«Каспiй» (აზერბაიჯანი): ოს სეპარატისტთა ოცნებები
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): ინტერვიუ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან: „თუ აფხაზები და ქართველები შერიგდებიან და არჩევნები ჩატარდება, უფრო მეტ ხმებს ქართველები მიიღებენ. აფხაზეთი დაიღუპება“
———————-
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 07 იანვარი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
ოს სეპარატისტთა ოცნებები
რაუფ ორუჯევი
(შემოკლებით)
საქართველოში ოს სეპარატისტთა გონება ბოდვითმა იდეამ მოიცვა: ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი - ე.წ.„სამხრეთ ოსეთი“, რომლის ხელისუფლებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკისათვის სახელწოდების შეცვლა სურს – „სამხრეთ ოსეთი“ კი არა, „ალანია“ უნდა გვერქვასო. მათ იმედი აქვთ, რომ სახელწოდების შეცვლა დააჩქარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის მიერთებას რუსეთის ფედერაციისადმი. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, თუ რას ემყარება ოსების იმედები.
ოსების თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ აპრილში „სახელმწიფოს მეთაურის“ არჩევნებთან ერთად შესაძლოა ჩატარდეს რეფერენდუმიც „სამხრეთ ოსეთის“ „ალანიად“ შეცვლის თაობაზე. იგი დარწმუნებულია, რომ სახელწოდების შეცვლა რესპუბლიკის რუსეთისადმი მიერთების პროცესს დააჩქარებს: „დადგება ის ისტორიული მომენტი, როცა ოსეთის ორი ნაწილი გაერთიანდება და ერთიანი ოსეთი ისევ მთლიანად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება“, – წინასწარმეტყველებს ლეონიდ თიბილოვი. თუმცა როგორც საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რეფერენდუმი კიდევაც რომ ჩატარდეს, ის მაინც უკანონო, არალეგიტიმური იქნება. მართლაცდა, მინისტრი სიმართლეს ღაღადებს, რამეთუ ჩვენი პლანეტის სახელმწიფოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც არ ეპარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მისი საზღვრების ურღვევობისადმი პატივისცემას გამოხატავს.
მზაკვრული გეგმა
რასაკვირველია, საერთაშორისო სამართალი და დასავლეთი საქართველოს მხარესაა, მაგრამ ცხინვალელი სეპარატისტების გეგმებმა ქართველ პოლიტოლოგებში მაინც გარკვეული შეშფოთება გამოიწვია: როგორც ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, 2017 წელს საქართველო მწვავე პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგება, რომელიც გამოიხატება ცხინვალის რეჟიმის ზრახვებში – „სამხრეთ ოსეთის“ „ალანიის რესპუბლიკად“ გადარქმევის გეგმებში. მისი თქმით, ოსმა სეპარატისტებმა მოიფიქრეს მზაკვრული გეოპოლიტიკური პროვოკაცია, რომლის მიზანს საქართველოსათვის ტერიტორიის ნაწილის ჩამოშორება წარმოადგენს. ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ოსეთის გაერთიანების პროცესი უკვე მიმდინარე 2017 წელს დაიწყება და 2018-ში დასრულდება. „სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების პროცესისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია“, – ამბობს პესიმისტურად განწყობილი ექსპერტი.
დიდი ეჭვები
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მართლაც დიდი ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უწევდა და ახლაც უწევს, ჯერ კიდევ 1991-1992 წლების სამოქალაქო ომიდან მოყოლებული. 2008 წლის აგვისტოში მომხდარი აგრესიის შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ოფიციალურად აღიარა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმა ლეონიდ თიბილოვმა პირველად შარშან თებერვალში გააჟღერა, თუმცა მაშინ რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხს საკმაოდ ფრთხილად მიუდგა – პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს არ განიხილავს.
რასაკვირველია, რუსეთის პოზიცია გასაგებია: ყირიმის მიერთებამ მსოფლიოში დიდი სეშფოთება გამოიწვია, დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გამოუცხადა. მოსკოვს დამატებითი პრობლემები არ აწყობს. ამ შემთხვევაში რუსეთის ხელმძღვანელობა არსებული სიტუაციით კმაყოფილდება – მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების სტატუსი, შეიძლება ითქვას, „ჰაერშია დაკიდებული“.
მსგავსი თვალსაზრისი აქვს ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს თენგიზ აბლოთიას, რომელმაც გაზეთ „კასპიი“-სადმი კომენტარში აღნიშნა:
„ჩემი აზრით, ლეონიდ თიბილოვის განცხადებები ყბედობაა და მეტი არაფერი. მოსკოვს არანაირი სამხრეთ ოსეთის მიერთება არ ჭირდება. რუსეთს ამგვარი მოქმედება ობიექტურად ნამდვილად არ აწყობს. გარდა ამისა, დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთისადმი მეტ-ნაკლებად ლოიალურდაა განწყობილი და რატომ უნდა დასაჯოს მოსკოვმა თბილისი? სრულიად შესაძლებელია, რომ ახლა მოწმენი ვართ ლეონიდ თიბილოვის ფანტაზიებისა, რომლებიც შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მოსახლეობის ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის მიზნით“.
კიდევ ერთი ცნობილი ქართველი ანალიტიკოსი გელა ვასაძე ამბობს:
„ლეონიდ თიბილოვის ინიციატივის კომენტირებისას შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ კრემლის მზაკვრულ გეგმებზე, რომელშიც სამხრეთ ოსეთის ანექსია იგულისხმება, მაგრამ მე ეს საკითხი უფრო მარტივად მესახება: ოსი სეპარატისტების პოლიტიკური ელიტა ოცნებობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთისადმი მიერთებით უფრო მეტ დოტაციას მიიღებს, თანაც უკვე კანონიერ საფუძველზე. რეგიონის მოსახლეობა სწრაფად მცირდება, ხოლო თვითონ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ ეკონომიკური მარაზმის მდგომარეობაშია, მათი შემოსავლების წყაროები, რომლებიც წლების წინ საქართველოში რუსული კონტრაბანდული საქონლის შემოტანაში და საქართველოდან გატაცებული ავტომობილების გატანაში გამოიხატებოდა, დიდი ხანია უკვე გადაკეტილია. ასეთ სიტუაციაში ოსებს თავის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება მიაჩნიათ, მაგრამ თვითონ კრემლს სამხრეთ ოსეთის მიერთება არ სურს. მართლაცდა, რა აზრი აქვს მიერთებას? სამხედრო ბაზა ისედაც არსებობს, მოსახლეობა კი იმდენია, რამდენიც ამ ბაზის მომსახურებისთვისაა აუცილებელი. მოსკოვს დღეს ზედმეტი ხარჯები არ ჭირდება. ჰოდა, ოსი კოლაბორაციონისტებიც რაღაც ეშმაკურ სვლებს იგონებენ – რეფერენდუმს ჩავატარებთ ოსეთის გაერთიანებისთვის, ცოტაც და რუსეთის შემადგენლობაში ვიქნებითო. მოკლედ, კისელის ნაპირებიან რძის მდინარეებზე ოცნებობენ“.
«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 07 იანვარი, 2017 წელი
http://echo.msk.ru/programs/personalno/1904220-echo/
ინტერვიუ ვლადიმირ ჟირინოვსკისთან: „თუ აფხაზები და ქართველები შერიგდებიან და არჩევნები ჩატარდება, უფრო მეტ ხმებს ქართველები მიიღებენ. აფხაზეთი დაიღუპება“
რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ პროგრამა „ოსობოე მნენიეს“ ეთერში 6 იანვარს კორესპონდენტი ოქსანა პაშინა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმირ ჟირინოვსკის ესაუბრა. თემა – რუსეთი და სირია-ერაყის მოვლენები.
ვლადიმირ ჟირინოვსკი შეეცადა რადიომსმენელებისათვის სირიასა და ერაყში შექმნილი სიტუაცია უკეთ აეხსნა და ამ მიზნით აფხაზეთის მაგალითი მოიშველია:
„ერაყში ქურთები და მუსულმანი სუნიტები არიან, იქ ხელისუფლებაში მათ თუ შეიყვან, სიტუაცია დაბალანსდება. ასე იყო სადამ ჰუსეინის დროს. აი, სირიას რაც შეეხება, იქ ძალიან ჭრელი გუნდია. სირიის ხელისუფლებაში მუსულმანი ალავიტები დომინირებენ (ბაშარ ასადის ჩათვლით), მაგრამ ისინი ქვეყნის მასშტაბით უმცირესობაა. სირიაში უმრავლესობა მუსულმანი სუნიტებია, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან წარმოდგენილნი. ანუ თუ იქ სუნიტები ხელისუფლებას ჩაიგდებენ, ალავიტების საქმე წასულია – მათ, უბრალოდ, გაანადგურებენ.
ეს ვარიანტი რომ ჩვენი რადიოსმსმენელებისათვის გასაგები იყოს, საქართველოსა და აფხაზეთის მაგალითს მოვიშველიებ: ვთქვათ, აფხაზეთში ალავიტებია, ისინი ცოტანი არიან, საქართველო აფხაზეთზე დიდია და ქართველები აფხაზებზე ათჯერ მეტნი არიან. თუ აფხაზები და ქართველები შერიგდებიან, ამ შერიგების ჩარჩოებში თუ არჩევნები ჩატარდება, ბუნებრივია, უფრო მეტ ხმებს ქართველები მიიღებენ და, შესაბამისად, მათ აფხაზეთის პარლამენტში უფრო მეტი დეპუტატი ეყოლებათ. მორჩა, აფხაზეთი დაიღუპება. ასე მოხდება სირიაშიც: თავისუფალი არჩევნები რომ ჩატარდეს და ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, სუნიტები ხელმზღვანელ პოსტებს ხელში ჩაიგდებენ და ალავიტები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ისინი ცოტანი არიან, მხოლოდ ათი პროცენტი…“.