგან, ვინ აპირებს მედიის მოსპობას, რა მიზნით დაახარისხა არასამთავრობოები, ვის აუსრულა ხელისუფლებამ ოცნებები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.
ნიკოლოზ მჟავანაძე:
- 12 დეკემბერს პარლამენტის ხელმძღვანელობა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა. შეხვედრა სოროსის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული. ჩვენდა გასაკვირად, დეპუტატები მხოლოდ იმ არასამთავრობოებს შეხვდნენ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის ლანძწღვა-გინებით იყვნენ დაკავებული. სამაგიეროდ, არავინ შეხმიანებია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ.
ადრე არაერთხელ ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსება. ახლა ვიტყვი, რომ ეს პარტია სოროსის ოცნებად გადაიქცა. სოროსთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გითხრათ. ეს კაცი საქართველოთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაინტერესდა. ის ჩვენთან პირველად 1988 წელს ჩამოვიდა. მისი სტუმრობის შესახებ თავის წიგნში დეტალურად საუბრობს ჯუმბერ პატიაშვილი, რომელიც იმ დროისთვის ცეკას პირველი მდივანი იყო. ამ პირველი ვიზიტიდან 28 წლის თავზე, სოროსმა საქართველოს ხელისუფლების სათავეში მის მიერ დაფრთიანებული ხალხი მოიყვანა. ამ ხალხს მხოლოდ იმ არასამთავრობოებთან სურს დიალოგი, რომლებიც სოროსის იდეების გამტარებლები არიან.
- რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ არასამთავრობოებთან აპირებენ საუბარს, სხვა დროს იქნება არასოროსისტულ არასამთავრობოებს შეხვდნენ დეპუტატები?
- ეს იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან და იქ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა მიეწვიათ. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პარლამენტი სოროსის ბუდიდან გამოჩეკილებით არის სავსე, გასაგებია, რატომაც არ დაგვიძახეს ჩვენ. თავად ეს შეხვედრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა. ამ კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებენ ოპოზიცია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მუშაობაში არც სამოქალაქო სექტორი უნდა ჩაერთოს. ყველამ მარტო უნდა დატოვოს ეს ხელისუფლება, რომელიც სოროსის ოცნებად გადაიქცა და ისე მჭიდროდ ჩაეხუტნენ სოროსულ ასოებს, მეშინია, საერთო შვილი არ გაუჩნდეთ. აქამდე ეს ორგანიზაციები ხელისუფლების ლანძღვა-გინებით იყვნენ დაკავებული. ახლა მათი მხრიდან კრიტიკაც კი აღარ ისმის, ან ვინ უნდა გააკრიტიკონ, თამარ ჩუგოშვილი ვიცე-სპიკერია, ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილეა, ეკა ფოფხაძე სახალხო დამცველის ოფისში მუშაობს, ეკა გიგაურს მომავალ სახალხო დამცველად ამზადებენ.
- ეკა გიგაურის სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენა გადაწყვეტილი ამბავია?
- ამის შესახებ პირველი საჯარო განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. ეს ინფორმაცია არც გიგაურმა უარყო და არც – „ქართულმა ოცნებამ“. სოროსელების დაწინაურებას ეხ ხელისუფლება ძალიან ინანებს.
- რატომ ინანებს?
- მრავალი მიზეზის გამო. პირველ რიგში, სანანებელი საკუთარი განცხადებები გაუხდებათ. თავი განათლებულებად მოაქვთ, ამ დროს სისულელეების თქმაზე კონკურსი აქვთ გამოცხადებული. ქანთარია, მაღრაძე, ზოიძე, ქუმსიშვილი ერთმანეთს სისულელეების თქმაში ეჯიბრებიან. ამათი სულელური განცხადებების ციტირება შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც გავიხსენებ. საკუთარი თავის მტერი თუ არა ხარ, როგორ უნდა თქვა, რომ საწვავის გაძვირება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. ამას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს. ბარემ ცომეული აკრძალეთ, ადამიანს ასუქებს.
იგივე ზოიძემ ისიც თქვა, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი ტაძართან მიგვიყვანსო. ენძელა მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ადამიანი თავისუფალია და შეუძლია, ტელევიზორზეც იქორწინოსო. ქანთარია გამოვიდა და კომბლეფობ ჯეჯელავას ამართლებს. ახალი სახე ხულორდავა ამბობს, ჩვენ და ნაციონალებს საერთო ინტერესები გვაქვსო.
რამდენიმე დეპუტატი ამბობს, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას დავუჭერთ მხარსო. ეს პარლამენტი ისედაც დაბოლილის შთაბეჭდილებას ტოვებს და კიდევ დაბოლება უნდათ? კიდევ კარგი, გამოვიდა სოფო კილაძე და ამის წინააღმდეგ გაილაშქრა.
არადა, ცოტა ხნის წინ, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე გაკეთებული განცხადების გამო კინაღამ მოკლეს. გოგი თოფაძე ლამის ჩაქოლეს, არადა ის კაცი იმას ამბობდა, რასაც დონალდ ტრამპი აცხადებს. წინა მოწვევის პარლამენტში მართლა ძალიან ბევრი სისულელე ითქვა, მაგრამ რაც ახლებმა ერთ კვირაში თქვეს, იმათ მთელი 4 წლის მანძილზე არ უთქვამთ. ამათი განცხადებები მარტო სასაცილო კი არ არის, დანაშაულებრივ ნიშნებსაც შეიცავს.
- დანაშაულებრივ ნიშნებს რატომ შეიცავს?
- მშიერ ადამიანს რომ დასცინებ, დანაშაულია, აბა რა არის? ღარიბაშვილის და ივანიშვილისგან განსხვავებით, ამათ პულსზე ხელი არ უჭირავთ და ერთი რა ტაძრამდე მიიყვანთ არჩეული გზა, მალე ვნახავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ახალი წლების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვა და ამათ კაბინეტებიდან კომბლებით გამოყრის და მერე ჩაეხუტონ სოროსის გამოზრდილ არასამთავრობოებს.
ერთ სისულელესაც გავიხსენებ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. ის ამბობს, ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე კონსტიტუციაში არც ერთ ცვლილებას არ შევიტანთო. ახლა რა გამოდის, ვენეციის კომისიამ რომ გვითხრას, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარეთო, უნდა ვაღიაროთ? ან რას ჰქვია ვენეციის კომისიის მითითებების მიხედვით იმოქმედებენ, ეგენი ვენეციის კომისიამ აირჩია თუ ამ ქვეყნის მოსახლეობამ?
მათ დაავიწყდათ, რომ ხალხმა ივანიშვილის ხათრით აირჩია. ხალხმა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო ხულორდავა, კილაძე, გუგულები და ენძელები. 2017 წელს საქართველოში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები. არსებული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალია, რომ ამ დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ თემაზე სერიოზულად მიდის საუბარი. შესაძლოა, `ოცნება~ სწორედ ამ არჩევნებმა გადაარჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხალხი დაამხობს.
ამ საფრთხეებს უკვე გრძნობენ და მედიის გაჩუმებასაც აპირებენ. ახლა შემოაქვთ კანონი ცილისწამებაზე. ეს კანონი თუ მიიღეს, იცოდეთ, საქართველოში მედია მოკვდება. ცილისწამების წინააღმდეგი მეც ვარ, მაგრამ ახალი რეგულაციების დაწესება არ უნდა მოხდეს. ახლაც არის რაღაც ჩარჩოები და უნდა მოხდეს მისი გამკაცრება.
- რისი გამკაცრებაა დასაშვები?
- სახელგამტეხი ინფორმაციების გავრცელებაზე მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. შოთა ფაფიაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებების მიღება თავისუფალ მედიას მოკლავს. შოთა ფაფიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის მამაა. ეს ფაფიაშვილები, ეტყობა, ახალი ხელისუფლებისთვის თავის მოწონებას ცდილობენ, ან რაღაც სხვა მიზეზია და მე არ ვიცი. „ქართულ ოცნებას“ კი შევახსენებ, რომ სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას აქვს. თუ ეს ცვლილებები შევიდა, დეპუტატებიც ვერ გააკეთებენ განცხადებებს.
დეპუტატობაც უკვე ფორმალობა გახდა. ის ადამიანები, რომლებიც მართლა სამშობლოსთვის არიან გულანთებული, უმცირესობაში არიან და ვერაფერს გადაწყვეტენ. ამ პარლამენტში ბურთი და მოედანი სოროსის გამოზრდილების მხარესაა. ამ ბურთს სათავისოდ ვერ გამოიყებენ, საკუთარ კარში გაიტანენ ავტოგოლებს და ისედაც გაღიზიანებულ მოსახლეობას კიდევ უფრო გააღიზიანებენ. ხალხი კბილებს ილესავს, ზოგს კომბლებიც აქვს გამზადებული.
- მოდით, ვადამდელი არჩევნების თემას დავუბრუნდეთ. ამბობთ, რომ ამ თემაზე სერიოზულად მიდის საუბარი და უფრო დეტალურად შეგიძლიათ გვითხრათ?
- ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ წვეტიან აზრებს აფრქვევენ, რომ შეუძლებელია, საქმე აქამდე არ მივიდეს. ამათი ქმედებებით თავად `ოცნების~ წევრები არიან უკმაყოფილო.
იყო ასეთი მსაჯი გურამ ასკაროღლი. საქართველოს ჩემპიონატზე მსაჯობდა. ერთხელ ვკითხე, როცა მთელი სტადიონი გაგინებს, არ გიჭირს მსაჯობა-თქო. მითხრა, რას ლაპარაკობ, რა მიჭირს, როცა მაგინებენ, ექსტაზში შევდივარ და უკეთესად ვმსაჯობო. ჩვენი დეპუტატები, ეტყობა, ხალხის გინებისგან სიამოვნებას ღებულობენ და ამიტომ იქცევიან ასე.
არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა, მაგრამ ყველა პარლამენტი წინაზე უარესია. ეს პარლამენტი კი ყველაზე საშინელია. თავის დროზე მიხეილ ყაველაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის უფლება არ მისცეს, რადგან დიპლომი არ ჰქონდა. პარლამენტში კი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. გამოდის, რომ პარლამენტში არაფრის ცოდნა არ არის საჭირო?
კარგად მახსოვს, ამ წლის დასაწყისში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება. მან თქვა, ახალ პარლამენტში სპორტსმენები და მომღერლები ვერ მოხვდებიანო, ახლა ის პარლამენტის თავმჯდომარეა და დეპუტატებად სწორედ ეს ხალხი უზის. ისეთი დონის ფეხბურთელები არიან პარლამენტში, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს თამაშს მოუგებენ, მომღერალი ზაზა ხუციშვილი კი ეკონომიკაზე აკეთებს კომენტარებს.
ამათ სისულელეებს მართლა აღარ აქვს საზღვარი და ერთხელაც იქნება, მათ ამბავს ბიძინა ივანიშვილი მოიკითხავს და მერე მართლა ცუდად წაუვათ საქმე.
- რატომ გგონიათ, რომ ცუდად წაუვათ საქმე?
- ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ნათესავებს არ აპატია შეცდომები და გადაცდომები და ამათ, მით უმეტეს, არ აპატიებს. იმან რომ აპატიოს, ხალხი აღარ აპატიებს.
„ახალი თაობა“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ვერ გახდება“
პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე საუბრობს.
- ბატონო პეტრე, საკონსტიტუციო კომისიის შექმნა პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა, რადგან პარლამენტმა შექმნა კომისია და პრეზიდენტი თანათავმჯდომარედ არ დაამტკიცა. მარგველაშვილი უარს ამბობს კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
- განვითარდება უპრობლემოდ, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვათ სიმართლე, რატომ არის წინააღმდეგობა. ყველამ იცის, რომ ივანიშვილს უნდა, პარლამენტმა თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი და ეს არ იყოს საერთო-სახალხო საყოველთაო არჩევნები. ასეა ბევრ ქვეყანაში.
- მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია იმდენი ჭრა და კერა და პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად დაამცრო, ახლა, მგონი, ვეღარც არკვევენ, რა როგორ არის და როგორ სჯობს...
- მსოფლიოში აპრობირებულია საპარლამენტო რესპუბლიკების კონსტიტუციები. საპარლამენტო რესპუბლიკებში პრინციპი ყველგან ერთი და იგივეა, პრეზიდენტი ამ დროს ძირითადად წარმომადგენლობითი და უზენაესი არბიტრის ფუნქციის მქონეა. მრავალი ასეთი ქვეყანაა და ჩვენ არც კი გვახსოვს იმ ქვეყნების პრეზიდენტების გვარი.
- შეიძლება ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ხელოვნურად ქმნის წინააღმდეგობებს?
- თავის დროზე სააკაშვილმა კონსტიტუცია რომ ჭრა და კერა, არც საპრეზიდენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია დატოვა, არც საპარლამენტო კონსტიტუცია შექმნა. უსუფაშვილმა თვეების წინ კარგად თქვა, რომ ჩვენ ვართ ზესაპრემიერმინისტრო მმართველობის ქვეყანა. სააკაშვილმა შექმნა უნიკალური კონსტიტუცია, რომლის ანალოგი არ არსებობს.
- თავისთვის შექმნა...
- დიახ. სააკაშვილი ფიქრობდა, ვინც თვითონ უნდოდა არაფრისმაქნის და მორჩილ პრეზიდენტად, მას დასვამდა, რომელიც ისევე შეასრულებდა დავალებას, როგორც მერაბიშვილის დავალებას ასრულებდნენ პრემიერი გილაური თუ პარლამენტის ნებისმიერი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე თუ სხვა. მერაბიშვილი კი არა მერაბიშვილის მოადგილეები ურეკავდნენ მათ, დავალებას აძლევდნენ. თავის თავს ის პრემიერ-მინისტრად ხედავდა. ამიტომ შექმნა ეკლექტური სისტემა, სადაც ერთი მხრივ, პრეზიდენტი ფორმალურად უმაღლესი მთავარსარდალია, მეორე მხრივ, არანაირი რეალური უფლება არ აქვს _ საზღვარგარეთ ვერ წავა, თუ მთავრობა არ დაეთანხმა.
- განცხადებებს მისი სახელით ავრცელებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. აცხადებენ, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს ფართო ჩართულობისა და კონსენსუსის საფუძველზე...
- ამაში იგულისხმება მხოლოდ ერთი რამ _ როგორც მითხრეს, პირადად მარგველაშვილს უნდა, რომ დარჩეს საერთო-სახალხო არჩევნები, ვინაიდან მას ჰგონია, რომ ისევ აირჩევენ პრეზიდენტად.
- საპარლამენტო წარმომადგენლობას მარგველაშვილის შეთავაზება რომ გაეთვალისწინებინა და საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარე ყოფილიყო, მაშინ ცვლილებების განხორციელება ნებისმიერი მიმართულებით გაძნელდებოდა?
- არ გაძნელდებოდა, მაგრამ ხმაური და სკანდალი მეტი იქნებოდა. მეორეც – არ გამიგია, პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიაში თანათავმჯდომარე იყოს. რა დგას ამის უკან? ამის უკან დგას ის, რომ ივანიშვილს უნდა, რომ შემდეგი არჩევნები იყოს პარლამენტის წიაღში და სრულიად მართული იქნება პროცესი – ვისაც დაადებენ ხელს, ის გახდება პრეზიდენტი. ისევე, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა თქვა, მინდა მარგველაშვილი იყოს პრეზიდენტიო და ხალხმა მარგველაშვილს ხმა მისცა ივანიშვილის ხათრით.
- ანუ მომავალში ისეთი უფლებების მქონე პრეზიდენტი იქნება, როგორიც არის სხვა ქვეყნებში ჩვეულებრივ საპარლამენტო მმართველობის პირობებში?
- რა თქმა უნდა. მე ინსტიტუციურად ვუდგები და არა – პიროვნულად. ინსტიტუციურად სწორია – საქართველო უნდა გადავიდეს კლასიკურ საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს ან ზოგჯერ პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები მონაწილეობდნენ. ეს იყო ვახტანგ ხმალაძის წინადადება.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებში ბევრი რამ არის ეჭვის ქვეშ დაყენებული. მათ შორის, თვით საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმაციის საკითხიც. საკონსტიტუციო კომისია უნდა იქმნებოდეს საყოველთაო კონსენსუსისა და კონსულტაციების საფუძველზე, ანუ თავიდანვე ეჭვია გაჩენილი...
- მხოლოდ ამის გამო, სხვა საფუძველი არ აქვთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს უარს არავინ ეუბნება, ჩაერთონ კომისიაში.
- მე მგონი, პრეზიდენტს უნდოდა, პირადად, უშუალოდ ყოფილიყო კომისიაში და მის მუშაობაში მონაწილეობა მიეღო.…
- თუ უნდოდა, ეს ავლენს მის პირად დაინტერესებას.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც მარგველაშვილის პოზიციას ახმოვანებს, ასეთი ფორმულირება აქვთ მისადაგებული ამ ყველაფერზე, რომ ქართულ კონსტიტუციონალიზმს აქვს კონკრეტულ ადამიანებსა და კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგების სამწუხარო ტრადიცია. ეს რომ ავიცილოთ, ამის ერთადერთი საშუალებაა ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების ამუშავებაო...
- როგორიც უნდა იყოს რეალური მოტივი, მარგველაშვილი სხვანაირად არც იტყოდა. თუმცა, ფრაზა ნამდვილად სწორია. ჩვენ ამას მოვესწარით სააკაშვილის დროს, ჯერ კიდევ 2004 წელს.
- შეიძლება მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს?
- გუნდში ტრიალებს ფრაზა, რა ვქნათ, პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში ვეღარ გადმოვიტანთ იმიტომ, რომ ივანიშვილმა თქვა, იმერლებს ვერ ვაწყენინებო.
- ვინ თქვა ეს?
- „ქართული ოცნების“ გუნდში ყველამ იცის. თუ აკვირდებით, გაისუსნენ, „ოცნების“ წარმომადგენლები აღარ საუბრობენ პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე. საკმარისი იყო გავრცელებულიყო აზრი. ბიძინამ ეს ან თქვა, ან არ უთქვამს, მაგრამ გუნდში გავრცელდა აზრი. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც თქვა. ამ საკითხზე საუბარს გუნდის წევრები ერიდებიან, დამიჯერეთ.
- გიორგი მარგველაშვილის ფიგურას პრეზიდენტობამ პოლიტიკური წონა არ შემატა?
- რა თქმა უნდა, შემატა იმ გაგებით, რომ ყველასთვის ცნობადი გახდა. ვინ იცნობდა მარგველაშვილს, ძალიან ვიწრო წრის გარდა, სანამ კენჭი არ იყარა. ივანიშვილი გვერდით დაუდგა მას და თქვა, რომ ის იყო უალტერნატივო კანდიდატი. მარგველაშვილმა თქვა, დღეიდან რასაც მე და ბიძინა გეტყვით, ის არის ჭეშმარიტება და ხალხს იმის კეთება მოუწევსო (გახსოვთ, ეს საოცარი განცხადება, მთელი სკანდალი იყო). ამის შემდეგ ის პრეზიდენტად აირჩიეს. პრეზიდენტს კი აქვს ჩვენს ქვეყანაში 100%-იანი ცნობადობა. სხვა საქმეა, თავისი რეალური რეიტინგი რა არის. ძალიან ცნობადები იყვნენ უსუფაშვილი და ხიდაშელი, მაგრამ ცოლ-ქმარმა ხიდაშელებმა და მთელმა დანარჩენმა პარტიამ პროცენტნახევარი ხმები შეაგროვეს.
- ანუ გიორგი მარგველაშვილი თუ გადაწყვეტს მეორე ვადით კენჭისყრას, მაგრამ პარტია, ან ისეთი ძლიერი ფიგურა არ ედგება გვერდით, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ვერ მოიპოვებს ხმების იმ რაოდენობას, რომ პრეზიდენტი გახდეს?
- მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი ვერ მიიღებს ხმებს მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის. ხალხში ვერ მოიპოვა პოპულარობა, ღარიბაშვილს მეტი პოპულარობა ჰქონდა. მარგველაშვილი თუ ვინმეს ახსენდება, მისი მრავალფეროვანი და მდიდარი სექსით.
- ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება იყოს მომავალი პრეზიდენტი?
- ეს ერთხელ ივანიშვილმა თქვა.
- ეს მარგველაშვილის წისქვილზე არ ასხამს წყალს.
- ლაპარაკიც ზედმეტია. იმ კრიტიკის შემდეგ `ოცნებიდან~ მარგველაშვილს მხარს არავინ დაუჭერს. თუ კონსტიტუციით წარდგენის წესი შეიცვალა, სადაც `ოცნებას~ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატიც კი ვერ იქნება.
——————–
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
მოხმარება მცირდება, ბიზნესი თანდათან ჩიხში ექცევა // „ხალხი მოდის ბაზარში პროდუქტის შესაძენად და უკან ხელცარიელი ბრუნდება“
ნათია ლომიძე
სამომხმარებლო ბაზარი კლიენტების ნაკლებობას განიცდის. ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მკვეთრად შეამცირა. მოვაჭრეებიც მყიდველთა რაოდენობას უჩიავიან და თავიანთ სავაჭრო ობიექტებში მარაგს ამცირებენ. მდგომარეობის სიმძიმეზე საუბრობენ, როგორც რიგითი მომხმარებლები ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, ისინი საქმიანობის შეჩერებას არ გამორიცხავენ.
ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერთნაირად შეეხო, როგორც მყიდველს, ასევე სხვადასხვა ობიექტების მფლობელებსაც. სპეციალისტების აზრით, სიტუაცია დამძიმდა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი სასწრაფოდ უნდა გამოფხიზლდეს.
ბაზარზე მომხმარებლების შემცირებაზე საუბრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე და მთავარ მიზეზად, არა მარტო ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, არამედ მოსალოდნელ მაღალ ინფლაციასაც უკავშირებს. მისი აზრით, ფასების ზრდა გარდაუვალია, თუმცა ჯერ ბაზარზე, საკმარისი მარაგია იმისათვის, რომ გარკვეული დროით სტაბილური ვითარების შენარჩუნებას მოხერხდეს.
“მოხმარების შემცირება მარტო ლარის კურსის მერყეობით არ არის გამოწვეული, ამის მიზეზი ფასების ზრდაცაა. რამდენადაც ჩვენი ბაზრის 70% იმპორტზეა დამოკიდებული, ამიტომ დევალვაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ თავს იჩენს პროდუქციის გაძვირებაში. ვალუტის გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე მყისიერად არ აისახება, არამედ გარკვეული დროის შემდეგ გამოვლინდება. მანამდე კი არსებობს რეზერვები.
როდესაც კურსი სწრაფად ეცემა და ამ სიტუაციას არ აქვს ახსნა, ბიზნესი ცდილობს შექმნას ე.წ. უსაფრთხოების ბალიში და ფასში ასახავს არა მარტო ეროვნული ვალუტის დაცემის კომპონენტს, არამედ, გარკვეულწილად, თადარიგს იჭერს და უფრო მეტად აძვირებს საქონელს. ჩვენთან ასეთი პრობლემა არ ყოფილა და ჯერ მკვეთრ გაძვირებას არ ვაწყდებით, თუმცა აუცილებელია ვითარება მართვადი გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასები აუცილებლად მაღლა წავა და მოხმარებაც დაიკლებს”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას არჩვაძემ და კიდევ ერთ მიზეზს გაუსვა ხაზი, რომელიც საკრედიტო მომსახურებასა და სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულებებს უკავშირდება.
“მოსახლეობას მუდმივად ფინანსური რესურსის სიმწირე აქვს. მათ ხარჯებში საკრედიტო ვალდებულებების გასტუმრებას დიდი ადგილი უჭირავს. შესაბამისად, თუკი იზრდება საკრედიტო დაწესებულებებისა და კომერციული ბანკების მოხმარების რაოდენობა, გამოდის, რომ სესხების ხარჯზე ხდება ფულადი რესურსების გადანაწილება. ეს ვალდებულებები კი მომხმარებელს სხვა მომსახურებაზე უარის თქმას აიძულებს.
ხელისუფლების ამოცანაა დაარეგულიროს საბანკო და სხვა სახის საკრედიტო დაწესებულებები საქმიანობა, რომ არც მოსახლეობა დაზარალდეს და არც ბიზნესი. ეს ხელს შეუწყობს სოციალური სოლიდარობის გაზრდას, რადგან ხალხის კეთილდღეობა გაიზრდება”, – აღნიშნა არჩვაძემ.
საბაზრო სექტორში მოხმარების შემცირებას ლარის დევალვაციასა და ინფლაციას უკავშირებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი თქმით, როდესაც მოხმარება ეცემა, იკვეცება ეკონომიკის მასშტაბებიც, რაც საბოლოოდ ქვეყნაში მძიმე ვითარებას იწვევს. აკადემიკოსმა არსებულ კურსზეც გაამახვილა ყურადღება და 2.66-ის ნიშნული გადაჭარბებულად შეაფასა.
“დევალვაციისა და ინფლაციის პერიოდში მომხმარებელი სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნას ამცირებს. ეს კი კარგს არაფერს მოასწავებს. თუ მოთხოვნა არ არის ამა თუ იმ პროდუქტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოებაც არ იქნება. მართალია ჩვენთან არ არის კლასიკური საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ თუ მომხმარებელი მოთხოვნას ამცირებს, ბუნებრივია, ეკონომიკის მასშტაბებიც იკვეცება. ეს გარდაუვალი პროცესია, განსაკუთრებით იმ მძიმე სიტუაციაში, რომელიც ლარის დევალვაციამ გამოიწვია.
ცოტა ხნის წინ თუ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ 2.50-იანი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით ძალიან დიდი მაჩვენებელია, დღეს, სამწუხაროდ, ვსაუბრობთ, რომ იქნებ ამ ფარგლებში მოხდეს კურსის დაბრუნება. საოცარია, მაგრამ ეს კურსი სანატრელი გაგვიხდა. რაც არ უნდა ვისაუბროთ, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია, რეალობა სხვაგვარია. ხალხი გამოდის ბაზარზე პროდუქტის შესაძენად და უკან ხელცარიელი ბრუნდება, რადგან ყველაფერი გაძვირებულია. აქედან გამომდინარე, უნდა ვაღიაროთ, რომ რეალური ინფლაცია მაღალია.
ლარის გაუფასურება და ინფლაცია თავისთავად იწვევს მოხმარების შემცირებას. ეს, ბუნებრივია, ბიზნესზეც უარყოფით გავლენას ახდენს. გასაგებია, რომ საგარეო ფაქტორებიც არის, მაგრამ არ უნდა ვთქვათ, რომ მარტო გარე ფაქტორები განაპირობებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ძალიან ბევრია დამოკიდებული შესაბამის უწყებებზე და მათ გადაწყვეტილებებზე”, – აღნიშნა სილაგაძემ და არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს როლზეც გაამახვილა ყურადღება.
მოსახლეობა რომ სხვადასხვა საქონელზე მოხმარებას ამცირებს, ამას ადასტურებს თბილისის ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ირმა ლევერაშვილი. მისი თქმით, შექმნილი ვითარება, ძნელი ასატანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნესისათვის. თუ სიატუაცია არ დასტაბილურდა, იგი კომერციული ობიექტის დახურვას და საქმიანობის შეწყვეტას არ გამორიცხავს.
“საგრძნობლად შემიმცირდა რეალიზაცია. ტანსაცმლის მაღაზია მაქვს და ბოლო დროს სამუშაო დღეს ისე ვასრულებ ერთი ნივთიც კი არ მაქვს გაყიდული. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხალხს ფული არ აქვს რამეს შესაძენად. აქ ტანსაცმელზე აღარ მაქვს საუბარი, სასურსათო მაღაზიებიც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. მეც ხომ თავად მომხმარეველი ვარ და გარკვეული ნივთების თუ პროდუქტების შეძენა საგრძნობლად შევამცირე. ამის მთავარი მიზეზი გაზრდილი ფასები და გაუფასურებული ვალუტაა, რომელიც საშუალებას არ იძლევა ძველებურად ვხარჯოთ ფული.
ასეთი ვითარება არასახარბიელოა ბიზნესისთვის. არ გამიკვირდება, თუკი ჩემს სავაჭრო ობიექტსაც დავხურავ, რადგან შემოსავალს გასავალი უსწრებს. მსგავსი გაუთვლელი ხარჯისთვის მზად ნამდვილად არ ვყოფილვარ”, – განაცხადა ირმა ლევერაშვილმა.
მომხმარებელი ნინო გობეჩია ადასტურებს, რომ ბაზარზე პროდუქტი საკმაოდ არის გაძვირებული, ამიტომაც ყიდვის ლიმიტი საგრძნობლად შეამცირა. მისი თვიური შემოსავალი ზედმეტი ხარჯის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც უბნის მაღაზიას მიმართავს, საიდანაც პროდუქტის გამოტანა ნისიად შეუძლია.
“ბოლო პერიოდია რაც ბაზარს და მსხვილ სავაჭრო ობიექტებს იშვიათად ვაკითხავ. თუკი რამდენიმე თვის წინ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ დავდიოდი საყიდლებზე, ახლა კვირა ისე გავა, ბაზარში ან მაღაზიაში არ მივდივარ შენაძენებისთვის. ოჯახის შემოსავალი არ მყოფნის ყველა ხარჯისთვის და ვცდილობ, უბნის მაღაზიას მივაკითხო საიდანაც პროდუქტის ნისიად გამოტანა შემიძლია”, – განუცხადა “რეზონანსს” ნინო გობეჩიამ.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ლარის გაუფასურება ექსპორტს ვერაფრით დაეხმარა
ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული, რომლის ფასიც მატულობს
მარი ჩიტაია
ლარის დევალვაციის ფონზე ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებაზე აქტიურად მიდის საუბარი. მთავრობაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ექსპორტს ახალისებს, რეალურად კი სრულიად საპირისპირო სურათი გვაქვს. ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, უცხოურ ნედლეულზეა დამოკიდებული. მისი ფასი კი მატულობს. ამიტომ საექსპორტო პროდუქციაც ძვირდება და საბოლოო ჯამში ერთ ადგილს ვტკეპნით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში, ექსპორტმა წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტით დაიკლო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა.
რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს მთავრობას დამაიმედებელ ფაქტორს აქაც პოულობს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, ექსპორტი მხოლოდ თანხაშია შემცირებული და ერთეულებში კლება არ ფიქსირდება.
“საერთო მოთხოვნა იმ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი საორიენტაციო, საექსპორტო ბაზრები, უბრალოდ, შემცირებულია. ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რომლებზეც ზემოქმედების ძალა ჩვენ შეზღუდული გვაქვს. როდესაც მთავრობამ დაინახა, რომ ძირითად ბაზრებზე, რომლებზეც ვიყავით დამოკიდებული, საერთო მოთხოვნა მცირდებოდა, დაიწყო იმ გეგმის განხორციელება, რომელსაც ჰქვია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლა. სწორედ ამიტომ დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან და ა.შ. გვინდა უფრო დივერსიფიცირებული ბაზარი გვქონდეს”, – განაცხადა გახარიამ.
ლარის გაუფასურების ექსპორტის სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობებზე საუბრობს პარლამენტის წევრი ირაკლი კოვზანაძეც. მისი აზრით, აღნიშნული ამოცანის გადაჭრას ბიუჯეტის პროექტი ამომწურავად პასუხობს.
კერძოდ, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, ლარის დევალვაციამ რამდენიმე პოზიტიური ფაქტორი მოგვცა. ეს არის ექსპორტის კონკურენტუნარიანობა, გზავნილების ლარში გამოსახული ღირებულება და საგარეო ბუფერები.
“ხელისუფლების სტრატეგია უნდა იყოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებლების გაუმჯობესება, საგადასახადო ბალანსის დეფიციტის გაუმჯობესება, სამომხმარებლო ფასების ზომიერი ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარების პირობებში და ვფიქრობ, აღნიშნული ამოცანის გადაჭრას სრულად პასუხობს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთავრობას ექსპორტის ხელშეწყობა და ზოგადად, ლარის გაუფასურების გავლენა ამ პროცესზე, განსხვავებულად ესმის. აბსოლუტურად სხვა მოსაზრება აქვთ ეკონომისტებს, რომელთა შეფასებითაც, ექსპორტზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გავლენა მინიმალურია და ვერც სამომავლოდ გახდება განმსაზღვრელი, რა ზომებიც არ უნდა იქნას მიღებული.
საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დამატებითი ღირებულების პროდუქციის შექმნაზე იზრუნოს, რომლის პარალელურადაც ქვეყანაში მომსახურების ექსპორტი უნდა განვითარდეს.
“ექსპორტის წახალისების თემა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყოველთვის აქტუალური იყო. ასეა დღესაც, ამდენი წელი გავიდა და ჩვენი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ვერ მოვახდინეთ. ამიტომ მიდგომა უნდა შეცვალოთ. პირველ რიგში, უნდა მოვახერხოთ მასობრივი პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა, სადაც კი ეს შესაძლებელია. რეგიონალურ-სექტორულ სტრატეგიას უნდა მიექცეს ყურადღება და წახალისდეს მომსახურების ექსპორტი, სადაც რეალურად მაღალი პოტენციალი გვაქვს.
ბოლო წლებში რუსეთის ბაზრის გაიხსნამ ღვინის ექსპორტი მკვეთრად გაზარდა. რაც შეეხება თხილს, ამ პროდუქტის წარმატება დამოკიდებულია მოსავლიანობასა და ფასზე, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ყალიბდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უფრო დამატებითი ღირებულების პროდუქციაზე გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად, თხილის ნაცვლად თხილის ზეთი ან დამარალებული თხილის ვაწარმოოთ, მაგრამ აქამდე ვერ მივდივართ. როდესაც თხილს ვყიდით, ჩვენი კლიენტები ხდებიან შოკოლადის და ნაყინის მწარმოებელი კომპანიები, მაგრამ თხილის ზეთს თუ ვაწარმოებთ, გაცილებით სხვა, უფრო მომგებიან ბაზარს ავითვისებთ. ზუსტად იგივეა, როცა ჩვენ ვყიდით ოქროს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ოქროს სამკაული გაგვეყიდა, რისი რესურსიც, გარკვეულწილად, გვაქვს”, – ამბობს ღაღანიძე.
რაც შეეხება მომსახურების ექსპორტს, ღაღანიძის მოსაზრებით, აქცენტი ტურიზმზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე უნდა გაკეთდეს. ამ მხრივ პოტენციალი დიდია.
“ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს თავიდან შექმნაზეა საუბარი, რომელიც საპარტნიორო ფონდის ეგიდის ქვეშ უნდა ჩამოყალიბდეს. ამისთვის ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას შევუწყოთ ხელი. მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი მრეწველობა განვავითაროთ, რომ ქვეყნიდან მაღალი ღირებულების პროდუქცია გავიდეს.
მომსახურების ექსპორტში უდიდესი პოტენციალი აქვს ტურიზმს, განათლებას და ჯანდაცვას. მაგალითად, როდესაც უცხოეული სტუდენტი სასწავლებლად ჩამოდის, მას საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვს. დავუშვათ, 10 თვე ცხოვრობს საქართველოში. მის მიერ გაწეულ ხარჯში ოფიციალურად აღირიცხება სწავლის საფასური, მაგრამ ბინა რომ დაიქირავა, იკვებება, ტრანსპორტში ფულს ხარჯავს და სხვა, ყველაფერი ეს ფარული ექსპორტია, რაც მომგებიანია ქვეყნისთვის.
როდესაც საუბრობენ, რომ ექსპორტზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება დადებითად აისახება და ეს მიდგომა თეორიულად არსებობს, ამის დამადასტურებული ფაქტი არ გვაქვს. ამიტომ ასეთი დამოკიდებულება დიდად არაფერს მოგვიტანს, წარმატების მისაღწევად სხვა მექანიზმებია ასამუშავებელი”, – აცახდებს გიორგი ღაღანიძე.
ექსპორტის შესაძლებლობებზე საუბრობენ ფინანსისტებიც, რომელთა შეფასებითაც, ქვეყანამ აქცენტი რეალური სექტორის განვითარებაზე უნდა გააკეთოს.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ექსპორტის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად მიიჩნევს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემას. ეს მიმართულება კი საქართველოში ჯერ ვერ განვითარდა, რაც ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ნეგატიურად აისახება.
“ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს. ამიტომაა, რომ საქართველოს ექსპორტში დიდი წილი რეექსპორტს უჭირავს. რაც იწარმოება, ისიც უცხოური ნედლეულის გამოყენებით, ფაქტობრივად, აქაც რეექსპორტს ვახდენთ. ამ შემთხვევაში კი ლარის კურსის გაუფასურება თუ სარგებელს აძლევს ექსპორტიორს, იმპორტს აზარალებს, განსაკუთრებით, თუ უცხოური ნედლეული გამოიყენება.
რეალური სექტორი უნდა ჩამოვაყალიბოთ, ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ და შემდეგ ვიზრუნოთ ექსპორტის ხელშეწყობაზე. მართალია, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 9600 პროდუქციაზე გვაქვს შეღავათი, მაგრამ აქედან 10%-საც ვერ ვითვისებთ. სამომავლოდაც ვერ გამოვიყენებთ ამ შანსს, თუკი ადგილობრივ წარმოებას არ მივხედავთ. ამისთვის, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა განვითარდეს, რომ კონკურენცია შეიქმნას ადგილობრივ ბაზარზე და პროდუქტი ექსპორტზეც გავიდეს.
ჩვენთან მსხვილ ბიზნესს საერთო ბრუნვის 80-85% უკავია, რაც ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესი ცუდ დღეშია. მსხვილი ბიზნესი არასდროს გამხდარა ეკონომიკის კატალიზატორი და ვერც დღეს იქნება”, – განმარტავს ჯანიაშვილი.
„რეზონანსი“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
აფხაზეთში დღეს შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყოს
დე-ფაქტო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ოპოზიცია “პრეზიდენტის” მოკვლას გეგმას
ნინო ომანაძე
აფხაზეთი უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის მოლოდინშია, ოპოზიციური კოალიცია და ომის ვეტერანების პარტია “ამცახარა” 15 დეკემბერს სოხუმის დრამატული თეატრის წინ არასანქცირებულ მიტინგს მართავს, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვს დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაგომას. ამის პარალელურად, გუშინ დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დღეს ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებასა და “პრეზიდენტ” ხაჯიმბას მოკვლას გეგმავს.
ოპოზიციამ ამის მტკიცებულებები მოითხოვა. ამის შემდეგ უშიშროებამ გაავრცელა სატელეფონო საუბარი, სადაც თითქოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ ჯოპუა თანამოაზრეებთან “პრეზიდენტ” ხაჯიმბას ფიზიკურ ლიკვიდაციასა და ადმინისტრაციის შტურმით აღებას განიხილავს. გავრცელებული ჩანაწერებში საუბარი რუსულ ენაზე მიდის და გაჯერებულია უცენზურო ლექსიკით. „[რაულ ხაჯიმბას] სისხლისღვრა უნდა, ეტყობა ქართველებმა ასეთი დავალება მისცეს. ის არ ჩამოვა თავის მესამე სართულიდან, იქვე ჩაიწვება…” – ამბობს ერთ-ერთი მოსაუბრე, სავარაუდოდ ჯოპუა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს, ოპოზიციის მიტინგის პარალელურად ჩატარდება პროსახელისუფლებო ორგანიზაცია “არუაას” მიტინგიც. ორივე ამ ორგანიზაციის – “ამცახარასა” და “არუაას” – ბირთვს ომის ვეტერანები წარმოადგენენ.
“დაძაბული სიტუაციის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ვითარდება, მე მხარს არ დავუჭერ არანაირი მიტინგის გამართვას, ვინაიდან ერთი და იგივე ადგილზე ორი დაპირისპირებული ორგანიზაცია მოითხოვს მიტინგის ჩატარებას, ექსცესების თავიდან აცილების მიზნით, მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს და მოსახლეობას, თავი შეიკავონ მიტინგებში მონაწილეობისგან. გთხოვთ, გადადოთ მიტინგი და დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, კანონის ფარგლებში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამშობლო ერთია და პრობლემა ავტომატებით არ წყდება. ვის უნდა ვესროლოთ? იქ იქნებიან სამართალდამცავები, პრეზიდენტის დაცვის წევრები და ჯარიცკაცები – ისინი ხომ ჩვენი შვილები არიან. სამ თვეში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები და უმჯობესია, ყველაფერი არჩევნებით გადაწყდეს.”
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აფხაზური ოპოზიციის გააქტიურება დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სიდუხჭირის ფონზე ნამდვილად გამოიწვევს მწვავე დაპირისპირებას, რაც შესაძლოა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომ 15 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე, ოპოზიციის რადიკალური ფრთა პრეზიდენტის ლიკვიდაციას გეგმავს.
“15 დეკემბერს ოპოზიციური ძალები ატარებენ მიტინგს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით. უშიშროების სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ ოპოზიციური პარტიების ცალკეული, რადიკალურად განწყობილი მომხრეები, ძალისმიერი მეთოდებით გეგმავენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ლიკვიდაციას.
“თავიანთი ჩანაფიქრის შესასრულებლად, რადიკალები აპირებენ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს სამართალდამცავების მიერ 11 დეკემბერს აღმოჩენილი საბრძოლო მასალები და ავტომატური იარაღი, ასევე ტანკსაწწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები.
“უშიშროების სამსახური ფლობს ინფორმაციას, რომ ოპოზიციის მომხრეების მიერ შექმნილია მებრძოლთა ჯგუფები, რომელთა მიზანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმი წარმოადგენს. გადატრიალების სცენარის ავტორები, შეხვედრებს მართავენ მოსახლეობასთან და ცდილობენ მათ მოსყიდვას.
“ცნობილია ისიც, რომ დესტრუქციული ძალების დაფინანსებას ახდენენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და გარე ძალები, რომლებიც რესპუბლიკაში არეულობას გეგმავენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ აკონტროლონ რადიკალურად განწყობილი ადამიანების ქმედებები, ამას ისინი ერთი მიზნით აცხადებენ, რომ სისხლისღვრის შემთხვევაში თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა,” – ნათქვამია დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“უშიშროების სამსახურის” განცხადებას გაერთიანებული ოპოზიცია და მისი მთავარი “დამრტყმელი ძალა”, პარტია “ამცახარა” გამოეხმაურა. 13 დეკემბერს “ამცახარას” ლიდერმა ასლან ბჟანიამ აფხაზური მედიისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უშიშროების სამსახური ვალდებულია წარმოადგინოს დადასტურებული ფაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებები განხილული იქნება, როგორც მიზანმიმართული პროვოკაცია. ესაა დემოკრატიის ნაწილი, ჩვენი საზოგადოების ნაწილს სურს ხმამაღლა გამოხატოს თავისი პროტესტი.
“უშიშროების სამსახური ვალდებულია დაუყოვნებლივ გვაცნობოს იმ პირთა სია, რომლებიც გეგმავენ შეიარაღებულ დაპირისპირებას და პრეზიდენტის ლიკვიდაციას. თუ არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, ამ შემთხვევაში, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას განვიხილავთ, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას.
“ხელისუფლებამ თვითონ შექმნა ეს კრიზისი, პრეზიდენტი არ ცდილობს კომპრომისზე წასვლას, ჩვენ მოვითხოვდით ეკონომიკური გუნდის ფორმირებას ოპოზიციის მიერ, ხაჯიმბა თავის დროზე აცხადებდა, რომ კონტროლის პალატა და გენერალური პროკურორი ოპოზიციის მიერ უნდა ყოფილიყო შერჩეული, თუმცა დღეს ამას უარყოფს,” – განაცხადა აფხაზურ მედიასთან შეხვედრისას ასლან ბჟანიამ, რომელსაც ადრე დე ფაქტო უშიშროების მინისტრის პოსტი ეკავა.
დაგეგმილ მიტინგამდე ერთი დღით ადრე პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ლიდერი სერგეი შამბა მოუწოდებს პრეზიდენტს, ოპოზიციას ხელისუფლების ფორმირების საშუალება მისცეს.
“ხელისუფლების ცვლილება დაასტაბილურებს სიტუაციას. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გთავაზობდით კოალიციური ხელისუფლების შექმნას, მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ არ გაგადგა ეს ნაბიჯი. დღეს, მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი და რესპუბლიკაში სტაბილურობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა პრემიერ-მინისტრის შეცვლა და ოპოზიციისთვის ეკონომიკური ბლოკის ფორმირების უფლების მინიჭება იქნება.”
“თუმცა, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოპოზიციის ლიდერებთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. “აპსნი.პრესში” გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
“ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც უკომპრომისო ბრძოლას უცხადებენ ჩვენს ხელისუფლებას. მოგიწოდებთ მოქალაქეებს, არ წამოეგოთ პროვოკაციებზე, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ დაუჭიროთ მხარი უსამართლობას, ვისი მხრიდანაც რა უნდა მოდიოდეს ის.
“სახელმწიფო დაიცავს სტაბილურობას და კანონიერ წესრიგს, ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში შეუქცევადი პროცესების განვითარებას.”
15 დეკემბერს სოხუმში დაგეგმილ აქციას ეხმაურებიან აფხაზი და რუსი ექსპერტებიც, რუსი ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს პრეზიდენტის გადაყენებას, ვინაიდან ისინი საჭირო მხარდაჭერით არ სარგებლობენ.
“მათ მიერ დაგეგმილი მიტინგი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების ცვლილებას. ოპოზიცია არ სარგებლობს საჭირო მხარდეჭერით, მოვლენების დესტაბილიზაციას ხელოვნურად ახდენენ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. არა მგონია, რომ მიტინგი მრავალრიცხოვანი იქნება, ბოლო თვეების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ოპოზიციას მხარდაჭერა არ გააჩნია, მართალია, არსებობს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ვერ შეძლო ქვეყნის ღრმა ეკონომიკურ-სოციალურ-პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ ოპოზიცია ვერ შეძლებს კოალიციურ კონსენსუნსს, პოლიტიკურ ველზე არსებოს ბევრი პოლიტიკური ძალა, რომლებსაც ერთმანეთთან გაერთიანება გაუჭირდებათ, ეს კი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს,” – აცხადებს გაზეთ “კავკაზსკიე უზელთან” ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, რუსი პოლიტოლოგი, ნიკოლაი სილაევი.
———–
“რაზონანსი” ესაუბრა “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, პარლამენტარ ადა მარშანიას, რომელმაც აღნიშნა, რომ საკითხი მეტად მწვავეა და ტრაგიკული აფხაზი ერისთვის
- თქვენ ხართ იმ კუთხის წარმომადგენელი, სადაც პოლიტიკური დაპირისპირებამ შესაძლოა უმართავი ხასიათი მიიღოს, როგორც დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭო აცხადებს, დაგეგმილია პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ლიკვიდაცია…
- მე ნაკლებად მჯერა იქაური უშიშროების სამსახურის, ვინაიდან ის არ არის დამოუკიდებელი ორგანო, არ მინდა იქ მიმდინარე პროცესებში მონაწილე რომელი მხარის გვერდით დავდგე, ვინაიდან ორივე მხარეს მართავს რუსეთი. რაულ ხაჯიმბა არის რუსეთის სპეცსამსახურების გამოზრდილი, მისაღებია კრემლისთვის, ხალხს ის არ აურჩევია.
უპრეცედენტო მოვლენაა აფხაზეთის ისტორიაში, როცა უხუცესთა საბჭოს არ ხვდება პრეზიდენტი; ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ხალხი ხაჯიმბას არ აპატიებს იმ კაბალურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, რომელიც რუსეთთან დადო და რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აფხაზეთში თავისუფლად შეიძინონ ქონება და მიწები. ესაა სერიოზული, მიზანმიმართული საფრთხე, რაც უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანს აფხაზ ეთნოსს, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკური შემადგენლობის შეცვლის მცდელობა. იქ მიმდინარეობს ტრაგიკული ამბები, ყოველდღე ვესაუბრები აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს. ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება დავიბრუნოთ ეს ხალხი, დაკარგული ტერიტორიები, ეს არაა ცვენთვის უმთავრესი ამოცანა, ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზები და ოსები უნდა დავაინტერესოთ ეკონომიკური წინსვლით, განვითარებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ამით მათ ვერ დავიბრუნებთ, ისინი უკვე შეეჩვივნენ სიდუხჭირეს.
დღეს ჩვენი საზრუნავი ევროკავშირი და ნატოა, გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა დაიმსახურა უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, თუმცა 24 წლის მანძილზე ვერ დავიმსახურეთ საკუთარ სამშობლოში ჩასვლა, აფხაზეთში და სამაჩაბლოში დაბრუნება. ძალიან მინდა პრემიერმინისტრთან შეხვედრა და კონფიდენციალური საუბარი ამ საკითხზე. ბევრ რამეს საჯაროდ ვერ ვიტყვი, საჭიროა სტრატეგიული გეგმა და ხედვა. კარგია ეკონომიკა, აღორძინება, მაგრამ მხოლოდ ამის ძახილი შედეგს ვერ მოგვცემს,” – განაცხადა ადა მარშანიამ.
——————–
„ვერსია“, 15 დეკემბერი, 2016 წელი
ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „თუ ხალიფატი დამარცხდება, შესაძლოა მისი მებრძოლები საქართველოშიც აღმოჩნდნენ“ // ემუქრება თუ არა კავკასიასა და საქართველოს ტერაქტების საფრთხე და რა უამბო ,,ვერსიას” ეგვიპტის მოქალაქემ კაიროში მომხდარი აფეთქების შესახებ
თათია გოჩაძე
11 დეკემბერს მსოფლიო სტამბოლსა და კაიორში მომხდარმა ტერაქტებმა შეძრა. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, სამწუხაროდ დიდია. სტამბოლში ტერაქტის ავტორობა ქურთულმა დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე, ხოლო ეგვიპტის ტერაქტის მიზეზი რელიგიური დაპირისპირება გახდა. საკმაოდ დიდი ალბათობით, კოფტების ტაძარი მუსლიმებმა ააფეთქეს. ამ ფაქტზე ეგვიპტის მოქალაქე, სარწმუნოებით ქრისტიანი კოფტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ,,ვერსიას” ესაუბრა:
,,ბავშვობიდან ქრისტიანული დოგმებით აღვიზარდე. ბიბლია ჩვენი ოჯახის სამაგიდო წიგნი იყო, რომელმაც გვასწავლა იესოს, ადამიანებისა და ოჯახის სიყვარული. თუმცა, როგორც მათეს სახარებაში წერია - ,,მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება”, სიტყვა-სიტყვით სრულდება. ჩემს ქვეყანაში მილიონობით ადამიანი იდევნება და ეწამება რელიგიის გამო, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრით და რელიგიის შეცვლას არ ვფიქრობთ. რაც 11 დეკემბერს კაიროში მოხდა, არ არის არც პირველი და არც ბოლო ტკივილიანი მოვლენა… ეს არის სასტიკი და დაუნდობელი რამ, რასაც, უცნაურად ჟღერს, მაგრამ შევეჩვიეთ… სიტყვა ,,შეჩვევაში” ჩადებულია დიდი სევდა, ბევრი ცრემლი და ბევრი სისხლი…
მუსლიმებისგან მუდმივად განვიცდით ჩაგვრას, შეურაცხყოფასა და დევნას. მათ სურთ, გაბატონდნენ მთელ მსოფლიოში. ვისაც ყურანი არაბულად გაქვთ წაკითხული, იქ უამრავი სურა ღაღადებს ყველა არამუსლიმის განადგურებას! ყურანის თარგმანში იკარგება ასეთი სასტიკი სურები! მუსლიმებს ვძულვართ! ერთ მაგალითს მოგიყვანთ: გოგო, რომელმაც რელიგიის შეცვლა არ ისურვა, ექვსმა მუსლიმმა გააუპატიურა და პირში ხის ჯვარი ჩათხარა… მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანი იყო. ეს ტერაქტი არაა ამ ტანჯვის დასასრული… ეს უბრალოდ გაგრძელებაა. თუმცა არ გვეშინია! რაც უფრო ვიდევნებით, უფრო გვიყვარს იესო, უფრო ვძლიერდებით რწმენაში!! დიდება უფალს!“.
,,ვერსია” კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რა ვითარებაა მსოფლიოში ტერაქტების გახშირების თვალსაზრისით, რატომ არის ბოლო პერიოდში ტერორისტთა სამიზნე სწორედ თურქეთი და ემუქრება თუ არა საფრთხე კავკასიასა და საქართველოს ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან…
მამუკა არეშიძის თქმით, ეს ფაქტი თურქეთის ხელისუფლების განსაკუთრებულმა აქტივობამ განაპირობა, რადგან თურქეთის დღევანდელ ხელისუფალს ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში გავლენის აღდგენა სურს: „ერდოღანის სურვილი ამ სივრცეში, მათ შორის კავკასიაშიც გავლენის აღდგენაა. ეს კი პოლიტიკურად მიერთებას კი არა, პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენის არსებობას ნიშნავს. ასევე ცდილობს, თურქეთი გახადოს სუნიტური სამყაროს ლიდერი, რაც შიიტურ ირანთან დაპირისპირებას იწვევს. მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ თურქეთს საკმაოდ მძიმე შიდა პრობლემები აქვს ქურთებთან, ამიტომ ის ქურთების არამხოლოდ თავის ტერიტორიაზე, არამედ სირიასა და ერაყშიც ებრძვის. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ 7 ქალაქში, დღესაც მიმდინარეობს შეტაკებები ქურთების მუშათა პარტიის აქტივისტებსა და თურქეთის არმიას შორის. ნიუტონის კანონია _ ძალა იწვევს უკუძალას, რაც უფრო აქტიურია თურქეთი აგრესიული კუთხით, მით აქტიურია მის წინააღმდეგ მოქმედი აგრესიული ძალები”.
მამუკა არეშიძის განმარტებით, თუ აქამდე ქურთები აწყობდნენ თურქეთის ქალაქებში ტერაქტებს, ახლა ამაში ,,ისლამური სახელმწიფოც ჩაერთო” და იმასაც არ გამორიცხავს, რომ ზოგ შემთხვევაში აფეთქებების უკან ირანის სპეცსამსახურებიც იდგეს: „ეს ჩემი ჰიპოთეტური მოსაზრებაა. ამ კონკრეტული ტერაქტის ავტორობა თავის თავზე ქურთულმა ორგანიზაციამ აიღო. შეიძლება, ეს მართლაც მათი გაკეთებულია, მაგრამ ტერაქტი, უმრავლეს შემთხვევაში პოლიტიკური აქციაა რეჟიმის ან კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ, ამ აქციას კი კონკრეტული შემსრულებელი უნდა ჰყავდეს. ამიტომაც ქურთულმა ორგანიზაციამ ამით დაამტკიცა, რომ თურქეთის ხელისუფლებას ნამდვილად ებრძვის“.
კონფლიქტოლოგი იმასაც აცხადებს, რომ ეს პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქურთების საკითხი ავტონომიის დონეზე პოლიტიკურად არ გადაწყდება. თუმცა ობიექტურობისთვის იმასაც დასძენს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ბევრი რამ დაუთმო ქურთებს თურქეთის ხელისუფლებამ. მათ არ გააჩნდათ საკუთარ ენაზე არავითარი კულტურული სტრუქტურა, ახლა კი არაერთი მედიასაშუალება და თეატრი აქვთ: „ჩვენი საზოგადოება არც იმას აქცევს ყურადღებას, რომ ქართველების მდგომარეობაც ბევრად შემსუბუქდა თურქეთში. ათათურქის იდეოლოგიით თურქეთის ყველა მოქალაქე არის თურქი, ერდოღანმა კი შეცვალა ეს მიდგომა და დაუბრუნდა ოსმალეთის იმპერიის დროინდელ რეგულაციებს, სადაც მთავარი ეროვნება კი არა, რელიგია – ისლამი იყო. გამოდის, რომ ეროვნულ უმცირესობებს ერდოღანი უფრო მეტად აძლევს თავისუფლებას“.
რაც შეეხება ევროპაში მომხდარ ტერაქტებს, მათ მამუკა არეშიძე სხვა კონტექსტში განიხილავს. კონფლიქტოლოგის განმარტებით, ევროპა ამერიკასთან ერთად ისლამურ ხალიფატს ებრძვის. შესაბამისად, ხალიფატიც იმ მეთოდებს იყენებს მათ წინააღმდეგ, რაც ძალუძს. ტერორისტთა მიზანი რეჟიმების, სახელმწიფოების დაშინება და დასუსტებაა. ექსპერტის თქმით, ტერაქტის ავტორები იმასაც კარგად აცნობიერებენ, რომ დასავლეთი არის დემოკრატიული სივრცე და დიდი მნიშვნელობა აქვს ამომრჩევლის აზრს. მაგალითად, ესპანეთმა იმიტომ გაიყვანა ავღანეთიდან საჯარისო კონტინგენტი, რომ ესპანეთში მოაწყვეს ტერაქტი ისლამისტებმა, რასაც მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება და მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის თაობაზე: „დასავლეთში არსებობს გარკვეული ფასეულობები, რომლებიც ხელს უშლის დასავლური სამყაროს განვითარებას. კერძოდ, ეროვნული უმცირესობებისა და ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება. ეს ფასეულობები გუშინ იყო სწორი და მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს მოძველდა. რასაკვირველია, ეს უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ მთავარი სახელმწიფოა. სახელმწიფო უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარე, დასავლური დოქტრინის ძირითადი ღერძი, ადამიანი კი არა, სახელმწიფო უნდა იყოს“.
ამის დასასაბუთებლად ექსპერტი იმასაც განმარტავს, რომ პარიზის ტერაქტის მონაწილე რამდენიმე ადამიანი, მანამდეც შემჩნეული იყო ისლამისტებთან კავშირში, დაპატიმრებულიც კი იყო, მაგრამ მათ მიმართ აღმკვეთი ღონისძიება არ გატარდა, რადგან დომინანტური ადამიანის უფლებები იყო და არა სახელმწიფოს ინტერესები. დასავლეთში მომხდარი ტერაქტებით ხდება ხელისუფლებისა და მათ მიერ გატარებული პოლიტიკის დისკრედიტაცია. „გარდა ამისა, თავის ძალის დემონსტრირებას ახდენენ, ასევე შაჰიდების თემის ამუშავებით ახალგაზრდების იმ დიდი ნაწილის მოზიდვას ახერხებენ, რომლებიც შაჰიდების ინსტიტუტში რომანტიკულ ელემენტს ხედავენ. ასევე უნდა გავიხსენოთ ჰარდინქტონის თეორია ცივილიზაციათა ომის თაობაზე, რომელიც, პრაქტიკულად, გულისხმობს ისლამური და ქრისტიანული საზოგადოების დაპირისპირებას. ისლამისტების იდეოლოგიის ერთი ნაწილი ისაა, რომ თუ ქრისტიანები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ მათ ტერიტორიაზე, ახლა გადმოაქვთ ომი ქრისტიანების ტერიტორიაზე. მხოლოდ ქრისტიანულ სახელმწიფოებს არ აქვთ ეს პრობლემა, იგივე ხდება ჩინეთშიც”, _ აცხადებს მამუკა არეშიძე და იმასაც უსვამს ხაზს, რომ სახელმწიფო ინტერესები უნდა იყოს დომინანტური და სამოკავშირეო პრინციპი უნდა მუშაობდეს სრული მასშტაბით: ,,მაინცდამაინც კონკრეტული სახელმწიფოს არმია უნდა შეიჭრას ნატო-ს სივრცეში, რომ ამუშავდეს მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად, ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს?”.
მამუკა არეშიძის თქმით, ტერაქტები მუსულმანურ ქვეყნებშიც ხდება, რისი დამამტკიცებელიც რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტერაქტებია სტამბოლსა და კაიროში. ამ უკანასკნელში მამუკა არეშიძის განმარტებით, კოფტებზე თავდასხმა რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა. უზარმაზარი კოფტური რელიგიური ჯგუფი ჰყავს ეგვიპტეს, რითაც ამაყობს ეგვიპტის ხელისუფლება და მაინცდამაინც მათზე ხდება თავდასხმა, ანუ ტერორისტები აჩვენებენ ეგვიპტის ხელისუფლების სისუსტეს, რომ არ შეუძლია დაიცვას რელიგიური უმცირესობები. ამ კონტექსტში კავკასიის მოსალოდნელ მდგომარეობაზე ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს საფრთხე საქართველოსა და კავკასიისთვის არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ისლამური ხალიფატი უახლოეს მომავალში დამარცხდება და ამის პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, ისლამური ხალიფატის მებრძოლების გადამწყვეტი უმრავლესობა გაიფანტება მსოფლიოში და დარტყმის განსაკუთრებული ზონები შეიქმნება ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, მათ შორის არ გამორიცხავს საქართველოსაც.
საინტერესოა, ასეთ დროს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყნის ხელისუფლებამ?
მამუკა არეშიძის განმარტებით, „პრევენციისთვის საჭიროა პროფესიონალიზმი, ქვეყანაში უნდა შეიქმნას შესაბამისი გარემო, არამხოლოდ უშიშროების უწყების თვალსაზრისით, რომელიც ანალოგიური მდგომარეობის განვრცობას შეუშლის ხელს. მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით ამ სენს ვერ მოვერევით. სახელმწიფოს დაცვა უნდა გახდეს უმნიშვნელოვანესი საკითხი საქართველოს ხელისუფლებისთვის. დეკლარირებულად ეს გაწერილია და ახლა არც ჩანს სახელმწიფოს დაუცველობის ნიშანი, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის უზარმაზარი გამოწვევების რეჟიმში, ტერიტორიები დაკარგული აქვს, საზღვრები – მოშლილი… აქედან გამომდინარე, ზრუნვაა საჭირო საზღვრის ტერიტორიების თითო სანტიმეტრზეც კი. ასევე საჭიროა, ისეთი სისტემების შექმნა, რომელიც საშუალებას არ მისცემს ჩვენს მოქალაქე მუსლიმებს, მოექცნენ სხვა იდეოლოგიის გავლენის ქვეშ. ამისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო იდეოლოგია, რაც ახლა არ გაგვაჩნია”.