«Bloomberg» (აშშ): დონალდ ტრამპი საქართველოს შავიზღვისპირა კურორტზე 250 მილიონიან პროექტში თავის მონაწილეობას წყვეტს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული ღვინო ახალი ბაზრების ძიებაში
———————-
«Bloomberg» (აშშ), 4 იანვარი, 2017 წელი
დონალდ ტრამპი საქართველოს შავიზღვისპირა კურორტზე 250 მილიონიან პროექტში თავის მონაწილეობას წყვეტს
ამერიკულმა კომპანიამ The Trump Organization-მა საბოლოოდ უარი თქვა იმ 250 მილიონიან პროექტში მონაწილეობაზე, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირა კურორტ ბათუმში „ტრამპ-თაუერის“ (ცათამბჯენების) კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ასეთი ნაბიჯი განაპირობმა იმ გარემოებამ, რომ დონალდ ტრამპს არ სურს თეთრ სახლში შესვლის დროს ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორები – სტეფანი ბეიკერი და ჰელენა ბედველი).
გთავაზობთ მის შინაარსს:
როგორც The Trump Organization-ისა და მისი პარტნიორის The Silk Road Group-ის ერთობლივ პრეს-რელიზშია აღნიშნული, The Trump Organization-მა გადაწყვიტა ოფიციალურად შეწყვიტოს თავისი მონაწილეობა ბათუმში „ტრამპ-თაუერების“ მშენებლობის პროექტში, რომელიც 47-სართულიან საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ 2012 წელს დონალდ ტრამპმა და საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარეს. The Silk Road Group-ის განცხადებით, კომპანია თვითონ გააგრძელებს „თაუერების“ პროექტის რეალიზებას ბათუმში, რომელსაც თვითონ დონალდ ტრამპმა უწოდა „კავკასიური მონტე-კარლო“.
The Trump Organization-მა გასულ თვეში ასევე განაცხადა, რომ წყვეტს თავის მონაწილეობას აზერბაიჯანულ და ბრაზილიურ მსგავს პროექტებშიც. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ალან გარტენის განმარტებით, ეს ერთგვარი გზის „გაწმენდაა“ აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის, რომლის ინაუგურაცია 20 იანვრისთვისაა დაგეგმილი. როგორც პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, დონალდ ტრამპის ბიზნეს-ინტერესებმა შეიძლება ხელი შეუშალოს და ზიანი მიაყენოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გატარებას, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. ამ ფონზე ოპონენტები ხაზს უსვამენ აგრეთვე დონალდ ტრამპის პოზიტიურ დამოკიდებულებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ.
აშშ-რუსეთის ურთიერთობის დათბობით ძალიან არის დაინტერესებული საქართველო, რომელიც აშშ-ის ახლო მოკავშირედ ითვლება და რომელსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი არ დაუკარგავს. საქართველომ, რომელზეც ევროპისაკენ მიმართული ენერგომატარებლების მარშრუტები გადის, 2008 წელს რუსეთთან ომი წააგო, დაკარგა ორი სეპარატისტული რეგიონი, ანუ ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი, რომლებსაც ამჟამად პრორუსული ძალები აკონტროლებენ.
ბათუმში „ტრამპ-თაურების“ მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, როცა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ხელისუფლება დაკარგა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობაც. თუმცა როგორც The Silk Road Group-ის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ერთი თვის წინ განაცხადა, პროექტი ჯერ კიდევ ძალაში არისო. ტელეფონით საუბრისას გიორგი რამიშვილს არ განუმარტავს, თუ რატომ თქვა უარი [მასთან თანამშრომლობაზე] დონალდ ტრამპის კომპანიამ და არც კომენტარი არ გაუკეთებია, დაესწრება თუ არა იგი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას.
———-
შენიშვნა: ამ თემაზე 4 იანვარს მასალა გამოაქვეყნა აგრეთვე აშშ-ის საინფორმაციო სააგენტომ «The Associated Press»-მა სათაურით „Trump Organization საქმიან მოლაპარაკებას სამ ქვეყანაში წყვეტს“ (ავტორი – ბერნარდ კონდონი). წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/u/us_ trump_canceled_deals?site=ap§ion=home&template=default;
გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთის ილუსტრირებულ გამოცემა «The Calvert Journal»-ში დაბეჭდილია ვრცელი სტატია სათაურით „ხელისუფლების ცათამბჯენები: რა მოხდება, თუ თქვენ შავიზღვიპირეთში პოლიტიკას და უძრავ ქონებას ერთმანეთში აურევთ“ (ავტორი – მაიკლ მურავსკი). წყარო: http://calvertjournal.com/articles/show/7379/trump-odessa-batumi-mikheil-saakashvili-real-estate
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-wine-looks-for-new-sales-markets/3662884.html
ქართული ღვინო ახალი ბაზრების ძიებაში
საქართველოს ღვინის ინდუსტრია დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, გაყიდვებმა ისევ მოიმატა და 53 ქვეყნის ბაზრებზე, 50 მილიონამდე ბოთლს მიაღწია. სულ ექსპორტზე – თითქმის, 114 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც 16%-ით მეტია, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქართული ღვინის ექსპორტის 50 პროცენტზე მეტი ისევ რუსეთზე მოდის, სადაც 2016 წელს – 27 მილიონზე მეტი ბოთლი გაიყიდა. შემდეგ მოდიან – უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435), პოლონეთი (2 329 820), ბელარუსი (1 174 362) და ლატვია (1 258 632).
ტრადიციული ბაზრების გარდა, ღვინის ექსპორტის ზრდა შეინიშნება შედარებით ახალ ბაზრებზე, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ მიმართულებად მიიჩნევს. მათ შორის, აღსანიშნავია, ქართული ღვინის ექსპორტის 89 %-იანი ზრდა ჩინეთში, 46%-იანი – პოლონეთში, 28%-იანი დიდ ბრიტანეთში და 19%-იანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2016 წელს, 294 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა.
გიორგი სამანიშვილი, ქართული ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი 2014 წლის ნოემბრიდან, ამბობს: „ექსპორტი თითქმის ყველა მიმართულებით იზრდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზრდა გვაქვს, ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე. ეს არის აშშ, სადაც გაიზარდა გაყიდვები, ასევე, ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით გამოვყოფდი: დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთს, სადაც ასევე ძალიან კარგი ზრდა გვაქვს. აზიის მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2016 წელს, განსაკუთერით ჩინეთი, აქ არა თუ გაიზარდა, გასამმაგდა ჩვენი ღვინის ექსპორტი. რაც ყველაზე უფრო მახარებს, გაჩნდა მოთხოვნა მაღალხარისხიან ქართულ ღვინოზე. შესაბამისად, მიწოდებაც აუცილებლად მაღალხარისხიანი იქნება”.
ადგილწარმოშობის დასახელების საექსპორტო ღვინოებს შორის, 2016 წლის ლიდერებში ოთხი კახური და ერთი რაჭული ღვინო მოხვდა. გაყიდვების აბსოლუტური ლიდერია „ქინძმარაული“, რომლის წარმოების მიკროზონაც ყვარლის რაიონში მდებარეობს. გასულ წელს, ექსპორტზე – 7 417 333 ბოთლი „ქინძმარაული“ გავიდა. ხუთეულში ასევე შედიან: „მუკუზანი“ (2 568 547 ბოთლი) და „ახაშენი“ (923 780) გურჯაანიის რაიონის მიკროზონიდან, „წინანდალი“ (2 023 915) თელავის რაიონის მიკროზონიდან და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის კუპაჟი, რაჭული „ხვანჭკარა“ (413 823), ამბროლაურის რაიონის მიკროზონიდან.
ახალ 2017 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ღვინის კომპანიებთან ერთად, გეგმავს კიდევ უფრო გაზარდოს ექსპორტი აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ჩინეთში.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ახალი სტრატეგიული მიმართულება – ქართული ღვინის იაპონიის ბაზარზე დამკვიდრება იქნება: „ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დავასრულეთ, რაც დამატებით შესაძლობლობებს ქმნის, ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის განვითარების, დამკვიდრებისა და ექსპორტის ზრდისთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩინეთში უკვე მოხდა ქართული ღვინის დამკვიდრება, გარკვეული ცნობადობა შეიქმნა და ახალ სავაჭრო პირობებში, გვიჩნდება დამატებითი შესაძლობლობა, რომ ჩინეთის უზარმაზარი საექსპორტო პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
2017 წელს, მიზნობრივ სამოქმედო ბაზრებს დაემატება იაპონიის ბაზარი, სადაც ჩვენ რეგულარულად ვახორციელებთ მარკენტიგულ ღონისძიებებს და მომავალ წლებში, არ გამოვრიცხავ, რომ იაპონიის ბაზარზეც ისეთივე წარმატება ჰქონდეს ქართულ ღვინოს, როგორიც ჩინეთის ბაზარზე აქვს“.
საინტერესოა, რომ 2016 წელს, იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვებმა 16%-ით მოიმატა და თითქმის 160 ათასი ბოთლი შეადგინა. იაპონიაში უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ეკოლოგიურად სუფთა ყურძნისგან დაყენებული ბიოღვინოები, მათ შორის, გურული „ჩხავერი“, ქართლის „ჩინური“, კახური „ართანული“ და მესხური „მწვანე“.
დამოუკიდებლობის პერიოდში ქართულ ღვინის ინდუსტრიას ორჯერ ჰქონდა გაყიდვების ბუმი: 2005 წელს – 81 მილიონის ღვინო გაიყიდა. 2014 წელს კი აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა – ღვინის ექსპორტმა ქვეყანაში 185 მილიონი დოლარი შემოიტანა. ორივე წელს გაყიდვებმა რუსეთის ბაზრის ხარჯზე მოიმატა, თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების თუ კრიზისის გამო, მომდევნო წლებში, გაყიდვები მკვეთრად დაეცა. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ღვინის ინდუსტრია ცდილობს, აღარ იყოს ჩამოკიდული ერთ ტრადიციულ ბაზარზე და ახალი ბაზრების ძიებაშია.
ქართული ღვინის გაყიდვებით შემოსული თანხა (1995-2016)
1995 წელი – 3 700 000 აშშ დოლარი, 1996 წ. – 3 700 000, 1997 წ. – 12 500 000, 1998 წ. – 15 000 000, 1999 წ. – 15 500 000, 2000 წ. – 29 000 000, 2001 წ. – 32 300 000, 2002 წ. – 33 200 000, 2003 წ. – 42 600 000, 2004 წ. – 48 700 000, 2005 წ. – 81 300 000, 2006 წ. – 41 100 000, 2007 წ. – 29 200 000, 2008 წ. – 36 900 000, 2009 წ. – 32 000 000, 2010 წ. – 41 000 000, 2011 წ. – 54 100 000, 2012 წ. – 64 800 000, 2013 წ. – 128 000 000, 2014 წ. – 185 000 000, 2015 წ. – 98 100 000, 2016 წ. – 113 800 000.