globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 24 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 24th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო უცხოური ინვესტიციების ძიებაში: პრემიერ-მინისტრის ევროპული ტურნე

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსს კონსტიტუციურად დააფიქსირებს // მმართველი „ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირითადი კანონის გადაწერას აპირებს

«Вестник Кавказа» (რუსეთი): რით მოვა დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში? // დაივიწყებს თუ არა თეთრი სახლი საქართველოს?

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ზეიმი ქელეხის ნაცვლად // თბილისში მიხეილ სააკაშვილის პარტიის ყრილობა გაიმართა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 24 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-om-visit-to-spain-and-switzerland/3687998.html

საქართველო უცხოური ინვესტიციების ძიებაში:

პრემიერ-მინისტრის ევროპული ტურნე

ზაზა წულაძე

შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელი გასული კვირა ევროპაში გაატარა. იგი პირადად ჩავიდა ჯერ მადრიდში, შემდეგ კი დავოსში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად და პოტენციური ინვესტორების დასაინტერესებლად.

ესპანეთის დედაქალაქში გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს, წარმოშობით იორდანელ ტალებ რიფაის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრს მარიანო რახოის და ესპანური სამშენებლო გიგანტის ACS Group-ის აღმსარულებელ დირექტორს ფლორენტინო პერესს, რომელიც იმავდროულად, მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის – მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტიც არის.

IFEMA-ს საგამოფენო კომპლექსში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გახსნილი ქართული კუთხე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და დედოფალმა ლეტიციამაც დაათვალიერეს. პრემიერმა ესპანეთის მონარქი საქართველოში მოიწვია.

ესპანეთსა და შვეიცარიაში ვიზიტის შეჯამებისას გიორგი კვირიკაშვილმა კერძოდ აღნიშნა: „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები ინვესტორებთან, წარვუდგინეთ მათ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ. საქართველოს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობები, რომ დიდი კომპანიების რეგიონული წარმომადგენლობების ადგილი გახდეს. ეს იქნა აღნიშნული ერთხმად, ყველა ინვესტორის მიერ, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში შევხვდით“.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესაუბრა „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) აღმასრულებელ დირექტორს რობერტ დადლის, ასევე, Microsoft-ის, Libra Group-ის, Denso-ს, Ginkgo Bioworks-ის, Limak-ის Vestas-სა და Adecco Group-ის ხელმძღვანელებს. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე – The Silk Road Effect, სადაც აღნიშნა, რომ მალე დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაჭიანურებული მშენებლობა და ხაზი გაუსვა შავის ზღვის ნაპირზე ანაკლიის პორტის აგების მნიშვნელობას, რაც „აბრეშუმის გზას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“.

დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ ასევე შეხვდა სერბეთისა და ხორვატიის პრემიერებს, შვეიცარიისა და უკრაინის პრეზიდენტებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტისაგან – ინდოელ სუმა ჩაკრაბარტისგან 2017 წელს 300 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დაპირება მიიღო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ EBRD-მა 2016 წელს განახორციელა ინვესტიციების რეკორდული მოცულობა საქართველოში, დაახლოებით 250 მილიონი ევროს ღირებულების 17 პროექტი. ყველა პროექტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე მაინც გამოვყოფ ერთს, რომლითაც ძალიან ვამაყობ – ეს არის კავკასიაში პირველი ქარის ელექტროსადგურის ამუშავება გორში. ჩემი აზრით, ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. გამოვთქვამ იმედს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ თითქმის 300 მილიონი ევროს ინვესტირებას საქართველოში“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია საბოლოო ციფრი, თუ რა ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა გასულ წელს ქვეყანაში. 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ 298 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია – აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იყო. ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ინვესტორებისთვის ყველა მიმზიდველი – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ფინანსურია სექტორია.

ეკონომიკური ექსპერტების აზრით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა ისევ არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდისთვის ყოველწლიურად 2 მილიარდი და უფრო მეტი მოცულობის ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ბოლო ათი წლის მანძილზე კი საქართველოში 16 მილიარდ 125 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.

————-

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში (1996-2016 წლებში):

2016 წელს - 1 298 400 000 დოლარი (სამი კვარტლის მონაცემი), 2015 წელს – 1 564 500 000, 2014 წელს – 1 758 400 000, 2013 წელს – 941 900 000, 2012 წელს – 911 600 000, 2011 წელს – 1 117 200 000, 2010 წელს – 814 500 000, 2009 წელს – 658 400 000, 2008 წელს – 1 564 000 000, 2007 წელს – 2 014 800 000, 2006 წელს – 1 190 400 000, 2005 წელს – 449 800 000, 2004 წელს – 499 100 000, 2003 წელს – 340 100 000, 2002 წელს – 167 400 000, 2001 წელს – 109 800 000, 2000 წელს – 131 200 000, 1999 წელს – 82 200 000, 1998 წელს – 265 300 000, 1997 წელს – 242 600 000, 1996 წელს – 3 800 000 დოლარი.

«Независимая газета» (რუსეთი), 24 იანვარი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-01-24/6_6910_abhazia.html

თბილისი აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსს კონსტიტუციურად დააფიქსირებს

მმართველი „ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირითადი კანონის გადაწერას აპირებს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა – რომელი საკითხები იხილება, რამდენი ცვლილების პროექტია შესული და მოასწრებს თუ არა საერთოდ საკონსტიტუციო კომისია ყველა პროექტის განხილვას დარჩენილი სამი თვის განმავლობაში – თუ გავითვალისწინებთ იმ ვადებს, რომ გაზაფხულის ბოლოსათვის საქართველოს უკვე ახალი კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს (ავტორი – იური როქსი).

„ბოლო დღეებში განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებამ, რომლის მიხედვით, „საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ნაბიჯი უნდა გადადგას“ და კონსტიტუციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების განსაკუთრებული სტატუსი დაფიქსირდესო. დეპუტატის განცხადება, შეიძლება ითქვას, გაუგებარია, რადგან აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ყველა კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული ავტონომიის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. ზაქარია ქუცნაშვილმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ „რადგანაც მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, კარგი იქნებოდა ჩვენს ძმებს – აფხაზებს და ოსებს თუ დროულად შევთავაზებთ განსაკუთრებულ სტატუსსო. და თუ ასეთი შეთავაზება მისაღები იქნება მათთვის, მაშინ დრო გვექნება მოვიფიქროთ, თუ როგორი იქნება ამ სტატუსის ფორმა“.

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ კომენტარში აღნიშნა, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებული სტატუსის თაობაზე დაწყებულ კამათს, როგორც ჩანს, განაპირობებს ის, რომ მომავალი პარლამენტი ორპალატიანად განიხილება, ხოლო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს კი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა წარმოადგენს, რაშიც საქართველოს პრობლემები აქვს: „ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების დროს მსგავსი საკითხები ფაქიზად უნდა გადაწყდეს. ორპალატიანი პარლამენტის შექმნა პირდაპირ არ გულისხმობს აღნიშნული რეგიონების სტატუსს, რადგანაც ის უკვე ისედაც ჩაწერილია კონსტიტუციაში“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში. შეკითხვაზე, რატომ არაა საუბარი ამ მიმართებით აჭარის ავტონომიურ სტატუსზე, პოლიტოლოგმა შენიშნა, რომ ალბათ, აჭარის სტატუსი უყურადღებოდ არ დარჩება: „უბრალოდ, დღეს მასზე არ ლაპარაკობენ, რადგააც აჭარა თბილისს პრობლემებს არ უქმნის“.

სტატიის ავტორი ეხება აგრეთვე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, საზოგადოების მონაწილეობას კონსტიტუციის შემუშავებაში და მისი პროექტის მომზადების ვადებს.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ქვეყნის ძირითადი კანონის პროექტზე მუშაობა რომ პოლიტიკური ზეწოლისაგან იყოს გათავისუფლებული, მაშინ მასში მონაწილეობა საზოგადოების რაც შეიძლება მეტმა წარმომადგენელმა უნდა მიიღოს, უნდა მოხდეს საჯარო განხილვები, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება… „დარჩენილ სამ თვეში შეიძლება პროექტის შემუშავება, მაგრამ რამდენად ხარისხიანი იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია“. ვადების თაობაზე უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე: „ძალიან ბევრი წინადადებაა შემოსული კომისიაში, მათ შორის პრინციპულად ურთიერთსაწინააღმდეგოც. ძალიან მეეჭვება, რომ დარჩენილ სამ თვეში მათი სრულფასოვანი განხილვა და შეჯერება მოესწროს“, – ამბობს იგი. ვახტანგ ხმალაძეს ყველაზე პრობლემატურად საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება მიაჩნია. არის წინადადება, რომ პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტმა აირჩიოს. „ეს ორი საკითხი პოლიტიკურ დატვირთვას იძენს და შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტი მოხდეს. მოკლე დროში მათზე მოლაპარაკება რთულია“, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

რამაზ საყვარელიძის აზრით, კონსტიტუცია რედაქტირებას საჭიროებს იმ მიზეზით, რომ „ნაციონალთა“ ხელისუფლებამ თავის დროზე ქვეყნის ძირითადი კანონი საჩქაროდ მიიღო. მთავარი მიზანი იყო ის, რომ მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობა სურდა, თანაც ისე, რომ პრეზიდენტის უფლებები პრემიერ-მინისტრზე გადასულიყო და თვითონ ყოფილიყო ამ თანამდებობაზე სამუდამოდ. „მას ცოტა დრო რჩებოდა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე და ამიტომ ბევრი საკითხი ნაჩქარევად გადაწყვიტეს. გარკვეული პარაგრაფები ხელისუფლების სურვილს მოარგეს, ვთქვათ, პარლამენტის ქუთაისში გადატანა. ჩვენთან ოპოზიციის საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ იმართება ხოლმე, ქუთაისში წამსვლელები კი ცოტანი არიან. ჰოდა, „ნაციონალება“ იმ დროს ეს საკითხი ასე მოაგვარეს“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, დღევანდელი კონსტიტუციის ბევრი კომპონენტი ან ერთმანეთს არ შეესაბამება, ან არსებულ რეალობებს. ამიტომაც ძირითადი კანონის რედაქტირება აუცილებელია.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 23 იანვარი, 2017 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/186593

რით მოვა დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში?

დაივიწყებს თუ არა თეთრი სახლი საქართველოს?

რუსული გამოცემის „ვერსტნიკ კავკაზას“ რედაქციამ პოლიტოლოგებს ჰკითხა, თუ როგორი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის მიმართ ორი მომენტის გათვალისწინებით: ერთი მხრივ, როცა მილიარდერის იზოლაციონისტური პროგრამა უცხოეთის ქვეყნებისადმი აშშ-ის ინტერესის შემცირებას გულისხმობს, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცისადმი, მეორე მხრივ კი – თეთრი სახლის კურსის რადიკალური შეცვლა მოსალოდნელი არ არის.

იმ აზრს, რომ სამხრეთ კავკასიისადმი ვაშინგტონის აქტიურობის შესუსტება მოხდება, ეთანხმება ალექსეი არბატოვი, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელია: „მაშინ როცა ჯორჯ ბუშ-უმცროსის პრეზიდენტობის დროს რესპუბლიკელები განსაკუთრებულ სიყვარულს იჩენდნენ სამხრეთ კავკასიისადმი, უპირველესად კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს მიმართ (მიხეილ სააკაშვილი კი ამერიკელებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რომ ვაშინგტონმა რუსეთთან ურთიერთობაც კი გაამწვავა 2008 წლის ცნობილი ხუთდღიანი ომის შემდეგ, თანაც ისე, რომ ევროკავშირს მოუწია მშვიდობისდამცველისა და მედიატორის როლის შესრულება), დღეს კი, ვფიქრობ, თეთრმა სახლმა სამხრეთ კავკასიაზე ცოტა რამ თუ იცის და ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებით ნაკლებად იქნება დაინტერესებული“. შესაბამისად, ალექსი არბატოვის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები თავს აარიდებს ყოველგვარ აქტიურობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი სამშვიდობო სფეროში: „აქ არის ყირიმისა და უკრაინის ერთგვარი ანალოგია. ფაქტიურად, ყირიმიც და უკრაინაც ვაშინგტონისთვის სულერთია, მაგრამ რადგანაც ყირიმის საკითხი მეტ-ნაკლებად მაინც პრინციპულადაა მიჩნეული – მიაღწევს თუ არა კომპრომისს, მასთან შედარებით სამხრეთ კავკასია უკვე ზანდუკშია ჩადებული, საკმაოდ დიდი ხნით. აქ ომიც რომ დაიწყოს, ეს უფრო ევროკავშირის თავის ტკივილი იქნება, ვიდრე ამერიკისა“, – ასეთია ალექსეი არბატოვის თვალსაზრისი.

პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის დირექტორს ალექსეი მუხინს კი განსხვავებული პოზიცია აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის საგარეოპოლიტიკური კურსი უფრო ხისტი და მიზანმიმართული გახდება: „სრულიად აშკარაა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უფრო აქტიურ როლს შეასრულებს, თუმცა ვიცით, რომ ბოლო დროს ამ რეგიონებით ვაშინგტონი სერიოზულად არც იყო დაკავებული. ანგლოსაქსონური სამყარო სამხრეთ კავკასიას ტრადიციულად რუსეთზე ზეწოლისათვის იყენებს ხოლმე და, ალბათ, ვაშინგტონი უახლოეს მომავალში სწორედ ამ კურსს გააგრძელებს“, – პროგნოზირებს ალექსეი მუხინი. „ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რასაკვირველია, ველოდებით კონფლიქტების ესკალაციას, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობის გაძლიერებას, დასავლეთის ჩარევას სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკაში. დასავლეთი შეეცდება ახალი გამოწვევები და პრობლემები შეუქმნას რუსეთს ამ რეგიონში, რათა სხვა საკითხებში მოსკოვის პოზიციების კომპრომისს მიაღწიოს“, – ასეთია ალექსეი მუხინის პოზიცია.

რუსეთში არსებული საერთაშორისო საკითხების საბჭოს პროგრამების დირექტორი ივან ტიმოფეევი თვლის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში გააქტიურების დროს რუსეთთან თავისი მოქმედების კოორდინირება მოუწევს: „აშშ-ის ხელისუფლებაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსვლის ფონზე, სამხრეთ კავკასიისათვის რამდენიმე არსებითი მომენტია გასათვალისწინებელი: ერთი მხრივ, დონალდ ტრამპს საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრირების პროცესის დაჩქარება შეუძლია, მაგრამ მეორე მხრივ ასევე შეუძლია, რომ საქართველოს ყურადღება საერთოდ არ მიაქციოს. გასაგებია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრირების დაჩქარება მოსკოვისათვის სასიხარულო ფაქტი ნამდვილად არ იქნება“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 24 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ზეიმი ქელეხის ნაცვლად

თბილისში მიხეილ სააკაშვილის პარტიის ყრილობა გაიმართა

„გასული კვირის ბოლოს თბილისის სპორტის სასახლეში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მე-7 ყრილობა გაიმართა. ფორუმი საზეიმოდ მიმდინარეობდა. ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. დარბაზში, სადაც შვიდი ათასამდე დელეგატი იყო შეკრებილი, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი რაუფ ორუჯევი).

„ყრილობის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლი სანდრა რულოვსი, დედა გიული ალასანია და ბებია – მზია წერეთელი. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, ცხადია, ყრილობას ვერ დაესწრებოდა, რადგან მასზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული, თუმცა მან ფორუმის მონაწილეებს ვაშინგტონიდან მიმართა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, ნიკა მელიას და ხატია დეკანოიძის გამოსვლების მოკლე შინაარსი. განსაკუთრებით ხაზგასმულია გრიგოლ ვაშაძის გამონათქვამი: „დღეს ჩვენ დაბადების დღეს ვზეიმობთ, ბევრი კი ქელეხს ელოდებოდა“. ავტორი რაუფ ორუჯევი გაზეთის მკითხველს აცნობს აგრეთვე ქართველ პოლიტოლოგთა კომენტარებს, რომლებიც მან ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან აიღო.

——–

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა აზრი, რომ „ნაცმოძრაობას“ როგორც ყველაზე ძლიერ ოპოზიციური პარტიას, პროდასავლური ოპოზიციის მხარდამჭერთა კონსოლიდაციის შანსი ექნებოდა, მაგრამ ამასწინანდელმა განხეთქილებამ არამხოლოდ თვითონ პარტია დაასუსტა, არამედ ქართული პოლიტიკური ველი ხელისუფლების რეალური ოპონენტების გარეშეც დატოვა: „ნაციონალების“ შიგნით ბოლო დრო მომხდარმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ფაქტიურად დაასრულა კიდეც ქართული პოლიტიკური ველის ფრაგმენტაცია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას, – მანამდე ჩვენ დავკარგეთ ლიბერალურ-ცენტრისტული პარტიები, რომლებიც დღეს თითქოსდა ფორმალურად არსებობენ, ფაქტიურად კი დაიშალნენ.. ერთადერთი პარტია, რომელიც ერთიანობას ინარჩუნებდა, „ნაცმოძრაობა“ იყო, თუმცა, როგორც ჩანს, პარტიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც შიდა პრობლემებით, ანუ პოზიციათა და აზრთა სხვადასხვაობით იყო გამოწვეული, მათ შორის, პარტიის სტრატეგიის შესახებ“.

„დღეს საქართველოში უკვე აღარ არის ისეთი ძლიერი ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურ კონკურენციას გაუწევს მმართველ „ქართულ ოცნებას“, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამბობს კორნელი კაკაჩია, – ეს თვით მმართველი პარტიისათვისაა საფრთხის მომტანი, რომელსაც გავლენიანი ოპოზიციური ძალის გარეშე სერიოზული შეცდომების დაშვება შეუძლია. ეს, საბოლოო ჯამში, ცუდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაც, რადგან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილური უნდა იყოს, „ნაციონალთა“ სახით ძირითად მოთამაშეებს კარგავს“.

კორნელი კაკაჩიას თქმით, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ზოგიერთმა „ნაციონალმა“ ლიდერმა ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილი პარტიისთვის ზედმეტი ტვირთია: იმ დროს, როცა ამომრჩეველთა ნაწილმა „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გამო მისცა ხმა, იყვნენ ისეთებიც, რომლებთათვის ექს-პრეზიდენტი უკვე მიუღებელი ფიგურად იქცა. „იყო პრობლემები შიდაპარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებითაც… თუ „ნაცმოძრაობას“ ევროპული ტიპის პარტიად ყოფნა სურს, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა ერთი რამ: როგორიც არ უნდა იყოს ლიდერთა დამსახურება, ყველა გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკიდან მიდის და მასში რეალურად აღარ ერთვებიან – მათ ხომ უკვე შექმნეს ისტორია. ისინი ერთ მდინარეში ორჯერ აღარ შედიან, მაგრამ ამ საკითხზე მიხეილ სააკაშვილს განსხვავებული პოზიცია აქვს – იგი ცდილობს მეორედ ჩაებას ქართულ პოლიტიკაში, „გაცოცხლდეს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, თუმცა აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის ლიდერის როლში დაბრუნება ძნელი იქნება: საქართველოს მოსახლეობის თვალსაზრისი მის მიმართ პოლარიზებულია.

ამის მიუხედავად, – თვლის პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ არენაზე კვლავ ძლიერ მოთამაშედ რჩება, მას ისევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „ისეთი ადამიანისათვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, პოლიტიკიდან წასვლა ძნელია, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში თ.შარაშენიძე, – მას თავისი გათვლები აქვს.. ალბათ, იგი ფიქრობს, რომ თუ უკრაინულ პოლიტიკაში წარმატებული იქნება, ეს იქნება დამატებითი რესურსი საქართველოში მიღწევებისათვისაც, მაგრამ იმის გამო, რომ იგი პარტიის ლიდერია და თან საქართველოში არ იმყოფება, სერიოზული პრობლემაა პარტიისთვის“. ამავე დროს, როგორც თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, „უკლონისტებსაც“ წინ რთული ცხოვრება ელოდებათ, რადგან მათ მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ლიდერი არ ჰყავთ.

ზოგადად კი, თორნიკე შარაშენიძის თქმით, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ბევრად ჩამოჰგავს 2010-2011 წლების მოვლენებს, როცა მმართველ „ნაცმოძრაობას“ თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება და კონტროლი ჰქონდა დამყარებული: „სწორედ ასეთი რეჟიმის შემდეგ დაიწყო „ნაციონალების“ პოპულარობის დაცემა და კრიზისი. დღესაც იგივე სიტუაციაა მოსალოდნელი. დღეს ძნელია იმის წარმოდგენა, რომ „ქართულ ოცნებას“ საიდანღაც საფრთხე ემუქრება… მაგრამ პოლიტიკა ბაზარს ჰგავს: როცა მოთხოვნა არის, გარკვეული დროის შემდეგ პროდუქტიც გამოჩნდება. ასე რომ, დღევანდელი ვითარება „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისია“, – ასკვნის თორნიკე შარაშენიძე.

Comments are closed