„რეზონანსი“: საქართველოს გაერთიანების კვიპროსული მოდელი
„რეზონანსი“: ინტერვიუ გიორგი კანაშვილთან: „კვიპროსული მოდელი კონფლიქტების მოსაგვარებლად უალტერნატივოა“ // „საქართველომ სტრატეგია უნდა შეცვალოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში“
„რეზონანსი“: დაშლილ „ნაციონალთა“ გადაჯგუფება // ითანამშრომლებს თუ არა გიგა ბოკერიას გუნდი „გირჩთან“ და „ნაცმოძრაობა“- გიორგი ვაშაძის პარტიასთან?
„რეზონანსი“: ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით „ოცნებამ“ მიზანს მიაღწია“ // „ხელისუფლებას „ნაციონალთა“ გაქრობა არ აწყობს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიხეილ სააკაშვილის ფრთა მეტ მანდატს მიიღებდა, ვიდრე გიგა ბოკერიასი“ // „ახლა მთავარია პარტიის რეგიონალური ელიტა საით წავიდა“
„რეზონანსი“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „გიგი უგულავა გიგა ბოკერიას ლიდერად არ ცნობს“ // „ნაციონალური მოძრაობა“ 14-პროცენტიან მხარდაჭერას მაინც შეინარჩუნებს
„რეზონანსი“: იქნება თუ არა „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური ძალა?
——
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობაში“ დადგმული სცენარი თამაშდება“ // „მზადდება გეგმა, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობას გაუფუჭებენ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „კახა კალაძე, შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი აღარ იყოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან და დეპუტატ რევაზ არველაძესთან: წამგებიანია თუ არა „გაზპრომთან“ დადებული ახალი ხელშეკრულება?
„ახალი თაობა“: „გაზპრომთან ჩახუტება დასავლეთს დაგვაშორებს“ // ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ევროპაში საქართველოს ხელისუფლებას ისედაც ეჭვის თვალით უყურებენ“
——
„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ხელისუფლებას ვურჩევ, ჯონ მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს“
„საქართველო და მსოფლიო“: მეუფე პეტრე – რუხი მიტროპოლიტი // „მეუფე პეტრეს თავი უკვე პატრიარქად წარმოუდგენია“ // „ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა“
——
„რეზონანსი“: სურსათზე ფასი გაიზარდა, იმპორტიორები მაინც ზარალზე საუბრობენ // „არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომხმარებელიც არ დავკარგოთ და ჩვენც ნაკლებად დავზარალდეთ“
„რეზონანსი“: წლევანდელი ექსპორტი 2011 წლის შედეგსაც ვერ გაიმეორებს // „წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა“
———————–
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს გაერთიანების კვიპროსული მოდელი
თაკო მათეშვილი
სპეციალისტები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში კვიპროსული მოდელის ეფექტურობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა იქაური გამოცდილება ჩვენი გაყინული კონფლიქტების გასალღობადაც შედეგიანი აღმოჩნდეს. ამას, მათი აზრით, საკმაოდ დიდი დრო, შრომა და რესურსი დასჭირდება, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ეტაპისათვის ეს მოდელი უალტერნატივოა. სხვა გზა, მათი აზრით, უბრალოდ არ არსებობს.
კავკასიოლოგ გიორგი კანაშვილის აზრით, კვიპროსში ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება. მისი თქმით, ბოლო წლებში ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ შესაძლოა, კუნძული გაერთიანდეს. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, მისი აზრით, ჩვენ რამდენიმე დასკვნის გამოტანა უკვე შეგვიძლია. პირველი დასკვნა კი, გიორგი კანაშვილის თქმით, ისაა, რომ თუკი ცენტრი, ანუ საქართველო, მოახერხებს, გახდეს დემოკრატიული, ეკონომიკურად მიმზიდველი და ზოგადად განვითარებული, შესაძლოა, სეპარატისტებს საერთო სახელმწიფოს იდეასთან დაკავშირებით აზრი შეეცვალოთ. გარდა ამისა, სპეციალისტის აზრით, დიდ როლს ითამაშებს ევროინტეგრაციაც. იგი ამბობს, რომ კვიპროსის წარმატებები, როგორც სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე გაერთიანების კუთხით მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მის ევროინტეგრაციის პროცესთან და საბოლოოდ მის გაწევრიანებასთან ევროკავშირში.
„ასევე, კვიპროსზე დიდი ხანია არ ყოფილა ძალადობა, ეს კომპონენტი შერიგების აუცილებელი წინაპირობაა. თუმცა, ვერც დრო და ვერც მშვიდობა ვერაფერს უშველის, თუ ცენტრი მუდმივად ეცდება სეპარატისტების იზოლაციას. თავის დროზე ბერძნები ცდილობდნენ, თურქების კონტაქტი გარე სამყაროსთან მაქსიმალურად შეეზღუდათ (ისევე როგორც ჩვენ), თუმცა გლობალიზაციის პირობებში ამგვარი პოლიტიკა ფრიად რთულად განხორციელებადი და საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიულია. კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მიდგომაც შეიცვალა, რაც კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე პოზიტიურად აისახა – ეს გასათვალისწინებელია. ჩვენმა პოლიტიკამ წლების განმავლობაში შედეგად ის მოგვცა, რომ აფხაზები და ოსები უფრო მეტად გახდნენ მიბმულნი რუსეთთან, რაც ვფიქრობ, საქართველოს ინტერესში არ შედის”, – ამბობს გიორგი კანაშვილი.
კვიპროსის მოდელს წარმატებულს უწოდებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც და დასძენს, რომ მას კონფლიქტის დასრულებაც კი შეიძლება მოჰყვეს. თუმცა, ამ მოდელის საქართველოს რეალობაზე მორგება მას რთულად მიაჩნია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული ტერიტორია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გააკონტროლებს. იგი ამბობს, რომ 2008 წლის ომამდე ამის შანსი აფხაზეთთან მიმართებაში ჯერ კიდევ იყო, როცა კოდორის ხეობასა და გალში საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტები გააჩნდა, თუმცა, ახლა – აღარ.
ექსპერტის თქმით, კვიპროსული მოდელი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს განიხილებოდა და ამ მიმართულებით მუშაობაც იგეგმებოდა. მითუმეტეს, რომ იმ დროისთვის, ვახტანგ მაისაიას თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ბევრად ნაყოფიერი იყო, ვიდრე ახლაა. ამას, მისი აზრით, 1998 წლის “გალის ავანტიურამ” დაუსვა წერტილი.
„2004-2005 წლებში გიორგი ხაინდრავა და გიორგი ვოლსკი, რომლებიც “მშვიდობის პარტიის” წარმომადგენლები იყვნენ, ზურაბ ჟვანიასთან ერთად ამ იდეას ავითარებდნენ. ამ მოდელის დანერგვასთან საკმაოდ ახლოსაც ვიყავით, მაგრამ 2008 წლის ომმა ყველაფერი გადახაზა. სხვათა შორის, კვიპროსის მოდელის გამოყენება ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში უფრო საინტერესო იქნებოდა, რადგან იქ ადრე გაცილებით მეტ ტერიტორიას ვაკონტროლებდით”, – ამბობს ვახტანგ მაისაია. დღეს კი, მისივე თქმით, კვიპროსული მოდელის განხორციელების შანსი ფაქტობრივად აღარაა, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს არანაირი ბერკეტები აღარ გააჩნია.
ამავდროულად, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არანაირი გეგმა და მიზანი არ გააჩნია გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად. იგი ამბობს, რომ ყველანაირი პოზიცია დავთმეთ და შედეგად, ისეთი პოზიტიური სიახლებიც კი, როგორიც მაგალითად, ვიზალიბერალიზაციაა, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან დასაახლოვებლად ვერ იმუშავებს.
“2008 წლის ომმა პერსპექტივები მთლიანად წაშალა და რუსეთს ფაქტობრივად კარტბლანში მივეცით. შესაბამისად, ტერიტორიების უკან დაბრუნებაზე უახლოეს მომავალში აღარ უნდა ვიოცნებოთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი არ იცის, როგორ დაარეგულიროს საკითხი. სტრუქტურაც კი არ არსებობს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებდა. რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ედუარდ შევარდნაძეს ორი საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა ჰქონდა. პირველი – პრეზიდენტთან არსებული კავკასიის სახელმწიფო ბიურო იყო, რომელიც კავკასიურ პოლიტიკას ამუშავებდა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც ამ კონტექსტში განიხილებოდა და საკმაოდ პოზიტიური სიახლეებიც გამოიწვია. ასევე შეიქმნა პარლამენტშიც კავკასიის კომიტეტი, რომელსაც მამუკა არეშიძე ხელმძღვანელობდა. დღეს კი არაფერი არსებობს, კავკასიის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებთანაც კი არ ურთიერთობენ. ამ რესურსსაც არ იყენებენ – კავკასიოლოგებთან დიალოგსაც კი არ მართავენ და დღევანდელ ხელისუფლებას როგორ უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი კონფლიქტების მოგვარება? სპეციალისტები დღესაც ითხოვენ კავკასიური სტრატეგიული კვლევების ცენტრის შექმნას, მაგრამ ამაოდ”, – დასძენს ვახტანგ მაისაია.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ გიორგი კანაშვილთან: „კვიპროსული მოდელი კონფლიქტების მოსაგვარებლად უალტერნატივოა“ // „საქართველომ სტრატეგია უნდა შეცვალოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში“
თაკო მათეშვილი
“ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან არაფერი გაფუჭებულა, მაგრამ ხედვის, სტრატეგიისა და იდეების ნაკლებობაა”, – ასე აფასებს კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და დასძენს, რომ მმართველ ძალას ერთიანი ხედვა და მიზანი არ აქვს ჩამოყალიბებული.
სპეციალისტის აზრით, საქართველომ უნდა გაიზიაროს კვიპროსის გამოცდილება, რომელმაც კონფლიქტი თითქმის მოაგვარა. ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შედეგი აუცილებლად ექნება.
გიორგი კანაშვილი: სამწუხარდ, ჩვენთვის სხვა მოდელი არ არსებობს. შესაბამისად, ამ მოდელის წარმატება ერთადერთი შანსია გრძელვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, ჩვენთან რუსეთის ფაქტორის გამო საქმე ბევრად რთულადაა, თუმცა სხვა მოდელი უბრალოდ არ არსებობს.
- ფიქრობთ, რომ თუკი საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანა გახდება, ეს ჩვენს შანსებს ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე, ზრდის? ამაზე ბევრს აქვს განსხვავებული მოსაზრება. მიიჩნევენ, რომ მათვის შეთავაზებულმა ჯანდაცვის თუ სხვა პროგრამებმაც ვერ იქონია სათანადო შედეგი…
- იმ ადამიანებს, ვინც ამ პროგრამებით სარგებლობენ, შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრება არ ეცვლებოდეთ, მაგრამ ზოგადად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ დადებითად განეწყონ. ეს ცალსახაა. ასეთ ადამიანებთან შეხება მქონია და ვიცი, რომ დამოკიდებულება იცვლება. ზოგადად, მომხიბლაობას რაც შეეხება, ეს არაა მხოლოდ პროგრამები. აქ უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა იგულისხმება. რეალობას თვალი გავუსწოროთ – დღეს საქართველოს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა არაა იმგვარი, რომ ქვეყანა მომხიბვლელად ჩავთვალოთ. ჩვენთან ჯერ კიდევ არის მიგრაციის, უმუშევრობის, დემოკრატიის პრობლემები.
მომხიბვლელობას კი მე კომპლექსურად ვუყურებ – განვითარებული, ცენტრალური ევროპის რომელიმე ქვეყნის დონის სახელმწიფო, რაც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში დაახლოებით 10 წლიან პერიოდში მიღწევადია. ჩვენ ბევრად უფრო განვითარებულები უნდა ვიყოთ, ვიდრე რუსეთი, ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყანა. შეიძლება ეს დღეს ვიღაცას ილუზიად მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ყველა შანსი იმისა, რომ 10 წლის პერსპექტივაში ასეთი ქვეყანა გახდეს.
- ფიქრობთ, რომ ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია მათ თვალში ქვეყნის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის?
- რა თქმა უნდა. ვიზალიბერალიზაცია ამ ყველაფერში ერთი მცირე ნაბიჯია. კვიპროსის მაგალითზე რომ განვიხილოთ, იქ ცხოვრების დონის გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად ევროინტეგრაციასთანაა დაკავშირებული. საქართველოს შემთხვევაშიც ევროინტეგრაცია უალტერნატივოა. შეიძლება უახლოეს 10 წელიწადში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდეს, მაგრამ ამ პროცესის დროს ქვეყანაში ბევრი რამ იცვლება. შეიძლება მისი წევრები ინსტიტუციურად ვერ გავხდეთ, მაგრამ ვიყოთ ევროპული ტიპის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დონეზე ცხოვრობს. ევროკავშირის წევრობის გარეშეც შეიძლება გვქონდეს კარგი, ევროპული ქვეყანა.
- როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია სეპარატისტებთან მიმართებაში?
- კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთთან მიმართებაში საკმაოდ დიდხანს ვცდილობდით, რომ იგი გარე სამყაროსაგან იზოლირებული ყოფილიყო ეკონომიკური, თუ სხვა კუთხით. მიზანი იყო, მათ იმდენად ცუდად ეცხოვრათ, რომ ისევ საქართველოში ცხოვრება ემჯობინებინათ. სააკაშვილის დროს ეს პოლიტიკა გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა არა მნიშვნელოვნად.
დღეს კი ჩვენი პოლიტიკა იზოლაციისაკენ არაა მიმართული, მაგრამ თუნდაც კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ბევრ რაღაცას კრძალავს. მესმის, რომ ეს კანონი რუსეთის კონტექსტშია მიღებული, მაგრამ ქართულ-რუსული დაპირისპირების ფონზე აფხაზეთის მცხოვრებლებზე ბევრი აკრძალვა ვრცელდება. ეს კი იმას იწვევს, რომ ხალხი თბილისის მიმართ ნეგატიურად განეწყობა, მთლიანად რუსეთს ებმება და ამ დაპირისპირებაში თავის მოკავშირედ და საქართველოსაგან დამცველად აღიქვამს. აი ეს უნდა შემოვატრიალოთ. პროცესები უნდა გაიხსნას.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი გამოწვევა ესაა, რადგან როდესაც ამ დახურულ რეგიონს “ხსნი”, შეიძლება პროცესი თეორიულად აღიარებისაკენ წავიდეს. ეს გამოწვევაა, მაგრამ დიპლომატები იმისთვის გვყავს, რომ ეს ყველაფერი გათვალონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ საქართველო აფხაზეთს არ გახსნის დანარჩენი სამყაროსათვის, მაშინ თავად აფხაზეთიც არ გაიხსნება საქართველოსათვის. ეს ორი პროცესი, ჩემი აზრით, პარალელურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქაურობას მთლიანად რუსეთს ვუტოვებთ.
- თქვენი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ გრძელვადიანი მიზნებისათვის საჭირო ნაბიჯებს დგამს? მისი ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ დასახული აქვს კონკრეტული მიზანი, რისკენაც მიდის?
- უნდა ვაღიაროთ – აქ პრობლემები გვაქვს. ამას ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს პოლიტიკის დოკუმენტები 2009-2010 წლებშია შემუშავებელი. ანუ, ომის შემგომ პერიოდში. მას შემდეგ ბევრი რაღაც შეიცვალა. საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული მცდელობები აქვს, თუმცა სისტემურობას ვერ ვხედავ. მეჩვენება, რომ ამ საკითხებზე მმართველ პარტიაშიც კი არაა კონსენსუსი. არ არიან შეჯერებულები, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამგვარი კონსენსუსი არც საზოგადოებაშია და ამაზე დაფიქრება გვმართებს. ხელისუფლება სულ ამბობს, რომ კონკრეტულ ხედვაზე მუშაობენ, მაგრამ ჯერ მსგავსი არაფერი გვინახავს. ვიტყოდი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი მხირდან არაფერი გაფუჭებულა, მაგრამ ხედვის, სტრატეგიისა და იდეების ნაკლებობაა.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
დაშლილი „ნაციონალების“ გადაჯგუფება
ითანამშრომლებს თუ არა ბოკერიას გუნდი “გირჩთან” და “ნაცმოძრაობა“- გიორგი ვაშაძის პარტიასთან?
ეკატერინე ბასილაია
დაშლილი “ნაციონალური მოძრაობისგან” უკვე 4 პარტია ჩამოყალიბდა – ესაა თავად “ნაცმოძრაობა” სააკაშვილის ლიდერობით, “ევროპული საქართველო” ბოკერია-უგულავას მეთაურობით, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” ზურაბ ჯაფარიძის “გირჩი” და ეს 4-ვე პარტია ასე ცალ-ცალკე გააგრძელებს ბრძოლას და ერთმანეთისთვის ხმების წართმევას, თუ შესაძლოაპარტიიდან წასულებმა მაინც საერთო ენის გამონახვა და შერიგება შეძლონ, ამაზე ვარაუდები უკვე კეთდება.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფიციალურად ორად გაყოფის შემდეგ პარტიიდან წამოსული გუნდის ლიდერმა გიგი უგულავამ უკვე დაანონსა ის, რომ სამომავლოდ ყველა იმ პარტიასთან ითანამშრომლებენ, რომლებიც “ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებენ” და მიუხედავად იმისა, რომ მას სამომავლო შესაძლო კოალიციაზე არაფერი უთქვამს, უკვე გაჩნდა ვარაუდიც, რომ დიდი შანსია, ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის გუნდის მოკავშირედ იქცნენ მათი ძველი თანაგუნდელები, “გირჩის” წევრები.მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთად დაგეგმონ ბრძოლა და ერთი ბლოკის სახით წარდგნენ კიდეც არჩევნებზე. სამომავლოდ შესაძლო ბლოკზე კონსულტაციებს უარყოფს “გირჩიც” და ბოკერია-უგულავას გუნდიც.
“გირჩში” აცხადებენ, რომ იდეების დონეზე თანამშრომლობა და მხარდაჭერა შესაძლებელია, მაგრამ გაერთიანება და ბლოკი – არა და მათი პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ საკუთარი ძალით გეგმავს ბრძოლას.
მათგან განსხვავებით გიორგი ვაშაძის პარტია “ახალ საქართველოში”, რომელიც ასევე “ნაციონალებიდან” წამოსული წევრებითაა დაკომპლექტებული, კატეგორიულად გამორიცხავს გიგა ბოკერიას გუნდთან რამე თანამშრომლობასაც კი. უფრო მეტიც, გურამ ჩალაგაშვილი გიგა ბოკერიას გუნდსა და “გირჩს” ფსევდოოპოზიციას და „ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაყიდს“ უწოდებს.
როგორ იშლებოდა „ნაცმოძრაობა“
გუშინ ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. პარტიიდან გასული წევრები საქმიანობას “ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ, რომელიც “ნაცმოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21-მა დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.
აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” ლიდერების წასვლა 2015 წლიდან დაიწყო. პარტიის იმდროინდელი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ სამი აქტიური დეპუტატი 2015 წლის მაისში წამოვიდნენ პარტიიდან და შექმნეს ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”.
მათი პრეტენზია იყო, რომ პარტიის განახლებასა და ახალი ადამიანების შეყვანას “ერთი ჯგუფი” ბლოკავდა. პრეტენზიის ადრესატების კონკრეტული გვარები არ დასახელებულა, თუმცა საუბარი იყო იმაზე, რომ მაშინ ჯაფარიძის თანამოაზრეები იყვნენ დავით ბაქრაძე და სერგო რატიანი, მაგრამ მათ პარტიის დატოვებაზე უარი თქვეს. ამიტომაც ახლა, როდესაც ბაქრაძეც და რატიანიც ე.წ. ბოკერია-უგულავას გუნდში არიან და მათ “ნაცმოძრაობაც” ოფიციალურად დატოვეს, ძველი თანამოაზრეების ისევ გაერთიანებაც, პოლიტოლოგების თქმით, სრულიად შესაძლებელია.
მართალია, “ნაციონალური მოძრაობა” ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის მაისში გიორგი ვაშაძემაც დატოვა, თან იგივე პრეტენზიით, მაგრამ ჯაფარიძის გუნდისგან განსხვავებით, მან დაასახელა კონკრეტული გვარები და როგორც აღმოჩნდა, მას დაპირისპირება ბოკერიას გუნდთან ჰქონდა.
გიორგი ვაშაძის თქმით, გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე ახალ იდეებს ბლოკავენ, პირად ინტერესებს ატარებენ და ამ ჯგუფთან დაპირისპირების გამო მიდის პარტიიდან.
ამიტომაც სამომავლოდ ვაშაძის პარტიის “ახალი საქართველოსა” და ბოკერია-უგულავას გუნდის ალიანსი გამორიცხულია. თუმცა შესაძლებელია ის, რომ თუკი სააკაშვილი მოინდომებს, ბოკერიას გუნდის წასვლის შემდეგ შესაძლოა ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დარჩენილ ნაწილთან რამე ფორმით ითანამშრომლოს.
შერიგდება თუ არა ბოკერია-უგულავას გუნდი “გირჩთან“
ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” გამორიცხავს ყოფილებთან რამე ბლოკს. პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ იდეების დონეზე თანამშრომლობა და მხარდაჭერა შესაძლებელია, მაგრამ გაერთიანება და ბლოკი – არა და მათი პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ საკუთარი ძალით გეგმავს ბრძოლას.
“დღეს არცერთ პარტიასთან არ ვაპირებთ არც გაერთიანებას და არც ბლოკს. კონსულტაციები არც ყოფილა და არც იქნება. რიგ საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია, თუ ჩვენს იდეებს დაუჭერენ მხარს, თუმცა, ეს იქნება იდეების დონეზე მხარდაჭერა და თანამშრომლობა და ეს არ ნიშნავს არც გაერთიანებას და არც ბლოკს. რომელიმე პარტიასთან გაერთიანება გამორიცხულია”, – განუცხადეს “რეზონანსს” “გირჩის” პრესსამსახურში.
გიგი უგულავა-გიგა ბოკერიას გუნდის წევრი, აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ რამე ბლოკზე ფიქრიც კი ნაადრევია, რადგან ჯერ პარტიის “ევროპული საქართველოს” რეორგანიზაცია უნდა მოხდეს: „ჯერ ბლოკზე ფიქრიც კი ნაადრევია. ჩვენ ჯერ საქმიანობას დავიწყებთ სახელწოდებით “ევროპული საქართველო”, შემდეგ შესაძლოა პარტიას სახელი შეეცვალოს, რომ უფრო მკაფიო გახდეს იდეოლოგიასთან და გეგმებთან დაკავშირება და მარტო ვიწრო-გეოგრაფიული არეალის მომცველი არ იყოს. ახლა ვიწყებთ პარტიის დაფუძნებას მთელი საქართველოს მასშტაბით, პირველადი ორგანიზაციებია გასაკეთებელი. იქ, სადაც პირველადი ორგანიზაციები ჩვენ მხარეს გადმოვლენ, ეს გადმოსვლა უნდა გაფორმდეს, სადაც არ გადმოვლენ, იქ ახალი უნდა დავაფუძნოთ და ამ ყველაფრის შემდეგ დავიწყებთ სხვა პარტიებთან ურთიერთობებზე ფიქრს. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისი მთავარი მიზანი იქნება და რომელიც რამე შედეგს მოგვცემს იმ მახინჯი მმართველობის დასრულებისთვის, რომელიც საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა მოახვია თავს”, – აღნიშნავს ბობოხიძე და დასძენს, რომ ძალიან მალე მოხდება პარტიის რეორგანიზაცია და ჩატარდება ყრილობაც და შემდეგ იმსჯელებენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზეც.
გიორგი ვაშაძის პარტია:
„ვითომ ოპოზიციონერებთან არ ვითანამშრომლებთ“
ვაშაძის პარტიის “ახალი საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დარჩენილ ნაწილთან თანამშრომლობაზე საუბარი დღეს ძალიან ნაადრევია და რთულია, თუმცა გადაჭრით ამბობს იმას, რომ გიგა ბოკერიას გუნდთან თანამშრომლობა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან მათ დაპირისპირება ჰქონდათ სწორედ იმ ხუთ ადამიანთან, რომლებმაც ახლა დატოვეს “ნაცმოძრაობა” და “ევროპულ საქართველოში” გადავიდნენ. „სწორედ ესენი იყვნენ, ვის გამოც ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა” დავტოვეთ. სწორედ ეს სამი თუ ხუთი ადამიანი წყვეტდა ყველაფერს და იყო კარჩაკეტილობა”, – ამბობს გურამ ჩალაგაშვილი. იგი აცხადებს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ პარტიასთან, სადაც ღიაობა და გამჭვირვალობა იქნება, რომელიც პროდასავლური იქნება და რომლის მიზანიც დღევანდელი არაფორმალური მმართველობის დასრულება იქნება.
„ხოლო იმ პარტიებთან, რომლებიც ვითომ ოპოზიციონერები არიან, ვითომ დასავლეთზე ორიენტაციის პარტიები არიან და რომლებთანაც მხოლოდ და მხოლოდ 2-3 კაცი გადაწყვეტს ყველაფერს და დანარჩენები იქნებიან ყურმოჭრილი მონები, ჩვენი თანამშრომლობა გამორიცხულია. აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, ყველა ქმედება, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდა, მათი მიდგომა და კომენტარები, მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს ადამიანები იყიდა ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის ფსევდო ოპოზიციური პარტიაა”, – აღნიშნავს გურამ ჩალაგაშვილი და დასძენს იმასაც, რომ როდესაც ბიძინა ივანიშვილთან კავშირზე ეჭვები გაჩნდა “გირჩთან” დაკავშირებითაც, მათ თანამშრომლობაც შეწყვიტეს.
“მოგეხსენებათ, პაატა ბურჭულაძემ განცხადება გააკეთა და კოალიციაში დავრჩით მხოლოდ ჩვენ და ბურჭულაძის პარტია. ის ადამიანები, რომლებზეც იყო ეჭვი, რომ მათი დაფინანსება ივანიშვილის მხრიდან ხდებოდა, ჩვენ გვერდზე არჩევნებზე არ ყოფილან”, – აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ზაალ ანჯაფარიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით „ოცნებამ“ მიზანს მიაღწია“ // „ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ გაქრობა არ აწყობს
ელზა პაპოშვილი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირება ხელისუფლების დახმარებით კიდევ უფრო გამწვავდა. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ ის დავით ბაქრაძის გადაბირებას ცდილობდა, გამორიცხული არაფერია – შესაძლოა იგივე მეთოდით მან პარტიის სხვა წევრებიც გადაიბირა. ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ გიგი უგულავა პარტიის გაყოფის შემდეგ ლიდერი იქნება, თუმცა, ეს შეიძლება ფორმალობა იყოს, რადგანაც მისი მთავარი ხელმძღვანელი გიგა ბოკერია იქნება.
ზაალ ანჯაფარიძე: ვფიქრობ, პარტიაში განხეთქილების მთავარი მიზეზი გიგა ბოკერიას გარკვეული სახის ქმედებები იყო, რამაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები გააღიზიანა. ბოკერიას სურდა, რომ პარტიისთვის მიხეილ სააკაშვილი, როგორც რებრენდინგი, ასეთი სახით შეენარჩუნებინა და არაფორმალურად “ნაციონალური მოძრაობა” თავად ემართა. დაპირისპირების მეორე მიზეზი კი პარტიის სამომავლო განვითარების სხვადასხვა ხედვა გახდა. გარდა ამისა, პარტიაში გარკვეული სახის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებდა. ამის თაობაზე კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ღიად ისაუბრეს.
პარტიაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას კი, არ გამოვრიცხავ, რომ ხელი გარე ძალებმაც შეუწყო. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის დავით ბაქრაძის გადაბირებას ცდილობდა. ამიტომაც, გამორიცხული არაფერია, რომ მსგავსმა მეთოდმა “ნაციონალების” რომელიმე წევრთან გაჭრა.
- გარე ძალების ჩარევაში ხელისუფლებას გულისხმობთ? თქვენ გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლას და პარტიაში დაპირისპირების უფრო გამწვავებას ერთმანეთს უკავშირებთ?
- რა თქმა უნდა, რომ ხელისუფლებას დასუსტებული და დაქსაქსული “ნაციონალური მოძრაობა” აწყობს, რომელიც თავის ამომრჩეველსაც გაიყოფს და ამ დაპირისპირების ფონზე ბევრ მათგანსაც დაკარგავს.
პირდაპირ ხელისუფლებაზე ხელის დადება რთულია, თუ ამის მტკიცებულებები არ არსებობს. თუმცა, ქართულ პოლიტიკაში, როცა მსგავსი პროცესები მიმდინარეობს, წარსული გამოცდილებით, ამაში აქტიური როლი ხელისუფლებასაც მიუძღვის.
ფაქტია, რომ ამ პარტიის დასუსტება ყველაზე მეტად “ოცნებას” აწყობს. თუმცა, მისი სრულიად გაქრობაც არაფერში სჭირდება. სააკაშვილის სახით საკმაოდ კარგი საფრთხობელა ჰყავს, რომლის მეშვეობითაც “ქართულმა ოცნებამ” დასახულ მიზანს მიაღწია.
- გიგი უგულავას, როგორც პოლიტიკური ფიგურის, შანსებს როგორ აფასებთ?
- გიგი უგულავა საკმაოდ ქარიზმატული და გამოცდილი პოლიტიკოსია. მართალია, მის მიმართ გარკვეული სახის კითხვები საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ საქართველოში ახლა არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მას საზოგადოების ყურადღების მიქცევა შეუძლია. აქ მთავარი მხოლოდ უგულავა არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მის უკან საკმაოდ კარგი მოთამაშე – გიგა ბოკერია დგას, რომელიც აშკარად და ღიად არასდროს გამოდის, თუმცა კულუარებიდან ყველაფრის გაკონტროლებას ცდილობს.
ამიტომაც, მგონია, რომ გიგი უგულავა მთლად დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ იქნება. მას ასე თავისუფლად მოქმედების უფლებას ბოკერია მგონია, რომ არ მისცემს. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ანალიზის გაკეთება შემდეგ უფრო ადვილი გახდება.
- თქვენ დავით ბაქრაძე ახსენეთ, რომელიც გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაკლებად აქტიურობს, როგორ ფიქრობთ, მისი, როგორც ლიდერის, უკან გაწევა მოხდა?
- დავით ბაქრაძე ყოველთვის ზომიერი და გაწონასწორებული პოლიტიკოსი იყო, რომელსაც გიგი უგულავას მსგავსი ქარიზმა არა აქვს. მგონია, რომ მის დადებით ავტორიტეტს საზოგადოებაში ბოკერიას დაჯგუფება იყენებს და მას ამ თამაშში ერთგვარი დანიშნულება აქვს, რომელსაც უბრალოდ ასრულებს. ის ლიდერის და წამყვანის როლში არასდროს მოგვვლინებია და ამისთვის არც ახლა არ იაქტიურებს, ეს მის პიროვნებაში არ შედის.
- როგორც ცნობილია, გაზაფხულზე შესაძლოა დავით უსუფაშვილის ახალი პარტიაც დაკომპლექტდეს. როგორ ფიქრობთ, მას რა შანსები აქვს და გიგი უგულავა იქნება თუ არა მისი მთავარი კონკურენტი?
- ახლა ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ამიტომაც, მგონია, რომ პარტიის ჩამოყალიბებამდე ან მის დაკომპლექტებამდე ყველაფრის გაანალიზება უნდა მოხდეს. ჩვენ ვნახეთ არჩევნების წინ შექმნილი პარტიები, რომლებიც ძალიან სწრაფად ჩამოიშალნენ. შევხედოთ სიტუაციას და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. უსუფაშვილი და უგულავა საკმაოდ საინტერესო ფიგურები არიან.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიხეილ სააკაშვილის ფრთა მეტ მანდატს მიიღებდა, ვიდრე გიგა ბოკერიასი“ // „ახლა მთავარია პარტიის რეგიონალური ელიტა საით წავიდა“
ეკატერინე ბასილაია
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობა” საინტერესოდ გაიყო, პარტიის უმრავლესობა სააკაშვილმა შეინარჩუნა, ხოლო პარლამენტის – ბოკერია-უგულავას გუნდმა და სააკაშვილის გუნდი პოლიტიკური ინტელექტუალების გარეშე დატოვა, რაც მისი აზრით “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე სასურველი შედეგია. მისივე თქმით, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, სააკაშვილის ფრთა ბევრად მეტ მანდატს მიიღებდა, ვიდრე ბოკერიას ფრთა, თუმცა რღვევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ვარაუდობს იმასაც, რომ ნელ-ნელა სააკაშვილის გუნდი რეიტინგს დაკარგავს.
ვახტანგ ძაბირაძე: ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არცერთ ფრთას არ ექნება. თუმცა, რღვევის პროცესი ისევ გაგრძელდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, მიიღებს თუ არა სააკაშვილის გუნდი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ის, თუ ვინ რა შესაძლებლობებით წავა ამ არჩევნებზე.
ვამბობ, რომ ბოკერიას გუნდს არ გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა, რადგან ძირითადი საპარლამენტო ჯგუფი ბოკერიას გუნდისაა და ისინი ამ ტრიბუნას გაცილებით უკეთ გამოიყენებენ, ვიდრე სააკაშვილის გუნდის წევრები. თან, როდესაც გაყოფა მოხდა, პოლიტიკური მემკვიდრეობა, მთელი ნეგატივი სააკაშვილის გუნდს დარჩა. შემდეგი პოლიტიკური პროცესი, დიდ ალბათობით, ნელ-ნელა განვითარდება და აქიდან გამომდინარე სააკაშვილის და მისი გუნდის რეიტინგი ნელ-ნელა დაეცემა.
- სამომავლოდ შესაძლებელია ყოფილმა თანაგუნდელებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ თუ ხიდები ბოლომდე დაიწვა? მართალია უგულავამ განაცხადა, რომ ვითანამშრომლებთო, თუმცა ეს გაყრა საკმაოდ ხმაურიანი იყო და თან, უგულავამ ამავე დროს სააკაშვილს ჯართში ჩასაბარებელიც უწოდა.
- ქართული პოლიტიკის თვისებებიდან გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა ამ ტანდემის ერთი ქუდის ქვეშ გაერთიანება ვერ მოხდება. თუ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს, ეს მაშინაც გაჭირდება.
- ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ “გირჩი” ბოკერიას გუნდთან დაბრუნდებაო. შესაძლოა თუ არა ყოფილი თანაგუნდელები არჩევნებზე ერთიანი ბლოკით გამოვიდნენ?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ეს რეალურიცაა. გააჩნია ვის რა მადა ექნება ამ ბლოკში. გაყოფა მოხდა, მაგრამ ახლა მთავარია რეგიონალური ელიტა საით წავიდა. ინფორმაციაა, რომ ქუთაისი წამოვიდა გიგა ბოკერია-გიგი უგულავასკენ, ალბათ თბილისი ორგანიზაციაც ასევე იქნება, რადგან გიგი უგულავას დაკომპლექტებულია. თუ დანარჩენ რეგიონებშიც მოხდება ასე გაყოფა და წამოიყვანენ წევრებს, მაშინ საკმაოდ ძლიერი პარტიული სტრუქტურა ექნებათ. აქ მთავარი ისაა, რეგიონებში პარტიული სტრუქტურა ვის აქვს აწყობილი და ვის შეუძლია ეს ააწყოს. ეს მოთხოვნები იქნება “გირჩთან” მიმართებაში. თუ “გირჩს” პარტიული სტრუქტურა არ აქვს, მაშინ ისინი ბევრი არაფრის მომტანნი არ იქნებიან საარჩევნოდ. როდესაც ბლოკზეა საუბარი და როდესაც გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს არც ბოკერიას მხარეს და არც “გირჩში”, ისეთი, რომელიც ორთქმავლის როლს შეასრულებს პარტიული ზრდის პირობებში, ამიტომაც ძირითადი დატვირთვა იქნება იმაზე, ვის რა პარტიული სტრუქტურა აქვს.
ამდენად, თუ “გირჩს” ძლიერი პარტიული სტრუქტურა აქვს, გაერთიანება იქნება ძალიან ეფექტური. თუ არ აქვს და ახლა უნდა შექმნას, მაშინ ეს გაერთიანება ბოკერიას გუნდისთვის წამგებიანია. ფინანსებიც ითამაშებს გარკვეულ როლს, თუმცა ბოკერიას გუნდს ფინანსები არ გაუჭირდება. შეიძლება იმდენი არ ჰქონდეთ, რამდენიც სააკაშვილს გუნდს, მაგრამ საარჩევნოდ ფინანსების მოძიების გასაჭირი არ ექნებათ.
- გიორგი ვაშაძისა და “ნაციონალური მოძრაობის” დარჩენილი ნაწილის ალიანსი თუა მოსალოდნელი?
- არ მგონია, ვაშაძე ვინმეს სჭირდებოდეს, გნებავთ სააკაშვილის გუნდში და გნებავთ აქეთ ცალკე ოპოზიციაში. ვაშაძე რეალურად მხოლოდ ერთი კაცია. ერთკაციანი პარტია კი საქართველოში ბევრია და რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას რა პოლიტიკური ქულები შეიძლება მოუტანოს ვაშაძესთან თანამშრომლობამ? არ ვიცი. შეიძლება ფინანსური? თუ ფინანსური არა, პოლიტიკური ქულები ვაშაძეს ნამდვილად არ აქვს.
- „გირჩისა” და გიგა ბოკერიას გუნდის გაერთიანება გაზრდის თუ არა იმ ეჭვს, რომ ივანიშვილის პროექტია ეს?
- მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები, რადიკალი “ნაციონალები”, რა თქმა უნდა, შეეცდებიან ამ კოზირის გათამაშებას, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, “ქართულ ოცნებას” სწორედ ისეთი ოპოზიცია სჭირდება, როგორიცაა სააკაშვილი და მისი გუნდი. “ოცნებას” ოპოზიცია ამომრჩევლის შესაშინებლად სჭირდება და ვნახეთ, არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” ასეთ საფრთხობელად როგორ გამოიყენეს. ამიტომ, ისეთი ოპოზიცია, რომელიც მთლიანად დაცლილია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პოლიტიკური ინტელექტი გააჩნიათ და ძირითადად ორიენტირებულია ქუჩის პოლიტიკაზე, ამაზე უკეთესს “ოცნება” ვერც ინატრებდა.
ამდენად, “ოცნებას” “ნაცმოძრაობა” სჭირდება როგორც საფრთხობელა და ამ დაშლით მშვენიერი, პოლიტიკური ინტელექტისგან დაცლილი საფრთხობელა მიიღეს. ვინ როგორ გამოიყენებს ამ ფაქტორს, ეს სხვა საკითხია, უბრალოდ ძალიან მეეჭვება, რომ ივანიშვილს დღე და ღამე არ ეძინოს იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაეშალა.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „გიგი უგულავა გიგა ბოკერიას ლიდერად არ ცნობს“ // „ნაციონალური მოძრაობა“ 14-პროცენტიან მხარდაჭერას მაინც შეინარჩუნებს
ია აბულაშვილი
“ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს “ნაცმოძრაობას” სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას.
“ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი – სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები”, – განაცხადა “რეზონანსთან” ექსპერტმა პეტრე მამრაძემ “ნაცმოძრაობიდან” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის გამოყოფასთან დაკავშირებით.
- როგორ შეაფასებდით “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს?
- როდესაც “გირჩი” შეიქმნა, ვაშაძემაც მიატოვა “ნაცმოძრაობა”, ანდრო ბარნოვი კი გამოდიოდა თავისი პროტესტებით, მაშინვე დაიწყო საუბრები, რომ “ნაცმოძრაობა” იშლება, მაგრამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ “გირჩის” და სხვა ცნობადი სახეების გასვლით “ნაცმოძრაობამ” არ დაკარგა თავისი ელექტორატი, უფრო მეტიც, გამოჩნდა, რომ ელექტორატი ცოტათი გაიზარდა კიდეც და მათ 14% მიიღეს.
ახლაც “ნაცმოძრაობა” დატოვეს სხვა ცნობადმა სახეებმა, მაგრამ ვინც უნდა დატოვოს პარტიის რიგები, ეს არ შეამცირებს მათ ელექტორატს და დარჩება ის 14%, რაც რეალურად მხარს უჭერს “ნაცმოძრაობას” სააკაშვილის ფაქტორის გამო. ჩვენთან ხომ არა პროგრამებს, არამედ კონკრეტულ პიროვნებებს აძლევენ ხმას. ვინც დარჩა სააკაშვილთან, აქვთ შანსი – სანამ სააკაშვილი ცოცხალია, შეაგროვონ ბარიერის გადალახვისთვის საკმარისი ხმები. ხოლო ცნობად სახეებს, ვისაც ყრილობის ჩატარების ეშინია და ეშინია იმის გამო, რომ იციან, პარტიის აქტივშიც არ არიან პოპულარულები, სხვაგვარად რომ იყოს, ვერავინ დაასწრებდა ყრილობის ჩატარებას, აქვთ შანსი, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, მიუახლოვდნენ საპარლამენტო ბარიერს.
- მაინც რა იყო ის მთავარი მიზეზი, რამაც პარტია დაშლამდე მიიყვანა?
- მიზეზი ალბათ ბევრია, მაგრამ ჩემი აზრით, პრობლემის თავი და ბოლო არის ის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არის ფრთა, რომელშიც შედიან ძალიან მდიდარი ადამიანები. დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა საჯარო ინფორმაცია იმაზე, რომ ბოკერია-ჩორგოლეიშვილის ოჯახის წლიური შემოსავალი 49 მილიონ ლარს აღწევს. არც სხვები არიან ღარიბი ადამიანის იმიჯით. გამიგია, რომ გივი თარგამაძეც მდიდარი ადამიანია. ამ მდიდარ ადამიანებს აღარ უნდათ გაჰყვნენ ამჟამად სრულიად არაადეკვატურ სააკაშვილს. მათ ამ ეტაპზე საკუთარი სიმდიდრის გამრავლება და დაცვა უფრო სჭირდებათ. ამიტომ არ გამიკვირდება მოარული ხმები იმაზე, რომ ბოკერია გარიგებულია ხელისუფლებასთან – სიმართლეს შეეფერებოდეს.
- რა პოლიტიკური მომავალი აქვს ამ ახალ პარტიას?
- ამ ფრთას არანაირი პოლიტიკური მომავალი არა აქვს, მათ შორის არავინ არ არის ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც შეუძლია მასების სიმპათიის მოპოვება, უფრო მეტიც – ბოკერიასნაირი ადამიანები აქტიურად გენერირებენ მოსახლეობის ანტიპათიაზე. რაც შეეხება უგულავას, თავისი დესტრუქციული მუხტით საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს “ნაცმოძრაობის” ბოკერიას ფლანგს. უგულავა ბოკერიას საერთოდ არ ცნობს ლიდერად, ბოკერიაზე უფრო მეტად ტელეფოტოგენურია და თანაც პოლიტიკურად დევნილის და ციხეში ნამყოფი ადამიანის შარავანდედიც აქვს მორგებული. ამიტომ იგი დამოუკიდებლად იზრუნებს თავის პოპულარობაზე და უფრო მეტ განხეთქილებას შეიტანს იმ ცნობად სახეებში, ვინც დამოუკიდებლად თამაში მოინდომა.
- “ნაცმოძრაობის” ყრილობასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ?
- ყრილობა, დიდი ალბათობით, ჩატარდება, სააკაშვილს არ უყვარს ასეთი რამის გადადება. ყრილობა დაგმობს რენეგატებს, ანუ ვისაც განხეთქილების შეტანა უნდა. გამოაცხადებენ, რომ პარტია ისეთივე მონოლითურია, როგორიც იყო. ასევე, დიდი ალბათობით, ბოკერიას მომხრეები მიმართავენ სასამართლოს იმის დასამტკიცებლად, რომ ყრილობა უფლებამოსილი არ იყო, მაგრამ ვერც ერთი ფრთა და ვერც მეორე, ან სულაც ერთად, რაიმე მნიშვნელოვან როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვეღარ შეასრულებს. ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსის შემთხვევაშიც კი ჩვენ შეიძლება სულ სხვა პოპულისტი და დემაგოგი ვიხილოთ, რომელსაც გამწარებული ხალხი ისევ მესიად მიიღებს, ოღონდ ეს ლიდერი “ნაცების” რიგებიდან არ იქნება.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
იქნება თუ არა „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობისგან“ მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური ძალა?
ნინო ქეთელაური
“ნაციონალური მოძრაობა” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა დატოვეს – პარტიიდან გასული წევრები საქმიანობას “ევროპულ საქართველოში” გააგრძელებენ. პარტია დატოვეს 21-მა დეპუტატმა, პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა, ასევე 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა.
გიგი უგულავა-გიგა ბოკერიას გუნდში შედიან: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, გიორგი გაბაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი თევდორაძე, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ტუღუში, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლეიშვილი, ირაკლი აბესაძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ოთარ კახიძე, ტარიელ ლონდარიძე, ვაჟა ჩიტიშვილი, მამუკა ახვლედიანი, ხათუნა ბერძენიშვილი, ახმედ იმამკულიევი და სხვები. ამავე გუნდში არიან ამ პარტიის სიით გასული უპარტიო დეპუტატები: ელენე ხოშტარია, ოთარ კახიძე და სერგი კაპანაძე.
“ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე”, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
იქნება თუ არა „ევროპული საქართველო“ „ნაციონნალური მოძრაობისგან“ მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური ძალა? – ამ კითხვით „რეზონანსმა“ საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გოგი თორაძე (რეჟისორი): “არა მგონია, რომ მკვეთრად განსხვავებულები იყვნენ. იმიტომ, რომ მრწამსით და ხედვით ერთი გუნდი იყო. ახლა გაყოფით შინაგან აზროვნებას და სტრუქტურას ვერ შეცვლიან. ამით ამ პარლამენტს არავითარი შედეგი არ ექნება, რადგან მანდ კამათის და დავის გარდა არაფერი ხდება. ორი პარტია ერთმანეთს ებრძვის და მოსახლეობა უყურებს ამ ყველაფერს. ეს არის საბავშვო ბაღი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მათი მუშაობის შედეგი ნულია და ასეც გაგრძელდება.”
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “მე ვფიქრობ, მათი დაპირისპირების ძირითადი მიზეზი იყო ხელმძღვანელობის ის მეთოდი, რაც ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა პარტიის ძირითადი ბირთვის მიმართ. თორემ, მსოფლმხედველობით და მიდგომებით ვფიქრობ, განსხვავებული პოლიტიკური ძალები მაინც არ იქნებიან.”
გია ბურჯანაძე (მსახიობი): “განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ლიდერები გაიყვნენ. თორემ, აზროვნება და ქვეყნის მიმართ მიდგომა ერთი და იგივე აქვთ. ახლა რამდენ ნაწილადაც უნდა გაიყვნენ, ჩემთვის მაინც დამნაშავე პარტიად დარჩებიან.”
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტ): “ყოველ შემთხვევაში, თვითონ ისეთი პოზიცია უკავიათ, რომ უფრო შერბილებულ პოლიტიკას გაატარებენ. თუ მართლა ასეა, ძალიან კარგი. თუკი ადამიანს სურს, რომ ნაბიჯი უკეთესობისკენ გადადგას, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამ ეტაპზე ცოტა ნაადრევია დასკვნების გაკეთება, ჯერ ამ ყველაფერზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს. რაღაც ცოტა უცნაური თამაში მგონია.”
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ლოგიკურად თუ მივუდგებით, არ უნდა იყვნენ მკვეთრად განსხვავებული პარტიები. მაგრამ წინასწარი პროგნოზის გაკეთება რთულია, ჯერ უნდა დავაკვირდეთ ექვსი თვე მაინც, რომელი ფრთა რას მოიმოქმედებს.”
———————–
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობაში“ დადგმული სცენარი თამაშდება“ // „მზადდება გეგმა, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობას გაუფუჭებენ“
„ერთიან“ ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების შესახებ „ახალი თაობა“ ესაუბრა პარტიის დამფუძნებელს, „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერ მირიან მირიანაშვილს
მირიან მირიანაშვილი:
- ექსპერტები ერთხმად ირწმუნებიან, რომ ნაციონალური მოძრაობა იშლება. ასეთი შეფასებები სწორი არ არის და არ კეთდება ღრმა ანალიზის საფუძველზე. როგორც ჩანს, ეს ფსევდოექსპერტები ერთიანი ცენტრიდან იმართებიან.
- უფრო გულწრფელნი არიან ნაცმოძრაობის ის წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთი ჯგუფის გასვლით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ იშლება?
- სიმართლეს არცერთი მხარე არ ამბობს. სიმართლე სხვაა. ნაცმოძრაობაში დადგმული სცენარი თამაშდება. ქართული პოლიტიკა, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დაემსგავსა თეატრს. „ნაციონალური მოძრაობა“ დახვეწილობითა და ორგანიზებულობით იქცა გამორჩეულ თეატრალურ დასად. მიამიტი მაყურებელი ვერ ხვდება, რომ ეს იმიტირებული სცენებია და იჯერებს, რომ დადგა ნაცმოძრაობის აღსასრული. არადა, ეს დადგმებია, ნაცმოძრაობას კი არანაირი საფრთხე არ ემუქრება. წარმოდგენები შევარდნაძის დროსაც იმართებოდა. იმ სანახაობებში ხალხს არწმუნებდნენ, თითქოს ჟვანია და სააკაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ დაპირისპირებული მამალაძესთან. არადა, ეს ხალხი ერთად რეპეტიციებს გადიოდა. ვიცი ბინა, სადაც იდგმებოდა კონფლიქტური სპექტაკლები მთავრობის სხდომებსა თუ შენობების ფოიეში. დღევანდელი ნაცმოძრაობა ნიჭიერად აგრძელებს იმ ტრადიციებს. ცოტამ თუ იცის, რომ 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა ბლოკის სახით მონაწილეობდა.
- ბოლო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ერთად გამოდიოდნენ და მათ ბლოკი ჰქონდათ...
- დიახ, მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. ეს ბლოკი საგანგებოდ შექმნეს.
- გაყოფის სცენარი მაშინ უკვე არსებობდა?
- გეგმები „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების მიზნით ადრევე, ასე, თებერვალში, შემუშავდა. ბლოკის შექმნა ერთი დეტალი იყო. არჩევნების შემდეგ ბლოკის ორივე პარტია ხდებოდა კვალიფიციური სუბიექტი. ასე მოხდა კიდეც. გარდა ამისა, ნაცმოძრაობა პარლამენტში მესამე ძალის შეყვანას გეგმავდა.
- პაატა ბურჭულაძის ბლოკზე ადრეც გისაუბრიათ...
- გიგა ბოკერია და გიორგი კვირიკაშვილი მართავდნენ საიდუმლო მოლაპარაკებებს ამ ბლოკის თაობაზე. ბიძინა ივანიშვილს არასწორად აწვდიდნენ ინფორმაციას. პარლამენტში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარდა, უნდა შესულიყვნენ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა, „ახალი მემარჯვენეები“, ანუ გიორგი კვირიკაშვილის პარტია და „ნაციონალების“ განაყოფები – „გირჩი“ და გიორგი ვაშაძე. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო ის, რაც ახლა ხდება. როგორც ხედავთ, ამ გეგმის ნაწილი ჩაიშალა, ნაწილი სრულდება. ბიძინა ივანიშვილს მესამე ფსევდოძალაზე რამდენიმე თვის წინ თვალი აეხილა.
- სრულდება გეგმის ნაწილი „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან კიდევ ერთი ძალის შექმნის შესახებ?
- დიახ, კონფლიქტის სცენების თანხლებით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ველი მოსუფთავდა.
- ოპოზიციურ ფლანგზე მხოლოდ გაშლილი ნაცმოძრაობა რჩება?
- დიახ. საკუთრივ ნაციონალური მოძრაობის გარდა, პოლიტიკურ ველზე რჩებიან „გირჩი“, გიორგი ვაშაძე და გიგა ბოკერიას ჯგუფი. ნაცმოძრაობა ახდენს პოლიტიკური სივრცის ხელახალ ოკუპაციას. მზადდება გეგმა, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან ურთიერთობებს გაუფუჭებენ. „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები იქნებიან მთელი ოპოზიცია, რომელთანაც ექნება კომუნიკაცია აშშ-ის ადმინისტრაციას. ამაზე ენერგიულად იმუშავებს „ნაცმოძრაობის’ პროპაგანდა.
- რას შეეხება ეს პროპაგანდა?
- მომრავლებული ნაციონალები დაარწმუნებენ დასავლეთს თავიანთ პროდასავლურობასა და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობაში. ეს ყველაფერი მასშტაბურ სახეს მიიღებს იმ დროისთვის, როცა ტრამპის ადმინისტრაციის დაკომპლექტება დასრულდება. ამერიკაში პუტინის წინააღმდეგ უკვე გროვდება მამხილებელი მასალები. ნაცმოძრაობა გააქტიურდება მოგვიანებით და წამოსწევს ამ ანტიპუტინური თემის ქართულ მიმართულებას. ეს იქნება ორმო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
- „ქართულ ოცნებაში“ ამას ვერ ხვდებიან?
- თქვენი პოპულარული გაზეთის მეშვეობით მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ის მაინც არ დაუშვას, რომ „ნაცმოძრაობა“ მთავარ თემად დარჩეს ქვეყანაში. მათ პროპაგანდისტულ აქტივობას ხელი არ უნდა შეეწყოს. რაც პროპაგანდისტულად რეიტინგულია, ის მერე საინტერესო ხდება. მოსალოდნელია „ნაცმოძრაობის“ თემის აქტუალიზაცია სასამართლოს პროცესების გამო.
- მხარეები აცხადებენ, რომ ერთმანეთს სასამართლოში არ უჩივლებენ...
- გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც გაასაჩივრებს ნაციონალური მოძრაობის 20 იანვარს დანიშნული ყრილობის შედეგებს და საეჭვოს გახდის მის ლეგიტიმურობას. ამას ნაცმოძრაობა პროპაგანდისა და `ქართული ოცნების~ დასუსტებისათვის მარჯვედ გამოიყენებს. კარგი იქნება, თუ ამ საკითხებზე არანაირი სასამართლო პროცესი არ გაიმართება.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „კახა კალაძე, შესაძლოა, ენერგეტიკის მინისტრი აღარ იყოს“
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის „გაზპრომთან“ დადებულ ახალ ხელშეკრულებაზე საუბრობს.
- ბატონო სოსო, „გაზპრომთან“ ახალ ხელშეკრულებს როგორ აფასებთ? ექსპერტების ნაწილი მას კაპიტულანტურ ხელშეკრულებას უწოდებს, ნაწილი კალაძის გადადგომასაც ითხოვს. თუ აქამდე არსებული ხელშეკრულების პირობების შენარჩუნებას ვახერხებდით, ახლა რა მოხდა?
- 2015 წლის დამდეგს კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ამ საკითხზე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 2 თუ 3 შეხვედრა მინისტრ კალაძეს „გაზპრომის“ ხელმძღვანელებთან სრულიად გასაიდუმლოებულად ჰქონია გამართული ხან ჟენევაში და ხან – მილანში. მაშინ კალაძე თავგამოდებით იცავდა იმ იდეას, რომ ბუნებრივი აირის 10%-ის საფასურად, რომელიც ჩვენი გაზსადენის მეშვეობით რუსეთიდან სომხეთში მიედინებოდა, მიგვეღო არა ფული, არამედ გაზი.
- რატომ დავთანხმდით დღეს ფულად ანაზღაურებას?!
- დიახ, საინტერესოა, რატომ დღეს? ეს საკითხი თითქოსდა 2015 წლის მოვლენების შემდეგ ამოწურული უნდა ყოფილიყო, რადგან ენერგეტიკის მინისტრი, გვახსოვს, როგორ კმაყოფილი იყო საბოლოო შედეგით. დღეს სრულიად კმაყოფილია რუსეთის ხელისუფლება მიღებული შედეგით, ჩვენ კი რასაც აქამდე ვიცავდით, ბოლომდე ვერ დავიცავით.
- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ჩრდილი მიადგებოდა, ასევე ურთიერთობა გართულდებოდა სომხეთთან. რამდენად რეალურია ეს არგუმენტები?
- არავითარ შემთხვევაში საქართველოს ვერც ჩამოერთმევა და ვერც ჩრდილი მიადგება მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, როლს. ეს განცხადება თუ არგუმენტი გათვლილია იმ საზოგადოებაზე, რომელიც საქმეში არ არის ჩახედული და ვერ ერკვევა. რუსეთი ნამდვილად არ დაკარგავდა ჩვენი გაზსადენის მიმართ ინტერესს. ეს წარმოუდგენელია, რაც აუცილებლად კარგად უნდა გვცოდნოდა. 2009 თუ 2010 წლებში ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, მზად იყო, საერთოდ გაზსადენი გაეყიდა და მისი შეძენის მსურველი რუსეთი იყო. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთო პროცესში, გაზსადენის რეაბილიტაციისთვის თანხები გაიღო და ეს გარიგება არ შედგა.
- ბერკეტი დავკარგეთ?
- ასეთი კმაყოფილი არცერთი შეხვედრიდან არ დაბრუნებულა ბატონი კალაძე. აეროპორტშივე გაგვამხნევა, რომ ძალიან საინტერესო წინადადება აქვს თურმე გაზპრომს, რაც, პრაქტიკულად, აღმოჩნდა იგივე, რასაც თავადაც 2015 წელს ეწინააღმდეგებოდა და იცავდა არსებული ხელშეკრულების პირობებს. ჩემთვის კითხვად რჩება, რატომ მოხდა სხვადასხვა რეჟიმზე შეთანხმება.
- სხვადასხვა პირობაზე შეთანხმება რეალურად რა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული?
- ვერ გეტყვით, რადგან ამოუხსნელი რჩება, რატომ? შეიძლება, 2017 წლისთვის კალაძე აღარ იყოს კვლავ ენერგეტიკის მინისტრი და მას არ მოუხდეს ზრუნვა ქვეყნის ენერგომომარაგებაზე.
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან და დეპუტატ რევაზ არველაძესთან: წამგებიანია თუ არა „გაზპრომთან“ დადებული ახალი ხელშეკრულება?
„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე და პარლამენტის დეპუტატი რევაზ არველაძე პასუხობენ.
- ბატონო თორნიკე, გვესმის შეფასებები, რომ სტრატეგიული ობიექტის საფრთხის ქვეშ დგას, რომ ეს წამგებიანი ხელშეკრულებაა. რას იტყვით თქვენ?
- არანაირი სტრატეგიული ობიექტი საფრთხის ქვეშ არ დგას, უბრალოდ, ჩვენ გაზის მაგივრად ფულს ვიღებთ. ნაკლებად მომგებიანი კონტრაქტია ახლა გაფორმებული. კატასტროფა ნამდვილად არ მომხდარა. გასაგებია, რომ ოპოზიციამ აპოკალიფსი გამოაცხადა, მაგრამ აპოკალიფსი არ მომხდარა. უბრალოდ, ნაკლებად მომგებიანი კონტრაქტია. 15 წელი გვქონდა ჩვენ მომგებიანი კონტრაქტი, ახლა გვაქვს ნაკლებად მომგებიანი კონტრაქტი.
- ანუ ჯობდა, რომ გაზი მიგვეღო თანხის სანაცვლოდ?
- რა თქმა უნდა, ჯობდა! ეს იყო ძალიან კარგი კონტრაქტი. როგორც ვიცი, ამ კონტრაქტს მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა. რუსული მხარე სწორედ ამას იყენებდა არგუმენტად, რომ მთელ მსოფლიოში ასეა მიღებული, სანაცვლოდ იღებენ ფულს და არა გაზს და ქართველები რა ხართ ასეთი. თუმცა რუსეთმა და „გაზპრომმა“ რაღა ჩვენთან მოინდომეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, როცა თავად მთელ მსოფლიოში არღვევენ ამ სტანდარტებს. ფაქტია, რომ 15 წლის განმავლობაში რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის ზეწოლას მარტივად ვიგერიებდით, ახლა კი კახა კალაძემ ვეღარ მოიგერია.
- რატომ, რა შეიცვალა?
- არ ვიცი, რა შეიცვალა. როგორც ვნახეთ, კახა კალაძემაც შეძლო შარშან და მოიგერია, მაგრამ სამაგიეროდ, წელს ვეღარ მოერია.
- რა ბერკეტი ჰქონდა „გაზპრომს“ ხელში?
- რუსეთს ორი ბერკეტი შეიძლებოდა ჰქონოდა ხელში, ერთი, თუ, ბოლოს და ბოლოს, თქვენ არ დათანხმდებით ამ პირობას, მაშინ ირანიდან მივაწვდი გაზს სომხეთს და თქვენ, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, აღარაფერში მჭირდებით, ვერც გაზს მიიღებთ და ვერც ფულსო, ამის თქმა შეეძლო რუსეთს. თუმცა ირანი გაცილებით პრობლემატური პარტნიორი იქნება რუსეთისთვის. ის გაცილებით დიდი სახელმწიფოა და პრეტენზიაც მეტი ექნება. ასევე ჩემთვის უცნობია, ირანში რამდენად არის მზად ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ სრული დატვირთვით გაატაროს ბუნებრივი აირი. მე ამის დეტალებში ვერ შევალ. ირანი უფრო ამბიციური ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. წესით, მეტ პრობლემს შეუქმნიდა.
- რატომ არის ეს კონტრაქტი ძველზე უარესი? არ ვიღებთ გაზს, მაგრამ სანაცვლოდ ვიღებთ თანხას...
- კახა კალაძემ იმას ნამდვილად მიაღწია, რომ გაზი თუ დაგვჭირდება, „გაზპრომთან“ შედარებით უკეთეს ფასად ვიყიდით. წესით, ხელშეკრულების შეცვლამ გაზის გაძვირებაც არ უნდა გამოიწვიოს, რადგან ჩვენ ძირითადად აზერბაიჯანიდან ვიღებთ გაზს. ამიტომ შანტაჟი და კატასტროფა გამორიცხულია. რა თქმა უნდა, „გაზპრომსა“ და რუსეთს ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ამას ვერ განახორციელებენ.
- მაშ, რა არის პრობლემა?
- ძველი ხელშეკრულებიდან მეტი სარგებელი გვრჩებოდა, ვიდრე ახლა თანხის გადახდის შემთხვევაში დაგვრჩება.
- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს მცოცავი ანექსიაა, რომ რუსეთი ახორციელებს თავის მიზანს და ასე შემდეგ. ამაზე რას იტყვით?
- გაზის მაგივრად ფულს თუ მივიღებთ, ამაში ანექსია და ოკუპაცია ნამდვილად არ არის. რეალური საფრთხე სულ სხვაგან არის.
- სად?
- რეალური საფრთხეა გაქანებული რუსული პროპაგანდა და გაზრდილი კრიმინალი. აი, რა არის რეალური საფრთხე. ჩემი აზრით, დღეს ამაზე აპელირება მესამეხარისხოვან საკითხზე გადართვაა. ქვეყანაში ამ მხრივ მართლაც სერიოზული პრობლემებია.
- გაზრდილი კრიმინალი რუსეთის ინტერესებთან რა შუაშია?
- ჩვენი პრობლემა რუსეთი კი არ არის, ჩვენი უთავბოლობაა. ჩვენი უთავობა რომ არ ყოფილიყო, ტერიტორიებსაც ვერ წაიღებდა თავის დროზე. ჩვენს პრობლემებს მივხედოთ და მერე ვიყვიროთ გაზპრომი! დავამშვიდებ მოსახლეობას, რომ ეს კონტრაქტი სერიოზულად ვერაფერს შეცვლის, უბრალოდ, უფრო ნაკლები სარგებელი დაგვრჩება. აქამდე უფრო დიდ ლუკმას ვიღებდით გაზპრომისგან, ახლა შედარებით პატარა ლუკმას მივიღებთ! ეს არის და ეს. რუსეთი არ არის მიჩვეული, რომ მას ეურჩებიან და თავის პირობებს უყენებენ. 15 წელი ამას როგორღაც ვახერხებდით, მაგრამ კალაძემ წელს ვეღარ მოახერხა. თუ რატომ, ეს დეტალები არ ვიცი!
- ამით რის თქმა გინდათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება უკეთესად ახერხებდა „გაზპრომთან“ ლაპარაკს, ვიდრე კახა კალაძე?
- ესენიც ახერხებდნენ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა რა მოხდა, არ ვიცი, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი რომ უფრო პრობლემატური იყო რუსეთისთვის, ესეც ფაქტია. ეს ხელისუფლება უფრო დამთმობია და, ცხადია, მათ ეს უფრო მოსწონთ. ფაქტია, რომ დღეს „გაზპრომი“ გაცილებით ნაკლებს მოგვცემს, ვიდრე აქამდე ვიღებდით. ეს ხელშეკრულება წამგებიანია.
- რამდენად ჩაეთვლება ეს მინუსში კახი კალაძეს?
- სადაც ახლა ლარი 2,75-ზეა ავარდნილი და მთავრობა არ დაქცეულა ამის გამო, ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, არა მგონია, კახა კალაძე გადააყოლონ ამას.
———–
პარლამენტის დეპუტატ რევაზ არველაძის განცხადებით, ხელშეკრულების შეცვლა განაპირობა იმან, რომ გაზპრომმა შეცვალა მოთხოვნები და მოითხოვა იმაზე მეტი, ვიდრე ადრე ითხოვდა.
- „გაზპრომმა“ გააძლიერა ირანიდან სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენის გამტარუნარიანობა და უკვე შეუძლია, სომხეთის გარკვეული ნაწილი, დაახლოებით ნახევარი, დააკმაყოფილოს. ამიტომ დააყენა ასე საკითხი: თუ თქვენ არ გინდათ, თქვენი ქვეყნიდან ვატაროთ გაზი, მაშინ საერთოდ გავწყვიტოთ ეს ხელშეკრულება და მომავალი წლიდან მე დავიწყებ მთლიანად ირანიდან მიწოდებასო.
- ანუ ქართული მხარე ჩიხში შევიდა, სხვა გზა არ ჰქონდათ?
- სხვა გამოსავალი არ იყო, ან უნდა მოგვეწერა ხელი ამგვარ ხელშეკრულებაზე, ან – არა. თავისთავად ცხადია, პირველადი ხელშეკრულება რაც იყო „გაზპრომის“ მხრიდან, ქართულ მხარეს არ აწყობდა, ამიტომ იყო მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი, რომ მაქსიმალურად მიეღწია საქართველოს მხარეს მისთვის მომგებიანი ვარიანტისთვის.
- რამდენად გამოვიდა მომგებიანი ვარიანტი?
- ალბათ, გამოვიდა. როგორც ბატონმა კახა კალაძემ განაცხადა, ამ ახალი კონტრაქტის ეკონომიკური შედეგი დიდად განსხვავებული არ იქნება იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო.
- რამდენად ფარავს შემოთავაზებული თანხა იმ ბუნებრივი აირის ღირებულებას, რომელსაც უფასოდ ვიღებდით „გაზპრომისგან“?
- ფაქტია, სრულად ვერ დაფარავს. მაშინ რა აზრი ჰქონდა რუსეთის მხრიდან, რომ დაეყენებინა ეს საკითხი, თუკი იმავე რაოდენობის საფასურს მოგვცემდნენ?! ალბათ, ვერ ფარავს, მაგრამ აქ საქმე ცოტა სხვა ამბავშია.
- რა ამბავში?
- კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს საკითხი არ დაყენებულა დღეს და გუშინ ან შარშან. ეს საკითხი წამოიჭრა ჯერ კიდევ 20 წლის წინ, 1996 წელს. მაშინ გაზპრომი საერთოდ არ იყო ამ საკითხში ჩართული. ეს საკითხი იმ დროს სომხეთმა დაგვიყენა ამერიკის შეერთებული შტატების საშუალებით. ისინი გვეუბნებოდნენ, არ შეიძლება, ამხელა პროცენტი იყოს დატოვებული ნატურით ასეთ მოკლე მონაკვეთზეო, თუმცა ჩვენ მაშინ შევძელით ამ მხარეების დარწმუნება, რადგან გაზსადენი გაუმართავი იყო, დანაკარგიც – დიდი. დღეს ეს ქსელი მთლიანად გამართულია და დანაკარგიც ათჯერ არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, რუსეთის მხრიდან ამ საკითხის დაყენება ლოგიკას მოკლებული არ არის.
- რა თანხას უხდის „გაზპრომი“ ქართულ მხარეს?
- ეს კონფიდენციალური საკითხია. „გაზპრომი“ ამბობს, რომ ეს უნდა იყოს კონფიდენციალური, ამიტომ ამ შეთანხმებას ქართული მხარე ვერ დაარღვევს. ჩვენ არა გვაქვს უფლება, ეს მონაცემები გავასაჯაროოთ. ეს რომ ვიცოდე, მაშინ დავიანგარიშებდი და ზუსტად გეტყოდით, რამდენია სხვაობა. რადგან გამოაცხადა მინისტრმა, რომ დიდი სხვაობა არ არის, ნამდვილად ვენდომი მის სიტყვებს.
- შეცვლილი ხელშეკრულება ბუნებრივი ტარიფის გაზრდას ხომ არ გამოიწვევს?
- პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ – არა! ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს გაზის ტარიფში შეიძლება ჩაჯდეს ნახევარი თეთრის სიდიდით, რაც არავითარ ცვლილებას არ გამოიწვევს. გაზის ფასის ცვლილებას გამოიწვევს ლარის კურსი!
„ახალი თაობა“, 13 იანვარი, 2017 წელი
„გაზპრომთან ჩახუტება დასავლეთს დაგვაშორებს“
ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „ევროპაში საქართველოს ხელისუფლებას ისედაც ეჭვის თვალით უყურებენ“
იცვლის თუ არა ქვეყანა საგარეო კურსს, რა განმარტებები უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რას ნიშნავს „გაზპრომთან“ თანამშრომლობა? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
- როდესაც „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიწყო საუბარი, თქვენ თქვით, რომ ასეთი ქმედება დასავლეთთან ურთიერთობაში პრობლემებს შეგვიქმნიდა. ხელშეკრულება გაფორმებულია. რა იქნება შემდეგ?
- „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება კარგი ამბავი არ არის, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ქვეყანაში ამაზე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, რომლებზეც პოლიტიკური ელიტა დუმს. არადა, საუბარია სასიცოცხლო მნიშვნელობის მოვლენებზე.
- რა მოვლენები გაქვთ მხედველობაში?
- მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც აუცილებლად მოახდენს ჩვენზე გავლენას, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება კი ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიხედოს. ეს შეთანხმება ისედაც საეჭვოა, ხელისუფლების წარმომადგენელთა აბდაუბდა კომენტარები კიდევ უფრო საეჭვოს ხდის მას. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლება ყველა თემაზე ასე მიკიბვ-მოკიბვით საუბრობს. ხელისუფლება ვალდებულია, დაგვისახელოს გაზის საერთაშორისო ღირებულება, გაირკვეს ის თანხა, რომელსაც ჩვენ რუსეთი გაზის ტრანზიტისთვის გადაგვიხდის. არც იმის გარკვევა იქნება ცუდი, თუ რამდენს უხდის სხვა ქვეყნებს გაზის ტრანზიტისთვის რუსეთი. ამით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ ჯობდა, ტრანზიტის საფასური გაზითვე აენაზღაურებინათ, ხოლო თუ კარგ თანხას გადაიხდიან, არც ეს იქნებოდა ცუდი, მაგრამ რუსეთი ამაში კარგ თანხას არ გადაიხდის. სამაგიეროდ, ჩვენ გაგვიფუჭდება დასავლეთთან ურთიერთობა.
- რატომ უნდა გაგვირთულდეს, ისინიც ხომ „გაზპრომის“ გაზით თბებიან?
- „გაზპრომთან’ ნებისმიერი საეჭვო ურთიერთობა დასავლეთსა და თურქეთში სერიოზულ ეჭვებს იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ „გაზპრომი“ საქართველოში იმაგრებს პოზიციებს, რაც შუა აზიიდან მომავალ ენერგომატარებლებს დაბლოკავს. ჩემი შეხსენება, წესით, არ უნდა სჭირდებოდეთ, მაგრამ ახალ წლებზე, ალბათ, იმდენი ჭამეს და დალიეს, რომ გონება სხარტად აღარ უმუშავებთ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ დასავლეთი საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოდერეფანს რუსული ენერგომატარებლების ალტერნატივად განიხილავს. შესაბამისად, დასავლეთს ამ დერეფნის მეშვეობით შეუძლია, თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება.
- „გაზპრომთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ჩვენში ბევრს გაახსენა რუსეთ-უკრაინის გაზის ომი, რაც იმით დამთავრდა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ევროპაზე უარი თქვა, რასაც შემდეგ მაიდანი მოჰყვა. ჩვენთან თუ მოხდება ასეთი რამე?
- უკრაინის მაშინდელი ხელისუფლება ვირეშმაკულ პოლიტიკას ატარებდა – სანახევროდ რუსეთს ეჯდა კალთაში და სანახევროდ – ევროპას. გაზის ომის გარდა, იქ აქტუალური იყო იულია ტიმოშენკოს ციხიდან გამოშვება. ევროპა მის გათავისუფლებას ითხოვდა. ხელისუფლებამ ამ ორი თემით იმდენი ხანი ივაჭრა, ისე გააღიზიანა უკრაინის მოსახლეობა, რომ მიიღო მაიდანი, რასაც ეკონომიკის დანგრევა და ყირიმის დაკარგვა მოჰყვა. ჩვენდა საუბედუროდ, სცენარები მეორდება, უბრალოდ, მასშტაბებია სხვადასხვა. რუსეთის იმპერია იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებსაც 300 წლის წინ იყენებდა კავკასიის დასამორჩილებლად.
კიდევ გავუმეორებ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება გაზპრომს, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ასევე აქტიურად ისმება კითხვები საქართველოს ხელისუფლების ეფექტურობასა და ქმედებაუნარიანობაზე. „ახალ თაობასთან“ საუბრებში არაერთხელ ვთქვი, რომ დასავლეთს ისედაც კითხვები აქვს ჩვენი ხელისუფლების ვირეშმაკობის გამო. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო ბევრი კითხვა იქნება.
- ვიზალიბერალიზაციის მიღებაში თუ შეგვიშლის „გაზპრომთან“ ჩახუტება ხელს?
- მინდა, ყველამ იცოდეს, რომ „გაზპრომთან“ ჩახუტება დასავლეთთან დაგვაშორებს. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, აქ უფრო სხვანაირად არის საქმე. ამ საკითხის გამო ევროპელი პოლიტიკოსები ერთმანეთს სიტყვიერადაც კი დაუპირისპირდნენ. ევროპელების ნაწილისთვის საქართველო კრიმინალთან ასოცირდება. ახლო აღმოსავლეთიდან შესულმა ლტოლვილებმა ევროპაში კიდევ უფრო დაამძიმეს ვითარება, ამიტომაც იკავებენ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მონიჭებისგან თავს. ევროპელი პოლიტიკოსების კონსერვატიულო ფრთა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირეშმაკობს და რუსეთთან კავშირს არ წყვეტს. მათ საპასუხოდ მეორე ფრთა ამბობს, რომ საქართველომ გაზაფხულისთვის აუცილებლად უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია. მათი თქმით, ეს პროცესი თუ დაგვიანდება, მოვლენები რუსეთისთვის სასარგებლოდ განვითარდება. გაზპრომთან გაფორმებულმა ხელშეკრულებამ კი ეს პროცესი, შესაძლოა, გააჭიანუროს.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ქვეყნის საგარეო კურსი ხომ არ შეიცვალა?
- ჩვენ გვინდა, გვჯეროდეს, რომ არ იცვლება. მსოფლიო პოლიტიკური პროცესების არქიტექტორებს კი საქართველოს მიერ საგარეო კურსის ცვლილებაზე სერიოზული ეჭვები აქვთ. ამაზე ისინი უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ და ეს ძალიან ცუდია.
- ხმამაღლა რას ლაპარაკობენ?
- იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ვირეშმაკობს და საგარეო კურსი ნელ-ნელა რუსეთის სასარგებლოდ იცვლება. ჩვენ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება გვიჭირს, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ აქვეყნებს იმ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც კურსის ცვლილებაზე ან უცვლელობაზე შეიძლება საუბარი. სამაგიეროდ, ვიცით, რასაც ფიქრობენ დასავლეთში გავლენიანი პოლიტიკოსები და ამის შესახებ ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მოსახლეობა რომ არ დავზაფროთ, იმასაც გეტყვით, რომ მსოფლიო პროცესების არქიტექტორები საქართველოსთან ურთიერთობას მაინც არ ამწვავებენ.
- იმედი აქვთ, რომ ისევ ევროპას დავუბრუნდებით?
- ამის იმედიც აქვთ, მაგრამ თავს სხვა მიზეზებით იკავებენ. უკრაინაში ატეხილი სისხლისღვრა რამდენიმე ევროპელ პოლიტიკოსს დაბრალდა. ამიტომაც არიან ჩუმად და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამატებით ბარიერებს აღარ გვიქმნიან.
————————-
„საქართველო და მსოფლიო“, 12-19 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „ხელისუფლებას ვურჩევ, ჯონ მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს“
ეკა ნასყიდაშვილი
2017 წელი საინტერესოდ დაიწყო. 2 იანვარს, ბედობას, საქართველოს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვია და საახალწლო უქმე დღეებში “ნაბახუსევი” მთავრობა ფეხზე წამოახტუნა. ამერიკელმა სტუმარმა ქვეყნის პირველი პირები მხოლოდ მას შემდეგ მოინახულა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ეწვია. მაკკეინმა, ფეხზე დააყენა ქართული ჯარიც. გამოგვიცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი საშიშია და ჩვენ დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად მის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ. მაკკეინის წასვლიდან ზუსტად ერთ კვირაში ხელისუფლებამ მოსახლეობა დედაქალაქის ყოფილი მერის პატიმრობიდან გათავისუფლებით დაასაჩუქრა – სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა და მასთან ერთად ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც.
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახლა მიტევების დროა, წარსული უნდა დავივიწყოთო და “ღირსეულად” შეუერთდა საქართველოს მთავრობას სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საშობაო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა. ყოფილი მერის გათავისუფლებას უმალ გამოეხმაურნენ ამერიკის სალჩო და ვეროპარლამენტარები: “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი მერის, გიგი უგულავას, საქმის განვითარებას. გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება, ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები. ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია. ადრეც გვითქვამს, რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან შეუფერებელი იქნება”.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება:
- ბოლო პერიოდში საახალწლო განწყობა დავკარგე, ახალი წლისგან არაფერს ველი. ხალხს შია… - „რა გითხრათ, რით გაგახაროთ…“ – ასე ვიწყებ ყოველ ახალ წელს, არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსული “ოცნება” რაღაცას მაინც გააკეთებდა სასიკეთოს, მას ხომ არანაირი ხელისშემშლელი პირობა არ აქვს. მეგონა, პარლამენტს მაინც გადმოიტანდნენ დედაქალაქში, მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ქუთათურების წყნენინებაზე დაიწყებდნენ საუბარს. პარლამენტი სააკაშვილმა ქუთაისში იმიტომ გადაიტანა, რომ საპროტესტო აქციები აერიდებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებასაც ანალოგიური შიში აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც, რადგან ხელისუფლებაში მყოფი არც ერთი ადამიანი ქვეყანაზე არ ფიქრობს, ყველა თავის სკამსა და ჯიბეზეა ორიენტირებული.
ხანდახან ვუყურებ ქართულ შოუებს და ვხედავ ახალგაზრდა პარლამენტარებს, რომლებიც გახარებულები სხედან. რა ახარებთ? ქვეყანა თავზე დაგვემხო… ხალხში უდიდესი უკმაყოფილებაა, მთავრობა კი ხალხის პრობლემას ვერ ხედავს. რა უნდა ვიწამო იმ პარლამენტარების, რომლებიც სააკაშვილის მიერ დაღვრილი სისხლის გამართლებას ცდილობენ?!
როგორ დაიწყო ახალი წელი? ამერიკელი სენატორის – ჯონ მაკკეინის ჩამოსვლით, კაცის, რომელიც სამყაროს მტერია. მაკკეინის ჩამოსვლას ზუსტად ერთ კვირაში გიგი უგულავას გათავისუფლება მოჰყვა. ეს თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, რადგან უგულავას გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში ამერიკის საელჩომაც და ევროპარლამენტარებმაც წინასწარ დაწერილი ტექსტები გამოაქვეყნეს. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა არ ვართ, თუმცა, ალბათ, ილუზია სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე ამ ქვეყანაში აღარავის აქვს. ამერიკაში ყველაფერი იცვლება. ახალი პრეზიდენტი აღარ აპირებს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც წლების განმავლობაში ლიბერალი პრეზიდენტები ატარებდნენ და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?
- სწორედ ეს მინდოდა, მეკითხა… ჩვენი ქვეყნის პირველი პირები დიდი პატივით ეგებებიან ამერიკელ სენატორს და შემდეგ მის ბრძანებას დაუყოვნებლივ ასრულებენ… როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცნობიერებენ, რა ცვლილებები მიმდინარეობს მსოფლიოში?
- ამ ხელისუფლების უბედურება ახლომხედველობაა – სიბეცე. ტრამპი საქართველოში იმყოფებოდა, ამბობენ, პატივისცემით არის განწყობილი ქართველების მიმართო, მაგრამ რად გინდა?! მთავრობა ისევ წარსულშია ჩარჩენილი და სამარცხვინოდ მაკკეინის დავალებებსა და ბრძანებებს ასრულებს. არ უნდათ ტრამპი, რადგან მან განაცხადა, ლიბერასტებსა და ქვეყნის გამყიდველებს აღარ დავაფინანსებო. სიმართლე გითხრათ, ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მსგავსი უსამართლობა, უმსგავსობა, არც მსმენია და არც მინახავს…
- როგორ ფიქრობთ, გიგი უგულავას გათავისუფლებით ამერიკას რა აქვს ჩაფიქრებული?
- „ნაციონალების“ დაბრუნება სურთ. მაკკეინი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დაალაგოს კარტები. ამერიკელები მიშას არ გაწირავენ. მათ ხელს აძლევთ ეს ავადმყოფი კაცი. მიმიფურთხებია ამერიკისთვის, თუ სააკაშვილი “დემოკრატიის შუქურაა” და მისი დათმობა უჭირთ. არადა, ძალიან კარგად იციან, რასაც სჩადიოდნენ სააკაშვილი და ნაცები, ისინი ხომ ამერიკელების მითითებებს ასრულებდნენ. სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება. ჩვენი პრემიერი გამოდის და ამბობს, მაგარი წელიწადი გვექნებაო… რა არის მაგარი, უგულავას გამოშვება?! ახლა ევროპელები ამბობენ, ვიზალიბერალიზაცია თუ გინდათ, მერაბიშვილი და ახალაიაც გაათავისუფლეთო და დარწმუნებული ვარ, მათაც გამოუშვებენ.
- მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მთავრობა მოვიყვანეთ ხელისუფლებაში, ეროვნული არაფერი კეთდება. 2016 წლის დასასრულს მთავრობამ სიურპრიზი მოგვიწყო - მიწის გასხვისების კანონპროექტი დაამტკიცა…
- ჯერ ერთი, ეროვნული მთავრობა ჩვენ არ გვყავს; მეორეც, იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ბევრი ცუდი საქმე ჩაიდინა. ქართული მიწა წულუკიანის მამის დანატოვარი არ არის და ხელს ნუ ახლებს. მე ესენი გავაფრთხილე – ქართულ მიწას ხელი არ ახლონ. ის ჩვენი წინაპრების სისხლით არის ნაკვები. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც მიწის თავისუფლად გაყიდვის კანონი არსებობს. ეს ამერიკის, ლიბერასტების პოლიტიკაა და ჩვენ, როგორც მონები, მათ მითითებებს უსიტყვოდ ვასრულებთ.
- ვის შეუძლია შეცვალოს ეს გადაწყვეტილება?
- ხალხს, მხოლოდ ხალხს შეუძლია ყველაფრის შეცვლა. უნდა გამოვფხიზლდეთ. ოთხმოც წელს მიტანებული კაცი ვარ. მზად ვარ, ქუჩაში გავიდე, ყინვაში, წვიმაში… ჯოხს აიღებს ხალხი ხელში – ჯოხს დავიჭერ, იარაღს მოკიდებენ ხელს _ იარაღს ავიღებ… მაგრამ სამშობლოსა და მიწა-წყალს არ დავთმობ! დააკვიდრით, აბა, მთავრობის რომელიმე წევრს სიტყვა “სამშობლო” თუ უხსენებია.
ფულმა დაღუპა მსოფლიო. ყველგან მილიონერები ბატონობენ, ასეა საქართველოშიც. მქვეყანაში დამნაშავეები ბოგინობენ. ბევრია დასაჭერი, მაგრამ, სამწუხაროდ, პარლამენტში სხედან. არადა, “ოცნება” უმრავლესობაშია და მათ შეუძლიათ იმუნიტეტის მოხსნა და ნებისმიერის დაპატიმრება. რას ჰგავს სასამართლო, რას აკეთებს პროკურატურა? ხომ გეუბნებით, მსგავსი სისაძაგლე არ მინახავს. ყველა მათგანი დასაჭერია, ჩვენ უნდა დავიჭიროთ ისინი და საჩვენებლად ხეებზე დავკიდოთ. სხვა გზა არ არის, ვერავინ ვერაფერს აკეთებს. ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, განზე გადგა და გაქცევას აპირებს, რადგან თავს ზემოთ ძალა აღარ არის.
როდესაც უდიდესი ძალა მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი ამოძირკვოს, ნებისმიერი ადამიანი უძლურია, მხოლოდ ხალხს შეუძლია შეცვალოს არსებული პოლიტიკა.
საახალწლოდ ტელევიზიები სანდრა რულოვსს აჩვენებდნენ, დაგვანახვეს, როგორ მიუტანა გაჭირვებულ ოჯახს ნივთები, მაგრამ არავინ თქვა, ორგანოებით რომ ვაჭრობდა გათახსირებული დედაკაცი. უნდა დაწვა ყველა ერთად და იქაურობას დეზინფექცია გაუკეთო, რათა ბაცილებიც მოსპო. ხალხი დაადუმეს, ღირსება აღარ შეგვრჩა… ყველაფერი თავდაყირა დგას, კაცის მკვლელები გმირებად აქციეს. ზარ-ზეიმით ათავისუფლებენ დამნაშავეებს. დანიშნავენ თანამდებობაზე ადამიანს ისე, რომ წასრულს არავინ კითხულობს. გაყინული გველის უბეში ჩასმა არ შეიძლება…
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუ ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში. ქართველი შიმშილის გამო ქუჩაში არასოდეს გამოვა, მას ღირსება უნდა შეულახო, რომ აჯანყდეს. ქართველისთვის სულში ჩაფურთხების ტოლფასია მიწის გაყიდვა და თუნდაც გიგი უგულავას გათავისუფლება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უარყოფითი მუხტი გროვდება და ჩვენ, უფლის იმედით, ანტიქრისტეს გავანადგურებთ. ხელისუფლებას ვურჩევ, ჯონ მაკკეინის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტს დაელაპარაკოს.
„საქართველო და მსოფლიო“, 12-19 იანვარი, 2017 წელი
მეუფე პეტრე – რუხი მიტროპოლიტი
„მეუფე პეტრეს თავი უკვე პატრიარქად წარმოუდგენია“ // „ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა“
ეკა ნასყიდაშვილი
უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაპირისპირება ყბადაღებულ თემად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები ცდილობენ, ამ თემაზე საუბრისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ, სინოდში განხეთქილება საზოგადოების განხილვის თემაა. ახალი ამბავი არავისთვის არის, რომ არიან მეუფეები, რომლებიც საჯაროდ უპირისპირდებიან საქართველოს პატრიარქს და მხარს უჭერენ ე.წ. ლიბერალურ ძალებს. ზოგიერთ ეპარქიას ხელმძღვანელობენ ისეთი პირები, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტოები დღემდე აქვთ გამოფენილი საკურთხეველში. მარტვილის ეპარქიიდან დაგვიკავშირდა ბერი, რომელმაც ჭყონდიდის მონასტერში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, მაგრამ ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა და გვთხოვა, ამ პრობლემებზე სასაუბროდ სოფელ სალხინოს საკრებულოს წევრ გია ჯეჯელავას შევხმიანებოდით.
- ბატონო გია, რა ხდება მარტვილის ეპარქიაში? რატომ გაურბის მრევლი მეუფე პეტრეს?
- XI საუკუნის უდიდესი მონასტერი სრულიად გადაკეთებულია, მიწა – ჩამოჭრილი. ეზოში აშენდა შენობა, რომლის დანიშნულებაც ჩვენთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მრევლისთვის, უცნობია. მარტვილი მეუფე პეტრეს შპს-დ იქცა - შეუვალია, დახურული და მისი ნებართვის გარეშე თითსაც ვერავინ გაანძრევს. ჭყონდიდის მონასტერში წვერიანი ბიზნესმენები გაჩნდნენ, იქ მრევლისა და მორწმუნე ხალხის ადგილი აღარ დარჩა. წვერიანთა ხელშია მიწები, ქვიშის კარიერები, ხეტყე…
- მარტვილს თვითმმართველობა ხომ ჰყავს? ადმინისტრაცია არ მუშაობს?
- მარტვილსა და აბაშას ადმინისტრაცია არ ჰყავს, მეუფე პეტრე ამ ორ რაიონს სრულად აკონტროლებს. მის ხელშია ტრაქტორები, მიწების დახვნა, მისია ოჯალეშის ჯიშის ვენახები. სააკაშვილმა გადასცა ერთ ლარად კოლმეურნეობა, სადაც ახლა სასტუმროებია. მეუფეს ეკუთვნის ყველა შენობა-ნაგებობა, რომლებიც კი ამ ორ რაიონში არსებობს. ჭყონდიდის ეპარქიიდან 17 ბერი გაიქცა. ყველა, ვინც მეუფე პეტრეს არ ემორჩილება, განწირულია. ერთ-ერთი ბერი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მან წვერი გაიპარსა, ცოლი შეირთო და ეკლესიას ახლოსაც აღარ ეკარება. ენით გამოუთქმელი საშინელებები ხდება.
მთელი ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო, ან როგორ შეიძლება გიორგი ჭყონდიდელის მშობლიურ კუთხეში ცხოვრობდე და მორწმუნე არ იყო, მაგრამ დღეს მარტვილის ეკლესიისკენ აღარც კი ვიხედებით. გარდა ამისა, მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უპირისპირდება და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გაჩუმება ღალატის ტოლფასია.
- ადგილობრივები ამბობენ, რომ მეუფე პეტრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უდიდეს სიმპათიას იჩენს და წინასაარჩევნოდ მრევლს ნაციონალების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა…
- დიახ, ეს ცნობილი ფაქტია. მეუფე პეტრე სააკაშვილის მხარდამჭერია. წინასაარჩევნოდ დავუპირისპირდით – პირდაპირ განვუცხადეთ, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და ჯობია, მრევლს მიხედოს. ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარს სააკაშვილის ფოტო საკურთხეველში ეკიდა. უფრო მეტიც, სალხინოში, დადიანების სახლ-მუზეუმში მალავდა ძებნილ ძმებ ახალაიებს. მეუფე პეტრემ ჭყონისა და ტეხურის დამაკავშირებელი 60-ტონიანი ხიდი დაჭრა და ჯართად გაყიდა, შემდეგ კი გამოგვიცხადა, ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩავაწყე საქმეო. ჩვენი დაპირისპირებაც აქედან დაიწყო. წყლის პირას ისეთი ჩხუბი მოხდა, მეგონა, ძველი ბიჭები იყვნენ. დაჭრა და გაანადგურა სოფლის სასაფლაოს მიწები, მათი სრულად ათვისება უნდა. აშენებს შენობებს, არ ვიცით, რა დანიშნულებით. გვეუბნებიან, მორჩილები გვყავსო, მაგრამ ძალიან საეჭვოა.
- ვინ მფარველობს ამ კაცს?
- ნაცების მმართველობის პერიოდში ვიცოდით, რომ სააკაშვილი წყალობდა ძალიან, სანდრა რულოვსის კარის მოძღვარია, მაგრამ დღეს ვინ აძლევს ასეთ განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ნამდვილად არ ვიცი.
- ამჟამად რა ვითარებაა, ანუ მას შემდეგ, რაც მეუფის საქმეები გამოაშკარავებულია, რას ამბობს ადგილობრივი მრევლი?
- ყველას ეშინია. ხომ გეუბნებით, განუსაზღვრელია მეუფე პეტრეს ძალაუფლება. მას შეუძლია, ნებისმიერი დანაშაული დაგაბრალოს და ისეთი გავლენა აქვს, “ბრალდებაში” ეჭვს სამართალდამცავებიც არ შეიტანენ – როგორი მართალიც უნდა იყო, დანაშაული მაინც შენ დაგბრალდება. ასე იყო ადრე, ასეა დღესაც. მეუფე პეტრეს ყველაფერი თავისი საკუთრება ჰგონია. აბაშის გამგებელი ძალიან წუხს, გამოსავალს ვერ პოულობს. მეუფე პეტრე ერისკაცობაშიც ცუდი კაცი ყოფილა. საშინელებებს ყვება ხალხი, – უდიდეს აფერებში იყო გახლართული და მერე ეკლესიას შეაფარა თავიო. სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტები ყველა მეუფემ ჩაიგდო ხელთ. მის გარეშე თანამდებობაზეც ვერავინ დაინიშნება. სანამ კაცს სადმე დანიშნავენ, მეუფესთნ უნდა გაიაროს კონსულტაცია. მეც დამიბარეს, მაგრამ არ მივედი. მოგვიანებით შევიტყვე, ჩემზე უთქვამს, ახალგაზრდა კაცია და ასე რამ გააბოროტაო. დედის საფლავი დამირბია და როგორ არ გავბოროტდები.
იბრძვის მეუფე პეტრე ძალაუფლებისთვის, თავი პატრიარქად წარმოუდგენია უკვე. ზომები აუცილებლად გასატარებელია, მაგრამ არ ვიცი, როგორ. ამას წინათ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მასზე სიმართლე დაწერა, მერე შეხვედრია და არაქალი უწოდებია მისთვის.
უფლის სახელით გველაპარაკება, ეს კი ხალხს აშინებს. მე კი, ვფიქრობ, სიმართლისათვის უფალი არ დამსჯის და ამიტომ არ მეშინია, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ძალიან, ძალიან გამწვავებულია ვითარება მარტვილში.
ცნობისთვის: ჭყონდიდის ეპარქია მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს. ქრისტიანობის ქადაგებას ამ მხარეში წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერენ.პირველი ეკლესია წმინდა მოციქულს ეგრისში მუხის ხის (მეგრულად _”ჭყონი დიდი”) მასალისგან აუგია. გადმოცემით, სახელწოდება “ჭყონდიდი” სწორედ აქედან მომდინარეობს.
———————–
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
სურსათზე ფასი გაიზარდა, იმპორტიორები მაინც ზარალზე საუბრობენ
„არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომხმარებელიც არ დავკარგოთ და ჩვენც ნაკლებად დავზარალდეთ“
ნათია ლომიძე
დოლარის კურსის ზრდამ უარყოფითი გავლენა მოახდინა სამომხმარებლო ბაზარზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი წლიდან საქართველოში მოქმედმა იმპორტიორმა კომპანიებმა საქონელი გააძვირეს. მიზეზად კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და ძველი მარაგების ამოწურვას ასახელებენ. ბიზნესის წარმომადგენლები შექმნილ სიტუაციას უმართავს უწოდებენ და კომპანიის შენარჩუნებისთვის ზარალსაც არ ერიდებიან.
ვარაუდი იმის შესახებ, რომ ახალი წლის დასაწყისიდან პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდებოდა, გამართლდა. იმპორტიორ კომპანიებში ფასის ზრდას ადასტურებენ და იმასაც აცხადებენ, რომ სამომავლოდ საქონლის კიდევ მეტად გაძვირება ან გაიაფება დოლარის კურსზეა დამოკიდებული.
კომპანია “ორბიტის” ხელმძღვანელი გიორგი დავითაშვილი “რეზონანსთან” ადასტურებს, რომ სხვა კომპანიების მსგავსად, საქონელი გააძვირეს. ის ერთ-ერთ მიზეზად ლარის დევალვაციას ასახელებს და მიიჩნევს, რომ ეს უკონტროლო პროცესია, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით.
“ჩვენმა კოლეგებმა და კონკურენტებმაც გააძვირეს საქონელი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ძველი მარაგი უკვე ამოვწურეთ და ახალი მარაგით დავიწყეთ მუშაობა. როდესაც ფასი იზრდება, მოთხოვნა მცირდება, ეს გარდაუვალი პროცესია და გვერდს ვერავინ აუვლის. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა, საკმაოდ შეგვიმცირდა საქონლის რეალიზაცია. ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ესაა პროცესი, რომელსაც ვერ გავაკონტროლებთ, როგორც ბიზნესის ხაზი წავა ჩვენდაუნებურად, ამ გზას გავყვებით. მარტო ჩვენ კი არა, არამედ ყველა”, – განუცხადა “რეზონანსს” დავითაშვილმა.
იმპორტიორი კომპანია “გრანდის” ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სხვების მსგავსად კრიზისული ეტაპი მათაც შეეხო, რამაც ფასის ზრდა გამოიწვია. ძველი მარაგის ამოწურვასთან ერთად, ისინი ვალდებულნი გახდნენ, ახალი მარაგის შესაბამისი სამომხმარებლო ფასი დაედოთ საქონელზე, რის გამოც მოხმარება შეუმცირდათ.
“როგორც ყველა სხვა იმპორტიორმა, ჩვენც გავაძვირეთ პროდუქცია. ის მარაგი, რომელიც შედარებით უკეთესი კურსით გვქონდა შეძენილი და ამის გამო მეტ-ნაკლებად დაბალი ფასის შენარჩუნებას ვახერხებდით, ამოვწურეთ. ამჟამად გადასული ვართ ახალი მარაგის რეალიზაციაზე. შეძლებისდაგვარად ვეცადეთ, რომ საკმაოდ ნორმალური ზღვარი შეგვენარჩუნებინა, რაც კომპანიის ხარჯზე და მოგების გადასახადის რეფორმის დახმარებით მოვახერხეთ. ამ ვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ესტონურმა მოდელმა, რომ ფასი ზედმეტად არ გაგვქცეოდა. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც თან სდევს ლარის დევალვაციას და ამას გვერდს ვერ ავუვლით. მოხმარებას რაც შეეხება, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, რადგან იანვრის მეორე ნახევარში რეალიზაცია ყოველთვის მცირდება. ზუსტი პროგნოზის გაკეთება თებერვლის ბოლოდან იქნება შესაძლებელი. გაზრდილმა ფასმა მომხმარებელზეც მოახდინა გავლენა. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, სწორედ ამის გამო მიჭირს ამ კონკრეტულ თემაზე ზუსტი პასუხის გაცემა”, – ამბობს ივა ჭყონია.
ზარალის ხარჯზე მომხმარებლის შენარჩუნებას არ გამორიცხავს კომპანია “დუს” ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, სხვადასხვა სახის პრობლემების მიუხედავად, რომელიც საბანკო ვალდებულებების სახით კომპანიას აკისრია, მოუწევთ გარკვეულ დათმობაზე წასვლა.
“ფასი დოლარის კურსის მიხედვით იზრდება. ახალი წლიდან მოყოლებული, დღემდე შეფერხებულია მუშაობა, რეალიზაცია თითქმის გაჩერებულია. იანვარი ზოგადად რთული თვეა, რასაც ემატება ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული კრიზისული ვითარება. არ ვიცი, რისი გაკეთება შეიძლება, რომ მომხმარებელიც არ დავკარგოთ და ჩვენც ნაკლებად დავზარალდეთ. ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს საბანკო კრედიტების სახით, ასევე ბიუჯეტის ვალდებულებაც გვემატება. სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რადგან ვითარება იმდენად უკონტროლოა, შეიძლება საქონლის ზარალით გაყიდვაც მოგვიწიოს”, – აცხადებს დავით გოგიჩაიშვილი.
„რეზონანსი“, 13 იანვარი, 2017 წელი
წლევანდელი ექსპორტი 2011 წლის შედეგსაც ვერ გაიმეორებს
„წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა“
მარი ჩიტაია
ქვეყანაში ექსპორტი მკვეთრად მცირდება. ბოლო წლების განმავლობაში ეს ტენდენცია აშკარა და თვალსაჩინოა, რასაც “საქსტატის” მონაცემებიც ადასტურებს. წლევანდელი შედეგი, სავარაუდოდ, ბოლო 2011 წლის მონაცემებსაც ვერ გაუტოლდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემით, ექსპორტმა 1,919 მლრდ დოლარი შეადგინა. შარშან მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან ნოემბერში გავიდა – 219 მლნ დოლარის ღირებულების. დანარჩენ თვეებში გაცილებით ნაკლები მაჩვენებელი აღინიშნა. 200 მლნ-ს ექსპორტმა მხოლოდ სექტემბერში გადააჭარბა. დეკემბრის მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ნოემბრის ყველაზე მაღალი შედეგიც რომ განმეორდეს, წლიური ექსპორტის მოცულობა 2011 წლის დონესაც ვერ გაუტოლდება.
ბოლო პერიოდში ექსპორტის პიკი 2013 წელს (2,910 მლრდ დოლარი) იყო, რის შემდეგაც ყოველწლიურად კლების ტენდენციაა. გამონაკლისი არც 2016 წლის საბოლოო შედეგი იქნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ქვეყანას წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აქვს.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში იწარმოება მცირე რაოდენობის საექსპორტო, ნედლეულის ტიპის პროდუქცია, რომელიც უცხოურ ბაზრებზე არსებული ფასების კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. ამიტომაც გვაქს ასეთი დაბალი შედეგი. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, უარყოფითი სალდოს დაბალანსება წარმოების ზრდითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეშვეობით არის შესაძლებელი.
“ჩვენი პრობლემაა, რომ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის პროდუქციასაც კი, რაზედაც ქვეყნის შიგნით არის მოთხოვნა. კიდევ უფრო გვიჭირს, რომ ისედაც მცირე წარმოებული პროდუქტი ქვეყნის გარეთ გავიდეს. წარმოების მასშტაბმა იკლო და ამიტომ ექსპორტის მხრივ გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, იგებს ის, ვინც მოთხოვნას აკმაყოფილებს ქვეყნის შიგნით და აწარმოებს იმას, რაც ადგილზე უნდა გაიყიდოს. ექსპორტის კლების საპირისპიროდ, გაზრდილია იმპორტზე დამოკიდებულების მასშტაბები, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა. ჩვენი მოხმარების 80% იმპორტზე მოდის, ეს კატასტროფული მაჩვენებელია. იმპორტის ზრდის ტეპმი გაცილებით მაღალია, რაც იწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას და ვალუტის გადინებას ქვეყნიდან”, – აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ სახელმწიფომ აქცენტი უნდა გააკეთოს წარმოების ზრდაზე, რაც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით არის შესაძლებელი.
ჩვენი ორიენტირი უნდა იყოს ექსპორტის ზრდა, რაც მყარ ვალუტას შემოგვიტანს. აუცილებელია გაიზარდოს იმ პროდუქციის წარმოება, რისი რეალიზაციაც ქვეყნის შიგნით შეგვიძლია. ბევრი პრობლემა არსებობს როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით, ყველაფერს ლარის კურსს ვერ დავაბრალებთ. საგარეო ფაქტორი იარსებებს ყოველთვის, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეროვნულ წარმოებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამისთვის მრეწველობა და სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვავითაროთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ინვესტიციების გამოყენებაც”, – დასძენს ავთო სილაგაძე.
თუკი არ გაუმჯობესდება უარყოფითი სავაჭრო სალდო, საფრთხის წინ დადგება ლარის სტაბილურობა. გარდა ამისა, შემცირდება ქვეყნის სავალუტო რეზერვები და გაიზრდება მიგრაცია, რაც საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სერიოზულ პრობლემას შექმნის.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია მომსახურების ექსპორტის განვითარება, თუმცა ამის მიღწევა, ვიდრე რეალურ სექტორს პრობლემა აქვს, სტატისტიკოსს წარმოუდგენლად ეჩვენება.
“საქართველოში მომსახურების ექსპორტს დიდი პოტენციალი აქვს და მისი გამოუყენებლობა არ იქნება სწორი, მაგრამ მომსახურება მიბმულია რეალურ სექტორთან, რომელიც, პირველ რიგში, უნდა განვავითაროთ. მაგალითად, ბევრი ტურისტის მისაღებად მძლავრი ინფრასტრუქტურული ბაზა გვჭირდება. თუკი მათი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იმპორტირებულ პროდუქტს გამოვიყენებთ, არაფერი გამოვა. ამიტომ აუცილებელია, რომ რეალურ სექტორს მივხედოთ, რის გარეშეც მომსახურების სფეროს ვერ განვავითარებთ. ექსპორტის მნიშვნელოვანი წილი მოდის აგროსასურსათო პროდუქციაზე, რომლის წარმოების დონე სასურველისგან ჯერ კიდევ დაშორებულია. 2016 წლის მონაცემი არ გვაქვს, თუმცა 2015 წელს ჩვენ შემოვიტანეთ 500 მლნ დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია, ვიდრე გავიტანეთ. კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გარღვევა აგრარულ დარგში, რომ შევძლოთ კუთვნილი ნიშის დაკავება უცხოურ ბაზრებზე”, – აცხადებს სოსო არჩვაძე.