globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 25th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გადასარჩენად

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ხალხისაგან დამალულად // „გაზპრომმა“ სომხეთისთვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდების საკითხი საქართველოსთან თავის სასარგებლოდ მოაგვარა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 25 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-leutenant-colonel-gia-tsertsvadze-case/3689520.html

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის გადასარჩენად

ზაზა წულაძე

უკრაინა არ გადასცემს რუსეთს საქართველოს მოქალაქე გია ცერცვაძეს, თუ დადასტურდა, რომ გია ცერცვაძე ნამდვილად იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში – ამის შესახებ 24 იანვარს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს.

48 წლის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც აფხაზეთის და რუსეთთან ომების ვეტერანია, 2017 წლის 15 იანვარს კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში, რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. კიევის სასამართლომ მას 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, სააპელაციო სასამართლოს პროცესი კი 26 იანვარს არის ჩანიშნული.

​გია ცერცვაძე აღმოსავლეთ უკრაინიდან საქართველოში 2016 წლის დეკემბერში დაბრუნდა. მოსკოვმა ინტერპოლის მეშვეობით, მასზე „კონფიდენციალური ცირკულარით“ ძებნა კი 23 დეკემბრიდან გამოაცხადა. როგორც კი ვიცე-პოლკოვნიკი თბილისიდან უკან კიევში ჩაფრინდა, იგი მაშინვე დააკავეს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ რუსეთმა გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შსს-დან მიიღო. შსს-ში კი განმარტავენ, რომ 2008 წლიდან, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ, რუსეთთან საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება. თუმცა, შსს არ უარყოფს, რომ ინტერპოლმა ნადვილად მიმართა თბილისს გია ცერცვაძის შესახებ და „ძებნილ პიროვნებაზე“ ინფორმაცია ნამდვილად მიაწოდა.

„კონსტიტუციის 42 მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ინტერპოლი ინფორმაციას მტერი-სახელმწიფოს მოთხოვნით ითხოვდა, თანაც ყოფილ სამხედრო პირზე, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო ლეტიგიმური უარი ეთქვა ინფორმაციის გაცემაზე, ან თავად დაეკავებინა ან მინიმუმ გაეფრთხილებინა ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში დააკავებდნენ: „ამ შემთხვევაში პირდაპირ არსებობდა იმის რისკი, რომ ნებისმიერი მესამე ქვეყანა აიყვანდა ამ მოქალაქეს საექსტარადაციო პატიმრობაში, შემდგომში, მომთხოვნი ქვეყნისთვის გადაცემის მიზნით. ამდენად, საქართველოს სასაზღვო პოლიცია ვალდებული იყო გია ცერცვაძე გაეფრთხილებინა ამ საფრთხის შესახებ.“

გია ცერცვაძე, რომელსაც საქართველოში მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, 1968 წელს სოხუმში დაიბადა. 24 წლის ასაკში ჩაება აფხაზეთის ომში, სოხუმის დაცემის შემდეგ ჩართული იყო პარტიზანულ მოძრაობაშიც, მათ შორის, 1996 წლის მაისის, გალის მოვლენებში.

2004 წელს მონაწილეობდა ცხინვალის რეგიონში, თლიაყანას სტრატეგიული სიმაღლის აღებაში. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო – შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე შიდა ქართლში. შსს-ს ორგანოებიდან იგი 2013 წელს დაითხოვეს.

2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, უკრაინელთა მხარეს იბრძვის. იყო მოხალისეებით დაკომპლექტებულ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ „აზოვის“ ინსტრუქტორი, შემდეგ კი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცჯგუფის მებრძოლი.

რუსულ-აფხაზური წყაროების ცნობით, მოსკოვი გია ცერცვაძეს 2003 წლის 4 აპრილს, რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭში, ადგილობრივი ბიზნესმენისა და ავტორიტეტის ჰუსეინ ჰუსეინოვის დაკვეთილ მკვლელობაში ადანაშაულებს.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ გია ცერცვაძეს ეს მკვლელობა ჰუსეინოვის კონკურენტმა, დღეს ცნობილმა სოჭელმა ავტორიტეტმა ანზორ სირცოვმა დაუკვეთა, რომელსაც მრავალწლიანი კრიმინალური კავშირები აქვს როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე თბილისში. თავად გია ცერცვაძე და მისი ოჯახი კატეგორიულად უარყოფენ, 2003 წელს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტს და ბრალდებას „შეთითხნილს“ უწოდებენ. მათთვის გაუგებარია, 13 წლის წინ მომხდარ დანაშაულზე, რა მტკიცებულებების საფუძველზე გამოცხადდა ძებნა 2017 წელს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა ინტერპოლს, გამოიკვლიოს რამდენად მყარია „ახალი რუსული მტკიცებულებები“ გია ცერცვაძის წინააღმდეგ და ხომ არ არის ეს პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნა, რასაც ინტერპოლის წესდება კრძალავს. გია ცერცვაძემ უკრაინის ტელევიზიას განუცხადა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა:

„ჩემს წინააღმდეგ რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ცხინვალის რეგიონში 2008 წელს, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ეს არის ერთმანეთზე მიბმული საქმე, რადგან მე ვიბრძოდი აფხაზეთში, შემდეგ ვიყავი პარტიზანულ დაჯგუფებაში, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.

შესაძლოა სოჭის ეპიზოდი ამაზეა მიბმული, რადგან მე თვითონ სოხუმიდან ვარ, იქაური მიწერა მაქვს. თუ რუსეთს გადამცემენ, შეიძლება 2008 წლის ომის ეპიზოდი წამოსწიონ ან შეიძლება მიწერის ადგილზე გადამცენ“.

როგორც თბილისში, ისე კიევში, ოპოზიცია ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავების გამო ხელისუფლებას ადანაშაულებს. საქართველოს ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ მან არ დაიცვა საკუთარი ჯარისკაცი და მტერ-სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაცვალა. უკრაინის ხელისუფლებას კი აკრიტიკებენ იმისთვის, რომ არ შეასრულა პირობა და უცხოელ მოხალისეებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან, უკრაინის მოქალაქეობა არ მიანიჭა. როგორც ოფიციალური თბილისი, ისე ოფიციალური კიევი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

ანალოგიური შემთხვევა 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს შსს-ს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროს ზურაბ მაისურაძეს გადახდა. რუსეთის მოთხოვნით იგი ლიტვაში დააკავეს, თუმცა ძებნის მასალები ლიტვის პროკურატურამ პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალა და 2017 წლის 4 იანვარს, რუსეთს ზურაბ მაისურაძის ექსტრადირებაზე უარი უთხრა.

უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა დღეს, ოფიციალურად განაცხადა, რომ „თუ გია ცერცვაძეს რუსეთს გადასცემენ, ქართული ლეგიონი პროტესტის ნიშნად უკრაინას დატოვებს“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 25 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ხალხისაგან დამალულად

„გაზპრომმა“ სომხეთისთვის „ცისფერი საწვავის“ მიწოდების საკითხი საქართველოსთან თავის სასარგებლოდ მოაგვარა

„ჩვენს მეზობელ საქართველოში არ ცხრება დისკუსია ქვეყნის მთავრობის მიერ რუსულ „გაზპრომ“-თან დადებული ახალი სატრანზიტო შეთანხმების თაობაზე, რომლის მიხედვით რუსული ბუნებრივი გაზის სომხეთისთვის მიწოდება საქართველოს ტერიტორიის მეშვეობითაა გათვალისწინებული. საქმე იმაშია, რომ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, საზოგადოებას მაინც უმალავენ, თუ რა პირობებითაა ეს დოკუმენტი დადებული და რატომ დაიკავა ასეთი პოზიცია საქართველოს მთავრობამ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორიჯევი).

სხვათა შორის, ჟურნალისტებთან შეხვედრისას თვითონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღიარა, რომ „გაზპრომ“-თან დადებულ შეთანხმებას იგი „მიღწევად“ არ თვლის. „მასში ჩვენთვის სასიხარულო არაფერია, თუმცა მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ის მაქსიმუმია, რის გაკეთებაც შეიძლებოდა შექმნილ სიტუაციაში“, – განაცხადა პრემიერმა. მას დაეთანხმა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც, რომელიც თვითონ პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას „გაზპრომ-ექსპორტ“-თან, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მოლაპარაკების ისტორია და ის საკითხი, თუ რამდენადაა მომგებიანი დოკუმენტის პირობები საქართველოსთვის:

„კახა კალაძის უწყებაში უარს აცხადებენ შეთანხმების პირობების გამჟღავნებაზე და თავს იმით იმართლებენ, რომ ეს „კომერციული საიდუმლოებაა“. თუმცა იქვე განმარტავენ, ხელმოწერილი შეთღანხმებით საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დონე არ შემცირებულა და ქვეყანა რუსულ გაზზე დამოკიდებული არ იქნება. საქართველო ბუნებრივ გაზს ძირითადად აზერბაიჯანისაგან ღებულობს. „თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აზერბაიჯანი და მისი კომპანია „სოკარი“ საკმარისი რაოდენობის გაზს მოგვაწვდის, მაშინ საქართველო რუსულ გაზზე  დამოკიდებული არ ქიენაბ“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. გვინდა, რომ მისი ნათქვამი დავიჯეროთ, მაგრამ… დამოუკიდებელი ექსპერტების გამოთვლით, საქართველო „გაზპრომ“-თან ხელმოწერილი ახალი შეთანხმებით დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ზარალს ღებულობს. არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები ეჭვობენ, რომ საქართველოს მთავრობა განგებ უმალავს საზოგადოებას, რომ წამგებიან პირობებზე დათანხმდა“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი და ამის დამადასტურებლად მკითხველს აცნობს დამოუკიდებელი ექსპერტ-ეკონომისტის, პროფესორ ლადო პაპავას თვალსაზრისს, რომელიც გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა: „ჩვენ წინა ხელშეკრულებით ტრანზიტის საფასურად სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის 10% გვრჩებოდა, რაც საქართველოსთვის ხელსაყრელი კონტრაქტი იყო. ჩვენს ენერგეტიკულ ბალანსში ეს 10% მნიშვნელოვანი მოცულობა იყო, რაშიც ფულს არ ვიხდიდით. ახლა, როდესაც ლაპარაკია, რომ იქნება ფულადი ანაზღაურება, იგულისხმება, რომ „გაზპრომი“ ტრანზიტის საფასურად გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ის საფასურს თანხობრივი ანგარიშსწორებით გადაგვიხდის, თუმცა ამ ფულით იმ მოცულობის გაზს ვეღარ ვიყიდით, რაც ტრანზიტის საფასურის ნატურით ანაზღაურების შემთხვევაში გვრჩებოდა“.

ინტერვიუში ლადო პაპავა მკაცრად აკრიტიკებს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას, რომ მიღწეული შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებაო: „არ მესმის, რა შესაბამისობაზეა საუბარი. თუ ევროკავშირზეა ლაპარაკი, ამ ორგანიზაციას აქვს ენერგეტიკული ქარტია, რომელზეც საქართველოც მიერთებულია, მაგრამ რუსეთიმა უარი თქვა. შესაბამისად, რუსეთს არა აქვს არანაირი ვალდებულება საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე. ამიტომ ეს განცხადება გაუგებარია“.

პუბლიკაციაში ნაჩვენებია აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ნეგატიური პოზიცია  „გაზპრომ“-თან ხელმოწერილი შეთანხმების მიმართ. მასში ასევე ვრცლად არის გადმოცემული პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის სერგო რატიანის განცხადებაც, რომლის თანახმად, იგი ითხოვს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ანგარიშს პარლამენტში და დებატებს იმის შესახებ, თუ რატომ დათანხმდა ქვეყნის მთავრობა შეთანხმების წამგებიან პირობებს, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას აზიანებს.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ყოფილი რუსი ოლიგარქის, ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრები არიან, ამ მოთხოვნის პასუხად განაცხადეს, რომ მათ ენერგეტიკის მინისტრის მიმართ არანაირი კითხვები არ აქვთ, რადგან იგი „სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდაო“.

„კასპიის“ კორესპონდენტთან საუბარში ცნობილმა ქართველმა პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ სიტუაციას ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„საზოგადოების უკმაყოფილებას სწორედ ის განაპირობებს, რომ ჩვენ არ ვიცით, რას ვკარგავთ და რას ვიძენთ ამ შეთანხმებით. ადრე მარტივი და გასაგები იყო – სომხეთისთვის რუსეთის მიერ მიწოდებული გაზის 10% ჩვენ გვეკუთვნოდა, ანუ საქართველოში რჩებოდა. მორჩა, წერტილი. ახლა კი გვეუბნებიან, რომ გაზის ტრანზიტით მიღებულ გაზს რუსეთი ფულით ჩაანაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ თუ გაზი არ გვეყოფა, ფულით უნდა შევიძინოთ და დიდი ეჭვი მაქვს, ამ გაზს იმავე „გაზპრომ“-საგან შევიძენთ. ანუ გამოდის, რომ ჩვენ კვლავ რუსულ ენერგოგიგანტზე დამოკიდებულებას ვუბრუნდებით. გარდა ამისა, ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ მთავრობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნებას – რაც არის მასში ჩაწერილი, კომერციული საიდუმლოება არისო. მაგრამ ვისთან არის საიდუმლოება? რუსებმა იციან, რაც დოკუმენტში წერია, საქართველოს მთავრობამაც იცის. გამოდის, რომ ხალხს, ანუ ჩვენ გვიმალავენ. რასაკვირველია, თუ ამის შემდეგ საქართველო აზერბაიჯანისაგან გაზის შესყიდვის მოცულობას გაზრდის, მაშინ დავრწმუნდებით, რომ „გაზპრომ“-ისაგან არ ყიდულობს, მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდება“.

Comments are closed