«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო-ევროკავშირი: უვიზო რეჟიმის ახალი მოლოდინის მექანიზმი ჩართულია
«Российская газета» (რუსეთი): ერთი ნაბიჯი ევროკავშირის საზღვრამდე //
მიიღებენ თუ არა საქართველო და უკრაინა უვიზო რეჟიმს წლის ბოლომდე?
«Каспiй» (აზერბაიჯანი): ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება //
საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ესწრაფვის
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 16 დეკემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/visa-free-status/3637856.html
საქართველო-ევროკავშირი: უვიზო რეჟიმის ახალი მოლოდინის მექანიზმი ჩართულია
ნინო დალაქიშვილი
მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ქვეყანა შენგენის ზონის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლების მიღებას ელის. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მოლოდინის რეჟიმი 2015 წლის ბოლოდან ჩაირთო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს მიმდინარე წლის განმავლობაში „ამერიკის ხმასთან“ არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველომ შეასრულა ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნა სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე და ჯერი ევროკავშირზე იყო. მიმდინარე წლის ზაფხულში კი ახალი წინაღობა გაჩნდა. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ განაცხადა, რომ მსოფლიოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობის კონტროლზე მათი მოქალაქეები რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.
ამჟამად ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ ეგრეთწოდებულ „შეჩერების მექანიზმზე“. გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარებმა კენჭი გუშინ უყარეს და ის 485 ხმით -132–ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა. უვიზო მიმოსვლის საბოლოო მიღებამდე ახლა საქართველოს რამდენიმე პროცედურული საკითხი აშორებს.
საქართველოსთან ერთად ასოცირების შეთანხმებას ხელი უკრაინამაც მოაწერა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების პროცესზე საუბრობს: „საქართველოს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, უფრო წინ ჰქონდა ნაბიჯები გადადგმული, ვიდრე უკრაინას. თუმცა ეს არ იმას გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება როგორც შეჩერების მექანიზმის ფარგლებში იქნა მიღებული, ასევე ერთად ეყაროს კენჭი უვიზო რეჟიმის დაწყებას საქართველოსთან და უკრაინასთან. ეს იქნება ევროპარლამენტის იმ სხდომაზე, რომელიც იანვარში ან თებერვალში გაიმართება. შესაძლებელია, საქართველოს და უკრაინის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღონ ცალ-ცალკეც და შესაძლებელია ერთადაც. მხოლოდ გაგვიხარდებოდა, თუკი ეს ერთად მოხდებოდა, თუკი ჩვენთან ერთად, უკრაინაც გადადგამდა ნაბიჯს წინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვიყავით განწყობილები ამ საკითხის მიმართ“, – ამბობს ვიქტორ დოლიძე.
ამავე თემაზე „ამერიკის ხმა“ ალექსი პეტრიაშვილსაც ესაუბრა, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი ეკავა. „დღევანდელი მდგომარეობით უვიზო რეჟიმის დაწესების ყველა შემაფერხებელი ფაქტორი მოხსნილია. ამ გადაწყვეტილებას წინ აღარაფერი არ უნდა აღუდგეს. ევროკავშირი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას. ევროკავშირის და ევროკომისიის პრეზიდენტების მხრიდანაც გაკეთდა შესაბამისი განცხადებები იმის თაობაზე“, – ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ცალსახად დადებითად აფასებე: „რამდენადაც მე მოვისმინე, მომავალი წლის პირველ კვარტალში უკვე ამოქმედდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის, რომლითაც ევროკავშირი გვაჩვენებს, რომ ისაა ნამდვილი პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ სიკეთეს სთავაზობს ჩვენს მოქალაქეებს. ესაა გადაწყვეტილება, რომელსაც იმსახურებს ჩვენი საზოგადოება კარგა ხანია და რომელიც ბევრ შესაძლებლობას შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“, – ამბობს პარლამენტარი ელენე ხოშტარია.
ევროკავშირი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მიცემამდე ახალ რეგულაციებს აწესებს და უფლებას იტოვებს უვიზო მიმოსვლა შეზღუდოს, თუ მათ ქვეყნებში საგრძნობლად გაიზრდება არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, ან თუ იმ მოქალაქეების რიცხვი გაიზრდება, ვისაც უარს ეტყვიან ევროკავშირის წევრ ქვეყანაში შესვლაზე და ასევე იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნებთან რეადმისიის შეთანხმებას რამენაირი პრობლემა შეექმნება. საქართველოში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას 2017 წლის აპრილში ელიან.
«Российская газета» (რუსეთი), 16 დეკემბერი, 2016 წელი
https://rg.ru/2016/12/15/kogda-ukraine-i-gruzii-otmeniat-vizovyj-rezhim-s-evropoj.html
ერთი ნაბიჯი ევროკავშირის საზღვრამდე
მიიღებენ თუ არა საქართველო და უკრაინა უვიზო რეჟიმს წლის ბოლომდე?
სტატიაში საუბარია სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე მიღებული დოკუმენტის – „მესამე ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის ექსტრენული შეჩერების მექანიზმის“ შესახებ, რომლის შედეგად „საქართველო და უკრაინა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას“. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 485-მა ევროდეპუტატმა, 132 კი წინააღმდეგი იყო (ავტორი – ანა ფედიაკინა).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებისათვის მთავარი დაბრკოლება სწორედ არაკონტროლირებული მიგრაციული ნაკადის სავარაუდო საფრთხე იყო. „ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ – გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები (ჰოლანდია) აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო ე.წ. „ექსტრენული დამუხრუჭების მექანიზმის“ შემუშავება, რაც საშუალებას მისცემდა ევროკავშირს დაუყონებლივ შეჩერებულიყო (ან გაუქმებულიყო) უკვე დაწესებული უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყნებისათვის. ევროპელები საკუთარი უსაფრთხოების ასეთი გარანტიებს აუცილებელ პირობად მიიჩნევენ უკრაინა-საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკების გასაგრძელებლად. ამასთან, რასაკვირველია, ევროპარლამენტის ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეეები უვიზო რეჟიმს უმოკლეს ვადაში მიიღებენ, ანუ მიმდინარე 2016 წლის ბოლოს ან დამდეგი 2017 წლის დასაწყისში. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში არსებული პროცედურის თანახმად, რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისათვის აუცილებელია არამარტო ევროპარლამენტის, არამედ ევროკომისიის თანხმობაც. და როცა ეს ორი ინსტანცია მოიწონებს და დადებითად გადაწყვეტს საკითხს, მაშინ ის გადაეცემა ევროკავშირის საბჭოს, სადაც მისი საბოლოო მიღებისათვის ყველა 28 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა აუცილებელი.
ასე რომ, საბოლოო ჯამში, ფინიშზე ევროკავშირის ერთი სახელმწიფოს უარიც კი გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდება უვიზო რეჟიმის მიღების მსურველი სახელმწიფოსათვის.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 16 დეკემბერი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=51729#.WFNglebasdU
ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება:
საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ესწრაფვის
თამილა ნურიევა
გაზეთი «Каспiй» ბევრჯერ წერდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტენსიური მეგობრული ურთიერთობა აქვს, რომელიც თბილისის ნათლად გამოკვეთილ მიზანს – ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ეფუძნება. სრულიად ბუნებრივია, რომ საქართველოში მოუთმერნლად ელოდებიან, თუ როდის გაუქმდება ამჟამად არსებული სავიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში წასასვლელად.
აღსრულდა!
და აი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა მიიღო „შეჩერების მექანიზმი“, რომელიც ეხება იმ მესამე ქვეყნებს, რომლებთაც მომავალში უვიზო რეჟიმი დაუწესდებათ. „შეჩერების მექანიზმი“ გულისხმობს იმას, რომ თუ მიგრანტთა ნაკადი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს, უვიზო რეჟიმი დაუყონებლივ იქნება ან შეჩერებული, ან გაუქმებული. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელი ბარიერი ვიზალიბერალიზების გზაზე უკვე მოხსნილია – საქართველოს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებს ოცნების განხორციელებისაგან – გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
იქნებ სატყუარაა?
რუსეთის სახელმწიფო სათათ-ბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ კალაშნიკოვი თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ამ ქვეყნის არსებით საჭირბოროტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს: „კარგი, ვთქვათ, ევროკავშირი ქართველებს უვიზო რეჟიმს მისცემს, მაგრამ ამით რა? მათ ხომ მუშაობის უფლება არ ექნებათ… ეს ისეთი სატყუარაა, რომელიც ევროკავშირში წამსვლელებისათვის არანაირ პრობლემებს არ წყვეტს – იქ ყოფნისას ყველაფერში ფული უნდა გადაიხადო – კვებაში, ბინაში (სასტუმროში), სწავლაში…“.
დეპუტატმა საქართველოს მოქალაქეებს მიანიშნა, რომ ევროკავშირში ყოფნისას მათ „წყალქვეშა ქვები“ ელოდებათ და გაახსენა მოლდოვას გამოცდილება, რომელმაც უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიღო: აი, შეხედეთ მოლდოვას, ნახეთ მისი გამოცდილება. მოლდოველებსაც უვიზო რეჟიმი აქვთ, მაგრამ ამაში ხომ არ გამოიხატება მთელი სახელმწიფოს არსებობა? კარგი, გექნებათ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზება, მაგრამ ამით რას გაძლევენ ისინი და რას მიიღებთ? ცხადია, არაფერს. მით უმეტეს, რომ უვიზო რეჟიმი სტუმრობის ვიზას ჰგავს, რომელიც მუშაობის უფლებას არ გაძლევთ. რა განსხვავებაა სხვა ქვეყნებისაგან, სადაც წასვლა შეგიძლიათ, მაგრამ შრომითი საქმიანობის გარეშე?“.
„მე ქართველი ვარ, მასაშადამე – ევროპელი!“
საქართველო უვიზო რეჟიმის მისაღებად მრავალი წლის განმავლობაში მიისწრაფვოდა. ყველას ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 1999 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ სტრასბურგში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე ხმამაღლა განაცხადა – „მე ქართველი ვარ, მასაშადამე – ევროპელი!“.
ერთი თვის შემდეგ კი პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დასავლეთის მასმედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა: „საქართველო 2005 წელს ნატოს კარზე დააკაკუნებს“. ობიექტურად რომ ვთქვათ, მართლაც ასე მოხდა…
გუშინ მიღებული ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის „შენგენის ზონის“ ქვეყნებში სამოგზაუროდ მოხსნილია ბოლო არსებითი ბარიერი, ანუ ახლა უკვე მხოლოდ ფორმალობაღა დარჩა, რომელიც ევროკომისიის თანხმობაში გამოიხატება. როგორც ანალიტიკოსები თვლიან, ამდენი პროცდურის წარმატებით გავლის შემდეგ, ევროკომისიის პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამგვარი თხოვნა პოზიტიურად არ გადაწყვეტილიყო. ესე იგი, საქართველოს საკითხიც დადებითად უნდა მოგვარდეს.
და რატომ საქართველო და არა უკრაინა?
როგორც რუსი პოლიტოლოგები ამბობენ, ევროკავშირი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილ ვერცერთ პრობლემას ვერ აგვარებს (გნებავთ, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგებს, ყირიმისა და დონბასის ამბებს) და დაბნეულობისაგან მხოლოდ ხელებს შლიან, უკვე დაკარგა ყოფილი მიმზიდველობა. თუ გავიხსენებთ მიგრანტებთან დაკავშირებულ სკანდალს, რომელმაც „ბებერი ევროპის“ მთელი კაზუისტიკური არსი აჩვენა, მაშინ გასაგები გახდება, რომ საჭირო იყო გარკვეული ზომების მიღება ევროკავშირის რენომეს რეაბილიტაციისათვის, ევროპელებისათვის ყოფილი იდეალების დასაბრუნებლად. ჰოდა, ამ ფონზე ორიდან ერთ-ერთისათვის – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიცემა უფრო ადვილია – პატარა და მცირე მოსახლეობის მქონე საქართველოში შედარებით უფრო კარგი ეკონომიკური ვითარებაა, ვიდრე ბევრად დიდ და მრავალრიცხოვან უკრაინაში… ევროკავშირმა ამ ეტაპზე ნაკლებრისკიანი და ნაკლებხარჯიანი ნაბიჯის გადადგმა აირჩია.