«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ცხინვალის რეგიონი: რუსული პოლიტიკა და ქრისტიანული წინააღმდეგობა
«Kurier» (ავსტრია): ნორვეგია „ტრამპის ეფექტს“ უფრთხის // ერნა სულბერგს დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულება არ მოსწონს
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/occupied-zone-and-father-isaia/3664476.html
ცხინვალის რეგიონი: რუსული პოლიტიკა და ქრისტიანული წინააღმდეგობა
ნინო დალაქიშვილი
გასული წლის დეკემბერში საინტერესო და მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა: ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას, რომელიც ორი წლისა და 7 თვის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწეობდა, ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ გადმოლახვისა და ნიქოზში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. ამ ამბის დადებითი მხარე ისაა, რომ თითქმის სამწლიანი იზოლაციის შემდგომ მიტროპოლიტს გადაადგილების უფლების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა, ცუდი კი ის, რომ ეს ერთჯერადად მოხდა და ამჟამად მეუფე ისაია იგივე გამოწვევების წინაშეა, რაც მანამდე.
საქმე იმაშია, რომ რუსეთის ფედერაცია, მართალია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს აღიარებს დამოუკიდებელ ერთეულებად, მაგრამ რუსეთის საპატრიარქოსთვის აფხაზეთი და ოსეთი კვლავ საქართველოს ტერიტორიად რჩება და იგი საქართველოს საპატრიარქოს ხელდასხმის ქვეშ მოიაზრება. ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია 2008 წლამდეც და შემდგომაც შეუფერხებლად გადაადგილდებოდა ახალგორის მიმართულებით, თუმცა 2014 წლის ზაფხულში, მას ეს შესაძლებობა რუსმა სამხედროებმა შეუზღუდეს.
იმ დროისთვის მეუფე ახალგორის მხარეს, ლარგვისის მონასტერში იმყოფებოდა. რუსების მიერ დაყენებული პირობის თანახმად, მიტროპოლიტს მისცემდნენ უფლებას ერთჯერადად გადაელახა საზღვარი და დაბრუნებულიყო ნიქოზში, თუმცა ამის შემდგომ, იგი ახალგორის მიმართულებით გადაადგილებას ვეღარ შეძლებდა. მეუფემ უარი თქვა ამ „შეთავაზებაზე“. ორი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში გრძელდებოდა შეჯიბრი ნებისყოფის სიმტკიცესა და გამძლეობაში და ის 2016 წლის დეკემბერში დასრულდა.
მეუფეს მისცეს საშვი ორივე მხარეს გადაადგილების უფლებით წლის ბოლომდე. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამასობაში იმდენად გაუარესდა, რომ ქირურგიული ჩარევის გარეშე ის არ გამოსწორდებოდა, რუსი მესაზღვრეები კი საერთაშორისო სკანდალში ამჯერად სასულიერო პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო აღმოჩნდებოდნენ.
„ამერიკის ხმა“ მეუფე ისაიას ნიქოზში შეხვდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა: „საშვის საშოვნელად არაფერი გამიკეთებია, ფაქტობრივად, ორი წელი და შვიდი თვე ვიყავი აქეთ მხარეს. ველოდებოდი. არანაირი ნაბიჯი არ გადამიდგამს. ხუმრობით ვამბობდი, რომ დაველოდები იმ დროს, როდესაც თვითონ მეტყვიან, მთხოვენ, რომ ავიღო საბუთი. მართლაც, თვითონვე შემომეხმიანნენ, შემხვდნენ და სამსახურის ხელმძღვანელმა მითხრა: „мы считаем,что это недоразумение.“. მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, თუ „недоразумение“ იყო, ალბათ ასეთი „недоразумение“-ები აღარ იქნება მომავალში. თუ არადა, მე ამ საბუთის მოცემის რიტმითა და მოლოდინით არ მიცხოვრია. აქ საქმე მქონდა, მადლობა ღმერთს, წიგნებიცაა, განმხოლოების თავისებური პირობები მქონდა შექმნილი. ეს საშვი ახალ წლამდე მოქმედებდა, ახლა გაუქმდა. კიდევ ვიმეორებ, რომ მადლობელი ვარ. ძმა გარდამეცვალა, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლოს ვერ ვნახე და ვერც დაკრძალვას დავესწარი. ასევე ჩვენი მონაზონი ანა როდესაც გარდაიცვალა, მის დაკძალვაზეც არ ვყოფილვარ. ახლა მივედი საფლავებზე. უფროსი ძმა ავად მყავს, ისიც ვინახულე. ასევე პატარა დისშვილიშვილი, ძმისშვილები, რომლებიც ჩემი წასვლის შემდგომ დაიბადნენ და ნანახი არ მყავდა ვინახულე, ნიქოზში დარჩენილი ბავშვებიც, ყველა ვნახე. ადრე რომ ჯარში მიდიოდნენ ორი წელი და დაბრუნებისას ყველა გაზრდილი ხვდებოდათ, მეც იგივე შეგრძნება დამეუფლა.“
მეუფე ისაია განსაკუთრებული სასულიერო მოღვაწეა. 2008 წლის შემდგომ ნიქოზში რუსი სამხედროების მიერ დაბომბილი და კასეტური ჭურვებით განადგურებული საეპისკოპოსო რეზიდენცია არათუ აღადგინა, არამედ საგანმანათლებლო ცენტრად აქცია, რადგან მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ზონაში ბავშვებს განვითარებისა და ნიჭის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. მისივე ორგანიზებით ნიქოზში, ცხინვალიდან 500 მეტრის დაშორებით ყოველწლიური ანიმაციური ფესტივალი ტარდება, სადაც სტუმრები და მონაწილეები მთელი მსოფლიოდან იყრიან თავს. ახლა მას გადაადგილების უფლები შეზღუდვის გამო, მხოლოდ რამდენიმე დასახლებულ პუნქტი შეუძლია მოძრაობა – ლარგვისში, იკოთში, მოსაბრუნში, წირქოლში, კორინთასა და ახალგორში, თუმცა იქაც ახერხებს იმას, რომ სახელოსნო მოაწყოს და ხეზე მუშაობისთვის, ხატვისა და ხატწერისთვის პირობები მეტ–ნაკლებად უზრუნველყოს.
როგორც მეუფე ისაია ამბობს, „დღევანდელ დროს ისიც არაა შეუძლებელი, რომ თუნდაც ლარგვისში ანიმაციის სახელოსნო მოაწყო. ახლა რაც ავაშენეთ, სადურგლოდაც გამოდგება და ხატვისთვისაც, თუმცა ხატწერისთვის კიდევ ცალკე ადგილი დაგვჭირდება, რადგან ყველაფრის ერთად განთავსება არაა მოსახერხებელი“.
მღვდელმსახურების ცხინვალში განხორციელება მეუფე ისაიასთვის შეუძლებელია მიუხედავად იმისა, რომ ეს არა პოლიტიკის, არამედ სასულიერო საკითხია. სამოქმედო არეალისა და გადაადგილების უფლების შეზღუდვის პირობებშიც კი მას და მის თანამოაზრეებს მაინც უამრავი სამუშაოს შესრულება უწევთ:
„სახურავი მაინც ყველაზე პრობლემური ნაწილია ტაძრისთვის. თუ სახურავი დაზიანებულია, მერე ყველაფერი ფუჭდება. თუ სადმეა ასეთი მონასტერი, რომელსაც სახურავის შეკეთება სჭირდება, ვცდილობთ შევაკეთოთ ჩვენი ძალებით. გასულ შემოდგომას ხოფის მონასტრის სატრაპეზო გადავხურეთ. ასევე წმინდა მარინეს ეკლესია იკოთში, ცხავათში დავაფარეთ ასევე შარშან სახურავი ეკლესიას და ყანჩაეთშიც. როდესაც არ გვყოფნის მატერიალური საშუალებები, ბრეზენტს ვაფარებთ, რომ მანამ, სანამ რაიმე საშუალება გამოჩნდება, ეკლესია არ დაზიანდეს“, – ამბობს მიტროპოლიტი ისაია.
ყოფითი პრობლემები იძულებით დევნილობაში ბევრია – დაწყებული იმით, რომ ზამთარში, შესაძლოა წვალებით გამოყვანილი წყალი გაიყინოს და წყლის ხელით მოზიდვა არც თუ მცირე მანძილიდან გახდეს აუცილებელი, დასრულებული მოუწყობელი გზებით.
მეუფე ისაია მისი გადაადგილების უფლების შეზღუდვის შესახებ ბევრს არ საუბრობს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქრისტიანობაში ბარიერებისთვის ადგილი არ არის: „ხალხისთვის მინდა, რომ იყოს უკეთესობა, ჩვენ არ ვჩივივართ ჩვენს გამო. [სამწუხაროდ], ადამიანები ვახერხებთ, რომ ურთიერთობები აგვერიოს. დაე, ბუნებრივად აღმდარიყოს ურთიერთობები ადამიანებს შორის. როგორც ქრისტემ თქვა, რომელიც ყველასთვის მოვიდა, თუ სიკეთესთან, სიყვარულთან ვიქნებით ნაზიარები, ეს ბარიერებიც ნაკლები იქნება მერე“.
გასული წლის ბოლოს მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქტებს შორის შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს ოფიციალურ პრესრელიზში მხოლოდ ერთი წინადადებით იყო აღნიშნული იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და ოსეთის შესახებ საკითხი პატრიარქების შეხვედრისას დადგა. მიტროპოლიტი ისაია ამჟამად იკოთის მონასტერში რჩება და მისთვის გადაადგილების უფლების აღდგენას მოთმინებით ელის.
«Kurier» (ავსტრია), 5 იანვარი, 2017 წელი
https://kurier.at/politik/ausland/norwegen-fuerchtet-sich-vor-trump-effekt/239.457.970
ნორვეგია „ტრამპის ეფექტს“ უფრთხის
ერნა სულბერგს დონალდ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულება არ მოსწონს
ავსტრიის გაზეთ „კურიერ“-ში გამოქვეყნებულია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ერნა სულბერგის მიერ ბრიტანული Reuters TV-სადმი მიცემული ინტერვიუს შინაარსი.
როგორც პუბლიკაციიდან ჩანს, ერნა სულბერგი შეშფოთებას გამოხატავს ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის სავარაუდო საგარეოპოლიტიკური კურსის გამო. დონალდ ტრამპის განცხადებები მოწმობს, რომ შესაძლოა მან დამოკიდებულება შეცვალოს რუსეთისა და ნატოს მიმართ. გარდა ამისა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრისათვის ასევე მიუღებელია დონალდ ტრამპის ნეგატიური პოზიცია კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კონკრეტულად ნატოსა და რუსეთს:
ა) ერნა სულბერგი იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ერთგული დარჩება ნატოს წესდებისა და ვალდებულებისა ევროპელების მიმართ: „დარწმუნებული ვარ ხელშეკრულების მე-5 მუხლისა და ევროპის დაცვაში“, – განაცხადა ინტერვიუში ნორვეგიის პრემიერმა, – ისევე როგორც ბარაკ ობამას, დონალდ ტრამპსაც სურს, რომ ნატოს დანარჩენმა წევრებმა სამხედრო ხარჯები გაზარდონ. ეს ჩვენ კარნახის გარეშეც უნდა გავაკეთოთ“.
ბ) ერნა სულბერგის თქმით, იგი შეშფოთებულია ამერიკის საგარეოპოლიტიკური კურსის სავარაუდო ცვლილებით რუსეთის მიმართ: „დასავლეთი არათანმიმდევრულობას ამჟღავნებს. ვფიქრობ, რომ ბარაკ ობამამაც ნაადრევად დაიწყო ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან, განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შემდეგ, როცა რუსეთმა სამხედრო დახმარება გაუწია სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როცა საქართველოში რუსი სამხედროები შეიჭრნენ“.