«RFE/RL – Эхо Кавказа» (აშშ): ბიძინას წელიწადი
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მოგების გადასახადის ესტონური რეფორმა საქართველოს ძვირი უჯდება
———————-
«RFE/RL – Эхо Кавказа» (აშშ), 04 იანვარი, 2017 წელი
http://www.ekhokavkaza.com/a/28211182.html
ბიძინას წელიწადი
გია ნოდია
(მცირე შემოკლებით)
2016 წელი ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრიუმფის წელი იყო. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ მისმა პარტრიამ „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დამაჯერებლად მოიგო საპარლამენტო არჩევნები. საქმე უფრო მეტად იმაშია, რომ ბიზინა ივანიშვილმა 2016 წელს ოთხი წლის წინ – 2012 წელს დაწყებული პოლიტიკური პროექტი მთლიანად დაასრულა, ანუ დღეს საქართველო მისი პირადი აგარაკია და მისთვის ხელის შეშლა სიამოვნების მიღების დროს უკვე არავის აღარ შეუძლია.
წარმატების ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, 2012 წელს ჩაიდო, როცა ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება შეზღუდა, ანუ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ნაცმოძრაობა“ დაამარცხა. არჩევნების შემდეგ ხომ ოლიგარქი ბევრ სახელმწიფო ინსტიტუტს მაინც ვერ აკონტროლებდა, კოალიცია კი საკმაოდ ჭრელი იყო. გარდა ამისა, დამარცხებულმა „ნაცმოძრაობამ“ „სიკვდილზე“ უარი განაცხადა და მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელიც გადაჭარბებულ დამოუკიდებლობას იჩენდა… მოკლედ, მან ნაბიჯ-ნაბიჯ, მოთმინებით დაიწყო ბარიერების გადალახვა…
მილიარდერის ძირითადი პოლიტიკური წარმატებების სერია 2015 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა ბიძინა ივანიშვილმა თავისი მთავარი შეცდომა გამოასწორა – ერთგული, მაგრამ საკმაოდ კომიკური პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უფრო სოლიდური და პრეზენტაბელური გიორგი კვირიკაშვილით შეცვალა. ეს უკანასკნელი ყველას ესიყვარულება და არავის არ აღიზიანებს – მოკლედ, კლასიკური თამადის როლს ასრულებს… ცოტა მოსაწყენი კი არის, მაგრამ მას შეუძლია დასავლელ პარტნიორს საჭირო სიტყვებით მიმართოს და საერთოდ, სწორად ისაუბროს. განა მეტი რა მოეთხოვება პირველ ვეზირს?
შარშან ზაფხულში მმართველი კოალიცია მმართველ პარტიად წარმატებით გარდაიქმნა. კოალიციის ზოგიერთმა „წევრმა“ თავი მართლაც კოალიციის [სრულუფლებიან] წევრად წარმოიდგინა და დაივიწყა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე ისინი არარაობები არიან. სხვები კი, თავიანთი ექსტრავაგანტური კომენტარებით, ყველასათვის სასაცილო ადამიანებად იქცნენ. განახლებული „ქართული ოცნება“ ორივე კატეგორიის წევრებისაგან გათავისუფლდა, სამაგიეროდ, შეივსო ინგლისურად კარგად მოლაპარაკე ადამიანთა ჯგუფით, რათა საკუთარი მოსახლეობისა და [უცხოელების] წინაშე პირი არ შეერცხვინა. განა მეტი რა უნდა მოითხოვო საპარლამენტო უმრავლესობისაგან?
2016 წელს ბიძინა ივანიშვილმა ხელში ჩაიგდო ის სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რომლებიც ადრე მას არ ემორჩილებოდნენ – ეროვნული ბანკი, საკონსტიტუციო სასამართლო… ზოგჯერ მილიარდერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ზომიერად დამოუკიდებელი ჟესტები თუ აღიზიანებდა ხოლმე, მაგრამ განა მეტს რას უნდა მოელოდე პრეზიდენტისაგან, ჟესტების გარდა? ისე კი, რადგან პარლამენტი ბიძინას ხელშია, საკანონმდებლო ორგანო იმის უზრუნველყოფასაც შეძლებს, რომ მომდევნო პრეზიდენტი პირდაპირი ხმის მიცემით აღარ იქნება არჩეული, ანუ პრეზიდენტიც [ოლიგარქს] დაექვემდებარება. მეტი რაღა უნდა ისურვოს კაცმა?
2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა კარგად ჩაიარა როგორც შედეგების, ასევე პროცესის აღქმის თვალსაზრისით: „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში პირველად მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, თანაც ყველა საშინაო და საგარეო დამკვირვებელი ერთხმად აქებდა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობას, დარღვევებს კი „იზოლირებული ინციდენტები“ უწოდეს – ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს?
მაგრამ თვით არჩევნებს ყველა პრობლემა არ გადაუწყვეტია: ჩვენ გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის გასანადგურებლად მოვიდა. ბოლო ოთხი წელიწადი მუდმივად გვესმოდა, რომ ისინი ქართული პოლიტიკის რადარებიდან უნდა გამქრალიყვნენ. ოქტომბერში ამ მიზნის განხორციელება ვერ მოხერხდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ სინანულით განაცხადა. ანუ, მართალია, „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები წააგო, მაგრამ მთავარ და ერთადერთ პოლიტიკურ ძალად დარჩა. ამით „ნაციონალებმა“ თითქოსდა მხარდამჭერები გაიმრავლეს საპრეზიდენტო და მუნიციპალური არჩევნებისათვის, მაგრამ ოქტომბერშივე მისი თვითრღვევის პროცესი დაიწყო. ამ სკანდალის მთავარი მომენტი იყო დაპირისპირება ერთი მხრივ, დევნილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებს, მეორე მხრივ – პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას შორის, რომელსაც პარლამენტში არჩეული „ნაციონალი“ დეპუტატების უმრავლესობა მიემხრო. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რაშია კონფლიქტის არსი, ვინ დამნაშავეა და ვინ მტყუანი. უკვე აშკარაა, რომ დაპირისპირება უეჭველად საბოლოო განხეთქილებით დასრულდება და მალე ჩვენ ორ პარტიას მივიღებთ, რომელთაგან ერთ-ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ მემკვიდრედ კი დარჩება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს წინააღმდეგობას ვერც ერთი ვერ გაუწევს.
ჯერ-ჯერობით ერთი პრობლემაა გადასაწყვეტი: ტელეარხი „რუსთავი-2“ ოპოზიციურ და პოპულარულ არხად რჩება, თუმცა უკვე ყველაფერი მზადაა მისი საბოლოო მოხრჩობისათვის.
ბიძინა ივანიშვილის პირადი ოცნება განხორციელდა – იგი თავისი ხელისუფლების მწვერვალზეა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იდილია. შესაძლოა, ეს პრელიუდიაა კრიზისისათვის, შეიძლება კიდევ დიდი ხანი ვიცხოვროთ ოლიგარქის აგარაკზე, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი ჩინებულად მოახერხა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 იანვარი, 2017 წელი
მოგების გადასახადის ესტონური რეფორმა საქართველოს ძვირი უჯდება
ზაზა წულაძე
ახალი წლის პირველი დღეები საქართველოში ფასების მკვეთრი მატებით აღინიშნა. ეკონომიკური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურების, ეკონომიკური ზრდის შემცირებისა და ახალი ფაქტორის – მოგების გადასახადის ესტონური რეფორმის გამო, ცხოვრების გაძვირების ტენდენცია, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
2017 წლის პირველი იანვრიდან ფასებმა ავტომატურად მოიმატა ბენზინზე (15 თეთრით), დიზელზე (7-15 თეთრით), მსუბუქ ავტომობილებზე, საავტომობილო ზეთებსა და აირზე (20 თეთრით), თამბაქოზე (20-50 თეთრით), ანუ იმ პროდუქტებზე, რომელთა აქციზის გადასახადი მთავრობამ გააორმაგა ან სულაც, გაასამმაგა. ამას კი ბაზარზე ჯაჭვური რეაქცია ჰქონდა.
მთავრობა აქციზის გადასახადის ზრდაზე იმ რეფორმის გამო წავიდა, რომელსაც პრემიერ კვირიკაშვილის კაბინეტი – „რევოლუციურს“ უწოდებს. პირველი იანვრიდან, საქართველოში, ყოველწლიური 15%-იანი მოგების გადასახადი, „ესტონური მოდელით“, ანუ „განაწილებული მოგების ყოველთვიური გადასახადით“ შეიცვალა. ამიერიდან ბიზნესი მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში დაიბეგრება, ხოლო თუ დივიდენდის რეინვესტირებას ისევ უკან, ეკონომიკაში მოახდენს, ის მოგების გადასახადისგან თავისუფალი იქნება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ბიზნესისთვის მოგების დატოვება ეკონომიკას მნიშვნელონად გამოაცოცხლებს. მოგების გადასახადის რეფორმა საქართველოს საკმაოდ ძვირი უჯდება. რეფორმის გამო, 2017 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტი, წინასწარი პროგზონით, 500-დან 800 მილიონამდე ლარს ვერ მიიღებს. დანაკლისის შევსებას მთავრობა სწორედ გაზრდილი აქციზის გადასახადიდან ელოდება.
აუდიტორული კომპანია „პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ „ესტონურ მოდელს“ დადებითთან ერთად, აქვს უარყოფითი მხარეებიც, რომელმაც შესაძლოა, ბიზნესის ნაწილს დამატებითი პრობლემა შეუქმნას:
„ის ფაქტი, რომ თუ კომპანია არ წაიღებს დივიდენდს – არ დაიბეგრება, ძალიან პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ახალ კანონში, ამის გარდა, ძალიან ბევრი მომენტია დივიდენდთან გათანაბრებული – ავანსი, სესხი, უსაბუთო ხარჯი, ოფშორში გადარიცხვა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესს ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია ახალი წესის ამ ქვედა დინებებზე, და სწორედ ამიტომ, საუბარი მიდის, მხოლოდ ერთადერთ კონტექსტში, რომ თუ არ წავიღებთ დივიდენდს, არ ვიბეგრებით და მორჩა“.
მხოლოდ განაწილებული მოგების ანუ დივიდენდის დაბეგვრას, პესიმისტურად უყურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. მათი აზრით, საბიუჯეტო შემოსავლების კლება, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), დაახლოებით, 1,5%-ით (500 მილიონით), ავტომატურად გაზრდის საბიუჯეტო დეფიციტს.
საქართველოს კანონში „ეკონომიკური თავისუფლების“ შესახებ ნათქვამია, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მაშინ, როცა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი უკვე – 3,7%-ია. მაღალი დეფიციტის პირობებში, მთავრობას ისევ დაუდგება ბიუჯეტის შევსების პრობლემა და ავტომატურად მოუწევს საგარეო ვალის გაზრდა, რომელმაც ისედაც გადააჭარბა მშპ-ის 40%-ს. ამჟამად, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს. მხოლოდ, 2016 წლის მესამე კვარტალში ვალმა – 173 მილიონი დოლარით მოიმატა.
ფინანსთან ყოფილი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის რეფორმის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ პროცესმა საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ალექსიშვილი გამოსავალს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვან შეკვეცაში ხედავს:
„ჩვენ საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა უნდა გვქონდეს ზღვრულ ოდენობამდე, სავალუტო ფონდის მოსაზრებით, ეს არის – 3%. ეს ზღვარი რომ დავიცვათ, უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და ყველაზე უპრიანი იქნება, რომ მთელი აქცენტი სწორედ ამ მიმართულებით იყოს გადატანილი. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, შეიძლება რაიმემ საფრთხე შეუქმნას, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია უარი უნდა ვთქვათ, ე.წ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის, ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზეც“.
მოგების გადასახადის რეფორმირების იდეა პირადად გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მან, 2015 წლის მარტში, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის რანგში გაახმოვანა, თუმცა მაშინდელ მთავრობაში იდეამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. 2016 წლის იანვარში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, გიორგი კვირიკაშვილი ისევ მიუბრუნდა ესტონურ მოდელს, რომელიც თავად ესტონეთში 2000 წელს შემოიღეს. პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს 2016 წლის მაისში 85 ხმით დაუჭირა მხარი.
თავდაპირველად, ახალი სისტემა 2016 წლის 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ბიზნესის თხოვნის საფუძველზე თარიღმა 2017 წლის პირველ იანვრამდე გადმოწია. პირველი იანვრიდან ახალი გადასახადის გადამხდელია, საგადასახადო კოდექსით გასაზღვრული ყველა რეზიდენტი საწარმო, გარდა კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, ინდივიდუალურ მეწარმეების, ლომბარდების, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების. მათ ახალი რეგულაციები 2019 წლის 1 იანვრამდე არ ეხებათ.
აქციზის გადასახადის ზრდის მოცულობა 2017 წლის 1 იანვრიდან:
1 ტონა ბენზინზე – 250 ლარიდან 500 ლარამდე;
1 ტონა დიზელზე – 150 ლარიდან 400 ლარამდე;
1000 მ3 ბუნებრივ ავტოსაწვავად გამოყენებულ აირზე – 80-დან 200 ლარამდე;
ავტოზეთებზე – 400-დან 800 ლარამდე;
2016 წლის ავტოზე (ძრავი 2 სმ³) – 3000 ლარიდან 4600 ლარამდე;
2001 წლის ავტოზე (ძრავი 1.8 სმ³) – 1440 ლარიდან 4140 ლარამდე;
2006 წლის ავტოზე (ძრავი 1.6 სმ³) – 750 ლარიდან 1500 ლარამდე;
2010 წლის ავტოზე (ძრავი 1.7 სმ³, მარჯვენა საჭე) – 1360 ლარიდან 4080 ლარამდე;
1 კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე – 0,6 ლარით – 1,7 ლარამდე;
1 უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით – 0,6 ლარამდე;
აქციზის გადასახადის კლების მოცულობა 2017 წლის 1 იანვრიდან:
2013 წლის ავტოზე (ძრავი 1.8 სმ³, ჰიბრიდი) – 2520 ლარიდან 1008 ლარამდე.