«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
«CNN TV» (აშშ): შინდაბრუნებულმა დათა ვანიშვილმა საკუთარი სახლი „სხვა ქვეყანაში“ აღმოაჩინა (რეპორტაჟი საოკუპაციო ხაზიდან)
«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის პარტია დაიშალა // საქართველოში „ეროვნული მოძრაობა“ ჩიხში შევიდა
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-israeli-president-visits-in-tbilisi/3668727.html
ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
ზაზა წულაძე
იერუსალიმში მომხდარი გუშინდელი ტერაქტის მიუხედავად, სადაც ისრაელის მოქალაქეობის მქონე ტერორისტმა, ეთნიკურმა არაბმა, რომელიც ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ თანაუგრძნობდა, სატვირთო მანქანით ისრაელის არმიის ოთხი რეზერვისტი, მათ შორის სამი ახალგაზრდა გოგონა გაიტანა, ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა არ გადადო პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ორდღიანი სტუმრობა, რომელიც თბილისში 9 იანვარს დაიწყო, ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. ისრაელმა და საქართველომ დიპურთიერთობა 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუვენ რივლინს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და პირველმა მიუსამძიმრა დაღუპული სამხედროების გამო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური პრობლემის აღმოსაფხვრელად, როგორიც ტერორიზმი და „ისლამური სახელმწიფოა“, აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, კერძოდ, ბრძანა:
„მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერაქტის გამო, რომელიც ისრაელში მოხდა. ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. გვჯერა, რომ თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, მიგვიყვანს ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება, ისევ – იმ გლობალური პრობლემისა, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც პრეზიდენტ რუველ რივლინთან შეხვედრა მისამძიმრებით დაიწყო. შემდეგ მხარეებმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობის დინამიკასა და პირდაპირ ინვესტიციებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბოლო წლებში, ისრაელიდან პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ შესამჩნევად მოიმატა. თუ 2012-13 წლებში ეს ციფრი 10 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა (2012 წელს – 9 825 000 $, 2013 წელს – 9 850 000 $), 2014-15 წლებში ინვესტიციები გაორმაგდა და 19 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (2013 წელს – 19 161 000 $, 2015 წელს – 18 736 000 $), თუმცა, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ისევ შემცირდა და სულ 3 646 000 აშშ დოლარი შეადგინა.
პრობლემურია ისრაელთან ექსპორტ-იმპორტის ბოლო მონაცემებიც: 2016 წელს, ექსპორტი – მხოლოდ 5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, იმპორტი სამი კვარტლის მიხედვით კი 9 მილიონს აღემატება, მაშინ როცა 2015 წელს – იმპორტი ისრაელიდან 22 მილიონზე მეტი იყო. საუკეთესო – 2009 წელს კი – 70 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
შედარებით უკეთესი მდგომარებაა ტურიზმის მხრივ: 2016 წელს ისრაელიდან 92 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით 55 პროცენტით მეტია. მიუხედავად უვიზო მიმოსვლისა, კვლავ ძალიან მაღალია ისრაელის აეროპორტებიდან უკან გამობრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ისრაელში შესვლაზე უარი უთხრეს. ოფიციალური იერუსალიმი ამას უკანონო შრომით მიგრაციასთან მკაცრი ბრძოლის პოლიტიკით ხსნის.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა თბილისში ყოფნისას აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებით, საქართველოს და ისრაელის ხალხებს ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ: „სწორედ ერთობლივი მუშაობის წყალობით, ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა ბევრ რამეს მივაღწიეთ. მჯერა, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია მომავალში და ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. გილოცავთ, რომ თქვენ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეთ. მჯერა, რომ კარგი დროა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკა“.
77 წლის რუვენ რივლინი ისრაელის რიგით მე-10 პრეზიდენტია. იგი ამ თანამდებობაზე ისრაელის პარლამენტმა – ქნესეთმა 2014 წლის ზაფხულში აირჩია. მანამდე რუველ რივლინს ქნესეთის სპიკერისა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობები ეჭირა.
ეს ისრაელის პრეზიდენტის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. 2001 წელს, თბილისს, ისრაელის რიგით მერვე პრეზიდენტი მოშე კაცავი, ასევე ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა. 2003 წელს კი საქართველოს დედაქალაქში კერძო ვიზიტით ისრაელის ყოფილი პრემიერი შიმონ პერესიც იმყოფებოდა, რომელიც 2007 წელს, ისრაელის რიგით მეცხრე პრეზიდენტი გახდა და ამ თანამდეობაზე, ვადის ამოწურვამდე, 2014 წლამდე იმუშავა. შიმონ პერესის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტად სწორედ რუვენ რივლინი იქნა არჩეული.
«CNN TV» (აშშ), 09 იანვარი, 2017 წელი
http://edition.cnn.com/2017/01/09/europe/georgia-south-ossetia-russia-border/index.html
შინდაბრუნებულმა დათა ვანიშვილმა საკუთარი სახლი „სხვა ქვეყანაში“ აღმოაჩინა
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა 9 იანვარს ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ასახულია საქართველოს გორის რაიონში მდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 82 წლის დათა ვანიშვილის დრამატული ბედი – მისი საცხოვრებელი სახლი იმ საოკუპაციო ხაზის (მავთულხლართების) მიღმა აღმოჩნდა, რომელიც რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა შექმნეს. „ხუთი წლის წინათ დათა ვანიშვილი თავისი სახლიდან სოფელში მცირე ხნით გავიდა, ხოლო როცა დაბრუნდა, ნახა, რომ მისი სახლი უკვე „სხვა ქვეყნის“ ტერიტორიაზეა“, – ნათქვამია ტელესიუჟეტში (ავტორები – ერინ მაკლაფლინი და სებასტიან შუკლა).
„დათა ვანიშვილმა მთელი თავისი ცხოვრება საქართველოში გაატარა მანამ, სანამ ერთ დღეს არ გაიგო, რომ მისი სახლი თურმე საქართველოში კი აღარ არის, არამედ რუსეთის მიერ წართმეულ ტერიტორიაზე. მონიტორინგი მოწმობს, რომ რუსების მიერ გატარებული ე.წ. „საზღვარი“ საქართველოს სიღრმეში მოიწევს და სულ უფრო მეტ ტერიტორიას იტაცებს. დათა ვანიშვილი საკუთარ სახლში პატიმრად იქცა“.
„მოხუც გლეხს ხელში ნაჯახი უჭირავს, თოვლში დადის და ხეებს ტოტებს აჭრის, შეშას იმარაგებს გასათბობად – საქართველოში ცივი ზამთარია დამდგარი. „ისინი მე მიმოსვლის საშუალებას არ მაძლევენ. არც საჭმელი და არც სასმელი, პურიც კი არ მაქვს. ვარ გაზისა და ელექტროდენის გარეშე. რა ვქნა, კაცო, თავი მოვიკლა?“, – ამბობს დათა ვანიშვილი, რომელიც [ქართულ-ოსური] გაყინული კონფლიქტის, „მცოცავი საზღვრის“ („საოკუპაციო ხაზის“) მსხვერპლს წარმოადგენს, – „მე რომ ახლა ამ მავთულხლართზე გადმოვიდე, რუსები დამიჭერენ, ჯარიმას გადამახდევინებენ. ისინი თვალს მადევნებენ. ჩემი ცხოვრება დღითიდღე უარესდება. თუ შეგიძლიათ, იქნებ როგორმე დამეხმაროთ“, – ითხოვს დათა ვანიშვილი „საზღვრის“ იქითა მხრიდან. მაგრამ მისი მშველელი საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება.
„ბორდერიზაციის“ (როგორც ევროკავშირის დამკვირვებლები უწოდებენ ამ სიტუაციას) კიდევ ერთი მსხვერპლი სოფელ დვანში მცხოვრები მერაბ მექარაშვილია. მისი სახლი 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის დროს დაიბომბა, მაგრამ მერაბმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მშობლიურ სოფელში მდებარე მამისეულ სახლში ცხოვრებას გააგრძელებდა. მასთან მივიდნენ რუსი მესაზღვრეები, გზა გადაჭრეს და მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრეს, თან პირობა წაუყენეს, რომ ან სამხრეთ ოსეთის მოქალაქე გამხდარიყო, ან ამ ადგილიდან წასულიყო. მერაბ მექარიშვილი დღეს იქვე ახლოს ახალ სახლს აშენებს, – ნათქვამია ტელესიუჟეტში.
ევროკავშირის მისიის პატრული აკონტროლებს იმ ხაზს, რომელსაც ოფიციალურად ასე ეწოდება – „საქართველოსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთ-აფხაზეთს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვარი“. CNN-ის ჟურნალისტებს ევროკავშირის დამკვირვებელი მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი ესაუბრება, რომლის თქმით, „საზღვარი ხელოვნურადაა დადგენილი და სინამდვილეს არ შეესაბამება. ის პერმანენტულად წინ მოიწევს“. რუსები ხან მავთულხლართებს აბამენ, ხან კი ბანერებს დგამენ წარწერით – „გავლა აკრძალულია“, ქართულ და ინგლისურ ენებზე. კესტუტის იანკაუსკასის განმარტებით, „საზღვრის დადგენისას“ რუსები სსრკ გენერალური შტაბის მიერ 1980 წელს გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობენ.
ევროკავშირის დამკვირვებლების განცხადებით, „საზღვრის გავლება“ საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის გარდა, „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი დამოუკიდებლად მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა – ვენესუელამ, ნიკარგუამ და ნაურუმ. რუსეთი აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული ძალები აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არიან მიწვეული. დამკვირვებელთა თქმით, ამჟამად იმ ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ნაწილადაა აღიარებული, 18 რუსული სასაზღვრო საგუშაგო და ოთხი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული.
ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელი ჯონ დერნინი ამბობს, რომ პირველი სასაზღვრო საგუშაგოები სამხრეთ ოსეთში 2009 წელს გაჩნდნენ და ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექვემდებარებიან. თითოეულ საგუშაგო რაზმში 50-მდე რუსი მესაზღვრეა, მათ ოჯახებიც თან ჰყავთ, მოწყობილია საბავშვო-სათამაშო ეზოებიც.
CNN-ის ჟურნალისტების ვიზიტმა „საზღვრის“ იქითა მხარეს დაინტერესება გამოიწვია. „ჩვენ თან გვახლდა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და ევროპელი დამკვირვებლები, იქითა მხრიდან კი მწვანეფორმიანი რუსი მესაზღვრეები გვიმზერდნენ და გვეკითხებოდნენ, რა მიზნით მივედით“, – ამბობენ ამერიკელი ჟურნალისტები.
სიუჟეტში საუბარია აგრეთვე 2008 წელს მომხდარ რუსეთ-საქართველოს სამხედრო კოფლიქტის შესახებ: „როცა ოსი სეპარატისტები თავს დაესხნენ ქართველ მშვიდობისმყოფლებს, საქართველოს ხელისუფლებამ „სამხრეთ ოსეთში“ ჯარი შეიყვანა. ამის საპასუხოდ რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსების ჯარმა უკან მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამდე“ დაიხია, რომელსაც მოსკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს“.
2017 წელი რთული წელი იქნება – ოს სეპარატისტებს რეფერენდუმის ჩატარება აქვთ დაგეგმილი რუსეთთან მიერთების თაობაზე. კრემლი თავს შორს იჭერს რეფერენდუმისაგან და აცხადებს, რომ ეს ცხინვალის ადგილობრივი ინიციტივა არისო, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვი სეპარატისტებს ფარულად მაინც მხარს უჭერს.
„საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის მძიმე ბრძოლას ეწევა“, – ნათქვამია ტელესიუჟეტის დასასრულს, რომლის ვიდეოკადრები პირველ იანვარს იქნა გადაღებული, როცა საქართველოში ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ.
«Независимая газета» (რუსეთი), 10 იანვარი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-01-10/6_6897_saakashvili.html
მიხეილ სააკაშვილის პარტია დაიშალა
საქართველოში „ეროვნული მოძრაობა“ ჩიხში შევიდა
იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
(შემოკლებით)
საქართველოს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩენილი დაპირისპირება გადაულახავი აღმოჩნდა. ორშაბათს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერობიდან ნიკანორ მელიას გადაყენებით პარტიის ოფიციალური გაყოფა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობის“ ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ და საკუთარ ორგანიზაციას ჩამოაყალიბებენ. ვისთან და რასთან დარჩება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? ეს საკითხი ჯერ კიდევ ღია რჩება.
ის, რომ „ნაცმოძრაობის“ რიგებში ძველებური მტკიცე ერთიანობა აღარ იყო, ჯერ კიდევ სამითვისწინანდელი საარჩევნო კამპანიის დროს გამოჩნდა. სხვათა შორის, „ნაციონალების“ „სიკვდილს“ ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუძლო როგორც ხელისუფლების პრესინგს, ასევე თანაპარტიელების დაკავება-დაპატიმრებას. სერიოზული კრიზისის ნიშნები ნახევარი წლის წინ გაჩნდა, როცა საკმაოდ ცნობილმა „ნაციონალების ოთხეულმა“ პარტიულ კურსთან უთანხმოება გამოაცხადა, პარტიიდან გავიდნენ და თავიანთი გზა მონახეს. ნამდვილი მეხი კი უკვე არჩევნების დროს და განსაკუთრებით მისი შედეგების გამოცხადების შემდეგ გავარდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხმები დადიოდა, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი გიგა ბოკერია გაღიზიანებული არისო ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ხშირი სააგიტაციო გამოსვლებით ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ეთერში, რომელსაც „ნაციონალები“ აკონტროლებენ. გიგა ბოკერიას და მის თანამოაზრეებს მიაჩნდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა, მისი განცხადებები და დაუფიქრებელი დაპირებები პარტიას დამატებით ხმებს კი არ მოუტანდა, არამედ უფრო დააფრთხობდა ამომრჩევლებს. ფაქტიურად, არჩევნების შედეგებით ეს დადასტურდა კიდეც – „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამანადგურებელი დამარცხება განიცადა: მისმა მეტოქემ „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ასეთ სიტუაციაში ოდესაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ თანაპარტიელებს უარი ეთქვათ პარლამენტში შესვლაზე, დაეწყოთ ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ძალაუფლება ხელში რევოლუციური გზით ჩაეგდოთ. მაგრამ გიგა ბოკერიამ და პარტიის სხვა წევრებმა, მათ შორის პარლამენტის ექს-სპიკერმა დავით ბაქრაძემ რევოლუციურ გზას საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლა ამჯობინეს. პარტიის საბოლოო დაშლისათვის კატალიზატორის როლი კი, როგორც ჩანს, პატიმრობიდან თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებამ შეასრულა.
გიგი უგულავა, რომელმაც ხუთი წელი საპყრობილეში გაატარა, ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმაზე, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არასაკმარისად ზრუნავდა მისი როგორც პატიმრის მდგომარეობის შემსუბუქებაზე, თვითონ მსოფლიოში დასეირნობდა, ბოლოს კი უკრაინაში მოკალათდა. ალბათ, სწორედ გიგი უგულავას მოთხოვნით იქნება დასმული ბოლო წერტილი ამჟამინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში, როცა თბილისის ყოფილი მერი ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობას გაარკვევს. მათ უკვე ჰქონდათ საუბარი, მაგრამ რაზე ილაპარაკეს გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა, ამას ქართული საზოგადოება ცოტა გვიან გაიგებს. საუბრიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ პარლამენტის „ნაციონალურმა“ ფრაქციამ თავმჯდომარის პოსტიდან ნიკანორ მელიას გადარჩევა განიზრახა. თავის მხრივ, ნიკა მელიამ კოლეგები დაუფიქრებელ ნაბიჯებში („ბავშვებივით უსმენთ ბოკერიას და ბაქრაძესო“) და ქვეყნის არაფორმალური ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან საიდუმლო კავშირებში დაადანაშაულა.
ორშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელიც ფაქტიურად პარტიის დათხოვნას გულისხმობს. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ასეთი სიტუაცია არანორმალურია, როცა ორგანიზაციის წევრთა ნაწილს ლიდერების ერთი ჯგუფი მართავს, ხოლო მეორეს – მეორე ჯგუფი. მან განაცხადა, რომ გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა მოილაპარაკეს უახლოეს დღეებში კვლავ გააგრძელონ კონსულტაციები, თუმცა, ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობის“ ბედი უკვე ეჭვებს აღარ იწვევს – პარტია ორად გაიყოფა.
„ნაცმოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებთაც მიხეილ სააკაშვილი თავისი მმართველობის პერიოდში ეყრდნობოდა, ახალ ორგანიზაციას ჩამოაყალიბებენ, რომელსაც, ალბათ, „ევროპული საქართველო“ ერქმევა. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ხელში საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“ შერჩება, თუმცა მის დასახელებაში განსაზღვრება „ერთიანი“ უკვე უადგილო იქნება. პარტიაში შესამჩნევი ქარიზმატული ფიგურებიც თითქმის აღარ იქნებიან. აქედან გამომდინარე, ძებნაში მყოფი და სამშბლოში დაბრუნების უნარმოკლებულ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება იმის შესაძლებლობა, რომ დარჩენილი ერთგული „ნაციონალებისაგან“ რეალური პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბოს. თუმცა როგორც დამკვირვებლები ამბობენ, ამ საკითხში არცთუ უმნიშვნელო როლს შეასრულებს ის მომენტი, რომ „ნაციონალებმა“ პარტიული სახსრების გადანაწილებაზე უკვე მოილაპარაკეს.