„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ: დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს! // პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური წინასწარმეტყველება
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ აკაკი ბობოხიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას“ // „ვინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან“
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან: როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! // „კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს და ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება“
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას დაუნდობლად ექცევა“ // გიგა ბოკერია თუ პოლიტიკაში დარჩება, მაშინ მას მოუწევს სულ სხვა სტრატეგიის შერჩევა. პირველ რიგში, დამოუკიდებლად თამაშის დაწყება
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ჯონ მაკეინმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა?“ // დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ვირეშმაკობაში ადანაშაულებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, დროულად მოიძიოს პროფესიონალი კადრები“ // „ამ ქვეყანაში ოცნებების ასრულება მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილთან დადიან კონსულტაციებზე“ // „გიორგი კვირიკაშვილს ამერიკის ელჩი რაღაც დავალებებს აძლევს“ // „ზოგიერთ ოპოზიციონერს ვალები დაუფარეს, ზოგს სახლი უყიდეს“
——————-
„კვირის პალიტრა“, 2-8 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ: დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს! // პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური წინასწარმეტყველება
რუსუდან შელია
თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება.
განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან”წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა. როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და “კვირის პალიტრის” კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს.
- ბატონო დავით, პარტიიდან ისე წახვედით და პოლიტიკური ტაიმ-აუტიც ისე გამოაცხადეთ, არ განგიმარტავთ, რატომ დატოვეთ რესპუბლიკური პარტია ან რას გულისხმობდით პოლიტიკური კონსულტაციების დაანონსებაში…
- რესპუბლიკური პარტიიდან წავედი, თუმცა მსოფლმხედველობითა და მიზნებით დღემდე რესპუბლიკელად ვრჩები. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ცაიტნოტურ ვითარებაშიც კი, პარტიის შიგნით ყოველთვის იყო შესაძლებლობა, სხვადასხვა საკითხზე ერთობლივად გვემსჯელა და გადაწყვეტილებებიც ერთობლივად მიგვეღო, თუმცა ბოლო პერიოდში შიდაპარტიულ ფორმატში გადაწყვეტილებებზე მსჯელობისას პარტიაში უკიდურესად არასასურველ შედეგებამდე მისვლის დიდი რისკი გაჩნდა. ამიტომაც გავერიდე პროცესებს, რაც ჩემთვის და პარტიაში დარჩენილი თუ წასული თანაგუნდელებისთვისაც მტკივნეული გახლდათ. სხვა ვარიანტი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.
- ლევან ბერძენიშვილისთვის მაინც გაუგებარი აღმოჩნდა თქვენი გადაწყვეტილება, თამარ კორძაიამ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უნებისყოფობა გამოიჩინეთ არჩევნებში დამარცხებული პარტიიდან წასულმა ლიდერებმა…
- ვფიქრობ, ჩვენი პირადი განცდები ყველამ მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ. რაც შეეხება საკითხს, დამარცხებული პარტიის ლიდერობა გამიძნელდა თუ არა, თამარ კორძაია გონიერი ადამიანია და არა მგონია, მსგავს აბსურდულ დიაგნოზამდე მისულიყო. კომფორტი რომ მნდომოდა, პოლიტიკურ მოღვაწეობას შიშველი ხელებით კი არ დავიწყებდი, გარკვეულ შემოთავაზებებს დავთანხმდებოდი. თამარ კორძაია საკმარისად ინფორმირებულია იმ პროცესების შესახებ, რაც პარტიაში ხდებოდა, ამიტომ, ვფიქრობ, მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.
- საინტერესოა, რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონდათ ურთიერთობა? როგორც თქვენ აცხადებდით, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რესპუბლიკური პარტიიდან თქვენი წამოსვლა იყო...
- ბიძინა ივანიშვილთან ივლისის შემდეგ არც პირდაპირ და არც ირიბად კონტაქტი არ მქონია. საერთოდ, არასოდეს მიცხოვრია ვინმეს ზურგს უკან ამოფარებულს, არც ვინმეს ზურგს უკან ჩასაფრებულს. არც ახლა ვდგამ ნაბიჯს ვინმეს ზურგის იმედით და არც სხვისთვის ზურგში დანის ჩარტყმას ვაპირებ. დიახ, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის დაშლის ეპიცენტრში გახლდათ, თუმცა ის ჩემი და რესპუბლიკური პარტიის” ურთიერთობასთან, ჩემს ბოლო გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია.
- თუმცა, როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” მაინც არ გივიწყებთ – პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა შემოგთავაზათ. არადა, სწორედ ირაკლი კობახიძემ დაიწუნა თქვენი მუშაობა წინა საკონსტიტუციო კომისიაში...
- კონსტიტუციას ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მთავარი ადგილი ეჭირა და მომავალშიც ასე იქნება, თუმცა ასეთ საქმიანობაში ჩართვას თავისი წესი და ფორმატი აქვს. უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვგეგმავ, ამიტომ საკონსტიტუციო კომისიაში მიუკერძოებელი ექსპერტის როლში ვერ ვიქნებოდი. როდესაც ირაკლიმ დამირეკა, მასაც სიტყვასიტყვით ავუხსენი – არც ჩემგან და არც მისგან არ იქნებოდა ლამაზი, კომისიაში სპეციალური კრიტერიუმით ჩავრთულიყავი, თანაც, ჩემი პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე, უხერხულობას შევუქმნიდი ირაკლისაც. მიუხედავად ამისა, ყურადღებით დავაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი, განხილვებში აქტიურად ჩავერთო.
რაც შეეხება წინა მოწვევის პარლამენტში არსებულ საკონსტიტუციო კომისიას… როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, “ქართული ოცნება” აზრზე არ იყო, რა სურდა კონსტიტუციისგან. პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ხედვა ჰქონდათ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის ირაკლი კობახიძეც იყო, თუმცა საბოლოოდ “ქართულმა ოცნებამ” მაინც ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წინამორბედი კომისიის მუშაობა სათანადოდ ვერ წარიმართა. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო კონსენსუსი სჭირდებოდა არა მხოლოდ კოალიციისგან, “ნაციონალური მოძრაობისგანაც”, რაც პოლიტიკური დაპირისპირების სიმძიმის გამო ვერ მოხერხდა. დღეს სხვა ვითარება გვაქვს – საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, თუმცა ამასობაში მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით: “ქართული ოცნება” ფიქრობს, რომ ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება – შეუძლია საკითხი დასვას და კენჭისყრაზე დააყენოს, დანარჩენი მოგვარებულია.
- უკვე ცნობილია კონკრეტული საკითხებიც, რომელთა გარშემო საკონსტიტუციო კომისიას დოკუმენტის მომზადება მოუწევს. მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესიც, მაგრამ უცნობია თქვენი პოზიცია… დაუჭერთ თუ არა მხარს “ქართულ ოცნებას“ დაგეგმილ ცვლილებებში, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი?
- უფლებამოსილებები აუცილებლად განსასაზღვრია, თუმცა “ქართულ ოცნებას” რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად მონოპოლიისკენ მისწრაფება ემჩნევა.
ეს პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მისწრაფებაცაა – სრულიად აშკარაა “კონტროლს მიღმა” მყოფი ინსტიტუტებისა თუ პიროვნებების მიუღებლობა.
- არ დააზუსტებთ ვის გულისხმობთ?
- “ქართული ოცნების” ლიდერების უმრავლესობის მისწრაფებები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად, “ქართულ ოცნებას” გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს. მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური “ოცნებური კონტროლის” ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, “ქართული ოცნების”"გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.
- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?
- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ “ქართულმა ოცნებამ” ერთპიროვნულად”გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული. რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, ქართველ ხალხს მიმართოს, “ოცნება” გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ “თქვენი” პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.
თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, “ოცნებამ” შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.
- მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე პრეზიდენტთან გისაუბრიათ? ეს მისი პოზიციაა თუ მხოლოდ თქვენი პროგნოზი?
- პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია. ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს.
- და ლოგიკურად მივედით თქვენს პოლიტიკურ გეგმებამდეც… ხომ არ გეგმავთ, გიორგი მარგველაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინოთ?
- ახალ პოლიტიკურ პროექტზე თანამოაზრეებთან და პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან ბევრს ვსაუბრობ. ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლებო კოალიციაში შესვლა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას – საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას – შეუწყობს ხელს ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში. გვაქვს გათვლა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პიკს არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე მიაღწიოს, ბოლო წელიწადნახევარი კი აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ. ვინც ამ პოლიტიკურ პროექტს შემოუერთდება, მზად უნდა იყოს შავი და უმადური საქმის საკეთებლად – ჯერ კარგად გავარკვიოთ, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მერე დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში.
- როგორც ვახტანგ ხმალაძემ დააანონსა, ოფიციალურად თქვენი პოლიტიკური პარტია მართლაც თებერვალში დაფუძნდება? და ისიც საინტერესოა, ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს ან ვინ დაგაფინანსებთ?
- პარტია არც თებერვალში დაფუძნდება და არც მარტში. თებერვალში საზოგადოებას ვამცნობთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას, პრიორიტეტებს, პრინციპებს და ა.შ. დაახლოებით ამ დროიდან დავუბრუნდები პირადად მეც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. მთავარი კი ის იქნება, რომ ეს არც უსუფაშვილის პარტია იქნება და არც მისი დამფუძნებლების. საუბარია პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ გაფართოებაზე არა მხოლოდ “ჯარისკაცების, არამედ “ოფიცრებისა და გენერლების” დონეზე – სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ლიდერებს ვგულისხმობ. რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც აღვნიშნე, შიშველი ხელებით მოვდივარ და საქმეს ნულიდან ვიწყებ. ასე რომ, ვისაც უფრო ეჩქარება ან საკუთარი გარჯის ნაცვლად სხვისი “ჯადოსნური ჯოხის” იმედი აქვს, ვთხოვ, ნუ გამოგვეხმაურება…
- გარდა ყოფილი რესპუბლიკელებისა, რატომ არ ასახელებთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც თქვენს პარტიაში იქნებიან? ისიც საინტერესოა, უკვე მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან თუ გაქვთ მოლაპარაკებები?
- მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, მხოლოდ პოლიტიკური ბარსელონას” შექმნაზე არ ვფიქრობ. ეს შეუძლებელია. თუ საქართველოში არ იარსებებენ პოლიტიკური მადრიდის “რეალები”ან “ვალენსიები” მაინც, “ბარსელონები” ვერ შეიქმნება. ამიტომ სხვა პარტიების განვითარების თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ საკუთარის შემდეგ. არაფერი გვეშველება, სანამ ქვეყანაში მრვალპარტიული პოლიტიკური კონკურენტული სისტემა არ ჩამოყალიბდება. ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა.
დღეს მრავალპარტიულ განვითარებაზე შესვენება გამოცხადდა, მაგრამ ეს შესვენება სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგი, რაც შეიძლება, ხანმოკლე აღმოჩნდეს და რამე ნაცნობ უბედურებაში არ გადაიზარდოს, იქნება ეს კორუფციული ქაოსი თუ ავტორიტარული წესრიგი.
„კვირის პალიტრა“, 2-8 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ აკაკი ბობოხიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას“ // „ვინც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან“
რუსუდან შელია
სანამ “ნაციონალური მოძრაობის” ორი დაპირისპირებული ფრთა პარტიული ყრილობისთვის ემზადება, უკვე ითქვა, რომ შესაძლოა, 20 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული შეკრება არალეგიტიმურად გამოცხადდეს. მეტიც, ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი თანაპარტიელების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც არ გამორიცხავს. ვის დარჩება პარტია? “ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი ბობოხიძეს ვკითხეთ:
- პარტიაში რომ ორი ბანაკია, ამის უარყოფას არ ვაპირებ – ერთი ამბობს, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს.
- თუმცა განსხვავებული აზრისთვის მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და მოღალატეებადაც შერაცხა...
- მოღალატეობასა და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ პირველად მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა – დაგვარტყა თანაპარტიელებს, ისიც კი თქვა, ვიცი, ვინ ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებსო. პირადად მე, უსაფუძვლოდ არც ერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. მიხეილ სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, ჩვენი პარტიული დაპირისპირება შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს აძლევდეს ხელსო, პირიქით, უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია – წინააღმდეგ შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
- უკვე მოვისმინეთ გიგა ბოკერიას პოზიციის მხარდამჭერებისგან, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიული ყრილობა შესაძლოა არალეგიტიმურად გამოაცხადონ და მეტიც, პარტიის გაყოფაზე დავა სასამართლოში განაგრძოთ...
- მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ სააკაშვილის როლი ქვეყნის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში განუზომლად დიდია, თუმცა, ვინც მიიჩნევს, რომ მის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან – ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე არსებობის უფლება გვაქვს, გადავწყვეტთ, ბრძოლის რა ფორმა შევარჩიოთ.
რაც შეეხება 20 იანვრის ყრილობას, თუ არ მოხდება გაწერილი წესებით მოქმედება, ყრილობა არ იქნება ლეგიტიმური და აუცილებლად გადავწყვეტთ, ვინ გააგრძელებს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით პოლიტიკაში ყოფნას. დღეს ხელისუფლებასთან ბრძოლას ძლიერი, ერთიანი ოპოზიცია სჭირდება, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერების ჯგუფი, სამწუხაროდ, ანგრევს.
„კვირის პალიტრა“, 2-8 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან: როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! // „კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს და ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება“
ემა ტუხიაშვილი
ლარის კურსი არის ის, რასაც გასული წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ საქართველოში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ, სულ უფრო ხშირად ისმოდა შეკითხვები ეროვნული ბანკის დანიშნულებისა და კურსის სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში მისი როლის შესახებ. მართალია, წლის ბოლო დღეებში ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო, თუმცა შეკითხვა – როგორი იქნება კურსი 2017 წელს, კვლავაც მწვავეა. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებზე მიგვეღო პასუხი.
- მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დოლარის მიმართ უფასურდება, მთავრობისგან ძირითადად გვესმის ახსნა, რომ მთავარი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას შეცდომა, ფაქტობრივად, არ ყოფილა დაშვებული და ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია?
- 2015-2016 წლებში საქართველო, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები, საგარეო შოკის წინაშე დადგა. ასეთ დროს მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს: პირველი – კურსის ხელოვნური გამყარებაა, რაც რეზერვების ხარჯვის, ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა. ამას კი, თავის მხრივ, გარდაუვალად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. შარშან სავალუტო შოკზე რეაგირების ამგვარი გზა რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ აირჩია, შედეგად მიიღეს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, მტკივნეულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სესხები დოლარით აქვთ აღებული. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერიოდში ის არბილებს საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას. სწორედ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში, ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით.
- არჩევნებამდე, როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის კურსის მკვეთრ ნახტომებს ეროვნული ბანკი ინტერვენციებით “არბილებდა“. რატომ აღარ კეთდება ეს არჩევნების შემდეგ, მით უფრო, რომ ლარის კურსი ზოგჯერ უფრო მეტადაც კი იცვლება?
- იმ პერიოდში გაცვლით კურსზე დროებითი, ერთჯერადი ხასიათის ტრანზაქციები ახდენდა გავლენას, რასაც დაემატა წინასაარჩევნო გაურკვევლობით გამოწვეული უარყოფითი მოლოდინი ბაზარზე. ასეთ პირობებში ცენტრალურ ბანკს შესაძლებლობა აქვს, კურსის მერყეობა სავალუტო ინტერვენციებით შეამციროს. მაგრამ ეს ინტერვენციები კონტრპროდუქტიულია ეკონომიკის გრძელვადიანი შოკის, წმინდა სავალუტო შემოდინებების მუდმივი შემცირების ან დოლარის გლობალური გამყარების პირობებში. ასეთ შემთხვევებში, უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება შეუძლებელია ინტერვენციებით. მეტიც – ამ დროს რეზერვების გაყიდვა და გაცვლითი კურსის ხელოვნურად გამყარება სპეკულაციას შეუწყობს ხელს და ეკონომიკისთვის კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება. ეროვნული ბანკის ბოლო სავალუტო ინტერვენცია გამოწვეული იყო იმით, რომ, მიმდინარე კურსი უფრო მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირის გაუფასურება) განაპირობებდა.
- არ შემიძლია არ გკითხოთ – თქვენი ვარაუდით, რა დიაპაზონში დასტაბილურდება ლარი?
- მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია კურსის მოკლევადიანი პერიოდის ცვლილების პროგნოზირება. ამავე დროს, როგორიც უნდა იყოს მოლოდინებით გამოწვეული კურსის მოკლევადიანი მერყეობა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ის ყოველთვის უბრუნდება გრძელვადიან, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებულ ტრენდს, რადგან შეუძლებელია ფუნდამენტური ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად გადახრილი კურსის დიდხანს შენარჩუნება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე, და მეორე მხრივ – ინფლაციის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშია.
- ლარის კურსის მკვეთრი ავარდნა, რამდენიმე ეკონომისტმა კომერციული ბანკების მოქმედებებით ახსნა. თუ ბანკები ასეთ ბერკეტებს ფლობენ, რით ვართ დაზღვეული, რომ მსგავსი რამ მომავალშიც არ განმეორდება?
- ეს, დილეტანტური შეფასებაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. კომერციული ბანკი არის თავისი აქციონერების წინაშე ანგარიშვალდებული კორპორაცია და ის ვერ აიღებს თავის თავზე იმ ზედმეტ სავალუტო რისკს, რომელიც წარმოიქმნება სავალუტო ბაზარზე მაღალი მერყეობისას. ეს კონტროლდება როგორც სამეთვალყურეო საბჭოების მხრიდან, ასევე სებ-ის მიერ, რომელსაც საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ბანკებისთვის ლიმიტები აქვს დაწესებული, რომელთა დარღვევისთვის ბანკი ჯარიმდება. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ფინანსურ სექტორში აქციონერები ძირითადად უცხოელები არიან, ლარის გაუფასურება მათთვის პირდაპირ ნიშნავს, რომ მცირდება დაბანდებული ინვესტიციიდან მოსალოდნელი უკუგება მათ საანგარიშგებო ვალუტაში. მეტიც, მაღალი დოლარიზაციის პირობებში მკვეთრი გაუფასურება დიდ პრობლემებს უქმნის ბანკის კლიენტებს და, ამდენად, შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემა/ზარალი მოიტანოს ბანკისთვის, ვიდრე ის თეორიული მოკლევადიანი მოგებაა, რომელსაც ბანკი კურსის მერყეობის გამო შეიძლება იღებდეს. ასევე, მერყეობა გაურკვევლობას ზრდის ეკონომიკური აგენტებისთვისაც, რაც უარყოფითად აისახება ბიზნესაქტივობასა და მის დაკრედიტებაზე და ამ მხრივაც არასასურველია ბანკების ძირითადი საქმიანობისთვის.
- როცა დედოლარიზაციის პროგრამის გამო სებ-ი იღებს ვალდებულებას, ეკონომიკას ლარი საკმარისად მიაწოდოს (ანუ მოსალოდნელია, რომ ლარის მასა უფრო გაიზრდება), ცხადია, ეს დოლარის გაძვირებას შეუწყობს ხელს. ეს რისკი რეალურია, და რას აპირებთ ამის საწინააღმდეგოდ?
- ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმი გულისხმობს სებ-ისგან ეკონომიკისთვის იმდენი ლარის მიწოდებას, რამდენზეც იქნება მოთხოვნა მოქმედი საპროცენტო განაკვეთის პირობებში. თუ ლარზე მოთხოვნა გაიზარდა, მაშინ ეროვნული ბანკი დამატებით მიაწვდის ლარს ეკონომიკას და პირიქით, მოთხოვნის შემცირების პირობებში, ლარის მიწოდებაც შემცირდება. ანუ სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას განახორციელებს ისე, რომ ლარზე მოთხოვნა და მიწოდება ყოველთვის ერთმანეთს უტოლდებოდეს.
ცალკეა აღსანიშნავი სესხების გალარების პროგრამა. ამ პროგრამის მიხედვით, მიმოქცევაში ლარის მასა არ გაიზრდება. სესხების გალარებისთვის დოლარის საჭირო მოცულობას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უშუალოდ მიაწვდის. შესაბამისად, ეს არ მოახდენს გავლენას არც გაცვლით კურსზე და არც ბანკების სავალუტო პოზიციაზე. აქვე კვლავ აღვნიშნავთ, რომ სებ-ის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობაა. საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობისთვის რისკების წარმოქმნის შემთხვევაში, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს. მას აქვს ინსტრუმენტები, რომ მაღალი ინფლაცია არ დაუშვას. თავის მხრივ, დაბალი ინფლაცია ეკონომიკის მდგრად ზრდასა და გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას განაპირობებს.
- რის საფუძველზე გადაწყდა 100 ათას ლარამდე, იპოთეკით დატვირთული სესხების გალარება და არა ასევე სხვა სავალუტო სესხებისაც, ასეთი უზრუნველყოფის გარეშე?
- სესხის გალარების შესაძლებლობა ყველას აქვს. სესხის გალარება სავალუტო რისკისთვის თავის არიდებას ნიშნავს. რაც შეეხება მთავრობის ინიციატივას, ეს არის ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელშიც გალარებული სესხების ნაწილობრივი სუბსიდირებაა გათვალისწინებული. პროგრამას მთავრობა აფინანსებს და ცხადია, ის საბიუჯეტო ხარჯებთან არის დაკავშირებული. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხები ძირითადად გრძელვადიანია და სწორედ ეს მსესხებლები დაზარალდნენ ყველაზე მეტად კურსის მერყეობით. ამ მსესხებლების გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებამ კი ფინანსურ სტაბილურობაზე დადებითად უნდა იმოქმედოს. მთავრობა მოსახლეობის იმ ჯგუფს ეხმარება ნაწილობრივ, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ლარის გაუფასურებით. ამასთან, მსესხებლებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა დოლარში აღებული სესხის ნაშთის გალარება.
- ლარის კურსის შემცირების მიუხედავად, მიზნობრივ ინფლაციასთან (5%) ახლოსაც არ ვართ. რით აიხსნება ეს და რას უნდა ველოდოთ, როცა აქციზის გაზრდილი განაკვეთები შევა ძალაში და მთელ რიგ პროდუქტებზე ფასები გაიზრდება?
- 2016 წელს ინფლაციის შემცირებაზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა. მთავარი მიზეზი შესუსტებული შიდა მოთხოვნა გახლდათ. ინფლაციის ვარდნის პარალელურად, შემცირდა ინფლაციური მოლოდინებიც. ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ფასებმა მოიკლო ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე. რაც შეეხება აქციზის განაკვეთის დაგეგმილ აწევას, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს, თუმცა ინფლაციაზე მხოლოდ ერთჯერადი, დროებითი ეფექტი ექნება. ხოლო თუ ფასების ეს მატება ინფლაციის მოლოდინების ზრდას გამოიწვევს, სებ-ი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შეინარჩუნოს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივი ინფლაცია ზუსტად უნდა უდრიდეს მიზნობრივს და არ უნდა გადასცდეს ან ჩამორჩეს.
“საქსტატის” ბოლო მონაცემებით, 2016 წლის ნოემბერში, წინა ნოემბერთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში შემავალი 295 პროდუქტიდან ფასი 146 პროდუქტზე შემცირდა, 133 პროდუქტზე გაიზარდა და 16 პროდუქტზე იგივე დარჩა. საბოლოოდ, ინფლაციის დონე წინა წლის ნოემბერთან შედარებით 0,2%-ს შეადგენდა. მაგალითისთვის, ნოემბერში ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა მოახდინა წინა წელთან შედარებით საწვავის ფასების, კერძოდ, დიზელის საწვავისა და ბენზინის ფასების კლებამ. ცალკეული საქონლის ფასები მნიშვნელოვანია, თუმცა ინფლაცია არის ფასების საერთო დონის ზრდა და სწორედ ის ახდენს ეკონომიკაზე გავლენას. ჩვენი ამოცანაა, რომ ფასების საერთო დონის ზრდა იყოს დაბალი, მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში, რაც გრძელვადიან მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.
- მთავრობის ახალი გეგმის მიხედვით, მოგების გადასახადის შემცირება აქციზის გაძვირებამ უნდა გაანეიტრალოს, ბიუჯეტის შევსების მიზნით. აქციზის გაძვირება ნამდვილად შეუწყობს ხელს ინფლაციის გაზრდას, მაგრამ როგორ აფასებთ, მოგების გადასახადის ბიზნესისთვის დატოვება ეკონომიკის საკმარის ზრდას უზრუნველყოფს?
- მოგების რეინვესტირების შემთხვევაში გადასახადისგან გათავისუფლება დამატებითი სტიმული იქნება ახალი ინვესტიციების დაბანდებისთვის. აქციზის ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე, ჩვენი შეფასებით, მაღალ ინფლაციას არ გამოიწვევს და მისი გავლენა ინფლაციის მაჩვენებელზე 2%-ის ფარგლებში უნდა იყოს. აქციზის ზრდაზე საუბრისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ მისი გავლენა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე – ავტომობილები, საწვავი და თამბაქოს ნაწარმი მსხვილი მუხლებია იმპორტში. მათზე აქციზის გაზრდა, და შედეგად, მოხმარების შემცირება, ხელს შეუწყობს მთლიანად იმპორტისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას. დეფიციტის დიდი მოცულობა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მაკროეკონომიკური გამოწვევაა და მისი შემცირება საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს, რაც კარგ წინა პირობას ქმნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის.
- ბრძანეთ, რომ 3-4%-იანი საბანკო სესხები არარეალურია, მაშინ, საბაზრო ლოგიკიდან გამომდინარე, დღევანდელი განაკვეთების სადამდე შემცირება იქნებოდა მიზანშეწონილი?
- სესხების საპროცენტო განაკვეთები დგინდება თავად კომერციული ბანკების მიერ, ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე. ბანკები სესხებს დეპოზიტების სახით მოზიდული რესურსიდან გასცემენ, შესაბამისად, სესხების განაკვეთები დამოკიდებულია დეპოზიტების განაკვეთებზე. ზოგადად, განვითარებად ეკონომიკებში საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ბოლო წლებში სესხების საპროცენტო განაკვეთები მცირდება. მსოფლიო ბანკის სტატისტიკით, საქართველოში სესხების საპროცენტო განაკვეთები 2015 წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე დაბალია რეგიონში.
———————–
„ახალი თაობა“, 03 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას დაუნდობლად ექცევა“ // გიგა ბოკერია თუ პოლიტიკაში დარჩება, მაშინ მას მოუწევს სულ სხვა სტრატეგიის შერჩევა. პირველ რიგში, დამოუკიდებლად თამაშის დაწყება
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც ასე მარტივად შეეგუება მის იგნორირებასა და დისტანცირებას პარტიისგან და ამიტომაც დაიწყო, რაც დაიწყო.
- ბატონო რამაზ, 20 იანვარს „ნაცმოძრაობა“ პარტიის ყრილობას გამართავს, თუმცა, მასში მონაწილეობას არ მიიღებს პარტიის ერთი ნაწილი, მეტიც, ისინი ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. შეიძლება ეს ყრილობა დასრულდეს ნაციონალური მოძრაობის ორად გაყოფით?
- ეს უკვე არის ჭიდაობა, ვინ, ვის მოერევა.
- და ვინ მოერევა?
- 20 იანვარს გაირკვევა.
- აშკარაა, ერთ მხარეს არის გიგა ბოკერია და მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი...
- უკვე სახეზეა, რომ გიგა ბოკერიას და მის გუნდს მოუწევს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსვლა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს სხვებმა. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს და სხვებს. გიგა ბოკერიას მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, დამოუკიდებლად გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება.
- რამდენად შეძლებს? იქნება წარმატებული?
- შეძლებით შეძლებს, მაგრამ რამდენად იქნება წარმატებული, მისი პოლიტიკური კარიერა სად დამთავრდება თუ გაგრძელდება, რამდენად შეძლებდა დამოუკიდებლად თუნდაც ახალ პარლამენტში შესვლას?! ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, გიგა ბოკერია უდავოდ არის ნიჭიერი პოლიტიკოსი და მას შესწევს უნარი, რომ მოზაიკა კარგად დაალაგოს.
- როგორ ფიქრობთ, ამ პროცესების ინსპირატორი რა გახდა? მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას პირდაპირ სდებს ბრალს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში...
- მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი სრულიად გასაგებია, ეს არის პიარსვლა, რომ გააშავოს გიგა ბოკერია და ყველაზე მიუღებელი ბრალი წაუყენოს, მიუღებელი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის, ისე ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში გიგა ბოკერიას დაუნდობლად ექცევა და მტერთან გარიგებაში ადანაშაულებს. ასეთია მისი რიტორიკა. თუმცა, რეალობა სულ სხვა არის.
- რა არის რეალობა?
- რეალობა არის ის, რომ მთელი ამ პროცესების მთავარი ფიგურანტი სწორედ თვითონ მიხეილ სააკაშვილია. ის არის მიზეზი, რომ მოვლენები ასე განვითარდა. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები წააგო, მისი გაგებით, მან თქვა, მე კი არ წამიგია, ოლიგარქიულმა, რუსულმა ფულმა მომიგოო. ასევე კარგად ვნახეთ, თუ როგორ გაიშვირა თითი სხვებისკენ და მათ გადააბრალა არჩევნების წაგება. ასევე გვახსოვს რევოლუციური სცენარის სურვილები და ა.შ. თუმცა, დღეს მიზეზებს სხვაგან ეძებს.
მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადებები არ არის ობიექტური ანალიზის მწვერვალი და ამიტომ მისი განცხადებებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება მაინც და მაინც მართებული არ მგონია, არც კი ღირს ამაზე დროის დახარჯვა. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის პოლიტიკოსი, რომ ასე ადვილად შეელიოს პარტიასთან დისტანცირებას, მეტიც, მის იგნორირებას, ამიტომაც დაიწყო ის, რაც დაიწყო.
- პარტიის მეორე ნაწილს ჰქონდა მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაეჩოჩებინა?
- ალბათ, ეს კარგად იყნოსა მიხეილ სააკაშვილმა და დაიწყო ის, რომ გარდაუვლად გაიყოფა „ნაციონალური მოძრაობა“ ორად. პოლიტიკაში უმთავრესი რა არის? ის, რომ შენი აზრი გაიტანო. ამას ცდილობდა გიგა ბოკერია, მაგრამ ამის უფლება არ მისცა მიხეილ სააკაშვილმა. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ებრძვიან ერთმანეთს ადგილის მოპოვებისთვის.
- თუ მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებისთვის იბრძვის?
- თუ მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებისთვის იბრძვის, მაშინ აქამდე სად იყო?! ის რაც მიუღებელია ახლა, რატომ არ იყო აქამდე მიუღებელი? ეს კითხვები აუცილებლად გაიჟღერებს და მისი ადრესატი აუცილებლად იქნება ბოკერია. შეიძლება ითქვას, რომ ბოკერიამ დააგვიანა საიმისოდ, რომ ამ ბრძოლამ მას ის შედეგი მოუტანოს, რაც პოლიტიკოსს ყოველთვის სჭირდება.
- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
- მე არ გამოვრიცხავ, რომ პარტიულ ლიდერებს მოუწიოთ ჩემოდნების ჩალაგება და სახლში წასვლა, მით უფრო, ეს არ არის უცხო ზოგადად პოლიტიკისთვის, პოლიტიკაში დარჩენა არ არის ყოველთვის აუცილებელი. ბევრ პოლიტიკურ ლიდერს ჩაულაგებია ჩემოდანი და ჩუმად წასულა სახლში.
- ბატონო რამაზ, ვისზე მიანიშნებთ?
- ამ შემთხვევაში კონკრეტულად არ ვსაუბრობ. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, თუ ის პოლიტიკაში დარჩება, მაშინ მას მოუწევს სულ სხვა სტრატეგიის შერჩევა. პირველ რიგში, დამოუკიდებლად თამაშის დაწყება და შემდეგ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, მათ შორის, არცთუ შორეული წარსულისთვისაც.
„ახალი თაობა“, 03 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ჯონ მაკეინმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა?“ // დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ ვირეშმაკობაში ადანაშაულებს“
რატომ ჩამოვიდა საქართველოში სენატორი ჯონ მაკეინი, რა კავშირი აქვს ამ ვიზიტს პუტინის განცხადებასთან, რა სარგებლობას ვნახავთ რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირებით? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
- საქართველოში ამერიკელი სენატორის ჯონ მაკეინის ჩამოსვლას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენი აზრით, რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში? ერთ-ერთი ვერსიით, მან ჩვენს ხელისუფლებას რაღაც ინსტრუქციები მისცა...
- 2017 წელი ძალიან საინტერესოდ დაიწყო, წინ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გველოდება და მჯერა, რომ საქართველოსთვის ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება ჯონ მაკეინს, ის სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, ესტონეთსა და უკრაინას სტუმრობდა. ჩვენს მოსახლეობას კარგად მოეხსენება, რომ ის წონიანი, გავლენიანი და ავტორიტეტული პოლიტიკოსია ამერიკაში. ამის გარდა, მას საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. ვინმეს თუ იმის იმედი აქვს, რომ მისმა მატარებელმა ჩაიარა, ძალიან შემცდარა. ჯონ მაკეინის ტიპის შემტევი პოლიტიკოსები დემოკრატებშიც მრავლად არიან და რესპუბლიკელებშიც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი კატეგორიის პოლიტიკოსებად ძირითადად ახალგაზრდები ითვლებიან.
ახალგაზრდებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ვიღაცები ამტკიცებენ, თითქოს ჯონ მაკეინის თაობის წასვლის შემდეგ, რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეიცვლება. ამის იმედი ტყუილად აქვს ვინმეს – აშშ თავის პარტნიორ ქვეყნებს არ მიატოვებს. ჩვენი აზრით, ჯონ მაკეინი ესტონეთში ამ ქვეყნის ხელისუფლების განწყობის გასაცნობად ჩავიდა. მას ასევე აინტერესებს უკრაინაში მიმდინარე პროცესები და იქაური პოლიტიკოსების განწყობები. საქართველოშიც ხელისუფლების განწყობის მოსასმენად ჩამოვიდა. ამის გარდა, მან ოფიციალური თბილისის წარმომადგენლებს თავისი მოსაზრებებიც გააცნო და მხარდაჭერაც აღუთქვა.
- ინსტრუქციების მიცემაზე რას ფიქრობთ, ასეთ რამეს არ ექნებოდა ადგილი?
- შარშან გავლენიანი დასავლური პოლიტიკური ჯგუფები ხმამაღლა ალაპარაკდნენ საქართველოს ხელისუფლების თამაშზე. ეს თამაში მათ მიერ ვირეშმაკობად იქნა აღქმული. დასავლეთში ეჭვობენ, რომ საქართველო რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს. სენატორი ჯონ მაკეინი იმ პოსტსაბჭოური ქვეყნების მეგობარია, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ის პირადად დაინტერესდა ამ საკითხით. ჩვენი აზრით, ის იქიდან ინსტრუქციებს არ ჩამოიტანდა. ამ ეტაპზე აქედან უნდა წაიღოს ხელისუფლების განწყობები. ამერიკაში ძალიან აინტერესებთ, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება. არც ისაა გამორიცხული, რომ მაკეინმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა. პოლიტიკა ქვეტექსტების ენაა. ამ სფეროში პირდაპირი თითის ქნევით მხოლოდ რუსები ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე სენატორი თითს არავის დაუქნევდა, მაგრამ თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებდა.
- ამ ვიზიტს წინ ვლადიმირ პუტინის განცხადება უძღოდა. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კრემლი მზადაა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა განაახლოს. ამასაც ხომ არ უკავშირდება ჯონ მაკეინის სტუმრობა?
- ეს ვიზიტი უფრო ადრე დაიგეგმა, მაგრამ პუტინის განცხადებაზეც იქნებოდა აუცილებლად საუბარი. აშკარაა, რომ კრემლი დასავლეთის პარალელურად აქტიურობს. დასავლეთი ალაპარაკდა თუ არა ვიზალიბერალიზაციაზე, ვლადიმირ პუტინმაც უვიზო მიმოსვლის აღდგენაზე დაიწყო საუბარი. კრემლს იმედი აქვს, რომ საქართველოში ევროპას კონკურენციას გაუწევს. დასავლეთი თუ კიდევ უფრო წინ წავა საქართველოს დასახმარებლად, ვლადიმირ პუტინი კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადადგამს. ჩვენმა გმირმა წინაპრებმა ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა დაგვიტოვეს, რომ რაც უფრო მეტად დაუპირისპირდება რუსეთი დასავლეთს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. რაც უფრო დაუახლოვდებიან ირანი და თურქეთი რუსეთს, მით მეტი ფასი დაედება კავკასიას და საქართველოს. ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ მიდის, ახლა ჩვენ მხოლოდ პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთ.
- რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ პრინციპულობა?
- ისტერიკისა და გართულებების გარეშე უნდა შევინარჩუნოთ არსებული საგარეო კურსი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და ჩვენ გვინდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია. დარწმუნებული ვარ, ჯონ მაკეინი ამ თემაზეც ისაუბრებდა. წინ საინტერესო მოვლენები გველოდება და ახლა საბოლოოდ გამოჩნდება, ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ – მოღალატე.
„ახალი თაობა“, 03 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, დროულად მოიძიოს პროფესიონალი კადრები“ // „ამ ქვეყანაში ოცნებების ასრულება მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია“
განვლილი 2016 წლის მნიშვნელოვან მოვლენებზე, დადებით და უარყოფით ფაქტებზე, რას ველოდებით ახალ 2017-ში, ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი საუბრობს.
- ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით განვლილ 2016 წელს? ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, პოლიტიკური თვალსაზრისით კატასტროფული წელი იყო 2016 წელიო. რას იტყვით თქვენ?
- ჩემი აზრით, 2016 იყო არა რაიმე მდორე პროცესების წელი, არამედ განსხვავებული დასაწყისით და სრულიად საწინააღმდეგო დასასრული წელიწადისა.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ 2016 წლის დასაწყისიდან, როგორც იქნა, გონს მოვიდა ვიღაც, რომელიც წინა წლებში ყოფილ პრემიერ-მინისტრს უკრძალავდა პრეზიდენტთან თანამშრომლობას. როგორც კი მართვის სადავეები აიღო ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, მან ეს მახინჯი ფორმატი მოიშორა და შესაბამისად, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ძალიან აქტიური თანამშრომლობის მოწმენი ვიყავით. ასეთი ტრიო დაამშვენებდა ნებისმიერ ქვეყანას. დასანანია, ეს პროცესი რომ არ გაგრძელდა წლის მეორე ნახევარში.
- რა შეიცვალა?
- ძირითადი ცვლილება, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ დაგეგმილი, აღმოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც არა თუ შუა გაიკრიფა, არამედ საერთოდ ახლო-მახლო შეიძლებოდა ყოფილიყო სახელისუფლო პოლიტიკურ ძალასთან, იყო მიჭირხვნილი, მიჯირყვნილი და შედეგიც სახეზეა. ფაქტიურად ორსუბიექტიანი პარლამენტი მივიღეთ. განსხვავება წინა პარლამენტისგან კიდევ უფრო დასაფიქრებელია.
- რატომ არის დასაფიქრებელი?
- რადგან ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და, უპირველეს ყოვლისა, ამ პარტიის მამამარჩენალმა, მოახერხა არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ სახელმწიფო კონსტიტუციის პრივატიზაცია! ასეთ ვითარებაში მეტი დაფიქრებაა საჭირო, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც არ დაკარგა სურვილი სამომავლოდ არჩევნებში მონაწილეობისა. სურათი, რომელსაც ვაკვირდებოდით, არანაირი სცენარის მიხედვით არ ვითარდებოდა. თითოეული პოლიტიკური ლიდერის განდგომა პოლიტიკური სივრციდან, იყო განსხვავებული და გასაკვირიც.
- მარცხმა შეაშინაო. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა, მე ასე ვერ ვიფიქრებ, იმიტომ, რომ მშიშარა პოლიტიკოსი თავიდანვე არ გაყოფდა დამარცხების ყულფში თავს. თუმცა განსხვავებული შინაარსი შევამჩნიე ბატონ ალასანიასა და ბატონ უსუფაშვილის განცხადებებს.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ბატონ ალასანიას გამონათქვამებში ვიგრძენი განწყობა – მე მივდივარ! ხოლო უსუფაშვილის იმავე ტექსტით გამოთქმულ ფრაზებში ამოვიკითხე – მე მოვდივარ! აი, ეს განსხვავება არსებობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები.
- საუბარია, რომ დავიტ უსუფაშვილი ძლიერ ოპოზიციურ ცენტრს ქმნისო...
- ამის გამორიცხვა ძნელია. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, თუ ბატონმა დათომ გადაწყვიტა ახალი პოლიტიკური სუბიექტის შექმნა, ეს იქნება სერიოზული და არა რაიმე არასერიოზული მცდელობა. ყველაზე აქტუალური, რაც მეხუთე წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის იკვეთება, დაუოკებელი ლტოლვაა პრეზიდენტის და მისი ინსტიტუტის მიჭირხვნის.
- სანამ პრეზიდენტის ინსტიტუტზე გადავალთ, თქვენ ბრძანეთ, რომ კონსტიტუცია პრივატიზებულიაო, რატომ ფიქრობთ ასე?
- ეს შემთხვევითი მოვლენა არ გახლავთ. დიახ, ეს არის ვიღაცის ოცნების ასრულება. ამ ქვეყანაში ოცნებების ასრულება მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია.
- რას იტყვით პრეზიდენტის ინსტიტუტზე? საუბარია, რომ ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ეს ინსტიტუტი დაეკნინებინათ. ასეა?
- ამ ინსტიტუტის დაკნინების წერტილი გახლავთ ის დღე, როდესაც, 2013 წლის დამლევს, ჩვენი ქვეყნის კადრებთუხუცესის მიერ სატელევიზიო სივრციდან ვიხილეთ დაუფარავი ჟინი, მისივე წარდგენილი კანდიდატურის ჩამოშორებისა. 2013 წლამდე ბატონი ბიძინასთვის სრულიად მიუღებელი იყო საკითხი, რომ პრეზიდენტი პარლამენტს აერჩია, ის ძლიერი პრეზიდენტის მომხრე იყო.
- რა შეიცვალა?
- ძირითადი ცვლილება გახლდათ ის, რომ თურმე ჩვენი პრეზიდენტი არ ექვემდებარება ვინმეს მიერ პრივატიზებას, რისი იმედიც ვიღაცაში არსებობდა. ახლა დადგა დრო, როცა ჩვენი კონსტიტუცია იღლიაში აქვთ ამოდებული წამყვან ფიგურებს. სწორედ ეს იქნება 2017 წლის მთავარი საკონსტიტუციო გამოწვევა. კარგია, რომ ამ საკითხში ჩართულები არიან არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ახალბედა პოლიტიკოსები, არამედ გამოცდილი ვახტანგ ხმალაძეც, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იქნეს არჩეული და რომელსაც სხვა განვითარებული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს. თუმცა იმას არ ამბობს, ჩვენს ქვეყანას რა საერთო აქვს ასეთ განვითარებულ ქვეყნებთან. ნუთუ იქაც ერთი მილიარდერის გუნებაგანწყობაზეა დამოკიდებული მთელი პოლიტიკური პროცესები?!
- როდესაც 2016 წლის მოვლენებს ვაფასებთ, ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ მთავარი უარყოფითი მოვლენა იყო ლარის ფაქტორი. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა. ეკონომიკურ მხარეებზე რას იტყოდით?
- მიუხედავად დღევანდელი რეალობისა, ჩვენი ეკონომიკის ასეთი დაკნინების ძირითადი მიზეზი გახლავთ, სრულიად უკუღმა გაგებული ურთიერთობა პოლიტიკასა და ეკონომიკას შორის. საძირკველი არის ეკონომიკა, ხოლო ზედნაშენი არის პოლიტიკა! ჩვენთან ყველაფერი თავდაყირაა. ჩვენი ეკონომიკა ზედმეტად პოლიტიზებულია არცთუ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ჯგუფის მიერ და, სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკის ავთვისებიანი სიმსივნე. ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით მართლმსაჯულების სისტემაში. ახლა სრულიად მკაფიო საფრთხის წინაშეა მედია სივრცეც.
- ბატონო სოსო, კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, სერიოზული ცვლილებები ვიხილოთ ეკონომიკურ გუნდში. ასევე საუბარია გიორგი კვირიკაშვილის ცვლილებაზეც. როგორ ფიქრობთ, შეცვლიან პრემიერ-მინისტრს?
- პარალელი შემიძლია გავავლო გიორგი კვირიკაშვილის წინაშე ჩამოყალიბებულ საფრთხესა და იმ საფრთხეს შორის, რომელმაც გადაიყოლა პაატა ბურჭულაძე.
- რა აქვთ საერთო?
- ეს გახლავთ დათვური სამსახური მათ მიმართ, იმ სუბიექტების მხრიდან, რომლებიც ატარებენ გამოკვლევებს. როდესაც აირაიმ გამოაცხადა, რომ თურმე პოპულარობა და ნდობა ბურჭულაძისა იყო 70%-ზე მეტი, ხოლო ბატონი ივანიშვილისა, სადღაც 22%-ის ფარგლებში, მაშინვე ამუშავდა მის წინააღმდეგ ძლიერი მანქანა. დღეს, როდესაც ვხედავთ, რომ კვირის პალიტრის გამოკითხვის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირველესი ადამიანი 2016 წლისა, გახლავთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მეორე არის ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და მესამეა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საკითხი არ იყოს საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, ჩაფიქრებისა ამ თემაზე.
- ბიძინა ივანიშვილი ვერ იტანს მასზე პოპულარულ ადამიანებს?
- ჩვენი კადრებხუცესისთვის ნაკლებად მისაღებია თანამშრომლობა პოპულარულ და წარმატებულ ადამიანებთან, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ სიმპათია ჩვენი მოსახლეობისგან, მით უმეტეს, თბილისელებისგან. რომელი ერთი მიჭირხვნილი თბილისელი გავიხსენო, სრულიად უდანაშაულო. საწყისი, მთავრობის სათავეში ბატონი კვირიკაშვილის მოყვანისა, იყო ძალიან პოზიტიური ნაბიჯი. მას ნამდვილად ახასიათებს ყველა ის სიკეთე, რომელიც არაერთხელ წარმოუთქვამს თავად ბატონ ბიძინას, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვამაც თუ აქო მის მიერ შექებული, ეს მისთვის სასიამოვნო არ არის. ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, თუ დღევანდელი ფინანსთა მინისტრი ჩაანაცვლებს გიორგი კვირიკაშვილს.
- ფიქრობთ, რომ მას ვიხილავთ პრემიერად?
- ამაზე ზოგ-ზოგიერთები აქტიურად საუბრობენ და წერენ. ეს ნამდვილად იქნება კომიკური ვითარება, თუმცა ჩვენ იმასაც ვხვდებით, რომ რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავების უფლება აქვთ მხოლოდ შპს ქართუში ნამუშევარ და იქ გამოცდილ კადრებს.
- ანუ სახარბიელო წელი არ გველოდება?
- თუ განხორციელდა ის ოთხპუნქტიანი პროგრამა, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ, თუ ჩვენი მთავრობა უფრო საქმით დაკავდება, ვიდრე ყველა რეპლიკაზე ხანგრძლივი პასუხით, ვფიქრობ, იქნება მეტი შედეგი. ცოტა მეტი სიმტკიცეც მართებთ, იდეა, რომელსაც წარმოთქვამენ მაღალი ტრიბუნიდან, მეორე დღეს არ უნდა იყოს უარყოფილი. ასევე თავისმმართლებლის როლში არ გამოდიოდეს პრემიერ-მინისტრი და ვურჩევდი, რომ მან დროულად მოიძიოს პროფესიონალი კადრი საკუთარ პრეს-მდივნად. დროა, ისწავლონ საზოგადოებასთან ურთიერთობა.
„ახალი თაობა“, 03 იანვარი, 2016 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილთან დადიან კონსულტაციებზე“ // „გიორგი კვირიკაშვილს ამერიკის ელჩი რაღაც დავალებებს აძლევს“ // „ზოგიერთ ოპოზიციონერს ვალები დაუფარეს, ზოგს სახლი უყიდეს“
რაზე უნდა აგოს პასუხი მოსახლეობამ, რა ხდება სახელისუფლებო კულუარებში, ვისგან ღებულობს დავალებებს პრემიერი, ნაციონალების რომელი ფრთა დადის ივანიშვილთან მოლაპარაკებებზე? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ბატონო გიგლა, ოპოზიცია და ექსპერტები ამტკიცებთ, რომ 2017 წელი საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. ხელისუფლების განცხადებით კი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი წელი დადგა. ვის უნდა დაუჯეროს ხალხმა?
- სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა, შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, მის მოსახლეობას, დროებით ჩვენგან მოწყვეტილ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და ჩვენს ემიგრანტებს, რომელთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ საზეიმო დღეებში მხოლოდ დადებითზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ არის გადავარდნილი ნარცისიზმის უკანასკნელ სტადიაში _ ავტოეროტიზმში. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სამყაროში არიან და საკუთარი თავის გარდა არაფერი აღარ აინტერესებთ. ამას სხვანაირად ჩაჩნების აღლუმიც ჰქვია. თავად რომ კარგად არიან, ჰგონიათ, რომ მოსახლეობაც ასე ცხოვრობს. რაც შეეხება მაგარ წელს, მაგარი წელი რომ მოიყვანო, საქმის კეთება უნდა იცოდე. ესენი კიდევ სისულელეს სისულელეზე ბჟუტურობენ. პატრონი თუ არა გყავთ, კეთილისმსურველი მაინც არ დაგრჩათ ვინმე, რომ გაჩუმება გირჩიოთ? ამათი ნაბჟუტურები რომ შევკრიბოთ, ერთი კარგი სიბრიყვის კონა გამოგვივა. მე მაგარი წლისა არ მჯერა და ამ შეფასების გაკეთება ოპოზიციონერობის გამო რომ არ დამბრალდეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ფრაზას გამოვიყენებ. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ არის ქართული ეკონომიკის საქმეო, პასუხი ასეთი იყო, საქმე შავად არის.
- რევაზ არველაძის შეფასებაზე საუბრობთ?
- დიახ, ეს შეფასება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააკეთა. როცა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამას ამბობს, იქ რამის დამატება საჭირო აღარ არის. აშკარაა, როგორი მაგარიც იქნება 2017 წელი. რაღაცას მაინც დავამატებ და ვიტყვი, რომ მე იმ ხელისუფლების რა ვთქვი, რომელსაც ბიუჯეტის შესავსებად ქართული მიწების გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.
ქართული მიწების გასხვისების ფონზე საერთოდ აღარ ახსოვთ, რომ დაკარგული ტერიტორიები აქვთ დასაბრუნებელი. ამის ნაცვლად სულ იმას გაიძახიან, შევალთ თუ არა ნატოში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადა მარშანიამ ძალიან კარგი რამე თქვა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, პირველ რიგში სოხუმში შესვლაზე იფიქრეთო. ესენი კი რაღაც სულელურ რეზოლუციებს ღებულობენ და ამით ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ. ეს არ გამოგივათ, ამის უფლებას თქვენ ხალხი და ოპოზიცია არ მოგცემთ. ეტყობა, ამათ არ უნახავთ, რა არის ნამდვილი პროტესტი და ამიტომაც არიან ასე მშვიდად. მე „ახალ თაობასთან“ საუბარში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან შეხვედრაზე ვისაუბრე. ამ ადამიანს როცა ვკითხე, რატომ იქცევით ასე, ხალხის პროტესტის არ გეშინიათ, მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი მაინც არ გამოვა ქუჩაშიო. ამის იმედით არიან, მაგრამ ხალხი აუცილებლად გამოვა.
- ამბობთ, ეტყობა, არ უნახავთ, რას ნიშნავს ნამდვილი პროტესტიო და ოპოზიციური პარტიები რაიმე საპროტესტო აქციებს აპირებთ?
- როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობ, მხედველობაში ის ოპოზიცია მყავს, რომელიც არავის არ ემსახურება. მე არ ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც ერთი საგანივით ცხრაასჯერ გამოყენებადია და სიტუაციის მიხედვით ჭიკჭიკებენ. მე ძალიან კარგად ვიცი სუბორდინაცია და ვიცი, რას ფიქრობს ჩვენი პარტიის ლიდერი, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მერე ნახეთ, როგორ გამოვა ხალხი ქუჩაში.
- ხალხის გამოყვანას მარტო დემოკრატიული მოძრაობა აპირებს თუ სხვებთანაც იქნება კონსულტაციები?
- ასე თუ გაგრძელდა, ხალხს აუცილებლად გამოვიყვანთ. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, როგორ ინგრევა ეს ქვეყანა. ვერ ეღირსებიან სახელმწიფოს განადგურებას. ისე მივადგებით, რომ გასწრებასაც ვეღარ შეძლებენ. ამის გარანტიას ვაძლევ ხელისუფლებას. იმის იმედი ტყუილად აქვთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ხალხი აღარ მოითმენს. ნამდვილი ოპოზიციის სიმკვეთრე მაგათ ჯერ არ უნახავთ.
ამათ, იცით, როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე? რაღაცაზე ახმაურდებიან, მერე დაელაპარაკებიან. ესენიც გვერდზე გაიყვანენ და ჯიბეში რაღაცას ჩაუდებენ _ ზოგს ვალებს გაუსტუმრებენ, ზოგს სახლს უყიდიან, ზოგს კი ანგარიშს გაუხსნიან. თავის დროზე ასე მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობაც. ჩვენ, დემოკრატიული მოძრაობა, ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, არასდროს გავყიდულვართ და თუ საჭიროა, ქუჩის ოპოზიციაც გავხდებით, რომელიც ხალხის ინტერესებით არ ივაჭრებს. სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთ ყველას.
- სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთო, ეს ფრაზა უკვე რამდენჯერმე ახსენეთ და რაიმე განსაკუთრებული აქციის მოწყობას ხომ არ აპირებთ?
- აქცია იქნება ძალიან მკვეთრი, მაგრამ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცევა. სიმართლე თუ გინდათ, არ მინდა, რომ საქმე ქუჩის აქციებამდე მივიდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას კოჭებშიც და ყველგან ემჩნევა, რომ არაფრის მაქნისი არ არის. ეს პრემიერი გამოდის და იძახის, ძალიან მაგარი წელი იქნებაო, წელი რომ მაგარი იყოს, პრემიერი და მისი გუნდიც მაგარი უნდა იყოს და ესენი კი მაგრები არ არიან.
- პრემიერზე ჩამოვარდა საუბარი და თქვენ პირველი იყავით, რომელმაც თქვით, რომ სახელისუფლებო კულუარებში გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნაზე აქტიურად საუბრობენო. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სხვებმაც დაადასტურეს. ამ პროცესზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია ხომ არა გაქვთ?
- დამატებითი ინფორმაცია ის არის, რომ ამ თემაზე ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა და რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს უკვე. მე მათ გვარებს ახლა შეგნებულად არ დავასახელებ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილის შეცვლით, ქვეყანაში რაიმე შეიცვლება. შემცვლელიც თუ გიორგი კვირიკაშვილივით მიუდგა საქმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის შეცვლას!
- გამოდის, პრემიერის შეცვლას აზრი არა აქვს?
- მიდგომა თუ არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მთავრობის მეთაური. საქმის გამოსწორება თუ გვინდა, მაშინ სისტემა უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტების წესიც. მე დანამდვილებით ვიცი, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. ამ ხელისუფლებამ ხალხი ბევრჯერ მოატყუა, მაგრამ ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან სამარცხვინოდ მოიქცნენ. ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ეროვნული ვალუტა გამყარდებოდა. ამის გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, არადა, აშკარად ჩანდა, თუ ვინ მოიგო ამით. მოგება საფინანსო ორგანიზაციებმა და ბანკებმა ნახეს. საუბარი ძალიან დიდ მოგებაზეა. ეს ყველაფერი კი ხალხის გაღატაკების ხარჯზე გაკეთდა.
ის რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, არის ფინანსური მაქინაციები. ევროკავშირს რომ გავიძახით, იქ და ამერიკაში ფინანსური მაქინაციების გამო ასეულობით მილიონის ჯარიმები დააკისრეს ბანკებს ფინანსური მაქინაციების გამო. საქართველოში რატომ არ ინტერესდებიან ამით? იქნება აქაც ფინანსურ მაქინაციებთან გვქონდა საქმე. სამწუხაროდ ეს საქმეც ისევე არ აინტერესებთ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
- ტერიტორიული მთლიანობა არ აინტერესებთო უკვე მეორედ ამბობთ, ეს საკითხი მართლა მიჩუმათებულია და მასზე მხოლოდ ის ძალები საუბრობთ, რომლებიც პრორუსულად ითვლებით. საუბარია თქვენზე და პატრიოტთა ალიანსზე. ეს რაიმე ახალი ტენდენციაა?
- პრორუსულობას იმიტომაც გვაბრალებენ, რომ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ. ამათ ჰგონიათ, რომ თუ პრორუსულობას დაგვაბრალებენ, ამ თემაზე ხმას არ ამოვიღებთ. ნურას უკაცრავად. მაგათგან განსხვავებით, ეს საკითხი ჩვენთვის, დემოკრატიული მოძრაობისთვის, მთავარია. ხელისუფლებას კი ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩაქნეული აქვს ხელი. ამას ორი მიზეზი აქვს. თავადაც კარგად იციან, რომ უნიათოები არიან და ვერაფერს ვერ მიაღწევენ. და მეორე, რუსეთთან ვერ დაილაპარაკებენ. კვირიკაშვილი სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე რომ შეხვდეს პუტინს, ხომ გული გაუსკდა. ხმასაც ვერ ამოიღებს.
- რატომ გგონიათ, რომ ხმასაც ვერ ამოიღებს?
- იმიტომ, რომ დამოუკიდებლად არაფერს არ წყვეტენ. ჩვენი მთავრობა, იცით, როგორ მუშაობს? ამერიკის ელჩი მიდის კვირიკაშვილთან დავალებით. მერე ეს ადის ბიძინასთან, იქ მოილაპარაკებენ რაღაცას. მიღებულ გადაწყვეტილებას თავში უდებენ უმრავლესობის წევრებს და მათ მეშვეობით ახმოვანებენ მორიგ სისულელეებს. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და რუსეთთან დიალოგის დაწყება არასამთავრობოებს და ნაციონალებსაც არ სურთ. ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ხელს ვერავისკენ გაიშვერენ და გრანტებსაც ვერ მიიღებენ დასავლეთიდან.
- თქვენ ამბობთ, ნაციონალები სხვისკენ ხელს ვეღარ გაიშვერენო, სხვისთვის აღარ სცალიათ, ისინი ერთმანეთისკენ იშვერენ უკვე ხელს. ამაზე რას იტყვით?
- დაუჭამიათ ერთმანეთი! ორად კი არა, კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ერთი კი არის, 2012 წელს ესენი პოლიტიკურ მოუსავლეთში იყვნენ წასულები და ისევ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუგდო მაშველი რგოლი. ასეთ უნიათო ხელისუფლებას ასეთი დისკრედიტებული და გასვრილი ოპოზიცია სჭირდება საპირწონედ. 2012 წელსაც გადაარჩინეს და ახლაც მჭიდრო კავშირი აქვთ მასთან.
- მჭიდრო კავშირში რას გულისხმობთ?
- ჩვენს პარტიას არ გააჩნია მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა, რომ ამათ ვუთვალთვალოთ. რომც გვქონდეს, ამას არც ვიკადრებთ, მაგრამ მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის „ოცნების“ მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე.
- ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებზეა საუბარი?
- ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმის შესახებ, რომ ნაციონალების ერთი ფრთა, რომელსაც სააკაშვილმა ახირებულები უწოდა, „ოცნებაში“ ყველაზე უფროსთან დადის სასაუბროდ. მე არც მათი საუბარი მომისმენია და არც დეტალები ვიცი, მაგრამ ამათი საქციელი იმ ვირთხების საქციელს მაგონებს, გემიდან პირველები რომ გარბიან ხოლმე. ჩემი მხრიდან სააკაშვილის დაცვა არ გამოვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნაციონალების ეს ფრთა პარლამენტში მოხვდა, იმ საერთაშორისო მაწანწალას დამსახურებაა, ახლა უკრაინაში რომ ზის. ესენი კი მის ზურგს უკან ხლართავენ რაღაცებს და უკრაინაში მყოფი კაცი ლამის ჩვენი დასაცავი გახდა.
„ქართულ ოცნებას“ ეს ამბავი არ უნდა უხაროდეს. მათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, დასკვნები უნდა გამოიტანონ. თუ ნაციონალებმა სააკაშვილი არ დაინდეს, რომელთანაც დიდ ვალში არიან, ამათ რატომ დაინდობენ. ისე, ნაციონალების დაშლის პროცესი ძალიან ლამაზად მიდის, უფრო ადრე რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ „ოცნებამ“ გადაარჩინა ეს პარტია. ამ საქმეში მათ მოსახლეობაც დაეხმარა. საუბრის დასაწყისში ჩვენს მოსახლეობას დიდი სიყვარულით მივულოცე ახალი წელი, მათ მიმართ ისევ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო, მაგრამ საყვედურიც უნდა ვუთხრა – მათი პასიურობა რომ არა, დღეს პარლამენტი ნაციონალებსა და „ოცნებას“ არ დარჩებოდა. არჩევნები მართალია ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ ხალხი რომ მისულიყო საარჩევნო უბნებთან, სხვა შედეგი დადგებოდა. მოსახლეობამ სახლში დარჩენა ამჯობინა და შედეგიც სახეზეა – ქვეყანა მძიმე დღეშია.
- არჩევნები საქართველოში წელსაც ტარდება. თქვენი აზრით, მოსახლეობა ისევ სახლში დარჩენას ამჯობინებს?
- ვერ გეტყვით. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, საქართველოში არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს.