globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 6 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 6th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა“ (ონლაინ-ვერსია): დედა-დედოფლის გარშემო „თავვერმოყრილი“ მიშასეული პარტიის წევრები, ჯონ მაკკეინი, ორჯონიკიძის ასული და რაინდი შუბლაძე

კვირის პალიტრა“ (ონლაინ-ვერსია): „მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი… მისმა უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო“ // „ჩვენ, ვისაც „არა”-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ – „ნამოძრაობის“ გაყოფა გარდაუვალი ხდება

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაცმოძრაობის“ ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა“

„ახალი თაობა“: ნიკა მელია გიგა ბოკერიას გაემიჯნა // „მიხეილ სააკაშვილი პარტიასაც შეინარჩუნებს და პარლამენტშიც ეყოლება დასაყრდენი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დავით უსუფაშვილს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ხალხს ფულიანი ხალხის პარლამენტში მოსვლა ძალიან აღიზიანებს“ // „ხელისუფლება საზოგადოებასთან არ ურთიერთობს“

„ახალი თაობა“: მინისტრები საწვავით ვაჭრობენ? // ლევან ხაბეიშვილი: „სამინისტროებმა 10 დღეში 3.481.200 ლიტრი საწვავი შეიძინეს“

„ახალი თაობა“: კახა კუკავა: „ბუნებრივ აირში ჰაერს უმატებენ“ // რევაზ არველაძე: „ამის გაკეთებას ვერცერთი კომპანია ვერ გაბედავს“

———————–

კვირის პალიტრა – ონლაინ“, 5 იანვარი, 2017 წელი

დედა-დედოფლის გარშემო თავვერმოყრილი მიშასეული პარტიის წევრები, ჯონ მაკკეინი, ორჯონიკიძის ასული და რაინდი შუბლაძე

გავაცილეთ 2016 წელი. კი ამბობდნენ, მაიმუნის წელი იყოო, მაგრამ, მგონია, უფრო უბედურებისა და პირისაგან მიწისა აღგვის წელი იყო “ნაციონალური მოძრაობისთვის”, “რესპებისა” და “თავდემებისთვის” და ვინ ჰქმნა ეს “მართალი სამართალი”, თუ არა – ბიძინამ? ვაკვირდები 2012 წლამდელი საქართველოს 9-წლიან ისტორიას და ბოლო ოთხი წელი მართლა უკეთესია, მაგრამ არა – საკმარისი და საოცნებო.

მთავარი და სასიამოვნო (თუნდაც გამაჟრიალებელი) პოლიტიკური ფაქტი გასულ წელში “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა იყო. მართალია, ჯონ მაკკეინი ჩამობრძანდა სიტუაციის დასალაგებლად, მაგრამ გატეხილის უნაკლოდ გამთელება-შეწებება გამორიცხულია! მაგას ჯობს, ახალი პარტია შექმნან და ვინც იქ გაწევრდება, სწორედ ეგ იქნება ჭეშმარიტი მიშისტი! ეჰ, ჩვენო ვერცხლისწყალივით დაუდეგარო და დიდო შემოქმედო მიშა, რა დედაბოძი წაგვექეცი! შენ ყოფილიყავ საქართველოში და მერე ეჭიჭყინათ ამ უდღეურ და უხერხემლო, შენგან ხელდასხმულ გოგო-ბიჭებს! არ უშველა რებრენდინგმა “ნაციონალურ მოძრაობას”, არც სანდრას აუწონავ-გაუზომელი ხმა აღმოჩნდა სირინოზის ვოკალის ძალის, თავი რომ მოეყარათ მიშასეული პარტიის გაფანტულ წევრებს დედა-დედოფლის გარშემო… კი ამბობდნენ, ვაშაძისა და ჯაფარიძის გამოცალკევება უკეთესი იყო “ნაცმოძისთვისო”, მაგრამ სადაა დადებითი შედეგი?

იმდენად აებნათ თავ-გზა “ნაციონალებს”, ვინ რას სჩადის, გაგება აღარაა. ბადრი შუბლაძე ასჯერ იგვემა და გაილანძღა მიშას გამო (კი ეკუთვნის მაგ კაცს “ნაცმოძისთვის” წამებული რაინდის” წოდება), ორჯონიკიძის ასულმა ისეთი ფოტო გამოამზეურა, ვეღარ გავიგეთ, ფიზიკური პოლიტიკური თუ ფიზიოლოგიური “კლიმატის” ბრალი იყო, თუ იმის გამო გააკეთა ეს, გახდილობა ერთობ რომ პოპულარული გახდა საქართველოში? იდეოლოგიური და საკულტო რწმენის დანგრევით უნდა ავხსნათ ეს ფაქტი ალბათ, სხვაგან სად უნდა იყოს აბა, ძაღლის თავი დამარხული?

გასულ წელს, თუ ქვეყანაში რამე ფუჭდებოდა, ყველა თითს ბიძინასკენ იშვერდა. ახიცაა მაგაზე. “კადრთუხუცესი” რომაა, რა გაუჭირდა 300 კაცის მოძებნა, რომ ქვეყანას პატრონი ჰყოლოდა? ლარიც თავზე დაგვემხო საყდრისივით, მაგრამ საახალწლოდ არ შეგვტყობია მაინცდამაინც უფულობა: იმდენი პიროტექნიკა დავუმიზნეთ ცას, მაგის ნახევარი თავის დროზე ცხინვალისა და სოხუმისთვის რომ გვესროლა, ნომერი პირველი მილიტარისტული სახელმწიფო ვიქნებოდით მსოფლიოში! მაგის გარდა, რომ ვუყურებ ალკოჰოლისა და მსუყე საკვებისგან დამძიმებულ სახეებს, უფრო მენტალურ გასაჭირზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ვიდრე – მატერიალურზე.

რა წყალწაღებული ბედისანი ვართ, ვწუწუნებთ და მუდამ ხელისუფლებას ვაბრალებთ საკუთარ ბედუკუღმართობას, არადა, ეს ხელისუფლება ვისი მოყვანილია? მივდივართ საარჩევნო ურნებთან აღტაცებულნი, ვირჩევთ ზვიადს, ედუარდს, მიშასა თუ ბიძინას 90%-ით და მერე, რამდენიმე თვეში ამდენივე პროცენტი ვიწყებთ ხელისუფლების ლანძღვასა და გინებას, თითქოსდა გუგულის ფრთებზე (თუ ფეხებზე!) არ ეკიდოს ჩვენი უბედობა!

რას მოგვიტანს მამლის წელი? არც არაფერს, გარდა იმისა, რომ მოზოდიაქე ცაგარელის დირექტივებით გაბრუებულ ხალხს ექნება იმედი, რომ წელს აეწყობა ცხოვრება თავისით. არადა, მამლები კი დაგვცინებენ, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, სულ არ მაღელვებსო! მერწმუნეთ, ვიდრე არჩევანის გაკეთებას არ ვისწავლით და არ მივხვდებით, რომ ხელისუფლება დაქირავებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც უნდა გვემსახუროს, მანამდე არც მაიმუნის წელი მოგვშორდება და არც მაიმუნური ხელისუფლება!

კვირის პალიტრა – ონლაინ“, 5 იანვარი, 2017 წელი

მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენიმისმა უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო“ // „ჩვენ, ვისაც არა“- თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ ნამოძრაობის გაყოფა გარდაუვალი ხდება

როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფამდე დღეებიღა რჩება და 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა საბოლოოდ დაუსვამს წერტილს პარტიის ერთობას. სოციალურ ქსელებსა და ტელეკრანებზე დაწყებული დაპირისპირება სერიოზულ პოლიტიკურ პროცესად იქცა.

ამასობაში პარტიის ორი გუნდი ორ განსხვავებულ განცახდებას აქვეყნებს.

“ჩვენ, თბილისის და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან ერთად ვმართავთ უპრცედენტოდ დემოკრატიულ, ევროპული ტიპის მასშტაბურ ყრილობას”, – ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა განცახდებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ყრილობის ჩატარებისთვის ხელის შეშლა პარტიის ასიათასობით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც არ დაუშვებენ.

სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი. აღნიშნულმა ჯგუფმა საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით, გადაწყვიტა განახლების და დემოკრატიული განვითარების პროცესის შეფერხება, ეს ადამიანები უგულებელყოფენ იმ ღირებულებებს, რაზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებას. განსაკუთრებით დასანანია, რომ ხსნებული მცირე ჯგუფი მუდმივად საჯაროდ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას მიმართოს ივანიშვილი-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ”, – ვკითხულობთ განცახდებაში, რომელი საზოგადოებას ნიკა მელიამ გააცნო მის ხელმომწერებს შორის კი არიან  ნიკა რურუა, ლაშა იმერლიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, გია როინიშვილი, ლილე ლიპარტელიანი, გიორგი ონიანი, ირაკლი ნადირაძე, შოთა გრიგოლია, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ლერი დემეტრაშვილი, მამუკა გუგეშაშვილი, მურმან თხელიძე, ალეკო ჩაფიჩაძე, გიორგი ბარამიძე, გარსევან ბიხნიკაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ლევან ბაღაშვილი, გურამ კაკალაშვილი, ნუგზარ წიკლაური და სხვები.

განცხადება გაავრცელა ე.წ. ბოკერაის ჯგუფმაც, რომელშიც ვკითხულობთ:
“მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი საორგანიზაციო კომისიისა და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”. განცახდებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ხახნელიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი ვაჟბედაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია და სხვები.

შექმნილ ვითარებას “ფეისბუკის” პირად გვერდზე გამოეხმაურა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

“არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.
არაერთი წელია ვთვლი, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი – როცა კედელს უკეთებ, უკან იხევს და უფსკრულს შორდება. თუ კედელში სუსტი რგოლი იპოვა, ჯეგავს და კვლავინდებურად უფსკრულისკენ მიიწევს. ბავშვივითაა – იქამდე ტირის, სადამდეც გასდის. ვისაც მიშას კარგად ყოფნა გსურდათ, მისთვის “არა”-ს თქმა უნდა გესწავლათ. ზოგმა ეს ვერც ფიზიკურად შეძლო – დიდი ბიჭისთვის “არა”-ს თქმას მყარი ხერხემალი უნდა. გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიშას ამ მდგომარეობით  სარგებლობა გადაწყვიტა – მიშას “კარზე” ადგილი გამოთავისუფლდაო და მოჩვენებითი ძალაუფლების “15 წუთით” ტკბებიან (ძალიან ხანმოკლეა მათი ტკბობა).

ჩვენ, ვისაც „არა“-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ. მიშას უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. მას ახლა კაციშვილი აღარ ჰყავს გარშემო, ვინც გააჩერებს – მაგალითად აუხსნის, რომ გიგი უგულავას ცილისწამების კამპანია მხოლოდ მისთვისაა დამღუპველი. ახლა, მიშას მემკვიდრეობის (ეს სიტყვა არ უყვარს) გულშემატკივრებს იმედად სარეცხის თოკებიღა გვაქვს, ეგებ თოკებს დაეცეს. ძალიან, ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ იოლად პროგნოზირებადი იყო მათთვის, ვინც მიშას და ვითარებას კარგად იცნობდა. ლიდერებო – მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება”!

——————-

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ნაციონალური მოძრაობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

- ბატონო სოსო, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ? რეალურად რა ხდება?

- ნებისმიერი პარტიის წინაშე, რომელიც ორად იყოფა, სიცოცხლისუნარიანობის საკითხი დგება. „ნაცმოძრაობის“ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ერთადერთი შანსი მისი ერთობა იყო. პარტიამ თითქოს გაუძლო გარედან ოთხწლიან პრესს, კოლექტიური დანაშაულის ბრალდებას, პარტიის აკრძალვის მცდელობას… ხელისუფლება შეგნებულად არ წავიდა აკრძალვაზე და ჭკვიანურადაც მოიქცა. „ქართული ოცნება“ არ აჰყვა ზოგიერთი „ცხელი თავის“ კატეგორიულ მოთხოვნას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, გასამართლებულიყო და აკრძალულიყო. ამ ყველაფერს გაუძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მეტიც, დამარცხების შემდეგ, პირველ საპარლამენტო არჩევნებზე დამაკმაყოფილებელი შედეგიც კი აჩვენა, თითქმის ყველა არჩევნებზე მეორე ძალის პოზიცია შეინარჩუნა.

- სწორედ ამ ფონზეა საინტერესო, რა მოხდა...

- რეალური ინფორმაცია არ აქვს არავის, თუ რა მოხდა – ეს იყო გარედან ინიცირებული, ჩარევის შედეგი თუ ეს იყო შიგნით წარმოქმნილი განხეთქილება, თანაც ასეთი ძლიერი განხეთქილება. ერთი რამ ბუნებრივია – პარტიას გაუჭირდება, რომ კვლავ თავმჯდომარე იყოს მიხეილ სააკაშვილი. ასევე ბუნებრივია ისიც, რომ ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს პარტია და აქცია ასეთ ძალად, რთულია, ხელოვნურად ჩამოაცილონ პარტიას. ფაქტი ერთია: პარტია გაიყო ორ ნაწილად – გუშინდელებისა და ხვალინდელების ნაწილებად.

- ვინ არის წარსული და ვინ - მომავალი?

- გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და ეს ნაწილი გამოდიან დღევანდელების როლში, მეორე ნაწილი კი, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავმჯდომარე, არიან „ნეტარმორწმუნე გუშინდელები“ საუკეთესო შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი – ფანატიკოსი არაპროფესიონალები. მიხეილ სააკაშვილს, ელემენტარულად, ჩამოსვლაც კი არ შეუძლია, არათუ პარტიის მართვა. პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი, ყოველდღიური გადაწყვეტილებებია მისაღები. წარმოუდგენელია, მიხეილ სააკაშვილი ტელეფონის ყურმილზე ჩამოეკიდოს და ასე დისტანციურად მართოს პარტია. ეს შეუძლებელია.

- ასეთი მოსაზრებაც მოვისმინე, რომ შესაძლებელია, გიგი უგულავა გათავისუფლდეს ციხიდან, სწორედ ის ჩაუდგეს სათავეში გიგა ბოკერიას ფრთას და ერთგვარ ლიდერად იქცეს. რამდენად რეალურია ეს?

- რამდენადაც მე ვიცნობ გიგი უგულავას, მისი რესურსი არ არის საკმარისი, რომ ის იყოს პარტიის ლიდერი. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, არა მგონია, ასე განვითარდეს მოვლენები. თუ გიგი უგულავა მართლაც გათავისუფლდა ციხიდან, მაშინ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს პარტიის გახლეჩის ერთი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

- გიგა ბოკერიას შანსები როგორია?

- გიგა ბოკერია ინტელექტუალია. იგი გონებრივი რესურსით ყველაზე ძლიერია იქ, მაგრამ ბევრისთვის გიგა ბოკერია რომის პაპზე მეტად კათოლიკეა, რაც მისი მინუსია. გიგა ბოკერია უფრო უკანა პლანიდან მოქმედი სტრატეგის როლში მესახება. ის უფრო კულისებში მოქმედი სტრატეგია, რასაც ხშირად „რუხ კარდინალს“ უწოდებენ. დავით ბაქრაძე თავისი გაწონასწორებულობით დღეს ყველაზე მისაღები ლიდერი იქნებოდა, მაგრამ მან უარი თქვა, კენჭს არ ვიყრი პარტიის თავმჯდომარის პოსტზეო. როგორც ჩანს, დავით ბაქრაძემ დემაგოგიის მოსალოდნელ საფრთხეს ვერ გაუძლო. ეს რაც შეეხება ერთ ფრთას, მაგრამ მეორე ფრთის ლიდერი ვინ შეიძლება იყოს?! მე იქ ასეთ ლიდერს ვერ ვხედავ.

- ისინი ლიდერად სწორედ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევენ...

- კი ბატონო, სიმბოლური ლიდერი შეიძლება იყოს სააკაშვილი, მაგრამ ადგილზე ვინ იქნება ლიდერი, რომელიც მიიღებს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მართავს პარტიას თუნდაც სააკაშვილთან შეთანხმებით?! მე ასეთ ლიდერს იქ ვერ ვხედავ. მაგალითად, აბდულა ოჯალანი, ქურთების პარტიის ლიდერი, თურქეთის ციხეში კი ზის და კი მართავს იქიდან პარტიას, მაგრამ აქ სულ სხვა სიტუაციაა. მიხეილ სააკაშვილის დონის, ქარიზმის, ინტელექტის ლიდერს ამ ფრთაში მე ვერ ვხედავ. ერთი რამ ფაქტია – ამ ორომტრიალის შედეგად უკვე დადგა ნაციონალური მოძრაობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. რეალურად, დღეს საკითხი არ დგას, ვინ იქნება პარტიის ლიდერი. საკითხი ასე დგას – „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ასეთი თუ არ იქნება. ეყოლება თუ არა ქვეყანას ძლიერი ოპოზიციური პარტია, თუ ქვეყანა დარჩება ორკაციანი პარტიების იმედად, რომელთაც გაერთიანება არ სურთ, რომლებსაც ურჩევნიათ, პატარ-პატარა სექტებად იყვნენ ძლიერი ლიდერის გარეშე და არჩევნების შემდეგ დასჯერდნენ იმ მცირედ თანხას, რომელსაც სახელმწიფო გადაუგდებს.

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

ნიკა მელია გიგა ბოკერიას გაემიჯნა

„მიხეილ სააკაშვილი პარტიასაც შეინარჩუნებს და პარლამენტშიც ეყოლება დასაყრდენი

სენატორ ჯონ მაკეინის თბილისურმა ვოიაჟმა „ნაციონალებზე“ აშკარად იქონია გავლენა. „ახალ თაობასთან“ საუბარში „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯონ მაკეინის წასვლის შემდეგ სააკაშვილთან დაპირისპირებული ნაციონალები სხვა ხმაზე აჭიკჭიკდებოდნენ.

„ალიანსელის“ პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა და ამ მხრივ პირველი მერცხლის მისია ნიკა მელიამ შეასრულა, რომელიც სამიოდე თვის წინ სხვებთან ერთად მიხეილ სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა, როცა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა. მთელი ამ დროის განმავლობაში, პარლამენტში შესული „ნაციონალების“ მსგავსად, იგი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს. ამის გარდა, მას 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობა არალეგიტიმურად მიაჩნდა.

ნაახალწლევს კი ნიკა მელიას პოზიციები რადიკალურად შეიცვალა. მისი შეცვლის ამბავი ე.წ. გიგა ბოკერიას ფრთასაც გაუგია და, როგორც ამბობენ, ამის გამო დააჩქარა სერგო რატიანმა განცხადების გაკეთება. სერგო რატიანმა განცხადება 4 იანვარს გაავრცელა, სადაც ის ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბრობს.

- ყველამ იცოდა, რომ პარტიის ოფისი მუშაობას 5 იანვარს განაახლებდა. მანამდე ყველა საახალწლო არდადეგებზე იყო წასული. სერგო რატიანის განცხადება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ნიკა მელიას ბრიფინგის შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. მათ გაიგეს, რის თქმასაც მელია აპირებდა და, თავიანთი ჭკუით, მას დაასწრეს, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში „ნაციონალებთან“ დაახლოებულმა პირმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას, ის შეწუხებულია იმის გამო, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი.

საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიამ გიგი უგულავასთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ იგი გიგა ბოკერიასთან ერთად შეხვდა პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ სამეულმა ყრილობის ჩაშლის გეგმა შეიმუშავა.

ნიკა მელია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, სამაგიეროდ, ამბობს, რომ მისი და გიგი უგულავას პოზიციები გაიყო.

- ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთმანეთს. ვიცი მისი მოსაზრებები. ბევრ საკითხზე ემთხვევა ჩვენი პოზიციები, ბევრ საკითხზე – არა. არ ემთხვევა ჩვენი პოზიციები პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით, პარტიის მომავალთან დაკავშირებით. პარტიის 7.000-კაციანი ყრილობის ჩატარებაზე ჩემი და გიგი უგულავას პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, – განაცხადა ნიკა მელიამ. იგი 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობისგან დიდ სიახლეებს ელოდება. მას ძნელად წარმოუდგენია იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც ყრილობის ჩაშლას ცდილობდნენ.

ნიკა მელიას აზრით, ამ ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მათვე უნდა უპასუხონ მედიას კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ ორი დაპირისპირებული ჯგუფის ერთ პარტიაში მუშაობა.

- ეს კითხვა თავად იმ ჯგუფს უნდა დაუსვათ, თუ რამდენად არიან მზად ისინი, დარჩნენ ნაციონალურ მოძრაობაში. ეს ის ჯგუფია, რომელმაც აჟიოტაჟი ატეხა და რეალურად საბოტაჟით არის დაკავებული. ეს კითხვა არის მათთან. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ყრილობის შემდეგ ვაპირებთ თანამშრომლობას, რადგან ისინი არიან ჩვენი კოლეგები, მეგობრები და მათთან ერთად ბევრჯერ გვიბრძოლია, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ნიკა მელია შეწუხებულია იმის გამო, რომ აღნიშნული ჯგუფი დაკავებულია მხოლოდ თანამდებობის, გავლენისა და ინტერესების შენარჩუნებით. ამასთან, არაფერს ამბობს, მოხდება თუ არა მათი თანამდებობებიდან გადაყენება. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ყრილობა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

- 20 იანვარი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ განახლების დღე. ნაციონალური მოძრაობა მიიღებს განახლებულ ენერგიას. ბუნებრივია, განისაზღვრება ახალი ხედვა, თვისობრივად გადახალისდება პარტია. ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ეწინააღმდეგება ეს მცირე ჯგუფი, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დეპუტატი საგანგებოდ მიმართავს ყრილობის მოწინააღმდეგეებს და იმასაც პროგნოზირებს, თუ რა განცხადებებს გააკეთებენ ისინი ნაყრილობევს.

- 7.000 დელეგატი მოდის. მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა. თქვენი წინადადება დააყენეთ, თუ დაგიჭერენ მხარს, თქვენ გაიმარჯვებთ, თუ არა – მეორე მხარე. თუმცა მშვენივრად იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და დაიწყეს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით ბრალდებები, – ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

ნიკა მელიამ გუშინ, 5 იანვარს, მედიას „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისისა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებაც გააცნო. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ყრილობის ჩატარებისთვის ხელის შეშლა პარტიის ასიათასობით ამომრჩევლის ნების უგულებელყოფის მცდელობაა, რასაც არ დაუშვებენ.

- 30 ნოემბერს გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა მასშტაბური 7.000-კაციანი ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილება. რეგიონული და თბილისის პარტიული ორგანიზაციების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას და ამჟამად ყრილობისთვის მზადება დასკვნით ფაზაშია. დღეისთვის უკვე ცნობილია ყრილობის 5 000-მდე დელეგატის ვინაობა.

სამწუხაროდ, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა როგორც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, ისე პარტიის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი. აღნიშნულმა ჯგუფმა საკუთარი პოზიციების შენარჩუნების მიზნით გადაწყვიტა განახლებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესის შეფერხება. ეს ადამიანები უგულებელყოფენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც მუდამ იდგა ჩვენი მოძრაობა და მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ მხარდამჭერების წინააღმდეგ მოქმედებას.

განსაკუთრებით დასანანია, რომ ხსენებული მცირე ჯგუფი მუდმივად საჯაროდ, მათ შორის ოფიციალურ დოკუმენტებში ცდილობს, არალეგიტიმურად წარმოაჩინოს ყრილობა და განიხილავს შესაძლებლობას, მიმართოს ივანიშვილ-ურთმელიძის სასამართლოს საკუთარი პარტიის წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის იმ ათასობით წევრისა და ხუთასი ათასზე მეტი მხარდამჭერის პარტია, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში გახდნენ პოლიტიკური დევნის, ძალადობის, მუქარისა და შანტაჟის სამიზნე და, მიუხედავად ამისა, არიან ივანიშვილთან ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ადამიანებს ვერავინ წაართმევს უფლებას, ჩაატარონ დემოკრატიული, მრავალათასიანი ყრილობა და გადაწყვიტონ პარტიის მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

———–

ამ განცხადებასა და მელიას პრესკონფერენციას რამდენიმე საათის შემდეგ მეორე ფრთა გამოეხმაურა. მათი საპასუხო განცხადება პარტიის ახალმა სახემ, ელენე ხოშტარიამ, გააკეთა. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალებიდან“ ის იყო პირველი, რომელიც ამბობდა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შესულიყო. ელენე ხოშტარია კოლეგის ცვლილებით ცოტათი გაკვირვებულია. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მელია 20 იანვრის ყრილობას თავად მიიჩნევდა არალეგიტიმურად.

„ნაცმოძრაობის“ ახალი სახე ამბობს, რომ ისინი მოწინააღმდეგე ფრთას ბინძურ კამპანიაში არ აჰყვებიან, რადგან უფრო სერიოზული მიზნები აქვთ.

- ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იმავე კამპანიაში, რომელიც გულისხმობს თავდასხმას თავის თანამებრძოლებზე, რომელსაც ეძახის ახირებულ ჯგუფს. ეს არის ის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე და რამაც დაასუსტა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ არ ვაპირებთ, შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანაა ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლა, რომელსაც ვერ მოგვწყვეტს ვერც ასეთი ბინძური კამპანია, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

———–

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კი მორიგ პროგნოზს აკეთებს და ვარაუდობს, რომ მელიას კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუერთდება.

- კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაკეინი ახალ წელს თბილისში სააკაშვილთან დაპირისპირებული ნაციონალების მისაჩუხანებლად ჩამოვიდა. ეს მან კარგად გააკეთა. პარტიაში უკვე სხვა ხმაზე აჭიკჭიკდნენ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, სააკაშვილი პარტიასაც შეინარჩუნებს და პარლამენტშიც ეყოლება დასაყრდენი, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ საუბარში სადღობელაშვილმა.

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „დავით უსუფაშვილს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს

მოსალოდნელია თუ არა 2017 წელს არასაპარლამენტო ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება და პოლიტიკური პროცესების იმგვარად წარმართვა, როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს? ამის შესახებ „ახალი თაობა“ პარლამენტის ყოფილ წევრ პეტრე მამრაძეს ესაუბრა.

- დავით უსუფაშვილს სურს, პროცესები ოპოზიციურ ფლანგზე მკვდარი წერტილიდან დაძრას და ახალი მოძრაობა წამოიწყოს პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ ჩანს, გიორგი მარგველაშვილი დავით უსუფაშვილთან არ იქნება.

- საქმეში ჩახედულმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უფრო ლოგიკურია, დავით უსუფაშვილს რაღაც თანამშრომლობა, ვთქვათ, ალიანსი ჰქონდეს თუნდაც მმართველ დაჯგუფებასთან, „ოცნებასთან“, ვიდრე ის, რომ დავით უსუფაშვილმა რაღაც ალიანსი შეძლოს გიორგი მარგველაშვილთან, რომელიც არ არის არც სახელმწიფო, არც პოლიტიკური ფიგურა. უფრო ანტისახელმწიფო და ანტიპოლიტიკური ფიგურაა თავისი ხასიათითა თუ ბუნებით.

- ოცნებაში“ დავითუსუფაშვილის განცხადება არეულობისკენ მოწოდებად აღიქვეს. გია ვოლსკის განცხადებას გავიხსენებ...

- გია ვოლსკის განცხადებაში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ ეს უფრო მოწოდებაა, გადადგეს მარგველაშვილი, ვიდრე ის შინაარსი, რომ გადადგეს, რაც იქნება, ის იქნება. ამას შეიძლება, დაეთანხმოს ადამიანი, მაგრამ, როგორც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს უსუფაშვილის ამა თუ იმ განცხადებას, ისე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, მარგველაშვილი რომ გადადგეს ან არ გადადგეს და ბოლომდე იყოს.

- თუ დავით უსუფაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას წამოიწყებს, ეს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოცოცხლებას ხელს არ შეუწყობს?

- არანაირად. დავით უსუფაშვილს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერა აქვს. რესპუბლიკელები მთლიანად, მათ შორის, დავით უსუფაშვილი პარლამენტში აღმოჩნდნენ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ნებითა და ხათრით. როდესაც ეს ნება და ხათრი არ არსებობს, ისინი პარლამენტის გარეთ არიან, დავით უსუფაშვილი რესპუბლიკელებიდან გავიდა თუ არა, სხვა პარტიას შექმნის თუ სხვა რამეს მოიმოქმედებს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დღიდან დაარსებისა დღემდე რესპუბლიკელებმა ვერ მოიპოვეს ვერანაირი საყრდენი და მხარდაჭერა მოსახლეობაში. ეს ასე გაგრძელდება.

- სადმე ყოფილა, ნულოვანი მხარდაჭერით პიროვნება პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყოს?

- მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც იმიტაციური დემოკრატიაა. მაგალითად, ვლადიმირ პუტინს შეეძლო, გადაეწყვიტა, ვთქვათ, ბორის გრიზლოვი ან სხვა ადამიანი გამხდარიყო პარლამენტის თავმჯდომარე.

- ძალიან მაღალი სტარტიდან დავით უსუფაშვილმა რატომ ვერ მოახერხა თავისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის შექმნა და ნდობის მოპოვება?

- პასუხი ასეთია: დავით უსუფაშვილმა კონიუნქტურული მოსაზრებების გამო, ნაცვლად იმისა, თავისი ფიცი შეესრულებინა, როგორც პარლამენტის წევრს, მით უფრო პარლამენტის თავმჯდომარეს (რომელიც იყო მეორე პირი ქვეყანაში), მართლა ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, დიდი ხნის განმავლობაში მორჩილად ასრულებდა იმას, რასაც „ოცნების“ გუნდი ეუბნებოდა.

- ვინმე სხვა ქარიზმატული პიროვნება რომ ყოფილიყო, კარგ მდგომარეობას შეიქმნიდა სამომავლო პოლიტიკური კარიერისთვის?

- ქარიზმატული პიროვნება კი არა, ელემენტარულად, მტკიცე ნებისყოფისა და მრწამსის ადამიანი კონსტიტუციას დაიცავდა და ფიცს ბოლომდე შეასრულებდა. ის მაშინვე მოიპოვებდა ხალხის ნდობას. როცა ოთარ ფარცხალაძემ, გერმანიაში ნასამართლევმა ადამიანმა, მთავარ პროკურორად დანიშნულმა, საკნიდან უკანონოდ გაიყვანა სადისტური რეჟიმის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი, ამით მას პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღების საშუალება მისცა.

- ალბათ, ეგ შეგნებულად გაკეთდა. ხომ იცოდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი არ გაჩერდებოდა...

- შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაგრამ, როდესაც ადამიანი ისეთი დონისაა, როგორიცაა ოთარ ფარცხალაძე, გასაკვირი არაფერია. რამდენად შეგნებულად ჩაიდინა შეიარაღებული ძარცვა გერმანიაში, რის გამოც შემდეგ გასამართლდა, ეს სხვა თემაა, თუმცა მაშინ პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული პოზიცია უნდა დაეჭირა, ეთქვა, რომ კატეგორიულად ითხოვს ვიდეოკამერების მასალების გამოქვეყნებას იმ დღესვე, კომისიას ქმნის და იძიებს მომხდარს. შემდეგ ითქვა, რომ ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია. დავით უსუფაშვილს უნდა განეცხადებინა, რომ იმასაც შეისწავლის, ოთარ ფარცხალაძე ნასამართლევია თუ არა და კატეგორიულად მოითხოვდა მის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

- სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასცდებოდნენ?

- რა თქმა უნდა. როდესაც კანონიერი ქურდი „რემენა“ ჩამოვიდა კიევიდან საქართველოში დეპორტაციის გამო და აეროპორტიდან გააპარეს, მაშინაც არ ამოიღო ხმა.

- ანუ დავით უსუფაშვილი არ იყო პრინციპული?

- დავით უსუფაშვილი იყო ოპორტუნისტი კარგა ხნის განმავლობაში. გაიხსენეთ, რესპუბლიკელები რაღაც პერიოდში ითხოვდნენ კომისიის შექმნას, შემდეგ კი ერთ დღეში შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძეზე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის გამო, რადგან ზოგიერთებმა თითი დაუქნიეს. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ პირი, უბრალოდ, ოფიციანტი და ლაქიაა, შემდეგ კი რაღაც მომენტში არც იქითაა, არც – აქეთ, მაგრამ თამაშს იწყებს, ეს უკვე არავისში პატივისცემას არ იწვევს.

წარმოიდგინეთ, დავით უსუფაშვილს სრული მასშტაბით რომ აეთვისებინა თავისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება და შეესრულებინა პარლამენტის წევრის ფიცი, ხალხი დაინახავდა და დააფასებდა. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დავით უსუფაშვილს საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ გამოუწვევია.

- რატომ სამწუხაროდ?

- სამწუხაროდ იმიტომ, რომ მე ვიცნობ დავით უსუფაშვილს – ის არის ბევრზე მეტად ნაკითხი, უფრო ინტელექტუალური ადამიანი, კანონები იცის, საკმაოდ კარგი იურისტია და კოლექტიურ იბიარდს ვერ შეადარებ.

- მიუხედავად ამისა, დავით უსუფაშვილის, როგორც პოლიტიკოსის შეფასება და პოლიტიკური კარიერა დღეს ნულის ტოლია...

- საინტერესოა, ნულის ტოლი სადამდეა. ისტორია შეიძლება გამეორდეს – ისევ გამოჩნდეს ქარიზმატული, ნდობით აღჭურვილი პირი, ისევ დასჭირდეს გუნდი და დავით უსუფაშვილს, უკვე როგორც არა რესპუბლიკელს, არამედ რაღაც ახალი შენაერთის უფროსს, შეიძლება, რაღაც შესთავაზოს, თუმცა თავისით ვერ გავა. თავისი პოპულარობით ის ვერ გადალახავს ბარიერს, თუმცა, როგორც კი მოხვდა ბიძინა ივანიშვილის ყურადღების არეალში, თავისი პარტიითა და მეუღლით მის კოალიციაში აღმოჩნდა. გავიხსენოთ, ივანიშვილი რომ აცხადებდა, თინა და დათო პოლიტიკაში ჩემი გურუები (ანუ პედაგოგები) არიანო.

- თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი დასრულდა...

- დასრულდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ბოლომდე პირადად დათოს მიმართ სიმპათია შერჩა და რაღაცებს სთავაზობდა.

- წელს დავით უსუფაშვილისგან ელოდებით განცხადების შესაბამის ქმედებებს?

- არა, არაფერს ველოდები.

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „ხალხს ფულიანი ხალხის პარლამენტში მოსვლა ძალიან აღიზიანებს“ // „ხელისუფლება საზოგადოებასთან არ ურთიერთობს

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, იურისტ ვალერი გელბახიანს.

- 2016 წელს ქართულმა ოცნებამ ჯერ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში, მოგვიანებით კი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ხომ არ ელის ამ ხელისუფლებას ხალხის პროტესტი და ქუჩის გამოსვლები?

- არასტაბილური ეკონომიკის პირობებში გამორიცხული არაფერია, თუმცა თავისით ხალხი ქუჩაში არ გამოდის. გამოსვლების მაორგანიზებელი პოლიტიკური ძალა საქართველოში არ ჩანს. სიტუაციას ქუჩის პროტესტიც ვერ შეცვლის.

- რას გულისხმობთ?

- სოციალური პროტესტით ლარის კურსი ვერ გამყარდება. ამის გამო, შეიძლება, მთავრობაც არ შეიცვალოს. ვითარება მძიმეა, მაგრამ, ყველაზე უარესი ის არის, რომ ხელისუფლების მხრიდან არ იგრძნობა წუხილი ამის გამო. ხალხი თანადგომას ვერ გრძნობს. უფრო მეტიც, ადამიანებს ესმით ხელისუფლების წარმომადგენლების გამონათქვამები, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ინფლაცია არ არის და სხვა. იმის მაგივრად, რომ შეწუხდნენ, ამბობენ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. საზოგადოება ასე არ ფიქრობს. უფრო მეტიც – მას ასეთი განცხადებები ისე აღიზიანებს, როგორც ხარს – წითელი ქსოვილი. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება არ ურთიერთობს საზოგადოებასთან. ისეთი მდგომარეობაა, რომ მას მთავრობის შეცვლაც ვერ გამოასწორებს.

- წინ ადგილობრივი არჩევნებია...

- ადგილობრივი არჩევნებია, მაგრამ ხალხზე ზრუნვა არ ჩანს. ხელისუფლება არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს. გავიხედოთ სხვაგან, გადავავლოთ თვალი, რა ხდება სხვა სახელმწიფოებში. ევროპასა და სხვა ქვეყნებშიც ხალხში პოპულარულია სოციალისტური იდეები. ისინი ეწინააღმდეგება ოლიგარქიულ ინტერესებს.

- ჩვენთან რა ხდება?

- ჩვენთან თუ ვინმემ ფული იშოვა, ყველა პარლამენტში მოხვდა. თუ დააკვირდებით, 20 ან თუნდაც 10 წლის წინ ბიზნესმენის გადეპუტატება საკვირველი და უცნაური ამბავი იყო. პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. დღევანდელ პარლამენტში პოლიტიკოსები თითქმის აღარ არიან. პოლიტიკოსები განდევნეს პოლიტიკიდან. სამაგიეროდ, პარლამენტი სავსეა ფულიანი ხალხით. ყალიბდება მქონებელთა კასტა, რომელიც ხელისუფლებაშია. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციას. ხალხს უკვე ძალიან აღიზიანებს ფულიანი ხალხის პარლამენტში ყოფნა. ადამიანებმა იციან, რომ ასეთი დეპუტატები იცავენ საკუთარ ქონებას და არა – ხალხის ინტერესებს. ეს მდგომარეობა ხელს შეუწყობს სოციალისტური იდეების განვითარებას. კლასობრივი ბრძოლის ნიშნები უკვე იკვეთება. ყველა რევოლუცია ასე იწყებოდა. ასე იყო ევროპაშიც და ამერიკაშიც, სადაც მემამულეებს კარგა ხნის განმავლობაში უპირისპირდებოდნენ.

- სოციალისტური იდეების პოპულარობა ახსენეთ. ბოლო დროს ევროპაში ბევრი მიმდევარი გაუჩნდა ნაციონალისტურ იდეებსაც...

- ნაციონალისტური იდეები ყოველთვის პოპულარული იყო. ჰიტლერის პარტიის მსგავსად, ზოგიერთ პარტიას ევროპაში ნაციონალისტურ-სოციალისტური მიმართულება აქვს. სამწუხაროა, რომ საქართველოში პოლიტიკური ბალანსის მიღწევის მაგივრად იქმნება ოლიგარქიული სიტუაცია და ფულიანთა კასტა.

- თუ არაფერი შეიცვალა, კლასობრივ ბრძოლას ვერ ავცდებით?

- ასეთი საფრთხე არსებობს. ამას ხელი ეწყობა. ხელისუფლებამ კი არ უნდა იძახოს, ყველაფერი კარგადააო, დიალოგი უნდა დაიწყოს ხალხთან. მაგალითისთვის – პრემიერი უნდა შეხვდეს საჩხერის მოსახლეობას და ჰკითხოს, როგორ ჯობია 10 მილიონის დახარჯვა. საზოგადოება თავისას იტყვის და, თუ რაიმე სწორად არ გამოვიდა, მხოლოდ ხელისუფლებას არ დააკისრებს პასუხისმგებლობას. შესამუშავებელია ურთიერთობის ფორმატი.

- ეს შესაძლებელია?

- ხალხთან დალაპარაკებაა საჭირო, თორემ ქუმსიშვილის კაბინეტიდან წაკითხული ლექციები არავის სჭირდება. ეს მხოლოდ ზრდის აგრესიას. იმავე ქუმსიშვილს შეუძლია, იყიდოს ტელევიზიაში სარეკლამო დრო, მოიწვიოს არა ხელისუფლება და ოპოზიცია, არამედ ეკონომისტები, სხვა სპეციალისტები და ისაუბროს გამოსავალზე. ხალხს ჭკუა კი არ უნდა ასწავლონ, არამედ ჭკუა ჰკითხონ, თორემ ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. ლარს არაფერი ეშველება არც მტერ-მოყვრის ძიებით და არც – კაბინეტიდან წაკითხული ლექციებით.

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

მინისტრები საწვავით ვაჭრობენ?

ლევან ხაბეიშვილი: სამინისტროებმა 10 დღეში 3.481.200 ლიტრი საწვავი შეიძინეს

გასული წლის დამლევს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქამრებს შემოიჭერდა და ისევე დაიტანჯებოდა, როგორც მისი ამრჩევი მოსახლეობა იტანჯება. ხელისუფლებამ, სხვა დაპირებების მსგავსად, არც ეს დაპირება შეასრულა და რეკორდული რაოდენობის საწვავი შეიძინა. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით, 2016 წლის 20 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით სამინისტროების ნაწილმა, სამინისტროს სსიპ-ებმა, პარლამენტის აპარატმა და აუდიტის სამსახურმა 3.481.200 ლიტრი საწვავი შეიძინეს.

„მაშინ, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საწვავის გაძვირება საკუთარ ჯიბეზე იგრძნეს და ახალი წლის შემდეგ, ფაქტობრივად, 20 თეთრით გაძვირებული ბენზინის, დიზელისა თუ გაზის ჩასხმა უწევთ, მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მინისტრებისთვის, მინისტრის მოადგილეებისთვის არც არაფერი შეცვლილა. ისინი ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას და ბიუჯეტის ფულით ირეზერვებენ საწვავს. მათ იმდენად დიდი ოდენობით შეიძინეს საწვავი, რომ არ გამოვრიცხავ, საწვავით ვაჭრობდნენ“, – ამბობს „ახალ თაობასთან“ საუბარში ხაბეიშვილი. მისი თქმით, იმ ორგანიზაციებიდან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოიპოვეს, ფინანსთა სამინისტრო ლიდერობს.

„ფინანსთა სამინისტრომ და მისი სამსახურებმა 1.152.200 ლიტრი საწვავი შეიძინეს. მაინტერესებს, სად უნდა დახარჯოს ამ უწყებამ ამდენი საწვავი. დასუფთავების სამსახურზე რომ ყოფილიყო საუბარი, კიდევ გაჩუმდებოდა ადამიანი, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ამდენი საწვავი არ სჭირდება“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

საწვავის მიმართ გულგრილი ვერც სოზარ სუბარის უწყება და სახალხო დამცველის აპარატი დარჩნენ. ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მადას არც სხვა უწყებები უჩივიან.

„საინტერესოა, დევნილთა სამინისტროს რაში უნდა დასჭირდეს 2017 წელს 150. 000 ლიტრი საწვავი? მეეჭვება, სოზარ სუბარი თავს იწუხებდეს დევნილების მონახულებით. ისიც გასარკვევია, რაში სჭირდება სახალხო დამცველის აპარატს 73.000 ლიტრი საწვავი. ვეტერანთა სამსახური რას მიკეთებს იმისთანას, რომ 54.000 ლიტრი საწვავი შეიძინა? მათზე გაცილებით მეტი საწვავი აქვს შეძენილი გარემოს დაცვის სამინისტროს და მის დეპარტამენტებს. მათ ანგარიშზე 586.000 ლიტრი საწვავი მოდის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 255.300 ლიტრი საწვავი აქვს შეძენილი. აღმასრულებელ ხელისუფლებას არც კანონმდებლები ჩამორჩნენ. პარლამენტის აპარატმა უკვე დაიბევა 479.200 ლიტრი საწვავი. აუდიტის სამსახური სხვადასხვა უწყებას ხშირად უყენებს პრეტენზიებს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო. ამ დროს თავად 102.400 ლიტრი საწვავი შეიძინეს“, – აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი. მისივე ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს ანგარიშზე 163.000 ლიტრი საწვავი მოდის, ენერგეტიკის სამინისტროზე კი – 75.000 ლიტრი.

საწვავის გარეშე არც სპორტი და კულტურა დარჩენილან. კულტურის სამინისტრომ 48.000 ლიტრი საწვავი დაირეზერვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ – 61.100 ლიტრი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 190.000 ლიტრი საწვავი შეუძენია, განათლების სამინისტროს სსიპებმა კი 52.000 ლიტრი იკმარეს. შერიგების სამინისტროს ანგარიშზე 40.000 ლიტრი მოდის.

ლევან ხაბეიშვილს არსებულ ვითარებაში ასეთი ოდენობის საწვავის შეძენა დიდ უსინდისობად მიაჩნია და გონივრული ეჭვებიც უჩნდება.

„ამ რაოდენობის საწვავს ეს უწყებები ვერ მოიხმარენ, რადგან ავტომანქანები სამინისტროში მხოლოდ რამდენიმე კაცს ემსახურება. ამ ოდენობის საწვავის შეძენა იმაზე მიუთითებს, რომ მათთან მანქანები ყველას, მათ შორის დამლაგებლებსა და დარაჯებსაც ემსახურება“, – მიიჩნევს „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

ლევან ხაბეიშვილს სხვა ეჭვებიც აქვს და არ გამორიცხავს, რომ ამ საწვავით ჩინოსანთა ოჯახობა დასეირნობდეს. „დიდი ალბათობით, ეს საწვავი მაღალი თანამდებობის მეუღლეებს, მეუღლის მშობლებს, ცოლის დაქალებს, ბებია-ბაბუებს, შვილებს, შვილიშვილებსა და მეზობლებს ხმარდება. თავად სამინისტროები ამ რაოდენობის საწვავს ვერ მოიხმარენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სახელმწიფო ავტომანქანებით სამინისტროებში მხოლოდ რამდენიმე პირი სარგებლობს, მათი ნაწილი კი საერთოდ არ დადის სამსახურში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. შეძენილი საწვავის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ, როგორც უკვე გითხარით, არ არის გამორიცხული, ჩინოსნები ამ საწვავს ყიდდნენ“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

„ახალი თაობა“, 06 იანვარი, 2016 წელი

კახა კუკავა: ბუნებრივ აირში ჰაერს უმატებენ

რევაზ არველაძე: ამის გაკეთებას ვერცერთი კომპანია ვერ გაბედავს

მოსახლეობის უკმაყოფილება „ყაზტრანსგაზთბილისის“ მიმართ ყოველდღიურად მატულობს. ბევრ მომხმარებელს დეკემბერში გაზრდილი გადასახადი მიუვიდა. გამოითქმის ეჭვი, რომ ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ჰაერს ურევენ, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა ტარიფის მომატება და ასე იღებს მოსახლეობის ჯიბიდან გაზრდილ საფასურს.

აღნიშნულ ბრალდებას გუშინ „ყაზტრანსგაზთბილისი“ გამოეხმაურა. როგორც „ყაზტრანსგაზთბილისის“ ფინანსური დირექტორი ნინო თურმანიძე აცხადებს, 2016 წლის დეკემბერში მიღებულ და რეალიზებულ იქნა 123 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, მაშინ როცა ამავე წლის ნოემბერში მიღებული იყო 82 მილიონი კუბური მეტრი.

„ჩვენი აბონენტების მიერ მოხმარებული გაზის რაოდენობის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტემპერატურის მკვეთრმა კლებამ. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა 5-8 გრადუსით დაბალი იყო 2015 წლის დეკემბერთან შედარებით“, – განაცხადა ნინო თურმანიძემ. მისივე თქმით, ქალაქში შემომავალი გაზი ნაწილდება უშუალოდ საცალო მომხმარებელზე და მიღებული გაზის აღრიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური მრიცხველების მეშვეობით. შესაბამისად, დეკემბერში მოხმარებული გაზი აღირიცხა აბონენტების მრიცხველებზე.  ნინო თურმანიძის განცხადებით, ნებისმიერ აბონენტს საშუალება აქვს, თავად იანგარიშოს მოხმარებული გაზის მოცულობა და საფასური.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, „ყაზტრანსგაზთბილისში“ განმარტავენ, რომ კომპანიას ბუნებრივ აირს აწვდის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია და სწორედ ის არის პასუხისმგებელი გაზის ხარისხზე. ნინო თურმანიძე იქვე განმარტავს, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ამოწმებს გაზის ხარისხს და, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი აირის ხარისხი საქართველოში არსებულ სტანდარტებს სავსებით შეესაბამება. „ყაზტრანსგაზთბილისში“ იქვე იმასაც განმარტავენ, რომ ამ ეტაპისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება არ იგეგმება.

———-

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ორ-სამ დღეში დადებენ დამამტკიცებელ მასალებს, რომ ბუნებრივ აირში დიდი რაოდენობით ჰაერს უმატებენ და ამ მაქინაციისთვის საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს გაზის კომპანიებს.

კახა კუკავა:

- ხელისუფლებამ ვერ გაბედა ტარიფის ზრდა და ასე ცდილობენ მოსახლეობიდან თანხების ამოღებას. შევარდნაძის დროს იყო, ვითომ პურს რომ არ აძვირებდნენ ხოლმე და პური მკვეთრად იკლებდა წონაში. სწორედ ანალოგიური ხდება ახლაც. ნოემბერ-დეკემბერში შექმნილი კრიზისის ფონზე, როცა ისედაც მთელი საქართველო მთავრობის წევრების დედებს კითხულობდა, მათ გაზის გაძვირების შეეშინდათ პოლიტიკური თვალსაზრისით და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- როგორი გადაწყვეტილება?

- ბუნებრივ აირში უმატებენ ჰაერს. „თავისუფალი საქართველო“ უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს ამის დამამტკიცებელ დოკუმენტებს. ბუნებრივ აირზე გადასახადი მეც მომივიდა არანორმალურად დიდი. არც ისეთი ცივი დეკემბერი იყო, რომ ასეთი სხვაობა მოეცა. ის, რომ დეკემბერი ნოემბერზე უფრო ცივია, კახა კალაძის აღმოჩენა არ არის და ყველამ ვიცით. წლევანდელი დეკემბერი ნამდვილად არ არის უფრო ცივი, ვიდრე შარშანდელი იყო. ჩვენ დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს ამასთან დაკავშირებით. მთავრობა ზის დენთის კასრზე და ნაპერწკალი შეიძლება ყოველ წამს გამოჩნდეს.

- ეს ნაპერწკალი ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასური გახდება?

- ეს გაზის ტარიფი იქნება თუ სხვა რამ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დღეს საქართველოში შექმნილია რევოლუციური სიტუაცია. ხალხს აღარ შეუძლია ცხოვრება ისე და იმ პირობებით, როგორც ამას მთავრობა სთავაზობს და მთავრობას, უბრალოდ, აღარ შეუძლია, ძველებურად მართოს. გაყალბებისა და ფალსიფიკაციის მთელი არსენალი ხელისუფლებას ამოწურული აქვს.

- სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება?

- ის ყოველდღიურად მძიმდება. ეს არის პროცესი, რომელსაც ვუყურებთ ჩვენ ონლაინრეჟიმში. აქ ანალიზი საჭირო არ არის. მთავრობას არანაირი ანტიკრიზისული გეგმა არა აქვს.

- თქვენ აცხადებთ, რომ დოკუმენტებს დადებთ. როგორ აპირებთ ამ საკითხის შესწავლას, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების მატებას ეხება?

- ეს არის მრავალმილიონიანი მაქინაცია, რომელიც ჩაუტარეს მოსახლეობას. ჩვენ სამართლებრივადაც მოვძებნით იმის საშუალებას, რომ თანხების კომპენსაციაზეც ვიმსჯელოთ. ეს მაქინაცია ხელისუფლებას ძალიან ძვირად დაუჯდება.

———–

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ბუნებრივ აირში ჰაერის შერევას კატეგორიულად გამორიცხავს.

- ბატონო რევაზ, მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს დეკემბერში ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადის გამო. გაჩნდა ეჭვები, რომ კომპანიები ბუნებრივ აირში ჰაერს ურევენ. რას იტყვით თქვენ, როგორც სპეციალისტი?

- ეს შეუძლებელია! როდესაც ჰაერი ერევა ბუნებრივ გაზში, გაზში წარმოიშობა მგრგვინავი გაზი და საშიში ხდება, რადგან, შესაძლოა, გამოიწვიოს აფეთქება. ამიტომ ჰაერის შერევას ბუნებრივ გაზში ვერცერთი კომპანია ვერ გაბედავს, რადგან ეს აუცილებლად გამოიღებს მძიმე შედეგებს. ეს გამორიცხულია.

- მაშ, რას უკავშირებთ ამას?

- დეკემბერი საკმაოდ ცივი იყო და, სხვა თვეებს რომ ადარებენ, იმის ფონზე, ალბათ, ბევრად გაზრდილი გადასახადი მოვიდა.

- ანუ თქვენ გამორიცხავთ, რომ რაიმე მაქინაციას ჰქონდეს ადგილი?

- ბუნებრივ გაზში ჰაერის შერევას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. სხვა რა მაქინაცია შეიძლება იყოს, მე არ ვიცი. არ ვიცი სხვა რაიმე მიზეზი. დეკემბერი იყო ძალიან ცივი და ეს არის ერთადერთი მიზეზი. როგორც ამბობენ, 10 იანვრიდან ტემპერატურა კვლავ მკვეთრად დაიკლებს, საკმაოდ სერიოზული აცივება იქნება. არ არის გამორიცხული, იანვარშიც გაცილებით მეტი იყოს ბუნებრივი აირის ხარჯვა, ვიდრე შარშან იანვარში იყო.

- თუ ელოდებით ტარიფის მატებას ბუნებრივ აირზე?

- ჯერჯერობით მე როგორც ვიცი, არცერთ კომპანიას შეტანილი არ აქვს განაცხადი ტარიფის ზრდის თაობაზე. ეს პროცესი სერიოზულად არის დამოკიდებული ლარის კურსზე. თუ შენარჩუნდა ის კურსი, რომელიც ამჟამად არის, არა მგონია, ზრდას ჰქონდეს ადგილი, ხოლო თუ კვლავ განაგრძო ლარმა გაუფასურება, ეს გავლენას იქონიებს ბუნებრივი აირის ფასზე.

Comments are closed